ნოველები

ქალები ბნელში - თავი 5

ქალები ბნელში - თავი 5
ნოველის დასაწყისი

მერი, 17 წლის, "გოგონა გამოძახებით", 2003 წლის თებერვალი:

დღეს ზუზიმ მითხრა, ჩემმა სუტენიორმა, ხვალ სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროო. ო, როგორ მეზარება ეს შემოწმებები. გამიკვირდა, სულ ახლახან გავიკეთე ყველანაირი ანალიზი.
_ ჯერ ერთი, ახლახან კი არა, ექვსი თვის წინ გაიარე. არ იცი, რომ ყოველ ექვს თვეში უნდა ჩაიტარო გამოკვლევები? _ გაღიზიანდა ზუზი.
_ კი მაგრამ, რა საჭიროა? მე ჯანმრთელი ვარ.
_ ბევრს ნუ ლაპარაკობ და გააკეთე, რასაც გეუბნებიან. აი, მისამართი. ხვალ დილით მიხვალ ამ
კაცთან სახლში და გაგსინჯავს. შენ გარდა ყველა გოგო იყო უკვე.
_ და რატომ კლინიკაში არა?
_ იმიტომ, რომ იქ აღრიცხვაზე ვერ იქნები! _ შემომიღრინა ზუზიმ, _ დაგავიწყდა, ვინ ხარ? ლადოსთან მოლაპარაკებული ვართ, იცის, რაც უნდა გააკეთოს. არც პირადობას მოგთხოვს და არც სახელს და გვარს გკითხავს. ფული გადახდილია.
_ ლადო? _ მოულოდნელად ცეცხლი შემომენთო, _ ეგ რომელი, ქალაქის მთავარი გინეკოლოგი?
_ მთავარი კი არა, ყველაზე ცნობილი. შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
მნიშვნელობა როგორ არ ჰქონდა? მას დედაჩემი იცნობდა, კონსულტაციებზე მასთან დადიოდა, მან ამშობიარა ორივეჯერ… რომ ვეცნე, მერე რა მექნა? თუმცა რამდენი წელია არ ვუნახავვარ, მეეჭვება, მიცნოს, მაგრამ თავს მაინც დავიზღვევ. რა საშინელებაა. მამაჩემიც ხომ მასთან მუშაობს, უფრო სწორად, მის ფონდში… ჯამაიკას და შოთას ყურამდე რომ მივიდეს ჩემი ამბავი, დედაჩემი შუაზე გამაპობს, თან ისე, რომ წამითაც არ დაფიქრდება. მტრისას!
მეორე დილით, სახლიდან გამოვედი თუ არა, ზუზის მივადექი და `კამუფლიაჟის~ გაკეთებას შევუდექი. ის დამცინოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. შავი პარიკი გავიკეთე, მოკლე კარეთი, წითელი პომადა სქლად წავისვი და თვალები შავად ისე ღრმად დავიხატე, საკუთარი დედა რომ შემხვედროდა, ის ვერ მიცნობდა.
ასე მივადექი ლადოს. მას კერძო სახლი აქვს, სამსართულიანი. გამაოცა ინტერიერმა. ისეთი მოწყობილი ჰქონდა შიგნით ოთახები, პირი დავაღე. სახლის მეორე მხარეს უზარმაზარი აუზი დავინახე, თუმცა ცარიელი. აბა, შუა თებერვალში რა აზრი ჰქონდა აუზში წყლის ჩასხმას? ეჭვი მაქვს, ამას სახლშიც ექნება დახურული აუზი. როგორც გამიგია, უცოლოა, არც შვილი უნდა ჰყავდეს, მგონი.
_ აქეთ წამოდი! _ მითხრა ატლასის ხალათში გამოწყობილმა და პირველი სართულის ქვემოთ ჩამავალ კიბეს ჩაუყვა. როგორც ჩანს, აქ, სარდაფში აქვს სამედიცინო კაბინეტი მოწყობილი. მაგარია! სახლში როცა მიიღებს კლიენტებს, მთლიანი თანხა მას დარჩება, კლინიკისთვის გასაყოფი არ ექნება. ნეტავ რამდენ პაციენტს იღებს დღეში?
_ შენთვის ჯერ სექსი შეიძლება? რამდენი წლის ხარ? _ დამიწყო გამოკითხვა გზადაგზა.
_ რა თქმა უნდა, შეიძლება. ზუსტად წინა კვირას გავხდი მაგ ასაკის, _ აგდებით მივუგე.
_ გაიხადე და სავარძელზე ადი! _ ცივად გასცა განკარგულება.
ჩემი `ვიქტორია სეკრეტსის~ ტრუსი გავიხადე და ფეხებაჩაჩხული სავარძელზე გადავწექი.
_ ძაან ჯულია რობერტსი ხარ ასე, _ ხმამაღლა გაიცინა ლადომ და სარკე მოხერხებულად ჩამიდგა. ტკივილისგან დავიკვნესე.
_ რა იყო, გეტკინა?
_ ცოტა.
_ ცოტას არა უშავს. დიდი ხანია, ამ საქმიანობას ეწევი?
_ რამდენიმე თვეა.
_ ჰო, ასე იქნება, რადგან არ მახსოვხარ. რამდენიმე თვის წინ რომ მომიყვანა ზუზიმ გოგოები, იმათში შენ არ ერიე.
მაკიაჟშიც კი დამეტყო მგონი, როგორ გავწითლდი.
_ ჰო, მე შედარებით ახალი ვარ.
_ რა გქვია?
_ `სექსის ანგელოზი~ _ ჩემი მეტსახელი არ დამიმალავს.
_ ოოო, კარგი სახელია, მე შავს დავუმატებდი.
_ რატომ შავს?
_ იმიტომ, რომ შავი თმა გაქვს, შავი თვალები…
_ ნუ, ხო.
_ რეალობაში რა გქვია? _ მკითხა და ხელით სინჯვა დამიწყო.
_ ნინო, _ თვალიც არ დამიხამხამებია ჩემს ტყუილზე.
_ კი, როგორ არა. შენ ნინო ისე გქვია, როგორც მე ჰერაკლე, _ ისევ ხმამაღლა გაიცინა. _ ნუ მატყუებ.
_ რატომ გგონია, რომ გატყუებ? გავწითლდი თუ რა? _ არ შევეპუე.
_ შენ ჯერ მწვანე ხარ. რომ გაწითლდე, უნდა დამწიფდე.
არ ვუპასუხე.
_ მორჩა, შეგიძლია ადგე. აი, ამ სკამზე დაჯექი და მკლავი აიკაპიწე, სისხლი უნდა აგიღო ვენიდან. _ თქვა და როგორც კი სავარძლიდან გადმოვედი, უკანალზე ხელი დამკრა და აღიღინდა.
ეს ბებერი კაცი ნერვებს მიშლიდა, მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, მორიგი ბრძანებაც მორჩილად შევასრულე.
როცა ლადო თავის საქმეს მორჩა, ხელები დაიბანა და სასტუმრო ოთახში მიმიწვია, თითო გადავკრათო.
უარი არ მითქვამს.
_ ჩემთან სექსზე რას იტყოდი?
ელდა მეცა. ეს მინდოდა ახლა?
_ ამის უფლება არ მაქვს.
_ რატომ?
_ ამისთვის გამოძახება უნდა გააკეთოთ. ზუზის დაურეკეთ და ის მოაგვარებს, _ ასე ვცადე მისი თავიდან მოშორება. ასი წელი როგორ დავწვებოდი მასთან, შეიძლება ვეცნე კიდევაც.
_ აქაური ხარ? _ მკითხა და სერვანტიდან სირჩები გამოიღო.
_ არა, ჩამოსული ვარ, _ დაძაბული ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი, თან წარბსაც არ ვიხრიდი, მაგრამ ერთი სული მქონდა, აქედან დროზე გამეღწია.
_ ხვალ დილით ათ საათზე მოდი და პასუხები წაიღე. მოიცა, ხილს მოვიტან, ცარიელ კონიაკს ხომ არ დავლევთ.
სანამ ის სამზარეულოდან დაბრუნდებოდა, ოთახი შევათვალიერე და მოულოდნელად ადგილზე გავშეშდი. გვერდითა კედელზე მდგარი კამოდის თავზე ჩარჩოში ჩასმული ჩემი ძმის სურათი შემომყურებდა. წამით ვერ მოვედი აზრზე, რა ხდებოდა. ამ სურათს აქ რა უნდა? და უცებ დამარტყა თავში. მაშინვე მივხვდი, რომ დედას გიო ამ მახინჯისგან ჰყავდა. ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი, რომ ჯამაიკა მამას ღალატობდა, მაგრამ ამ ბებერთან? რა ნახა ამ კაცში? ნუთუ მის ქონებას დახარბდა?
კანკალმა ამიტანა. უეცრად მომინდა, დედაჩემზე შური მეძია. შური მეძია მატილდას გამო, რომელიც გააუბედურა, ჯერ საყვარელ ადამიანს დააშორა, მერე შვილიც მოაშორა და ბოლოს სახლიდან გააგდო, შური მეძია მამაჩემის გამოც, რომელსაც უღალატა, მთელი ცხოვრება ჩვარივით იხმარა და ადამიანობა მოუსპო. შური მეძია იმის გამოც, მე რომ უყურადღებოდ დამტოვა და ამ გზაზე დამაყენა. ყველაფერში თვითონ იყო დამნაშავე. მთელი თავისი სიცოცხლე ბნელში ცხოვრობდა და ჩვენც ბნელში გვაცხოვრა _ მეც და ჩემი დაც, მამაჩემზე აღარაფერს ვიტყვი.
არ ვიცი, იმწუთას რამ წამომიარა, დავტაცე სურათს ხელი და სანამ ლადო დაბრუნდებოდა, შარვალში ჩავიტენე და ქურთუკით დავფარე.
ლადო მალევე შემობრუნდა და ბანანით სავსე ვაზა შემოიტანა. მხოლოდ ერთი ჭიქა დავლიე, მაგრამ ბანანი იმდენი ვჭამე, რომ დავბანანდი.
როცა გასასვლელისკენ გამომაცილა, კვლავ უკანალზე წამეტანა და ისე მწარედ მიჩქმიტა, შევკივლე.
_ კაი ახლა, რა გეუცხოვა? არ მითხრა, რომ სხვები უფრო რბილად გექცევიან, _ ისევ გაიცინა თავისი საზიზღარი სიცილით და როცა კოცნა დამიპირა, გვერდზე გავხტი.
_ ჩვენ კოცნა გვეკრძალება! _ ზიზღიანად წარმოვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ ჩასმული კბილები ჰქონდა, ყველა ერთი ზომის და ჩაწიკწიკებული, მაინც შემზიზღდა. შემზიზღდა დედაჩემის გამო, იმის გამო, რომ ჩემი ძმა მისი შვილი იყო.
კიდევ კარგი, ვერ მიცნო. თუმცა ამას უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა. დედაჩემზე შური რომ მეძია, მას ყველაფერი უნდა გაეგო, მერე კი სიამოვნებით მეყურებინა, ნერვიულობისგან გული როგორ გაუსკდებოდა.

ჯამაიკა, 43 წლის, პარიკმახერი. 2003 წლის თებერვალი:

როგორ გამიხეთქა წუხელ გული მერიმ, რა დღეში ჩამაგდო. თანაც, შოთიკოც მოსული იყო უკვე სამსახურიდან. ეს რა თქვა, ღმერთო, გონებიდან არ ამომდის! ლადომ ცოლობა მთხოვაო! ის ხომ გიჟია და ეს კიდევ მასზე უარესი. ჯერ ერთი, იმ ასაკის კაცს როგორ უნდა გაჰყვეს ცოლად, ჯერ მხოლოდ 17 წლისაა. მერე კიდევ… ლადო ხომ ჩემი საყვარელია! არა, ამას ვერ დავუშვებ. ისე ამთხარა ნერვებზე, მთელი ხმით გავკიოდი. შოთიკო გულგახეთქილი გამოვარდა, რა ხდებაო. ვუთხარი, ლადოს ცოლობა უთხოვია და შენს დებილ შვილსაც ჭკუაში დაუჯდა-მეთქი.
_ ვინ ლადოს, ვერაფერი ვერ გავიგე, _ გაიოცა ჩემმა ქმარმა.
_ ვინ ლადო და შენ უფროსი.
_ რას ამბობ, მერი, ეგ რამ მოგაფიქრა?
_ რატომაც არა? _ ისე მშვიდად აიჩეჩა მხრები მერიმ, მთლად გამაცოფა. _ რას დავეძებ, ბებერია თუ ახალგაზრდა? მთავარია, ფული აქვს, ხელისგულზე მატარებს. თქვენ რატომ არ მოგწონთ ჩემი არჩევანი? რას უწუნებთ? აკი სულ აქებდით, არაჩვეულებრივი ადამიანიაო?
_ შვილო, ლადო ბაბუად გერგება, დაფიქრდი ცოტა. განა ცუდი კაცია, მაგრამ… _ როგორც ყოველთვის, მამას ხმისთვის არ აუწევია, არც კი შესტყობია აღელვება.
_ გესმის, გოგო! _ ვიწივლე, _ მამაშენზე უფროსია ლადო, ბაბუად გერგება, ბა-ბუ-ად! _ ხმის იოგები ჩამეხლიჩა, ისე გავკიოდი.
_ ძალიანაც კარგი. მალე მოკვდება და მთელი მისი ქონება მე დამრჩება, _ ისევ მშვიდად წარმოთქვა მერიმ და ჯიქურ მომაჩერდა.
პატარა გიო მთელი ამ ხნის განმავლობაში იქვე იდგა და სამივეს გაოცებული მოგვჩერებოდა.
მერის მაინც ვერაფერი შევაგნებინე. ვერც ის ვათქმევინე, ლადოს როგორ დაუახლოვდა, რამდენი ხანია ხვდებოდა და ისე როგორ გააგიჟა, რომ ეს ოჯახის მოძულე კაცი ამ დონემდე მიიყვანა? რამდენი წელი ვცდილობდი მის დაყოლიებას, ცოლად შევერთე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამ ცინგლიანმ გოგომ კი რა უქნა ასეთი?
ჩვენ მას მერე არ შევხვედრივართ ერთმანეთს, ბებერი მატყუარა ხარ-მეთქი, რომ ვუთხარი. ახლა ალბათ სამაგიეროს მიხდის. დავიჯერო, არ იცის, მერი რომ ჩემი შვილია?
_ იცის, ვინც ხარ? _ გაბზარული ხმით ვკითხე მერის.
_ არა, ხვალ ვეტყვი. დილით დამიბარა თავისთან, ათ საათზე, _ მომიგო ჩემმა ქალიშვილმა, ბოროტად ჩაიცინა და თავის ოთახს მიაშურა. კარი შიგნიდან ჩარაზა, რომ მასთან არ შევსულიყავი და ლაპარაკი არ გამეგრძელებინა.
უკვე გვიან იყო, ვერც დავურეკავდი და ვერც სახლიდან გავიდოდი, თორემ ლადოს შავ დღეს დავაყრიდი. ამიტომ გადავწყვიტე, დილით ადრე გავვარდნილიყავი მასთან, სანამ მერი მივიდოდა და პასუხი მომეთხოვა მის თავხედურ შეთავაზებაზე.

ლადო, 57 წლის, გინეკოლოგი. 2003 წლის თებერვალი:

ეს ჯამაიკა საიდანღა გამოტყვრა? ჩვენ ხომ დავშორდით ერთმანეთს, ნუთუ ვერ გაიგო? რა ჰგონია, იმ ყველაფრის მერე კიდევ შევურიგდები? გამორიცხულია. მან მე ბებერი მიწოდა და ეს საკმარისი აღმოჩნდა, მასთან ურთიერთობა გამეწყვიტა. ასეთ რამეს ვერავის ვაპატიებ, ჯამაიკა კი არა, ვინც გინდა იყოს.
კარი გავაღე და წინ ავესვეტე, სახლში შემოსვლის საშუალება არ მივეცი.
_ შემომიშვი! _ კაპასი დედაკაცივით დოინჯი შემოიყარა.
_ რისთვის მოხვედი?
_ ნუ გეშინია, შენთან შერიგებას არ ვაპირებ. სალაპარაკო მაქვს.
_ არა მგონია, ჩვენ რამე სალაპარაკო დაგვრჩენოდა ერთმანეთთან. შენ უკვე ყველაფერი მითხარი, რისი თქმაც შეგეძლო.
_ მე კი არა, შენ მოგიწევს ლაპარაკი და ბევრი რამის ახსნა, გაიწი იქით! _ ხელი მკრა და ოთახში სმერჩივით შემოიჭრა.
რა ცუდ დროს მოვიდა ეს ალქაჯი! წუთი-წუთზე `სექსის ანგელოზი~ უნდა მოვიდეს ცნობის წასაღებად. ის რომ ნახოს, ერთ ამბავს დამაწევს. კი არ მადარდებს, თუ ნახავს, მაგრამ ზედმეტი თავის ტკივილი რაში მჭირდება?
_ დროზე მითხარი, რა გინდა და დაახვიე აქედან! _ კოპებშეკრულმა შევუტიე.
_ იცი მაინც ვის ირთავ ცოლად? რაღა მაინცდამაინც ჩემს შვილს დაადგი თვალი? ან კი რა ცოლის მოყვანა აგიტყდა ამ სიბერეში? აკი ოჯახისთვის არ ვარ დაბადებულიო?
გაოგნებული მივაჩერდი. რა ცოლი, რის ცოლი… მის შვილთან რა ხელი მაქვს? ქუჩაში რომ შემხვდეს, ვერ ვიცნობ. წლებია, ბავშვი არ მინახავს.
ასეც ვუთხარი, მაგრამ დამიჯერა?
_ მთელი შენი ცხოვრება მატყუებდი და ახლაც მატყუებ, შე საზიზღარო! როგორ გითმენდი ამდენ ხანს, მიკვირს, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია!
_ აბა, აბა, გეყოს ახლა! ის ხომ კარგი იყო, ჩემს ფულებს რომ იჯიბავდი? ჩემით რომ `დაგულაობდი~ ეს წლები, უკვე დაგავიწყდა?
_ შე დამპალო! შე მათხოვარო! _ აკივლდა ჯამაიკა. აფოფრილ ძუ ლომს დაემსგავსა და ამწუთას ისეთი ლამაზი მომეჩვენა, თვალი ვერ მოვაშორე. _ თუ ეს მართალი არ არის, მაშინ მითხარი, ვინ გყავს დაბარებული ამ დილით ათ საათზე?
ამის გაგონებაზე გავშრი. ათ საათზე `სექსის ანგელოზს~ ველოდებოდი, მაგრამ მისი ქალიშვილი რა შუაში იყო? ავილეწე… მოულოდნელად თვალწინ დამიდგა იმ გოგოს სახე და ახლაღა გავაცნობიერე, რომ გუშინდელი `გოგონა გამოძახებით~ რაღაცით ჯამაიკას ჰგავდა. მაგრამ რა ცოლობა, როდის ვთხოვე ცოლობა? ვერაფრით ვერ დავაკავშირე ერთმანეთთან იმ გოგოს ვიზიტი და ჯამაიკას ნათქვამი.
_ ერთი წუთით შეგიძლია მომისმინო? _ მხრებში ვწვდი ჩემს საყვარელს, _ მე ცოლობა არავისთვის არ მითხოვია. ის გოგო კი, ვინც ახლა უნდა მოვიდეს, უბრალოდ, ანალიზის პასუხებისთვის დავიბარე. სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა ჩემთან და ეგ იყო.
_ და პასუხისთვის სახლში დაიბარე, არა? გინდა ეს დავიჯერო? შე გათახსირებულო, შენა! _ მოულოდნელად მთელი ძალით გამოიწია ჩემკენ და ფრჩხილებით სახეში ჩამაფრინდა.
ძლივს მოვიშორე თავიდან და სილა გავაწანი, თან მთელი ძალით. უკან გადაქანდა და გამოღებული კარის ძგიდეს მიეხეთქა წონასწორობადაკარგული.
_ ახლა მე მომისმინე, შე კრეტინო ქალო! მე არ ვიცი, ის გოგო შენი მერია თუ არა, მაგრამ ვიცი ის, რომ ახლა ვინც უნდა მოვიდეს აქ, ქუჩის ქალია, გოგონაა გამოძახებით, ჰყავს სუტენიორი და დაბოზაობს! შენ თუ ასეთი შვილი გაზარდე, ეს ჩემი ბრალ… _ სიტყვა პირზე შემეყინა, რადგან მოულოდნელად ჯამაიკას უკან მდგარი გოგო დავლანდე. მას ზუსტად ისე ეცვა, როგორც გუშინ, ტყავის ქურთუკი და ტყავის შარვალი, მაგრამ არც შავი თმა ჰქონდა და არც თვალები მეძავივით დახატული. არადა, ის იყო, ვიცანი. ასე, ჩვეულებრივ ფორმაში იგი ძალიან ჰგავდა დედამისს. ცალ ხელში… ოი… ცალ ხელში ჩემი გიოს სურათი ეჭირა, მე რომ ჩარჩოში ჩავსვი და შინ ვინახავდი. მეორე ხელში კი იმ შავი თმის პარიკს ათამაშებდა, გუშინ რომ ეხურა.
ჯამაიკამ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და შეტრიალდა. მის სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ კარგად ვხედავდი იმას, თუ როგორ გაიღიმა მერიმ _ სარკასტულად, ნიშნის მოგებით და დამცინავად.
_ აი, ასე მჟღავნდება საიდუმლოებები! _ თქვა მერიმ, დედამისი სურათიანი ხელით გასწია და უდარდელად შემოაბიჯა, _ რაო, გაარკვიეთ ყველაფერი?
ჯამაიკა გახევებული იდგა. მერიმ სურათი მაგიდაზე დადო, პარიკი კი თავზე ჩამოიცვა.
_ ეს… ეს რას ნიშნავს? _ ჩურჩულით იკითხა გაფითრებულმა ჯამაიკამ.
_ ჯერ იქნებ შენ მითხრა, ეს რას ნიშნავს? _ მერიმ ხელი გიოს სურათისკენ გაიშვირა. _ დანარჩენზე მერე ვისაუბროთ. ჰო, ეს კაცი მართალია. მე მეძავი ვარ, გამოძახებებზე დავდივარ და ღამეში ას დოლარს ვაკეთებ, ხანდახან მეტსაც. შენც ხომ დადიხარ გამოძახებებზე ამ სახლში? _ გოგონამ ხელებით მოხაზა ოთახის სივრცე, _ გიოც ხომ ამ კაცისგან გააჩინე? არ მითხრა ახლა, რომ შენ ჩემზე პატიოსანი ხარ. ასე რომ, არაფერი მითხრა, დედულიკო! მე და შენ ახლა ბარიბარში ვართ.
ჯამაიკამ უცებ თვალები აატრიალა და უსულოდ დაეცა ძირს. გიჟივით მივვარდი გულწასულს. მერი ადგილიდან არ დაძრულა, წყალიც კი ვერ მოვატანინე. ქალი ძლივს მოვიყვანე გონს, როდის-როდის გაახილა თვალები. სანამ ამ გაწამაწიაში ვიყავი, ვერც შევამჩნიე, შოთა რომ მოსულიყო. მამაკაცს ტუჩებიც კი გასთეთრებოდა. იგი კართან ატუზულიყო და გამშრალი სახით დაშტერებოდა იატაკზე გართხმულ ცოლს. როგორც ჩანს, მერიმ მას ყველაფერი უამბო.
_ სად არის ჩემი ცნობა? _ მკითხა მერიმ. თვალით მაგიდაზე დადებულ თაბახის ფურცელზე ვანიშნე.
მან ხელი დაავლო ცნობას, ძირს გაწოლილ დედას გადააბიჯა, მამას მხარზე მოუთათუნა ხელი და გავიდა. შევრჩით ჩვენ სამნი ერთმანეთს.
ჯამაიკამ წამოდგომა სცადა, მაგრამ თავბრუ დაეხვა. შევეშველე და წამოვსვი.
_ შოთიკო… მაპატიე, _ სლუკუნით წარმოთქვა და საცოდავად მიაჩერდა ქმარს.
შოთას კრინტი არ გაუღია. მოულოდნელად ოთახის სიღრმისკენ დაიძრა. ვერ მივხვდი, საით ჰქონდა გეზი აღებული, მაგრამ მაგიდაზე შემოდებულ გიოს სურათს ხელი რომ წამოავლო, ყველაფერი ნათელი გახდა.
_ ეს ბავშვი ჩემი შვილია, გასაგებია? _ ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა და მომაკვდინებელი მზერა მესროლა.
_ არც არასდროს მქონია პრეტენზია, _ ჩავილუღლუღე ნირწამხდარმა. რაში მჭირდებოდა, ამხელა შარში რომ გავყავი თავი?
_ შენგანაც მივდივარ, _ ცოლს დახედა, _ და შენგანაც, _ მე მომიბრუნდა, _ მეტად აღარ ვმუშაობ მაგ ფონდში! _ ამ სიტყვებით კარი გაიჯახუნა და წავიდა.
_ შოთააა! შოთიკოოო! _ განწირული ხმით მიაკივლა ჯამაიკამ, მაგრამ ქმარს მისი აღარ ესმოდა.
იგი კვლავ იატაკზე გაიშხლართა და ხმამაღალი ტირილი ამოუშვა თვალებზე ხელებაფარებულმა.
მეც ზურგი ვაქციე და ოთახიდან გავედი, მისი დანახვა ისედაც კარგა ხანია, აღარ მინდოდა. საკუთარი საქციელით თვითონვე დაისაჯა თავი. მე რომ მაშინ ზღვაზე ისე ცუდად არ მომპყრობოდა, ნამდვილად არ ვკრავდი ასეთ წუთებში ხელს, ახლა კი უკვე გვიან იყო _ იგი აღარ მიყვარდა…
ჯამაიკა სრულიად მარტო დარჩა _ ყველასგან მიტოვებული…

შოთა, 45 წლის, მათემატიკოსი. 2003 წლის სექტემბერი:

რაც ცოლი შევირთე, მას მერე ისეთი ცხოვრება გამოვიარე, სულ მეგონა, ფულია ყველაფერი-მეთქი. უფულობამ დამთრგუნა, შემბოჭა, ცოლის მოსამსახურე გამხადა და თავს ხელმოცარულ კაცად მივიჩნევდი. როცა მუშაობა დავიწყე და ფული წამოვიდა, ვიფიქრე, არიქა, მეშველა, ახლა მაინც მომეხსნება არასრულფასოვნების კომპლექსი და ოჯახის უფროსის ადგილს დავიბრუნებ-მეთქი. ნაწილობრივ ასეც მოხდა. ჯამაიკამ სულ სხვა თვალით დამიწყო ყურება, გაუგონარი პატივისცემა გამოიჩინა ჩემ მიმართ. მეც მეტი რა მინდოდა? სიხარულით აღარ ვიყავი. მერე რა, რომ ამ ფულს კანონის დარღვევით ვშოულობდი? რომელი მდიდარი გინახავთ, სიმდიდრეს კეთილსინდისიერი მუშაობით შოულობდეს? თანაც, ფულის კეთების ამ ჯაჭვში მე მხოლოდ ერთი საშუალო რგოლი ვიყავი, მაქინაციებიდან ყველაზე ნაკლები თანხა მხვდებოდა, ამიტომ სინდისის ქენჯნას დიდად არ ვგრძნობდი. თუმცა საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო, ეჭვიც არ მეპარება, ყვველაფერი ჩემზე გადატყდებოდა და ლადოსა და მისი `ზემოთ მდგომი~ პარტნიორების ნაცვლად ციხეში მე ჩამაყუდებდნენ. მიუხედავად ამისა, მშვიდად ვიყავი, რადგან ამის საშიშროება არ მემუქრებოდა, ისეთი ხალხი იყო ჩვენს საქმეში გარეული. თვითონ ხომ არ მოიჭრიდნენ იმ ტოტს, რომელზეც ჩემთან ერთად ისხდნენ?
ასე რომ, ნელ-ნელა წელში გავიმართე. მომქონდა და მომქონდა ფული სახლში. ნაწილს ჯამაიკას ვაბარებდი, ნაწილს მე ვინახავდი, რა ვიცი, რა დღე დადგება-მეთქი.
და აი, დადგა კიდევაც. მერამდენე თვეა, გონზე ვერ მოვსულვარ. რას ვიფიქრებდი, ცოლი თუ ასე უსინდისოდ მღალატობდა? ხანდახან, ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდები, საკუთარ თავს ჩავეძიები, ნუთუ მართლა ვერ ვხვდებოდი, ცოლი რომ მატყუებდა თუ თავს ვიკატუნებდი, რადგან მაინც არაფერი გამივიდოდა? შეიძლება ასეცაა. ალბათ მეშინოდა, თუკი აღმოვაჩენდი, რომ ჯამაიკა სხვას ხვდებოდა. რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებდა, საღამოობით გამოძახებაზე რომ მიდიოდა მანიკიურ-პედიკიურის გასაკეთებლად, მაგრამ როგორ გავბედავდი შეწინააღმდეგებას? მაშინვე წიოკს ატეხდა და ყვედრებით ამავსებდა, შენ რომ გარჩინო, იმისთვის ვიკლავ თავს ღამით მუშაობითო. მეც ვითმენდი. ვითმენდი, მაგრამ გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, არ მომწონდა მისი გასვლითი ვიზიტები. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებდი, მკაცრი დედაა, შვილებს წესიერებს ზრდის, მატილდას თინეიჯერული შეცდომაც კი არ აპატია და თვითონ როგორ გაივლებს გულში ქმრის ღალატს-მეთქი. თანაც, ასეთი რამ არ იმალება. ერთხელ მაინც დასცდება ვინმეს, თუკი რამე იცის. ჩემთან კი არასდროს არავის არაფერი წამოსცდენია. ახლა რომ ვუფიქრდები, ბრმა ვყოფილვარ. ვის რა უნდა ეთქვა, როცა სახლიდან იშვიათად გავდიოდი? ბაზარი და მარკეტი _ აი, ეს იყო ჩემი მარშრუტი მთელი დღის განმავლობაში. არც სამეგობრო მყავდა და არც მეზობლებში ვიყავი გათქვეფილი. ზურგს უკან კი ვინ რას ამბობდა, საიდან გავიგებდი? ან კი როგორ მოახერხა ასე? როდის დაიწყო ეს ყველაფერი? ამდენი წელი რანაირად შეძლო ასეთი ურთიერთობის დამალვა? იქნებ გოგონებიც არ არიან ჩემი ღვიძლი შვილები?
რაც დრო გადიოდა, ეჭვები უფრო და უფრო მეძალებოდა. უკვე ყველაფერი მეეჭვებოდა, ყველაფერი. ყოველი თეთრი, რომელიც ჯამაიკას ოჯახში შემოჰქონდა, ლადოს მიცემული მეგონა. ფული მას მერე უფრო გაუჩნდა ჩემს ცოლს, რაც გიო დაიბადა. იმდენი ტანსაცმელი და სათამაშო მოჰქონდა ბავშვისთვის, ჩვენს გოგონებს არასდროს რომ არ ღირსებიათ. ესეც მერე გავიაზრე. თურმე სხვა მამა ჰყოლია ჩემს ვაჟს. მიუხედავად ამისა, ის ჩემი შვილია და ჩემად დარჩება. მე გავზარდე, მამობაც მე გავუწიე და ვერავინ წამართმევს. მერე რა, რომ სახლიდან წამოვედი, მას მაინც მივხედავ, თუნდაც შორიდან. მასთან ურთიერთობას არასდროს გავწყვეტ.
ახლა ყველაზე მეტად მერის ამბავი მადარდებს, მერისი და მატილდასი. ჩემს უფროს შვილზე არაფერი ვიცი, რაც ჯამაიკას დამსახურებაა. ის რომ არა, მაშინვე მოვძებნიდი გოგოს და შინ დავაბრუნებდი. კი, შეცდა, მაგრამ იმ ბიჭს ხომ უყვარდა? გაჰყვებოდა ცოლად და ავად თუ კარგად, იცხოვრებდნენ ერთად. იქნებ მტკიცე ოჯახიც კი შეექმნათ. ვინ აცალა? ალქაჯი, ნამდვილი ალქაჯი! სულ მისი ბრალია, ჩვენს შვილებს ცხოვრება რომ აერიათ. მერიზე როგორ ვიფიქრებდი, ასეთ გზას თუ დაადგებოდა? ყოველთვის სამაგალითო შვილი იყო, მოწესრიგებული, შენიშვნის მიცემის მოგერიდებოდა. მეც და დედამისსაც სულ თვალებში შემოგვციცინებდა.
ისიც წავიდა სახლიდან. დღეს მისი ასავალ-დასავალიც არ ვიცი. ვისთან ცხოვრობს, სად ათენ-აღამებს, წარმოდგენა არა მაქვს. არც დედამისს. ახლა გიოზეა ჩაბღაუჭებული და მთელ იმედებს მასზე ამყარებს. მასაც თუ მერივით გაზრდის, კარგ შედეგსაც მიიღებს.
მაგრამ ამის უფლებას არ მივცემ. გიოს მე მივხედავ, თუ ის არაკაცი არ გადამეღობა გზაზე. მაგრამ არა მგონია… სადაც აქამდე არ გამოუთქვამს მამობის პრეტენზია, ახლა რა გადარევს?
ჯამაიკასგან რომ წამოვედი, ერთი ხანობა ისეთი დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი, ცხოვრება როგორ გამეგრძელებინა. ვიფიქრე, დროებით ბელას შევეკედლები-მეთქი, მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუვაგდე. მამაჩემის ნათქვამი გამახსენდა: ცოლისგან წამოსული კაცი სხვა ქალს არ უნდა მიადგესო. ამიტომ პირველ დღეებში სასტუმროს ნომერი ვიქირავე, რათა დამშვიდების და ფიქრის საშუალება მომცემოდა.
პირველ რიგში, რაც ეგრევე და აუცილებლად უნდა გამეკეთებინა, განქორწინება იყო. შერიგებას არამც და არამც არ ვაპირებდი. რა თქმა უნდა, ჩემს ცოლს ფარ-ხმალი არ დაუყრია, მესამე დღესვე მომაგნო სასტუმროში და მუხლებში ჩამივარდა, მაპატიე და შემირიგდიო, მაგრამ ქვასავით უგრძნობი დავრჩი. ზედმეტი არაფერი მითქვამს, არც ჩავთვალე საჭიროდ. ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულია-მეთქი, მხოლოდ ეს მივახალე და კარისკენ მივუთითე.
ერთი კვირის შემდეგ ლიკა მომიგზავნა, სალონის მფლობელი, მადონას გოგო. ლიკას ყოველთვის პატივს ვცემდი, კარგი ადამიანია, ჯამაიკასთან დაქალობდა და ხელსაც ბევრ რამეში უწყობდა. მისი დამსახურებით ყველაზე მეტი კლიენტი ჯამაიკას ჰყავდა, მაგრამ ამის გამო მის თხოვნას ვერ გავითვალისწინებდი.
_ დავიჯერო, შენ არაფერი იცოდი, ლიკა? _ ვკითხე მოულოდნელად.
ჩემმა შეკითხვამ დააფრთხო, თვალები უაზროდ ააცეცა და სახეზე წამოწითლდა. მივხვდი, რომ მან ყველაფერი იცოდა.
_ ესე იგი, იცოდი… _ ამოვიხვნეშე, _ იცოდი და გადაკვრითაც არ მაგრძნობინე, ხომ? _ მზერით გავბურღე.
_ მე…
_ არ გინდა თავის მართლება. მესმის შენი. ჯამაიკასთან მეგობრობდი და ვერ გაწირავდი. გასაგებია… ასე გადაეცი, პატიებას ნუ ელოდები-თქო. მასთან შერიგებას არ ვაპირებ. ხვალ განცხადება შემაქვს განქორწინების თაობაზე.
ლიკა ისე დააბნია ჩემთან საუბარმა, ფეხარეული გავიდა ნომრიდან.
იმ დღის შემდეგ ჩემს ცოლს აღარ შევუწუხებივარ. ერთ თვეში ხელი გავაწერეთ და კვლავ თავისუფალი შევიქენი. ყველაფერმა სკანდალის გარეშე ჩაიარა _ ქონებას მე არ ვითხოვდი და ფულს, რატომ უნდა მოეწყო სცენები? იმ სახლში ჩემი არაფერი იყო, ტანსაცმლის გარდა, რომელიც უკვე წამოღებული მქონდა. ფული არც მიხსენებია. ბოლოს და ბოლოს, გიო ხომ მასთან რჩებოდა. ბავშვს განა ცოტა უნდა?
მე ჩემი დანაზოგი კარგა ხანს მეყოფოდა, მაგრამ პრობლემების წინაშე დავდექი და ამაზე უნდა მეფიქრა. მუდმივად სასტუმროში ვერ დავრჩებოდი. ვერც ბინას ვიქირავებდი, ქირა ბევრს წაიღებდა. არც იმდენი მქონდა, რომ ცალკე მეყიდა, მაგრამ შემეძლო მეგირავებინა. მერე სამსახურსაც გამოვნახავდი და დავიწყებდი ცხოვრებას თავიდან. არადა, 45 წლის ასაკში თავიდან დაწყება განა ასე ადვილი იყო?
მაგრამ შექმნილ მდგომარეობას არ შევეპუე. ფონდის ბუღალტრობამ ფულის გარდა სხვა ბევრი სიკეთეც მომიტანა. სოლიდური ხალხი გავიცანი, ზოგს მეგობრობის დონეზეც კი დავუახლოვდი. ამიტომ მივდექი, მოვდექი და დავიწყე სამუშაოს ძებნა.
იმაზე მეტად გამიმართლა, ვიდრე ვვარაუდობდი. ერთი დეპუტატი იყო, დავითი, ბიზნესმენი. კარგი ურთიერთობა გვქონდა. რამდენჯერმე დავეხმარე ბუღალტრულ საქმეებში და ჩემი მადლიერი დარჩა. როცა მას მივადექი დახმარების თხოვნით, ჩაიცინა და ისეთი რამ მითხრა, ყურებს არ ვუჯერებდი. მოდი, მე და შენ მარტოხელა დედების დახმარების ფონდი შევქმნათო. ამ საქმეში ჭიპი გაქვს მომწვარი, ყველაფერი იცი. ფულის შემოდინება ჩემზე იყოს. ნაწილს იმათ მოვახმართ, ნაწილს ჩვენ გამოვიყენებთ. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, მე დაგეხმარებიო. მშვენიერი წინადადება იყო, ჭკუაში დამიჯდა. ლადოს ფონდში ყოველთვე იმდენი თანხა შემოდიოდა, მთლიანად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს რომ მოხმარებოდა, არც ერთი დავადებული ბავშვი არ გვეყოლებოდა ქალაქში, მაგრამ მხოლოდ სამ პროცენტს ვაფინანსებდით, დანარჩენი ჩვენს ჯიბეებში მიდიოდა.
ერთი სიტყვით, შევთანხმდით _ ლადოსავით არ გვეღორა და საქმისთვის შემოწირულობების ორმოცი პროცენტი დაგვეხარჯა.
_ რახან პარტნიორები მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, მოგება საკმარისად დაგვრჩება. მე ისედაც კარგი ბიზნესი მაქვს. ცოტა აქედანაც თუ დაემატება, უარს არ ვიტყვი. ბევრი და თავზე საყრელი არც ახლა მინდა და არც არასდროს მომსურვებია. შენ რას იტყვი?
რა უნდა მეთქვა? წესიერი კაცის სიტყვა იყო და მესიამოვნა. ვერ ვიტან ხარბ ადამიანებს, რაც მეტს შოულობენ, უფრო და უფრო მეტის მოხვეჭის სურვილი რომ უჩნდებათ.
დიდი ფულის მოყვარული არც მე ვყოფილვარ. ამის გაკვეთილი ცხოვრებამაც მომცა _ მწარე გაკვეთილი. რა მოვიგე, ფულის შოვნა რომ დავიწყე? ცუდის მეტი არაფერი _ ოჯახი დამენგრა. ცოლმა მიღალატა, შვილები კი შემომეფანტა. აი, ეს იყო ჩემი გამდიდრების შედეგი. ამიტომ დავითის შემოთავაზება უყოყმანოდ მივიღე.
თქმა და ქმნა ერთი იყო. დავითი მეორე დღესვე დატრიალდა. როგორც დეპუტატს, არ გასჭირვებია არც ნებართვის აღება, არც შენობის დათრევა და არც საჭირო ინვენტარის შეძენა.
ერთ რამეში თავიდანვე შევთანხმდით. რაც დათომ დახარჯა, ჯერ იმას აინაზღაურებდა და მოგებას მერე გავიყოფდით თანაბრად. ამაზეც დავთანხმდი. ამიტომ რამდენიმე თვე მხოლოდ ხელფასზე ვმუშაობდი, მაგრამ ფინანსები ისე სწრაფად და იმდენი წამოვიდა, რომ ჩემმა პარტნიორმა თავისი წილი დანახარჯი სამ თვეში ამოიღო.
ჩვენმა ფონდმა სწრაფად გაითქვა სახელი. შემოწირულობებს ძირითადად კონცერტების სახით ვიღებდით. ეს კონცერტები კი ტელევიზიით გადაიცემოდა. ბიზნესმენების რიგი დაგვიდგა. ყველას უნდოდა, თავისი სახელი სცენიდან გაჟღერებულიყო. მათ არც რიგითი მოქალაქეები ჩამორჩებოდნენ, განსაკუთრებით _ ექიმები, იურისტები, ფსიქოლოგები… ყველა, ვისაც სახელის მოხვეჭა და კლიენტურის მოზიდვა სჭირდებოდა.
აი, ასე ვცხოვრობ დღეს. საცაა ბინასაც ვიყიდი და საკუთარი ჭერი მექნება. ცოტაც და მატილდას ძებნასაც შევუდგები. უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი სად არის და როგორ. ვინ იცის, იქნებ ისე უჭირს, შიმშილისგან კუჭი უხმება? მერისაც მოვნახავ, იქნებ შევძლო და სწორ გზაზე დავაყენო. ყველაფერი უნდა გავაკეთო ჩემი შვილებისთვის, უნდა გავაკეთო ის, რაც ჯამაიკამ ვერ შეძლო.
რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში, მაგრამ თვალი ავარიდე. საშინლად არ მომეწონა. ერთობ მოტეხილი მეჩვენა. უმაკიაჟოდ არ მახსოვს, სახლიდან გასულიყოს, ახლა კი არც მაკიაჟი ჰქონდა, არც თვალები დახატული და თმაც აბურდვოდა. არადა, ყოველკვირა იცვლიდა ვარცხნილობებს. მისი ასეთი ცვლილება, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ნუთუ თავისი საყვარელი აღარ აქცევს ყურადღებას? იმანაც მოიშორა თავიდან ვითომ? საქმეს ასეთი პირი უჩანდა. სხვა დროს ალბათ დარდით არ დამეძინებოდა, მაგრამ ამჯერად აღარ შემცოდებია. რაც დათესა, ის მოიმკა.
ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა. ამას წინათ ბელას შევხვდი _ ლადოს თეთრ, ფითქინა ბუღალტერს, რომელთანაც არაერთი ლამაზი ღამე გამითენებია. რომ დავინახე, სისხლი ისევ ამიჩქროლდა _ ვიგრძენი, როგორ მომნატრებოდა ქალის ალერსი. იმასაც გაუხარდა ჩემი დანახვა. მაშინვე ჩემთან წავიყვანე და საღამომდე მივეძალეთ სიამტკბილობას.
ბელასგან გავიგე, ლადოს ფონდის საქმეები უკან-უკან მიდისო. თვითონაც მალევე წამოსულა იქიდან.
_ ისე აიწეწა ყველაფერი, მივხვდი, თავს ვერ გავართმევდი. ვიღაც მოიყვანა შენი შემცვლელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი მადა ჰქონია და ერთ თვეში დედა უტირა ლადოს ფულებს. _ ბელამ გადაიკისკისა და თავისი კრიალა კბილები გამოაჩინა, _ ისე გაუხადა საქმე, რომ ლამის საგადასახადო ჩაუჯდა, მაგრამ ის ვიღაც რომ ჰყავს ზემოთ, ის დაეხმარა და გადარჩა. ახლა ეშინია, არ დამიჭირონო, ამიტომ ფონდის დახურვას აპირებს მგონი.
_ მერედა, როგორ უნდა იცხოვროს, როცა ფულის კეთებასაა მიჩვეული? _ მეც გავიცინე.
_ ნუ გეშინია, მაგას ფული არასდროს აკლდა. ისეთი პროფესია აქვს, ყოველთვის იშოვის. შენზე ძალიან იყო გამწარებული, როცა გაიგო, შოთას ფონდი დაუფუძნებიაო. მე ვასწავლე ყველაფერი და ახლა კონკურენციას მიწევსო.
_ ვერ არის ეგ კაცი კარგად. ჯერ ერთი, მან რა მასწავლა, ბუღალტერია? მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა. მან ის მასწავლა, დანაშაული როგორ ჩამედინა. სულ ეს იყო. ან კიდევ, რომელი მაგისი კონკურენტი მე ვარ? სად ლეიკემია და სად მარტოხელა დედები?
_ ხო, მაგრამ შემოწირულობები?
_ ეგ კი, მაგრამ შემოწირულობები მარიფათზეა დამოკიდებული. შენ რომ უფროსი ხარ, უნდა იცოდე, როგორ შეფუთო შენი საქმიანობა, რათა მეცენატები მოიზიდო. მაგას თუ ეს არ ეხერხება, ჩემი რა ბრალია?
_ ინტერესით კვდებოდა, ნეტავ ვინ ააწყობინა საქმე, ზურგს ვინ უმაგრებსო.
ამაზე გულიანად გამეცინა. დავითი თანადამფუძნებელი იყო, ამას არ მალავდა, ამიტომ ბელას ვუთხარი, ვისთან ერთადაც ვიყავი საქმეში. დავითი უბრალოდ, არასდროს არ ჩნდებოდა არსად, ყველგან ყოველთვის ჩემი გვარი გაისმოდა, ამიტომ არ იყო ცნობილი მისი სახელი ფართო საზოგადოებისათვის. ბელა დავარიგე, თუ ლადო სადმე შეგხვდა, გადაეცი, ვისთანაც ვმუშაობ, ეს საიდუმლო სულაც არ არის-მეთქი.
მას შემდეგ ბელა ჩემთანაა. უფრო სწორად, ყოველდღე მოდის. სახლს მილაგებს, საჭმელს მიმზადებს, მირეცხავს, მიუთოებს… ერთი სიტყვით, მივლის. მართალია, ცოლ-ქმარი არ ვართ, მაგრამ ცოლ-ქმარივით ვცხოვრობთ. ხვალ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს.
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93