ნოველები

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 4

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 4
რომანის დასაწყისი
_ ჰო, ვიცი, თაფლობის თვეც კი ჩაგმწარდათ. ალბათ თქვენთვის ეს დიდი გამოცდა იყო.
_ ბოლო ცხრა წელიწადმა ისედაც ცოტა სიხარული მომიტანა. _ თავდაჭერილად მიუგო კატიამ, _ მაპატიეთ, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, არ ღირს.
_ მაგრამ ტკივილის გულში ჩამარხვაც არაა გამოსავალი.
_ სამაგიეროდ, ასე უფრო მშვიდად ვარ მეც და სხვებიც.
_ იმის თქმა გინდათ, რომ არ გინდათ თქვენი დარდით სხვები დაამძიმოთ? _ ბეტიმ ხანგრძლივი სერიოზული მზერით შეხედა, _ რომ გაიღიმეთ, ძველი სახე დაგიბრუნდათ. თვალწინ
დამიდგა თქვენი ფოტოსურათი. მე რომ ჩამოვედი, ანდრია სულ თქვენზე მიყვებოდა, ყურები მქონდა გამოჭედილი. არ იღლებოდა იმის გამეორებით, როგორი ლამაზი გოგო იყავით.
_ ვიყავი, მართალია, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. ახლა მახინჯი ვარ, უშნო, გულისამრევი, _ თქვა კატიამ და თავის უფორმო კაბას დახედა, მუშაობისგან გაუხეშებულ ხელებს, _ მიჭირს შევეჩვიო იმ აზრს, რომ მისი ცოლი აღარ ვარ. მე ხომ განქორწინების თაობაზე არაფერი ვიცოდი.
ბეტის რძალი შეეცოდა.
_ ალბათ ელდა გეცათ, როცა ანდრიამ ამის შესახებ გითხრათ, არა?
_ ჰო, მართალი ხართ. მაგრამ ესეც უკვე წარსულში დარჩა. ახლა მე თქვენი შვილების ძიძა ვარ.
ბეტიმ კვლავ შეათვალიერა.
_ თქვენს ადგილას რომ ვიყო, ანდრიას სეირს ვუჩვენებდი.
_ თქვენ რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩემს ადგილას ყოფილიყავით, გრძნობების დამალვას ისწავლიდით და იმასაც, რომ საკუთარი აზრები თქვენთვის შეგენახათ. აი, რა მომცა იმ წლებმა.
ბეტიმ არ უპასუხა. კარგა ხანს უხმოდ მისეირნობდნენ, შემდეგ უკან მობრუნდნენ და სახლისკენ უხალისოდ აიღეს გეზი.
_ იცით? თქვენ ახლაც ლამაზი ხართ. _ თქვა უცებ ბეტიმ, _ უბრალოდ, ცოტა კორექტირების შეტანაა საჭირო თქვენს გარეგნობაში, მეტი არაფერი. პირველ რიგში, კარგად უნდა გამოიძინოთ და ახალი ტანსაცმელი შეიძინოთ.
_ ო, ასეთ რამეებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საერთოდ არ მანაღვლებს, როგორ გამოვიყურები და რა მაცვია.
_ რატომ? ახლა თქვენ სამშვიდობოს ხართ, არავინ გდევნით, ამიტომაც არაა საჭირო ისეთი ფორმით იაროთ, როგორითაც აქამდე დადიოდით.
_ ასე ცუდად გამოვიყურები? _ კატიამ ისევ კაბაზე დაიხედა.
_ საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოქცეულს ჰგავხართ.
ორივეს გაეცინა.
_ განა ასე არ არის? _ კატიამ სიცილი შეწყვიტა და კვლავ სევდა მოერია.
_ მით უფრო _ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაივიწყოთ წარსული. თუ არ მიწყენთ, შემიძლია ჩემი გარდერობიდან რამე აგარჩევინოთ. მე და თქვენ თითქმის ერთი ზომის ტანსაცმელი გვჭირდება.
_ არა, მადლობა. შემოწირულობებს არ ვიღებ.
_ ღმერთო ჩემო! რა შემოწირულობა! თქვენ ხომ ჩემი რძალი ხართ. ყოველ შემთხვევაში, სანამ ანდრია მეორე ცოლს მოიყვანს, მე ასე გთვლით. ასე რომ, ნუღარ შემეკამათებით!
კატიამ მსუბუქად გაიღიმა, მხრები აიწურა და მულს დაუთმო.
_ თქვენ ანდრიას სახლში ცხოვრობთ?
_ ასე გამოდის, თუმცა, ხომ ხედავთ, როგორაა ეს სრასასახლე აგებული, _ კვლავ გადაიკისკისა ბეტიმ, _ ორი ერთნაირი სახლი ერთმანეთზეა მიშენებული, მაგრამ ერთად ვსადილობთ, თითქმის სულ ერთად ვართ, მხოლოდ დასაძინებლად გავდივართ იქითა მხარეს. ერთი კარი გვყოფს მხოლოდ, სხვა არაფერი. შიგნიდან რომ დაათვალიერო, მაინც ერთი სახლი გამოდის. თბილისში ბინა არ გვაქვს. რაც გავთხოვდი, აქ გადმოვსახლდით, მამაჩემთან. ჩემი ქმარიც უბინაოა, ორი ძმა ჰყავს და იმათ სახლს ვერ წაართმევდა. ერთი ცოლშვილიანია. სანამ მამა ცოცხალი იყო, ერთად ვცხოვრობდით აქეთა მხარეს, ახლა სადაც ანდრიაა დაბინავებული, მერე კი, როცა დედა და ანდრიაც გადმოვიდნენ, ჩვენ იქით გადავბარგდით, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად. ვარ ფუქსავატურად, კერძების მზადებაც კი არ მევალება.
_ დედათქვენი ამზადებს?
_ დედა? რას ამბობ! _ ჩაიქირქილა ბეტიმ, _ ნიტამ კვერცხის შეწვაც კი არ იცის. მზარეული გვყავს დაქირავებული. თქვენთვის ალბათ ძნელია ამის გაგებაც და მოსმენაც, მაგრამ დედას არისტოკრატული სტილი უჭირავს, ხომ გესმით. არა უშავს, ნელ-ნელა თქვენც მიეჩვევით აქაურობას და მოგეწონებათ.
ასე, საუბარ-საუბარში სახლს მიუახლოვდნენ…

ბეტიმ თავისი სიტყვა შეასრულა. ლიმონის ნაყენის საშუალებით კატიას თმა ჩამობანა და მას ძველებური ბზინვარება დაუბრუნა, შემდეგ კი ლამაზად შეაჭრა უსწომასწორო კულულები და ისეთი ვარცხნილობა დაუყენა, ავ თვალს რომ არ ენახვებოდა. წინამოც კი არ დავიწყებია. ბოლოს დატალღული თმა ფენით გაუსწორა და ახალი მეგობარი ქალს დაამსგავსა.
_ იმედია, კოსმეტიკის საწინააღმდეგო არაფერი გაქვს… _ ირიბად გახედა მოღიმარე ბეტიმ.
_ სიმართლე გითხრა, დიდად არასდროს ვწყალობდი. _ დაიმორცხვა კატიამ.
_ იმიტომ, რომ არ გჭირდებოდა, ისედაც დახატული იყავი. ახლაც ლამაზი ხარ, მაგრამ მცირეოდენი შელამაზება გჭირდება. ხომ არ გწყინს, ამას რომ გეუბნები?
_ არა, ბეტი, რას ამბობ! მადლობის მეტი რა მეთქმის, _ ალერსიანი მზერა შეავლო რძალმა მულს.
რადგან კატიას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, ბეტი საქმეს შეუდგა. სარკის წინ მოკალათებული სტუმარი თავისკენ შემოაბრუნა და მის სახეზე ტონალური კრემის წასმა გულდასმით დაიწყო. არც ტუჩსაცხი დავიწყებია. აშკარად ჩანდა, ანდრიას და ამ საქმეში დახელოვნებული იყო. ისე ოსტატურად ამოძრავებდა მოქნილ თითებს, კატიას სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
საბოლოო ჯამში, რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა კატიამ სარკეში ჩაიხედა, საკუთარი თავი ვერ იცნო. კაბა, რომელიც ბეტიმ აჩუქა, მის სიგამხდრეს ასე თუ ისე მალავდა. ტანზე ისე ლამაზად ედგა, მის აშოლტილ სხეულს უნაკლოდ აჩენდა. მკერდიც კი, რომელიც დაუშნოებას გადარჩენოდა, ახალ კაბაში უფრო გამოეკვეთა. მაგრამ ყველაზე მკვეთრი ცვლილება მისმა სახემ განიცადა: კატია თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც ცხრა წლის წინ. მას ყოველთვის სჯეროდა, რომ, თუ შესაძლებლობა მიეცემოდა, ძველ სილამაზეს დაიბრუნებდა. თვალქვეშა კრემის საშუალებით ჩაშავებული უპეები გაუქრა, ტუშმა გრძელი წამწამები უფრო დაუგრძელა და გაუხშირა, რამაც მისი ლამის იისფერი თვალები მართლა იას დაამსგავსა. პომადამ კი ქალის ფერდაკარგული ტუჩები ატმისფერი ვარდივით ააბრიალა.
_ კიდევ უფრო გალამაზდები, ცოტათი წონაში თუ მოიმატებ, _ დამაჯერებელი ტონით უთხრა ბეტიმ, _ თუმცა, ახლა ასჯერ უკეთ გამოიყურები, ვიდრე წეღან. ანდრია ვერც გიცნობს, აგერ ნახავ.
კატიას სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა. ამ კეთილი გოგონას გვერდით სულ გადაავიწყდა თავისი მწუხარება, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით. თვალები ცრემლით დაენამა და იმისთვის, რომ წამწამებიდან ტუში არ ჩამოსვლოდა, თითები ფრთხილად ამოისვა უპეებში ცრემლების შესამშრალებლად. ბეტი მოეხვია და დამშვიდება დაუწყო. კატიამ მადლობა გადაუხადა მულს დახმარებისთვის, ოთახიდან მთელი სისწრაფით გავარდა და თავის საძინებელს მიაშურა. შესვლისთანავე საწოლზე მიეგდო და აკვნესდა. არა, არ უნდა ეტირა, რათა გულმოდგინედ გაკეთებული მაკიაჟი ცოტა ხნით მაინც შერჩენოდა. არადა, თავის შეკავება უჭირდა. როგორ უნდა ეცხოვრა ამ სახლში, სადაც თავს სრულიად უცხოდ გრძნობდა? ან სანამ უნდა ყოფილიყო ანდრიაზე ეკონომიურად დამოკიდებული? სამსახური ეშოვა? მერადა, სად? აქ, სოფელში? და რა უნდა ეკეთებინა? მინდვრის სამუშაოებში ჩართულიყო? ყურძენი ეკრიფა თუ ღვინო დაეწურა?
ამწუთას თავი ეზიზღებოდა, სიცოცხლე აღარ უნდოდა. როგორ დაევიწყებინა ის ბედნიერი დღეები, რომელიც ანდრიას გვერდით ჰქონდა გატარებული? არადა, იმ ყველაფრის დავიწყება აუცილებელიც კი იყო. მისი ყოფილი ქმარი ახალ ცხოვრებას იწყებდა, სხვა ქალი მოჰყავდა ცოლად და ხელს ხომ არ შეუშლიდა? არც ის უნდოდა, ასეთ დროს ტვირთად დასწოლოდა. თუ ასე არ მოიქცეოდა, ანდრიას მომავალს დაღუპავდა.
_ ღმერთო, მომეცი ძალა, გადავიტანო ეს საშინელება, _ ჩურჩულებდა გულაღმა გაწოლილი, _ მომეცი ძალა, რომ დარჩენა შევძლო, მერე კი ღირსეულად წავიდე აქედან…

დღეები გადიოდა. კარგმა კვებამ და დასვენებამ შესამჩნევად იმოქმედა კატიაზე. ჩაცვენილი ფერდები და ლოყები ნელ-ნელა შეევსო, ღაწვები შეუფარდისფრდა და თანდათან ფორმაში ჩადგა.
პირველი ყველაზე რთული დღეების შემდეგ ნელ-ნელა დაიმკვიდრა ოჯახში ადგილი. ბეტის ბავშვებთან საერთო ენა მალევე გამონახა. ბავშვებსაც ისე მოეწონათ მასთან ყოფნა, წუთითაც არ შორდებოდნენ, მთელ დღეს კატიას გვერდით ატარებდნენ. განსაკუთრებით შეუყვარდა ეკა, ბეტის ხუთი წლის გოგონა, რომლის ოქროსფერი კულულები და ცისფერი თვალები თავის ბავშვობას აგონებდა. ეკა პატარა, მაგრამ სერიოზული გოგონა იყო, თან ისე საქმიანად იცოდა საუბრის გაბმა, გეგონებოდა, ხუთის კი არა, ათი წლისააო. ოთხი წლის თემოს კი სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა: ძალზე ცელქი იყო, ძალზე მხიარული, თან უშიშარი, არაფერზე უკან არ იხევდა ეს თითისტოლა ბავშვი, რაც კატიას სერიოზულად აშინებდა. ვაითუ, რამე დაემართოს, არ მაპატიებენო, ფიქრობდა ხოლმე და თემოს თვალს არ აცილებდა. საითაც უნდა გაქცეულიყო, კუდში მისდევდა. ამასთან, ბიჭი სულ ჭირვეულობდა და ამ თვისებით ყოველთვის თავისი გაჰქონდა. სხვა თუ არაფერი, ბიჭი იყო და, როგორც გვარის გამგრძელებელს, მამა გამუდმებით ანებივრებდა. მას არავინ არ უნდა გასწყრომოდა, წათაქებაზე ხომ ზედმეტი იყო საუბარი. ერთხელ ბეტიმ ყური აუწია და ისეთი ღრიალი მორთო, სანამ მამამისმა ბეტის ხმამაღალი საყვედური არ უთხრა, ბავშვი არ გაჩერდა. ასე რომ, თემოს თვალყურის დევნება ერთობ სახლაფორთო საქმე იყო, თუმცა ერთი მხრივ კარგიც კი _ მის გადამკიდე კატიას თავის პრობლემებზე ფიქრის დრო აღარ რჩებოდა.
სახლში მას ყველა თავაზიანად ეპყრობოდა, თან უფრთხილდებოდნენ, რადგან ეცოდებოდათ. კატია ხშირად ამბობდა უარს ოჯახის წევრებთან ერთად სადილად დამჯდარიყო, რასაც ანდრია გამუდმებით აპროტესტებდა.
_ მე ბავშვებთან ერთად ვისადილებ, _ ეტყოდა კატია ანდრიას, _ მათთან უფრო თავისუფლად ვარ და უფრო მსიამოვნებს. თანაც, მე რომ გვერდით ვეყოლები, ისინიც უკეთ დანაყრდებიან.
_ არავითარ შემთხვევაში! შენ ჩვენთან ერთად უნდა ისადილო. თუ ბავშვები კარგად არ ჭამენ, დედა ჰყავთ და იმან მიხედოს! შენ ისიც გეყოფა, მთელი დღე რომ უკან დასდევ.
ბოლოს შეთანხმდნენ _ როცა ანდრია შინ იქნებოდა, კატია მხოლოდ მაშინ ისადილებდა სხვებთან ერთად, სხვა დროს კი ბავშვებთან იქნებოდა. სწორედ ამ დროს ხდებოდა ქალი მხიარული და მშვიდი. საერთო სუფრასთან ხომ დაძაბული და თავდაჭერილი უნდა ყოფილიყო. ნადედამთილარი ისეთი გამჭოლი მზერით გახედავდა ხოლმე, ცივი ოფლი ასხამდა. ნიტა თვალს არ აშორებდა მის ხელებს, როგორ ხმარობდა რძალყოფილი დანა-ჩანგალს, როგორ ღეჭავდა თითოეულ ლუკმას, რის მერე რა კერძს გადაიღებდა… როცა მას ხედავდა, კატიას ეგონა, ყინულის დედოფალს ვუყურებო. არც ანდრიას საქციელი ხიბლავდა მაინცდამაინც. ეს უკანასკნელი ცდილობდა, კატიასთან მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინა, რაც მას გულს უკლავდა. მამაკაცი ისე ექცეოდა, თითქოს მათ შორის წლების წინ სხვა ურთიერთობა არ ყოფილიყო.
ყველაზე უფრო ბეტისთან ურთიერთობა ხიბლავდა. დათოც გულთბილად ექცეოდა. ცოლიც და ქმარიც ისე ბუნებრივად ეპყრობოდნენ, რომ კატიას გული აუჩუყდებოდა ხოლმე და ღმერთს მადლობას სწირავდა, ეს ადამიანები მაინც რომ მოუვლინა ამ სახლში გულის მაამებლად. ბეტი და დათო ყოველთვის ეპატიჟებოდნენ კატიას, თუ სადმე მიდიოდნენ _ სასეირნოდ, სავახშმოდ თუ კინოთეატრში, მაგრამ იგი მუდამ უარით ისტუმრებდა ახალ მეგობრებს _ არ უნდოდა იქაურ საზოგადოებაში გამოჩენილიყო. ამბობდა, რახან სოფელში ჰგონიათ, რომ ბავშვების ძიძა ვარ, თქვენთან ერთად ასეთ ადგილებში გამოჩენა უამრავ კითხვის ნიშანს გააჩენსო.
საბოლოო ჯამში ამან გამოიწვია ის, რომ კატია ნელ-ნელა გაერიყა ოჯახის წევრებს. ანდრია ისე იყო ჩაფლული საარჩევნო კამპანიაში, რომ საღამოობით უკვე აღარ აძალებდა კატიას, მათთან ერთად ევახშმა, ასე რომ, ქალი მას მხოლოდ კვირას თუ ნახავდა, როცა მამაკაცი მთელი დღე შინ იყო და ერთად სადილობა უწევდათ.

კვირები გადიოდა. ერთი დღე მეორეს უფერულად მისდევდა. ამასობაში ზაფხულიც მიილია.
ერთ საღამოს, ბავშვები დასაძინებლად რომ გაამწესა, კატია ბაღში ჩავიდა. უყვარდა საღამოობით იქ ჯდომა. ვარდების სურნელი სასიამოვნოდ აბრუებდა. ჩამოჯდებოდა ხოლმე ქვის მერხზე, თვალებს დახუჭავდა და ოცნებას მიეცემოდა. დღისით გაუსაძლისად ცხელოდა, ამიტომ საღამოს გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა და ხელოვნურად გაკეთებული წყაროს პირას ჩამოჯდა, რომელშიც შემაღლებული ქვიტკირის კედლიდან წყალი რაკრაკით ჩაედინებოდა. ცალი ხელი წყალში ჩაყო და გაასრიალ-გამოასრიალა. მერე საკუთარ ანარეკლს ჩახედა. ჩამავალი მზის სხივები მის ოქროსფერ თმას უფრო აბრწყინებდა და ზემოდან ისე მოჩანდა, თითქოს ფსკერზე ყვითელი ქვიშა იყო მიმობნეული.
_ შორიდან ვერ გიცანი, _ მის ზურგს უკან ანდრიას ხმა გაისმა.
კატია მოულოდნელობისგან შეკრთა, თავი შეაბრუნა და მისკენ მომავალი ქმარი დაინახა.
_ შენ ისე შეიცვალე, სხვა მგონიხარ, _ მამაკაცმა თვალი შეავლო მის კრემისფერ სიფრიფანა სარაფანს, მზემოკიდებულ ფეხებსა და შიშველ მკლავებს. ოდესღაც ეს ყველაფერი ძალზე აღაგზნებდა.
_ დავიჯერო, ასე ძალიან ვარ შეცვლილი? _ თავი ჩახარა კატიამ და წყლის ფსკერს ჩააშტერდა.
_ ჰო. შენ უკვე აღარ ჰგავხარ იმ გოგონას, ერთ დროს კიევში რომ შევხვდი და არც იმას, ცოტა ხნის წინ უეცრად რომ გამოგვეცხადა.
_ შენც შეცვლილი ხარ, _ შენიშნა ქალმა.
მამაკაცმა არ უპასუხა და კატიაც გაჩუმდა. წყლის ზედაპირზე იგი ხედავდა თავისი სიყვარულის ტკივილამდე ნაცნობ ანარეკლს: მაღალს, გარუჯულს, თეთრპერანგმოსილს. ამან იმდენად იმოქმედა მასზე, რომ მოულოდნელად შეაძაგძაგა და წამოდგა.
_ წავალ, ბავშვებს დავხედავ, დაიძინეს თუ არა.
_ ასე სერიოზულად ნუ უდგები შენს მოვალეობას. შენ მხოლოდ სხვების თვალის ასახვევად გქვია ძიძა. ჩვენს ოჯახში, კი, ჩემიანებისთვის, შენ ძველებურად…
ანდრია დარეტიანებულივით გაჩუმდა, კატიამ კი სიტყვა არ შეაშველა, მხოლოდ გამჭოლი მზერა მიაპყრო, რამაც მამაკაცი უფრო დაარეტიანა. ერთხანს უაზროდ ახამხამებდა თვალებს, მერე კი ძლივძლივობით ამოთქვა:
_ ხომ ხვდები, რისი თქმაც მინდოდა.
_ რა თქმა უნდა, მესმის, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ჩემთვის სულერთია, როგორ მიყურებენ შენს ოჯახში.
_ აბა, რა არ არის შენთვის სულერთი, მე როგორ გიყურებ?
_ უკვე აღარ. დიდი ხანია, არაფერი მაკვირვებს. ნუ დარდობ, ამის გამო შენზე გაბრაზებული არ ვარ. მესმის, ჩემმა ჩამოსვლამ ასე რატომაც იმოქმედა შენზე. ადრე რომ მცოდნოდა ეს ყველაფერი, იქ დავრჩებოდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა უკან გამგზავრება არ შემიძლია. უფრო სწორად, ეს შეუძლებელია. შეიძლება დამიჭირონ კიდევაც.
_ ანუ, ამის საშიშროება რომ არ იყოს, დაბრუნდებოდი? აკი იქაურობას ვერ ვიტანდიო?
_ ჰო, ვერ ვიტანდი, მაგრამ ასეა თუ ისე, იქ ჩემი სამშობლოა, ჩემებს შორის ვიყავი, აქ კი საშინლად უცხოდ ვგრძნობ თავს. აქ სხვა ვარ, ვიღაც, სრულიად ზედმეტი ამ ოჯახისთვის.
_ არა უშავს, მიეჩვევი. მალე აქაც გაიჩენ მეგობრებს. ახალგაზრდა ხარ, ლამაზი, ჯერ ყველაფერი წინაა, ვინმეს გაიცნობ, ისევ გათხოვდები…
კატიამ მომაკვდინებელი მზერა შეანათა.
_ რა მომელის მომავალში, ეს შენი საზრუნავი არაა! _ ცივად უთხრა.
_ არა, ჩემი საზრუნავია.
_ ამას იმიტომ ამბობ, რომ სინდისი სუფთა არ გაქვს.
_ შესაძლებელია, _ ანდრიამ ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია, _ ამ დილით ჩვენი ფოსტის უფროსი ვნახე, მარო ჰქვია. მოგიკითხა, როგორაა ელისოს ბავშვების ძიძაო. მას ჰგონია, რომ შენ ჩემი ცოლის დაქალი ხარ. ანუ…
_ ელისო ვინაა?
_ ბეტის სინამდვილეში ელისაბედი, ანუ ჰქვია, ბეტი თვითონ დაირქვა, _ გაიღიმა მამაკაცმა, _ არ იცოდი?
_ ელისაბედი ვიცოდი, ელისო არა. და რომ გავიცანი, ბეტი მქვიაო, მითხრა.
_ უკვე ყველა ბეტის ეძახის, ასე რომ…
_ ანუ იმ ქალმა შენს ყოფილ ცოლში მე მიგულისხმა? _ კატია პირვანდელ საუბარს მიუბრუნდა და მამაკაცს სიტყვა გააწყვეტინა, _ და რას ფიქრობენ შენი თანასოფლელები შენს ყოფილ ცოლზე? რუსი იყო, აქაურობას ვერ შეეგუა და გაიქცაო?
_ ყველამ იცის, რომ ცოლი გამშორდა.
_ თავისი სურვილით, ხომ? _ კატიამ ჩაიცინა, _ მაშინ სანერვიულო აღარაფერი გქონია.
_ ეგ შენი გადასახედიდან ჩანს ასე. შენ გგონია, რომ საერთოდ არ გამაჩნია სინდისი.
_ ჰო, ასე მგონია და მაინტერესებს, რა დაემართა მას, სანამ მე უკრაინაში ვიყავი?
_ ჯანდაბას! მე ვცდილობდი შენს იქიდან წამოყვანას, მაგრამ ვერ შევძელი, როგორ არ გესმის? ხმა ვერ მოგაწვდინე. არც შენ დამიკავშირდი. ესეც ჩემი ბრალია? ვერც კი წარმოიდგენ, რა დღეები გამოვიარე. _ ყრუდ დაამატა ანდრიამ, _ ვიცი, რომ შენთვისაც არ იყო ადვილი, მაგრამ აბა, ერთი წუთით ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი… _ მან წარბები შეჭმუხნა, _ ჩვენ არა მხოლოდ დავღვინდით ამ ცხრა წლის განმავლობაში, არამედ სულ უფრო დავშორდით ერთმანეთს. ორივემ განსხვავებული, ერთმანეთისთვის სრულიად შეუფერებელი ცხოვრება განვვლეთ. როცა შენთან განქორწინებამ მომიწია, მინდოდა, საერთოდ დამევიწყებინე. სამუდამოდ. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ აზრი არ ჰქონდა წარსულის მოგონებებით ცხოვრების გაგრძელებას მაშინ, როცა უამრავი რამის გაკეთება მიწევდა მომავალში. ამიტომ ვაიძულე ჩემი თავი, სიყვარულისთვის გადამებიჯებინა და…
_ ეს რას ნიშნავს? როგორ შეგიძლია ასე ილაპარაკო, როცა უკვე დანიშნული ხარ? _ ლამის იყვირა კატიამ, _ თუ იმის თქმა გინდა, რომ არც ის გოგო გიყვარს?
_ ჩემი დიკასადმი გრძნობა საერთოდ არ ჰგავს იმას, რასაც შენ მიმართ განვიცდიდი, _ უხეშად მიუგო ანდრიამ, _ ის კარგად ერკვევა პოლიტიკაში და კარგ ცოლობას გამიწევს.
_ მაგრამ გიყვარს? პასუხს რატომ არ მცემ? ყველაზე მეტად გინდა მის გვერდით ყოფნა?
ანდრიამ იმდენ ხანს დააყოვნა პასუხის გაცემა, რომ კატიას არც ეგონა, თუ უპასუხებდა. მამაკაცი ბოლოს მაინც ალაპარაკდა:
_ მე და დიანას ბევრი საერთო გვაქვს. ჩემსავით ისიც არ არის კაპრიზული. ამასთან, მას ბევრი რამის ინტერესი აქვს ცხოვრებაში.
_ რას ვიზამთ, თუკი შენ ასეთი ცოლქმრობა გაწყობს, _ მტკივნეულად წარმოთქვა კატიამ, _ როცა ჩემზე დაქორწინდი, ვფიქრობ, დიდი სისულელე ჩაიდინე. მიხარია კიდევაც, რომ აღარ გიყვარვარ. ახლაღა ვხვდები, რომ ჩვენ ერთად ბედნიერები ვერ ვიქნებოდით.
_ მაშინ ჩემთან ერთად ინგლისში რომ წამოსულიყავი, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ეგრე უცებ არ გამოდიოდა. ჯერ მეც არ ვიცოდი, სად მივდიოდი და რა როგორ იქნებოდა, თუმცა, არ ღირს მოგონებებით ცხოვრება. ვიცი, კატი, შენთვის ძნელია ამას შეურიგდე, მაგრამ მოდი, ნუ გავართულებთ ისედაც რთულ სიტუაციას.
_ ოჰ, რა ბრიტანულად გამოგივიდა! _ სიცილი ვერ შეიკავა ქალმა, _ მე ასე არ შემიძლია. მე აღარ შემიძლია შენს სახლში დარჩენა. აქედან წასვლა და ახალი ცხოვრების დაწყება მინდა. თბილისში გადავალ და ყველაფერს თავიდან დავიწყებ, ოღონდ უშენოდ, შენ კი მეტად ვეღარ მნახავ. ამისგან სამუდამოდ გაგათავისუფლებ.
_ როგორც კი შესაფერისი შემთხვევა მომეცემა, წაგიყვან.
_ შესაფერისი! _ გაიმეორა ქალმა, _ ვისთვის შესაფერისი? შენთვის? შენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, ანდრია!
ანდრიას სახის არისტოკრატული სიფერმკრთალე სიწითლემ შეცვალა, რამაც მამაკაცი უფრო გააახალგაზრდავა.
_ სხვათა შორის, ჩემს თავზე სულაც არ ვფიქრობ. უფრო სწორად, პირველ რიგში მათზე ვფიქრობ, ვინც პარლამენტში ჩემი კანდიდატურა წამოაყენა. მათ წინაშე პასუხისმგებლობა მაკისრია. ამიტომაც გთხოვე დარჩენა არჩევნების დამთავრებამდე. თუმცა, თუ შენთვის ასე აუტანელია აქ დარჩენა, ჩაგიყვან თბილისში და სასტუმროში დაგაბინავებ. უკვე გითხარი, რომ მოვალე ვარ, შენზე ვიზრუნო, სადაც უნდა იყო, არა აქვს მნიშვნელობა. ყველა ხარჯს ჩემს თავზე ვიღებ.
კატიამ ოხვრით გაასავსავა ხელები.
_ მაგრამ შენც კარგად იცი, რომ ახლა ჩემი აქედან წასვლა არ შეიძლება! მე რომ წავიდე და შენ არჩევნები წააგო, საკუთარი თავი უნდა დავადანაშაულო ამაში.
_ მაგრამ შენ ხომ არ იცოდი ეს ამბები, როცა აქ მოდიოდი, _ ამოიხვნეშა ანდრიამ, _ ამიტომ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, ჩემმა კონკურენტმა არ მინდა გაიგოს შენ შესახებ, თორემ ამით ისარგებლებს და ჩირქს მომცხებს, რეპუტაცია შემელახება.
_ ვინაა შენი კონკურენტი? აქაურია?
_ ჰო, აქ ცხოვრობს. ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით, ჩემი კლასელია, რობი ნონიაშვილი.
_ რა გჭირს ჩირქის მოსაცხები? ასეთი რა ჩავიდინე? _ კატიას ნერვები დააწყდა.
_ ამაზე ხომ ვისაუბრეთ, კატი? ნუღარ დავუბრუნდებით ამ თემას, კარგი? უბრალოდ, დიკაზე რომ ვარ დანიშნული, ეს ართულებს საქმეს. მასმედიაში ეს ამბავი რომ გაჟღერდეს, არ იცი, რა ამბავი ატყდება! საპარლამენტო კანდიდატს ცოლიც ჰყავს და საცოლეცო, დაწერენ. ეს ჩემი გამარჯვების შანსს ნულამდე დაიყვანს.
_ იქნებ შეხვედროდი იმ შენს კლასელს და დალაპარაკებოდი?
_ არ გამოვა. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩემი ღირსება შელახოს.
_ ნუთუ ასეთი ნაძირალაა?
_ ნაძირალა რა შუაშია? ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ამიტომ იგი ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, რომ არჩევნები მოიგოს.
_ შენ? შენც გამოიყენებ ასეთ მეთოდებს, მასზე რამე კომპრომატი ხელში რომ ჩაგივარდეს? _ გამომცდელად შეხედა კატიამ.
_ არა, _ კბილებშუა გამოცრა ანდრიამ, _ მე არ ვარ ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, როგორიც რობია.
_ მაშინ რატომ გინდა ასე ძალიან, შენ გაიმარჯვო?
_ იმიტომ, რომ სხვები მენდნენ და ეს ნდობა უნდა გავამართლო.
კატიას თვალები ცრემლით აევსო. გაახსენდა შორეული წლები, როცა თვითონაც ენდო ანდრიას, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმედი გაუცრუა.
_ ვისურვებ, რომ ყველაფერი გამოგივიდეს, _ ხრინწიანი ხმით ჩაიჩურჩულა კატიამ, _ შენთვის ტკივილის მოყენება არ მინდოდა, გეფიცები.
კატია მიხვდა, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა და რომ არ ატირებულიყო, სწრაფად გაეცალა მამაკაცს.
იმ დღიდან მოყოლებული ცდილობდა, არ შეხვედროდა ანდრიას. მათ უკვე უთხრეს ერთმანეთს, რისი თქმაც უნდოდათ. ისღა დარჩენოდა, დაევიწყებინა მამაკაცი, რომელსაც ერთ დროს ცოლად გაჰყვა. მისთვის ახლა ისე უნდა შეეხედა, როგორც უბრალო ნაცნობისთვის….

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
ნინო
როგორ მომწოონს,დილით ადგომა და ყავასთან ერთად კითხვა მამშვიდებს,მადლობა ავტორს
09:01 / 31-03-2021
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ძალიან მომეწონა, ველოდები შემდეგ გაგრძელებას
21:08 / 27-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93