ნოველები

ქალები ბნელში - თავი 3

ქალები ბნელში - თავი 3
ნოველის დასაწყისი
შოთა, 38 წლის, მათემატიკოსი. 1996 წლის აგვისტო:

ჩემთვის ისეთი მოულოდნელი იყო ჯამაიკას საქციელი, ორი დღე გაოგნებული დავდიოდი. რა მოელანდა? რატომ მოუნდა ისევ ჩემთან სექსი? ნუთუ ნანობს, ამდენი ხანი ასე რომ მექცეოდა? რა კარგი ღამე იყო. ამდენი წელია ერთად ვართ და ისევ ისე მიყვარს, ჩემი გრძნობები არ განელებულა. ვიცი, რომ კარგ ქმრობას ვერ ვუწევ, ამიტომ ყველაფერს ვითმენ. დღეს ძნელია კაცმა კარგი სამსახური იშოვოს. ხელმოცარული კაცი ვარ, ამ მხრივ არ გამიმართლა. არადა, ყოველთვის ნიჭიერი ვიყავი,
სკოლაც კარგად დავამთავრე და ინსტიტუტიც. მერე ცოტა ხანს ვმუშაობდი, მერე სიტუაცია აირია, ეს საბჭოთა კავშირიც თითქოს ჩემ ჯინაზე დაინგრა. ახლა კი ისეთი დროა, სამსახურის დაწყება ერთობ ძნელია. ის კი არა, მხოლოდ ის უნდა ისურვო, მშვიდობიანად იყო და ქუჩაში ყელი არ გამოგჭრას ვინმემ ან არ დაგაყაჩაღოს.
ისე, ჯამაიკამ მითხრა წუხელ, შენი სამსახურის ამბავსაც მალე მოვაგვარებო. რაღაც ფონდი იხსნება, საქველმოქმედო და იქნებ იქ მოგაწყო ბუღალტრადო. კარგი კი იქნება. მცირეხელფასიანი სამუშაო მაინც რომ მაშოვნინა, არ ვიტყოდი უარს, რაღაცით მაინც წავეხმარებოდი ჩემს ცოლს. მართლა ცოდოა, ყველანი მასზე რომ ვართ ჩამოკიდებულნი.

ლადო, 50 წლის, გინეკოლოგი. 1996 წლის აგვისტო:

სულელი ქალია. რა შვილის გაჩენა აუტყდა? არა, აჩინოს, რამდენიც უნდა, მაგრამ არა ჩემგან. ამას არ დავუშვებ. არადა, ისეთი ჯიუტია, ვიცი, მაინც თავისას გაიტანს. თუ ბავშვს არ მოიცილებს, მეტად აღარ შევხვდები. ეს ამბავი ისე არ ჩაივლის, გული მიგრძნობს. ერთ დღესაც ვიღაც გაიგებს, რომ შვილი ჩემგან ჰყავს და ყველას სალაპარაკო გავხდები. მით უფრო, რომ სულაც არ მინდა შვილი მყავდეს. ეს ერთადერთია, რაზეც არასდროს მიოცნებია. ახლა მით უფრო, ამ ასაკში შვილები და ვალდებულება არ მჭირდება. საინტერესოა, თავის ქმარს რას ეტყვის, თავს როგორ დაიძვრენს? როგორც მეუბნება, მასთან არ წევს. რა ვიცი, იქნებ მატყუებს? ჩემთვის ამას რა მნიშვნელობა აქვს. ის ხომ გათხოვილია, ქმარი ჰყავს და რა გასაკვირია, სექსი ჰქონდეს? ან კი რა, დავუშლი თუ? მე არასდროს ამიკრძალავს ეს მისთვის, მხოლოდ მისი სურვილი და გადაწყვეტილება იყო. ვნახოთ, რას იზამს. ჩემი დაკარგვა თუ ურჩევნია და შვილის გაჩენა, გააჩინოს. მე იმ ბავშვს შვილად არ ვაღიარებ. ჰოდა, მიხედონ თვითონ - ცოლმა და ქმარმა.

მატილდა, 16 წლის, მოსწავლე. 1996 წლის ნოემბერი:

დედაჩემს მგონი რაღაც მოელანდა. დღეს ისეთ ხასიათზე იყო, დაფრინავდა. საღამოს ყველა შეგვკრიბა და სუფრა გაშალა, კარგი ამბავი მაქვს სათქმელიო. გავოცდი, ამას კარგი რა უნდა ჰქონდეს სათქმელი-მეთქი. ბოლო დროს ისე დაუტკბა მამას, სულ კუდში დასდევს. ეფერება, ჩემო ლეკვოო, ეძახის. როგორ მეზიზღება, ასე რომ იქცევა. ხელოვნური მგონია ეს ყველაფერი და რა ვქნა. არ ვენდობი დედას. რაც თავი მახსოვს, ყოველთვის ასეთი ხელოვნური იყო - ოჯახის მიმართ გულგრილი. მხოლოდ საკუთარი თავის მოვლაზე ფიქრობს. ოღონდ გამოიპრანჭოს, ოღონდ სულ ფორმაში იყოს და სხვა არაფერი ადარდებს. განსაკუთრებით ჩემთან მიმართებაშია სასტიკი და დაუნდობელი. ალბათ იმიტომ არ ვუყვარვარ, მამას რომ ვგავარ. სამაგიეროდ, მერიზე ამოსდის მზე და მთვარე. მერი ხომ მისი "სანიმუშო" შვილია.
საჭმლისთვის პირი არ დამიკარებია. თვითონ ხუმრობდა, ყველას გვეხვეწებოდა, რამე გადაიღეთ, ძალიან გემრიელი რამეები მოვამზადეო. ბოლოს მამას უთხრა, ღვინო დაასხიო და როცა მამამ სადღეგრძელო წარმოთქვა, ჩვენ გაგვიმარჯოსო, მეც კი მთხოვა, ერთი ჭიქა დალიეო.
- შენც დალიე, ჯამაიკა, - გაუღიმა მამამ და მის ჭიქას თავისი მიუჭახუნა.
- ჩემთვის არ შეიძლება, - ნაზად წარმოთქვა დედამ და ყველას იდუმალი მზერით გადმოგვხედა.
- რატომ? - გაუკვირდა მამას.
მე და მერიმ ყურები ვცქვიტეთ.
- იმიტომ, რომ… იმიტომ, რომ…. - გაწელა და გაწელა სათქმელი. მერე უცებ ტაში შემოჰკრა და წამოიძახა: - ორსულად ვარ!
მამას ჭიქა ხელიდან გაუვარდა და ღვინო მაგიდაზე დაიღვარა. მე და მერი ერთმანეთს გაოგნებულები მივაშტერდით. მამა გახარებული წამოხტა და დედას გადაეხვია, ხელში აიტაცა და კარგა ხანს ატრიალა ოთახში. მერიც ახმაურდა, რა მაგარია, პატარა რომ შემოგვემატება ოჯახშიო. მხოლოდ მე ვიჯექი ერთ ადგილას გაშეშებული და უემოციო.
- მატი, შენ რა, არ გიხარია?
- არა, - ყინულივით ცივი ხმით წარმოვთქვი.
ყველა გაირინდა. დედა მამას მოშორდა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო და ჩემკენ გადმოიხარა. სახეზე საშინელი სისასტიკე აღბეჭდვოდა.
- რატომ? არ გინდა, კიდევ ერთი და ან ძმა გყავდეს?
- შვილი მეც შეიძლებოდა მყოლოდა, შენ რომ არ მოგეკლა იგი, - ჩემი სათქმელი მკაფიოდ წარმოვთქვი და დედაჩემს თვალი თვალში გავუყარე.
- რა?
- რაც გაიგონე! ჩემი შვილი შენ მოკალი! შენთვის თუ შეიძლებოდა ბავშვის გაჩენა, მე რა დავაშავე? ჩემთვის რატომ არ შეიძლებოდა?
დაიბნა. უცებ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეპასუხა.
- მაგრამ ეს ხომ სრულიად სხვადასხვა რამეა, - ისე ხმადაბლა თქვა, მისი სიტყვები ძლივს ისმოდა, - მე კანონიერად ვაჩენ შვილს, შენ კი დაეთრეოდი ვიღაცასთან და ისე დაორსულდი. ნაბუშარის გაჩენის უფლებას კი მე ვერ მოგცემდი. გასაგებია? - აყვირდა და მარჯვენა ხელი მთელი ძალით დაჰკრა მაგიდას.
ჭურჭელმა წკრიალი გაიღო. ჭიქა, რომელიც წეღან წაიქცა, მაგიდიდან გადავარდა და ნამსხვრევებად იქცა.
- შენ ყველაზე გულქვა ქალი ხარ ამქვეყნად! - წამოვხტი და მეც ვიყვირე, - ვერ გიტან, მძულხარ, მეზიზღები! შენ მკვლელი ხარ! ჩემი შვილის მკვლელი. ამისთვის დაისჯები! აგერ ნახავ, თუ არ დაისჯები!
- გაეთრიე ჩემი სახლიდან! - დაიკივლა დედაჩემმა და ჩემკენ გამოიწია, მაგრამ მამამ გააკავა.
- ჰოდა, წავალ! ვიცი, რომ ჩემი დანახვაც არ გინდა. ზუსტად ვიცი. წავალ, მეც აღარ მინდა შენთან ცხოვრება, ყელში ამომიხვედი უკვე! დედა კი არა, მხეცი ხარ! - წარმოვთქვი თუ არა ეს, ჩემს ოთახში შევვარდი, ჟაკეტს დავავლე ხელი და სახლიდან გავვარდი.
მამა უკან გამომეკიდა, ჩემი შეჩერება უნდოდა, მაგრამ მე უკვე კიბეზე ჩავრბოდი.
მოღრუბლულიყო. ცაზე ვარსკვლავის ნატამალი არ ჩანდა. ციოდა. ქურთუკიც კი არ ჩამიცვამს, როგორმე ამათ გავასწრო-მეთქი. საშინლად შემცივდა. უმისამართოდ გავიქეცი. ვიფიქრე, ნატასთან წავალ, ღამეს იქ გავათევ-მეთქი, მაგრამ იქამდე მისვლა არ გინდოდა? მაინც დავადექი გზას. დარეკვითაც ვერ დავრეკავდი, ტელეფონის არც ერთი ჯიხური აღარ მუშაობდა ქალაქში. ამასობაში წვიმამ დასცხო. ერთიანად გავილუმპე. მციოდა, მაკანკალებდა. ძლივს მივაღწიე ნატამდე. თითები ისე მქონდა გათოშილი, დაკაკუნება ძლივს მოვახერხე. კარი დედამისმა გამიღო და ჩემ დანახვაზე თვალები შუბლზე აუვიდა.
- მატილდა, რა დაგემართა?
- ნატა სახლშია, დეიდა ია?
- კი, შვილო, შემოდი.
შევედი. ნატა მაშინვე დაფაცურდა. ჯერ სააბაზანოში შემიყვანა, ცხელი წყალი გადაივლეო, მერე თავისი ტანსაცმელი ჩამაცვა და პლედიც მომახურა. ძლივს ჩავთბი.
მოვუყევი, რაც მოხდა. ხელი გადამხვია და გულში ჩამიხუტა, როგორ დაგტანჯა დედაშენმაო.
- ახლა რას აპირებ?
- არ ვიცი. აქედან უნდა წავიდე.
- და სად?
- სადმე. სულერთია, სად, ოღონდ მაგათ მოვშორდე.
- მერედა, მამაშენი რას ამბობს?
- მამაჩემს ვინ მისცემს რამის თქმის უფლებას, ნატა! ისე ჰყავს დედაჩემს "დაჩმორებული", ხმას ვერ იღებს ის საცოდავი.
- აღარ ვიცი, რა გირჩიო…
- არც არაფერი. ერთი თხოვნა მაქვს შენთან. თუ შეგიძლია ერთი ოცი ლარი მომცე, რომ ბილეთისთვის მეყოს? ჩავჯდები მატარებელში და წავალ.
- გაგიჟდი? სად წახვალ ოცი ლარით, ნუ სულელობ!
- შენ მომეცი და მე ვიცი, სადაც წავალ.
კარგა ხანს ცდილობდა ჩემ დაყოლიებას, დავრჩენილიყავი, მაგრამ არ ვქენი. ბოლოს ოცდაათი ლარი გამოართვა დედამისს, მომცა და თავისი ქურთუკიც ჩამაცვა, არ გაიყინოო.
მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და წამოვედი. ისევ ისე წვიმდა, გადაღებას არ აპირებდა. ქუჩაში ტრანსპორტიც აღარ მოძრაობდა, გვიან იყო უკვე. ვინმე გამვლელი უნდა გამეჩერებინა, რომ ვაგზალზე გავეყვანე. ფეხით შორი მანძილის გავლა მომიწევდა, დილამდე ვერ მივაღწევდი.
ყველა მანქანას ხელს ვუწევდი. როგორც იქნა, ერთმა მანქანამ ჯერ გამიარა, მერე დაამუხრუჭა და უკუსვლით წამოვიდა. საჭესთან ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ვთხოვე, ვაგზალზე გამიყვანე-მეთქი. დაჯექიო, მითხრა და წინა სალონის კარი გამიღო. ჩავჯექი.
- ასეთი პატარა გოგო შუაღამეს მარტო რომ დადიხარ, არ გეშინია? - გამიღიმა ბიჭმა და შემათვალიერა.
- მატარებელზე ვაგვიანებ, - მოვატყუე და მზერა ავარიდე.
ამ დროს უკნიდან რაღაც ფაჩუნის ხმა შემომესმა. მივიხედე და რას ვხედავ - უკანა სავარძელზე კიდევ ერთი ბიჭი არ ზის? როგორც ჩანს, სანამ ჩავჯდებოდი, ჩამალული იყო, რომ არ გამოჩენილიყო.
შიშმა ამიტანა. მაშინვე რომ მენახა ეს მეორე, არაფრით არ ჩავუჯდებოდი, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- ეს ჩიტი როდის შემოფრინდა შენს მანქანაში, ამო? - უშნოდ გაიკრიჭა უკან მჯდომი და უცებ ხელები მხრებზე დამაწყო.
ინსტინქტურად ვიყვირე. ნერვები ისედაც არ მქონდა მწყობრში და ამ სიტუაციამ მთლად გადამიყვანა ჭკუიდან. კივილი ავტეხე. განწირული ხმით ვკიოდი. მძღოლს დავეტაკე, გააჩერე-მეთქი. იმას საჭე გაექცა, სველ ასფალტზე მანქანა მოუსხლტა და მოულოდნელად გზის დამცავ პატარა სვეტს შეეჯახა. ამით ვისარგებლე, მანქანიდან გადავხტი და რაც ძალი და ღონე მქონდა, გავიქეცი.
მეგონა, გამომეკიდებოდნენ, მაგრამ არა. არ ვიცი, რამდენ ხანს გავრბოდი. წვიმა სახეში მიშენდა, მაგრამ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი შიშის გარდა. მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად გავცლოდი იქაურობას, რომ ისინი უკან არ გამომკიდებოდნენ.
ამ დროს შემხვედრმა მანქანამ ფარები ამინთო, დამისიგნალა და გააჩერა. საჭესთან ასაკოვანი მამაკაცი იჯდა, წვერმოშვებული. მღვდელს ჰგავდა. ეს მაინც ხომ დამინდობს-მეთქი, წამებში გავიფიქრე, სირბილით გადავჭერი გზა და იმ კაცს ისე ჩავუხტი მანქანაში, არც დავლაპარაკებივარ.
თავი სამშვიდობოს დავიგულე…

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93