- გაიჭინთე! კიდევ ერთხელ გაიჭინთე! - მეანი თაიას მუცელზე ხელს აჭერდა და მთელი ხმით უყვიროდა.
ღონემიხდილმა თავი უკან გადააგდო და რაც ძალა და ღონე ჰქონდა, გაიჭინთა. უკვე თექვსმეტი საათია წვალობს და ვერა და ვერ იმშობიარა. სასომიხდილმა "მიშველე" მზერა გაგას მიაპყრო, რომელსაც მისი ხელი ეჭირა და ამხნევებდა.
- შეეცადე, საყვარელო, რაც შეიძლება შეეცადე. შენ ამას შეძლებ, მე ხომ ვიცი.
- სახლში მინდა… აააა! - კვლავ წამოუარა ჭინთვებმა.
გაგას უკვე აღარ შეეძლო ეყურებინა, როგორ იტანჯებოდა მისი ტაისია.
- არის! მორჩა, შენი ტანჯვა დასრულდა. უი, უი, ამჯერად გოგონაა. ნახე, რა ბურთივით გოგოა, რა საყვარელი! - მეანმა ქალმა ჩვილი ხელში აიყვანა და დედას დაანახვა. თაიას გაღიმების ძალაც აღარ შერჩენოდა.
ავთომ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მოშორებით იდგა, გაგას ხელი ჩამოართვა და მეორე შვილი მიულოცა.
- ეს ორი და სხვა მრავალი.
თაიას ბავშვი მკერდზე დაუწვინეს. გასავათებულმა თვალები დახუჭა და ჩვილს ხელები მოხვია.
- ლამაზია? კარგად ვერ შევათვალიერე… - ჩურჩულით შეეკითხა თაია გაგას.
- რა თქმა უნდა. მთლად შენ გგავს. ასე რომ, ორივენი ულამაზესები ხართ. - ღიმილით მიუგო მამაკაცმა, ცოლს თავზე ხელი გადაუსვა და ოფლით დაცვარული შუბლი მოუწმინდა.
- რა უნდა დავარქვათ? სახელი არც მოგვიფიქრებია, - თვალდახუჭული შეეკითხა ქმარს, როცა ვიპპალატაში გადაიყვანეს.
- შენ რაც მოგეწონება, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს. - გაგა მისი ხელის ზურგს ეფერებოდა.
- მაინც?
- აბა, რა გითხრა… მე ანას ან ქეთევანს დავარქმევდი, შენ კი თამარი უფრო მოგწონს.
- თინათინიც.
- იყოს თინათინი, ჩემთვის სულერთია.
- გოგას ხომ არ ვკითხოთ? დაე, მან შეურჩიოს თავის დას სახელი.
გაგამ თავი დაუქნია, პალატიდან გავიდა და მალე სამი წლის ვაჟთან ერთად დაბრუნდა, რომელიც დერეფანში თაიას დედასთან, ლამარა ბებოსთან ერთად იცდიდა. იგი სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოწერის შემდეგ მათთან დასახლდა და წყვილს შვილის გაზრდაში ეხმარებოდა.
- დეეე! - ბიჭი დედას მიეჭრა და აკოცა, მერე კი მორცხვად დახედა მის მკერდზე გაწოლილ ჩვილს. ბავშვი გააოცა მისმა ერთი ბეწო სახემ.
- რა პაწაწინაა, დეეე! - გოგამ ტუჩები ყურთან მიუტანა დედას და უჩურჩულა.
- დედი, ეს შენი დაიკოა. გაიცანი. მე და მამაშენმა ვერ გადავწყვიტეთ, რა დავარქვათ. შენ რა სახელი გინდა, რომ ერქვას?
- მმმ… - გოგამ საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიიდო, - კრისტი.
- კრისტი? - თითქმის ერთდროულად წამოიძახა ცოლ-ქმარმა. ისინი სიცილს ვერ იკავებდნენ, რადგან კრისტი მათ კარის მეზობლის თეთრ პუდელს ერქვა.
- მე მომწონს, - შვილს მხარი აუბა გაგამ, - მგონი, მშვენიერი სახელია. ქრისტინე.
- მეც მომწონს. - დაეთანხმა თაია.
- ერთი სიტყვით, შევთანხმდით. მადლობა, მეგობარო, - გაგამ დიდი კაცივით დაჰკრა ხელი ვაჟს მხარზე, - უდიდესი პრობლემა მოგვიგვარე. შენ რომ არა, არ ვიცი, რა გვეშველებოდა. -მის სიტყვებს გულიანი სიცილი მოჰყვა.
მალე პალატაში სიჩუმემ დაისადგურა. ლამარამ გოგა წაიყვანა და გაგა მარტო დარჩა თაიასთან. იგი დაჰყურებდა თავის მეორე ნახევარს და გული ბედნიერებით ევსებოდა. ამ ქალმა მის ცხოვრებაში სიხარული, მხიარულება და სიყვარული შემოიტანა, მისი შავ-თეთრი ყოფა კი მკვეთრი ფერებით გააფერადა.
კმაყოფილმა თავი ტაისიას საწოლის რიკულს მიადო და თვალები დახუჭა, რათა ღამენათევს ოდნავ მაინც გამოეძინა…
ეძინა გაგას, ეძინა თაიას და მათთან ერთად - მთელ სამყაროს… მშვიდი, უშფოთველი ძილით…
დასასრული
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>