ნოველები

ქალები ბნელში - დასასრული

ქალები ბნელში - დასასრული
ნოველის დასაწყისი

გიო, 16 წლის, მოსწავლე. 2014 წლის აპრილი:

ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც გავიგე, რომ შოთა ჩემი ნამდვილი მამა არაა. როგორ ვიფიქრებდი, რომ მაგ გინეკოლოგის შვილი ვიქნებოდი? ვერა და ვერ გადავხარშე. მართალია, ჩემი მშობლები ისევ ისე მიყვარს, მაგრამ შოთას მამას ვეღარ ვეძახი. არა იმიტომ, რომ ლადოსკენ გამიწია გულმა, უბრალოდ, რაღაც მოხდა ჩემში. მერე რა, რომ მოზარდი ვარ და სრულწლოვანი არ გავმხდარვარ. ბევრი რამ მესმის და გაანალიზების უნარიც მაქვს. ჩემთვის უკვე გასაგებია, რომ დედა ქმარს
ღალატობდა და ამ ღალატის შედეგად მე დავიბადე. მერე შოთამ ეს გაიგო და დედას არ აპატია. თურმე ამიტომაც გაშორდნენ ერთმანეთს. მაშინ მე პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. ახლა კი დიდი ბიჭი ვარ და მესმის, რაც მოხდა. რამდენჯერ დავაპირე, დაველაპარაკები მამაჩემს ამ საკითხზე-მეთქი, მაგრამ ვერ გავბედე, ნაბიჯის გადადგმა გამიჭირდა. ახლა კი, მგონი, ამის საჭიროება დადგა. დადგა, რადგან სპორტს გულს ვერ ვუდებ, ვარჯიში უნდა შევწყვიტო და მთლიანად სწავლაზე გადავერთო. სპორტზე თუ ხარ ორიენტირებული, პირველი უნდა იყო, თუ არადა, მხოლოდ მოყვარულის დონეზე უნდა დარჩე. ამას ჩემი ტრენერი სულ მასწავლიდა. კი მეუბნება, კარგი მონაცემები გაქვს და გული არ აიცრუოო, მაგრამ უკვე ავიცრუე. ამაზე გარკვეული გავლენა ჩემი ნამდვილი მამის გამოჩენამ იქონია. ისე მოვდუნდი, აღარაფერი აღარ მინდა, სიცოცხლის ხალისი დავკარგე. მირჩევნია, თან ვისწავლო და თან ვიმუშაო. მოვეწყობი რომელიმე უნივერსიტეტში, კარგად ვისწავლი და ისეთ საქმეს წამოვიწყებ, რომ ბევრი ფული ვიშოვო. მინდა იმდენი მქონდეს, რომ არავის კმაყოფაზე არ ვიყო.
მამაჩემი ლადოს სტუმრობიდან მეორე დღესვე მოვიდა ჩვენთან, ჯამაიკა მარტო ვერ გასწვდება საოჯახო საქმეებს და ალბათ აჯობებს, მე თუ დაგეხმარებითო, მაგრამ დედა ისე ცივად შეხვდა, გამიკვირდა. მეგონა, გაუხარდებოდა ქმრის ოჯახში დაბრუნება. პირიქით კი მოხდა. როცა რამედ ვვარგოდი და რაღაც შემეძლო, ზურგი მაქციე, ახლა რისთვის მოხვედი, ინვალიდი რაში დაგჭირდიო, შემოსვლისთანავე შეუღრინა. შოთამ თავისი სამგზავრო ჩანთა ტახტის გვერდით დადო, თვითონაც დაჯდა და ჯამაიკას მოწკურული თვალებით გახედა.
- დავიჯერო, მართლა ვერ ხვდები, რატომაც მოვედი, თუ ეს, უბრალოდ, თავის დაფასების მომენტია?
- თავის დაფასება არაფერ შუაშია, უბრალოდ, მართლა ვერ ვხვდები. შენ რა, ჩემთან შერიგებას აპირებ?
შოთამ ჩაახველა, სათვალე მოიხსნა, მერე ისევ ცხვირის კეხზე დაიკოსა და მიუგო:
- გააჩნია, შერიგებაში რას გულისხმობ. შენთან დაწოლას არ ვაპირებ, მაგრამ საოჯახო საქმეებში მოგეხმარებით. შენ ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, ხომ ასეა? გიოს არც სცალია და არც არაფერი გაეგება სარეცხის და სადილების მზადების. მე ეს ყველაფერი შენი წყალობით და ღვთის მადლით, გამოვლილი მაქვს, - აქ გაიცინა, - ალბათ, არ დაგვიწყებია, რომ ერთ დროს ამ სახლში ქალიც მე ვიყავი და კაციც.
- ქალი ნამდვილად იყავი, კაცის რა მოგახსენო, - ისევ შეუღრინა დედამ.
- გეთანხმები. - მშვიდად წარმოთქვა მამამ, - ნამდვილად ასე იყო და ამის უარყოფას არ ვაპირებ. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ შენ გამხადე ასეთი. რატომ? იმიტომ, რომ გაწყობდა, ჩვარი ვყოფილიყავი. ხომ ასეა? თუ რატომ გაწყობდა, ეს შენ ჩემზე უკეთ იცი. მიუხედავად ამისა, მე მაინც რაღაც კუთხით მადლიერიც ვარ და შენგან დავალებულიც. როცა მე ვიყავი "ინ-ვა-ლი-დი", - დამარცვლა შოთამ, რათა ეს სიტყვა ხაზგასმით წარმოეთქვა, - შენ ხელი არ მკარი, სახლიდან არ გამაგდე, მასმევდი და მაჭმევდი. მართალია, მე ვალში არ გრჩებოდი და შეძლებისდაგვარად გვერდით გედექი, თუნდაც "მეორადი დიასახლისის" ვარიანტში, მაგრამ ოჯახის უფროსის მოვალეობას მაინც არ ვასრულებდი. ამაში ხომ მეთანხმები? ამიტომაც გადავწყვიტე, ვალი დაგიბრუნო. ახლა შენ გიჭირს და სცენაზე ჩემი გამოსვლის დროა - მე უნდა დაგეხმარო - გასვა და გაჭამო.
- შენი შეცოდება არაფერში არ მჭირდება, შოთა, - მედიდურად მიუგო დედაჩემმა, - ჩვენი დახმარება აქ გადმოუსვლელადაც შეგიძლია, თუ ამის სურვილი გაქვს. სულაც არ ხარ ვალდებული, ჩვენთან იცხოვრო. მით უფრო, რომ შენი საყვარელი ამას ალბათ ვერ გადაიტანს.
- ბელას გულისხმობ? ბელა პრობლემა არაა. ჩვენ არც დაქორწინებულები ვართ და არც არანაირი ვალდებულება გვაკავშირებს ერთმანეთთან.
- მაგრამ ერთად ცხოვრობთ.
- მერე რა? შენ რომ სხვა გყავდა, ცოლქმრულ ურთიერთობაში არ გაბრკოლებდა და მე რატომ უნდა დამაბრკოლოს? ყველას თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში. დროებით გადმოვედი, სანამ მარცხენა ხელს მიაჩვევ საქმეებს, სანამ პროთეზს მოირგებ, დაამუღამებ. მერე კი ისევ წავალ.
- ჰოდა, სწორედ მაგიტომ აჯობებს, საერთოდ თუ არ გადმოხვალ, - გაღიზიანდა ჯამაიკა.
ჩემი თანდასწრებით მამამ პირველად ახსენა, რომ დედაჩემს ადრე სხვა ჰყავდა, მაგრამ ასე იმიტომ მოიქცა, რომ უკვე იცოდა ლადოს ვიზიტის შესახებ და ისიც, მე რომ ყველაფერი გავიგე.
მამამ ამოიხვნეშა, ფეხი ფეხზე შემოიდო და მე შემომაჩერდა:
- შენ რაღას იტყვი, გიო?
მე უკვე იმხელა შოკი მქონდა მიღებული ახალი ამბის გაგებით, ვეღარ ვსაზღვრავდი, რა ჯობდა და რა არა. ამიტომ დაუფიქრებლად წამოვისროლე:
- ჩემთვის სულერთია.
ჩემმა პასუხმა დედაჩემიც კი გააკვირვა, რომ აღარაფერი ვთქვა შოთაზე. ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ორივენი მე შემომყურებდნენ.
- რას მომჩერებიხართ? - ხელები გავშალე, - რა ვთქვი ასეთი? ამდენი წელია ცალ-ცალკე ცხოვრობთ და ახლა მეკითხებით, მინდა თუ არა თქვენი ერთად ყოფნა?
- ჩემი აქ გადმოსვლა ერთად ყოფნას არ ნიშნავს, შვილო, - დამმოძღვრა მამამ, - როგორ გგონია, ჩემთვის ადვილია ამის გაკეთება? მაგრამ იმიტომ მოვედი, რომ პირველ რიგში, შენ დაგიდგე გვერდით. თუ ამას ვერ ხვდები, მაშინ ავდგები და როგორც მოვედი, ისე წავალ.
- ჩემთვის სულერთია, - ჯიუტად გავიმეორე და ოთახიდან გავედი, მაგრამ კარი ღია დავტოვე, რათა გამეგონა, რას გადაწყვეტდნენ. მართლა არ ვიცოდი, მინდოდა თუ არა შოთას ჩვენთან გადმოსვლა, იმწუთას ამაზე საფიქრელად არ მეცალა, მით უფრო, რომ დედასთან მარტო ცხოვრებას შეგუებული ვიყავი.
- ხედავ? შვილიც კი ამიჯანყდა. - გავიგონე მამაჩემის განაწყენებული ხმა, - მაგ შენი საყვარლის გამო ჩემი დანახვაც არ უხარია. თუ ხვდები, რა ხდება ახლა მის გულში? გაორებულია ბიჭი, აღარ იცის, ვინ მიიღოს მამად - მე თუ ის შენი ლადო! აი, რა ჩაიდინე შენი ქარაფშუტობით.
- შოთიკო! - გაისმა ჯამაიკას ზედმეტად აწეული ხმა, - შენ თუ აქ საქმის გასარჩევად მოხვედი, შეგიძლია მიბრძანდე! მე ჩემი შეცდომის გამო უკვე დავისაჯე! რას მოელი ახლა ჩემგან? ფეხებში ჩაგივარდე და პატიება გთხოვო? ვერ ეღირსები, ხომ იცი, არა?
- ნუ მეჩხუბები. მე საჩხუბრად არ მოვსულვარ. უბრალოდ, დახმარება მინდა. თუ შენ ჩემი დანახვა არ გსიამოვნებს, წავალ. მაგრამ ხომ იცი, რომ მარტო ვერ გაუმკლავდები ამ სიტუაციას? ცალი ხელით, თანაც მარცხენა ხელით რა უნდა გააკეთო?
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. პაუზა გაიწელა, მერე დედამ ხმადაბლა წარმოთქვა:
- არ ვიცი.
- მაშინ მოდი, ასე მოვიქცეთ. ნახე ვინმე, მარტოხელა ქალი, რომელიც შეძლებს აქ გადმოსვლას და საქმეების კეთებას. ხელფასს მე გადავუხდი. ისეთი იპოვე, ვისაც ღამით დარჩენაც შეეძლება. ანუ ვინც დღედაღამ გიპატრონებს.
- ასეთი სად ვიპოვო? - უმწეოდ ჩაილაპარაკა დედამ.
- არ ვიცი, სადმე… ჰკითხე ლიკას, სხვა გოგოებს… მეც გავიკითხავ, იქნებ ბელამ იცოდეს ვინმე. სამსახურშიც დავეკითხები ქალებს, განცხადებებს ვნახავ…
- შენი ბელა არსად დაგეკარგოს. - უკბინა ჯამაიკამ.
- არ დამეკარგება, დარდი ნუ გექნება, - ჯიბრიანად მიუგო მამამ, - ბელა არაფერ შუაშია, შენ გააფუჭე ყველაფერი.
- აჰა, ისევ დაიწყო!
- კარგი, წავედი. როცა მოიფიქრებ, დამირეკე და მითხარი, რას გადაწყვეტ.
როცა გავიგონე, მამა წასვლას აპირებდა, ისევ შემოვედი.
შოთამ ჩანთას ხელი დაავლო, მაგრამ დამინახა თუ არა, ადგილზე გაჩერდა.
- მიდიხარ? - ვკითხე.
- ჰო, სხვა რა დამრჩენია. არც დედაშენს სიამოვნებს ჩემი აქ დარჩენა და, როგორც ვხვდები, არც შენ. ამიტომ აჯობებს, თუ წავალ.
- არა, რატომ… დარჩი, მე არ მითქვამს, რომ არ მსიამოვნებს.
- გიო, შენ პატარა ბიჭი აღარ ხარ და ასე თუ ისე, გესმის ყველაფერი. მე მამა ვარ შენი… - თქვა და შეცბა, მაგრამ ეს შეცბუნება წამიერი იყო, მერე კვლავ რიხიანად გააგრძელა, -ყოველთვის ვზრუნავდი და ვიზრუნებ შენზეც და დედაშენზეც, მიუხედავად…
წინადადება აღარ დაასრულა, ხელი ჩაიქნია და კარისკენ გაქანდა. ისეთი სწრაფი ნაბიჯებით გადაკვეთა ოთახი, თითქოს ვიღაც სახლიდან აგდებსო.
მის შესაჩერებლად ვერაფერი ვერ მოვიმოქმედე. არც ძალა მეყო და არც გამბედაობა, მეთქვა, არ წახვიდე-მეთქი. არადა, ვიგრძენი, რომ გული მწყდებოდა. მივხვდი, რომ მინდოდა დარჩენილიყო.
როგორც კი მამაჩემმა კარი გაიჯახუნა, დედას შევხედე. ჯამაიკას თვალები ცრემლით ავსებოდა.
- არ უნდა გაგეშვა, - ჩურჩულით ამოთქვა დედამ და ცხვირზე ხელი მოისვა, რომ ტირილი შეეკავებინა.
ვერაფერი ვერ ვუთხარი. ან კი რა უნდა მეთქვა? დედა მართალი იყო, არ უნდა გამეშვა.
- ახლა რა ვქნათ? - ამოიოხრა ჯამაიკამ.
- ვიპოვოთ ვინმე, თუკი შოთა ფულს გადაიხდის, - გამოვთქვი ჩემი აზრი.
დედამ გაოცებული თვალებით შემომხედა.
- რა იყო? - მხრების აწურვით შევეკითხე, ვერ მივხვდი, რატომ მიყურებდა ასეთი გაოგნებული.
- როგორ თქვი, ფულს ვინ გადაიხდისო?
აჰა… მამას მაგივრად შოთა რომ წარმოვთქვი, იმან გააკვირვა.
- დედა, მაპატიე, მაგრამ არის რაღაცები, რასაც უნდა შევეგუო. ჯერჯერობით ის ჩემთვის შოთა იქნება. მერე რა მოხდება, ამას დრო გვიჩვენებს. თქვენ მე პატარა გგონივართ, მაგრამ ასე არაა. მშვენივრად ვხვდები, რაც ხდება. ამიტომ ახლა არ დამიწყო შეგონებები, კარგი? მისი მადლობელი ვარ, მამობა რომ გამიწია, მის ამაგს წყალში არ ჩავყრი, მაგრამ… ძალიან ბევრი "მაგრამ" დამიგროვდა ამ ერთ დღეში. წუხელ შენ მიცხადებ, მამაშენი შოთა კი არა, ლადოაო, დღეს კი გიკვირს, შოთას რატომ ეძახიო.
- კარგი, როგორც გინდა, - ჯამაიკას ცრემლები ღაწვებზე ჩამოედინა, - მოდი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ… დამეხმარები შენი დის მოძებნაში?
- ვისი? - ვერ გავიაზრე, რას მეკითხებოდა.
- მატილდას მოძებნაში. ვაგზალზე უნახავთ. იქნებ ვიპოვოთ და სახლში დავაბრუნოთ? მაშინ არავის დაქირავება არ დაგვჭირდება.
გავშრი. პირველად გავიგე, რომ მატილდას ეძებდა. არასდროს არ უხსენებია ჩემთან არც მერი და არც მატილდა. თითქოს ჩემ გარდა შვილები არ ჰყოლია. ოპერაციამ მთლიანად შეცვალა დედაჩემი.
- დაგეხმარები, აბა, რას ვიზამ! - მაშინვე გვერდით მივუჯექი და ხელი მოვხვიე, - თუკი რაიმე შესაძლებლობა არსებობს, ყველაფერს გავაკეთებ. მამასაც ვეტყვი, ისიც დაგვეხმარება.
- აკი მამა არ არისო? - გაეღიმა დედას და მოულოდნელად ისე ხმამაღლა ატირდა, გული დამეთუთქა.
- ნუ ტირი, დე. ძალიან გთხოვ, ნუ ტირი. მამაა, აბა, რა, ოღონდ ცოტა დრო მომეცი, აზრზე მოვიდე. ცოტა ხანს მაცალე და ყველაფერი დალაგდება.
დედამ ხელისგულებით ამოიწმინდა ცრემლები და ჩამეხუტა.
- ვინ თქვა, პატარა ხარო… შენ უკვე დიდი ბიჭი ხარ, გიო. შენ ყველაფერი გესმის, -ჩუმჩურჩულა ყურში და კვლავ აქვითინდა.
მისი თბილი ცრემლები კისერზე მეწვეთებოდა და მეც ვამშვიდებდი, როგორც შემეძლო.
ბოლოს დაწყნარდა. სააბაზანოში შევიდა, სახე ჩამოიბანა და რომ შემოვიდა, უკვე სრულიად დამშვიდებული მეჩვენა. მერე გეგმა დავსახეთ, როგორ მოგვეძებნა მატილდა.
მეორე დღიდანვე შევუდექი საქმეს. სკოლის შემდეგ ავტოვაგზალზე დავდიოდი, მაგრამ არც ერთხელ არ შემხვდა ახალგაზრდა გოგო, რომელიც ყავას დაატარებდა. იქ მხოლოდ ვიღაც მოხუცი ქალი დადიოდა ყავის ფინჯნებით ხელში. როცა დედას ამის შესახებ ვუამბე, გაგიჟდა, ალბათ იმ ქალმა იცის მატილდას ადგილსამყოფელი და აუცილებლად უნდა ვნახოო. გადაწყვიტა, როგორც კი მომჯობინდებოდა და გარეთ გასვლას შეძლებდა, ის ქალი ეპოვა და ჩემი დის ამბავი მისგან გაეგო.
მიუხედავად ამ სიახლისა, ჩემი ცხოვრება არ დამშვიდებულა. კარგა ხანს გაორებული დავდიოდი. ხან შოთაზე ვფიქრობდი, ხანაც ლადოზე. ის სახლიც ვნახე და დავათვალიერე, ლადომ რომ მაჩუქა. მაგარი კი იყო, სიამოვნებით ვიცხოვრებდი იქ, მაგრამ არ გამოვიდოდა. ჯერ ერთი, დედას მარტო ვერ დავტოვებდი, მეორეც… მეშინოდა, შოთას არ სწყენოდა.
ამასობაში დრო გავიდა. ჩემს დარდს ვერა და ვერ მოვერიე, აპათიამ შემიპყრო, ამიტომ გადავწყვიტე, მამაჩემი მენახა და მოვლაპარაკებოდი. უკვე ვიცოდი, რაც მინდოდა.
შოთა მარტო იყო კაბინეტში, როცა მივედი. ჩემ დანახვაზე სახეზე სიხარული აღებეჭდა. ყოველთვის ასე ემართება, მე როცა მხედავს. უცნაურია, ასე რომ ვუყვარვარ, მე ხომ მისი ღვიძლი შვილი არ ვარ.
- ვარჯიშზე არ იყავი? - შემომეგება და მხრებზე დამაწყო ხელები.
- არა. შენთან საქმე მაქვს, იმიტომაც გამოგიარე.
- მოდი, შვილო, დაჯექი. ხომ არ გშია? მოვატანინებ რამეს.
- არა, არ მშია.
- მაშინ გისმენ.
- შოთა, შენ არ იფიქრო, რომ… - დავიწყე და შევხედე.
მას უკვე აღარ უკვირს, შოთას რომ ვეძახი. ერთხელაც არ უკითხავს, სახელით რატომ მომმართავო. მიხვდა და გამიგო.
- რას გულისხმობ? - მკითხა და სათვალე მოიძრო. დააორთქლა და სპეციალური საწმენდი ჩვრით გააპრიალა, მერე ისევ გაიკეთა.
- აი… მამას რომ არ გეძახი. ალბათ დრო უნდა…
- ვიცი, ვიცი, რას მიხსნი, გიო, უცხოები კი არ ვართ. შენს ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. ამისთვის მოხვედი? მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც გინდა, ის დამიძახე.
- ამისთვის არ მოვსულვარ… შენი დახმარება სხვა რამეში მჭირდება.
- მითხარი, რა ხდება. ფული ხომ არ გჭირდება?
- არა… სპორტს მინდა თავი დავანებო.
- რატომ, შვილო? - მკითხა და კვლავ ამარიდა თვალი, თითქოს თვითონაც ეუცხოვა, შვილოთი რომ მომმართა.
- მინდა მოვემზადო და უნივერსიტეტში ჩავაბარო. გადავწყვიტე ეკონომისტი გავხდე… შენსავით.
ამის გაგონებაზე თვალებში სხივი გაუკრთა. ალბათ გაუხარდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მივიღე.
- მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის, გიო. თან მოემზადე, თან ვარჯიშზე იარე…
- არა, არ მინდა. ვარჯიშს მირჩევნია, ვიმუშაო. სკოლის მერე, ნახევარ განაკვეთზე.
შუბლი შეიჭმუხნა.
- სამაგისო არაფერი გვჭირს. რა საჭიროა შენი მუშაობა? მე საკმარისი ქონება მაქვს იმისთვის, რომ შენი ხარჯები დავფარო.
- ვიცი, მაგრამ მე სხვა რამ მინდა. დამოუკიდებლად ცხოვრებას მინდა მივეჩვიო. მუშაობას მივეჩვიო, საქმე ვისწავლო. შენთან რომ დამაწყებინო მუშაობა, ხომ შეგიძლია? უხელფასოდ, სტაჟიორის ვარიანტში.
გაეცინა.
- აბა, მაგაზე უარს როგორ გეტყვი? კი ბატონო, თუ ასე გსურს, ასე იყოს. გვერდით დაგიყენებ, ყველაფერს გასწავლი, თუ მოინდომებ. დაამთავრებ მერე უნივერსიტეტს და მე უკვე მზა კადრი მეყოლება. აბა, განა სხვისთვის მინდა ეს ფირმა? მაინც შენ უნდა დაგიტოვო, ჩემი მემკვიდრე შენ ხარ და სხვანაირად როგორ იქნება?
ორივეს გაგვეცინა. გახარებულმა შოთამ თმაში ჩამავლო ხელი და მსუბუქად მომქაჩა. მეც ისე ამიჩუყდა გული, რომ ვერ მოვითმინე და ძლივს გასაგონად წარმოვთქვი:
- მადლობა, მამა.
ამის თქმა და მამაჩემმა ისე ჩამიხუტა, ჩემმა ძვლებმა ლაწალუწი ატეხეს… რა ცოტა ჰყოფნის ადამიანს ბედნიერებისთვის…
უხერხულობის გასაფანტავად მატილდას ხსენება გადავწყვიტე.
- იცი, დედამ მატილდას კვალს რომ მიაგნო?
უეცრად გაშტერდა. გაფაციცებით შემომაჩერდა თვალებში.
- ჯამაიკამ გითხრა?
- ჰო. ამ დღეებში აპირებს ავტოვაგზალზე გასვლას და ვიღაც ქალთან დალაპარაკებას.
- ვინ ქალია?
- ვიღაც, არ ვიცი. ყავას დაატარებს ვაგზალზე. ეჭვობს, რომ მატილდა მასთანაა შეფარებული. ოთოს დედას უთქვამს.
- ოთო ვინაა?
- მატილდას შეყვარებული.
მამამ შუბლი მოისრისა, თვალები დახუჭა და წამით გაირინდა.
- ეს ზუსტი ინფორმაციაა?
- როგორც ვიცი, კი. ოთოს უნახავს იქ და დალაპარაკება უცდია, მაგრამ მატილდა გაქცეულა. მერე დედამისს მოუყვა თურმე, ასე და ასეო. იმ ქალმა შემთხვევით სალონში დედასთან თქვა ეს ამბავი. დედამ კიდევ…
- მოიცა, მოიცა, ჯამაიკა და ოთოს დედა ერთმანეთს იცნობენ?
- არა, კაცო. ის ქალი თურმე სალონში მოვიდა, რა. ჰოდა, სანამ დედა ემსახურებოდა, დაუწყია თავის შვილზე ლაპარაკი, ისე, დროის გასაყვანად. იმან რა იცოდა, ჯამაიკა ვინ იყო. უბრალოდ, გული გადაუშალა დედას.
- გასაგებია. ლიკამაც მითხრა ერთხელ რაღაც ამდაგვარი, მაგრამ არ დავიჯერე. მეც გავყვები, როდის აპირებს წასვლას, მითხარი და…
- რა ვიცი, ამ დღეებში, ალბათ. ახლა უკეთაა. მარცხენა ხელით რაღაცები დაამუღამა, - გამეცინა, - ხახვსაც კი ჭრის უკვე. აი, სარეცხის გაფენა კი უჭირს, მაგრამ მე ვეხმარები.
- პროთეზი მოირგო?
- ისე რა. დიდად არ ეპიტნავება, ვერ ვეგუებიო. სახლში არც იკეთებს. გარეთ როცა გადის მაღაზიაში ან ბაზარში, მხოლოდ მაშინ ხმარობს. როგორც კი დაბრუნდება, ეგრევე იხსნის.
- ეჰ… რა გოგო იყო და რას დაემსგავსა… აფსუს… - დანანებით ჩაილაპარაკა მამამ. - შენნაირი ლამაზი დედა არავის არ ჰყავდა, რომ იცოდე. ეგ რომ ქუჩაში გაივლიდა, კაცები ეცემოდნენ.
ორივეს გაგვეცინა.
- კარგი ამბავია მატილდას ამბავი. უთხარი დედაშენს, რომ მეც მზად ვარ. თუ მოისურვებს, თან გავყვები და ერთად მოვძებნოთ-თქო…
სახლში რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, როგორი შემსუბუქებული ვიყავი. თითქოს ჩემი დარდი სადღაც გაქრა. ახლა ისევ მიხაროდა ყველაფერი, მამაც მიყვარდა, დედაც და ჩემი დებიც, განსაკუთრებით, მატილდა, რომელიც თვალით არასდროს მენახა…

ჯამაიკა, 54 წლის, პარიკმახერი, 2014 წლის მაისი:

წუხელ ისეთი სიზმარი მქონდა, გულმა მიგრძნო, რომ დღეს ვაგზალზე უნდა გავსულიყავი. ვიფიქრე, ან დღეს, ან არასდროს-მეთქი. დილიდანვე ამ განწყობით გავემზადე და წავედი. გიო არ გამიფრთხილებია, რას ვაპირებდი. ან კი რა საჭირო იყო. თუ ჩანაფიქრი გამომივიდოდა, ისედაც გაიგებდა, თუ არადა, ტყუილად გული რატომ უნდა დასწყვეტოდა.
თორმეტი ხდებოდა, როცა ავტოვაგზალს მივაღწიე. სამარშრუტო ტაქსები მიდიოდნენ და მოდიოდნენ. ზოგი ადიოდა ტრანსპორტში, ზოგი ჩამოდიოდა. ერთი კაცი სიმინდის ბურბუშელათი სავსე პარკს დაათრევდა და მგზავრებს ლარად სთავაზობდა; მეორე ერთჯერადი ხელსაწმენდებით, მაგიდის ტილოებითა და სამზარეულოს ღრუბლების გასაღებით იყო დაკავებული.
აგერ ისიც, მოხუცი ქალი, რომელსაც ცალ ხელში თერმოსი მოემარჯვებინა, მეორეში კი სინზე დაწყობილი ერთჯერადი ჭიქები. ეს ისაა, ვისაც ვეძებ. ეს აუცილებლად ის უნდა იყოს, ვინც მატილდასთან მიმიყვანს. ღმერთო, შენ მიშველე!
ქალს ვაცალე, სანამ ვაშლის გამყიდველ მეორე ქალს ერთჯერად ფინჯანში ყავას ჩამოუსხამდა, მიაწვდიდა, მერე ფულს გამოართმევდა და წინსაფრის ქვემოთ დამაგრებულ საფულეში ჩაიჩურთავდა. მერე კი მივუახლოვდი:
- გამარჯობა, ქალბატონო!
სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, ბევრად მეტის, მაგრამ ჯანზე კი იყო, ყოჩაღად გამოიყურებოდა.
- გაიხარე, დედი. ერთი ჭიქა გინდა? შაქარი რამდენი ჩაგიყარო? - ეგონა, კლიენტი ვიყავი.
- არა, ყავა არ მინდა. სხვა საქმე მაქვს თქვენთან. - ვუთხარი და ხელი იდაყვზე შევავლე, რომ განზე გამეყვანა.
კი გაუკვირდა, ასეთი იდუმალი ტონით რომ დაველაპარაკე, მაგრამ მაინც დამყვა. საბაზრო დახლებს გავცდით და სიგარეტების ჯიხურის გვერდით აღმოვჩნდით.
- გიჭირს, შვილო, რამე? - თანაგრძნობით სავსე ხმით მკითხა.
შემაჟრჟოლა. ალბათ, თავის დროზე სწორედ ასე შეეკითხა ჩემს შვილსაც.
კეთილი მოხუცი…
- მიჭირს, დეიდა, მიჭირს. მიჭირს კი არა, ცეცხლი მიკიდია. - თვალები ცრემლით ამევსო, ისე ამიჩუყა გული მისმა შეკითხვამ.
- მითხარი, დედი. თუ რამე შემიძლია, აგერ არ ვარ? - ქალმა სინი და თერმოსი იქვე მდგარ ხის ყუთზე შემოდო და სმენად იქცა.
- მე… შვილს ვეძებ…
უეცრად დაფაცურდა. იქვე დაყრილი ორი ხის ყუთი აიღო, გვერდიგვერდ დადო და ერთზე თვითონ ჩამოჯდა, მეორეზე მე მიმითითა, შენც დაჯექიო.
დავჯექი.
- აქ დაკარგე? რამხელაა? ნუ გეშინია, ვიპოვით, აქ ყველას ვიცნობ, შვილო.
- არა, არა, თქვენ ვერ გამიგეთ. მე მატილდას ვეძებ.
ამის თქმა და ელდანაკრავივით წამოხტა. გაფაციცებით მოავლო არემარეს თვალი, წამით დაიბნა, თავშალი გაისწორა, წინსაფრის ჯიბიდან სათვალე ამოიღო, გაიკეთა და ყურადღებით შემათვალიერა.
- მე დედა ვარ მისი, - მის "შენ ვინ ხარ" შეკითხვას ხმამაღლა გავეცი პასუხი.
მაშინვე დამშვიდდა. არეული სახეც დაუწყნარდა. კვლავ დაჯდა და მხრით მომეკრა.
- აქამდე სად იყავი? - ჩურჩულით მკითხა.
- ჯანდაბაში, - მეც ჩურჩულით მივუგე.
- კარგია, რომ იქიდანაც ბრუნდებიან თურმე, - კეთილად გაიცინა და მხარი კაი მეგობარივით გამკრა.
- იცით, სად არის?
- ვიცი… ვიცი. ჩემთანაა შენი გოგო. კარგადაა, არ იდარდო. წამო, წაგიყვან, განახვებ. არ ვიცი, რამდენად გაუხარდება, მაგრამ მეც დედა ვარ და უფლება არ მაქვს, უარი გითხრა.
- თქვენ ნუ შეწუხდებით. მე თვითონ წავალ, მისამართი მითხარით და მივაგნებ. თქვენ ყავა გაქვთ გასაყიდი.
- მაგას ყოველთვის მოვასწრებ. წამო, წამო. მატილდა სახლშია, შპალერს აკრავს ოთახში, რემონტი წამოიწყო გოგომ, სხვა ვერაფერში გეხმარებიო, - ერთობ გამხიარულებულმა წარმოთქვა და კუსკუსით წინ გამიძღვა.
დიდხანს არ გვივლია. მთავარი გზიდან მალევე გადავუხვიეთ და მოხუცი ვიწრო ბილიკით ფერდობს აუყვა. ამ ადგილას პირველად ვიყავი. სულ მალე კერძო დასახლება გამოჩნდა. ირგვლივ რამდენიმე პატარა, ერთსართულიანი სახლი იდგა, ერთმანეთისგან მავთულის ღობით გამოყოფილი.
- აი, ჩვენი სახლიც, - ხელი გაიშვირა ქალმა ერთ-ერთისკენ და ნაბიჯს აუჩქარა.
უბრალო ფიცრული ოდა იყო, კაცის ხელი რომ აკლდა, ისეთი. ჩემმა ახალმა ნაცნობმა კარი ჭრიალით გამოაღო და დაიძახა:
- მატი, მე ვარ, შვილო, არ შეგეშინდეს! სტუმარი მომყავს შენთან!
ლამის ფეხები მომეკეცა, სანამ ოთახში შევიდოდი. არ ვიცოდი, იქ როგორი მატილდა დამხვდებოდა. თექვსმეტ წელზე მეტი გავიდა, რაც შვილი არ მენახა. ხუმრობა ხომ არ იყო? მთლად ჭყინტი გაიქცა სახლიდან, ახლა ალბათ დაქალებული იქნებოდა. ვინ იცის, გაჭირვებამ როგორი გახადა, იქნებ ნაადრევად დააბერა კიდევაც…
არა… ისევ ისეთი იყო… ისევ ისეთი ნათელი თვალები… მიამიტი მზერა… უცაბედი გაბრაზება… ბრაზის მალევე ჩაცხრომა… სულ რამდენიმე წამში მისი სახე ათასნაირად გადასხვაფერდა. ოთახში წებოს სუნი იდგა, წებოს და შპალერის. ბრმაც რომ ყოფილიყავი, მიხვდებოდი, რომ აქ რემონტი მიდიოდა. მატილდას გაზეთისგან გაკეთებული ქუდი ეხურა, ცალ ხელში ფუნჯი ეჭირა, მეორეში ჩვარი, იატაკზე ჩაცუცქულიყო და გაშლილ შპალერს დასტრიალებდა. ჩემ დანახვაზე ნელა წამოიმართა. ფუნჯი და ჩვარი იქვე მდგარ სკამზე დადო და გაშტერდა.
რა თქმა უნდა, მიცნო. იდგა გახევებული და მომჩერებოდა. ყველაფერი იკითხებოდა მის სახეზე, ყველაფერი… პატიების გარდა… არ იყო შეცვლილი, მხოლოდ დარდი გამრავლებოდა თვალებში და დაქალებულიყო. უეცრად შეშინებული დავფიქრდი, ახლა განა რამდენი წლის არის-მეთქი? არა, არ დამვიწყებია - 34 წლის ხდება წელს ჩემი გოგო. მისი დაბადების დღე, 12 სექტემბერი, აგერ, ლამის კარსაა მომდგარი. თავის ოცდამეთოთხმეტე დაბადების დღეს მატილდა ჩვენთან შეხვდება - თავის ოჯახში, თავისიანებთან.
- გამარჯობა, შვილო! - კი ვთქვი, მაგრამ ჩემი ხმა მე ძლივს გავიგონე, მის სმენას მისწვდა თუ არა, დარწმუნებული არ ვიყავი.
არ მიპასუხა. ერთიანად ვკანკალებდი. ჩემმა მასპინძელმა დაინახა, რა დღეშიც ვიყავი, ხელი მომკიდა და ტახტზე დამსვა, თვითონ კი მატილდას მიუბრუნდა:
- მიდი, დედი, ჩაიდანი შემოდგი, დავლიოთ რამე. - ეს ისე უბრალოდ თქვა, თითქოს უჩვეულო არაფერი მომხდარაო.
მატილდა ადგილიდან არ დაძრულა. მივხვდი, უჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა. და ისიც უჭირდა, საითკენ გადაედგა ეს ნაბიჯი - წინ თუ უკან.
- მე ნუცა მქვია, შვილო, - მერე მე მომიბრუნდა მოხუცი, - არა უშავს, ნუ მიაქცევ ყურადღებას, დაიბნა ბავშვი. არაა გასაკვირი. - ჩქარ-ჩქარა მომაყარა და სამზარეულოსკენ გაცუხცუხდა.
- როგორ მომაგენი? - როგორც იქნა, ენა ამოიდგა და იმ სკამის კიდეზე ჩამოჯდა, რომელზეც წეღან ფუნჯი და ჩვარი დადო.
- ოთოს დედამ მომასწავლა, - ავჩურჩულდი, - ყველანი გეძებთ… მთელი ოჯახი…
- მე არ მყავს ოჯახი… - მისმა პასუხმა გული დამისერა.
- მატი… შვილო… წლები გავიდა. უნდა მაპატიო… არ იცი, რამდენი რამ გადავიტანე… ადვილი არ იყო ჩემთვის.
- არც ჩემთვის. - იმავე ტონით მომახალა.
- აბა, როგორაა საქმე? აქ გავშალო თუ სამზარეულოში გავიდეთ? - ნუცა ლამის შემოფრინდა ოთახში. ჩვენზე მეტად ამ ქალს უხაროდა ჩვენი შეხვედრა.
- წავიდეთ სახლში. მამა გელოდება, გიო, მე…
- გიო ვინ არის? - ოდნავ მოულბა ხმა და ამით ვისარგებლე:
- გიო შენი ძმაა. არ იცნობ, მაგრამ გაიცნობ. იმან ყველაფერი იცის შენზე. კარგი ბიჭია. მერიც ხშირად გკითხულობს. საბერძნეთშია. იქ გათხოვდა, შვილიც ჰყავს უკვე…
- გათხოვდა? - ისე აგდებულად შემეკითხა, გამიკვირდა, ამანაც ხომ არ გაიგო მერის წარსულის შესახებ რამე-მეთქი.
- ჰო. გაიზარდა, უკვე აღარაა პატარა გოგო. - ნაძალადევად გავიღიმე.
- და ისევ იდეალურ შვილად დარჩა, არა?
აი, სად ჩამირტყა. ყბები მოვკუმე და კბილი კბილს დავაჭირე. პასუხი არ გამიცია. ამასობაში ნუცამ სუფრა გაშალა, ყველი, პური, მწნილი და რამდენიმე კარტოფილის ღვეზელი დადო მაგიდაზე, ყავის ფინჯნები, საშაქრე და ბოლოს ათუხთუხებული ჩაიდანიც შემოიტანა.
- მე წავალ, ხალხო, ჩემს საქმეს მივხედავ. თქვენ ილაპარაკეთ. ბევრი გაქვთ სასაუბრო, ამიტომ ხელს არ შეგიშლით. მერე მოვალ, ცოტა გვიან… - საქმიანად წარმოთქვა ნუცამ და სწრაფად გავიდა.
დაყოვნება არ შეიძლებოდა. ახლა ჩემზე იყო დამოკიდებული, მატილდა რას გადაწყვეტდა -წამომყვებოდა თუ დარჩებოდა. ამიტომ მაგიდასთან გადავინაცვლე, ყავა დავისხი, შაქარი ჩავიყარე და ჩემი ამბის მოყოლა დავიწყე. დავიწყე იმ დღიდან, როცა მატილდამ დაგვტოვა. არაფერი დამიმალავს. არაფერი შემილამაზებია… ჯერ გაშეშებული მისმენდა, მერე თვითონაც ადგა და მაგიდასთან გადმოჯდა. თვითონაც გაიკეთა ყავა და მოსვა, თან მისმენდა, თან მიყურებდა, თვალს არ მაცილებდა.
როგორც იქნა, დავამთავრე და ჩემი საღი მარცხენა ხელი სახეზე ავიფარე. ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ატანა გამიძნელდა. ის ხმას არ იღებდა. არც მე. მოულოდნელად ხელზე მისი თითების შეხება ვიგრძენი… მაპატია… როგორც იქნა, მაპატია…

მატილდა, 34 წლის, დიასახლისი. 2014 წლის სექტემბერი:

ჯერაც ვერ გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ჯერაც სიზმარში მგონია თავი. მე ჩემს სახლში ვარ, ჩემს მშობლიურ სახლში. ასე მგონია, საუკუნე გავიდა მას მერე, რაც შინ არ ვყოფილვარ. სამი თვეა, მოვედი და ჯერ კიდევ შეგუების სტადიაში ვარ. თავს მაინც უცხოდ ვგრძნობ. არადა, დედაც თავს მევლება, გიოც და მამაც. ის სულ ჩვენთანაა, დღე არ გავა, არ მინახულოს. მე მაინც ეჭვი მღრღნიდა. სულ მეგონა, დედას რომ დავჭირდი, იმიტომ მომძებნა. ცალხელა თვითონ ვერაფერს აკეთებს და მომვლელად ჩემზე უკეთესს ვის იშოვიდა-მეთქი. ეს ეჭვი გუშინ გამიქარწყლდა. დედამ მითხრა, მოდი, ნუცა ჩვენთან გადმოვიყვანოთ, ცოდოა, ყავას რომ ყიდის, იყოს აქ, ჩვენთან ერთად იცხოვროს, თან სახლის საქმეებში დაგვეხმაროს და თან ფული გადავუხადოთო. ამაზე მამასთან უკვე ულაპარაკია. სწორედ მამას უთქვამს, ფულს მე გადავუხდიო.
ჰოდა, ნუცა დღეს გვესტუმრა. მამა წავიდა მის მოსაყვანად. როგორ გამიხარდა. საყვარელი ნუცა დეიდა. რამხელა ამაგი აქვს ჩემზე, ჩემ გარდა არავინ იცის.
ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნუცას მამა შემოჰყვა უზარმაზარი თაიგულით ხელში. მერე გიოს გასძახა, მანქანაში ჩანთები ალაგია და შემოიტანეო. დედა ორაზროვანი ღიმილით შემომცქეროდა. ნეტავ რა ჩაიფიქრეს-მეთქი, გავივლე გულში. ამასობაში მამა მომიახლოვდა და თაიგული საზეიმოდ გადმომცა:
- დაბადების დღეს გილოცავ, მატი! - და შუბლზე მაკოცა.
ჰოოო. დღეს ხომ თორმეტი სექტემბერია… ჩემი დაბადების დღე. ნუთუ ახსოვდათ? მე არც გამხსენებია. წლებია, არ გამხსენებია. მოულოდნელი იყო. თან გამიხარდა, თან გული მეტკინა. რამდენმა დაბადების დღემ ჩაიარა სრულიად შეუმჩნევლად, არავის რომ არ გახსენებია, ისე.
- მე ყოველ წელს გილოცავდი, მამა, - მითხრა მამაჩემმა, - არ ვიცოდი, სად იყავი, მაგრამ მაინც გილოცავდი და გლოცავდი. რა თქმა უნდა, დედაშენიც, - თითქოს მომიბოდიშასავით შოთამ.
ნუცამაც მომილოცა და საჩუქრად წითელი თავშალი მომიტანა, ხელმოკლე ქალმა სხვა ვერაფერი შევძელიო. ამ დროს გიო შემოვიდა ჩანთებით დატვირთული, ყველაფერი სამზარეულოში გაზიდა და მერე მე მომვარდა:
- მეც გილოცავ, მატილდა. აი, შენ ჩემი საჩუქარი, - თქვა და ზურგს უკან დამალული ხელები გამოაჩინა, - ტარამ-ტანანააა! - წაიმღერა და პატარა ყუთი მომაწოდა, რომელზეც მობილური ტელეფონი ეხატა.
ემოციები მომიზღვავდა. ამდენი სითბო ერთად თავს დატეხილი ადვილი გადასახარშავი როდი იყო. ცრემლები წამომცვივდა.
- გეყოფათ ახლა, ნუ დაღალეთ ეს გოგო! შოთა, ნუცა გაიყვანე და საქმეს მიხედეთ, საღამოს სტუმრები მოვლენ, უნდა მოვასწროთ ყველაფერი. მატი, წამო ჩემთან ერთი წუთით! -როგორც ყოველთვის ჩვეოდა, გასცა დედაჩემმა ბრძანება, მე კი ხელი გადამხვია და მეორე ოთახში გამიყვანა. ვერაფრით ვერ ვეგუები ცალხელა დედაჩემს. ასე მგონია, უცხო ვინმეა. ალბათ, ამასაც დრო სჭირდება.
- აი, ესენი მერიმ გამოგიგზავნა საბერძნეთიდან, - თქვა და ვეებერთელა სამგზავრო ჩანთა საწოლზე წამოაპირქვავა…
კაბები, შარვლები, მაისურები, ტრუსები, ბიუსტჰალტერებიც კი… ყველაფერი იყო, რაც ქალს სჭირდებოდა. ხელი არაფრისთვის მიხლია, დედას გავხედე მხოლოდ:
- ვინ სტუმრებს ელოდები, დედა?
ჯამაიკა წამით შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია და სხაპასხუპით მომაყარა:
- შენ რომ გაგიხარდება, ის ხალხი მოვა დღეს. ნატა მოვა, შენი დაქალი, ოთო მოვა, შენი კლასელი, კიდევ….
- დედა! - მთელი ხმით ვიყვირე.
- რა დედა, რა დედა! - არ დამითმო, - გეყოფა ამდენი გლოვა! საკუთარი თავის გლოვა! ის ბიჭი წლებია, შენ გამოჩენას ელოდება. შენ გამო ქალს არ გაჰკარებია ამდენი ხანი. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია! უნდა შეხვდე და დაილაპარაკოთ.
- არა! ეს არ მოხდება! - ნერვიულობისგან ამაცახცახა. ისე გავერიყე ადამიანებს და ურთიერთობებს, არავის ნახვა არ მინდოდა, არავისთან სიახლოვე არ მიზიდავდა. სრულიად გაუცხოებული ვიყავი.
- ისე მოხდება, როგორც დაგიბარებია! აგერაა ტანსაცმელი, რაც გინდა, აირჩიე და ჩაიცვი, ადამიანს დაემსგავსე! ცოტა ხანში ლიკა მოვა და თმას დაგვარცხნის, მაკიაჟსაც გაგიკეთებს. დღეს განსაკუთრებულად ლამაზი უნდა იყო. მორჩა, არაფრის მოსმენა არ მსურს! შენი თავი თუ არ გეცოდება, ჩვენ მაინც შეგვიცოდე. დავწყდით უკვე ყველანი შენი შემყურე!
ამ დროს ნუცა დეიდა შემოვიდა. ახლა იმან დამმოძღვრა, დამიყვავა, დღეიდან მეც გვერდით გეყოლები, სულ ერთად ვიქნებითო…
მაინც დამიყოლიეს… მალე ლიკაც მოვიდა. მთელი დღე გარს მირბენდნენ და ისე მრთავდნენ, როგორც პატარძალს. ქალთა მარაქას მოგვიანებით ნატაც შემოუერთდა. როგორ გამიხარდა მისი დანახვა, თითქოს ცა გაიხსნა და მზემ გამოანათა. ერთმანეთს ვეხვეოდით და ვტიროდით.
ყველაზე მეტად ოთოსთან შეხვედრა მიძნელდებოდა. მე კი ისევ ისე მიყვარდა, მაგრამ მას? ჩემნაირი რაში სჭირდებოდა? განათხოვარი, ნაციხარი… ნუთუ ასეთი რამის პატიება შეუძლიათ კაცებს? ვერ წარმომედგინა, მაგრამ რას ვკარგავდი? მისი სიყვარული უკვე გამოტირებული მქონდა. უბრალოდ, შევხვდებოდით ერთმანეთს და ის იქნებოდა. ამით ალბათ არც არაფერი დაშავდებოდა.
ეს მომენტიც დადგა. ზარი დაირეკა და დედა კარის გასაღებად გავარდა. კედელს ლამის მიველურსმე. თექვსმეტი წლის უნახავი შეყვარებული უნდა მენახა! რა ხდებოდა ამ დროს ჩემს გულში, ამას მხოლოდ მე ვხვდებოდი, მე და ალბათ… ოთოც. ალბათ მის გულშიც იგივე ხდებოდა…
ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ოთახში ოთოსთან ერთად დედამისი ლალიც შემოვიდა. ამას ნამდვილად არ ველოდებოდი. ვიგრძენი, როგორ გავწითლდი.
ოთო! იმ დღეს, ვაგზალზე რომ შევეფეთე, შეშინებული გავიქეცი და მერე წესიერად ვერც აღვიდგინე მისი სახე. ახლა კი პირისპირ შევყურებდით ერთმანეთს. არ ვიცი, რა გაიფიქრა. მე კი ვუყურებდი მის ოდნავ შეთხელებულ თმას, ოდნავ გამკაცრებულ სახეს, ოდნავ წონამომატებულ სხეულს და გული სითბოთი მევსებოდა. ეს კაცი ხომ მთელი ცხოვრება მიყვარდა!
მას ხელში არაფერი ეჭირა - არც თაიგული, არც ტორტი, არც რამე ყუთი… ცარიელი ხელებით შემოვიდა და არ იცოდა, ეს ცარიელი ხელები სად წაეღო. დედამისი მომიახლოვდა, გადამკოცნა და დაბადების დღე მომილოცა. მერე ისიც მომიახლოვდა. გამიღიმა და ჩემი სახე დიდხანს ათვალიერა. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა. უეცრად ოთახიდან ყველა გაიკრიფა და მარტონი აღმოვჩნდით.
- რამდენი წლის გახდი? - ესღა მკითხა გაღიმებულმა.
- ოცდამერაღაცის, - მეც გაღიმებულმა მივუგე.
- გილოცავ ოცდამერაღაცე დაბდღეს, - ცალთვალმოჭუტულმა წარმოთქვა და ლოყაზე ტუჩები მომადო.
როგორ ამეწვა ის ადგილი, ცხელი უთო მომადეს თითქოს. თვალები თავისით მიმელულა.
- მადლობა, - ამოვიჩურჩულე და კედელს უფრო მივეტმასნე.
- მე სულ ვფიქრობდი შენზე. სულ. შენ?
- მე? მე ალბათ უნდა გადავჩხრიკო ჩემი მოგონებების ზანდუკი, შენ რომ გიპოვო.
- ჰოდა, გადაჩხრიკე, მე არსად მეჩქარება, - მშვიდად მომიგო, მერე უეცრად ჯიბიდან ფლომასტერი დააძრო, ლოყაზე რაღაც წამაწერა და ეშმაკურად გამომხედა:
- მიდი, სარკეში ჩაიხედე.
ძლივს მივაღწიე სარკემდე. ჩავიხედე. ლოყაზე წითლად მეწერა: "მიყვარხარ". ეს მისი საჩუქარი იყო. გული ამიჩუყდა.
- რაში გჭირდები მე შენ ასეთი? ხომ იცი, რომ ბევრად უკეთესს იმსახურებ? - ხმა ამითრთოლდა.
- ნუ იგონებ. შენ არ მეუბნებოდი, რაც უნდა მოხდეს, სულ ერთად უნდა ვიყოთო? მე დაგიჯერე და დღემდე გელოდი. ახლა შენ დამიჯერე.
- შენ არ იცი, მე რა გამოვიარე, რა გადავიტანე.
- ვიცი. ყველაფერი ვიცი. ნატა კი შეგპირდა, ოთოს არაფერს ვეტყვიო, მაგრამ მაინც მიამბო.
- და გინდა მითხრა, რომ ყველაფერს მპატიობ?
- ვააა, საპატიებელი რა გჭირს? ის, რაც თავს გადაგხდა, შენი არჩევანი არ ყოფილა. ჩათვალე, რომ ეს მხოლოდ გამოცდა იყო, რომელიც ასე თუ ისე ჩააბარე.
- მე გათხოვილიც ვიყავი.
- არა აქვს მნიშვნელობა. ახლა ხომ ხარ თავისუფალი? განათხოვარი ქალები რა, მეორედ არ თხოვდებიან? ახლა მაინც ნუ მეწინააღმდეგები. ერთხელ რომ გამაგდე, ისიც საკმარისია. ახლა სულ თავში რომ მირტყა, მაინც ვერ მომიშორებ თავიდან, გასაგებია? მთელი ცხოვრებაა, ერთმანეთის საპირისპირო გზით დავდივართ და როგორც იქნა, გადავაწყდით ერთმანეთს. ჩემი გზა ყოველთვის შენკენ მოდიოდა. შენი?
- ჩემი კი შენკენ.
- და აი, მოვედით შეხვედრის ადგილამდე. იქნებ დღეიდან მაინც ვიაროთ ერთი გზით. დამიმგზავრებ?
- ჩაჯექი. - ღიმილით მივუგე და მის მკერდს მივეხუტე…
ამიერიდან ერთად უნდა გვევლო… და იმაზე გრძელი გზა უნდა გაგვევლო, ვიდრე ერთმანეთთან შეხვედრამდე გამოვიარეთ. მაგრამ ამ გზის უკვე აღარ მეშინოდა… არც ოთოს…

დასასრული

იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 10 /
ეთერი
მადლობა. გაიხარეთ. გვანებივრებთ ცხოვრებისეული გრძნობებით
15:50 / 24-03-2021
გამოხმაურება / 0 /
lela
dzalian kargi dasasruli iko amdeni gachirvebis dadamcirebis shemdeg
13:01 / 24-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93