- ძალიან გთხოვ, მამას ასე უდიერად ნუ იხსენიებ! ამისთვის რა მოვსულვარ! - გააპროტესტა დიკამ.
- უდიდესი სიამოვნებით! - გაღიზიანდა რობი და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო, - მაშინ რისთვის მოხვედი?
დიანა შეყოყმანდა და თითები ნერვიულად ჩახლართა ერთმანეთში.
- მე მოვედი… ა… ისა… კატიას გამო, - თქვა და გაჩუმდა იმ იმედით, რომ რობი რამეს ეტყოდა, მაგრამ მან მხოლოდ გაოგნებით შეხედა, - რა იყო? სპეციალურად არ ამბობ არაფერს, რათა მე დამაბნიო?
- მე მგონი, რთული იქნება, ვინმე შენ დაბნევას შეეცადოს. მით უფრო, ახლა. გააგრძელე. რისი თქმა გინდოდა? - აგდებით შეეკითხა.
- ხომ გითხარი, კატიაზე მინდოდა დალაპარაკება-მეთქი. არ მესმის, მასთან ასეთი ხშირი შეხვედრით რის მიღწევას ცდილობ.
წუთით რობიმ მეტყველების უნარი დაკარგა, მაგრამ როგორც კი გაიაზრა ქალის ნათქვამი, მრისხანებამ შეიპყრო.
- საერთოდ, რას აღწევს კაცი, როცა ახალგაზრდა ლამაზ ქალს ხვდება? მე შენსავით ელიტას არ მივეკუთვნები, ქალბატონო დიანა, მაგრამ ფიზიკურად ჩემსა და შენს არისტოკრატ საქმროს შორის დიდი განსხვავება არაა. იქნებ გგონია, რომ მართლა ცისფერი სისხლი გიდუღთ ძარღვებში? მე, პირველ რიგში, მამაკაცი ვარ, ჯან-ღონით სავსე და, მგონი, სიმპათიურიც. ასე რომ, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი ცისფერი სისხლი და "სვეცკობა".
- ვითომ არ გესმის, რაზეც გელაპარაკები. - ყინულივით ხმით გაეპასუხა დიანა, - მშვენივრად იცი, რომ ის გოგო ანდრიას სახლში ცხოვრობს და ნებსით თუ უნებლიეთ, ყველაფრის საქმის კურსშია. და რამდენადაც თქვენ კონკურენტები ხართ არჩევნებზე, ეს ეჭვს იწვევს. ამბობენ, რომ შენ კატიასგან გარკვეულ ინფორმაციას იღებ ანდრიაზე.
- ანუ, შენ ფიქრობ, რომ კატიას რაღაც იდუმალი ზრახვების გამო ვხვდები? - რობი ჩუმი ხმით ლაპარაკობდა, მაგრამ სახეზე გადაფითრდა, რაც ავის მანიშნებელი იყო, - ეჭვიც არ მეპარება, რომ თქვენს წრეში ეს მიღებულია, მაგრამ ჩვენ, უბრალო ადამიანებს, პატივისა და ღირსების შეგრძნება გაგვაჩნია.
-_ მორჩი სტუდენტ-მარქსისტივით ლაპარაკს, რა! - იფეთქა დიკამ, - თავაზიანობის გამო მაინც დამელაპარაკე წესიერად.
- იგივე შემიძლია შენ გითხრა. მოდიხარ ჩემთან სახლში და შეურაცხყოფას მაყენებ.
ქალმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.
- მაპატიე, არ მინდოდა. უბრალოდ, მსურდა მეთქვა შენთვის, რომ კატიას დალაპარაკებოდი. ის სწორად არ იქცევა. არჩევნები ჩავლილი რომ იყოს, თქვენი შეხვედრები აღარ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი.
- ეს არც ახლაა მნიშვნელოვანი. შენ ისე მელაპარაკები, თითქოს იმ გოგოს სახელმწიფო საიდუმლოებებთან ჰქონდეს წვდომა. ის ხომ მხოლოდ ძიძაა მათ ოჯახში და თუ თავისუფალ დროს ჩემთან შეხვედრას ახერხებს…
- ასეც ვიცოდი, რომ დროს ტყუილად დავკარგავდი და ვერაფერს შეგაგნებინებდი. ისე ხარ დაბრმავებული შენი დებილური მოსაზრებებით, რომ არ გინდა სხვას მოუსმინო.
ამ სიტყვებით დიკამ მამაკაცს გვერდი აუარა და გაბრაზებული სახით კარისკენ გაემართა. ქალი ცდილობდა, თვალი არ დაეხამხამებინა, რათა ყელში მოწოლილი ცრემლებისთვის გზა არ მიეცა. რობი კართან დაეწია გოგონას და მაჯაში სწვდა, მაგრამ დიანამ უხეშად გააშვებინა ხელი და ზურგით კარს მიეყრდნო.
- რა, გეშინია ჩემი? - ბოროტად დააკვესა თვალები რობიმ.
- ტყუილად ცდილობ ამას. - ჩურჩულით წარმოთქვა ქალმა, - მე შენ მტრად არ მიგიჩნევ. არც არასდროს მიგიჩნევდი.
- მაგრამ არც მეგობარი ვარ შენი.
- ოდესღაც ხომ იყავი?
- როცა ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, მაგრამ იმ დროს ვეღარ დავაბრუნებთ. - მიუგო რობიმ, უეცრად დაიხარა და გოგონას ტუჩებზე დააცხრა.
რამდენიმე წამის განმავლობაში დიანა არ განძრეულა, მოულოდნელი იერიშისგან ძალა გამოეცალა, შემდეგ კი მსწრაფლ განზე გახტა და მამაკაცს შეშფოთებული სახით შეხედა.
- ეს რას ნიშნავდა?
- ეს? ააა, რას და, მინდა დაგამახსოვრდეს, როგორ ვექცევი ლამაზ ქალებს, - მის ხმაში აშკარა ირონია იკითხებოდა, - არ გინდა სილა გამაწნა?
- იაფფასიანი ბულვარული რომანების კითხვა გყვარებია, - დასცინა დიკამ, - არ მიკვირს.
სანამ მამაკაცი ღირსეულ პასუხს მოიფიქრებდა, დიანა გავიდა, რობიმ კი თმაზე გადაისვა ხელი, შემდეგ სამზარეულოს მიაშურა, სადაც დედა სუფრის გასაშლელად კერძებს აცხელებდა.
- სად არის დიკა?
- წავიდა.
- რას ამბობ! როგორ გაუშვი, ბიჭო! რამდენი წელია, ბავშვი არ მინახავს. რა უგულო ხარ. ოხხ… ვიფიქრე, გემრიელად ვასადილებ-მეთქი.
- არა მგონია, ასეთ დროს მას შენი სადილი მოსურვებოდა, დედი. დარწმუნებული ვარ, საათებით აქვს განსაზღვრული, როდის ჭამოს და როდის არა. მდიდარი სულელი მეტიჩარა! - ჩაიდუდღუნა თავისთვის და ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
რობის კატიასთან დიანას ვიზიტის ამბავი არ დასცდენია, მაგრამ ბავშვობის მეგობრის ნათქვამმა ჩააფიქრა. არასდროს გაუაზრებია, ამ ლამაზ გოგოს მართლა თავისი ამბიციური მიზნებისთვის იყენებდა თუ უბრალოდ, მხოლოდ მეგობრობა სურდა. იქნებ კატიასაც ჰგონია, რომ რობის იგი მხოლოდ და მხოლოდ მიტინგებზე წასაყვანად სჭირდება? იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაერკვია ეს საკითხი, მორიგ შეხვედრაზე ქალს სწორედ ამ თემაზე ჩამოუგდო ლაპარაკი.
მან მშვიდად მოუსმინა მამაკაცს. საღამოს ჩამავალი მზის სხივების ფონზე გაიისფრებული მისი ლამაზი თვალები გულუბრყვილოდ მისჩერებოდნენ მამაკაცს. ამწუთას იგი ბავშვს ჰგავდა, თუმცა, არც ბავშვი იყო და არც გულუბრყვილო, პირიქით, თავისი აზრებითა და შეხედულებებით ხშირად აოცებდა რობის. აოცებდა ისიც, რომ ქალი სწრაფად უღებდა ალღოს ნებისმიერ საქმეს და ყოველგვარი ემოციის გარეშე უდგებოდა მოვლენებს. მამაკაცს თავისებურად სჭირდებოდა კიდევაც ასეთი ადამიანი, - მისთვის სასარგებლო იყო, როცა ვინმე გარეშე მის იდეებს ისმენდა და იაზრებდა. უკვირდა, რატომ მიენდო სრულიად უცხო ადამიანს და ასე გულღიად როგორ შეეძლო მასთან ყველაფრის გაზიარება. დიანამ კი დაადანაშაულა, შენი საქმისთვის იყენებ კატიასო, მაგრამ ეს არ იყო მართალი - ანდრიას საქმეებზე რობის არასდროს ულაპარაკია კატიასთან და არ დაინტერესებულა, რა ხდებოდა მოწინააღმდეგის ბანაკში.
- ვიცი, რომ ჩვენზე ბევრს ჭორაობენ, მაგრამ ეს არ მადარდებს, - კატიას ხმამ რობის ფიქრი გააწყვეტინა, - რაც მთავარია, საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. რაც უნდათ, ის თქვან.
- ადამიანებს შეუძლიათ უსიამოვნება მოგაყენონ. - პირქუშად წარმოთქვა მამაკაცმა.
- ისეთ მეგობართან ერთად, როგორიც შენ ხარ, ნებისმიერ სირთულეს გადავლახავ.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს შენი ერთადერთი მეგობარი მე ვიყო, - რობიმ ყურადღებით შეათვალიერა ქალი, - და ჭავჭავაძეები? იმის თქმა მინდა, რომ შენ ჩამოსვლისთანავე მათ მიაშურე და არა სხვას. ასე არ არის? მგონია, რომ მათ დიდი ხანია, იცნობ, თანაც კარგად.
კატიას აქამდეც გააზრებული ჰქონდა, რომ რობი ერთხელაც სწორედ ამაზე დაიწყებდა საუბარს, ამიტომ თავიდანვე შეემზადა, რათა მის ყველა კითხვაზე პასუხი ისე გაეცა, რომ არ დაბნეულიყო.
- მგონი, უკვე გითხარი, აქ როგორ მოვხვდი. ჩემმა მეგობარმა მირჩია ჭავჭავაძეებთან მოსვლა. ის თბილისში ცხოვრობს და ელისაბედის მეგობარია. იცოდა, ძიძას რომ ეძებდნენ და დამეხმარა.
- მთელი ცხოვრება ხომ არ აპირებ მაგათთან დარჩენას? სულ ძიძა ხომ ვერ იქნები? შენ ისეთი გასაქანი გაქვს, ისეთი გონი, რომ…
- არა, არც ვაპირებ, - არ დაამთავრებინა კატიამ, - ცოტა ხანს ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ, დავმშვიდდები, ამასობაში ძველ კოშმარებსაც მოვერევი და მერე ვიფიქრებ, მომავალში რა უნდა ვაკეთო.
- გათხოვდები და საკუთარი შვილების ძიძა გახდები, - გაიხუმრა რობიმ.
- არა. მეტად არასდროს არ გავთხოვდები.
- მეტად? - მამაკაცმა ეს სიტყვა ჩაიჭირა, - შენ რა, გათხოვილი იყავი?
პანიკისგან ქალს სუნთქვა გაუჩერდა, მაგრამ მაინც დაუფიქრებლად მოახერხა პასუხის გაცემა:
- არა, უბრალოდ, როგორც იტყვიან, ფიგურალურად გამოვხატე.
- მაგრამ თუ გათხოვილი არ იყავი, - რობი დაჟინებით შეაცქერდა, - ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი რატომ ხარ?
- იმიტომ, რომ ბევრი უსიხარულო ოჯახი მინახავს, გათხოვებით ბედნიერება რომ არ ღირსებია.
- ზუსტად ვიცი, გადაიფიქრებ, როგორც კი შესაფერის ბიჭს იპოვი, - გაამხნევა რობიმ.
კატიამ გადაიკისკისა:
- დედაშენივით ლაპარაკობ.
- იმის თქმა გინდა, რომ დედაჩემი ამ თემაზე გელაპარაკა? - გაუკვირდა მამაკაცს.
- ჰო, მოვასწარით. ის კარგა ხანს მარწმუნებდა, როგორი კარგი ხარ, რა ღირსებებით ხარ შემკული და როგორი ქმარი იქნები.
რობი შეიშმუშნა.
- ნუ ნერვიულობ, - მის რეაქციაზე კატიას ისევ გაეცინა, - მე დავაჯერე დედაშენი, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მეგობრები ვართ.
რობი კარგა ხანს დუმდა, სანამ საუბარს გააგრძელებდა.
- ალბათ ფიქრობ, რომ მე უცნაურად ვიქცევი. შენ ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი საინტერესო, მე კი ერთხელაც არ მიცდია შენთან ფლირტი. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ არ მომწონხარ. უბრალოდ, მეშინია, არ გავაფუჭო ჩვენი ურთიერთობა და, საერთოდ… გაცნობისთანავე დაახლოება დიდად არ მხიბლავს… ხედავ, ბებერივით რომ ავლაპარაკდი?
- პირიქით, გულწრფელად და სერიოზულად ალაპარაკდი, - დინჯად მიუგო კატიამ, - შენთან მეგობრობა ბევრად უფრო ღირებულია ჩემთვის, ვიდრე კოცნა და ალერსი.
- ოდესმე შეძლებს ვინმე კარგი კაცი, ორივე ერთად გაჩუქოს - მეგობრობაც და სიყვარულიც.
- ოდესმე ვინმე კარგი ქალიც შეძლებს შენც ორივე ერთად გაჩუქოს - მეგობრობაც და სიყვარულიც.
- არა. - ძალზე თავდაჯერებულად წარმოთქვა რობიმ, - მე წინ მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის წლები მელის. ახლა თუ ვერ გავიმარჯვე, მაინც არ დავნებდები და ბრძოლას გავაგრძელებ. კიდევ ხომ იქნება არჩევნები. ასე რომ, დიდხანს ვერ მოვიცლი დასაქორწინებლად.
კატიას გაახსენდა, როგორ ეთამაშებოდა სკვერში რობი ბეტის შვილებს და თავი ღიმილით გადააქნია. შეუძლებელია ასეთმა მგრძნობიარე კაცმა ცოლის მოყვანაზე არ იფიქროს. ალბათ იმედგაცრუება განიცადა სიყვარულში და ამიტომ ამბობს ასე, ან, სულაც, ვიღაც უიმედოდ უყვარს და ასეთი აზრით იმშვიდებს თავს, თორემ რა დაუშლიდა, დროებითი სასიყვარულო თავგადასავლებით მაინც გაერთო თავი? აი, მაგალითად, კატიას შებმა ეცადა?
ქალი ხვდებოდა, რომ რობის გულს სულ სხვა ჭია ღრღნიდა, ამიტომ ამ თემაზე ლაპარაკი აღარ გაუგრძელებია.
იმ დღეს ბავშვებთან ერთად ბაღში მყოფებოდა და მათ თამაშს თვალს ადევნებდა. მოულოდნელად სახლის კარი გაიღო და ანდრია გამოვიდა. იგი თავისი მანქანისკენ გაემართა. მას კატია არ შეუმჩნევია, ამიტომაც ქალმა თამამად გააგრძელა მისი ყურება. რა მაგარი მამაკაცია! მაღალი და ჩამოსხმული. ასე შორიდანაც კი შესამჩნევია მისი არისტოკრატული მანერები, თუმცა ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც ის საოცარი სინაზე და სიკეთე იმალება, ადრეულ წლებში რომ ავლენდა ცოლთან. პოლიტიკოსის დაყენებული პოზები კატიას არ უკვირდა, რადგან იცოდა, როგორი თბილი და მოსიყვარულე იყო ლოგინში.
რა შეიცვლებოდა, იმ ღამეს, მისთვის უარი რომ არ ეთქვა და დანებებოდა? დიანასთან ნიშნობას გააუქმებდა და კატიას შეურიგდებოდა თუ, უბრალოდ, ერთი ღამის სიამოვნებად მიითვლიდა მასთან გატარებულ რამდენიმე საათს? ამას კატია ვერასდროს გაიგებდა. ამიტომაც, თუ არ უნდა, რომ ცხოვრების ბოლომდე დაიტანჯოს თავი ამ შეკითხვებით, მასზე ფიქრი გონებიდან უნდა ამოიგდოს.
უეცრად თემოს დარტყმული ბურთი მოხვდა ზურგში, თან ისე ძლიერად, რომ ბალახებში გაიშოტა. იმის მაგივრად, რომ გაბრაზებულიყო, სიცილი აუტყდა. თემოს გაუხარდა, დატუქსვას რომ გადაურჩა და თვითონაც გვერდით მიუწვა ძიძას.
- წამო, კატი, ჩვენთან ერთად ითამაშე, კარგი? - ხელზე მოქაჩა ბიჭმა, - წამო რა?
კატიამაც არ დაახანა, კისკისით წამოხტა და ბურთით მოთამაშე და-ძმას შეუერთდა…
რამდენიმე დღის შემდეგ რობის დედას ესტუმრა. ამ სახლში თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობდა, მოსწონდა ნონიაშვილების უბრალოება. ბეტი ბავშვებთან ერთად ორი დღით თბილისში გაემგზავრა, ამიტომ უამრავი დრო ჰქონდა. კი სთხოვა ბეტიმ, შენც ჩვენთან ერთად წამოდიო, მაგრამ კატიამ უარი უთხრა. მარტო სურდა დარჩენა თავის დარდთან.
ის დღე ძალზე მხიარულად გაატარა. რობის დედას მურაბების მოხუფვაში დაეხმარა. კატია თან ხუფავდა, თან ითვლიდა. ოცდაცხრა ქილა ალუბლის მურაბა გაამზადეს ზამთრისთვის. კატიას გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ეხმარებოდა დედას ასეთ საქმეებში და თვალზე ცრემლი მოადგა, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს, რადგან შეეშინდა, არ ატირებულიყო. ქალბატონმა დარიკომ შეამჩნია მისი აწყლიანებული ლამაზი თვალები, მაგრამ შეგნებულად არ დაუწყო გამოკითხვა.
შემდეგ სამზარეულოში მოკალათდნენ ჩაის დასალევად. რობის დედამ დრო იხელთა და შვილზე ჩამოაგდო ლაპარაკი, შვილსა და კატიასთან მის ურთიერთობაზე.
- შენ კარგ გავლენას ახდენ მასზე, შვილო. გამიხარდებოდა, ერთად თუ იქნებოდით.
- მაგრამ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, დარიკო დეიდა. ჩვენ მხოლოდ ვმეგობრობთ.
- მეგობრობით იწყება სიყვარული, განა სხვა რამით… - შეფიქრიანებული ტონით მიუგო დარიკომ, - ვინ იცის, რა მოხდება, ნაადრევად ნურაფრის მტკიცებას ნუ მოჰყვები. ეჰ… გული მიგრძნობს, კარგი რძალი მეყოლებოდი.
- რობის ეგ არ შეეშლება. ის აუცილებლად კარგ გოგოზე დაქორწინდება, აი, ნახავთ.
_ რა ვიცი, აბა. ქალების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა, მაგრამ მისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა შენ გარდა ვერც ერთმა ვერ შეძლო. ჩემს შვილს ჭკუა რომ ჰქონდეს, შენნაირ გოგოს როგორ გაუშვებდა ხელიდან. მერე რა, რომ რუსი ხარ, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობ. - გაიხუმრა დარიკომ და მხარი ოდნავ გაჰკრა მის მხარს.
- ნუთუ არასდროს არავინ ჰყვარებია? - დაინტერესდა კატია.
- კი, როგორ არა. ბავშვობიდან დიანა უყვარდა, მაგრამ მერე რა ვიცი, აღარ გაგრძელდა მათი ურთიერთობა. თვითონაც არ მოინდომეს მაინცდამაინც.
კატია გაოცებით მიაჩერდა ქალს:
- დიანას ხვდება? ეგ არ ვიცოდი.
- ახლა რაღას ხვდება, შვილო, ის გოგო უკვე დანიშნულია. ეს ამბავი ადრე იყო, როცა ჯერ კიდევ მოზარდები იყვნენ. ანდრიაც ამათთან ერთად იყო სულ, ახლა კი რობის როგორც მტერს, ისე უყურებს, თითქოს ბავშვობა ერთად არ გაეტარებინოთ.
- ასეთი რამეები საქართველოში ხშირად ხდება?
- ეს ყველგან ხდება, ჩემო კატია, მთელ მსოფლიოში. შეყვარებულები კი არა, ცოლი და ქმარიც შეიძლება ერთმანეთისთვის უცხოები გახდნენ.
ცოლი და ქმარიც… კიდევ კარგი, ქალბატონმა დარიკომ არ იცის კატიას გასაჭირი, თორემ მიხვდებოდა, როგორ ატკენდა გულს მისი სიტყვები. ალბათ ოდესმე მოუყვება ამ კეთილ ქალს თავის თავგადასავალს, მაგრამ არა ახლა.
- დიანა ჭავჭავაძეებთან ხშირად მოდის? ხედავ ხოლმე? - შეეკითხა დარიკო.
- არა, უფრო მეტად სახლს გარეთ ხვდებიან ერთმანეთს. სადმე ერთად მიდიან და…
- მე მგონი, მშვენიერი წყვილია.
- ჩემი გადასახედიდან კი არა. საშინლად ოფიციალური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, გეგონება, სიყვარული კი არა, საქმე აკავშირებთო.
ქალბატონმა დარიკომ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, რადგან ამ დროს ლალი შემოვიდა და გულის წასვლამდე მშიაო, დედას გამოუცხადა.
მალე სამზარეულოში მთელი ოჯახი შეიკრიბა და ყველანი გაშლილ სუფრას მიუსხდნენ. ყველაზე ბოლოს რობი მოვიდა და კატიას გვერდით დაჯდა.
- როგორ მოგწონს ჩვენი ღარიბული პურმარილი არისტოკრატების სუფრასთან შედარებით?
- ო, ამის შედარება რთული იქნება. ყველას ის უყვარს, რასაც ეჩვევა. ჩვენთან, უკრაინაში, მაგალითად, შუადღეს აუცილებლად წვნიანი უნდა მიირთვა - შჩი ან სუპი.
- აბა, სუპი ხაშლამას შეედრება? შეხედე, რა ოხშივარი ასდის, აბა, გადაიღე ეს ნაჭერი! - რობიმ ყველაზე მოზრდილი ნაჭერი კატიას თეფშზე დაუდო.
- ხორცს ჩვენ ვახშმად მივირთმევთ ხოლმე, ოღონდ ცივად. მერე კი სალათებს. მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, ქართულ სუფრას ისე მივეჩვიე, სულაც ვერ ვგრძნობ დისკომფორტს. სადილზე გამოვძღები თუ ვახშამზე, ჩემთვის უკვე სულერთია.
მის ნათქვამზე ყველას გაეცინა. დარიკომ კი რობის გახედა:
- მოუსმინე, მოუსმინე, რას ამბობს შენი მეგობარი. შენ კიდევ დიანა მსუყე საჭმელს არ შეჭამსო, იმ დღეს აიჩემე.
- რა შუაშია აქ დიანა, დედა? - შეუღრინა რობიმ დედას და წარბები უკმაყოფილოდ შეკრა.
მაგრამ კატია მას აღარ უსმენდა. ის ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - თურმე დიანა ამ დღეებში აქ ყოფილა. უცნაურია, რობიმ ამის შესახებ მას რომ არ უთხრა.
სადილი დასრულებული არ ჰქონდათ, რომ რობის რძალს მოულოდნელად მუცელი ასტკივდა. იგი ფეხმძიმედ იყო და დღე-დღეზე შვილს ელოდებოდა.
ყველანი დაფაცურდნენ. ზოგი სასწრაფოს გამოძახებას ამჯობინებდა, ზოგი კი მანქანით წასვლას, უფრო ჩქარა მივალთო. ბოლოს სათითაოდ გადანაწილდნენ მანქანებში და სამშობიაროსკენ გაქანდნენ. კატიაც მათ გაჰყვა.
დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ. სულ რამდენიმე წუთში ბებიაქალი გამოვიდა და რობის ძმას, ბეჟანს ვაჟის დაბადება ახარა, რისთვისაც გასამრჯელოდ ორმოცდაათლარიანი დაიმსახურა.
ერთი მხიარულება შეიქმნა. მაშინვე გაჩნდა შამპანურები და კაცებმა ზედ მანქანის სახურავზე დაიწყეს დალევა.
ლალი, დარიკო და კატია კი სამშობიაროში შევიდნენ. დარიკომ მახარობელს კიდევ ათი ლარი ჩაუცურა ჯიბეში და სთხოვა, ახალდაბადებული გვაჩვენეო.
მინის კედელს მიღმა რამდენიმე ჩვილი იწვა. კატიას მათ დანახვაზე თვალები აუცრემლდა. რა მოხდებოდა, მასაც ღირსებოდა ანდრიასგან შვილი? საშინლად მარტოსულად იგრძნო თავი, უთვისტომოდ და მიტოვებულად.
როცა ეზოში გამოვიდნენ, რობიმ ხელზე ხელი მოჰკიდა.
- აი, სწორედ ამის მეშინოდა. რა გემართებათ ამ ქალებს, ახალდაბადებულ ბავშვს დაინახავთ თუ არა, ღრიალს რომ მორთავთ?
კატიას გაეცინა. ცოტა ხანს კიდევ დაჰყვეს სამშობიაროში, მერე კი რობიმ დედა და დები შინ წამოიყვანა. თავისიანები გადმოსვა თუ არა ჭიშკართან, დაიჟინა, გინდა თუ არა, სახლამდე მანქანით უნდა მიგიყვანო, ასე გვიან მარტოს ვერ გაგიშვებ, ფეხით კი კარგა ხანს მოვუნდებით გზასო. სულაც არ სიამოვნებდა კატიას მანქანით ჭავჭავაძეების სახლთან მისვლა, მაგრამ უარიც ვერ თქვა.
როგორც კი გზას დაადგნენ, რობიმ იმწუთასვე დიანაზე ჩამოაგდო საუბარი:
- დედამ დღეს დიკა რომ ახსენა, დავინახე, როგორ გაგიკვირდა. ალბათ გაინტერესებს, რატომ იყო ჩვენთან მოსული, არა?
- მაპატიე, მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის, - კატიამ თავი მიაბრუნა და ღამის სიბნელეს გახედა.
- ვფიქრობ, რომ არის. ის შენზე სალაპარაკოდ მოვიდა.
- ჩემზე? ჩემგან რა უნდა?
- არ მოსწონს, ჩვენ რომ ერთმანეთს ვხვდებით.
- ეს ანდრიასაც არ მოსწონს და სულ ბრაზდება, - ამოიოხრა კატიამ.
- და შენ გადაწყვიტე, რომ არჩევნების ჩამთავრებამდე არ შემხვდე?
- არა.
- მიხარია, - თქვა რობიმ და მანქანა პირდაპირ ჭიშკართან დაამუხრუჭა, - ცუდია, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს. მაგარი წყვილი ვიქნებოდით.
კატია გამოემშვიდობა მეგობარს და ეზოში ქურდული ნაბიჯებით შეიპარა. გვიან იყო, ალბათ ყველას ეძინა, მაგრამ სიფრთხილე მაინც გამოიჩინა და თავისი ოთახისკენ ფეხაკრეფით გასწია. ამ დროს ანდრიას საძინებლის კარი გაიღო და ქალი პირისპირ შეეჩეხა მამაკაცს. კედლის უკან მიმალვას აზრი არ ჰქონდა, ანდრიამ იგი უკვე დაინახა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>