ნოველები

ქალები ბნელში - თავი 2

ქალები ბნელში - თავი 2
ნოველის დასაწყისი
მაშინვე ლადოს დავურეკე და სიტუაცია ავუხსენი. მითხრა, ხვალ დილით მოიყვანეო.
იმ ღამეს წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. რა სირცხვილია! სკოლა მაინც ჰქონდეს დამთავრებული. რა ვთქვა, თავი სირცხვილით სად გამოვყო? თექვსმეტი წლის გოგო დამიორსულდა-მეთქი? მოვკლავ!
მეორე დილით წავედით. წასვლამდე კიდევ აღებინა. არა, უკვე ეჭვი აღარ მეპარებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო.
გამართლდა ჩემი ვარაუდი. ექვსი კვირის ორსულიაო, ლადომ მითხრა. თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. უნდა მიშველო-მეთქი, შევეხვეწე.
- დარწმუნებული ხარ, რომ ღირს აბორტის გაკეთება? - ლადომ სათვალე
შუბლზე აიწია და ისე ამომხედა.
- სხვა გზა მაქვს? აბა რა, გავაჩენინო? მთელი ქალაქი სასაცილოდ ამიგდებს. ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, ეს რომ ვინმემ გაიგოს.
- იქნებ მოელაპარაკო ბიჭის მშობლებს, იქნებ ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და საგანგაშო არაფერია, - ლადო ჩემ დაყოლიებას შეეცადა.
- არავითარ შემთხვევაში! ნუთუ არ გესმის, რომ მატილდა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა? სკოლის მოსწავლეა. რა დროს ამის გათხოვება და ბავშვის გაჩენაა?
ლადომ ამოიხვნეშა.
- კარგი, ხვალ დილით ადრე მომიყვანე და…
- ოღონდ ეს ამბავი ჩვენ შორის უნდა დარჩეს, ლადო.
- რა თქმა უნდა, - მხრების აჩეჩვით მიპასუხა ჩემმა საყვარელმა და შინ გამოგვისტუმრა.
სახლში მოვედით თუ არა, შოთიკო დავიმარტოხელე და ყველაფერი ვუამბე.
- არ გინდა, ნუ გააუბედურებ გოგოს, - გაუბედავად წარმოთქვა ჩემმა ქმარმა.
- ნუ გავაუბედურებ? - ვიყვირე უცებ და მაგიდას მუშტი დავცხე, - მე ვაუბედურებ მას თუ თქვენ მაუბედურებთ მე? ჩემი გაჭირვება არ მეყოფა? წურბელებივით ჩემს სისხლს წოვთ მამაც და შვილიც და კიდევ მე გაუბედურებთ? გინდა, რომ ყველამ ჩვენზე ილაპარაკოს? თითით საჩვენებელი გავხდეთ? ხმა! მეტი არაფერი მითხრა, თორემ ამ ქვაბს თავზე დაგამხობ! - ხელი დავადე სუპით სავსე ქვაბის სახურავს.
შოთიკომ საყვედურით სავსე მზერით შემომხედა, უსიტყვოდა ადგა და სამზარეულოდან გავიდა.
ის გავიდა და მატილდა შემოვარდა.
- მე აბორტს არ გავიკეთებ, დედა!
- ისე გაიკეთებ, როგორც დაგიბარებია! - მასაც ვუყვირე და თითი ცხვირწინ ავუქნიე.
- დედა, მე და ოთოს ერთმანეთი გვიყვარს. სკოლას დავამთავრებ თუ არა, ცოლად გავყვები. ასე მოვილაპარაკეთ. თუ არ გჯერა, დაურეკე და თვითონ გეტყვის.
- გადი შენს ოთახში! - თვალები დავუბრიალე და კარისკენ მივუთითე.
წინ მეორე უძილო ღამე მელოდა…

მატილდა, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:
დღესაც ექიმთან უნდა წავიდეთო. ვერ არის დედაჩემი მთლად დალაგებული. გუშინ იქ არ ვიყავით? თან მეშინია, ორსულად რომ ვარ, თან მიხარია. წამითაც არ მშორდება დედაჩემი. ვერაფრით ვერ მოვახერხე ოთოსთან დარეკვა. ახლოსაც არ მიმიშვა ტელეფონთან. თვითონაც რომ არ დარეკა? ოთოს ასე არ სჩვევია. საინტერესოა, რატომ არ დამირეკა. როგორ მინდა, ნატას მაინც დაველაპარაკო, ჩემს კლასელს. მასზე ახლო მეგობარი არ მყავს. ის მაინც ნახავდა ოთოს და ეტყოდა, რა მდგომარეობაშიც ვარ.
ისევ წვიმს. არა და არ გადაიღო. დედამ ტაქსი გამოიძახა და საავადმყოფოში მივედით. ეს ლადო რაღაც ძალიან უჟუჟუნებს დედაჩემს თვალებს. ჯამაიკას მაგივრად დედაჩემს ჯამას ეძახის. ნეტავ რატომ არიან ასე შეხმატკბილებულები?
- ნუ ღელავ, მატილდა, კიდევ ერთხელ გაგსინჯავ, ნემსს გაგიკეთებ და მორჩა, სახლში დაბრუნდები. არ გეტკინება, დამიჯერე.
ისევ გინეკოლოგიურ სავარძელზე წამომაწვინეს და ნემსი გამიკეთეს… მერე მახსოვს, ძილ-ბურანში ვიყავი. თითქოს სატვირთო მატარებლის ვაგონში ვიჯექი და რახრახით მივექანებოდი სადღაც. ხმაური, ხმაური, ხმაური… ეს ხმაური დამამახსოვრდა მხოლოდ.
თვალები რომ გავახილე, ჩემს თავთან დახრილი ლადო ექიმი და დედაჩემი დავინახე. დედას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
- შენ ამწუთას იმ ქვეყნიდან დაბრუნდი, იცი? - ალერსიანი ხმით მითხრა.
ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, ასე რამ დაატკბო ერთ დღეში, როცა მოკვლას მიპირებდა-მეთქი.
- რა მჭირს? - ძლივს ამოვთქვი, ლაპარაკი მიჭირდა. მუცელი საშინლად მტკიოდა, თითქოს ცეცხლი მეკიდა შიგნით.
- ყველაფერმა ჩაიარა, ჩემო გოგო, - თავზე ხელი გადამისვა ლადომ, - სისხლისდენა აგიტყდა და ძალიან შეგვაშინე.
- სისხლისდენა? რატომ?
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ, როცა აქედან გავალთ.
მივხვდი, რაც მჭირდა. ბავშვი მომაცილეს ამ დამპლებმა, ამ არაადამიანებმა. თვალები დავხუჭე და კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ მეყვირა. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ, მაგრამ მე არაფერი მესმოდა. ყურებში კვლავ იმ ხმაურის ხმა მედგა, ძილში რომ ჩამესმოდა…
დედაჩემს ამას არასდროს ვაპატიებ.

ოთო, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აპრილი:

მამა გარდაიცვალა. დაისვენა იმ საწყალმა. დედაც დაისვენებს აწი. როგორ იტანჯებოდა თვითონაც და მამასაც ტანჯავდა. საშინლად განვიცადე. თითქოს მთელი სახლი დაცარიელდა, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო ოთახი ქალებით და კაცებით იყო სავსე. დედა მთელი ხმით მოთქვამდა. მე არ მიტირია, ალბათ, უკვე შეჩვეული ვიყავი. ვიცოდი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. დედა მაინც არ კარგავდა იმედს. სულ ეგონა, რომ ერთ დღესაც მამა თვალს გაახელდა და კომიდან გამოვიდოდა.
სამი გაუსაძლისი წელიწადი ებრძოდა სიკვდილს და ებღაუჭებოდა სიცოცხლეს. მორჩა. ამიერიდან მამას გარეშე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. დროთა განმავლობაში დედა ალბათ შეეგუება ამ ამბავს.
მატილდასთან არ დამირეკავს. ეს დღეები არ მქონდა მაგის თავი. დღესაც ვერ მოვიცალე. წეღან დავრეკე და მაგისმა დამ მითხრა, სახლში არ არისო. მიკვირს, რომ არ მოვიდა. ახლა კლასელებს ველოდები. იმედია, ისიც მოვა.
- ოთო, შენი ამხანაგები მოვიდნენ, - მეზობელმა შემოიხედა ოთახში.
მაშინვე ავდექი და გავედი. თითქმის ყველანი მოსულიყვნენ, უზარმაზარი გვირგვინი მოეტანათ. მატილდა მათ შორის არ იყო. სათითაოდ ჩამომართვეს ხელი და მომისამძიმრეს. ცოტა მოგვიანებით ნატა გავიყვანე განზე.
- სადაა მატილდა?
- არ ვიცი, ამ კვირაში სკოლაში არ ყოფილა.
- არ დაურეკე?
- კი, მაგრამ მამამისმა მითხრა, ქალაქში არ არისო.
- აბა სადაა?
- არ ვიცი, ოთო.
- მიდი რა, დაურეკე და გაიგე, სადაა, კარგი? მე ხვალ ვერ მოვიცლი, გასვენებაა. მატილდამ არ იცის მამაჩემის ამბავი. ეწყინება, რომ არ გავაგებინო.
- კარგი, ვეცდები. აქედან სახლში გავუვლი და დაველაპარაკები, თუ აქაა, თუ არადა, იმას მაინც მეტყვიან, სად არის.
გვიან, როცა პანაშვიდი მორჩა და სახლში მხოლოდ დედა და რამდენიმე მეზობლის ქალი დარჩნენ, ნატამ დამირეკა.
- ოთო, არ ინერვიულო, ყველაფერი რიგზეა.
- ნახე?
- არა, არ მინახავს. დედამისმა გამიღო კარი, მაგრამ შინ არ შემიშვა. მატილდა ცუდადაა და სკოლაში იმიტომ არ დადისო.
- რა დაემართა?
- არ ვიცი, ეგ არ მითხრა.
- იმ დღეს გული აერია. როგორც ჩანს, სერიოზულად მოიწამლა.
- ჰო, ალბათ. ხვალ მერის ვნახავ და ყველაფერს გამოვკითხავ.
- კარგი და მერე გამაგებინე, კარგი?
დაკრძალვის დღე ძალზე მძიმე გამოდგა ჩემთვის. დედასთვის ხომ საერთოდ… ისე კიოდა, ვეარ გააჩერეს. სახე სულ დაკაწრული აქვს. ქელეხი არ გადაგვიხდია. არ გვქონდა მაგდენი საშუალება. სასაფლაოდან რომ მოვბრუნდით, პატარა სუფრა გავშალეთ შინაურებისთვის და ეგ იყო. ფულით ყველა დაგვეხმარა. იმდენი თანხა შემოგვივიდა, რომ საფლავის გაკეთებას ეყოფა.
ნატა კი მოვიდა გასვენებაში, მაგრამ არ დამლაპარაკებია. მე კი მატილდას ამბავი ძალიან მაწუხებდა. ამიტომ საღამოს მე თვითონ დავურეკე. ნატამ ისეთი რამ მითხრა, შოკში ჩავვარდი.
- თურმე ორსულად ყოფილა და დედამისმა აბორტი გაუკეთა. მერიმ მითხრა, ოღონდ მთხოვა, არავის უთხრაო.
- ორსულად? მაგრამ აბორტი რა საჭირო იყო? - დარეტიანებულივით ვლაპარაკობდი. ჯერ მამაჩემის გარდაცვალება ვერ მომენელებინა, ახლა კიდევ ეს ამბავი.
- არ იცი, დედამისი რა ალქაჯია? საშინელი ქალია. ძალით წაუყვანია. მატილდამ სულ არ იცოდა თურმე, რისთვის მიჰყავდა დედამისს ექიმთან. დაუძინებიათ და გაუკეთებიათ. საავადმყოფოში წევსო.
ნატას სიტყვის დამთავრება არ ვაცალე. გიჟივით გავვარდი. აღარც კი მახსოვდა, რომ გლოვის დღე გვქონდა ოჯახში.
ძლივს მოვთაფლე ექთანი, არ მიშვებდა, აკრძალული მაქვსო. ვეხვეწე, შეყვარებული ვარ და ცოტა ხნით მანახვე-მეთქი. ამან გაჭრა. ხუთი წუთით შეგიშვებ, მეტი არ შემიძლიაო.
პალატაში მატილდას გარდა კიდევ სამი ქალი იწვა. მეგონა, ჩემი დანახვა გაუხარდებოდა, მაგრამ რეაქცია საერთოდ არ ჰქონია.
- როგორ ხარ? - ვუჩურჩულე. გვერდით გახედვის მერიდებოდა, რადგან ვგრძნობდი, რომ ყველა მე მიყურებდა.
- კარგად. ყველაზე კარგად. - საოცრად მშვიდი ხმით მომიგო, მაგრამ ჩემთვის აღარ შემოუხედავს.
- მე ყველაფერი ვიცი.
- სად იყავი? რატომ ერთხელ არ მომიკითხე? - ყინულივით ცივი ხმით მკითხა.
- მამაჩემი გარდაიცვალა… არ მეცალა.
- ჩვენი შვილიც გარდაიცვალა, - ისევ ისეთივე ხმით წარმოთქვა.
- მატილდა… ვიცი, ახლა რასაც გრძნობ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის… როგორმე გაუძელი. მალე ერთად ვიქნებით და…
- ჩვენ ერთად აღარ ვიქნებით… აღარასოდეს… - გამაწყვეტინა ლაპარაკი და სწრაფად გამომტაცა ხელი, რომელიც ხელისგულებში მქონდა მოქცეული.
სახტად დავრჩი. ამას არ ველოდი. ვერ მივხვდი, მე რა შუაში ვიყავი. მე ხომ არ მითხოვია, ბავშვი მოიშორე-მეთქი? საერთოდ არ ვიცოდი, ორსულად თუ იყო.
- მე შენ მიყვარხარ, მატი…
- მე აღარ მიყვარხარ… წადი აქედან და ჩემი სახელი დაივიწყე. - მითხრა და კედლისკენ გადატრიალდა.
გახევებული წამოვდექი და პალატიდან გავვარდი. უაზროდ გავრბოდი, თვითონაც არ ვიცოდი, საით….

ლადო, 50 წლის, გინეკოლოგი. 1996 წლის აპრილი:

მთელი კლინიკა ფეხზე დადგა. ისე კიოდა მატილდა, ისე კიოდა, მისი ხმისგან კედლები ზანზარებდა. მსგავსი ისტერიკა პირველად შემხვდა ჩემს პრაქტიკაში. იმ ღამეს მორიგე ვიყავი და ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა. სამი კაცი აკავებდა და ვერაფერი გააწყვეს, სანამ ნემსი არ გავუკეთეთ. ჯამაიკას დავურეკე და შეშინებული მოვარდა. ისიც დასამშვიდებელი შეიქნა.
იმ ღამიდან მოყოლებული მატილდას ნერვული სტრესი განუვითარდა და სამკურნალო გახდა. ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ ძლივს გამოიხედა თვალებში, მაგრამ ყველასთან გაწყვიტა კონტაქტი. საყვარელ მამასაც კი არ ელაპარაკებოდა…

ოთო, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის აგვისტო:

ოთხი თვეა, მატილდა არ მინახავს. სკოლაშიც არ უვლია ავადმყოფობის გამო. არც გამოსაშვებ საღამოზე მოსულა. ამბობენ, შინიდან აღარ გამოდისო. როგორ მენატრება! ასე ალბათ არასდროს არავინ შემიყვარდება. ვერ ვივიწყებ. არაფერი ამქვეყნად არ მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ მისაღები გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და სტუდენტი გავხდი, სიხარული ვერ ვიგრძენი ისევე, როგორც დედაჩემმა. რაც მამა გარდაიცვალა, სულ შეიცვალა. მთელი დღეები ტირის. ყოველდღე სასაფლაოზე გადის და შინ ვინ იცის, როდის ბრუნდება. ასე მგონია, მე საერთოდ აღარ ვახსოვარ. გამოდის, რომ მისთვის მამაჩემი ყოფილა ყველაფერი. ის გარდაიცვალა და დედას სიცოცხლეც იქ დამთავრდა. სახლი შეუძლია საერთოდ არ დაალაგოს, მაგრამ სასაფლაოს ისე უვლის, მთელ პერიმეტრზე ჩვენზე ლამაზ სასაფლაოს ვერ ნახავ. ააყვავილა იქაურობა. მე თითქოს ვერც მამჩნევს. როცა ვუთხარი, სტუდენტი გავხდი-მეთქი, ძლივს შესამჩნევად გამიღიმა და მორჩა, ეგ იყო მისი მხრიდან სიხარულის გამოხატვა. ასე თუ გაგრძელდა, არც დედას უწერია დიდი დღე, გადაჰყვება მამაჩემის სიკვდილს.
იმედია, სტუდენტობა ოდნავ მაინც გამიხალისებს ცხოვრებას. ერთი სული მაქვს, სექტემბერი მოვიდეს და სწავლა დაიწყოს. იქნებ ისეთი მეგობრები გამომიჩნდნენ, რომ მათთან ურთიერთობამ ყველა ჩემი დარდი გააქარვოს.

ჯამაიკა, 36 წლის, პარიკმახერი. 1996 წლის აგვისტო:

ცუდადაა ჩემი საქმე. იქნებ პირიქით, კარგადაცაა? ბოლო დღეები შეუძლოდ ვიყავი, ჭამის მადა საერთოდ დამეკარგა. რას ვიფიქრებდი, ორსულად თუ ვიქნებოდი? ციკლი ისედაც სულ არეული მქონდა, ამიტომ არც გამკვირვებია, ბოლო თვეს რომ შემიწყდა. მერეღა გავაცნობიერე, როცა უფრო და უფრო უგუნებოდ შევიქენი. გულის რევები არ მქონია, მაგრამ როცა შემწვარ-მოხრაკულის სუნზე ლამის ვაღებინე, მაშინვე გავვარდი ლადოსთან და ექოსკოპია გავაკეთებინე. ოთხი კვირის ხარო, მითხრა და სათვალის ზემოდან მრავალმნიშვნელოვნად ამომხედა. მოულოდნელი იყო. რამდენი წელია, არ დავფეხმძიმებულვარ. არანაირი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება არ დამჭირვებია. ეს ალბათ ღვთის ნებაა, ალბათ ასე იყო საჭირო და იმიტომაც დავორსულდი. როცა ჩემი და ლადოს მზერა ერთმანეთს შეხვდა, მიხვდა, რომ აბორტზე უარს ვიტყოდი და გამკაცრებული ტონით მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვა: "არა!" თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა:
- რატომ არა? არ გინდა შვილი გყავდეს? შენ უკვე აღარ ხარ ახალგაზრდა, შენ მერე რაღაც კვალი ხომ უნდა დატოვო? - მის დაყოლიებას შევეცადე.
- არ გაბედო, ჯამაიკა! მე რომ შვილი მნდომოდა, დიდი ხნის წინ მეყოლებოდა. შენ ამ ბავშვს არ გააჩენ! თუ არადა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდება.
- ეს შენი საბოლოო გადაწყვეტილებაა, ლადო? - დოინჯშემოყრილი წინ დავუდექი.
- მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი! - ტონი არ შეუცვლია.
- კარგი, გასაგებია, - ვთქვი და წამოვედი.
რამდენი წელი ვოცნებობდი, ლადოსგან შვილი მყოლოდა. ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო, გაგონებაც არ უნდოდა. არ ვიცი, ასე რატომ ეშინია ოჯახის შექმნის. როგორ შეიძლება ადამიანს შვილი არ უნდოდეს? მიკვირს. რატომ იმაზე არ ფიქრობს, რომ სიბერეში მარტო მოუწევს დარჩენა? არ ვიცი, არ ვიცი.
ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი ისაა, შოთა როგორ მოვატყუო. წელიწადზე მეტია, არ გავკარებივარ, ერთად არ ვწოლილვართ. დამონებული მყავს კაცი, ხმის აწევის უფლებასაც არ ვაძლევ. ხანდახან მეცოდება კიდევაც, ასე რომ ვექცევი, მაგრამ რა ვქნა, დაიმსახურა. კაცი, რომელსაც ოჯახის რჩენის თავი არა აქვს, ღალატის ღირსიცაა და დამცირებისაც. ლადო რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, თავს როგორ გავიტანდით. სულ მეხმარებოდა ფინანსურად.
რაც უნდა მოხდეს, ამ ბავშვს მაინც გავაჩენ. რა კარგი იქნება, ბიჭი თუ მეყოლა. ორი გოგოს პატრონს ერთი ბიჭი ძალიან მჭირდება. იქნებ მერე ლადოსაც მოუბრუნდეს გული, ვინ იცის.
ლადოსგან წამოვედი თუ არა, მაღაზიაში შევიარე და სურსათი ვიყიდე, თან ერთი ბოთლი შამპანურიც გამოვაყოლე. შინ მოსულმა საჭმელი მოვამზადე, სამზარეულოში მთელი ორი საათი ვიფუსფუსე. მერე, ღამით, როცა ბავშვები დასაძინებლად წავიდნენ, სუფრა გავშალე და შოთიკოს ვუთხარი, ცოტა დავლიოთ-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა. არ ელოდა ჩემგან ასეთ რამეს. მგონი, უკვე დაავიწყდა, როგორ გვიხაროდა ხოლმე ერთად დაჯდომა და ქეიფი.
- რა ხდება, ჯამაიკა? - ფრთხილად მკითხა.
- არაფერი, უბრალოდ, მინდა ძველი დრო გავიხსენოთ. დავსხდეთ, ცოტა დავლიოთ, ვილაპარაკოთ, თორემ ბოლო დროს სულ ვჩხუბობთ. მეც დავიღალე. ამ მატილდას პრობლემებმა ხომ ორივეს ბოლო მოგვიღო. მინდა ცოტა განვიტვირთოთ. მოდი, დაასხი.
დაასხა და დავლიეთ. როგორ უხაროდა, პატარა ბიჭივით ცქმუტავდა სკამზე. როცა ბოთლი სულ გამოვცალეთ, ავდექი, ზურგიდან მოვუარე და ხელები მკერდში ჩავუყავი. ცახცახი აუტყდა სიხარულისგან. გიჟივით წამოხტა და ხელში ამიტაცა. მეზიზღებოდა, რომ მეფერებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, როგორმე უნდა ამეტანა…

გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93