ნოველები

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 14

ბედნიერება ნამსხვრევებისგან - თავი 14
რომანის დასაწყისი
ამ დროს ქალბატონი ნიტას ხმა შემოესმა.
_ აი, თურმე სად ყოფილხარ, _ ნახევრად მკაცრი, ნახევრად ტკბილი ტონით წამოიძახა ქალმა.
კატია ოდნავ შეირხა. საინტერესოა, ასე რამ დაუტკბო ხმა ამ ქალს? ნუთუ ფიქრობს, რომ თუ მას რძლად აღიარებს, ამ ეტაპზე ეს უფრო მომგებიანი იქნება? ალბათ… ალბათ მანამ, სანამ ანდრიას პოლიტიკური კარიერის ამბავი არ გაირკვევა.
_ ხვალ საღამოს დიანას მამასთან ვართ მიპატიჟებული ვახშამზე.
_ მე რა შუაში ვარ? _ კატია ცივად შეაჩერდა დედამთილს.
_ შენც დაგპატიჟა,
შენ ხომ ანდრიას მეუღლე ხარ, _ ისეთი გაოცებული ტონით ამოთქვა ნიტამ, რომ კატიას კინაღამ გაეცინა.
_ მაგრამ დიანა მისი საცოლეა.
ქალბატონი ნიტა ოდნავ შეცბუნდა, მაგრამ არ დაიბნა:
_ ამ ეტაპზე შენ ანდრიას ცოლი ხარ და ჩვენ ყველას… მიგვაჩნია, რომ ისე უნდა მოგექცეთ, როგორც ამ ოჯახის რძალს.
_ სიმართლე გითხრათ, არავითარი სურვილი არ მაქვს, დიანას ოჯახს ვესტუმრო.
_ ბავშვო, ასე ნუ ლაპარაკობ! _ მედიდური ტონით გააწყვეტინა ნიტამ, _ ის საზოგადოებაში დაფასებული კაცია, ამიტომ შენ ვალდებული ხარ, ანდრიას გამო…
_ გასაგებია, _ არ დაამთავრებინა კატიამ, _ რახან ასეა, წამოვალ.
_ გრძელი კაბა ჩაიცვი, საყვარელო, ცისფერი. ცისფერი ძალიან გიხდება. _ დედამთილმა თვალები დააკვესა და გატრიალდა.

არც იმ დღეს და არც მეორე დღეს ანდრიას კატიასთან კრინტი არ დასცდენია მოსალოდნელი ვახშმის შესახებ. არც კატიას შეუწუხებია თავი, ქმართან ამ თემაზე ესაუბრა. თუკი ანდრიას არ რცხვენია, ცოლი თავის სასიმამროს წარუდგინოს, მას რატომ უნდა შერცხვეს ამის? აჯობებს, განსაკუთრებულად მოემზადოს მოსალოდნელი ვახშმისთვის.
მეორე დღეს მართლაც დილიდან დაიწყო მზადება. ჯერ სალონში წავიდა ვარცხნილობის მოსაწესრიგებლად, მერე მაკიაჟი გაიკეთა და ბოლოს ჩაცმასაც შეუდგა.
როცა გაემზადა, სარკის წინ დატრიალდა და საგულდაგულოდ შეათვალიერა თავისი თავი. ო, არაჩვეულებრივად გამოიყურება. მას შემდეგ, რაც ანდრიამ იგი კვლავ ოფიციალურ ცოლად აღიარა, მისმა გარდერობმა სწრაფად დაიწყო შევსება. იმისთვის, რომ საზოგადოებაში ქმართან ერთად გამოჩენილიყო, რძალს აუცილებლად სხვებზე უკეთესად უნდა სცმოდა, ამიტომ ქალბატონი ნიტა არაფერს იშურებდა მის შესამოსად. ჩემი რძალი დევნილს არ უნდა ჰგავდესო, _ გამოაცხადა ოჯახში და საქმეში ბეტიც ჩართო…
აი, ასე. დღეს ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ ის დევნილს ჰგავს, უკრაინიდან გამოქცეულ უპატრონო გოგოს.
სასტუმრო ოთახში გავიდა. იქ არავინ იყო. ფანჯარას მიუახლოვდა და ბაღში გადაიხედა. უეცრად ანდრია შეამჩნია და სანამ ფანჯარას მოშორდებოდა, მამაკაცმა ამოიხედა და დაინახა.
_ ჩამო, მინდა დაგელაპარაკო, _ ხელი დაუქნია მამაკაცმა.
კატია ბაღში ჩავიდა.
_ რა ლამაზი ხარ, გიხდება ეს კაბა. ადრე ამ ფორმაში არ მინახავხარ.
_ თქვა ანდრიამ და ცოლი ზედმიწევნით შეათვალიერა. საკმარისად შემფასებლური იყო ეს მზერა.
_ წინა კვირას დედაშენმა მიყიდა.
_ მართლა ძალიან გიხდება. მეტად აღარ ატარო სწორი კაბები, ასე გაშლილი უფრო ლამაზად გადგას სხეულზე.
_ მით უფრო, რომ მოდაში აღარ არის.
_ ლამაზი ქალი თვითონ კარნახობს მოდას. _ მიუგო ანდრიამ, ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და ქალს ირგვლივ შემოუარა.
კატიამ შეგნებულად არ მიაქცია ყურადღება მის გამახვილებულ ინტერესს, მაგრამ თავადაც ყურადღებით შეათვალიერა ქმარი, რომელიც არანაკლებ გემოვნებით იყო ჩაცმული.
_ შენთვის რაღაც მინდოდა მეთქვა… დიანას მამამ იცის ჩვენ შესახებ…
_ თუ ჩემი წაუსვლელობა აჯობებს, მითხარი. სულაც არ მსიამოვნებს მათთან სტუმრობა.
_ პირიქით, უნდა წამოხვიდე, შენ ხომ ჩემი ცოლი ხარ.
_ მთლად შენი ცოლიც არ ვარ.
_ ჰოდა, სწორედ ამაზე მინდოდა დაგლაპარაკებოდი. ადრე არ მივიჩნიე საჭიროდ, მეთქვა, მაგრამ…
რა არ მიიჩნია საჭიროდ ადრე, ამის გაგება კატიამ ვერ მოასწრო, რადგან სწორედ ამ მომენტში ეზოში საზეიმოდ გამოპრანჭული ნიტა გამოჩნდა, რომელსაც უკან ბეტი და დათო მოჰყვებოდნენ…
ათი წუთის შემდეგ ისინი უკვე დიანას სახლში იყვნენ.
დიკას შავი კაბა ეცვა და საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა, რასაც მამამისზე ვერ იტყოდით. ხანში შესული ახმახი მამაკაცი, საოცრად გულგრილი გამომეტყველებითა და გამჭოლი მზერით ათვალიერებდა სტუმრებს, განსაკუთრებით კატიას. როგორც ჩანს, მისმა სილამაზემ თვალი მოსჭრა. კატიას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კაცი თავისი გამჭოლი მზერით სულში უძვრებოდა.
_ ახლა უკვე გასაგებია, რატომაც მოგიყვანათ ცოლად ანდრიამ, _ ჩაიდუდუნა მოხუცმა, _ თქვენ მზეთუნახავი ხართ.
ამ ნათქვამს უხერხული სიჩუმე მოჰყვა, თუმცა თავად მასპინძელს უხერხულობა ოდნავადაც არ დასტყობია. მან მაშინვე სუფრასთან მიიწვია ყველანი და ღვინო ჩამოასხეს თუ არა, სადღეგრძელოც წარმოთქვა. მაგრამ როგორც კი პირველი ყლუპი მოსვა, სახე შეეცვალა და დასჭექა:
_ რა არის ეს? ღვინო რატომ არ ჩააცივეთ? სად არის სანდრო, რატომ არ მიხედა საქმეს? დიკა, ახლავე წადი, ყინული მოიტანე! _ საჩვენებელი თითი სამზარეულოსკენ გაიშვირა მასპინძელმა.
_ არა უშავს, ბატონო მირიან, მთავარია, კარგი ღვინოა, _ ანდრია სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
კატია კი გაოგნებული მიაჩერდა ოჯახის უფროსს, ქალიშვილისადმი ასე უდიერად მოპყრობამ გააოგნა. ახლა სულაც არ უკვირდა, რატომ იყო დიანა ასეთი გულგრილი ყველასა და ყველაფრის მიმართ. ასეთი მამის ხელში სხვანაირი ვერ გაიზრდებოდა.
ცოტა ხანში საუბარი, რა თქმა უნდა, არჩევნებზე ჩამოვარდა.
_ შენ სანერვიულო არაფერი გაქვს, ანდრია, _ ოფიციალური ტონით მიმართა მირიანმა მომავალ სიძეს, _ ჩვენს მოქალაქეებს ეყოფათ გონიერება, რომ მხარი შენ დაგიჭირონ და არა ლოთ ნონიაშვილს.
კატიამ მყისიერად გახედა დიანას. ის კი აუღელვებლად მიირთმევდა საჭმელს, მამის სიტყვებზე რეაქცია არ ჰქონია. სამაგიეროდ, თვითონ ვერ მოითმინა, დანა-ჩანგალი მაგიდაზე დადო და მოხუცს მიუბრუნდა:
_ რატომ მოიხსენიეთ ნონიაშვილი ლოთად?
_ იმიტომ, რომ ლოთია. სიამოვნებით გავასახლებდი ოჯახიანად აქედან, ჩემი ნება რომ იყოს. _ დაიქუხა მასპინძელმა და საჩვენებელი თითი ამჯერად უმისამართოდ გაიქნია.
კატიამ ვეღარ მოითმინა:
_ მე როგორც ვიცი, მამამისი აფხაზეთის ომში დაიღუპა. ეს თქვენთვის არაფერს ნიშნავს?
_ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მე ხომ არ მითქვამს, მამამისი ცუდი კაცი იყო-მეთქი. მე სხვა რამ ვთქვი: გასასახლებელი არიან აქედან.
_ იმიტომ, რომ თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ?
ბატონმა მირიანმა, ბოლოს და ბოლოს, ყურადღება მიაქცია მის სიტყვებს და გამჭოლი მზერა მიაპყრო.
_ შენ აქაური არ ხარ, გოგონა, და არ იცი, ჩვენს ქვეყანაში როგორი წესები მოქმედებს. საკუთარ ქმარს არ უნდა გადაახტე, როცა კაცები თავიანთ აზრს გამოთქვამენ. ჩვენ შენს ქვეყანაში არ ვართ!
კატია აპილპილდა, სახეზე ალმურმა გადაურა.
_ ჩემს ქვეყანაში უზრდელობად მიიჩნევა ცუდის თქმა ადამიანზე მის დაუსწრებლად! _ მტკიცე ხმით წარმოთქვა და მოხუცს თვალი თვალში გაუყარა.
ყველა ადგილზე გაქვავდა. ქალბატონ ნიტას ხველება აუტყდა, დიანა და ბეტი გაფითრდნენ, მხოლოდ ანდრია არ დაბნეულა. მან ცოლს განრისხებულმა გახედა და ისე მოუჭირა ხელი ღვინის ბოკალს, რომ თითები გაუთეთრდა. თუმცა სრულიად მშვიდი ხმით ალაპარაკდა:
_ ბატონი მირიანი ამას მთლად სერიოზულად არ ამბობს. როცა მას უკეთ გაიცნობ, ძვირფასო, შენ თვითონ მიხვდები.
_ ჰო, ანდრია მართალია, _ ჩაიცინა მასპინძელმა, _ მართალია, უხეში ენა მაქვს, მაგრამ მხოლოდ ენა, ჩემო კარგო!
სიტუაცია მაშინვე განიტვირთა და კატიამ თავბედი იწყევლა, თავის შეკავება რატომ ვერ შევძელიო.
ვახშამი რომ დამთავრდა, სტუმრები და მასპინძლები დაიქსაქსნენ. კაცები ვერანდაზე გავიდნენ, ნიტა და ბეტი _ ეზოში, კატია და დიანა კი სუფრას შემორჩნენ.
_ იმედია, ცუდი შთაბეჭდილება არ დაგრჩა მამაჩემზე, _ დაიწყო დიანამ.
_ მისი ნათქვამი კი არ მეწყინა, შენ რომ არ დაიცავი რობი, ის გამიკვირდა.
_ რატომ უნდა დამეცვა? შენ რა, მართლა გგონია, რომ მე ის მიყვარს?
_ მოდი, აღარ გვინდა ამაზე. ჩავთვალოთ, რომ თქვენ მხოლოდ მეგობრები ხართ.
_ ჩვენ მეგობრებიც არ ვართ.
_ ამიტომაც მიეცი უფლება, რომ შენთვის ეკოცნა?
_ რა უნდა მექნა? გგონია, ჩემი ნებით ვაკოცნინე? ისე მეცა, რომ ვერაფერი მოვახერხე. ის ყოველთვის ასე იქცევა.
_ აი, თურმე რა ყოფილა! ყოველთვის ასე იქცევა. და შენ გინდა მითხრა, რომ არ უყვარხარ?
დიკა დაიბნა, მაგრამ მალევე მოიფიქრა, რაც უნდა ეპასუხა:
_ შენ თვითონ არ მეუბნებოდი, რომ სიყვარული სულ სხვაა და ვნება სულ სხვაო? სწორედ ვნება ამოძრავებს რობის ჩემ მიმართ და არა სიყვარული.
_ სიყვარულიც… გესმის მაინც, რას ლაპარაკობ? იქნებ იმაშიც დამარწმუნო, რომ ყველა კაბიანთან ასე იქცევა? რამდენი ხანია, ვიცნობ და ჩვენი სიახლოვით არასდროს უსარგებლია. შენ თვითონ არ გჯერა, რაზეც ლაპარაკობ.
_ მე მგონი, სპეციალურად იქცევი ასე. გინდა, დამარწმუნო, რომ რობის ვუყვარვარ, რათა ანდრიაზე ყურადღება მოვადუნო და რობიზე ვიფიქრო. უკვე გეშინია, ქმარი არ წაგართვა. ასეა, არა? _ გაწიწმატდა დიანა.
_ მე მისი დაბრუნება არ მჭირდება. ის ჩემთვის აღარ არსებობს. რაც შეეხება რობის, ვიცი, რომ უყვარხარ. შენი საქმისა შენ იცი, მე ჩემი უკვე გითხარი. _ თქვა და ოთახიდან გავიდა.

რობი ძალზე დაღლილი დაბრუნდა შინ. დედამისმა შეხედა თუ არა, მყისიერად მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. ის ყოველთვის ამჩნევდა, უფროსი ვაჟი როდის იყო ხასიათზე და როდის არა. ერთი შეყვირებით რობიმ უმცროს და-ძმას ოთახიდან გაუძახა, ტელევიზორს ხმა ჩაუწია და მაგიდას მიუჯდა. დედამ ჩაი დაუსხა და ფინჯანი წინ დაუდგა.
_ დალიე, სანამ ცხელია. ეგრევე მოგეშვება.
რობიმ ცალყბად ჩაიცინა, მაგრამ დედის რჩევას დაჰყვა.
_ რთული დღე გქონდა, შვილო?
_ ჰო. როგორც ჩანს, ვერ შევაფასე ანდრიას შესაძლებლობები. სერიოზული ბრძოლა დაიწყო. ალბათ მოიგებს, _ ყრუ ხმით გამოუტყდა დედას.
_ მე კი მგონია, რომ შენ მოიგებ.
_ შენ ისე ლაპარაკობ, როგორც ყველა დედა!
ამ დროს კარზე ზარი დაირეკა. რობიმ ამოიოხრა:
_ დღეს არავის ნახვა არ მინდა. ვინც უნდა იყოს, უთხარი, რომ სახლში არ ვარ, კარგი?
დედა გავიდა და მალევე შემობრუნდა, მაგრამ მარტო არ იყო _ მას უკან ვიღაც მოჰყვებოდა. მამაკაცი სტუმრის დანახვაზე ისე წამოხტა სკამიდან, თითქოს მისკენ ვიღაცას იარაღი ჰქონოდა მოშვერილი.
_ შენ აქ რას აკეთებ? _ კბილებში გამოსცრა მამაკაცმა.
_ რობი! _ მკაცრად გაისმა დედის ხმა, _ არ გაბედო, სტუმარს ოდესმე ამ ტონით დაელაპარაკო! _ მერე კი გოგონას მიუბრუნდა, _ არ მიაქციო ყურადღება, გენაცვალე. დღეს ძალიან დაღლილი და გაღიზიანებულია.
_ ჩემი ცუდი განწყობილების გამო ბოდიშს ნუ იხდი, დედა, _ უდიერად მიუბრუნდა რობი ქალს, _ მასთან ისედაც ყოველთვის ასეთი ვარ.
ქალი ოთახიდან გავიდა და კარი მიიხურა. რობიმ დიანას სკამი გამოუწია.
_ დედა მართალია, დღეს რაღაც ვერ ვარ გუნებაზე. მაპატიე, ცოტა უხეშად გამომივიდა.
_ არა უშავს, ავიტან… თუმცა, სიმართლე თუ გაინტერესებს, მე თვითონ მოვედი ბოდიშის მოსახდელად.
_ რისთვის?
_ იმისთვის, რომ სილა გაგაწანი.
მამაკაცი წამით დაიბნა, მერე კი გაიღიმა.
_ მე მეგონა, ის სილა დავიმსახურე.
_ კი, დაიმსახურე, _ ცივად დაეთანხმა დიანა, _ მაგრამ ერთის უტაქტო საქციელი მეორემ არ უნდა გაამწვავოს.
_ როგორ მითხარი? ბოდიშის მოსახდელად მოვედიო? _ რობიმ მსუბუქი სარკაზმი გაურია შეკითხვას.
_ ჰო. მაგრამ შენ ყოველთვის ისეთ დღეში მაყენებ, რომ მოთმინებას მაკარგვინებ.
_ ყოველ შემთხვევაში, ეს იმას ადასტურებს, რომ ცოცხალი ხარ და რეაგირებ, _ რობიმ სკამი აიღო, ზურგით თავისკენ შემოატრიალა, ზედ მხედარივით გადააჯდა და დიანას წინ მოკალათდა, _ სანამ ხელს გამარტყამდი, მიმაჩნდა, რომ შენ სფინქსივით მშვიდი და აღუშფოთველი იყავი.
_ და რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი მშვიდი იყოს?
_ არც არაფერი, თუ ეს გულის გაქვავების დაწყების ნიშანი არ არის.
გოგონას სუნთქვა შეეკრა.
_ როგორც ვხედავ, არ უფიქრდები, რას მეუბნები.
_ მე ყოველთვის ასე მჭირს. ჯერ ვამბობ და მერე ვიწყებ ფიქრს.
_ დროა, მავნე ჩვევები დაივიწყო, თორემ შესაძლებელია ცუდად აისახოს შენს კარიერაზე.
_ ოხ, რომ იცოდე, მიზანში მოარტყი, _ ჩაიხითხითა მამაკაცმა, _ ხედავ? ისეთი ცოლი მინდა, მავნე ჩვევებისგან რომ გამათავისუფლებს და ქცევის წესებს მასწავლის. არ გინდა ეს სამუშაო შეითავსო?
_ ეს ჩემს ძალებს აღემატება, ნამდვილად არა მაქვს იმის ილუზია, რომ შენი უკეთესობისკენ შეცვლას შევძლებ.
_ აი, ხედავ? არც შენ არჩევ სიტყვებს, როცა მე მელაპარაკები, _ მოიღუშა რობი და სკამით წინ და უკან ქანაობას შეუდგა, _ ეს ჩემთვის ფეხებშუა ამორტყმასავითაა.
_ მგონი, ვერც ერთი ვერ ვსაზღვრავთ, საით ვურტყამთ. ჩვენი ყოველი საუბარი საზიზღარი სკანდალით მთავრდება.
_ მერედა, ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, შენი. _ ღიმილით შენიშნა რობიმ, _ დამიჯექი აგერ, გვერდით, ჩაი დავლიოთ, ვიმასლაათოთ, თუმცა… პირობას ვერ მოგცემ, რომ კიდევ არ ვიჩხუბებთ.
_ მადლობა, მაგრამ ვერ დავრჩები. მამა მელოდება, უჩემოდ არ…
_ მამაშენს ერთხელ მაინც რომ არ დაუჯერო, არ შეიძლება? რა, გეშინია მისი?
_ რისი უნდა მეშინოდეს?
_ იმის, რომ მოიქცე ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე, როგორც მას სურს.
_ ცალკე ცხოვრება რომ მდომებოდა, ვერავინ დამიშლიდა, მაგრამ ძალიანაც მაწყობს მამაჩემთან ცხოვრება და ისიც, რომ მას ვუსმენ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ მე მის შვილი ვარ და ეს ჩემი ვალია.
_ ვალი? _ გაიოცა რობიმ, _ კი მაგრამ, რატომ გგონია, რომ მასთან ვალში ხარ?
_ პასუხისმგებლობის გრძნობა და სიყვარული მიბიძგებს ამისკენ. მე მისთვის ყველაფერი ვარ. კიდევ რომ ჰყავდეს შვილები, სხვა ამბავია… აი, მაგალითად, ბიჭი რომ ჰყოლოდა… გვარის გამგრძელებელი…
_ რა უცნაურად ლაპარაკობ, თითქოს ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოდან წინადადებას ციტირებდე. იქნებ ისიც მითხრა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოგიყალიბდა იმის გამო, რომ გოგო ხარ და არა ბიჭი.
_ და რა, ამის მიხვედრა ძნელია? როცა ახარეს, გოგო დაიბადაო, თურმე ისე ეწყინა, ადგილს ვერ პოულობდა. მერე კი, დედას რომ უთხრეს, მეტ შვილს ვერ გააჩენო, დეპრესიაში ჩავარდა და მთელი თვე გადაბმულად სვამდა. ოცნებობდა ბიჭზე, გვარის გამგრძელებელი მინდაო, ამას გაიძახოდა. ასე ჰგონია, მისი თავადური გვარის გაგრძელება მხოლოდ გენეალოგიური შტოთია შესაძლებელი, თორემ გაქრება.
_ რა სისულელეა. შენი გვარი არც ისე ცოტაა საქართველოში. არ მინდა დავიჯერო, რომ ამას სერიოზულად ამბობ. ან შენ როგორ უშვებ ამ ყველაფერს? რა, ანაქრონიზმია?
დიანამ მხრები აიჩეჩა და რობის ცინიკური მზერა ესროლა:
_ შენ, უბრალოდ, სხვა წრეში გაიზარდე, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი კანონზომიერია.
_ კანონზომიერი კი არა, ბუნებრივია, _ შუსწორა მამაკაცმა.
_ ასეა თუ ისე, მეც ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობები გამაჩნია.
რობის მზერა გოგონას ტუჩებზე შეჩერდა და დიანას მაშინვე გაახსენდა, როგორი გზნებით პასუხობდა მის კოცნას. გოგონამ დაჟინებით შეათვალიერა მისი სახე და ახლაღა შემაჩნია მამაკაცის დაღლილი გამომეტყველება, ფერმკრთალი სახე, თვალისა და ტუჩის კუთხეებში მიმალული ნაოჭები და… როგორც არასდროს, მოუნდა, თითებით შეხებოდა ამ სახეს.
მან დახუჭა თვალები, რათა მოულოდნელად მომსკდარი სურვილი ჩაეკლა. ნანობდა, რომ ნაუცბათევმა იმპულსებმა აქ მოიყვანა. ყველაფერში კი კატია იყო დამნაშავე. სწორედ ის შეეცადა დიკას დარწმუნებას, რომ მას ნებისმიერის შეყვარება შეეძლო, გარდა ანდრიასი. არადა, მართლაც არასდროს ჰყვარებია ანდრია. ის არ იწვევდა მასში ისეთ მოზღვავებულ ემოციებს, როგორსაც რობი.
ქალის გული მღელვარებით გაივსო, და შეეშინდა, მამაკაცს არ შეემჩნია ეს, რადგან იგრძნო, როგორ აუთამაშდა ყელთან ძარღვი.
_ უნდა წავიდე, _ ჩურჩულით წარმოთქვა დიკამ და ადგა.
რობიმ უსიტყვოდ მიაცილა მანქანამდე.
_ ნუთუ არასდროს მოგსურვებია, გებრძოლა შენი იდეალებისთვის? _ ჰკითხა გოგონას, როცა მანქანაში ჯდებოდა.
_ აქამდე არა.
_ და ახლა რისთვის შეგიძლია იბრძოლო?
_ საკუთარი თავისუფლებისთვის! _ გაწელვით გაისმა დიანას ხმა, _ უფლებისთვის, ვაკეთო ის, რაც მინდა.
თვალებში იმხელა სევდა ჩაუდგა, რომ რობის დაუოკებელმა სურვილმა წამოუარა, გადმოეყვანა მანქანიდან და ჩახუტებოდა. მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია, რატომღაც, უღონობამ გადასძალა და როცა ალაპარაკდა, მისი ხმაც კი არაბუნებრივად გაჟღერდა:
_ შენ რეალურად რომ გდომებოდა თავისუფლება, მიაღწევდი ამას.
_ და სხვისი გრძნობებისთვის ანგარიში არ გამეწია?
_ თუ კვერცხი არ გატეხე, ერბოკვერცხს ვერ შეწვავ.
_ ვერ ვიტან ერბოკვერცხს, _ გაბზარული ხმით წარმოთქვა დიკამ, მანქანა დაქოქა და მამაკაცს დაუმშვიდობებლად ჩაუარა გვერდით, მერე კი მთელი სისწრაფით გააქროლა.
ბოლომდე ძალაგამოცლილმა რობიმ ძლივს მიაღწია თავის საძინებელს. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. ეს ოთახი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მას არავინ შეაწუხებდა და მისი ნებართვის გარეშე ვერავინ შემოვიდოდა. დედა რომ დედაა, ისიც კი აკაკუნებდა.
დიკასთან ყოველ შეხვედრას მისთვის ტკივილი და ტანჯვა მოჰქონდა. და რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძლიერდებოდა ეს ტკივილი და ტანჯვაც. ახლა უკვე იმასაც ნანობდა, პირველი შეხვედრისას რომ აკოცა. დღემდე ვერ გაეაზრებინა, ასე რამ აღაგზნო. მაგრამ როგორც კი დაინახა ტყეში ბილიკზე მომავალი, მშვიდი, ტანკენარი, ალვის ხესავით აშოლტილი გოგო, ღრმა ახალგაზრდობა გაახსენდა. გაახსენდა, როგორ აირეოდა ხოლმე დიკას დანახვისას და მისადმი ლტოლვამ ისევ გაახელა. ალბათ როგორ გაუკვირდებოდა დიანას, თუ გაიგებდა, რობი ჯერ კიდევ ბავშვობიდან რომ იყო მასზე შეყვარებული _ უგონოდ, მაგრამ უიმედოდ…
_ მაგრამ ახლა აღარ მიყვარს! _ დუდღუნებდა თავისთვის, _ უფრო საინტერესო საქმეებიც არსებობს, ვიდრე დაიხარჯო ქალისთვის, რომელსაც იმის აღიარებისაც კი ეშინია, რომ მოსწონხარ! _ ამ სიტყვებით მხრები ისე შეათამაშა, თითქოს თავდასხმისთვის ემზადებაო, პერანგის სახელოები აიკაპიწა და სამუშაო მაგიდას მიუჯდა. ახლა სამუშაო თუ მოუტანდა შვებას, სხვა არაფერი…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
e87a93