ნოველები

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 6

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 6
რომანის დასაწყისი
_ მაგრამ ჩვენ ცოლ-ქმარი ვიყავით, _ მთელი სიმკაცრით შეეპასუხა კატია, _ და, სხვათა შორის, ერთმანეთი გვიყვარდა.
_ ო, რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, _ რბილი ტონით დაამშვიდა დიკამ იგი, _ მესმის თქვენი. ახლა საშინელ მდგომარეობაში ხართ. მაგრამ არც მე მიადვილდება ეს სიტუაცია, დამიჯერეთ. ხომ შეგიძლიათ გამიგოთ, არა? განა ვერ ხედავთ?
_ მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ თქვენ გული არა გაქვთ.
_ გული
არა მაქვს?
_ თქვენ რომ ანდრია გყვარებოდათ, ასე თავაზიანად არ დამელაპარაკებოდით. პირიქით, სასტიკად შემიძულებდით და ახლოსაც არ გამიკარებდით.
_ მაგრამ მე არ მაქვს მიზეზი, რომ შეგიძულოთ. რა საჭიროა? მე თქვენში მეტოქეს ვერ ვხედავ.
ამ მშვიდმა, მაგრამ სარკასტულმა პასუხმა უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა კატიას, ვიდრე იმის გააზრებამ, რომ ქმარს სამუდამოდ კარგავდა. ეს გოგონა თავს სრულიად თავდაჯერებულად გრძნობდა და მართალიც იყო. ბოლოს და ბოლოს, ახლანდელ ანდრიას დიანა კატიაზე უკეთ იცნობდა. ამ ახალ ანდრიას კი არ შეეძლო შეეყვარებინა ისეთი ქალი, როგორიც თვითონ იყო.
_ მაპატიეთ, თქვენი წყენინება არ მინდოდა, _ ძლივს ამოთქვა კატიამ, _ რა თქმა უნდა, არ გაქვთ მიზეზი, ჩემზე იეჭვიანოთ. თუმცა, მაინც მგონია, რომ აუცილებლად იეჭვიანებდით, ანდრია რომ გყვარებოდათ.
_ რას ამბობთ! მე მიყვარს იგი, _ უშფოთველად წამოიძახა დიკამ, _ და მშვენივრად მესმის, რატომ დაგტოვათ აქ, თავისთან. თქვენთვის რომ ხელი ეკრა, ეს დაღუპავდა მის კარიერას. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა სკანდალი აგორდებოდა!
დიკა მოულოდნელად შეცბუნდა. კატიამ კარისკენ მიიხედა და ანდრია დაინახა.
_ მაპატიე, დიკა, ცოტა დამაგვიანდა, _ დაიწყო მან, მაგრამ მაშინვე გაჩუმდა, როგორც კი კატია შეამჩნია. მამაკაცი გაწითლდა, მაგრამ სხვა მხრივ თავი არ გაუცია, სახეზე მაშინვე გულგრილი გამომეტყველება აღებეჭდა, _ სალამი, კატია, აქ არ გელოდებოდი.
_ უკვე გავდიოდი.
_ თუ ჩვენ გამო გინდა გახვიდე, დარჩი. მე დიანას წასაყვანად მოვედი, უკვე მივდივართ.
კატიამ მხრები აიჩეჩა, საჟურნალე მაგიდას მიუახლოვდა, ოდნავ გადაიხარა და რომელიღაც უცხოური მოდის ჟურნალს დაავლო ხელი, მერე კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს მის ფურცლებს ინტერესით ათვალიერებდა.
წყვილისკენ ზურგით იდგა, მაგრამ ესმოდა, როგორ დაემშვიდობა მას ანდრია. თავი არ აუწევია, სანამ ორივენი ოთახიდან არ გავიდნენ, მერე კი ფანჯარას მიუახლოვდა და ეზოში გადაიხედა.
ანდრია და დიანა ჭიშკრისკენ მიემართებოდნენ. `უცნაურია, _ გაიფიქრა ქალმა, _ როგორი ცივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. დავიჯერო, ანდრიას მისთვის არასდროს უკოცნია? ერთმანეთს არ შეხებიან? ხელი მაინც ჩაჰკიდოს, თუნდაც ჩემს დასანახავად. ნუთუ ყოველთვის ასე ელაპარაკებიან ერთმანეთს? მაპატიე, ცოტა შემაგვიანდაო… საქართველოში, როგორც მახსოვს, წყვილები საოცარ სიყვარულს გამოხატავენ, როცა ერთად არიან, ასე ოფიციალურად კი არ იქცევიან~. ამის გაფიქრებაზე ძველი ანდრია გაახსენდა, მის ყოველ შემოხედვაზე ვნებად რომ იღვრებოდა, შეხებაზე კი ლამის თავბრუ ეხვეოდა. შეიძლებოდა ასე გადასხვაფერებულიყო ამ ცხრა წლის განმავლობაში? რაღაც განსაკუთრებული მიზეზი ხომ უნდა არსებობდეს ურთიერთობის ასეთი სიცივისა? ერთმანეთს ისე ექცევიან, როგორც დიპლომატიურ შეხვედრაზე მყოფი ცოლ-ქმარი.
სწორედ ამ დროს დიანამ ანდრიას ხელი ჩაჰკიდა და ისე გააგრძელეს გზა. გულმა თუ უგრძნო, კატია მათ ფანჯრიდან რომ ადევნებდა თვალს. ამ `ბედნიერი~ წყვილის შემხედვარეს გული ზიზღით აევსო, კვლავ სულიერმა ტკივილმა დარია ხელი. ფანჯარას მოშორდა და ორივე ხელი სახეზე აიფარა. მორჩა, უკვე აღარ უყვარს თავისი ქმარი! ეს ბოლო წვეთი იყო დარჩენილი და ისიც გადმოიღვარა მისი სიყვარულის ფიალიდან.
არადა, ცდებოდა! არც ახლა უყვარდა იმაზე ნაკლებად, როგორც წლების წინ… შეიძლება უფრო მეტადაც!
იცოდა, რომ ახლა აუცილებლად ატირდებოდა, ამიტომ ოთახი გადაჭრა და ბავშვებს მიაშურა. სწორედ იმ დროს ბეტის ეკა გამოჰყავდა სააბაზანოდან დაბრაწული გოჭივით წითელი, ოხშივარადენილი.
_ აბანავე?
_ კი, ორივე.
_ მაშინ მე დავაძინებ, თან ზღაპარს მოვუყვები.
_ ისევ ივანუშკაზე? _ შეეკითხა ეკა და სველი თმა თავის გაქნევით უკან გადაიყარა.
_ თუ გინდა, ბურატინოზე.
_ მინდა, მინდააა! _ იყვირა ეკამ და დივანზე ახტუნავდა.
_ ნელა, შე გადარეულო, არ ჩაანგრიო! _ უყვირა დედამ და პირსახოცით მისი სველი თმის გამშრალებას შეუდგა.
_ უი, რა კარგად მოიფიქრე ბურატინო, _ გაიღიმა ბეტიმ, _ ამათ უკვე ისე მოჰბეზრდათ ქართული ზღაპრები, ხანდახან რა მოვიგონო, არ ვიცი.
_ მე ივანუშკა მინდა, _ თემო დას ჯიბრში ჩაუდგა.
_ არა, ბურატინო! _ აწივლდა ეკა.
_ კარგი, კარგი, ორივეს ერთად მოვყვები. ბურატინო და ივანუშკა ხომ მეგობრები იყვნენ, _ მოიფიქრა კატიამ და ბეტის თვალი ჩაუკრა, ოღონდ სახე ისევ ჩამოსტიროდა.
მული ცნობისმოყვარეობით მიაჩერდა.
_ რაღაც არ მომწონხარ. არ უნდა იყო მთლად კარგ ხასიათზე.
_ ჰოდა, მაგიტომაც მოვედი, _ ძალად გაიღიმა კატიამ, _ ჩვენ ზღაპრებით უნდა გავერთოთ, _ თქვა და ეკას გვერდით მიუჯდა.
ბეტიმ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან კარი გაიღო და დათომ შემოყო თავი, კატიას ტელეფონზე სთხოვენო.
_ დარწმუნებული ხართ, რომ მე მიკითხეს? აქ ხომ არავის ვიცნობ, ვინ უნდა რეკავდეს? _ განცვიფრდა კატია.
_ აბა, რა ვიცი, ვიღაც კაცია. ხომ არ ვკითხავდი, ვინ ხარ-მეთქი? _ ხელები გაშალა დათომ.
გაოგნებული და, ამავდროულად, დაინტრიგებული კატია კიბეზე სირბილით ჩავიდა და ჰოლისკენ გასწია. ვაითუ უკრაინის საელჩოდან მომაგნეს და აინტერესებთ, როდის დავბრუნდები ბერიოზკაში? არა და არა. მისი მშობლები ცოცხლები აღარ არიან, ამიტომ იქ აღარაფერი ესაქმება. ცოცხალი თავით არ დაბრუნდება უკან.
ხელისგულები ერთიანად გაოფლიანებოდა, როცა ყურმილი ხელში აიღო.
_ ალო…
_ პრივეტ, პრივეტ, _ რუსულად მიესალმა რობი, _ ამდენ ხანს სად იყავით? მეგონა, მთელი დღე მომიწევდა ტელეფონთან ლოდინი.
_ რობი, თქვენ ხართ? _ უცებ მოეშვა ქალს გულზე.
_ მე ვარ, მე. გაგიკვირდათ, არა?
_ ჰო… _ ენა დაება, _ ბავშვებთან ვიყავი.
რობის მისი ხმა ძლივს ესმოდა. ალბათ შევაშინე, უნებართვოდ რომ დავრეკეო, გაიფიქრა.
_ იცით რა ვიფიქრე? უკვე დაღამდა. ბავშვების ძილის დრო მოვიდა. ჰოდა, რომ დააძინებთ, იქნებ საღამო ერთად გაგვეტარებინა? ვახშმად გეპატიჟებით. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალზე მოულოდნელი იყო, მაგრამ სხვანაირად ვერაფერი მოვიფიქრე. დაუკითხავად სახლში ნამდვილად ვერ მოგადგებოდით. შეძლებთ ერთ საათში შევხვდეთ ერთმანეთს?
_ ერთ საათში?.. არ ვიცი… ვერ გეტყვით, შევძლებ თუ არა. მგონი, ეს არ უნდა იყოს კარგი აზრი. მე აქ გასართობად არ ვარ ჩამოსული… არც ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება.
_ რას ჰქვია, გაქვთ თუ არა? მონა კი არა ხართ, უფლება არ გქონდეთ. გეშინიათ, ანდრია არ გაგიბრაზდეთ? არც გაიფიქროს, თორემ მაგაზე ისეთ ამბავს ავტეხ, რომ ვაი დედასა!
_ მაგის გამო არ მითქვამს, _ აილეწა კატია, არ იცოდა, რა ეპასუხა, თან შეეშინდა, მართლა არ ატეხოს ერთი ამბავი და ანდრიას საარჩევნოდ საქმე არ გაუფუჭოსო, _ უბრალოდ, ჩვენ ჯერ ისე არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ…
_ კარგი რა. გეშინიათ ჩემი? როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ქალს აწყენინებს და სალაპარაკო საბაბს მისცემს ვინმეს? გულით გეპატიჟებით. სიღნაღში მინდა წაგიყვანოთ, იქაურობა დაგათვალიერებინოთ, ბარში შევალთ, ვიცეკვებთ. ცეკვა ხომ გიყვართ? მერე კი უვნებლად დაგაბრუნებთ შინ.
კატია ყოყმანობდა. ჰქონდა კი უფლება, სხვასთან პაემანზე ევლო, როცა ფორმალურად ისევ ანდრიას ცოლად მიიჩნეოდა? მაგრამ ანდრია გაახსენდა თუ არა, ყოყმანი სადღაც გაქრა და რობის მიპატიჟებაზე დათანხმდა. მის ქმარს სხვა უყვარს და თვითონ რა, ეკრძალება ვინმეს შეხვდეს? ამას ვერავინ დაუშლის.
დათქვეს, რომ რობი ერთ საათში შემოუვლიდა და ჭიშკართან დახვდებოდა. დაკიდა თუ არა ყურმილი, კატია ბეტისთან ავიდა და ყველაფერს მოუყვა.
მული შეფიქრიანდა.
_ არ ვიცი, კატი. ის კი არ მწყინს, ვიღაცას რომ ხვდები. უბრალოდ, ვერ გეტყვი, რამდენად ლამაზი იქნება ანდრიას კონკურენტთან ურთიერთობის გაბმა.
_ მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ისინი მტრები არიან?
_ არა, რა თქმა უნდა. ბავშვობაში ისინი სულ ერთად იყვნენ, მაგრამ არჩევნები ხომ თამაში არ არის. არა მგონია, ანდრიას ეს ამბავი მოეწონოს.
_ არც მე მომწონს ბევრი რამე, რასაც ანდრია აკეთებს, მაგრამ ხომ ვერ ავუკრძალავ. არავის არა აქვს უფლება, რამისთვის მისაყვედუროს. _ გააპროტესტა კატიამ და ბეტის ისეთი ამაყი მზერით შეხედა, მიახვედრა, ამაზე საუბრის გაგრძელება არ მსურსო.
მაგრამ როგორც კი ჩაცმას და თავის მოწესრიგებას შეუდგა, მაშინვე სინდისის ქენჯნა იგრძნო. რომ სცოდნოდა, რა ნომერზე დაერეკა რობისთვის, ამ შეხვედრას აუცილებლად გადადებდა, მაგრამ ახლა უკვე ვერაფერს შეცვლიდა.
მორთვას მორჩა თუ არა, ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა დაბლა და გარეთ გავიდა, რომ რობისთვის დაესწრო. ვაითუ, დაასიგნალოს მოსვლისასო, შეეშინდა. თუ გარეთ დახვდება, სახლში ვერც გაიგებენ, ვისთან ერთად წავა. მერედა რა, თუ ანდრია ამ შეხვედრის წინააღმდეგი იქნება? მას ხომ სრულებით არ ანაღვლებს, რას ფიქრობს კატია, როცა იგი დიანასთან ერთადაა?
იგი ხვდებოდა, რომ ეს ორი სიტუაცია სრულიად განსხვავებული იყო და სინდისმა კვლავ შემოუტია, მაგრამ როგორც კი მომავალი მანქანა დაინახა, მაშინვე იქით გაეშურა, რომ მთლად ჭიშკართან არ დაემუხრუჭებინა რობის.
გაოცდა, როცა მამაკაცმა მანქანა გააჩერა. ისე იმპოზანტურად გამოიყურებოდა, კატიამ ვერ იცნო. მიუხედავად იმისა, რომ წითურთმიანი მამაკაცები არასდროს ხიბლავდა, ამჯერად მოიხიბლა. ცოტა არ იყოს, უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. თვითონ არ იყო საუკეთესო ფორმაში, ამის საშუალებას თავისი გარდერობი არ აძლევდა და რესტორანში როგორ შესულიყო ასე სოლიდურად ჩაცმულ მამაკაცთან ერთად? სულ სხვაა, როცა სადღაც ტყეში სეირნობ ან კაფეში ნაყინს მიირთმევ, მაგრამ რესტორანში? თანაც, რობი რომ ასეა გამოპრანჭული…
_ ხომ არ დაგაბნიე ჩემი ზარით? _ რობი მანქანიდან გადმოხტა და კატიას წინა სალონის კარი გამოუღო, _ მაგრად მიხარია, უარი რომ არ მითხარი.
_ არა უშავს, _ გაუღიმა ქალმა და მანქანაში ჩაჯდა.
_ თვალისმომჭრელად ლამაზი ხარ. მიკვირს, აქამდე როგორ არ მოგიტაცა ვინმემ.
მისმა კომპლიმენტმა კატიას გული გაუთბო.
_ მადლობა. ისე, ბოლო დროს მართლა შევიცვალე უკეთესობისკენ. რომ ჩამოვედი, ისეთი სანახავი ვიყავი, კაცს გული გაუსკდებოდა.
_ არ მჯერა. განა შეიძლება სრულყოფილების უკეთესად შეცვლა? სრულყოფილება სრულყოფილებაა, მორჩა.
_ ნებისმიერ ქალს მოუხდება კარგი ჩაცმა და შესაფერისი მაკიაჟი. ეს ორი რამ აშკარად ცვლის გარეგნობას.
_ და რა, უკრაინაში ამ სიამოვნებას მოკლებული იყავი?
_ იქ ბევრ რამეს ვიყავით მოკლებული და, რაც ყველაზე მთავარია _ თავისუფლებას.
_ ჰო, გასაგებია. ისე, იცი რამდენი ლტოლვილია შენი ქვეყნიდან აქ ჩამოსული? მარტო შენ კი არ ხარ. თუ გინდა, რამდენიმეს გაგაცნობ.
_ არა, არ მინდა! _ შეკრთა კატია.
_ რატომ?
ქალმა პასუხი არ გასცა. რა გარანტია ჰქონდა, რომ იმ ლტოლვილებს შორის ვინმე მისი ნაცნობი არ აღმოჩნდებოდა? მერე იმ ნაცნობს გაახსენდებოდა, რომ კატიას ქართველი ქმარი ჰყავდა, რომ ეს ქმარი დიპლომატი იყო, ერთ დროს საელჩოში მუშაობდა და აგორდებოდა ჭორები.
ეს კი გაიფიქრა, მაგრამ რობისთვის ამის თქმას სულაც არ აპირებდა.
_ მათთან შეხვედრა წარსულ დღეებს გამახსენებს, რაც ჩემთვის დიდი ტკივილია, გესმის?
_ მაპატიე… _ შეწუხდა რობი და მანქანა ნელა დაძრა.
კარგა ხანს იარეს. გაბუტულებივით არც ერთი ხმას არ იღებდა. ბოლოს, როგორც იყო, ქალაქში შევიდნენ. ღამის ფონზე სიღნაღი ულამაზესი ჩანდა.
რობიმ მანქანა რესტორანთან შეაჩერა. გაჩახჩახებული დარბაზიდან ხმამაღალი მუსიკის ხმა გამოდიოდა.
როგორ მოეფონა გულზე. რამდენი წელია, რესტორანი არ ღირსებია, არც უქეიფია და არც უცეკვია. თავი ზღაპარში წარმოიდგინა. იქაურობა გადავსებული იყო მოქეიფეებით.
_ იქნებ უფრო მყუდრო ადგილი გირჩევნია? _ რობიმ მხარზე ხელი გადახვია, როცა შიგნით შევიდნენ.
_ არა, არა, აქაც კარგია.
_ მაშინ აი, იქ დავსხდეთ. რა შევუკვეთო, რას დალევ?
_ მე არ ვსვამ. ერთი ჭიქა ღვინო და მორჩა, თავი მაგიდაზე მექნება დადებული, _ კატიამ გაიცინა.
_ მთავარია, მაგიდის ქვეშ არ აღმოჩნდე, ზედ კიდევ არა უშავს, _ გაიხუმრა რობიმ და მენიუ გადაშალა.
ისინი დარბაზის ყველაზე შორეულ კუთხეში ისხდნენ, სადაც მუსიკის გამაყრუებელი გუგუნი ისე ძლიერად არ აღწევდა. ასე ერთმანეთსაც მშვიდად დაელაპარაკებოდნენ, ყვირილი არ მოუწევდათ.
_ რას მიირთმევ? _ რობიმ მენიუდან თავი ასწია და ქალს შეაჩერდა.
_ არ ვიცი… დიდად არ მშია.
_ მოდი, ახლა ასეთ რამეებს ნუ დამიწყებ. ხომ ხედავ, უკვე შენობით გელაპარაკები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის უკვე შინაური ხარ. მინდა, მეგობრები გავხდეთ, ამიტომ მეგობრულად გეკითხები. რა ვჭამოთ?
_ თევზი ექნებათ?
_ ო, ღმერთო! რა თევზი! კი, თევზსაც მოვატანინებ, მაგრამ სხვა? მწვადი, ხაჭაპური, შემწვარი ქათამი…
_ ნუ, ხო. შენ რაც გინდა, ის შეუკვეთე, მე ყველაფერს ვჭამ, _ გადაიკისკისა კატიამ და თავი კეკლუცად უკან გადახარა.
_ პატარა ეკასავით ხარ, _ თითი დაუქნია რობიმ.
_ ხანდახან მართლა ბავშვად ვგრძნობ თავს, _ დაეთანხმა კატია, _ მაგრამ ხანდახან…
_ არ გინდა… _ ხმადაბლა თქვა რობიმ და მის ხელს ხელი დაადო. მისი ხელის სითბომ ქალს სიმშვიდე მოჰგვარა, თითქოს საიმედო იყო ეს სითბო.
_ რა არ მინდა?
_ ასე სევდიანად ნუ იყურები. მე ყოველთვის ვხვდები, როდის გახსენდება შენი წარსული. გირჩევ, არ გაიხსენო. ახლა მხოლოდ მომავალზე უნდა იფიქრო, დამიჯერე.
_ ზოგჯერ მომავალიც შეიძლება სევდიანი იყოს.
_ შენი არ იქნება. ახალგაზრდა ხარ და ყველაფრის მიღწევას შეძლებ. ყველაფრისას, რასაც მოისურვებ.
_ განა ასე ადვილი მოსახერხებელია? _ კატიამ თვალი თვალში გაუყარა რობის, _ შენ? შენ ახერხებ? აი, მაგალითად, არჩევნები რომ წააგო, რას გააკეთებ?
_ არ წავაგებ!
ქალი გააოცა მისმა თავდაჯერებულობამ. ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. ასე მტკიცედ ნეტავ რისი იმედი ჰქონდა რობის?
_ როგორც ვიცი, ანდრიაც საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია. შეიძლება მოგიგოს კიდევაც.
_ მეეჭვება, _ მამაკაცმა დაკვირვებით შეხედა ქალს, _ შენც სახელით მიმართავ მას?
ამ შეკითხვამ ქალი დააფრთხო. მიხვდა, რომ სიფრთხილის გამოჩენა არ აწყენდა.
_ არა, რა თქმა უნდა. რატომ მეკითხები?
_ რა ვიცი, ისე მსუბუქად წარმოთქვი მისი სახელი, თითქოს ძალზე ახლობელი ადამიანი იყოს.
_ განა არ არის? მისით ვჭამ პურს. მათ ოჯახში ისე მექცევიან, როგორც ოჯახის წევრს და არა ძიძას. გარდა ამისა, რა არის გასაკვირი? ბავშვები წარამარა მის სახელს გაიძახიან და მეც მივეჩვიე.
კატიამ შვებით ამოისუნთქა, როცა მათკენ მომავალი ოფიციანტი დაინახა და საუბრის თემა მაშინვე შეცვალა. მაგრამ როგორც კი კერძები მოიტანეს და ის იყო, ჭამა დაიწყო, რობი კვლავ ანდრიაზე ალაპარაკდა. ამასთან, ეს ისე ბუნებრივად მოხდა, რომ ქალს ეჭვი არაფერში შეჰპარვია.
_ ჯერ კიდევ ბავშვობაში, როცა ერთად ვთამაშობდით, _ შეფიქრიანებული ხმით დაიწყო რობიმ, _ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ანდრია ოდესმე სერიოზულად შევეჯახებოდით ერთმანეთს. რატომღაც, სულ მეგონა, რომ მე ღარიბების მხარეს დავიჭერდი, ის _ შეძლებულების და ამის გამო ჩხუბი მოგვივიდოდა.
_ მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. როგორც ვიცი, გაჭირვებულების ინტერესებს ისიც იცავს. _ გააპროტესტა კატიამ, _ გარდა ამისა, ფერმერების პრობლემებზეც ზრუნავს და სოფლის მეურნეობის მუშაკებზეც. ასე არ არის?
_ შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ჩემ წინ თავად ანდრია იჯდეს და სიტყვას წარმოთქვამდეს, _ გაიცინა რობიმ, _ რა, შენც ხომ არ დაგაპროგრამა?
_ რას ამბობ! მეტი საქმე არა აქვს, თავისი დისშვილების ძიძა დაისვას და ასწავლოს, რა უნდა ილაპარაკოს მის სასარგებლოდ.
_ ანუ, აღიარებ, რომ სნობია?
_ არა, მე ეგ არ მითქვამს. მას იმდენი საქმე აქვს, ნამდვილად ვერ იცლის მოსამსახურეებისთვის. მეც ხომ ერთ-ერთი ვარ მათ შორის, თანაც უშუალოდ მას კი არ ვემსახურები, არამედ მის დას.
_ მოსამსახურეებს კი ანდრია ისე უყურებს, როგორც წინკარში დაგებულ ფარდაგს.
_ მითხარი, ასე რატომ გაღიზიანებს იგი? რატომ ვერ იტან?
_ და შენ რატომ იცავ ასე? იქნებ მანამდეც იცნობდი, სანამ აქ ჩამოხვიდოდი? _ კითხვას კითხვა დაუხვედრა ნონიაშვილმა.
_ არ გეწყინოს, მაგრამ სულელური შეკითხვაა. საიდან უნდა მცნობოდა?
_ მე რა ვიცი. დღეს სიმართლეს ვისგან გაიგონებ, _ მხრები აიჩეჩა რობიმ და ქალს თვალი თვალში გაუყარა.
_ და როგორ ფიქრობ, შენი მოტყუება რაში მჭირდება?
_ არ ვიცი, კატია. უბრალოდ, გავიფიქრე, იქნებ ადრეც იცნობდნენ-მეთქი ერთმანეთს. ანდრია ხომ დადიოდა ერთი პერიოდი უკრაინაში.
_ მართლა? არ ვიცოდი?! _ ისე ბუნებრივად გაიკვირვა კატიამ, ლამის თვითონაც დაიჯერა, რომ არ იცოდა.
_ ჰო, თუმცა ეს დიდი ხნის წინ იყო. მაშინ შეიძლება შენ მთლად ბავშვი იყავი. _ გაიღიმა რობიმ.
კატიამ იგრძნო, როგორ შეუთრთოლდა ტუჩები და პირი მაგრად მოკუმა.
_ შეიძლება სკოლაც არ გქონდა დამთავრებული და კიკინებიანი გოგო იყავი.
_ მაგრამ შენ ხომ არ იცი, მე რამდენი წლის ვარ? _ გაეკეკლუცა კატია და თვალები ეშმაკურად მოჭუტა.
_ ახლა ალბათ ცხრამეტის იქნები, მაშინ კი სადღაც ცხრის თუ იქნებოდი, ჰა…ჰა… _ გაშლილი ხელი გადაატრიალ-გადმოატრიალა რობიმ, როცა ჰა…ჰა წარმოთქვა.
ამ ხუმრობამ კატია გულიანად გააცინა.
_ მთლად ეგეთი ნორჩიც არ ვარ, _ თავი გვერდზე გადახარა ქალმა.
_ ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდულად გამოიყურები. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული ხარ, რომ სიმართლე თუ გინდა, შენს ასაკთან შედარებით უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებ.
_ მთლად წარმატებული კომპლიმენტი არ გამოგივიდა.
_ უკაცრავად, შენი წყენინება არ მინდოდა, _ შეწუხდა რობი და შუბლი შეიჭმუხნა, არ იცოდა, ნათქვამი როგორ გამოესწორებინა, _ რაღაც სხვანაირი ხარ… მიჭირს სათანადო სიტყვების მოძებნა, რომ ზუსტად შეგაფასო. იმდენად დამამშვიდებლად მოქმედებ სხვაზე, რომ ვერც კი წარმომიდგენია, გაბრაზება და ყვირილი თუ შეგიძლია. გადამდები სიმშვიდით გამოირჩევი. ალბათ ბავშვობაშიც ასეთი წყნარი და დამყოლი იქნებოდი.
_ მართალი ხარ. ხმაურიანი არასდროს ვყოფილვარ. მე სერიოზულ ოჯახში გავიზარდე.

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მარინა
ველოდები გაგრძელებას. მადლობა
13:52 / 29-03-2021
გამოხმაურება / 0 /
ცარო
ბრავო გაიხარეთ
14:09 / 28-03-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93