ვახშმობისას კატი ყურადღებით ისმენდა ოჯახის წევრების საუბარს. ბეტი ენას არ აჩერებდა, გაუთავებლად ლაყბობდა. დედას შესჩიოდა, ბავშვებს ტანსაცმელი დაუპატარავდათ, არადა, სეზონი მოდის, სკოლაში რითი უნდა ვატაროო. ეკაც სასკოლოდ ემზადებოდა და დედას ძალიან უნდოდა, ბავშვები არა სოფლის, არამედ ახლომდებარე ქალაქის სკოლაში ეტარებინა, სადაც დათოს მამიდას მიაბარებდა. ამ თემამ კატიაც ააღელვა. მან ვერ მოითმინა თავისი აზრი გამოთქვა:
_ როცა ბავშვები სახლს მოსწყდებიან, სულ სხვანაირები ხდებიან. მამიდა ალბათ მიხედავს, მაგრამ დედა მაინც სულ სხვაა, ბეტი.
_ მერე რა? სამაგიეროდ, დამოუკიდებლობას შეეჩვევიან.
_ დამოუკიდებლობას აქაც შეგიძლია მიაჩვიო, ამისთვის არ არის აუცილებელი, შვილები შენგან შორს იყვნენ. _ მაინც ვერ გააჩერა ენა.
_ ამის ხელში რა დამოუკიდებლობას მიეჩვევიან, ლამისაა, საწოლში მიუტანოს საჭმელი! _ ნიტას ქალიშვილის მისამართით საყვედური დასცდა.
_ იმიტომ, რომ სხვა საქმე არაფერი აქვს, _ თქვა კატიამ და იმწამსვე გაჩუმდა, რადგან მიხვდა, რომ უტაქტოდ გამოუვიდა, მაგრამ ბეტის არ სწყენია.
_ მართალი ხარ, კატო, _ გადააქართულა ბეტიმ მისი სახელი, _ მე და დათომ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. სხვათა შორის, გადავწყვიტეთ, საკუთარი სახლი ვიყიდოთ და იქ გადავიდეთ.
_ მე კი მეგონა, რომ ეს სისულელე უკვე ამოიგდე თავიდან! _ განერვიულებულმა წამოიძახა ქალბატონმა ნიტამ.
_ სისულელე რატომაა?
_ იმიტომ, რომ აქ მშვენივრად ხართ, ხელს არავინ გიშლით. ეს სახლი ყველასია, _ მერე კი კატიას გადახედა მტრული მზერით, _ არ გეყო, რაც ანდრიას დამართე, ახლა ელისაბედის ცხოვრებაშიც ერევი, არა?
მოულოდნელად დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ბეტიმ მყისვე დაარღვია:
_ კატო რა შუაშია, დედა? ისედაც ხომ ნათელია, რომ მალე ანდრია ცოლს შეირთავს და მერე ჩვენ აქ ზედმეტები გავხდებით? ტვირთად ხომ არ დავაწვები ჩემი ძმის ოჯახს?
_ არა მგონია, ანდრიასთვის თქვენ ტვირთი გახდეთ. _ როგორც შეეძლო, მშვიდად გასცა პასუხი დედამ.
ანდრიამ ხელიდან ჩანგალი გააგდო და ყველას სათითაოდ მოავლო თვალი.
_ იცით, რას გეტყვით? მე ამაზე აქამდე არ მიფიქრია, მაგრამ ჩემი და მართალია. ყველა ოჯახი ცალკე უნდა ცხოვრობდეს, ეს აუცილებელია.
ბეტი მისი პასუხით ძალზე კმაყოფილი დარჩა.
_ ჰოდა, უკვე შევუდგები ახალი სახლის ძებნას.
_ არ არის საჭირო, მე უკვე შევიგულე შავგულიძეების სახლი და თანხის უმეტესი ნაწილიც გადახდილი მაქვს. თვის ბოლოს მთლიანად გავისტუმრებ შალვას და შეგიძლიათ გადახვიდეთ. ჩათვალე, რომ ეს შენი წილია, რაც მემკვიდრეობით უნდა გრგებოდა. შენ ხომ არაფერი მიგიღია მამაჩვენის ქონებიდან.
ბეტი ისე დამუნჯდა, რომ კრინტი ვერ დაძრა. ზედმეტი სიხარულისგან სუნთქვაც კი შეეკრა.
_ თქვენ ხომ არ იცით, მე რა ძმა მყავს! _ იკივლა ბოლოს, წამოხტა, ანდრიას მიეჭრა და გადაეხვია.
ვახშმის შემდეგ ყველამ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლა. დათო ახალი ამბით ისე იყო დამუნჯებული, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია, აჟიტირებულს მხოლოდ თვალები უბრწყინავდა. კატიას თავისთან უნდოდა ასვლა, ნიტას სიტყვებმა გული დასწყვიტა, მაგრამ ბეტიმ არ დაანება და აიძულა, ისიც მათთან ერთად ყოფილიყო. ქალი უხალისოდ შევიდა ოთახში სხვებთან ერთად და მოშორებით, კუთხეში მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
ანდრია შესცქეროდა სავარძლისკენ გრაციოზული ნაბიჯებით მიმავალ ცოლს და ფიქრობდა, ეს გოგო ასე სასურველი ჩემთვის ჯერ არ ყოფილაო. გიჟურმა სურვილმა წამოუარა, მიერბინა მასთან, მკერდზე მიეხუტებინა და კოცნით დაეხრჩო. ძლივს აიყვანა თავი ხელში და სურვილი რომ ჩაეკლა, მზერა აარიდა. ხვდებოდა, რა ცუდად ექცეოდა დღემდე ცოლს და გული მოუკვდა. აი, რა ძვირად დაუჯდა თავისი შეცდომები! საგანგებოდ უნდა მიეღო გულგრილი სახე მისი დანახვისას, უნდა ჩაეკლა სათუთი გრძნობები, რომ გულს არ გაეცა, ამ ყველაფერმა კი საბოლოო ჯამში სინდისი დაუმძიმა. როცა დანაშაულს გამოისყიდის, იქნებ მაშინ მაინც მოახერხოს, უთხრას ცოლს, როგორ აკლდა მისი სითბო და სიყვარული ამ წლების განმავლობაში.
როცა, როგორც იქნა, სურვილი გულში ჩაიკლა, შეეცადა, დათოსთან გაება საუბარი. კატიამ კი მისი ეს ნაბიჯი გულგრილობისა და ზიზღის ნიშნად მიიღო. `ჩემ გვერდით დაჯდომაც კი არ უნდა~ , _ მტანჯველმა ფიქრმა თვალებშიც კი გაუელვა. ამწუთას კიდევ უფრო ეულად და უმწეოდ იგრძნო თავი, თითქოს რაღაც ახრჩობდა. მოულოდნელად წამოდგა და წასასვლელად გაემზადა.
_ რატომ მიდიხარ? _ ბეტი გაოცებული მიაჩერდა.
_ თავი ამტკივდა. მირჩევნია, წამოვწვე, _ სევდიანი ხმით მიუგო.
_ თავის ტკივილს სუფთა ჰაერზე გასეირნება უშველის. _ ხმადაბლა თქვაა ანდრიამ, _ მშვნიერი ღამეა, არ გინდა შემოგვიერთდე?
_ მშვენიერი ღამე შეყვარებულებისთვისაა და არა ჩემთვის, _ უნებურად წამოსცდა.
_ წამო, წამო, ნუ ჯიუტობ, _ ანდრია მისკენ დაიძრა.
_ არა, გმადლობ. შენ, მგონი, აგერია. წესით, დიანა უნდა გაასეირნო და არა მე.
მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. სახე გაუქვავდა, ხოლო მისმა სასურველმა ქალმა გვერდით ჩაუქროლა და გარეთ გავარდა.
კატია კარგა ხანს სცემდა ბოლთას საძინებელში. ისედაც ცუდ ხასიათზე იყო ნიტას შენიშვნის შემდეგ და ანდრიამ მთლად მოუშხამა გუნება. რა თამაში წამოიწყო ამ კაცმა? როგორ შეუძლია იფიქროს, რომ მასთან ერთად სასეირნოდ წავა? გულდაწყვეტილმა თავი შეარხია. ალბათ ძველმოდური გახდა. იქნებ ანდრია ცდილობს მასთან ურთიერთობის დალაგებას, რომ როგორმე აირიდოს თავიდან უხერხული მომენტები, მათი შეხვედრისას რომ იჩენს თავს? იქნებ ფიქრობს, ცოტათი თუ გაარომანტიკულებს ამ ურთიერთობას, შეიძლება უკეთესიც იყოსო?. რა თქმა უნდა, ასე იფიქრებს. მას ხომ კატია საერთოდ არ ანაღვლებს. მაგრამ თვითონ რომ ასე ძალიან უყვარს, ამას რა ეშველება? სწორედ ამიტომ გაურბის მასთან შეხვედრას. ეშინია, თავი არ გასცეს. როცა საკუთარი სისუსტე გამოავლინა, რა მოიგო? ისევ ანდრიამ დაიხია უკან და არა მან.
მეორე დილით დიანა მოვიდა და კატიას სთხოვა, ქალაქის ბიბლიოთეკაში გაჰყოლოდა რაღაც სტატისტიკური მასალების მოსაძიებლად, რომელიც ანდრიას საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა.
დიანას მანქანაში მსხდომთ გამვლელები ცნობისმოყვარე მზერით მიაცილებდნენ. უკვე ყველამ იცოდა სკანდალური ამბავი, რომელიც ანდრიას წარსულს უკავშირდებოდა და ალბათ უკვირდათ, ცოლი და საცოლე ერთმანეთში როგორ თანხმდებიანო. საცოლე ისეთ სახეს იღებდა, თითქოს სულაც არ ანაღვლებდა გავრცელებული ჭორები, ცოლი კი იმწამსვე შუბლს იჭმუხნიდა, როგორც კი ვინმეს მზერას დაიჭერდა.
_ აბა, მითხარი, _ ცივად ჰკითხა დიკამ, _ ცუდი შეხედულება რატომ ჩამოგიყალიბდა ჩემზე?
კატიას ძალაუნებურად გაეღიმა.
_ ეს ასე შესამჩნევია?
_ მოდი, ასე ვთქვათ: შენგან დიპლომატი არ გამოვა.
_ შენ კიდევ გიყვარს ცოტა წააფერისტება, არა?
_ ამის გარეშე ფონს იოლად ვერ გახვალ. ყოველთვის კი არ უნდა თქვა ის, რასაც ფიქრობ. ხშირ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს, აჯობებს, სიმართლეს თვალი არ გაუსწორო.
ეს იყო ყველაზე გრძელი სიტყვა, რაც კატიას მისგან მოესმინა და ინანა, რომ ვერ დაეთანხმებოდა მეტოქეს.
_ თუ სიმართლეს თვალებში არ ჩახედავ, გამოდის, რომ ტყუილში უნდა იცხოვრო. მე კი სულ მეჩვენებოდა, რომ შენ არასდროს ემალებოდი სიმართლეს.
_ მე ჩემი თავი არ მიგულისხმია, _ გაიოცა დიკამ.
_ მაპატიე. ისეთი გრძნობით წარმოთქვი, მეგონა, საკუთარ თავზე ლაპარაკობდი.
_ მე მგონი, სრულიად ბუნებრივია, ჩემ შესახებ მეტის გაგება რომ გსურს. ბოლოს და ბოლოს, ანდრიამ მე ხელი ოფიციალურად მთხოვა.
_ ჰო, _ კატია სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, _ სულ მაინტერესებდა გამეგო, რა ნახა მან შენში ისეთი, რაც ჩემში ვერ იპოვა.
_ უბრალოდ, მის გვერდით მე აღმოვჩნდი, შენ კი ახლოს არ იყავი.
_ გარდა ამისა, შენ ძალიან ლამაზი ხარ, _ თქვა კატიამ, თუმცა ძლივს შეძლო ამ სიტყვების წარმოთქმა.
დიკამ ხელი აიქნია.
_ ჩემი გარეგნობა არაფერ შუაშია. ანდრიას უნდოდა, რომ მისი მეორე ცოლი უფრო მიტმასნილი ყოფილიყო მასზე.
_ მე არასდროს ვყოფილვარ მასზე ზედმეტად მიტმასნილი.
_ არა, არა, ალბათ გასაგებად ვერ გამოვთქვი, _ სწრაფად გამოასწორა დიკამ, _ მე ემოციურობა ვიგულისხმე. შენ ზედმეტად ემოციური ხარ, ამის უარყოფას აზრი არა აქვს, მას კი ასეთი ქალები არ მოსწონს.
_ მაგაში გეთანხმები. მე ძალზე ღრმად განვიცდი ყველაფერს. მაგრამ მგონია, რომ შენც ასეთი ხარ, უბრალოდ, არ იმჩნევ.
_ აჰა, ვხედავ, სხვების საქციელის გაანალიზება გყვარებია, _ გაიცინა დიანამ, _ როგორც ჩანს, აღმოსავლეთ ევროპაში ასეა მიღებული.
კატიამ იფიქრა, ასე იმიტომ მითხრა, რომ ჩემთან საუბრის გაგრძელება არ სურსო და გაჩუმდა.
როგორც იქნა, ქალაქში ჩავიდნენ და ბიბლიოთეკასთან გაჩერდნენ.
ორი საათი მაინც მოუწიათ მუშაობამ, სანამ საჭირო საბუთებს გადააქსეროქსებდნენ. უკვე შუადღე იყო, როცა უკან დაბრუნდნენ. დიანა მთელი სისწრაფით მიაქროლებდა მანქანას. კატიას შეშურდა, დიანა ისე ოსტატურად მართავდა საჭეს. ამ გოგოს მეტი ტემპერამენტი ჰქონია, ვიდრე მე მეგონაო, გაიფიქრა გულში.
_ ძალიან ხომ არ მივაჭენებ?
_ არა, ნორმალურად მიდიხარ. კარგად ატარებ მანქანას, კაცივით.
_ ეს კომპლიმენტია?
_ რა თქმა უნდა. შენ რასაც ხელს ჰკიდებ, ყველაფერს კომპეტენტურად აკეთებ, თანაც ემოციებს არ გამოხატავ.
_ ჰმ… საინტერესოა… _ თქვა დიკამ და გაჩუმდა.
უეცრად მანქანაში რაღაცამ გაიტკაცუნა და შეხტა. სახლამდე სამიოდე კილომეტრიღა იყო დარჩენილი. რამდენიმე მეტრი რომ გაიარეს, იგივე განმეორდა, მერე კი ძრავა მოულოდნელად ჩაქრა. დიკამ რამდენჯერმე სცადა, მაგრამ დაქოქვა ვეღარ შეძლო.
_ რა უნდა მომხდარიყო? _ შეშფოთდა კატია.
_ აზრზე არ ვარ, _ მხრები აიჩეჩა დიკამ და გადავიდა.
_ ბენზინი ხომ არ გათავდა?
_ აბა, რა ვიცი. ამ დილით ჩავასხი და… ააა, მართალი ხარ, _ უცებ რაღაც გაახსენდა, _ სანამ შენთან მოვიდოდი, ქვეყნის ვიარე. მოდი, ფეხით გავიაროთ, იქნებ ვინმე დაგვეხმაროს.
_ მე წავალ, შენ კი დარჩი. მანქანის დატოვება არ შეიძლება.
კატია გზას დაადგა, დიანა კი კარს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და სახე მზეს მიუშვირა.
_ უცნაური ადგილი გიპოვია გასარუჯად, _ მოესმა ამ დროს ხმა, რომელიც ბოლო დღეებში სიზმრადაც კი ექცა.
ქალმა წამსვე გაახილა თვალი და მის წინ მდგარი რობი დაინახა.
_ ბენზინი გამითავდა, _ უხასიათოდ მიუგო, _ მრიცხველი გაფუჭდა ალბათ, მიჩვენებს, თითქოს ასხია.
_ წავალ და გიშოვი ბენზინს.
_ კატია უკვე წავიდა.
_ მაშინ შენთან დავრჩები, სანამ ის დაბრუნდება.
_ მადლობა, ნუ შეწუხდები, მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
_ მარტო, მამაკაცის მხარდაჭერის გარეშე? _ გაიხუმრა რობიმ.
გაბრაზებული გოგონა მიტრიალდა, მაგრამ მამაკაცმა ხელი სტაცა, სახით თავისკენ შემოაბრუნა და ჩურჩულით შეეკითხა:
_ სულ რატომ ვჩხუბობთ მე და შენ, დიკა? ადრე ასე რომ არ იყო?
_ როცა პატარა ბიჭი იყავი, მეტი თავაზიანობით გამოირჩეოდი.
_ მაგრამ მთელი ცხოვრება პატარა ბიჭად ხომ არ დავრჩები, _ მიუგო რობიმ მიმქრალი ხმით, ქალი უხეშად მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა…
იოტისოდენა სინაზე არ იყო მის კოცნაში, სამაგიეროდ ვნება იგრძნობოდა. დიანა შეშინდა და გაქცევა დააპირა, მაგრამ რობის ისე მძლავრად ჰყავდა ჩაბღუჯული, განძრევაც ვერ შეეძლო.
_ ნუ შეეეცდები ჩემთან შებრძოლებას, _ ხრინწიანი ხმით ჩასჩურჩულა მამაკაცმა, _ მე შენზე ძლიერი ვარ, ვერ მომერევი.
_ მხოლოდ ძალისმიერი მეთოდით გეხერხება ქალების დამორჩილება?
_ შენი დამორჩილება მხოლოდ ასეა შესაძლებელი, _ იგი კვლავ წაეტანა მის ტუჩებს. _ შენც მაკოცე და გაგიშვებ, _ ისევ უჩურჩულა, _ მანამ კი ჩემს ტყვეობაში დარჩები.
იცოდა, რომ რობი თავის მუქარას შეასრულებდა და ხელს არ გაუშვებდა, ამიტომაც თავი ასწია, თვალები დახუჭა და მამაკაცის ლოყას ტუჩებით შეეხო, ზუსტად ისე, ადამიანს ვიღაცის თავიდან მოშორება დროზე რომ სურს.
_ ოხ, არააა! ეს რა კოცნაა?! მე მინდა, ვნებიანად მაკოცო, თან ისე, რომ ხედავდე, ვის კოცნი.
დიკამ მომენტალურად გაახილა თვალები.
_ ფიქრობ, რომ არ ვიცი? _ ჯიბრიანი ტონით ჰკითხა.
_ შეიძლება არც იცი. _ მიუგო რობიმ და მოლოდინით შეაჩერდა.
დიანა წამით გაყუჩდა. წინააღმდეგობის გაწევას არც აპირებდა და არც ჰქონდა აზრი. გარდა ამისა, სიამოვნებდა, მის ძლიერ მკლავებში რომ იყო მომწყვდეული, ესმოდა რობის გულის ძლიერი და არეული ბაგაბუგი. ეს მისთვის ერთგვარი ტანჯვა იყო, ოღონდ ტკბილი ტანჯვა.
ერთხანს ასე იდგნენ და ერთმანეთს მზერას არ აშორებდნენ. მერე რობის ხელები კვლავ ამუშავდა. ზურგიდან ქალის წვრილ წელზე გადაინაცვლა, მეორე ხელი კი წინიდან გადავიდა `შეტევაზე~ და მუცლის ტერიტორიის გავლით ქალის მკერდისკენ დაიძრა. დიკას შეაკანკალა და მამაკაცი მიხვდა, რომ ეს არ იყო ზიზღით გამოწვეული კანკალი. გოგონა უკვე ვეღარ აკონტროლებდა თავის თავს, მისი სხეული თითქოს აჩქარებდა მამაკაცს, უფრო ძლიერად მოფერებოდა. სურვილი, რომელმაც ქალს თავი დააკარგვინა, თანდათან ძლიერდებოდა. დიკას აღარაფერი ახსოვდა, მხოლოდ რობის ცხელი ტუჩების ალერსის დაჭერას ცდილობდა.
არა, არასდროს უგრძნია ადრე, რას ნიშნავს, ვიღაცისთვის ველურად სასურველი იყო და სრულიად შეუცნობლად, გონწასულივით მიენდო მამაკაცს. თავადაც თავდავიწყებით პასუხობდა კოცნას კოცნაზე და ვერც ხვდებოდა, რომ თურმე მასაც შესძლებია მსგავსი სიგიჟები. ქალის ხელები ქვეცნობიერად შეცურდა მამაკაცის პერანგის ქვეშ, თითებით შეეხო მის ფართო მკერდს და ნელა ამოძრავდა. მაშინვე შეიგრძნო რობის სხეულის მხურვალება და რადგან იცოდა, რომ ამ სიმხურვალის მიზეზი თვითონ იყო, დაუოკებელი სურვილის ტალღა მოასკდა.
ორივე ერთდროულად ჩაიკეცა, მაგრამ მოახლოებული მანქანის ხმამ ისინი სწრაფად დააბრუნა რეალობაში.
რობი ქალს მოსცილდა, თუმცა ხელის გაშვება არც უცდია.
_ როგორც ჩანს, ჩვენ არა მხოლოდ კამათით ვახერხებთ ერთმანეთის აფეთქებას, _ უჩურჩულა გოგონას და ბიბილოზე მსუბუქად უკბინა.
_ მთლად დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ ამას… _ წყვეტილი სუნთქვით მიუგო გოგონამ და გაიღიმა. უხაროდა, რომ რაღაცის თქმა მაინც შეძლო. ეგონა, მოძალებული ვნებისგან პირში ენას ვერ მოაბრუნებდა, რადგან სხეულს ვეღარ იმორჩილებდა, თითქოს ცეცხლი უკიდიაო, _ უნდა ვაღიარო, რომ მიმზიდველი მამაკაცი ხარ…
_ ოღონდ არ მითხრა, რომ მხოლოდ ამან შეგაცდინა. წამიერი სისუსტე ჩემი მიმზიდველობით არ გამოგივლენია. შენ არ მიეკუთვნები იმათ რიცხვს, რომელთაც ნებისმიერ კნოპზე თითს მიაჭერ და აინთებიან. შენ გინდა ჩემთან, ამას ვგრძნობ. შენ მხოლოდ ჩემთან გინდა!
_ ო, როგორი თავდაჯერებული ხარ.
_ შენ კი ჩემზე შეყვარებული ეგოისტი.
პასუხად დიკამ უხეში მოძრაობით გაითავისუფლა ხელი და მთელი ძალით სტკიცა სახეში მამაკაცს. რობიმ ხელი შეუშვა გოგონას და უცნაური მზერით შეხედა. სახეზე დიკას თითების კვალი წითლად უღუოდა.
_ მგონი, შენ ამბობდი, რომ მხოლოდ ვულგარულ რომანებში ულაწუნებენ სახეში მამაკაცს.
_ გამოდის, რომ მხოლოდ ვულგარულ მამაკაცებს შეუძლიათ გაიგონ ვულგარული ჟესტები, _ ყინულივით ხმით წარმოთქვა გოგონამ და წარბებაწეულმა გააყოლა თვალი მისგან სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ მამაკაცს.
ერთიანად აცახცახებული მანქანაში ჩაჯდა და თავი საჭეზე ჩამოდო.
გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა კატია დაადგა თავს. იგი მაშინვე მიხვდა, რომ მის არყოფნაში რაღაც მოხდა. არც უცდია, რამე ეკითხა, რადგან აქეთ მომავალმა გზაში რობი დაინახა, რომელსაც სახე პომადით ჰქონდა მოთხვრილი. მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა. უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში და გზა გააგრძელეს.
_ წეღან რობი დავინახე, _ თქვა კატიამ, მცირე მანძილი რომ გაიარეს.
_ მეც. დახმარება შემომთავაზა, ბენზინს მოვიტანო.
_ ვიცი, ახლა მეტყვი, ეს შენი საქმე არ არისო, მაგრამ… მაპატიე, მაინც უნდა გკითხო: ანდრია გიყვარს?
შეკითხვას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა. ბოლოს დიკამ ცივად წარმოთქვა:
_ რა თქმა უნდა, რახან ცოლობაზე დავთანხმდი…
_ და ისე გიყვარს, რომ მის გამო ჭკუას კარგავ?
_ ძალიან გთხოვ, _ დიანა აღარ ცდილობდა, აღელვება დაემალა, _ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. რაც უნდა იყოს, შენ მისი ცოლი ხარ.
_ მერე რა? რამდენიმე კვირის შემდეგ ის თავისუფალი იქნება, დაქორწინდებით და მისი ცოლი შენ გახდები.
_ კიდევ ერთხელ გთხოვ, მეტი აღარაფერი თქვა, კარგი? _ მოულოდნელად იყვირა დიკამ და მკვეთრად დაამუხრუჭა. კატიამ თავი ვერ შეიკავა, გვერდულად გადაქანდა და თავი საქარე მინას მიარტყა.
_ მაპატიე, უნებურად მომივიდა, _ მოუბოდიშა დიანამ, _ ნერვებმა მიღალატა.
გზა გააგრძელეს, მაგრამ ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. კატიამ ირიბად გახედა გვერდით მჯდომს, შეათვალიერა და შეამჩნია, რომ დიკას თმა გასწეწოდა, ტუჩები კი ჯერაც უთრთოდა.
_ სულერთია, მაინც არ გავჩუმდები, _ ჯიუტად წარმოთქვა, _ ვიტყვი, რასაც ვფიქრობ. რობი შენზე სიგიჟემდეა შეყვარებული!
_ შეგიძლია გაჩუმდე? _ სასოწარკვეთილი ხმით იყვირა დიანამ და ხელი საჭეს დაარტყა, _ მე და რობის არაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან. მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ და არც ის ჩემთვის. ის და ანდრია ბავშვობაში ჩემი მეგობრები იყვნენ, მაგრამ ცოლად ანდრიას უნდა გავყოლოდი და არა მას. ახლა კი, თუ არ გინდა, რომ მანქანა გავაჩერო და ჩამოგსვა, ძალიან გთხოვ, ენა გააჩერო!
_ მაშინ ამინდზე ვილაპარაკოთ. ვფიქრობ, ამაზე მაინც არ გვექნება სხვადასხვა აზრი!
ამის შემდეგ ისე ჩავიდნენ სოფელში, ერთმანეთს აღარ დალაპარაკებიან.
მეორე დღეს დიკა ცდილობდა, კატიასთან მარტო არ დარჩენილიყო, მაგრამ მათი დაახლოება ნელ-ნელა მაინც ხდებოდა. ერთხელაც, ვეღარ მოითმინა და როცა კატია დაიმარტოხელა, თვითონვე ჩამოუგდო თავის ბავშვობაზე ლაპარაკი. ჰყვებოდა იმაზე, რომ მისი ბავშვობა სულაც არ ყოფილა უღრუბლო, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მას ძიძა ზრდიდა, მამას კი მისთვის არასდროს არ ეცალა.
_ შეიძლება საკმარისი სიყვარული ვერ გიწილადა მამამ, მაგრამ ზრუნვა ხომ არ დაუკლია?
_ მას ისედაც არ ეხერხება სიყვარულის გამოხატვა. მხოლოდ იმას ცდილობდა, მას როგორც სურდა, ისეთი აღვეზარდე, რათა მისი თავადური გვარი არ შემერცხვინა. სულ იმის მოლოდინშია, საქართველოში მონარქია როდის აღდგება, რომ საპატიო ადგილი დაიკავოს მაღალ ეშელონებში, თითქოს რამე აკლდეს, _ მწარედ ჩაიცინა დიკამ.
_ და ამიტომაც უნდა მისთხოვდე თავადური წარმომავლობის მამაკაცს, არა? ეს არის ანდრიასთან შეუღლების მთავარი მიზანი? _ გაოცება ვერ დამალა კატიამ.
_ სააგიტაციოდ სოფელში უნდა გავიდე, მოსახლეობა უნდა ჩამოვიარო, _ სიტყვა ბანზე აუგდო დიკამ, _ წამომყვები?
_ არა. მიხარია, რომ ამის გაკეთება არ მიწევს, _ კატია მიხვდა, რომ გოგონას საუბრის გაგრძელება აღარ სურდა, _ ალბათ ვერასდროს შევძლებ კარდაკარ ვიარო, ყველასთან ვაკაკუნო და ვურჩიო ხალხს, ვის მისცეს ხმა.
_ რატომ ასე? ხანდახან ადამიანებთან დალაპარაკება სასიამოვნოა. უსიამოვნო ის არის, კარს ცხვირწინ რომ მიგიხურავენ.
მარტო დარჩა თუ არა, კატია დიანას მონაყოლზე ჩაფიქრდა. ნუთუ ამიტომ აჩვენებს ყველას თავს, ვითომ გულცივია და სითბოს ნატამალი არ გააჩნია? არადა, სულაც არ არის ასე, საკმაოდ თბილი გოგოა და ურთიერთობის გაბმაც მშვენივრად ეხერხება. ალბათ მართლა კოშმარი მამა ჰყავს, რახან შვილი ასე გაზარდა.
გაგრძელება იქნება