ნოველები

ქალები ბნელში - თავი 6

ქალები ბნელში - თავი 6
ნოველის დასაწყისი
ოთო, 22 წლის, ვეტერინარი, 2003 წლის სექტემბერი:

როგორც იქნა, სტაჟირება დავამთავრე. სამი სექტემბრიდან ზოოვეტერინარად დავიწყე მუშაობა. ერთ-ერთი საუკეთესო ცხოველთა კლინიკაა ქალაქში, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი. კარგად გავიწაფე ხელი, ოპერაციებსაც კი ვაკეთებ. ჩვენი კლინიკის უფროსს ვახტანგი ჰქვია. მას ვეხმარები ხოლმე ოპერაციების დროს. ბევრმა ძაღლმა თუ კატამ გაიარა ჩემს ხელში. ერთხელ სადღაც აგარაკზეც კი გამოგვიძახეს და ძროხა ვამშობიარეთ. მაგარი სასაცილო სცენა კი იყო. მე და იმედა გაგვიშვეს. ის ჩემთან შედარებით გამოცდილი ვეტექიმია. ახლა მეც შემიძლია ასეთი
რამეების გაკეთება. ვახტანგმა მითხრა, შენისთანა ნიჭიერი მოსწავლე არ მყოლიაო. საქმე იქითკენ მიდის, რომ მომავალში ალბათ საკუთარ კლინიკას გავხსნი. კლინიკას თუ არა, მაღაზიას მაინც. ყველაზე მეტად მაინც ძაღლებისა და კატების მკურნალობა მხიბლავს. სწორედ ამ განხრით მიწევს აქაც მუშაობა. ექოსკოპიაც დავამხეცე. ისე დაწვრილებით აღვწერ ხოლმე ცხოველის დაავადების კერებს, რომ უფროსი გაოცებულია. შენს ადგილზე ამ კუთხით გავაგრძელებდი მუშაობასო, მაგრამ მე მაინც მრავალპროფილური განათლება მინდა მქონდეს.
ხელფასს არ ვუჩივი. ამის გარდა, ბონუსებიც მეძლევა. ზოგჯერ, როცა ადგილზე მივდივარ ხოლმე ცხოველის გასასინჯავად, პატრონები დამატებითაც მჩქუნიან ფულს. ასე რომ, არც პროფესიას ვემდური და არც შემოსავალს.
დედა შედარებით გამოკეთდა. ისე აღარ არის გადართული მამაჩემის გარდაცვალებაზე, არც ძველებური სიხშირით დადის სასაფლაოზე. არც შეუძლია _ ფეხები უსივდება და ფეხზე დიდხანს დგომა და სიარული უჭირს. ბოლო დროს გულმა შეაწუხა და მკურნალობს.
პირად ცხოვრებაში ახალი არაფერი ხდება. მატილდა ვერა და ვერ დავივიწყე. ერთხელ კი ვცადე ერთ ჩემს კლასელთან დაახლოება, რამდენიმე თვეს ვხვდებოდით ერთმანეთს, მაგრამ ამ ურთიერთობიდან არაფერიც არ გამოდნა. ვერ შევიყვარე. შეიძლება იმიტომ, რომ სულ თავზე დამკანკალებდა, წარამარა კუდში დამდევდა, დღეში ცხრაჯერ მირეკავდა. ბოლოს ყელში ამომივიდა. ისეთი ეჭვიანი იყო, მისი შიშით მზერას ვერ ვაპარებდი ქუჩაში სხვა გოგოსკენ. დიდი მექალთანე არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ქუჩაში გასული სულ ვაკვირდები გოგოებს, იქნებ რომელიმეში მატილდა ამოვიცნო-მეთქი.
დრო გადის, მე კი ვერ ვივიწყებ. ვივიწყებ კი არა, პირიქით, უფრო და უფრო მიმძაფრდება მისი ნახვის სურვილი. სულ მენატრება. გამუდმებით თვალწინ მიდგას მისი სახე, ღიმილი, სიცილი, მორცხვობა. ჩემი მეხსიერებიდან რა წაშლის იმ დღეს, ბოლოს რომ ვნახე. რამხელა სევდა იკითხებოდა მის თვალებში.
ჩემი ბრალია. უნდა მივმხვდარიყავი, რომ იმ დღით არ მთავრდებოდა ყველაფერი. არ უნდა მოვშვებოდი, ხელი არ უნდა მეკრა. მერე რა, რომ ახლოს არ მიკარებდა. ბოლოს მაინც მოუბრუნდებოდა გული ჩემკენ. ალბათ ასეც მოხდებოდა, რომ არ გაუჩინარებულიყო.
ვინ იცის, იქნებ გათხოვდა კიდევაც. იქნებ შვილებიც ჰყავს. არა, ამაზე ფიქრიც არ მინდა. ვერასდროს ვერ შევეგუები, მატილდას სხვა ქმარი ჰყავდეს. სად არ გავიკითხე, მაგრამ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნატა მისი უახლოესი მეგობარი იყო, იმანაც კი არაფერი ვიციო, მითხრა. ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. მე იმედს მაინც არ ვკარგავ. გული მიგრძნობს, ერთხელაც აუცილებლად შევხვდები. ოღონდ ეგაა, არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი შეხვედრა. ვაითუ ისევ ხელი მკრას, როგორც მაშინ, ახლოსაც არ გამიკაროს. არა, ამას არ დავუშვებ. ოღონდ კი ვნახო და ხელს არაფრით არ გავუშვებ, რის ფასადაც უნდა დამიჯდეს.
არ მეგონა, მის გარდა სხვის შეყვარებას თუ ვერ შევძლებდი. რატომღაც, ყველა გოგოს მას ვადარებ. ეს შედარება კი ყოველთვის აფუჭებს საქმეს. იგი დღემდე ვერავინ შეცვალა. ნუთუ ასეთი ძლიერია ბავშვობის სიყვარული? იქნებ მისი ხელის კვრა ვერ მოვინელე? იქნებ სწორედ ეს მიმძაფრებს მისდამი სიყვარულს?
მატილდა… ჩემი მატილდა… ჩვენ სულ ერთად ვიქნებითო. სულ, სულო… ასე მეუბნებოდა. სიკვდილის მეტი ვერაფერი დაგვაშორებსო. არადა, დედამისმა დაგვაშორა. ის ქალი ისეთი ავია, რას არ შეძლებს. ახლოსაც არ გამიკარა, როცა მასთან დალაპარაკება გადავწყვიტე. ცხვირწინ მომიჯახუნა კარი. თავისი შვილი ხომ დაღუპა და მეც ამირია ცხოვრება. აბა, რა ჰქვია ჩემს ყოფას? განა ბედნიერი ვარ? დავდივარ ეული და მხოლოდ მატილდაზე ვფიქრობ. დედაჩემი ძალიან ნერვიულობს ჩემზე. თუმცა კი თავს ინუგეშებს, ჯერ 22 წლისაა და რა დროს ამის ცოლიაო, მაგრამ შიგადაშიგ წამოსცდება ხოლმე, ოჯახის შექმნას არ აპირებო? არადა, იცის, რატომაც არ ვაპირებ. იცის, რომ მატილდასთან შეხვედრას ველოდები. და დაველოდები კიდევაც, თუნდაც საუკუნე გავიდეს…. დედაჩემს კი სწორედ ეს ადარდებს…

ჯამაიკა, 46 წლის, პარიკმახერი, 2006 წლის მაისი:

ძლივს გამოიდარა. გაზაფხული ისე გავიდა, ვერ ვიგრძენი, სულ წვიმდა და ციოდა. ახლაღა დათბა, როცა მაისი გადის.
სხვებისთვის ალბათ ცხოვრება გრძელდება, ჩემთვის კი ერთ ადგილზე გაიყინა. მას მერე, რაც შოთიკო სახლიდან წავიდა, თითქოს დავცარიელდი. თურმე რამდენად ძვირფასი და ახლობელი ყოფილა ჩემთვის. ამას მხოლოდ ახლა ვაცნობიერებ. სიყვარულითაც კი მყვარებია. ლადოს ხსენებაც არ მინდა, მასთან ყოველგვარი კონტაქტი გავწყვიტე. საზიზღარი კაცი, ეგოისტი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზ ფიქრობს. მე, კარგი, არ ვუნდივარ, მაგრამ შვილი? გიოს მეტი ვინ ჰყავს ამქვეყნად? თავისი სისხლი და ხორცია, რაც უნდა იყოს. აქამდე ფინანსურად მაინც მეხმარებოდა, ახლა ამაზეც აიღო ხელი.
სულ მარტო დავრჩი. მართალია, გიო მყავს, მაგრამ ისე ჯერ მხოლოდ რვა წლისაა და ამ ცხოვრების ბევრი არაფერი ესმის. თუმცა მთავარი ისაა, რომ კარგად სწავლობს. ახლა მთელ იმედებს მხოლოდ მასზე ვამყარებ. იქნებ ამან მაინც გამიმართლოს და სიბერე არ ჩამიმწარდეს. ვისგანაც არ ელოდები, თურმე ყველაზე მეტად მისგან უნდა მოელოდე სამარის გათხრას. რა აკლდა მერის? რატომ დაადგა ამ გზას? ვფიქრობ, ვფიქრობ და ამ კითხვაზე პასუხი ვერ გამიცია. ნუთუ ჩემი ბრალია, რაც თავს გადამხდა? ნუთუ არასწორად ვზრდიდი შვილებს? ყოველთვის მეგონა, რომ გიჟი დედა ვიყავი, მკაცრი და მომთხოვნი. მეგონა, რომ შვილები თავზე ვერასდროს გადამახტებოდნენ. არადა, ყველაფერი პირიქით მოხდა.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვნანობ, ასე რომ ვიცხოვრე. რად მინდოდა, საყვარელი რომ გავიჩინე? რა არ მყოფნიდა? ფული? სიამოვნება? ალბათ ერთიც და მეორეც, მაგრამ მხოლოდ ეს რომ არ ყოფილა მთავარი? ის, რაც მთავარია ცხოვრებაში, ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით დავკარგე _ ქმარიც და შვილებიც. მერი თითქოს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, როგორც მატილდა. მის კვალს ვერ მივაგენი, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანს ვეძებე. ზოგმა თქვა, უცხოეთში გაემგზავრა და იქ ცხოვრობსო, ზოგმა _ ჩვენი ქალაქიდან წავიდა და სხვაგან გადასახლდა, მაგრამ ძველი საქმიანობა არ შეუწყვეტიაო. ასეთი რამეების მოსმენა გულს მიკლავს. ნეტავ შეიძლებოდეს ყველაფრის თავიდან დაწყება, რამდენ რამეს შევცვლიდი. პირველ რიგში, შვილებს მივხედავდი, მეტ ყურადღებას დავუთმობდი მათ. აღმა-დაღმა რომ არ მერბინა და ბავშვებს დავჯდომოდი, ალბათ ბევრად უკეთესად წარიმართებოდა ჩვენი ცხოვრება.
შოთიკოს რა უჭირს. ისე აუწყვია საქმე, მთელ ქალაქში გაითქვა სახელი. ყველას მისი ფონდი აკერია პირზე. რაც მართალია, მართალია, ყოველთვის პატიოსანი იყო და მხოლოდ ლადოსთან მუშაობის დროს ასცდა გზას, მაგრამ როცა ეს შეიგნო, მასაც ჩამოშორდა და ახლა ქალაქში ყველაზე დიდი ქველმოქმედის სახელი აქვს გავარდნილი. მეორე ცოლი არ შეურთავს, მაგრამ საყვარელი კი გაუჩენია. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემთხვევით რომ არ გამეგო.
ერთ დღეს სალონში ვიღაც ქალი შემოვიდა, თმის შეღებვა უნდოდა. ჩემი კლიენტი არ იყო, მაგრამ ლიკა გარბოდა და მთხოვა, შენ მიხედეო. კი გამიკვირდა, ამ ქალს თმას რომ ვუღებავდი, როგორ იცინოდნენ სალონის გოგოები, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
მასთან საუბარში გაირკვა, რომ ბუღალტერი იყო და შოთას ფონდში მუშაობდა. იმან რა იცოდა, მე რომ შოთას ყოფილი ცოლი ვიყავი. აქო და აქო თავისი უფროსი, ისე ზედმეტად აქო, ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპარა, მასზე შეყვარებული ხომ არ არის-მეთქი.
როცა ეს ბელა წავიდა, ნინი სიცილით მომიბრუნდა:
_ სიმართლე მითხარი, არ გაგიტყდა, მაგ ქალს რომ მოემსახურე?
ფერი მეცვალა.
_ გასატყდომი რა იყო? რახან შოთასთან მუშაობს, არიქა, მე ვერ შეგღებავ-მეთქი უნდა მეთქვა?
_ გოგო, ეს ქალი შოთას საყვარელია. დავიჯერო, არ იცოდი?
ამის გაგონებაზე ელდა მეცა. შოთასგან ასეთ რამეს არ მოველოდი. ქალისკენ გახედვა თუ შეეძლო, ვერ ვიფიქრებდი. ისე ცუდად ვიგრძენი თავი, მოსაბრუნებელი გავხდი. მასხეს და მასხეს წყალი გოგოებმა.
_ რატომ მაშინვე არ მითხარით, რატომ? _ ვუყვირე ნინის.
_ რა უნდა მეთქვა, ჯამაიკა, შენი ქმრის საყვარელია და ზედ არ შეხედო-მეთქი? მთელმა ქალაქმა იცის ეს ამბავი და ჩვენ რას ვიფიქრებდით, თუ არ გეცოდინებოდა? მეგონა, შენთვის სულერთი იყო და ამიტომაც გამიკვირდა, წარბიც რომ არ შეგიხრია. კაი დაქალივით გაუბი ლაპარაკი.
როდის-როდის დავწყნარდი. უეცრად ლიკა ამომიტივტივდა გონებაში.
_ ლიკამაც იცოდა ეს ამბავი?
_ მმ… არ ვიცი, _ დაიბნა ნინი და ლილუს გადახედა, ფრჩხილების გაქლიბვით რომ იყო გართული.
_ არ იცი თუ არ გინდა მითხრა? _ გავმწარდი.
_ მართლა არ ვიცი, ჯამაიკა. შენ თვითონ ჰკითხე, ჩვენ რას გადაგვეკიდე? _ იწყინა ნინიმ და ზურგი შემაქცია.
კარგა ხნის შემდეგ, როცა ლიკა დაბრუნდა, დავეტაკე. დაქალი გაოცებული მომჩერებოდა.
_ შენ ხომ არ გადაირე, გოგო? მე რა ვიცი, ვინ ბელა, რა ბელა. საუკუნეა, ეს ქალი ჩემი კლიენტია, მაგრამ არასდროს დავინტერესებულვარ მისი პირადით. რას მეჩხუბები? თუნდაც მცოდნოდა, რამე შეიცვლებოდა ამით? რამდენი წელია, ქმარს გაშორდი. ეყოლება ვინმე, აბა უქალოდ დარჩებოდა? _ აქეთ შემომიტია ლიკამ და გამაჩუმა.
მართლაც, განა ჰქონდა რამე აზრი, თუნდაც მცოდნოდა ბელას შესახებ? რა უფლებით უნდა მეთქვა, იმიტომ არ მოგემსახურები, თურმე ჩემი ყოფილი ქმრის საყვარელი ყოფილხარო? მას ხომ არ მიუძღოდა წვლილი ჩვენს დაშორებაში?
თუმცა არ ვიცი, რომ მცოდნოდა, როგორ მოვიქცეოდი. კიდევ კარგი, არ ვიცოდი…
შოთიკო გიოს ყურადღებას არ აკლებს. მისთვის ყოველთვის მზად არის. ჩაცმა გინდა, დახურვა, სასკოლო სახელმძღვანელოები, სპორტული წრეები თუ კერძო მასწავლებლების გადასახადები, ყველაფერს იხდის, უკან არაფერზე იხევს. გიომ დღესაც არ იცის, შოთა მისი ღვიძლი მამა რომ არ არის. არც ვეუბნები. ვინც მამობას უწევს, დაე, ის ეგონოს მამა. ლადოზე რომ ვუთხრა, კარგი რა გამოვა აქედან? ჯერ ერთი, რომ ბავშვი აირევა, ჩვენზე გულს აიცრუებს. მეორეც, ლადო მაინც არ გაუწევს მამობას და ტყუილად გული უნდა ვატკინო.
ასე რომ, ჯობია, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის.
ჩემმა ცხოვრებამ წლებია, აზრი დაკარგა. ძველებურად აღარ ვიპრანჭები. ვინც მიცნობდა და დიდი ხანია, არ ვუნახავვარ, შეხვედრისას გაოცებული რჩება. ზოგიერთი საერთოდ ვერ მცნობს. ძალიან შევიცვალე. თვალების გარშემო ნაოჭები მომიმრავლდა. სალონში რომ არ ვმუშაობდე, მთლად ჩავეშვებოდი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც მშველის. კლიენტებს ხომ არ ვათქმევინებ, თვითონ მოუვლელია და მე როგორ უნდა გამალამაზოსო? ამასთან, ეკონომიურადაც გამიჭირდა. შოთა ერთ თეთრს არ იმეტებს ჩემთვის. ლადოზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩემი ხელფასი კიდევ რაში მეყოფა? გადასახადებს ძლივს ჰყოფნის. კარგა ხანია, ახალი ტანსაცმელი არ მღირსებია. რაც მაცვია, ისიც ლიკას გამონაცვალია _ ხან რას მაჩუქებს, ხან რას. ერთი პერიოდი კი შეეცადა, ფორმაში მოვეყვანე, სულ ჩამჩიჩინებდა, აზრზე მოდი, თავის მიხედე, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ვინმეს კიდევ მოეწონები, იქნებ გული გადააყოლოო. მაგრამ არა. კაცის ხსენებაც არ მინდა. ამით მაინც დავსჯი ჩემს თავს. ჩემი შვილები, კაცმა არ იცის, როგორ არიან, სად გადაკარგულები როგორ ცხოვრობენ, იქნებ საშინლადაც იტანჯებიან და მე ვიყო კარგად? არამც და არამც! რაც მივქარე, ისიც მეყოფა. მინდა გიოს წინაშე მაინც ვიყო მართალი. სულაც არ მსურს, ვინმემ წამოაძახოს, დედაშენი ქუჩის ქალიაო. ის ერთადერთია, ვინც პატივს მცემს, როგორც დედას და როგორც ქალს. ამიტომ ვერ დავაღალატებ. თუ მერისა და მატილდას კვალს ოდესმე მივაგენი, მათ შემორიგებასაც ვეცდები. ორივეს პატიებას ვთხოვ. იმედია, ზურგს არ შემაქცევენ.
შოთას წყალობით, მე და გიოს, რაც მთავარია, საჭმელი არ გვაკლია. ასევე არ აკლია გიოს მამამისის ყურადღება. სხვა დანარჩენი ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ჩემი უმთავრესი მოვალეობა ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ გიოს კარგად ყოფნაა, ამიტომ ყველანაირად ვცდილობ, სამაგალითო დედობა გავუწიო.

მატილდა, 25 წლის, მოსამსახურე, 2006 წლის ივნისი:

რა კარგია, ამ ოჯახში რომ მოვხვდი. კახაბერთან ცხოვრბას ვერ გავაგრძელებდი, ამიტომ მეროე დილით, ის ამბავი რომ მოხდა, უთენია გავიპარე მისი სახლიდან და მაშინვე სამსახურის ძებნას შევუდექი. ეს ოჯახი მალევე ვიპოვე და მიმიღეს. მართალია, მოსამსახურე ვარ, მაგრამ არაფერი არ მაკლია. თავს სულაც არ ვგრძნობ მოსამსახურედ. სრულფასოვანი ადამიანივით მექცევიან. ჩემი დიასახლისი მანჩო ლამაზი გოგოა, ორი შვილი ჰყავს _ ქალ-ვაჟი _ თიკო და დათუნა. გოგონა ექვსი წლისაა, ბიჭი _ ხუთის. აქ რომ მოვეწყვე სამუშაოდ, სულ პატარები იყვნან _ ერთი სამის, მეორე კი ორი წლის. ფაქტობრივად, ჩემი გაზრდილები არიან. არა მხოლოდ ძიძა ვიყავი მათთვის, არამედ მთელ ოჯახს ვუვლიდი. სარეცხი იყო თუ სადილების კეთება, ყველაფერი ჩემს კისერზე გადადიოდა. ფულსაც კარგად მიხდიდნენ. დანაზოგი ყოველთვე ბანკში შემაქვს და ვაგროვებ. ვინ იცის, როდის დამჭირდება. მოვა დრო და გამოვიყენებ, სულ მოსამსახურედ არ ვაპირებ დარჩენას, თუმცა ჯერჯერობით მაწყობს ეს მდგომარეობა. ოჯახის უფროსი, დიმიტრი ახალგაზრდა კაცია, ალბათ ორმოცის თუ იქნება. თავისი ბიზნესი აქვს, საკმაოდ შემოსავლიანი. ცოლ-შვილს არაფერს აკლებს. ყოველ ზაფხულს დასასვენებლად უშვებს საზღვარგარეთ. ახლაც, დაიწყო ივნისი და მანჩო გასამგზავრებლად ემზადება. ფილიპინებზე აპირებენ დასვენებას. როგორი ბედნიერები არიან. ნეტავ მეც მღირსებოდა ამის ნახევარი ბედნიერება მაინც.
დიმიტრი მხიარული კაცია, ქეიფი უყვარს, ხშირად მოჰყავს ძმაკაცები სახლში და ხანდახან მთელ ღამეს სმაში ათენებენ. სანადიროდაც დადის, როცა სეზონი დგება. სახლში ორი მწევარი ჰყავს, მაქსი და რექსი. მათაც, რა თქმა უნდა, მე ვუვლი. სასეირნოდაც მე დამყავს. მართალია, კერძო სახლი აქვთ, მაგრამ ეზოა პატარა, ამიტომ გარეთ გამყავს. ცოტა მოშორებით ჩვენთან მეჩხერი ტყეა და იქ ვასეირნებ ორივეს. დილა-საღამოს მათი გაყვანა გამოწერილი მაქვს. საღამოობით ხანდახან ბავშვებიც მომყვებიან, მაგრამ დილით მე ისეთ დროს გამყავს მწევრები, როცა ბავშვებს სძინავთ, ამიტომ დილის გასეირნება მარტოს მიწევს.
დიდად არ მიხარია, ამათი გამგზავრების შემდეგ დიმასთან მარტო რომ მიწევს დარჩენა, მაგრამ რას ვიზამ. საშინელი მექალთანეა ჩემი პატრონი. როცა ცოლ-შვილს გაისტუმრებს, სახლში ყოველთვის ქალები მოჰყავს. ეს მაშინაც ხდება, როცა მანჩო რამდენიმე დღით დედამისთან მიდის. დიმიტრის მიკვირს. სახლში რომ არ მოიყვანოს ეს ქალები, სასტუმროს ნომრის აღება გაუჭირდა? მე კი არასდროს არ ვიტყვი ამას, მაგრამ მანჩოს ვინმემ რომ ჩააწვეთოს ეს ამბავი, აუცილებლად გამაგდებს სახლიდან, რატომ არ მითხარიო. და მართალიც იქნება…
გაფრინდა ჩემი დიასახლისი თავისი ორი შვილით ფილიპინებზე და დავრჩი მარტო დიმასთან ერთად. ცოტა დაძაბული ვარ. ფხიზელი არაფერს მაკადრებს, მაგრამ თუ დათვრა, მერე რა მოუფრინდება თავში, არ ვიცი. მართალია, არასდროს უწყენინებია ჩემთვის, მაგრამ რამდენჯერმე ისე გამომაყოლა თვალი, აშკარად აფასებდა ჩემს გარეგნობას. მეც რაღა მაინცდამაინც მაშინ მომინდებოდა უკან მოხედვა? მანჩოს ვიცი, რომ ჩემი იმედი აქვს. იცის, რომ სახლსაც მივხედავ და მის ქმარსაც. არა მგონია, დიდად ეხატებოდეს ქმარი გულზე, მაგრამ აბა, ვის ესიამოვნება, თუ გაიგებს, რომ ქმარი მოსამსახურესთან ღლაბუცობს? რა თქმა უნდა, ამას ვერც ერთი ცოლი ვერ მოითმენს, სულაც რომ სძულდეს საკუთარი ქმარი.
დიმას არც მე დავუწვები, მაგრამ ძალა რომ დამატანოს, სად გავიქცე? რომელი თავშესაფარი მე მაქვს?
ამის გამო დილიდან დაძაბული ვიყავი. თუმცა როცა დიმას ლოგინში მივართვი საუზმე და ყავა, ნამძინარევმა მადლობა გადამიხადა, მაგრამ არაფერი უკადრებია. მერე ადგა, იბანავა, საგულდაგულოდ გამოეწყო და სამსახურში წავიდა. შუადღეს დამირეკა, საღამოს სტუმარი მეყოლება და რამე გემრიელი მომიმზადეო.
მეც დავტრიალდი. სულ ნაირ-ნაირები ვაკეთე და ვაცხვე. მთელი დღე ქურასთან ვტრიალებდი და დავიღალე, საღამოსკენ უკვე არაქათი მქონდა გამოცლილი. სახლიც ხომ უნდა დამელაგებინა. ერთი სიტყვით, იმ დღეს არ გავჩერებულვარ.
საღამოს, რვა საათი იქნებოდა, დიმიტრი რომ მოვიდა. მეც იმწუთას შემოვედი სახლში, ძაღლები გავასეირნე. ერთი ფეხით შემოვასწარი პატრონს.
_ აბა, რა გვაქვს დღეს? _ მხიარულად მკითხა დიმამ, ხელი მხარზე დამადო და თითები ოდნავ მომიჭირა.
შიშისგან დამბურძგლა. მივხვდი, შეზარხოშებული იყო და ამიტომაც გამითამამდა.
_ ნამცხვარი გამოვაცხვე, თქვენ რომ გიყვართ, სალათებიც გავაკეთე და სამწვადეც გამზადებული მაქვს.
_ ახლა მწვადის შეწვის თავი არ მაქვს, ტაფაზე შეაგდე, კარგი? შენ ტაფაზეც გემრიელი გამოგდის, ვიცი, _ გამიცინა და თვალი ჩამიკრა.
თავი დავუქნიე და სამზარეულოსკენ გავემართე.
_ თუ ვინმემ დამირეკოს, უთხარი, შინ არ არის-თქო. ვინც გინდა იყოს, გესმის?
_ კი ბატონო, როგორც მეტყვით, _ მორჩილად დავთანხმდი და მაცივარს მივაშურე სამწვადის გამოსაღებად.
ამასობაში დიმამ წყალი გადაივლო. მერე ვიღაცამ მობილურზე დაურეკა. კარგა ხანს მესმოდა მისი ყვირილის ხმა. ვიღაცას ეუბნებოდა, თუ კაცი ხარ, ნუ მაშინებ, მაინც ვერ შემაცვლევინებ აზრსო.
ამასობაში ათი საათიც გახდა. მწვადი კარგა ხანია, შეიწვა, მაგრამ დიმას ჭამის სურვილი არ გამოუთქვამს. არც სასურველი სტუმარი ჩანდა. ის იყო, თერთმეტი დაიწყო, რომ კარზე ზარი დაირეკა. ცოტა არ იყოს, დავიბენი. არ ვიცოდი, გამეღო თუ არა, პატრონს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ სტუმარს ელოდა. ამიტომ მცირე ყოყმანის შემდეგ შემოსვლელს მივაშურე.
_ ვინ არის? _ ხმადაბლა ვიკითხე.
_ დიმას უთხარით, რომ მოვედი, _ გარედან ქალის ხმა გაისმა.
_ შემოუშვი, მატილდა, _ გაისმა ამ დროს მეორე სართულის კიბესთან მდგარი დიმიტრის ხმა.
ჩემს პატრონს, როგორც ყოველთვის, აბრეშუმის ხალათი მოეცვა შიშველ სხეულზე.
კარი გავაღე. ჩემკენ ზურგით მდგარი სტუმარი კარის ხმაზე შემოტრიალდა. შავთმიანი გამხდარი გოგონა იყო. წითელი პომადა ესვა, თვალები შავად დაეხატა. ლამაზი იყო, მაგრამ ეს მაკიაჟი სულ არ უხდებოდა _ ასაკსაც მატებდა და ვულგარულობასაც სძენდა.
წამით თითქოს გაოცებული შემომაჩერდა.
_ შენ ვინ ხარ? _ მკითხა და ჩემს გარეგნობას თვალი ჩააყოლა.
_ მე მოსამსახურე ვარ, _ მივუგე და და კიდევ ერთხელ შევხედე, ამჯერად უფრო დაკვირვებით.
უცნობი კი იყო, მაგრამ თითქოს სადღაც მენახა, თუმცა ვერაფრით გავიხსენე, სად. არადა, საოცრად ნაცნობი სახე ჰქონდა.
_ მოსამსახურე?.. რა გქვია? _ ჩამეკითხა სტუმარი.
_ მატილდა.
_ ააა… მატილდა…. მატილდა… დიმა საითაა?
_ მაღლაა, თავის ოთახში გელოდებათ, _ ვთქვი და მეორე სართულისკენ ავიხედე.
დიმა კვლავ კიბის თავში იდგა და ჰოლისკენ იყურებოდა.
_ ჩემი სექსის ანგელოზიც მოსულაა! _ დაიძახა უცებ ჩემმა პატრონმა და საფეხურები ისე ცქვიტად ჩამოირბინა, როგორც თექვსმეტი წლის ბიჭმა.
დიდი ხნის ნაცნობებივით შეხვდნენ ერთმანეთს. მერე დიმამ ხელში აიტაცა გოგონა და დააბზრიალა. მე ერთ ადგილას ვიდექი გახევებული და თავს ვიმტვრევდი, სადან მახსოვდა ეს გოგო.
როცა ორივენი მეორე სართულისკენ დაიძრნენ, მაშინღა გამოვფხიზლდი.
_ ვახშამი მანდ ამოგიტანოთ, ბატონო დიმიტრი? _ მივაძახე.
_ კი, კი, მატილდა, ჩემს ოთახში შემოიტანე და შამპანურიც მოაყოლე ერთი-ორი ბოთლი.
ეგრევე დავფაცურდი. სინზე ყველაფრის ერთად მოთავსებას შევეცადე, მაგრამ არ დამეტია. ორ წყებად მომიწევდა ატანა, ამიტომ ჯერ შამპანური და ფუჟერები დავალაგე თეფშებთან და დანა-ჩანგალთან ერთად.
დიმას საძინებლის კარზე მორიდებით დავაკაკუნე. შემოდიო, გამომძახა. გოგონა ოთახში არ დამხვდა, მაგრამ წყლის ჩხრიალზე მივხვდი, რომ საბანაოდ იყო შესული.
მეორე ჯერზე, როცა ვახშამი შევიტანე, სტუმარი გამოსულიყო და თავზე პირსახოცწაკრული მანჩოს საყვარელი სარკის წინ იჯდა. დიმა საწოლზე წამიოკოტრიალებულიყო და ორივენი გულიანად იცინოდნენ.
შევხედე თუ არა სტუმარს, ადგილზე გავქვავდი. ეს ის გოგო არ იყო, წეღან რომ მოვიდა. მაკიაჟი მოეშორებინა. არც თვალები ჰქონდა დახატული, არც წითელი პომადა ესვა და არც თმა ჰქონდა შავი. ახლაღა გავაცნობიერე, რომ მოსვლისას პარიკი ეკეთა. ამჯერად კიდევ უფრო ნაცნობი მეჩვენა მისი სახე. ნაცნობი კი არა, ძალიან, ძალიან ახლობელი…
არა, არ შევმცდარვარ. ჩემ წინ გაზრდილი მერი იდგა. მან მრავლისმთქმელი მზერა მესროლა, მერე კი თვალი ამარიდა და სინი ჩამომართვა.
ჩემგან განსხვავებით, მას სულაც არ გაჰკვირვებია ჩემი გახევება. როგორც ჩანს, მან უფრო ადრე მიცნო _ მოსვლისთანავე. ალბათ სახელიც იმიტომ მკითხა, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყო, მართლა მატილდა ვიყავი თუ არა.
გონება დამებინდა. ვერ ვიჯერებდი, მერის აქ რომ ვხედავდი. ნუთუ ბოზობა დაიწყო? მხოლოდ ეს შეკითხვა მიტრიალებდა გონებაში. ის კი უკვე შამპანურის ბოთლს ხსნიდა, თან ისე ოსტატურად, კაცსაც კი შეშურდებოდა.
სუფრა გავშალე თუ არა, ოთახიდან ტყვიანაკრავივით გამოვვარდი. ჩემი მშობლების იდეალური შვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გამხდარა. რა ძნელი იყო ამის დაჯერება!
თავზარდაცემული ადგილს ვერ ვპოულობდი. ვერა და ვერ დავწყნარდი. ჩემს ოთახში შევიკეტე და ჩაცმული შევწექი ლოგინში, რომ დიმას თუ დავჭირდებოდი, ჩაცმაში დრო არ დამეკარგა. მაგრამ არ დავჭირდი. რამდენიმე საათმა ისე ჩაიარა, არ დაუძახია. მეც ჩამთვლიმა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ხმაურმა გამომაღვიძა. ჩვენი სტუმარი მიდიოდა, მასპინძელი კი აცილებდა.
მეც გამოვედი. მერიმ თვალი შემავლო, მომავალ შეხვედრამდე, მატილდაო, მითხრა, უცებ მომვარდა, ლოყაზე მაკოცა და მიყვარხარო, ჩამჩურჩულა…
მთელი ღამე ვტიროდი. ვტიროდი როგორც ჩემს ცხოვრებას, ისე მერისას. ორივე და ჩიხში ვიყავით მომწყვდეული. ალბათ მერიც დედაჩემის ახირებებმა აიძულა, ამ გზას დასდგომოდა. ჯამაიკას ხომ ხუთიანზე ეხერხებოდა თავისი შვილების ცხოვრების გაფუჭება…

შოთა, 55 წლის, მათემატიკოსი. 2013 წლის იანვარი:

ბოლო ერთი კვირაა, ყველაფერი მიხარია. არა იმიტომ, რომ ახალი წელიწადი დაიწყო და ძველი პრობლემები წასულ წელს `გავატანე~, არამედ იმიტომ, რომ ექვსი დღის წინ ფეისბუკზე წერილი მივიღე. მერიმ მომწერა საბერძნეთიდან და სურათებიც გამომიგზავნა. არ გავთხოვილვარ, მაგრამ მეგობარი მამაკაცი მყავს და უკვე სამი წელია, ერთად ვცხოვრობთ, შვილიც გვყავსო. მალე დავქორწინდებით და ჯვრისწერაზე აუცილებლად დაგპატიჟებო. საყვარელი ბუთხუზა ბიჭუნა ჰყავს, ექვსი თვის. მერცხალივით ბავშვია. წერილს ვიდეოც მოაყოლა, როგორ ჭყლოპინებს პატარა თეოდორი ფაფით სავსე ბოთლის დანახვაზე.
მიხარია, მიხარია… მიხარია რომელია, სიხარულით აღარ ვარ კაცი. მადლობა გამჩენს, რომ მერიმ მაინც აიწყო თავისი ცხოვრება. შეძლებული კაციაო, ტაქსების ფირმა აქვს და სალონიკში ჩამოსულ ტურისტებს მხოლოდ მისი ფირმა ემსახურებაო.
გარდა ამისა, კიდევ ისეთი რამ მომწერა, რისი სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია, უნდა წაგიკითხოთ: `მაპატიე, მამა. ვიცი, რომ თქვენი იმედები ვერ გავამართლე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. მე სულ სხვა ადამიანი გავხდი. ჩვენმა ბოლო შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ცხოვრების ძველებურად გაგრძელება არ შემეძლო. სირცხვილი გაჭამე იმდენი ადამიანის თანდასწრებით. მაპატიე, თუ შეგიძლია. დედამაც მაპატიოს, რომ ჩემგან იდეალური გოგონა ვერ ჩამოყალიბდა. ვეცდები, კარგი მომავალი მქონდეს. საქართველოში ჩამოსვლას არ ვაპირებ. მეყო, რაც იქ ტკივილი გადავიტანე და თქვენც გადაგატანინეთ. როცა ოჯახს შევქმნი, შენც და დედასაც აუცილებლად დაგპატიჟებთ ჩემთან და აგლაიოსსაც გაგაცნობთ, ჩემს მომავალ ქმარს.
ჰო, კიდევ რისი თქმა მინდოდა. წლების წინ, ზუსტად არ მახსოვს, რომელი წელი იყო, ერთ ოჯახში მატილდას შევხვდი. იქ მოსამსახურედ მუშაობდა მაშინ, ახლა არ ვიცი. მოძებნე, მამა, აუცილებლად მოძებნე. ცოდოა, მას ისეთი არაფერი დაუშავებია, ასე რომ გავწირეთ.~
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხასიათზე დავდგებოდი. მერიმ მისამართიც გამომიგზავნა, სად უნდა მივსულიყავი. რაც შეეხება ჩვენს ბოლო შეხვედრას, რომლის გახსენება დღესაც გულს მტკენს, სხვა საუბრის თემაა და ოდესმე მოგიყვებით.
დღეს დილით კი, ავდექი თუ არა, მაშინვე დავქოქე მანქანა და წავედი. კარგა შორს ყოფილა ქალაქიდან დასახლება, კითხვა-კითხვით მივაგენი. იმედი არ მქონდა, რომ მატილდა იქ დამხვდებოდა, მაგრამ რა გამაჩერებდა, მაინც უნდა მეცადა.
კარი ვიღაც ხანში შესულმა ქალმა გამიღო.
_ ვინ გნებავთ? _ თავაზიანად მკითხა.
_ უკაცრავად, ქალბატონო, ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ ჩემი შეკითხვა, მაგრამ ერთ გოგონას ვეძებ, რომელიც ადრე აქ მოსამსახურედ მუშაობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრეს.
_ ვერაფერს გეტყვით, ბატონო ჩემო. მე მხოლოდ სამი თვეა, ვმუშაობ. ახლავე დიასახლისს დავუძახებ და იმას ჰკითხეთ. მობრძანდით, _ მითხრა ქალმა და სახლში შემიძღვა.
კარგა მდიდრულად მოწყობილი სახლი იყო. ასეთებს უცილობლად ეყოლებოდათ მოსამსახურეები.
_ ქალბატონო მანანა, თქვენთან არიან! _ ასძახა ქალმა ვიღაცას მეორე სართულზე.
რამდენიმე წუთის შემდეგ კიბის მოაჯირთან მაღალი ლამაზი ქალი გამოჩნდა. ჩემს დანახვაზე გაოცება აღებეჭდა სახეზე და მაშინვე დაბლა ჩამოვიდა.
_ ჩემთან ხართ?
_ დიახ… არა… _ მოულოდნელად დავიბენი, _ იცით… აქ მომასწავლეს. რამდენიმე წლის წინ თურმე თქვენთან ერთი გოგონა მუშაობდა მოსამსახურედ, მატილდა ჰქვია… მას ვეძებ.
მატილდას ხსენებაზე ქალს თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე.
_ თქვენ ვინ ბრძანდებით?
_ მე მამა ვარ მისი.
_ და არ იცით თქვენი ქალიშვილი სად არის?
_ სამწუხაროდ, არ ვიცი. მთლად ნორჩი იყო, სახლიდან რომ გაიქცა… ეს გრძელი ისტორიაა, _ ხელი ავიქნიე, _ მერე ვეძებეთ და მის კვალს ვერსად მივაგენით. ახლა შემთხვევით გავიგე, რომ…
_ თქვენი ქალიშვილი დაპატიმრებულია. _ მომახალა უეცრად, თან უკმეხად.
გაგონილისგან თავზარდაცემულმა სიტყვა ვერ დავძარი.
_ რ… რატომ? _ ვკითხე და ვიგრძენი, როგორ დამასხა ცივმა ოფლმა.
_ ჩემი მეუღლის მკვლელობისთვის.
_ რისთვის? _ ხომ არ მომესმა-მეთქი.
ქალმა ამოიოხრა და მოსამსახურეს გასძახა:
_ ციცო, ორი ყავა მოგვიდუღე! _ მერე კვლავ მე მომიბრუნდა, _ წამობრძანდით, ყველაფერს მოგიყვებით.
ბარბაცით მივყევი უკან. ვერაფრით ვიჯერებდი, მატილდას ვინმეს მოკვლა რომ შეეძლო… მაგრამ იქნებ ის კაცი გაუპატიურებას უპირებდა? სიმართლეს ვინ მეტყოდა?
სასტუმრო ოთახში შემიძღვა და სავარძელზე მიმითითა. წარამარა შუბლზე ჩამოსულ ოფლს ვიწმენდდი, ხელები ამიცახცახდა. ვგრძნობდი, როგორ გამიხურდა შუბლი, აშკარად წნევამ ამიწია.
_ მაპატიეთ, ქალბატონო, მე ყავას არ ვსვამ… ჰიპერტონიკი ვარ, _ მილეული ხმით ძლივს ამოვთქვი.
_ მაშინ ჩაის მოვატანინებ.
_ არა, გმადლობთ, არ შეწუხდეთ. მხოლოდ ერთ ჭიქა წყალს დავლევ.
ციცომ წყლით სავსე ჭიქა მომიტანა და წინ დამიდგა. პიჯაკის ჯიბიდან წნევის წამალი ამოვიღე და გადავყლაპე, თან მთელი ჭიქა წყალი მივაყოლე.
ოჯახის დიასახლისი თვალს არ მაშორებდა.
_ როგორ მოხდა ეს? როდის? _ ვკითხე, როცა ცოტა გონს მოვეგე.
_ 2006 წელს. ივნისში. მე და ბავშვები დასასვენებლად ვიყავით წასული ფილიპინებზე, დავაოში… გაგიგიათ ალბათ… ჩასულიც არ ვიყავით, რომ დამირეკეს, თქვენი მეუღლე დაიღუპაო და უკანვე ჩამოვედით. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა მოხდა. მატილდა თავს იმართლებდა, მე არ მომიკლავსო. ვიღაც მეძავი ჰყავდა ღამით მოყვანილი, ის გააცილა და დაიძინაო. ღამით რა მოხდა, არავინ იცის. დილით ყელგამოღადრული იპოვეს. თანაც სამზარეულოს დანით.
_ და… _ ნერვიულობისგან ყელი გამიშრა.
_ რა თქმა უნდა, დანაზე არავის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, მატილდას გარდა. ამიტომაც მასზე მიიტანეს ეჭვი. მაშინ ისე ვიყავი გამწარებული, არაფრის გაგონება არ მინდოდა. მერე და მერე, რომ დავფიქრდი, ის გოგო შემეცოდა. სამი წელი ისე იმუშავა ჩემთან, საყვედური არ მითქვამს. ჩემი შვილები ნახევრად მისი გაზრდილია. ვიფიქრე, იქნებ ჩემი ქმრის ბრალი იყო, იქნებ ძალადობას ჰქონდა ადგილი და გოგომ თავი დაიცვა-მეთქი… ხომ გესმით… მაგრამ იუარა, მსგავსი არაფერი ყოფილაო. კი თქვა გამომძიებელმა, განა ისეთი ცივსისხლიანი როგორაა, რომ ასეთი შემზარავი მკვლელობის მერე არხეინად დაწვა და დაიძინაო, მაგრამ ყველა ფაქტი მის წინააღმდეგ მეტყველებდა. დილით დაურეკეს თურმე ჩემს ქმარს და უთქვამს, სძინავს და ვერ გავაღვიძებო. ასეთი რამ დაუჯერებელია. დიმა არავის ზარს არ ტოვებდა უპასუხოდ…
მოკლედ, მატილდამ არ აღიარა დანაშაული, მაგრამ მაინც გაასამართლეს, როგორც თანამზრახველი, რადგან აშკარად ჩანდა, რომ დანა კაცის დარტყმული იყო. ყელი მთლიანად ჰქონდა გამოჭრილი.
მანანა ისე მშვიდად ჰყვებოდა ამ ამბავს, გაოცებული დავრჩი. თითქოს ცოლი კი არა, გამომძიებელი იყო და მომხდარის დეტალებს იხსენებდა.
_ რამდენი წელი მიუსაჯეს?
_ ცხრა. მაგრამ ალბათ უკვე გამოვიდა.
_ რა იცით? _ ამ ინფორმაციამ ცოტა შვება მომგვარა.
_ ორი წლის წინ ერთი გოგო მოვიდა ჩემთან, მითხრა, მატილდას და ვარო. მთხოვა, ცნობა მიმეცა მისთვის, რომ წინააღმდეგი არ ვიყავი, თუ მატილდას საქმეს შეწყალების კომისია გაეცნობოდა და `უდოთი~ გამოუშვებდნენ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ეს `უდო~ რას ნიშნავს, მაგრამ შეწყალებას რომ ეხებოდა, მივხვდი და დავთანხმდი.
_ `უდო~ რუსულიდან შემორჩენილი ტერმინია, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ნიშნავს.
_ ჰო, ეგრეც მივხვდი. მას მერე ის გოგო არ მოსულა ჩემთან, ალბათ მოაგვარა საქმე. არ ვიცი, ვერ გეტყვით. თქვენ გყავთ სხვა ქალიშვილიც? ჰკითხეთ მას… თუ ისიც გაქცეულია სახლიდან?
გული დამიმძიმდა.
_ არა, ის საბერძნეთში ცხოვრობს. არა მგონია, ის ყოფილიყო. ალბათ სხვა ვიღაც დაეხმარა და დამაჯერებლობისთვის თავი მატილდას დად გაასაღა.
_ შესაძლებელია. მეტი არაფერი ვიცი.
_ ხომ არ იცით, რომელ ციხეში იხდიდა სასჯელს?
_ წარმოდგენა არ მაქვს, _ მხრები აიჩეჩა დიასახლისმა, _ ალბათ ქალთა კოლონიაში, არა?
ჰო, ასეც იქნება. ეს როგორ არ მომაფიქრდა?
სასწრაფოდ დავემშვიდობე მანანას და ქალთა კოლონიისკენ გავქანდი. ნეტავ ვინ დაეხმარა? ვინ იყო ის უცნობი, მატილდას შეწყალების კომისიის დახმარება რომ ურჩია? მის მეგობრებს არც ერთს არ ვიცნობდი. სახლში დაქალები არ მოჰყავდა, ერთის გარდა. რა ერქვა იმ გოგოს? მგონი ნატა, არა? უნდა გავიგო, სად ცხოვრობს. იქნებ იმან იცოდეს რამე.
ქალთა კოლონიაში ამბის გაგება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. თუ მამა ხარ, რატომ არ იცი, შენი შვილი სად არისო. იმდენი კაცი დამესია, შემეშინდა, მეც არ დამიჭირონ-მეთქი.
ისევ ჩემმა ფონდმა მიშველა. მე ხომ ახლა მთელ საქართველოში გავლენიანი ადამიანი ვარ. რამდენიმე ადგილას დავრეკე და საქმეც მოვაგვარე.
პირდაპირ კოლონიის უფროსთან შემიყვანეს. ქალბატონმა თავაზიანად მიმიღო და როცა ჩემი საწუხარი მოისმინა, მითხრა, თქვენი ქალიშვილი შარშან მართლაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკვე გარეთ არისო.
ო, როგორი შვება ვიგრძენი, მაგრამ ახლა ახალი სადარდებელი გამიჩნდა _ სად უნდა მეძებნა იგი?
დავბრუნდი თუ არა, ნატას მისამართის ძებნას შევუდექი. მითხრეს, გაზეთის რედაქციაში ჟურნალისტად მუშაობსო. მის კვალს ადვილად მივაგენი.
როგორც კი დამინახა, მაშინვე მიცნო.
_ როგორ ბრძანდებით, ბატონო შოთა? _ ხელი ღიმილით გამომიწოდა.
_ ნატა, მატილდაზე რა იცი? _ ისე მეჩქარებოდა ჩემი შვილის ამბის გაგება, რომ მისი სალამ-ქალამი არად ჩავაგდე.
უუცრად გაწითლდა. მაშინვე მივხვდი, რომ ის დაეხმარა.
_ ნატა, მე უნდა ვიცოდე, ჩემი შვილი სად არის. მას ალბათ დახმარება სჭირდება. მე ხომ იცი, არ მიჭირს, ფული მაქვს…. არ დამიმალო, გთხოვ.
_ მართლა არ ვიცი, ბატონო შოთა. მე გაზეთში პატიმრების განხრით ვმუშაობ. მათ პრობლემებს ვიკვლევ. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მატილდა სასჯელს იხდიდა და გადავწყვიტე, დავხმარებოდი. მე ვურჩიე, შეწყალებაზე გაეგზავნა საბუთები. მერე კომისიის თავმჯდომარე ვნახე. მან მითხრა, წერილობითი თანხმობა მჭირდება დაზარალებულის ოჯახისგან, რომ მერე პრეტენზია არ გამოთქვან, თორემ სამსახურს დავკარგავო. ესეც მოვაგვარე. მივედი იმ კაცის ცოლთან და დაველაპარაკე. შეგნებული ქალი აღმოჩნდა, უარი არ მითხრა.
_ ეგ ყველაფერი ვიცი, _ საჩქაროდ გავაწყვეტინე, _ მერე? მერე რა მოხდა?
_ მერე ის მოხდა, რომ შევთანხმდით, რომ გამოუშვებდნენ, მე გარეთ დავხვდებოდი. კი დამაგვიანდა ცოტათი, ინტერვიუზე ვიყავი და დროზე ვერ მივედი, მაგრამ იმდენიც არ დამგვიანებია, რომ არ დამლოდებოდა. მაგრამ არ დამხვდა ადგილზე. სად წავიდა, არ ვიცი. რამდენიმე ხნის შემდეგ დამირეკა და მადლობა გადამიხადა დახმარებისთვის, მაგრამ მთხოვა, არავისთვის არაფერი მეთქვა ამის თაობაზე და არც ის მითხრა, სად იყო ან რას აპირებდა. ეშინოდა, ეს ამბავი ოთოს არ გაეგო. არც მითქვამს. რა საჭირო იყო?
_ ოთო ეს… ის… _ ორივე ხელის საჩვენებელი თითი განზე გავიშვირე.
_ კი, ის ბიჭია, ვინც უყვარდა.
_ ჰმმმ… _ ღრმად ამოვიხვნეშე და წამოვდექი.
_ მაშინ რომ არ დაგეშორებინათ ისინი, იქნებ დღეს სხვანაირი სურათი გვქონოდა… _ ნატამ თვალი თვალში გამიყარა.
_ მართალი ხარ, შვილო… მაშინ ჩვენ შეცდომა დავუშვით, დიდი შეცდომა…
მხრებაწურული წამოვედი. მართალია, არ ვიცი, მატილდა დღეს სად არის, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ ცოცხალია. უკვალოდ ხომ არ დაიკარგება, დღეს იქნება თუ ხვალ, სადღაც მაინც გამოჩნდება. როგორც კი მის ასავალ-დასავალს გავიგებ, მაშინვე მასთან გავჩნდები და გვერდით დავუდგები. ახლა მაინც არავინ მყავს ხელის შემშლელი…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Lika
გაგრᲫელება როდის დაიდება?
20:26 / 21-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93