- მოდი, ასე მოვიქცეთ, კატი, -_ შემრიგებლური ტონით დაიწყო ანდრიამ, - დარჩი ჩვენთან, სანამ არ გადაწყვეტ, რას იზამ, საით წახვალ. მე, რა თქმა უნდა, ყველაფერში დაგეხმარები, შეუძლებელსაც შევძლებ შენი გულისთვის.
- შენგან არაფერი არ მინდა, - იფეთქა ქალმა, - არაფერი!
- ამას იმიტომ ამბობ, რომ გულგატეხილი ხარ. მიუხედავად ამისა, მე პასუხიმგებლობას ვგრძნობ შენ წინაშე და ვალდებული ვარ, ვიზრუნო შენზე.
- არაფერში მჭირდება შენი მზრუნველობა! - კატი უკვე ყვიროდა, - მე სიყვარული მჭირდება!
- ვფიქრობ, არ ღირს ახლა სიყვარულზე ლაპარაკი. უკვე ცხრა წელი გავიდა, რაც ერთმანეთი უკანასკნელად ვნახეთ და ამ დროის განმავლობაში ორივენი შევიცვალეთ.
- უკანასკნელად!.. ეს არ იყო უკანასკნელი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა იყო. შენ შეიძლება შეიცვალე, მაგრამ არა მე! - ამაყად განაცხადა, - მე ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი და ყოველთვის ასეთად დავრჩები. ნუთუ ასე სწრაფად დაივიწყე ყველაფერი, რაც ჩვენ შორის იყო? და ახლაც, როცა ჩემ გვერდით ხარ, არანაირი გრძნობა არ გიჩნდება?
ანდრია მისკენ ზურგით შებრუნდა.
- სამწუხაროდ, არა. შენ მიმართ უკვე არანაირი გრძნობა არ გამაჩნია. ჩვენ უკვე დავშორდით ერთმანეთს, ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც. მე შევეჩვიე უშენობას და სიყვარულიც ნელ-ნელა განელდა. მაპატიე, მაგრამ აზრი არა აქვს ტყულის თქმას. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ.
კატია სასოწარკვეთილი ცდილობდა თავი დაეცვა მისი სიტყვებისგან, მაგრამ ქმრის ყოველი წინადადება მტკივნეულად, მომაკვდინებლად ხვდებოდა გულზე.
- გინდა მითხრა, რომ აღარ გიყვარვარ?
- იმის თქმა მინდა, რომ ახლა ჩვენ სრულიად სხვა ადამიანები ვართ, - არა ის პატარა გოგო და ბიჭი, ცხრა წლის წინ რომ დაქორწინდნენ. ჩვენ ერთმანეთს საკუთარი ნება-სურვილის გარეშე დავშორდით, მაგრამ ეს მოხდა და დროის უკან დაბრუნება ჩვენს ძალებს აღემატება.
ქალს კარგა ხანს კრინტი არ დაუძრავს, თითებს იმტვრევდა და ნერვიულად ეხებოდა ნიშნობის ბეჭედს, მარჯვენა ხელის არათითზე რომ წამოეცვა.
- იმიტომ არ გიყვარვარ, რომ ასე დავუშნოვდი?
- ო, ღმერთო ჩემო! - ანდრიას მოთმინების ფიალა აევსო, - რატომ ლაპარაკობ ასე? რა შუაშია დაუშნოება? ჩემს ნათქვამს არაფერი აქვს საერთო შენს გარეგნობასთან.
- აქვს, - წაიჩურჩულა კატიამ, - მე შენთვის უცხო გავხდი. ყველაფერი გასაგებია. - კატია წამოდგა და მოპირდაპირე მხარეს მდგარი კარადის სარკეში თავის გამოსახულებას შეავლო თვალი, - ჰო… - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა, - როცა სარკეში ვიყურები, იქ ვიღაც მოხუც ქალს ვხედავ, რომელიც ნაადრევად დაბერდა. ჩვენ მეტი სალაპარაკო არაფერი გვაქვს. აჯობებს, წავიდე, - თქვა და კარისკენ გაემართა.
- მოიცა, სად მიდიხარ? - დაადევნა ანდრიამ, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
- სადმე. იმედია, კეთილი ხალხი არ დალეულა. ვინმე შემიფარებს. რაც მთავარია, უკან არ დავბრუნდები.
- სისულელეს ნუ ლაპარაკობ. შენ ჩვენთან დარჩები, სანამ რამეს არ მოვიფიქრებთ. ვიცი, ჩემი მიღებით იმედგაცრუებული დარჩი, მაგრამ უნდა გამიგო. შენ ხომ გონიერი გოგო ხარ, ამიტომ გონივრულობა გმართებს.
- გონივრულობა… - ექოსავით გაიმეორა კატიამ და კართან შეჩერდა, - როგორც ჩანს, ხშირად იყენებს ამ სიტყვას. კარგი, ანდრია. მაშინ მითხარი, რა გონივრულ ნაბიჯს მოელი ჩემგან?
- პირველ რიგში, თავი უნდა მოიწესრიგო, მერე დაწვე და გამოიძინო, დაისვენო. გატანჯული სახე გაქვს.
- წლებია, ნორმალურად არ მძინებია, - გამოტყდა კატია.
- დედა გამოგინახავს ოთახს, სადაც იცხოვრებ. როცა კარგად გამოიძინებ და დაწყნარდები, ყველაფერი სხვაგვარად მოგეჩვენება. ვფიქრობ, მანამდე ჩვენს საუბარს აზრი არა აქვს.
- ძალიან, ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა, - მშვიდად წარმოთქვა კატიამ.
ანდრია ირონიას მიუხვდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
- საჭმელს ოთახში მოგიტანენ, ამაზე მე ვიზრუნებ.
- გმადლობ. არ მშია.
- როცა იბანავებ და დაისვენებ, მოგინდება.
კატიას პასუხი არ გაუცია, კარი გააღო და დერეფანში გავიდა. ანდრია უკან მიჰყვა…
სანამ მამაკაცი დედამისს ელაპარაკებოდა, კატია კარის ზღურბლზე იდგა, რადგან სასტუმრო ოთახში შესვლის მოერიდა. ისინი მისგან შორს იდგნენ, ამიტომ არ ესმოდა, დედა-შვილი რაზე საუბრობდა, მაგრამ შეამჩნია, როგორ აღელდა ქალბატონი ნიტა, რომელიც მისკენ გამოემართა.
- ვფიქრობ, ანდრია მართალია. უნდა დაისვენოთ, - თქვა ნიტამ, - ამხელა გზის გამოვლით დაიღლებოდით.
ღმერთო, როგორი ოფიციალური ტონი იყო! სხვას კატია არც ელოდა. გადაწყვიტა, არ ეპასუხა. იცოდა, ხმა გასცემდა. მხოლოდ თავი დაუქნია ქალს და მორჩილად მიჰყვა უკან.
ნიტა მეორე სართულზე ავიდა. კატია ბარბაცით შეუყვა მარმარილოს საფეხურებს. ახლა ეს ქალი უკვე არ ითვლებოდა მის დედამთილად, რადგან ანდრია კატის ქმარი აღარ იყო. როგორი უცნაურია ცხოვრება. ის უცხო გახდა მათ ოჯახში, არასასურველი, ზედმეტი. რაც მალე გაერიდება აქაურობას, მით უკეთესი იქნება მისთვის.
დილის მზემ ოთახში შემოაღწია და თბილი სხივები ირგვლივ მიმოფანტა. კატიამ რბილი ბალიშიდან თავი აიღო და მიმოიხედა. უცებ ვერც მიხვდა, სად იმყოფებოდა. მეხსიერება რამდენიმე წამში აღუდგა და ოთახს თვალი მოავლო. აქაურობა შეცვლილიყო. ადრე სულ სხვა ავეჯი იდგა. ახლა ყველაფერი შეეცვალათ. ეს ის ოთახი იყო, სადაც ის და ანდრია პირველად ჩამოსვლის დროს დაბინავდნენ, მათთვის განკუთვნილი საძინებელი. იატაკზე მწვანე ხალიჩა ეგო, რომელიც მწვანეყვავილებიან ფარდებს მიესადაგებოდა. კედლები კრემისფრად შეეღებათ. პატარა სამფეხა მაგიდაზე სინი იდო საჭმლის ნარჩენებით. ეს ის ვახშამი იყო, რომელიც წუხელ ანდრიამ გამოუგზავნა.
ანდრია… მას უკვე აღარ შეეძლო ეფიქრა ამ კაცზე, როგორც იმ ყმაწვილზე, რომელსაც შორეული წლების წინ იცნობდა, რომელსაც უყვარდა და სულით ხორცამდე ეთაყვანებოდა. ცხრა წელი ინახავდა გულში მის სახებას, მაგრამ როგორც კი მწარე რეალობას შეეჯახა, წარსული უცებ უკვალოდ გაქრა.
შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ მას ძველი ანდრიას დანახვა სურდა, ისეთისა, აეროპორტში რომ დაემშვიდობა. ეგონა, ქმარი ისევ ისეთი დახვდებოდა, თბილი, მოსიყვარულე და მის მოლოდინში გატანჯული, მაგრამ შეცდა. ძნელი დასაჯერებელი იყო, ცხრა წლის განმავლობაში მისი საყვარელი ადამიანი ასე შეცვლილიყო. კატი ქმარს საერთოდ ვერ ცნობდა. როგორი ცივი გამომეტყველებით უმზერდა. პირველმა ემოციამ, თავზარდაცემა რომ გამოიწვია, ანდრიას მალევე გაუარა, მაგრამ სიცივე და გულგრილობა დარჩა. როცა მამაკაცმა მხარზე ხელი მოუთათუნა, ვერც სიყვარული იგრძნო და ვერც სინაზე. ეს იყო ზიზღი, რომლის დამალვასაც ყოფილი ქმარი მთელი ძალისხმევით ცდილობდა.
კატია საწოლიდან გადმოვიდა და სარკეს მიუახლოვდა. გული ერეოდა ამ ჩავადრნილი ლოყებისა და ჩაცვივნული თვალების დანახვაზე. ღია ფერის თმა გახუნებოდა, თითქოს მტვრის ფენა დასდებიაო. ვერ დაადანაშულებდა ანდრიას იმის გამო, რომ ცოლი ვერ იცნო. თვითონ ძლივს ცნობდა თავის თავს. ამოიოხრა და სწრაფად შეუდგა ჩაცმას.
ამ დროს კარი გაიღო და სინით ხელში მოსამსახურე გამოჩნდა.
- დილა მშვიდობისა, ქალბატონო. - მოსამსახურემ სინი მაგიდაზე დადგა, - იმედია, კარგად გამოიძინეთ.
- დიახ, გმადლობთ, - კატიამ ყავას და ფუნთუშებს გახედა, - რატომ შეწუხდით, საუზმეზე ჩამოვიდოდი.
- ბატონმა ანდრიამ მთხოვა, საუზმე თქვენთვის აქ ამომეტანა. დამაბარა, მერე ჩემს კაბინეტში ჩამოვიდესო.
- კარგი, ახლავე ჩავალ.
- არა, ჯერ ისაუზმეთ, ქალბატონო! თქვენთვის ასე ჯობია.
კატია შეყოყმანდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიუჯდა მაგიდას და ყავა მოსვა.
ყავა გემრიელი იყო. გემრიელი იყო ფუნთუშებიც, რომლებშიც კარაქის ნაჭრები ჩაედოთ. მაგრამ კატიას მადა დაჰკარგოდა, რადგან ანდრიასთან შეხვედრა და საუბარი მოელოდა. უნდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებულიყო ეს წამება.
როცა საუზმეს მორჩა, კვლავ სარკეს მიაშურა და თმა გადაივარცხნა…
კატია დიდი ხანია, თავის ძველმოდურ ტანსაცმელს შეეჩვია. და მხოლოდ ახლა, ამ მდიდრულ, ელეგანტურ გარემოში შეიგრძნო, რამდენად საშინლად გამოიყურებოდა გახუნებულ კაბაში. თუმცა, რაღას გააწყობდა? ჩანთაში სხვა უკეთესიც არაფერი ედო, რომ გამოეცვალა. თანაც, მეორე ხელი ტანსაცმლის დაუთოება მოუწევდა, რისი არც საშუალება იყო და არც დრო. მოსამსახურისთვის მოერიდა უთო ეთხოვა. აქ ყველასი და ყველაფრის ერიდებოდა.
თმა კეფაზე დაიმაგრა და დაბლა ჩავიდა, სადაც ანდრიას კაბინეტი ეგულებოდა.
მისი გამოჩენისთანავე მამაკაცი მაგიდას მოშორდა და შეეგება.
- იმედია, კარგად გეძინა… - თავაზიანად დაინტერესდა იგი.
- კი, კარგად მეძინა, ამისთვის დიდი მადლობა, - მიპატიჟებას არ დალოდებია, ისე დაჯდა სკამზე, - არც ვიცი, მე და შენ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც მალე წავალ, ალბათ, მით უკეთესი.
- არც ისე ადვილადაა საქმე. უკვე დამირეკეს მეზობლებმა, სტუმარი ჩამოგივიდათო?
- დაგირეკეს? მაგრამ აქ მე არავინ მიცნობს…
- არა, არა, მაგიტომ არა. შენ თურმე ჩემი სახლი იკითხე გზად, როგორ მივაგნო ჭავჭავაძეებსო და… - ახსნა ანდრიამ, - ის ქალი, აქეთ რომ მოგასწავლა, ერთი ჭორიკანა დედაკაცია. მას ის უფრო აინტერესებდა, შენ ის რუსი გოგო ხომ არ იყავი, ერთ დროს ცოლად რომ მყავდა. ხომ გახსოვს, აქ რომ ჩამოვედით?
- მახსოვს, როგორ არა. რა სასაცილოები ხართ ქართველები. რუსები და უკრაინელები ერთი და იგივე გგონიათ.
- მხოლოდ ძალიან ცოტას, რაც, უბრალოდ, პროვინციალიზმის ბრალია.
- და რაო მერე იმ ქალმა, მიხვდა, ვინც ვიყავი? - ჩამწყდარი ხმით იკითხა კატიამ.
- ვერა. თუმცა, თუ საბაბს მივცემთ ეჭვისთვის, შეუძლია დასკვნები გამოიტანოს. ეს ძნელი არ არის. მანამ კი მას შენ სულ სხვა ვინმე ჰგონიხარ… - აქ ანდრიამ პაუზა გააკეთა და ყოფილ ცოლს ოდნავ დაბნეულად შეხედა, თითქოს საჭირო სიტყვას ეძებსო, - მე სულაც არ მრცხვენია იმის, რომ ერთ დროს შენზე დავქორწინდი, დამიჯერე.
- მაგის ჯერ კიდევ მჯერა.
- უნდა გჯეროდეს, ამას გულწრფელად ვამბობ, - მთელი ამ დროის განმავლობაში მის ხმაში პირველად გაჩნდა გრძნობის მარცვალი, - მე შენ ძალიან მიყვარდი და ვწუხვარ, ასე რომ მოხდა… გული მტკივა ამ ყველაფერზე.
- მადლობა. მიხარია, ეს რომ მითხარი, - ჩაიცინა კატიამ.
რამდენიმე წამის განმავლობაში ისინი ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ. შემდეგ ანდრიამ წამწამები დაახამხამა და ცოლს მზერა მოაცილა. აშკარა იყო, აბეზარ მოგონებებს იშორებდა თავიდან.
- რაღაც მინდა გითხრა, - გააგრძელა მამაკაცმა, - მე საპარლამენტო არჩევნებში ვმონაწილეობ, ამიტომ ვინმესთვის ცნობილი რომ გახდეს შენი აქ ჩამოსვლა…
- ჩემი ჩამოსვლა რა შუაშია? - კოპები შეიკრა კატიამ.
- კატი, მომისმინე. ჩემ გარშემო უკვე ყველამ იცის, მამაშენს რაშიც დასდეს ბრალი. ჩვენი ქორწინების ანულირებაც ამის გამო მოხდა. ახლა ჩემმა მოწინააღმდეგეებმა რომ გაიგონ შენი აქ ყოფნის ამბავი, ნამდვილი კატასტროფა მელის. გასაგებია, რასაც ვამბობ?
- მაგრამ მამაჩემი მოღალატე არასდროს ყოფილა, - ქალმა თვალები დააკვესა და სკამიდან წამოიწია.
- ვიცი, მაგრამ ამას მე და შენ ვერ დავამტკიცებთ, ჩვენდა სამწუხაროდ. იმისთვის, რომ არჩევნებში გავიმარჯვო, სუფთა წარსული მჭირდება, ყოველგვარი შავი ლაქის გარეშე.
- მაგრამ შენ მგონი დაგავიწყდა, რომ მე შენი ცოლი აღარ ვარ.
- მერე რა? ეს კიდევ უარესი. იტყვიან, ცოლი სკანდალის ასატეხად ჩამოვიდაო.
- დარწმუნებული ვარ, შენ საუკეთესო გამოსავალს იპოვი ამ სიტუაციიდან, - ცინიკურად მიახალა კატიამ და წამოდგა.
ანდრიამ თავი დაუქნია, არც ამჯერად მიაქცია ყურადღება მის სარკაზმს.
- ჰო, მეც ასე ვფიქრობ. ყველაფერს ისე მოვაგვარებ, რომ პრობლემებმა არ იჩინოს თავი. მაგრამ შენზე არჩევნების დამთავრების შემდეგ ვიზრუნებ. მანამდე…
- მაინც ვერ ვხვდები, ჩემმა აქ ჩამოსვლამ შენ ზიანი რატომ უნდა მოგაყენოს. მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, ის ციხეში მოკლეს. დიახ, მოკლეს, ამაში დარწმუნებული ვარ. მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. მე ისე აღარ მაკონტროლებდნენ, როგორც ადრე, ამიტომაც გამიადვილდა იქიდან გამოპარვა. რაშია პრობლემა?
- იცი რა? ინტელიგენტი ადამიანები ამას გაიგებენ, მაგრამ აქ ყველა ეგეთი არ არის, მით უფრო, ჩემი კონკურენტები.
- ეს ერთადერთი მიზეზია, რომლის გამოც გინდა დამალო ჩემი ვინაობა? მე ქართული კარგად არ ვიცი, მაგრამ ამის გამო ნუ შეგექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჭკუანაკლული ვარ. გუშინ საღამოს ვიგრძენი, რომ არის სხვა მიზეზიც, რამაც ჩემი გამოჩენა აქ ზედმეტი გახადა.
- თუ რამე დაგიმალე, - სწრაფად ალაპარაკდა ანდრია, - მხოლოდ იმიტომ, შენს გრძნობებს ვეცი პატივი. არ მინდოდა, განერვიულებულიყავი.
- უკვე დიდი ხანია, მივეჩვიე ცივი გონებით მოქმედებას. ჩემს გრძნობებს აღარავინ აღარ უფრთხილდება და არც არავინ მზოგავს. ამიტომ შეგიძლია თამამად გააგრძელო, რის თქმასაც აპირებდი.
- გახსოვს ის გოგო, დედაჩემის გვერდით რომ იჯდა?
- წუხელ?
- ჰო, წუხელ, შენ რომ მოხვედი.
- შავი თმით? მეგონა, შენი და იყო.
- არა, ჩემი და გვერდით სახლში ცხოვრობს, ამიტომ ის აქ არ იყო. ის გოგონა ჩემი… ჩემი საცოლეა.
კატიამ ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
- გასაგებია… შენ თავისუფალი ადამიანი ხარ, გქონდა ამის უფლება.
- რა თქმა უნდა, თავისუფალი ვარ. უბრალოდ, ჯერ არ დავქორწინებულვართ. კანონიერად ცოლ-ქმარი არ ვართ.
- და ისე?
- რა ისე?
- ერთად წევხართ? - დელიკატურად იკითხა კატიამ.
- ეს დღეს არავის უკვირს ჩვენთან, მაგრამ არა, ჯერ მსგავსი არაფერი. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, რომელიც მხოლოდ ერთხელ დავარღვიე ცხოვრებაში. მაშინ, როცა შენ გაგიცანი.
- ისე… - ქალმა უცებ თავი ასწია და ჯიქურ გაუსწორა მზერა მამაკაცს, - განქორწინებაზე მე შენთვის თანხმობა არ მომიცია. ასე რომ, შემიძლია ვიბრძოლო.
- აი, სწორედ მაგას ვამბობდი. სკანდალი განა რამე სხვას ნიშნავს…
- ნუ გეშინია, - კვლავ ჩაიცინა კატიამ, - არ ვაპირებ სცენების მოწყობას. შენ შენი არჩევანი კარგა ხანია, გააკეთე. ძალით არ შეგეტენები. დღესვე წავალ აქედან, რომ ზედმეტი შეკითხვები არავის გაუჩნდეს.
- არა, არსადაც არ წახვალ. ნუ გგონია, რომ შენი აქ ყოფნით მაზარალებ. შენ ჩემი ცოლი იყავი და მე ვალდებული ვარ, მოგხედო.
- მე წასვლა მინდა. მივეჩვიე პრობლემებთან მარტო გამკლავებას. მამის სიკვდილის შემდეგ დედა დიდხანს ავადმყოფობდა, მე კი მუშაობის უფლებაც ამიკრძალეს. ჩვენი ოჯახის მეგობრებსაც კი ეშინოდათ, დაგვხმარებოდნენ, რაღაცით მაინც შეგვწეოდნენ. ასე რომ, ფოლადივით გამოწრთობილი ვარ, არაფრის არ მეშინია.
- ნეტავ ადრე ჩამოსულიყავი.
- ვერ შევძელი, სანამ დედა ცოცხალი იყო.
ანდრია გაწითლდა.
- ჰო, ვიცი. ამას ისედაც უნდა მივმხვდარიყავი. სამაგიეროდ, ახლა აქ ხარ და იმედია, იცხოვრებ ჩვენთან, სანამ…
მამაკაცს თითქოს ხმა ჩაუწყდა, მაგრამ კატია მიხვდა, რისი თქმაც უნდოდა.
- სანამ არჩევნები ჩამთავრდება?
- ჰო. ახლა მთელმა სოფელმა იცის შენი ჩამოსვლის ამბავი. უცებ რომ წახვიდე, დაიწყება ერთი მითქმა-მოთქმა. მართალია, არ იციან, ვინ ხარ, მაგრამ მოულოდნელად რომ გაუჩინარდე, ეს უფრო მეტად გააჩენს ეჭვებს. ვინ იყო, რატომ, რისთვის და ასე…
- უთხარი ყველას, ვითომ თქვენი ახალი მოსამსახურე ვარ, - თითქმის მხიარულად გააგრძელა კატიამ, - რომ მე არ გამოვდექი და გამათავისუფლეთ. - და კვლავ ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში, - შენ ხომ ამის შემოთავაზება გინდოდა? მითხარი, ხომ გინდოდა, შენი მოსამსახურის როლი შემესრულებინა?
- არა, არა, რას ამბობ, - ანდრია ცოტათი დაიბნა, - მოსამსახურე არა. უბრალოდ, ვიფიქრე, ვითომ ბავშვების აღმზრდელი დავიქირავეთ. ეს ისე, სხვების თვალის ასახვევად…
- შენ რა, უკვე ბავშვებიც მოასწარი? - კატის სიმწრით გაეცინა.
- ჩემი არა, ჩემი დის ბავშვებზე ვლაპარაკობ. სხვათა შორის, დედამ მირჩია. ეს დროებითი გამოსავალია შექმნილი ვითარებიდან. შეგეძლო აქ დარჩენილიყავი, სანამ ჩემს საქმეებს მოვაგვარებ.
- ჩემი აქ დარჩენა ყველა შემთხვევაში ავნებს შენს კარიერას. ეს ნამდვილად არ მინდა. შენგან მე ისედაც არაფერს ვითხოვ.
- ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, - ანდრია გაურბოდა მის მზერას, - მადლობა, რომ გამიგე, კატი.
- მადლობას ნუ მეუბნები. ღარიბებს არჩევანის საშუალება არა აქვთ, ჩემი ქმრის სახლში კი ღარიბი და მათხოვარი ვარ. ასე გამოდის.
- საყვარელო, ნუ ამბობ ასე!
კატის მამაკაცის ტკივილიანი ხმისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია, ისე გაიქცა ოთახიდან. მისი ტკივილი უფრო მწარე იყო.
დერეფანში გასულმა დამფრთხალი მზერით მიმოიხედა, მარცხენა მხარეს მდებარე კარი გააღო და სწორედ იმ ოთახში აღმოჩნდა, წუხელ ყველას წინაშე რომ წარდგა. ოთახი დიდებულად იყო მოწყობილი, ჭავჭავაძეებისთვის დამახასიათებელი დახვეწილი გემოვნებით. ირგვლივ ქოთნები ელაგა ოთახის ყვავილებით, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. ინგლისური ფანჯრებიდან აყვავებული ბაღი მოჩანდა და პატარ-პატარა ბორცვები, რომლებზეც ცხვრის ფარა შეფენილიყო.
აჩქარებული ნაბიჯებით ჭიშკარს მიაღწია, გააღო და გარეთ გავიდა. თვალწინ მწვანედ აბიბინებული მდელო გადაეშალა. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, სუნთქვა შეეკრა. ამასობაში თვალები ცრემლით აევსო, რადგან სრულიად უმწეოდ და დაუცველად იგრძნო თავი. სწრაფად ამოისვა ორივე მუჭი თვალებში, რადგან იცოდა, რომ საკუთარი თავის შეცოდებას თუ დაიწყებდა, დაერხეოდა. ეს ყველაფრის დასასრული იქნებოდა. ახლა არ უნდა იფიქროს მომავალზე, რომელზეც ოცნებებს აგებდა. მთავარია, მისი საშინელი წარსული უკან დარჩა და უსაფრთხოდაა. მართალია, ანდრიას გარეშე, მაგრამ მაინც. ის ახლა თავისუფალია და გზას როგორმე გაიკვალავს. ბოლოს და ბოლოს, ანდრია მართლა ვალდებულია, დაეხმაროს. ის კი ამას აუცილებლად გააკეთებს.
იქვე ტევრი იყო და კატიამ სწორედ იქითკენ აიღო გეზი. რაც უფრო შორს მიდიოდა, მით უფრო დაბურული ხდებოდა არემარე. ტევრი მეჩხერმა ტყემ შეცვალა. უეცრად თმაში ხის ტოტი გამოედო. მაღლა აიხედა და მწიფე ალუბალი შერჩა ხელთ. ისე გაუხარდა, აღტაცების შეძახილი აღმოხდა. ტოტი თავისკენ მოიზიდა და ალუბალი დასუნა.
- სასწაულია, არა? - მის ზურგს უკან ქალის მელოდიური ხმა გაისმა.
კატია შებრუნდა და დაახლოებით თავისი ასაკის ქალი დაინახა, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმითა და სასიამოვნო, ნათელი სახით, - თქვენ ალბათ კატია ხართ, არა? -გააგრძელა უცნობმა, - მე კიდევ ბეტი ვარ, ანდრიას და.
- ო, ბოლოს და ბოლოს, გავიცანით ერთმანეთი. მაგრამ როგორც მახსოვს, ანდრიას დას ელისაბედი ჰქვია.
- ოფიციალურად კი, მაგრამ შინაურულად ბეტის მეძახიან. თქვენთვისაც ბეტი ვიქნები.
- რა პრობლემაა. ბეტი ლამაზი სახელია, თანაც მოკლე, ელისაბედი კი იმსიგრძეა, ენას მოიტეხს კაცი, სანამ წარმოთქვამს.
- მაგიტომაც გადავირქვი, - გადაიკისკისა ბეტიმ და ლამაზი კბილები გამოაჩინა.
- ჩვენ რომ დავქორწინდით, თქვენ ამერიკაში იყავით მაშინ.
- მართალია, ამერიკაში ვიყავი. მიხარია, რომ თქვენი გაცნობის შესაძლებლობა მომეცა. სურათით მყავხართ ნანახი.
- ჰო, მაშინ ახალგაზრდა და ლამაზი ვიყავი, ახლა კი ბებერი და მახინჯი ვარ.
- რას ამბობთ, მახინჯი სულაც არ ხართ და არც ბებერი. ასე ნუ ამბობთ.
- ანდრიამ მითხრა წეღან, რომ თქვენს ბავშვებს უნდა მოვუარო.
- არა, არა, როგორ გეკადრებათ. ეს, უბრალოდ, მეზობლების თვალის ასახვევად, თორემ მაგას როგორ გაკადრებთ. რაც უნდა იყოს, ჩემი რძალი იყავით. ახლა ჯობია, ასეთი ხმები გავავრცელოთ, თორემ ვინ იცის, რა კუდებს გამოაბამენ თქვენს აქ ყოფნას. თუმცა, მე რომ ანდრიას ადგილზე ვიყო, სიმართლეს ვიტყოდი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, - ბეტი მიუახლოვდა კატიას და გაღიმებული სახით შეათვალიერა.
- მაგრამ ეს ცუდად იმოქმედებს მის კარიერაზე.
- არა მგონია. თუმცა, რა ჩემი საქმეა. აქ ჩემი აზრი არავის აინტერესებს. არადა, მე რომ მის სიტუაციაში აღმოვჩენილიყავი, ვიტყოდი, სინამდვილეში რაც ხდებოდა და უფრო დამაფასებდნენ.
კატიას გულზე მოეშვა. ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდა, რომელიც მისმა ჩამოსვლამ არ "დააზარალა".
- თავის მხრივ, ანდრიაც მართალია. არჩევნებზე ისეთი სიბინძურეები ხდება, მესმის მისი. იცი, როგორი გადაბრალებები იციან? მართალია თუ ტყუილი, ყველაფერს იგონებენ, თუკი სადმე ოდესმე ყური მოუკრავთ, რომ როგორმე ერთმანეთი ლაფში გასვარონ. თქვენი გამოჩენა ალბათ ცოტათი შეამცირებს მის შანსებს, თუკი სიმართლეს გაიგებენ. - თანაგრძნობა გაისმა ბეტის ხმაში, - მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემს გიჟებს უნდა მიხედოთ. ამას არავინ გაიძულებთ.
- ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ მივხედავ, - ოფიციალური ტონით გამოაცხადა კატიამ, - თუკი ანდრიას ეს სურს.
- თქვენ რა, ყოველთვის იმას აკეთებთ, რაც მას სურს? - ბეტიმ კითხვის დასმისთანავე გაიცინა, - მაპატიეთ, შეგიძლიათ არ მიპასუხოთ.
- გიპასუხებდით, რომ შემეძლოს. მაგრამ ჩვენ იმდენად ცოტა ხანს ვიცხოვრეთ ერთად, არ მომეცა შესაძლებლობა, ეს გამეაზრებინა.