ნოველები

ქალები ბნელში - თავი 8

ქალები ბნელში - თავი 8
ნოველის დასაწყისი

შოთა, 55 წლის, მათემატიკოსი. 2013 წლის ოქტომბერი:

მართალია, სიცოცხლე გამიმწარა, მაგრამ სასიკვდილოდ მაინც არ მემეტება. ეს წუთია, საავადმყოფოდან დამირეკეს, ჯამაიკა საოპერაციოა და ფულია გადასახდელიო. თანაც ვინ დამირეკა? თვით ლადომ. ეგრევე გავვარდი, არც მიკითხავს, რა სჭირს-მეთქი.
რომ მივედი, გიოც იქ დამხვდა.
- რა ხდება, მამი?
- არ ვიცი, ოპერაცია სჭირდებაო, ექიმმა მითხრა. მამაშენთან უკვე დავრეკეთ და მოდისო, ამიტომ არ დაგირეკე.
- ცუდად იყო? რამე აწუხებდა?
- აბა, რა გითხრა. რაღაც ყოველთვის აწუხებდა, მაგრამ ისე,
რომ საოპერაციო გამხდარიყო, არა მგონია. ყოველ შემთხვევაში, არ უთქვამს. ეს ბოლო დღეებია, სულ მოწყენილია, რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ ნამტირალევი იყო. რა გჭირს-მეთქი, რომ ვეკითხებოდი, არაფერიო, მპასუხობდა.
- ვის უნდა დაველაპარაკო?
- აი, იქ, საორდინატოროში უნდა შეხვიდე. - ხელი ყავისფრად შეღებილი კარისკენ გაიშვირა გიომ.
კარი დაუკაკუნებლად შევაღე. პირველი, ვინც თვალში მომხვდა, ლადო იყო, რომელიც ზვინივით უზარმაზარ კაცს ელაპარაკებოდა.
- აი, მეუღლეც, - წამოიძახა მან ჩემ დანახვაზე ისე, თითქოს ჩემ წინაშე დამნაშავე არ ყოფილიყო.
კოპები კი შევიკარი, მაგრამ ახლა საქმის გარჩევის დრო არ იყო.
- გამარჯობათ! - დახშული ხმით მივესალმე ორივეს.
ლადომ ხელი გამომიწოდა. სხვა რა გზა მქონდა, ჩამოვართვი.
- რა დაემართა? - "ზვინს" მივუტრიალდი, ლადოსთვის ზედაც არ შემიხედავს.
- მაღალი სიცხით შემოვიდა. თავიდან ფილტვების ანთება გვეგონა, მაგრამ მუცლის ღრუში ისეთი ტკივილები ჰქონდა, ანთება გამოვრიცხეთ. მერე, ბატონი ლადოს თხოვნით, ტომოგრაფიაზე გავიყვანეთ და… - ექიმმა ხელები გაშალა, - ნაწლავი აქვს გახეთქილი, პერიტონიტი დაწყებულია.
- კი მაგრამ…
- როგორც ჩანს, ორი-სამი დღე მაინცაა, რაც აწუხებს და ალბათ, არ ამბობდა. მითხრა, გამაყუჩებლებს ვსვამდი და არ მშველოდაო.
- და ნაწლავი რატომ უნდა გახეთქვოდა?
- ბოლო დღეებში ფეხით მომიხდა სიარულიო. ამ ქარსა და წვიმაში, ამ სიცივეში გარეთ წანწალი… ალბათ, გაცივდა და ნაწლავი, სადაც სუსტი იყო, იქ გაწყდა. რა გითხრათ… -ხელები გაასავსავა ქირურგმა, - სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, ყოველი წუთი ძვირფასია.
- გარანტია? გადარჩება, როგორ ფიქრობთ?
- ვერაფერს გეტყვით. წინასწარ რამის პროგნოზირება ძნელია. გავჭრით და გამოჩნდება. მე ყველაფერს გავაკეთებ, დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, მის ორგანიზმზე.
- რამდენია საჭირო? - ინსტინქტურად ხელი ჯიბისკენ წავიღე, სადაც საფულე მედო.
ქირურგმა თანხა დამისახელა.
- ნაწილს სახელმწიფო დაზღვევა გადაიხდის, ნაწილი თქვენ უნდა გადაიხადოთ.
- ბარათით გადახდას შევძლებ? ხელზე ფული არ წამომიღია.
- რა თქმა უნდა, არაა პრობლემა. მიბრძანდით შემოსასვლელში, მოლარესთან. გვარი უთხარით და გადაიხადეთ.
გარეთ რომ გამოვედი, ლადო გამომყვა, იდაყვში ხელი ჩამავლო და გამაჩერა:
- შოთა, ვიცი, რომ შენთან ცუდად გამომივიდა, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა. ახლა მტრობის დრო არ არის. მე არ მაქვს საშუალება, თორემ…
- არ არის საჭირო შენი დახმარება. მე თვითონ მივხედავ ჩემი შვილების დედას! - ცივად ვუპასუხე, ხელი გავაშვებინე და სალაროს მივაშურე…
ოპერაცია სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც იქნა, ქირურგი ბლოკიდან გამოვიდა. მე და გიო შევეგებეთ.
- მუცლის ღრუ მთლიანად ფეკალიებით ჰქონდა სავსე. მაქსიმალურად გავუსუფთავე ნაწლავები. ჯერ არ გამიკერავს, ორი-სამი დღე დავაცადოთ. შეიძლება კვლავ დასჭირდეს გამორეცხვა. თუ არადა, მერე გავკერავ. ვნახოთ.
- თვითონ როგორ გრძნობს თავს? - შეეკითხა გიო.
ექიმს გაეცინა.
- მეგობარო, იცით, ეს რამხელა ოპერაცია იყო? სამი საათია ნაწლავებს ვრეცხავთ. დაზიანებული ნაწილი ამოვაჭერით, წესით, პროცესი კარგად უნდა წავიდეს. ჯერ ნარკოზშია, ხელოვნურ სუნთქვაზე გვყავს.
- ესე იგი, ნახვა არ შეიძლება?
- არავითარ შემთხვევაში! - კატეგორიული უარი გამოგვიცხადა ქირურგმა და საორდინატოროს მიაშურა…
ძალიან შემეცოდა. მიუხედავად ყველაფრისა, ერთ დროს ეს ქალი ქვეყანას მერჩივნა, თავზე ვევლებოდი და არ მემეტებოდა სასიკვდილოდ. ამასთან, არც გიოს დაობლება მინდოდა. ფულის პრობლემა არ მქონდა, ამიტომ არაფერს დავიშურებდი მის გადასარჩენად.
საინტერესოა, სად დადიოდა ამ წვიმაში? ერთი კვირაა, გადაუღებლად წვიმს, გუშინ და გუშინწინ კი გრიგალიც ამოვარდა და ლამის წაგვიღო.
კლინიკიდან გამოვედი და სალონში გავიარე, რომ ლიკა მენახა. შეიძლება რამე სცოდნოდა.
ჩემ დანახვაზე ქალს თვალები გაუფართოვდა. აშკარად არ ელოდა, აქ თუ დამინახავდა.
- ხომ მშვიდობაა? - მკითხა, როცა თავის კაბინეტში შემიძღვა.
- ჯამაიკას ნაწლავი გაუსკდა და ოპერაცია გაუკეთეს.
- რას მელაპარაკები! როდის?
- ამწუთას იქიდან მოვდივარ.
- როგორაა?
- ჯერ გათიშულია. რა იქნება, ექიმებმაც არ იციან ჯერ. დადიოდა ეს დღეები სამსახურში?
- მხოლოდ შუადღემდე მუშაობდა, მერე ვაგზალზე გარბოდა.
- ვაგზალზე? იქ რა უნდოდა?
- შენ არაფერი არ იცი?
- არა, - დაბნეულმა გავხედე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რაღაც საშინელებას გავიგონებ-მეთქი.
- მატილდა უნახავთ ავტოვაგზალზე, ყავას დაატარებს და ყიდისო. ერთი კვირაა, დადის, იქნებ როგორმე ვიპოვო და დაველაპარაკოო. საშინლად განიცდის. ვეუბნებოდი, გოგო, ამ ქარსა და წვიმაში ვინ ოხერი გაყიდის რამეს, მოითმინე, სანამ ამინდი გამოვა-მეთქი, მაგრამ, აბა, დამიჯერა? ხომ იცი, როგორი ჯიუტია.
- ხომ არ იცი, ვინ უთხრა? იქნებ შეცდა ის ვიღაც, - გული ლამის გამიჩერდა.
- იმ ბიჭის დედას უთქვამს, მატილდას შეყვარებულის დედას.
- ის საიდან იცნობს მატილდას?
- თვითონ კი არა, იმ ბიჭს უნახავს, ოთოს, და გაჰკიდებია, მაგრამ გაქცეულა მატილდა, არ გაუჩერდაო.
ლიკას მადლობა გადავუხადე ინფორმაციისთვის და კვლავ კლინიკაში დავბრუნდი. გიოს თავი ხელებში ჩაერგო და დერეფანში იჯდა.
- ახალი ხომ არაფერია?
- არა, არაფერი. ექიმმა სახლში წადითო, აქ ყოფნას აზრი არა აქვსო. თუ რამე შეიცვლება, დავრეკავ და გაგაგებინებთო.
- საჭირო არაფერიაო?
- არა, არაფერი.
- მაშინ ჩემთან წავიდეთ. დარჩი ამაღამ მამასთან, - გავუღიმე და მხარზე ხელი გადავხვიე.
თავი დამიქნია და უყოყმანოდ გამომყვა.

ლადო, 67 წლის, გინეკოლოგი. 2014 წლის იანვარი:

ლამის სამი თვე შევყურებდი ჩემს შვილს თვალებში და მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში ვიგრძენი, თურმე რას ნიშნავს, იყო მამა. მან არაფერი იცის ჩემ შესახებ, მე კი მასზე -ყველაფერი. შოთა გვერდიდან არ სცილდებოდა, ეტყობა, რომ მართლა შვილივით უყვარს. უყვარს არა მარტო გიო, არამედ ჯამაიკაც, რადგან ეს თვეები თავზე დაჰკანკალებდა. თითქმის სამი თვე იწვა ჯამაიკა კლინიკაში და გვერდიდან არ მოსცილებია ისევე, როგორც მე. მართალია, ფული არ დამიხარჯავს, მაგრამ სხვა მხრივ მისთვის ყურადღება არ დამიკლია.
რამდენი რამე გადაიტანა ამ ქალმა, რამდენს გაუძლო. არ მეგონა, თუ გადარჩებოდა. პერიტონიტის საშიშროებამ კი გაიარა, მაგრამ რეანიმაციიდან გამოყვანილიც არ იყო, რომ თრომბოზი დაემართა და მკლავი მოაჭრეს… თანაც მარჯვენა მკლავი, რომლითაც თავსაც ირჩენდა და შვილსაც არჩენდა. არ ვიცი, როგორ უნდა იცხოვროს ამ ტკივილით. ჯერ კიდევ ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, მკლავი რომ მოაჭრეს, არც გაუგია. შოთა სასტიკ უარზე იყო, გიოს არწმუნებდა, ოპერაციაზე თანხმობა არ განაცხადო, ხელი არაფერს მოაწერო, დედაშენი მეორე ოპერაციას ვერ გადაიტანს და აჯობებს, მკლავმოუჭრელი ჩავიდეს საფლავშიო. მაინც ჩემი გავიტანე და, როგორც იქნა, გიო დავითანხმეთ.
ჯამაიკა კიდევ ერთი კვირა დატოვეს ხელოვნურ სუნთქვაზე. სხვა გართულება არ ჰქონია, მაგრამ როგორც კი თვალი გაახილა და გონს მოვიდა, მთელი უბედურება მერე დაიწყო. გაიგო თუ არა, მკლავი აღარ მაქვსო, ისტერიკაში ჩავარდა. მთელი საავადმყოფო ტიროდა, ისე გულსაკლავად მოთქვამდა. მეც კი ამეტირა, ამხელა კაცს. გიო ცალკე ღრიალებდა და შოთაც ძლივს იკავებდა თავს.
მერე და მერე თითქოს დამშვიდდა. ჭამაც დაიწყო. მერე ისევ ისტერიკები… მაინცდამაინც ის ხელი ექავებოდა, რომელიც აღარ ჰქონდა. ხელისგული მეფხანება და რა ვქნაო, მთელი ხმით გაჰკიოდა.
ოპერაციის შემდგომ მსგავსი რეფლექსები უცხო არ არის. ასეთი ტრავმის დროს დამახასიათებელია. როცა ადამიანს კიდურს აჭრიან, შეიძლება წლების განმავლობაში ჰქონდეს შეგრძნება, რომ მოჭრილი კიდური ექავება.
თანდათან სიტუაცია ჩაწყნარდა და ქირურგმა გადაწყვიტა, საახალწლოდ გაეწერა ჯამაიკა, შინ გაეშვა - ახალ წელს თავის ქმარ-შვილთან ერთად შეხვდება და გულს გადააყოლებსო. მისი ვარაუდი არ გამართლდა. სწორედ გაწერის წინა ღამეს თავის მოკვლა სცადა. არ ვიცი, როგორ მოახერხა წამლების შოვნა, აფთიაქში თუ შეიძინა, თორემ საპროცედუროში ცხვირს ვერ შეყოფდა უნებართვოდ. ანტიდეპრესანტების მთელი ორი ფირფიტა დაულევია. კიდევ კარგი, ღამის ექთანი შემოვლაზე იყო. სწორედ იმ დროს შესულა პალატაში, როცა ჯამაიკას გულისრევა დასწყებია. მერე გათიშულა, წნევა დავარდნია და გამორეცხვების შემდეგ გონს ძლივს მოიყვანეს.
ამის გამო კიდევ ცხრა დღე კლინიკაში დაჰყო. ახლახან გაწერეს.
გიოს ვურეკავ ხოლმე, რომ გავიგო, როგორ არის. არა უშავს, თანდათან ეგუება სიტუაციასო, ჩემი შვილი მეუბნება.
ამასობაში მე გადაწყვეტილება მივიღე. რამდენი წელია, აღარ ვმუშაობ, კლინიკაში ისე დავდივარ ხოლმე, გულის გადასაყოლებლად, თანაც ძველ კოლეგებს ვერ ველეოდი. მათაც უხაროდათ ჩემი ნახვა, ბევრ რამეში ვეხმარებოდი. აბა, სახლში რა გამაჩერებდა, ხომ გამოვყრუვდებოდი. მას შემდეგ, რაც ჯამაიკას შევხვდი კაფეში და ვისაუბრეთ, სულ ვფიქრობდი, გიოსთვის რა გამეკეთებინა ისეთი, რომ დამახსოვრებოდა. ჰოდა, მოვიფიქრე. დავწერე ანდერძი და ჩემი სახლი და აგარაკი მას ვუანდერძე. ამას ახლა ჯამაიკას ვეტყვი, მერე კი ავდგები და ჩემს აგარაკზე გადავალ. სანამ ცოცხალი ვარ, იქ ვიცხოვრებ. იქნებ ჯამაიკაც გამომყვეს. მას ახლა დახმარება სჭირდება. პარიკმახერად ვეღარ იმუშავებს, რადგან ხელი არა აქვს. რა უნდა აკეთოს? გიო დიდი ბიჭია უკვე, თავის თავს მიხედავს. ცოლს შეირთავს, ცხოვრებას აიწყობს. გადავა ჩემს სახლში და კაცურად იცხოვრებს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა გაიგოს, სინამდვილეში ვინ არის მამამისი…
კარი ჯამაიკამ გამიღო. ჩემ დანახვაზე არც სიხარული დასტყობია და არც გაბრაზება.
- მიმიღებ?
- მოდი. -_ გულგრილად მითხრა და ოთახში შემიძღვა.
- აქა მშვიდობა, - ქუდი მოვიხადე, მელოტ თავზე ხელი გადავისვი, რომ ჩემი ორი ღერი თმა დამეტკეპნა და დივანზე დავჯექი.
- საჭმელი არ მაქვს, შემიძლია მხოლოდ ჩაი დაგალევინო.
- კარგი იქნება. გარეთ ისე ცივა, სანამ აქ მოვიდოდი, გავითოშე.
- სადაა შენი მანქანა? - ჯამაიკამ მარცხენა ხელით ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
- გავყიდე.
- გაყიდე? როგორ შეელიე? მოიცა, მე რომ შეგხვდი, მაშინ უკვე გაყიდული გქონდა?
- არა, ახლახან გავყიდე. ჯერ ერთი კვირაც არ გასულა.
- რატომ?
- ფული მჭირდებოდა და იმიტომ.
- არ მითხრა, რომ ცოლი მოგყავს… - დამცინავად გამომხედა, - ამ სიბერეში, - დაამატა მცირე პაუზის შემდეგ.
- აწი მე ვიღა გამომყვება. არა, მაგის გამო არა. აგარაკზე გადავდივარ საცხოვრებლად, აქედან მივდივარ.
ამის გაგონებაზე მკვეთრად შემოტრიალდა და გამომცდელად მომაჩერდა.
- რამ მიგაღებინა ასეთი სულელური გადაწყვეტილება?
- რატომ სულელური? იქაურობა შესანიშნავად მაქვს მოწყობილი. სახლი, კარი, ეზო… ბოსტანს გავაკეთებ, ჩითილებს გამოვიყვან, წიწილებს გავზრდი. საქმე არ დამელევა. აქ რომ ვარ, რას ვაკეთებ?
- რასაც აპირებ, იმას რისთვის გააკეთებ? - ისევ დამცინა, - შვილი შენ არა გყავს და ძირი.
- როგორ არა მყავს. შენ მაინც იცი, რომ მყავს, - არ შევეპუე.
ამასობაში ჩაიდანი ადუღდა. ჯამაიკამ ჩაი ფინჯანში დაასხა, შაქარი მოურია და მომიტანა.
- გმადლობ. კარგი არომატი აქვს.
- გიომ ჩამოიტანა ბაქოდან.
- ბაქოში იყო?
- ჰო, ადრე, ტურნირი როცა ჰქონდა.
- ააა. ჰო, აქ ასეთ ჩაის ვერ იშოვი.
- მერე, მერე, რას მეუბნებოდი? - ჩამეძია ჯამაიკა და მაგიდაზე შვრიის ნამცხვრით თეფში შემოდგა. - შვილი მყავსო? რა გვიან გაგახსენდა? რაო, სიბერეში მომხედავი გჭირდება, რომ მარტოობაში არ გაგძვრეს სული? - შემომიტია და თვალებმოჭუტული წინ დამიჯდა.
- არა, არავის მოხედვა არ მჭირდება, თავს ჩემითაც გავიტან, ჯერ დავრდომილი არ ვარ. უბრალოდ, მინდა, რომ…
- გიომ იცოდეს, ვინც ხარ?
უსიტყვოდ მივაჩერდი და თავი დავუქნიე.
- აზრი? გინდა ბავშვს გული გაუხეთქო?
- არა, რატომ…. მინდა, რომ კარგად იყოს.
- ჰოო?
- ჯამაიკა, ასე ნუ მელაპარაკები, გთხოვ. აი, ეს მოვიტანე, - მაშინვე დავამატე, უცებ არ იფეთქოს და ყვირილი არ დაიწყოს-მეთქი, - ეს საბუთებია, ჩემი სახლის საბუთები. ეს ანდერძია… ჩემი. ეს კი სახლის გასაღები. ამ ყველაფერს ჩემს შვილს ვუტოვებ. ამით მაინც გამოვისყიდი დანაშაულს.
- დანაშაულს? შენ რა, თავს დამნაშავედ გრძნობ?
- კი, ვგრძნობ. მართალია, სინანული გვიან მეწვია, მაგრამ ხომ იცი, როგორაა: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ჩემგან ეს მაინც დარჩეს.
ჯამაიკამ თავი ჩახარა. ერთხანს მაგიდას დასჩერებოდა, მერე თავაუწევლად მომაპყრო მზერა და ხმადაბლა მითხრა:
- ერთი პერიოდი შენ ისედაც არაფერს აკლებდი. ფულს სულ მაწვდიდი, თან იმაზე მეტს, რაც მის გაზრდას სჭირდებოდა.
- მაშინ შენ მყავდი გვერდით და იმიტომ… მაშინ გიყვარდი.
- ჰმმმ… - ამოიოხრა ჯამაიკამ, - და ყველაფერი გავაფუჭე…
- რაც იყო, იყო… ახლა ის მითხარი, შენ როგორ ხარ? მართლა კარგი ჩაია, მადლობა, -ცარიელი ფინჯანი გვერდით გავწიე.
- როგორც ინვალიდი. აბა, სხვანაირად როგორ ვიქნები? სიცოცხლე აღარ მინდა. უკვე ტვირთად ვაწვები ჩემს შვილს…
- გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? ერთად ვიცხოვროთ. - გავბედე და ვუთხარი.
მოულოდნელად სარკასტული სიცილი აუტყდა. იმდენ ხანს იცინა, შემეშინდა, ჭკუაზე არ შეირყეს-მეთქი.
- ახლა წამოვიდე შენთან? ახლა, როცა არაფერი შემიძლია? გესმის მაინც, რას მთავაზობ? როცა კარგი ვიყავი, როცა ყველას თვალები ჩემზე რჩებოდა, არ გინდოდა გვერდით გყოლოდი და ახლა რა ჯანდაბამ მოგანდომა? გეცოდები? მითხარი, გეცოდები, არა? - ხმას უფრო და უფრო უწევდა.
- ეგ რა შუაშია… უბრალოდ, რომ თქვი, ტვირთად ვაწვებიო…
ამ დროს კარის გაღება-დახურვის ხმა გაისმა.
- გიო მოვიდა! - დაიძაბა ჯამაიკა.
მეც მთელი სხეული დამეჭიმა, როცა ნაბიჯების ხმა მიწყდა და ოთახის კარი გაიღო.
ჩემ დანახვაზე გიომ გაიღიმა, სწრაფად მომიახლოვდა და ხელი დიდი მოწიწებით ჩამომართვა.
- როგორ გიკითხოთ, ლადო ძია? კარგია, რომ მოხვედით. თქვენ ისე დაგვეხმარეთ საავადმყოფოში, არასდროს დამავიწყდება.
- გიო… - ჯამაიკამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გიო მას არ უსმენდა:
- დღეს დედას პროთეზის გამო სამინისტროში ვიყავი, ახალი ხელ…
- გიო! - ხმას აუწია ჯამაიკამ.
- რა იყო, დედა, ლაპარაკს არ მაცლი? - რბილად უსაყვედურა შვილმა.
- ეს კაცი, შენ რომ ლადო ძიას ეძახი, მამაშენია.
შემზარავი სიჩუმე ჩამოვარდა. გიო ჯამაიკას მისჩერებოდა, ჯამაიკა - მე, მე კი სადღაც სიცარიელეს.
- რა თქვი? - გაისმა რამდენიმე წამის შემდეგ ჩემი შვილის ხმა, - ვინ არის?
- ლადო მამაშენია. შენ ჩემი ახალგაზრდული შეცდომის ნაყოფი ხარ, ამიტომ მომისმინე. მე და შოთიკო ამის გამო დავშორდით ერთმანეთს. მან არ მაპატია, როცა ეს ამბავი გაიგო, თუმცა შენ მაინც არ მიგატოვა და ღვიძლი შვილივით გაგზარდა. შენს დებზე არ აქვს იმდენი ამაგი, რამდენიც შენზე. მაგრამ შენი ნამდვილი მამა ეს კაცია. ამიტომ კეთილი ინებე და პატივი ეცი. აი, შეხედე, მთელი თავისი ქონება შენ დაგიტოვა. - ამ სიტყვებით საბუთები მარცხენა ხელით მისკენ გაასრიალა.
ბიჭი გაოგნებული იდგა, არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ მოქცეულიყო.
წამოვდექი და შევხედე. მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირველად გავუსწორე მზერა.
- ეს მართალია, შვილო. მაპატიე, რომ აქამდე არ გაგაგებინე ეს ამბავი. მე დიდი დღე არ დამრჩენია. ვიცი, მამად ალბათ ვერასდროს მიმიღებ, მაგრამ აუგი მაინც ნუ დაგცდება. რაც მოხდა, მოხდა. ამისთვის დედაშენი არასდროს დაძრახო. მე კი… თუ საფლავამდე მიმაცილებ, მადლობელი დაგრჩები, სხვა არაფერი მინდა, - ამ სიტყვებით თავი დავუკარი და წამოვედი.
სანამ კარს გამოვიხურავდი, გიოს ნათქვამი გავიგონე:
- მამამ თქვა, ამ დღეებში ჩემთან გადმოგიყვანთ საცხოვრებლად, დედაშენის მარტო დატოვება საშიშიაო…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნანა
მადლობა ავტორს, ყოველ თავს ველოდები მოუთმენლად ♡
23:36 / 22-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93