ნოველები

ქალები ბნელში - თავი 7

ქალები ბნელში - თავი 7
ნოველის დასაწყისი
ჯამაიკა, 53 წლის, პარიკმახერი, 2013 წლის მარტი:

რა უცნაურია, არა? გუშინ ლადო შემხვდა გზაში. მთლად მოტეხილა ის უბედური. პატარა კი აღარაა. მე, აგერ, 54-ის გავხდები მალე. ის კი მთელი 14 წლით ჩემზე უფროსია. თმა გასცვენია, რაც აქვს დარჩენილი, სულ გასჭაღარავებია. კბილები კი აქვს ჩასმული, მაგრამ ასაკი მაინც ეტყობა. არ ელოდა ჩემ დანახვას და შეცბა. კარგა ხანს მიყურა, მერე გამიღიმა და ხელი გამომიწოდა. მომიკითხა, როგორ ხარო.
- ცუდად! - ცივად მივუგე, მაგრამ ხელი მაინც
ჩამოვართვი.
- მეც… ასე რომ, ბარი-ბარში ვართ, - ისევ გამიღიმა.
- შენ რატომ უნდა იყო ცუდად, შენ ხომ არასდროს არაფერი გაკლდა, - ისეთი ირონიით ვუთხარი, გაეცინა და თავი გააქნია.
- წამო, აგერ შევიდეთ, ყავა დავლიოთ, - კაფესკენ გაიშვირა ხელი.
უარი არ მითქვამს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა. თანაც, არ მძულს. თანაც, ოდესღაც მიყვარდა ეს კაცი, მიუხედავად იმისა, რომ უსინდისოდ მომექცა.
- რას შვრები, მუშაობ? - მკითხა, როცა დავსხედით და ყავა მოგვიტანეს.
- კი, ვმუშაობ.
- ვატყობ, ძველებურად აღარ უვლი თავს… - თვალები მოჭუტა და ისე გამომხედა.
- არ ვიმსახურებ და იმიტომ. ცხოვრებაში იმდენი შეცდომა დავუშვი, არ მაქვს უფლება, კარგად გამოვიყურებოდე.
- სისულელეს ნუ ამბობ. - თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი დამადო. მეც არ გავწიე ხელი.
- ეს სისულელე კი არა, სიმართლეა. შენ გამო ყველაფერი დავკარგე, რაც გამაჩნდა.
- ჩემ გამო? - ისე სწრაფად გასწია ხელი, თითქოს ვიღაცამ წაასწროო, - მე რა შუაში ვარ?
- შუაშიც შენ ხარ და თავშიც. თავის დროზე შენ რომ არ შეგეცდინე, ვიქნებოდი ახლა ჩემს ქმარ-შვილთან. - ავპილპილდი.
- შარო, საიდან მოდიხარო… განა შენ არ გინდოდა ჩემთან ყოფნა? მე რამე დაგაძალე? შენ შენი პრეტენზიებით საქმე გააფუჭე, ჩემი ბრალია? არა, ჩემო კარგო, ყველაფერი შენი უტვინობის ბრალია! - ჩემკენ გადმოიხარა და ხმამაღალი ჩურჩულით ლამის დამიმარცვლა სათქმელი.
- ჰო, რა თქმა უნდა, გადაბრალება ყოველთვის კარგად გეხერხებოდა.
- რა შუაშია გადაბრალება? - ისევ გასწორდა სკამზე, - შენ უკვე მობეზრებული გყავდი. გახსოვს, რომ მითხარი, ბებერი ხარო? თანაც მატყუარა მიწოდე. ეს ვერ გაპატიე. მორჩა და გათავდა. შენ შენი მიზეზი გქონდა ჩემთან დაშორების, მე - ჩემი.
- უაზრო კაცი ხარ, უაზრო და უმადური! - ახლა მე გადავედი ხმამაღალ ჩურჩულზე, - როგორ შვილს გიზრდი, როგორ ვაჟკაცს, შენ კი…
ამის გაგონებაზე სახეზე ფერი ეცვალა. ერთხანს დაჟინებით მიყურა, მერე კი ხმადაბლა მკითხა:
- როგორაა?
- არაჩვეულებრივად. სპორტსმენია, კარგი მონაცემები აქვს, უკვე საქართველოს ჩემპიონია. მალე ევროპის გახდება.
- რა სახეობაში? - დაინტერესდა.
- რაში გაინტერესებს? შენ ხომ მას შვილად არ აღიარებ. - გესლიანად ვუთხარი.
დადუმდა. ერთხანს თითები ათამაშა მაგიდაზე, მერე შუბლშეკრულმა გამომხედა:
- რამდენი წლისაა?
- აბა, თუ გამოიცნობ! - ნიშნის მოგებით წარმოვთქვი.
კვლავ გაჩუმდა და თვალები სივრცეს გაუსწორა.
- თუ არ ვცდები, სადღაც თექვსმეტის უნდა იყოს, არა?
- კი, თექვსმეტისაა. ძიუდოისტია. უკვე ახალგაზრული ნაკრების წევრია და დიდი მომავალი აქვს.
- ცუდი არ არის.
- ცუდი რატომ უნდა იყოს? მაინცდამაინც შენსავით ექიმი უნდა გამოსულიყო?
- სპორტს დიდი ფული სჭირდება… შენ გაქვს მაგდენი შესაძლებლობა?
- მამამისს აქვს, - "მამამისი" ხაზგასმით წარმოვთქვი, - ის არაფერს აკლებს, შენგან განსხვავებით.
- ახლა მეც მიჭირს, ჯამაიკა, ძველებურად აღარ მაქვს. ჩვენი ფონდი რაც დაიხურა, მხოლოდ ხელფასით ვარსებობდი. ახლა საერთოდ აღარ ვმუშაობ. პენსიაზე ვარ.
- თავს ნუ მაცოდებ. მერე რა, რომ პენსიაზე ხარ. სამაგიეროდ, პროფესია გაქვს ისეთი, რომ… შენ კერძო კლიენტები არასდროს გაკლდა.
- ეჰ, სადღაა, - ხელი ჩაიქნია, - ახლა ახალგაზრდა სპეციალისტებისკენ მიუწევთ გული. ჩემთან ვიღა დადის. ასე ჰგონიათ, თუ ვიღაც უცხოეთში განათლებამიღებულია, ყველაზე მაგარი ექიმია. ლადო აღარ სჭირდებათ.
- აბა, დაგრხევია და ისაა, - გამეცინა.
- იცინე, იცინე… ასეა და რას ვიზამ.
- არ მითხრა, რომ იქით ხარ საპატრონო. ჩემი იმედი ნუ გექნება, მე თვითონ უპატრონო ვარ, რომ იცოდე, - თითი დავუქნიე.
- მე მხოლოდ საკუთარი თავის იმედი მაქვს. სხვისი იმედი არც არასდროს მქონია. -ამოიხვნეშა.
- გიწია ცოდვებმა, როგორც ჩანს. ჰა, ახლა რაღას იტყვი, არ ნანობ, სულ მარტო რომ დარჩი? რომ მოკვდები, ვინ უნდა დაგმარხოს? - არ დავინდე.
- ვიფიქრებ მაგაზე… მაგრამ ჯერ არა… ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, - თქვა და ჯიბიდან საფულე ამოიღო, მერე კი მიმტანს ხელით ანიშნა, მოსულიყო.
გარეთ რომ გამოვედით, უკვე ბნელოდა.
- ხედავ? მანქანაც კი არ მყავს. ამიტომ სახლამდე ვერ მიგიყვან, მაგრამ ტაქსის გაგიჩერებ და…
- ფულს გადამიხდი, არა? - დამცინავად მივაჩერდი.
- რა თქმა უნდა, - ირონიულად მომიგო, - მე ხომ ყოველთვის ჯენტლმენი ვიყავი…
- იმ განსხვავებით, რომ ახლა უფულო ჯენტლმენი ხარ, - ისევ დავცინე.
- არც მთლად მასეა საქმე, ჩემო ჯამაიკა… - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა და მომავალ ტაქსის ხელი აუწია.
როცა ჩავჯექი, მძღოლს მისამართი უკარნახა, ფულიც გადაიხადა და თავი ფანჯარაში შემოყო:
- გნახავ მერე. აბა, შენ იცი. - ხელი ამიწია და გამიღიმა.
როგორი უმწეო იყო ეს ღიმილი…

მატილდა, 33 წლის, ყავის დამტარებელი. 2013 წლის სექტემბერი:

როგორი თბილი სექტემბერია. მზემ თითქოს მიიძინა. თან ცხელა, თან არა. აი, ისე, ნაზად. მიყვარს შემოდგომა, ჩემთვის იგი განსაკუთრებული სეზონია. როგორც დედაჩემი იტყოდა, გეგონებათ, ზაფხული დაბერდაო.
დედაჩემი! სულ მებრაზება, როცა მახსენდება. მთელი სიცოცხლე ბნელში ცხოვრობდა და ჩვენც ასე გვაცხოვრა. რომ არა ის, ვინ იცის, როგორი მომავალი მექნებოდა. იქნებ მყოლოდა მოსიყვარულე ქმარი, შვილები და, საერთოდ, ტკბილი ოჯახი. რა უნდოდა, რას მერჩოდა? სამუდამოდ გამაუბედურა.
ყველაზე საშინელება მაინც ციხეში გატარებული წლები იყო. ღმერთო, რა გადავიტანე! მეგონა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვაღწევდი. კიდევ კარგი, ნატა დამეხმარა, თორემ ახლაც იქ ვიქნებოდი ალბათ.
არასდროს დამავიწყდება ის კოშმარი. არაფრის გამო დამაპატიმრეს. ამკიდეს დანაშაული, რომელიც არ ჩამიდენია. ვერ დავამტკიცე ჩემი სიმართლე. თან მერის ხსენებისაც შემეშინდა. ვაითუ, მას დააბრალონ მკვლელობა და დაიჭირონ-მეთქი. იმ ღამეს ხომ მერი იყო დიმასთან. მაგრამ როცა ჩემი და წავიდა, დიმიტრი ცოცხალი იყო. მერე რა მოხდა, ღმერთმა უწყის. იქნებ მერი სპეციალურად მოაგზავნა ვინმემ, რომ მკვლელისთვის ეთქვა, როგორ შემოეღწია სახლში და ჩემი პატრონი ადვილად როგორ ეპოვა? ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ. ცუდი ისაა, რომ ყველაფერი ცუდად წაეწყო ერთმანეთს. რაღა მაინცდამაინც ჩვენი სამზარეულოს დანით მოკლა?
აღარ მინდა იმ დღეების გახსენება. სულ ვცდილობ, კარგ რამეებზე ვიფიქრო, მაგრამ დიდად არ გამომდის. აწმყოში ჩემი წარსული გამუდმებით წვეთავს. წარსული, რომელიც აღარ ერწყმის მომავალს.
ციხიდან რომ გამოვედი, სრულიად უმწეოდ ვიგრძენი თავი. ნატა უნდა დამხვედროდა, მაგრამ არ დამხვდა. ვიფიქრე, ალბათ თავიდან აირიდა ჩემთან შეხვედრა-მეთქი. აბა, როგორია, იზრუნო ადამიანზე, რომელიც მკვლელობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მისი საპატრონო უნდა გავმხდარიყავი. ეს რომ წარმოვიდგინე, სასწრაფოდ ავტობუსში ჩავჯექი და უმისამართოდ გავუდექი გზას. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინა, თავი სად შემეფარებინა. წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა.
ავტობუსის ბოლო გაჩერება ავტოვაგზალი აღმოჩნდა. ჩამოვედი და სანამ რამეს მოვიფიქრებდი, იქვე ბორდიურზე ჩამოვჯექი. უცებ ვიღაცის ხმა გავიგონე:
- ცუდად ხომ არ ხარ, შვილო?
ავიხედე და ხანშიშესული ქალი დავინახე, რომელსაც პლასტმასის სინზე ყავის ფინჯნები ამოტრიალებულად დაელაგებინა, ხელში კი თერმოსი ეჭირა.
თავი გავაქნიე.
- ყავა ხომ არ გინდა? - მკითხა და პასუხს არც დალოდებია, ისე ამოატრიალა ერთი ფინჯანი და თერმოსიდან ცხელი ყავა ჩამოასხა.
ამაზე უარი ვერ ვუთხარი, გამოვართვი და მოვსვი.
- რამდენი უნდა გადავიხადო? - საცოდავად ავხედე თავზე წამომდგარ ქალს.
- შენთვის უფასოა, - ღიმილით მომიგო და თავზე ხელი გადამისვა.
მისმა საქციელმა გული ამიჩუყა, თვალები ცრემლით ამევსო და ჩემდა უნებურად აღმომხდა:
- დამეხმარეთ, დეიდა.
ქალი მაშინვე გაფაციცდა, გვერდით ჩამომიჯდა და ჩურჩულზე გადავიდა:
- რა გიჭირს, გენაცვალე?
- სამუშაო მჭირდება, - მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
- სახლიდან გამოიქეცი? - დასკვნა გამოიტანა.
ისევ გავაქნიე თავი.
- პატიმრობიდან ახლახან გამათავისუფლეს.
- უი, ჩემი სიკვდილი! - ლოყაზე იტკიცა ხელი, - რისთვის იჯექი?
ისე საწყალობლად მივაჩერდი, შევეცოდე, მხარზე ხელი გადამხვია და მიმიკრა.
- არავინ არ გყავს?
- არა…
- წამოდი ჩემთან, აქვე ვცხოვრობ.
- თქვენი შეწუხება არ მინდა. - უარზე დავდექი.
- წამოდი, წამოდი, რამეს მოვიფიქრებთ…
გავყევი. ღმერთი გაახარებს ნუცა დეიდას. მარტოსული აღმოჩნდა. ციცქნა ბინა ჰქონდა, ერთოთახიანი, გაურემონტებელი. რახან ავტოვაგზალთან ახლოს ცხოვრობდა, ყავას ყიდდა და ამით ირჩენდა თავს.
- ცხობა მეზარება, თორემ კარგი ხაჭაპურები და ლობიანები გამომდის, მაგრამ ამას დრო უნდა. ყავის მოხარშვას კიდევ რა დაუდგება წინ? წამში მზადაა, ამიტომ ასე უფრო იოლად გავდივარ. - მითხრა, როცა ჩემი თავგადასავალი მოვუყევი, - თუ გინდა, დარჩი ჩემთან. ერთად ვიმუშაოთ. რასაც გაყიდი, სულ შენი იყოს. თავიდან მე დაგეხმარები, მერე თვითონ იყიდე ყავა და შენთვის მოიხმარე, რასაც იშოვი. აი, გაზის ფულს თუ გადაიხდი, სხვას არაფერს მოგთხოვ.
ისე გამიხარდა, გადავეხვიე და ლოყები დავუკოცნე.
ასე შევუსახლდი ნუცა დეიდას. ღმერთმა არ გამწირა, მისი სახით მფარველი გამომიგზავნა. ახლა ჩემი სახით ხმის გამცემიც ჰყავს, დამხმარეც და პატრონიც. მუხლები სტკივა, ამიტომ საღამოობით კარგად დავუზელ ხოლმე სპეციალური მალამოთი. კალცი მაკლიაო, გაიძახის. ამიტომ კვერცხის ნაჭუჭს ფქვავს, წყალს დაასხამს და სვამს, ამით კალცი მომემატებაო.
დილით ორივენი ადრე გავდივართ ყავამომარაგებულნი და ვყიდით ჩვენს "დოვლათს". დილით ყავას ყველა სვამს - მძღოლები, მგზავრები, ჯიხურების გამყიდველები…
დღეში თითოს ოც ლარამდე მოგება გვრჩება, შაბათ-კვირას - მეტიც. ასე ნელ-ნელა ცოტა თანხაც დამიგროვდა. ნუცასთვის არაფერს არ ვიშურებ. წამლებსაც ვყიდულობ მისთვის, ტანსაცმელსაც და ფეხსაცმელსაც. ამაზე ძალიან წუხს ხოლმე, შენს თავს მიხედეო. ამასაც ვახერხებ. გარდა ამისა, ყველაფერში ვეხმარები - სახლს ვალაგებ, სადილებს ვამზადებ, ჭურჭელს ვრეცხავ.
ერთი სიტყვით, ნუცამ დედობა გამიწია. უსინდისოდ რომ არ გამომსვლოდა, ნატასთან დავრეკე, მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის და ვთხოვე, არავისთვის არ ეთქვა ჩემ შესახებ. მეხვეწა, მითხარი, სად ხარ, რით დაგეხმაროო, მაგრამ არაფრით არ ვუთხარი. ახლა რაღა მიჭირდა, თავზე ჭერიც მქონდა, სამუშაოც და საჭმელ-სასმელიც.
აი, ასე გრძელდებოდა გუშინდლამდე. გუშინ კი… გუშინ ისეთი რამ მოხდა, არ ვიცი, გავაგრძელებ თუ არა ყავის გაყიდვას.
დილით, ჩვეულებისამებრ, სამარშრუტო ტაქსები ჩამოვიარე, რომლებიც გასასვლელად თავიანთ დროს ელოდებოდნენ და მგზავრებს ცხელი ყავა შევთავაზე. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ მთხოვა, გამატარეო. განზე გავდექი და მგზავრს შევხედე. შევხედე და ელდა მეცა -ჩემ წინ ოთო იდგა - ჩემი ოთო, ოღონდ არა ისეთი ბავშვური, როგორიც მახსოვდა, არამედ დაკაცებული, ჩამოყალიბებული პიროვნება. ისე ლამაზად ეცვა… მწიფე ხურმისფერი პულოვერი და ნაცრისფერი პიჯაკი. სასწრაფოდ მოვარიდე თვალი და ტაქსის გავერიდე. ისე ჩქარა მივდიოდი, ჩემს ფინჯნებს სულ რაკარუკი გაუდიოდა.
- მატილდა! მატილდა! - მესმოდა მისი ძახილი, მაგრამ უკან როგორ მივიხედავდი.
სულ სირბილით მივედი სახლამდე. გული ამოვარდნაზე მქონდა. ვერა და ვერ დავიწყნარე ათხრილი ნერვები. თვალწინ სულ ოთოს გაოცებული სახე მედგა. სულ ვოცნებობდი, ნეტავ სადმე შემახვედრა-მეთქი და როგორც კი შევხვდი, მაშინვე შევშინდი. შევშინდი და გავექეცი.
დღემდე მიყვარს. მთელი ჩემი თინეიჯერული ცხოვრება ხომ მისით იყო სავსე. მსურდა, ერთად ვყოფილიყავით, ოჯახი შეგვექმნა. პატარა, ბუნჩულა შვილი გვყოლოდა, დორბლიანი, რძის სუნით და ფორთხიალა…
არა, რა… ყველა ადამიანს ცხოვრებაში ტვირთად მოჰყვება წარსული და რაც მეტი შეცდომა გაქვს იქ დაშვებული, მით უფრო მძიმეა ეს ტვირთი. როგორ მჭიდროდაც უნდა მიხურო ამ წარსულის კარი, მაინც ვერ დაივიწყებ, რადგან აწმყოში ხომ სწორედ ამ კარიდან შემოხვედი ოდესღაც.
მთელი დღე და ღამე სულ ოთოს ხმა ჩამესმოდა ყურში, სიზმარშიც კი. მესიზმრა, თითქოს ხელიხელჩაკიდებულები გავრბოდით. გავრბოდით გახარებულები, ჟივილ-ხივილით და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ წუთების ბედნიერებას ვერასდროს ვერავინ მომპარავდა. როცა გამომეღვიძა, ერთიანად ოფლში ვცურავდი. ჩემმა ფიქრებმა მეტასტაზები გაიდგა მისი ხმის ინსპირირებით. ასე არასდროს არავინ მყვარებია.
ამ დილით ავდექი და გადავწყვიტე, ჩემს გარეგნობაში რაღაც შემეცვალა. სარკის წინ დავჯექი, ლურჯი სარჟის წინსაფარი კისერზე შემოვიხვიე და მაკრატელი ავაკრიჭინე. კრიჭ-კრიჭ და ჩემი თმის ბულულები იატაკს დაეფინა… ამით ჩემს წარსულსა და პირველ სიყვარულს სამუდამოდ გამოვემშვიდობე.
ნუცა გაოცებული მომაჩერდა, ყავის პირველი ჩამოტარება რომ მოამთავრა და შინ დაბრუნდა.
- ეს რა გიქნია, მატილდა? - როგორც სჩვეოდა, ლოყაზე იტკიცა ხელი.
- მომბეზრდა გრძელი თმა, მოვლა უნდა და მეზარება. ასე მირჩევნია, - სარკიდან შევხედე ნუცა დეიდას.
"სხვა რაღაცაშია საქმე" მზერით შემათვალიერა. ეგრევე მიხვდა, რაღაც რომ მჭირდა, თანაც დილას სამუშაოდ არ გავსულვარ.
- მომიყევი, რა მოხდა, - ოდნავ შეშფოთებული ტონით მომმართა და ზურგს უკან დამიდგა.
- გუშინ ჩემს შეყვარებულს შევეფეთე პირისპირ.
ისევ ლოყაზე იტკიცა ხელი და იდუმალი ხმით მკითხა:
- სად?
- "მარშრუტკაში" ადიოდა.
- დაგინახა?
თავი დავუქნიე. ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა.
- შენ მოგიკვდეს ჩემი თავი, - ხელები შემომხვია და ზურგიდან ჩამეხუტა, - რაო, მერე?
- არაფერი, ეგრევე გამოვიქეცი. მეძახდა, მაგრამ არ გავუჩერდი.
- რატომ, შვილო, რატომ, მერე, ა? ვერ დაელაპარაკე? იქნება და…
- არა, დეიდა ნუცა, არავითარი "იქნება და" არ მოხდება. ის ურთიერთობა წარსულს ჩაჰბარდა, მორჩა. ვის ვუნდივარ ახლა მე, ნაციხარი და გაუბედურებული? სად ის და სად მე? იცი, როგორ ეცვა? ბოლო მოდაზე.
- რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ეცვა, შვილო? იქნებ იმასაც უყვარხარ, რახან ასე გამოგეკიდა. გაჩერებულიყავი, დალაპარაკებოდი, მოგესმინა.
- არ გამომკიდებია, უბრალოდ, დამიძახა.
- ოხხხ, რა ხართ ეს ახლანდელი ახალგაზრდები. თქვენი არ იცით, სხვისი არ გესმით! ძალით იუბედურებ თავს და არ მესმის, რატომ. საერთოდ იცი მასზე რამე? იქნებ არც ჰყავს ცოლი, იქნებ შენ გამოჩენას ელოდება? ეს მაინც გაგეგო.
- ნუცა დეიდა, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე, კარგი? აზრი არა აქვს.
- კარგი, შვილო, როგორც გინდა… - ნუცამ მწარედ ამოიოხრა და გამშორდა.
მე კი ერთი კვირა ცხვირი არ გამიყვია გარეთ იმის შიშით, ვაითუ ოთომ ჩემი მოძებნა გადაწყვიტოს-მეთქი…

ოთო, 33 წლის, ვეტერინარი, 2013 წლის სექტემბერი:

ავირიე. საერთოდ არ ველოდებოდი, მატილდას თუ ვნახავდი. როგორ შეცვლილა. მხოლოდ თვალებით ვიცანი. როგორც ჩანს, საზიზღარი ცხოვრება აქვს. ყავის გამყიდველად მუშაობს. ვინ იცის, ვის ჰყავს დაქირავებული. მაწანწალასავით ქუჩა-ქუჩა დადის. ნუთუ სხვა სამუშაო ვერაფერი იპოვა? რატომ გამექცა? მე ხომ შემეძლო მისი დახმარება. ბოლოს და ბოლოს, ჩემთან დავაწყებინებდი მუშაობას ან ჩვენი ფილიალის რომელიმე მაღაზიაში მოვაწყობდი გამყიდველად.
როგორ შემეცოდა. დამინახა თუ არა, ისე შეშინდა, რომ გაიქცა. გაუტყდა ალბათ, ცუდ ფორმაში რომ ვნახე. სულელი. ის კი არ იცის, რომ მის გარდა სხვა გოგოზე არასდროს მიფიქრია. ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე ოდესმე. ნეტავ იცოდეს, როგორ მენატრება. მაშინ რომ არ ეკრა ჩემთვის ხელი, გვერდიდან არ მოვშორდებოდი. მთელი ცხოვრებაა, სინდისი მქენჯნის, მის გაუბედურებას ჩემს თავს ვაბრალებ.
სახლში დავბრუნდი თუ არა, დედაჩემს მოვუყევი, რაც გადამხდა. შეწუხდა დედაჩემი. მითხრა, იქნებ კიდევ გახვიდე ავტოვაგზალზე, თუ ყავას ყიდის, ესე იგი, სულ იქ ტრიალებს და შეიძლება კიდევ ნახო, შეეცადე, გამოელაპარაკოო.
დედას რჩევა ჭკუაში დამიჯდა. მას მერე მთელი კვირაა, ყოველ დილით გავდივარ ვაგზალზე, მაგრამ მატილდას თვალი ერთხელაც ვერ მოვკარი. თითქოს აორთქლდა. ალბათ მიხვდა, ძებნას რომ დავუწყებდი და დამემალა. მაგრამ სამუშაოზე უარს ხომ ვერ იტყვის? ბოლოს ხომ მაინც უნდა გავიდეს და იმუშაოს? საინტერესოა, სად ცხოვრობს. ალბათ, ქირით. როგორ ახერხებს თავის გატანას? თავს საშინლად ვგრძნობ. გული მტკივა, რომ მისი დახმარება შემიძლია და ვერ ვეხმარები. შეიძლება უკვე აღარ ვუყვარვარ, მაგრამ ამის გამო უნდა გამირბოდეს? მაინც არ დავნებდები. მაინც მოვძებნი, რადაც უნდა დამიჯდეს. დღეს და ხვალ თუ არა, ერთი თვის მერე მაინც ხომ ვიპოვი? არ მოვეშვები და სადამდე დამემალება? მინდა იცოდეს, როგორ მაკლია. მინდა იცოდეს, როგორ მჭირდება…

ჯამაიკა, 53 წლის, პარიკმახერი, 2013 წლის დეკემბერი:

კიდევ ერთი ახალი წელი მოდის. კიდევ ერთი ძველი წელი მიდის. დეკემბრის ბოლო კვირაა და სალონში კლიენტების ცვენაა. საქმეს ვერ ავუდივართ. ჩამოვწყდი მთელი დღე ფეხზე დგომით. რაც მანიკიურს აღარ ვაკეთებ, ძალიან ვიღლები. როცა ფრჩხილებთან გაქვს საქმე, ზიხარ მაინც, ეს თმის დავარცხნა და შეჭრა კი სულ ფეხზე დგომას მოითხოვს. როგორც იქნა, მოვიცალე და გარეთ გავედი სიგარეტის მოსაწევად.
ამ დროს დაახლოებით ჩემი ასაკის ქალი გამოვიდა სალონიდან და შეწუხებული სახით მომმართა:
- თქვენც ბევრი გელოდებათ? თმის შეჭრა და შეღებვა მინდა. ყველა დაკავებულია, არადა, დღეს უნდა მოვასწრო, ხვალ ამისთვის არ მეცლება. სულ არ მიფიქრია, ამ საახალწლო დღეებში ბევრი ხალხი რომ იქნებოდა, თორემ დავრეკავდი და წინასწარ ჩავეწერებოდი.
- შიგნით მომიცადეთ, ქალბატონო, მოვწევ და შემოვალ.
- ოი, გაიხარეთ, დიდი მადლობა. არ იცით, რას გადამარჩინეთ, - გაუხარდა ქალს და სალონში შებრუნდა…
ჯერ შევჭერი თმა, მერე შეღებვას შევუდექი.
- სულ არ მიხარია ეს ახალი წელი. მე თუ მკითხავთ, ტყუილი ფულის ხარჯვაა ამდენი პროდუქტის ყიდვა და მაგიდის გავსება. ნახევარი არ იჭმება, რასაც ვამზადებ ხოლმე.
- მართალი ხართ, ქალბატონო, სრულიად გეთანხმებით, - გავიღიმე.
- ადრე, სანამ ქმარი ცოცხალი მყავდა, კიდევ იყო რაღაც ინტერესი, ახლა კი…
- შვილები არ გყავთ?
- როგორ არ მყავს. ბიჭი მყავს ისეთი, რომ… შემოევლოს დედა, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ ცუდ ხასიათზეა და იმას რომ არ უხარია, მეც არ მიხარია.
- პრობლემები აქვს?
- რა ვიცი, გენაცვალე, რას გაიგებ, ვის რა მიაჩნია პრობლემად. სკოლის პერიოდში შეყვარებული ჰყავდა და იმას რომ დაშორდა, მას მერე მის სახეზე ღიმილი არ მინახავს წესიერად.
- რატომ დაშორდნენ? - მექანიკურად ვეკითხებოდი, თორემ სხვისი პრობლემები სულ არ მაღელვებდა, მაგრამ ასე დრო უფრო სწრაფად გადიოდა.
- იმ გოგოს დედამ დააშორა, თორემ მე საერთოდ არ ვიყავი წინააღმდეგი. ახლანდელი ახალგაზრდები სხვანაირად აღიქვამენ ცხოვრებას, უფრო თამამები არიან. ჩემ დროს თუ ქალიშვილი არ იყავი, ვინ მოგიყვანდა ცოლად? ჰოდა, იცუღლუტეს ბავშვებმა, დაორსულდა ეს გოგო. არ ვიცოდი, თორემ განა ვინმეს რამეს ვკითხავდი? მოვკიდებდი ხელს და ეგრევე წამოვიყვანდი სახლში, მაგრამ ვინ მითხრა? ჰოდა, რომ გაიგო დედამისმა თურმე, მაშინვე გააქანა და მოაშორა ბავშვი.
გაგიჟდა ჩემი ბიჭი, ისე ინერვიულა. როგორც კი უთხრეს, მაშინვე საავადმყოფოში გავარდა სანახავად. იმ გოგომ კი ახლოსაც არ გაიკარა. რა დღეში ჩავარდა, იმას მოუკვდეს დედა. არასდროს არ დამავიწყდება ის დღეები.
ამის გაგონებაზე გული შემეკუმშა. ამ ქალს არ ვიცნობდი, მაგრამ გუმანით ვიგრძენი, ოთოსა და მატილდაზე რომ იყო საუბარი.
- რა ჰქვია თქვენს შვილს?
- ოთარი ჰქვია, ოთიკო, ოთო… რა ვიცი, ხან რას ეძახიან და ხან რას… მერე თითქოს დაივიწყა, აღარც ახსენებდა. ის გოგოც გაიქცა სახლიდან, დღემდე არ იციან მისმა მშობლებმა, სად არის. ამას წინათ კი ჩემს შვილს ვაგზალზე დაუნახავს, ყავა დაჰქონდა აქეთ-იქით და ყიდდაო. არც დაელაპარაკა ის გოგო თურმე, მაშინვე გაქცეულა.
ფუნჯი ხელში გამიშეშდა. ისე ცუდად გავხდი, მუხლები ამიკანკალდა.
- რომელ ვაგზალზე?
- ავტოვაგზალზე. ალბათ, იქვე ცხოვრობს სადღაც, რახან ცხელი ყავა დააქვს. ვეუბნები, დედა, ხშირად გაიარე იქითკენ, იქნებ კიდევ ნახო და როგორმე დაელაპარაკო-მეთქი. რა ვიცი, აბა. ახლაც უყვარს ჩემს შვილს. დღემდე უცოლოა, არადა, უკვე ოცდაცამეტი წლისაა. საერთოდ არ ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და ეს მანერვიულებს ყველაზე მეტად. სხვა მხრივ კი არის წარმატებული, კარგი ვეტერინარია, კარგი სამსახური აქვს, ნორმალური ხელფასი…
თითქოს შორიდან ჩამესმოდა ქალის ნათქვამი. ჩემს ყურებს გუგუნი გაჰქონდა, ისე ამიწია წნევამ. თურმე მატილდა ქუჩაში დადის და ყავას ყიდის. ეს იმას ნიშნავს, რომ უჭირს, ძალიან უჭირს. ამ საღამოსვე მივადგები შოთას და ვეტყვი, რაც გავიგე. იქნებ მოძებნოს. თუმცა არა, მე თვითონ მოვძებნი. იმედია, ხელს არ მკრავს. იმედია, მომისმენს. როგორმე უნდა დავაბრუნო სახლში.
- რამდენ ხანში უნდა ჩამოვიბანო?
- ორმოცი წუთი უნდა გაიჩეროთ, ქალბატონო, მერე ჩამოგბანთ.
დრო გაიწელა. ერთი სული მქონდა, სამუშაო დამემთავრებინა და შინ წავსულიყავი. ახლა მთელი ყურადღება მატილდაზე მქონდა გადატანილი. უსიკვდილოდ უნდა მომეძებნა და სახლში დამებრუნებინა. რაც მეტს ვფიქრობდი ამაზე, მით უფრო მიპყრობდა დანაშაულის გრძნობა, რომ ჩემი პირმშო უაზრო პრინციპულობით გავაუბედურე. რატომ მაშინვე არ ვიფიქრე იმაზე, რომ შევხვედროდი ოთოს მშობლებს და დავლაპარაკებოდი? ხომ ყოფილა გამოსავალი? ეს ქალი მეუბნება, რომ გამეგო, ჩემთან წამოვიყვანდიო. მეც ხომ უნდა მეფიქრა ამაზე? გამოდის, რომ შვილს კრიჭაში ჩავუდექი. ბედნიერება მოვუსპე და გაუბედურებისკენ ვუბიძგე ხელი.
იმ ქალისთვის არ მითქვამს, ვინ ვიყავი. სახელიც კი არ მიკითხავს. არც ჩემი მითქვამს. ახლა მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა - შვილი უსიკვდილოდ უნდა მომეძებნა და ამ მიზნის მისაღწევად წინ ვერავინ გადამეღობებოდა…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მაია
საინტერესოა რა ელოდება მატილდას.
23:30 / 22-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93