მეორე დილით სოფლის ცენტრში გასულმა კატიამ ფოსტის შენობიდან გამომავალი რობი დაინახა. ქალს მას შემდეგ არ უნახავს იგი, სახლში რომ მიუვარდა პრეტენზიით, ჩემი საიდუმლო რატომ გაეციო. უნდოდა, ისეთი სახე მიეღო, თითქოს ვერ ხედავდა, მაგრამ რობიმ თვითონ შეამჩნია ქალი. როცა ერთმანეთს მიუახლოვდნენ, კატიას მისი დაღლილი გამომეტყველება მოხვდა თვალში - სახე ჩათეთქვოდა და ნაოჭებიც მომრავლებოდა. მამაკაცი ნერვიულად ატრიალებდა ხელში რაღაც ქაღალდს.
- დიდი ხანია, არ შევხვედრივართ, - თქვა მან.
- ჰო. საშინლად დაკავებული ვიყავი ბოლო დღეებში, - კატიამ გაუღიმა.
- ყველაფერს აკეთებდი, რათა ანდრიას გამარჯვებაში დახმარებოდი?
ქალი გაწითლდა. რობი მიხვდა, ცუდად რომ გამოუვიდა და ხელზე შეეხო:
- მაპატიე, კატია, შენი წყენინება არ მინდოდა. წამო, ყავა დავლიოთ. გეპატიჟები.
- შენი აზრით, ცუდი არაფერი მოხდება, ერთად რომ დაგვინახავენ?
- რა უნდა მოხდეს? მეგობრობა პოლიტიკაზე ძლიერია!
კატიამ გაიღიმა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მამაკაცთან ერთად კაფეში შევიდა.
- მთლად კარგად ვერ გამოიყურები, რობი. ეს დიანას გამოა?
- რატომ გგონია? ის რა შუაშია?
- შენ ხომ გიყვარს იგი. მე…
- აუ, რა არის ეს, ვერ გამიგია! - აღმოხდა მამაკაცს, - შენ რა, გინდა ჭკუიდან შემშალო?
- თქვენ ხომ ორივეს სწორედ ეს გინდათ.
- ოღონდ არ მითხრა, რომ ამ ბოდვას მასაც აწვეთებ ყურში, - აიჭრა მამაკაცი, - კატია, მომისმინე! იქნებ ჯობდეს, ცხვირი არ ჩაყო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება?
- მშვენიერია, - თავისი დიდრონი ლურჯი თვალები შეანათა ქალმა, - მე როგორც გინდა, ისე მომაჩვენეთ თავი, ჩემთვის სულერთია. ცხოვრება ისეთი მოკლე და უაზროა, რომ სიცოცხლის ბოლომდე შეგიძლიათ ასე გააგრძელოთ.
- გეყოფა! - ტკივილით გაივსო მამაკაცის ხმა, - ხომ იცი, რომ არ მჯერა. მე მას არ ვუყვარვარ და ალბათ, არც მე…. თუმცა… - მან თავი გაარხია, - შენთან რაღა უნდა დავმალო? აღარ ღირს ამ გრძნობის გულში ჩაკვლა, მაგრამ მთავარი ეს კი არ არის, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთად ვერასდროს ბედნიერები ვერ ვიქნებით.
კატიამ აღშფოთებული მზერა ესროლა.
- უნდა შეეცადო. ვიცი, რომ უყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ მას ეს ჩემთვის არ უთქვამს.
- აბა, საიდან დაასკვენი?
- ვხედავ, რომ ასეა. ვგრძნობ.
- ცდები, გოგონი, ცდები. ის სულ მამამისს ჰგავს. რომც გრძნობდეს რამე სიმპათიას ჩემ მიმართ, მისთვის მაინც გლეხად დავრჩები.
- მაგრამ შენ ისეთი განათლება გაქვს მიღებული, მასზე ათი თავით მაღლა დგახარ.
- განათლება არაფერ შუაშია, აქ გვარია შუაში, რით ვერ გაიგე, ადამიანო? - რობი უკვე წონასწორობას კარგავდა.
- უყვარხარ. - თავისაზე ჯიუტად იდგა კატია.
- მამამისი ჩემზე მეტად უყვარს.
- რა თქმა უნდა, მამა შენზე ნაკლებად არ უყვარს, მაგრამ არც შენზე მეტად. ამიტომ უნდა უთხრა.
- რა ვუთხრა, რა?! - გადაირია რობი.
- რასაც მის მიმართ გრძნობ.
- ის არასდროს გააკეთებს ისეთ რამეს, რაც მამამისს არ მოეწონება.
- ოდესმე ცოლობა გითხოვია მისთვის? - არ მოეშვა ქალი.
- მართლა გაგიჟდი, როგორც ვატყობ! - ხელი აიქნია მამაკაცმა.
- მაშინ როგორ გინდა მამის გავლენას თავი დააღწიოს? თუ იმას ელოდები, რომ პირველად თვითონ გითხრას, ცოლად შემირთეო?
- რა თქმა უნდა, არა, იდიოტი კი არ ვარ, - იწყინა მამაკაცმა, - შენც მშვენივრად იცი და მეც, რომ დიკა მამის წინააღმდეგ არ წავა და რომც წავიდეს, ბედნიერები ვერასდროს ვიქნებით.
- შენ მას ძალა უნდა მისცე, რომ შეძლოს მამის გავლენისგან თავის დახსნა. - კატიას სიტყვები მოთხოვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე თხოვნას.
- არ ვაპირებ პირველი ნაბიჯის გადადგმას.
ქალმა ტაში შემოჰკრა.
- რა ჯიუტი ხარ! შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი, მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, - წაიმღერა კატიამ, - და ორივე ერთ ადგილს ტკეპნით. თუ ოდნავ მაინც აგრძნობინებ, რაც გულში გაქვს, ამით მას გააძლიერებ და ნახავ, რაც მოხდება. დამიჯერე.
- არ შემიძლია. რომ შევცდე? არა, არა! დამცინებს, რასაც ვერ ავიტან.
- ღმერთო, რა პატარა ბიჭივით იქცევი, რობი? არ მეგონა, ასეთი მშიშარა თუ იყავი. არადა, პოლიტიკოსი ხარ. არჩევნების მოსაგებად იბრძვი და ქალის გულის მოსაგებად ვერა?
მამაკაცს სახე წამოუჭარხლდა.
- თავი დამანებე, რა! - მოკლედ მოჭრა და კბილი კბილს დააჭირა, რამაც ყბები აუცახცახა.
- დაგანებებ. არც ამ ყავას დავლევ, კოფეინი სულ არა აქვს, ძალიან სუსტია.
- ჰო, ისევე, როგორც მე, - დაამატა რობიმ.
მან საფულე ამოიღო, ფული გადათვალა, მაგიდაზე დაყარა და კაფედან გავიდა. კატია უკან მიჰყვა.
- გამიბრაზდი? - შეეკითხა, როგორც კი გარეთ გავიდნენ, - მეგობრებად დავრჩებით თუ არა?
რობი წამითაც არ შეყოყმანებულა, ისე დააწყო მხრებზე ხელები, თვალებში ჩახედა და მიუგო:
- რა თქმა უნდა, კატია, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის მეგობრებად დავრჩებით, ყოველთვის…
მამასთან დაბარებულმა დიანამ მოხუცის კაბინეტის კარი შეაღო.
- რა ხდება, მამა?
- მითხრეს, რომ იმ ლოთის სახლში ხშირად დადიხარ. ეს მართალია?
- არა, არ არის მართალი, - დიანას ღაწვები წამოუწითლდა.
- ვიღაცამ დაგინახა, როგორ გამოდიოდი მისი სახლიდან.
რა საქმე გაქვს მასთან?
- ჰო, ვიყავი ერთხელ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ხშირად ვარ.
- კიდევ ერთხელ რომ ჩამაწვეთოს ვინმემ მსგავსი რამ, ძალიან მეწყინება, ხომ იცი? მე ვერ მოვითმენ შენგან ასეთ გამოხტომებს.
დიკამ პასუხი არ გასცა.
- გესმის ჩემი? - დაიღრიალა მოხუცმა.
- მესმის, მამა. როგორ შეიძლება არ მესმოდეს, როცა ასე ყვირი?
მირიანს ყბა მოექცა:
- რა გჭირს, შვილო? ბოლო დროს ვერ გცნობ.
- ალბათ, გავიზარდე.
- გაიზარდე! - დამცინავად გაიმეორა მამამ, - შენ დიდი ხანია, გაიზარდე!
- მიკვირს, შენ რომ შენიშნე ეს. - მწარედ ჩაუკრა შვილმა.
ამ დროს მოსამსახურე შემოვიდა, რომელსაც ხელში ვარდების თაიგული ეჭირა.
- ეს საიდან მოვიდა?
- დიანას მოუტანეს, ბატონო მირიან. - მორიდებით თქვა ქალმა და თაიგული და კონვერტი დიასახლისს გადასცა.
მამაზე არანაკლებ გაოგნებულმა გოგონამ კონვერტი გახსნა: "ნუ იქნები იასავით, ჩრდილში რომ ხარობს. იყავი ვარდივით, რომელიც მზისკენ თავაღერილი იფურჩქნება".
რობის წერილმა დიკა მთელ სახეზე წამოაწითლა.
- ვინ გიგზავნის ამ ყვავილებს?
- რობი ნონიაშვილი. - ამაყად მიუგო ქალიშვილმა.
- როგორ ბედავს ის ბიჭი ამდენს? - მაგიდას ხელი დაჰკრა მირიანმა.
- რატომაც არა? ის ჩემი მეგობარია.
- რომელიც ბავშვობის მერე არ გინახავს!
- მერე რა? ის ჭკვიანი კაცია, მე კი მიყვარს ასეთი ადამიანები.
- გეთანხმები. ჭკვიანია, მაგრამ სიჭკვიანე არაფერს ნიშნავს. ჩემო შვილო, უნდა შეწყვიტო მასთან შეხვედრა.
- მე მას არ ვხვდები, მამა.
- სამაგიეროდ, სახლში აკითხავ.
- ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მის სახლში. რატომღაც, ბავშვობის გახსენება მომინდა. სულ ესაა, - თვალებდახრილმა ძლივს ამოთქვა.
- შენ ბავშვი აღარ ხარ, შვილო. შენ ზრდასრული ქალი ხარ და გონივრულად უნდა მოიქცე.
- მაგრამ შენ არ მექცევი ისე, როგორც ზრდასრულს. სამწუხაროდ, მიეჩვიე, ისე მელაპარაკო, როგორც პატარა გოგოს. ყოველთვის ისე უნდა მოვიქცე, როგორც შენ იტყვი. შენ მკარნახობ, რა გავაკეთო, რა ჩავიცვა, ვის შევხვდე… იმასაც კი, ვის გავყვე ცოლად! - მისდა უნებურად, დიანამ ხმას აუწია…
გაოცებული მოხუცი ქალიშვილს წარბებაწეული მიაშტერდა.
- მდაა… მეგონა შენ ჩემი გესმოდა, შვილო… ასე რამ გაგამწარა? შენც ხომ არ მოგეჩვენა, რომ ანდრიას ისევ შეუყვარდა თავისი ყოფილი ცოლი?
- არ მომჩვენებია. ეს ასეა და ანდრია სწორადაც მოიქცა. საშინელება ის იქნებოდა, სახლიდან რომ გაეგდო.
- როგორც ვხედავ, მთლად დაგიკარგავს გონება, - დაიღრინა მირიანმა.
- რატომ? იმიტომ, რომ არ მსურს ანდრიას ცოლად გავყვე?
- იმ ლოთის გამო? - დაიგრგვინა მოხუცმა, - ოღონდ არ მითხრა, რომ ის შეგიყვარდა!
- დიახაც! სწორად მიხვდი, მამა! - დიანა ისე გაბრაზდა, რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა, -და ნუღარ ეძახი მას ლოთს! მე მიყვარს იგი, გესმის? მიყ-ვარს!
მამა-შვილის დიალოგს ხანგრძლივი დუმილი მოჰყვა და უკვე ძნელი მისახვედრი იყო, მათ შორის რომელი უფრო მეტად დარჩა თავზარდაცემული: დიანა თუ მამამისი. მირიანი პირველი მოეგო გონს და როცა ალაპარაკდა, მისი ხმა სრულ სიმშვიდეს გამოხატავდა.
- გესმის მაინც, რას ამბობ, დი?
- მე… ჰო… არა… ახლაღა მივხვდი ამას, როგორც კი წარმოვთქვი… - წაიჩურჩულა გოგონამ, -მანამდე კი… არც მიფიქრია, თუ მიყვარდა.
- მაგრამ ეს ხომ სისულელეა, ეს შეუძლებელია! შენ უნდა დაფიქრდე, შვილო, - დაყვავებით წარმოთქვა მირიანმა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა, თან შეეცადა, რაც შეიძლებოდა კეთილი მოხუცის გამომეტყველება მიეღო, - შენ, უბრალოდ, გადაიღალე, ჩემო გოგო. სულ ამ არჩევნების ბრალია ყველაფერი, ძალ-ღონე გამოგაცალა. ბუნებრივია, საკუთარი სიამაყე არ გაძლევს უფლებას, აღიარო…
- რა უნდა ვაღიარო, მამა?
- ანდრიაზე ეჭვიანობა. ამიტომაც არწმუნებ შენს თავს, რომ სხვა შეგიყვარდა.
- არა, მამა, არ ვეჭვიანობ. თავისუფალი რომც ყოფილიყო, ანდრიას ცოლად მაინც არ გავყვებოდი. მე ის არ მიყვარს. არც არასდროს მყვარებია.
- შეიძლება ასეა, შეიძლება არა. ჯერ თვითონაც ვერ გაგირკვევია, როგორაა. ახლა მთავარი ჩემთვის მხოლოდ ერთი რამაა - ნორმალურ მდგომარეობაში დაგაბრუნო. არ გინდა სადმე სამოგზაუროდ გაემგზავრო? ამერიკაში, ბაჰამის კუნძულებზე… სრულიად სხვა ადამიანად იგრძნობ თავს, როცა გარემოს შეიცვლი.
- მე ისედაც სულ სხვა ადამიანი გავხდი და, ცხოვრებაში პირველად, შენი მითითებების გარეშე მივხვდი, რა მსურს.
- მე ხომ მხოლოდ კარგი მინდა, შვილო…. ჩემთვის ვაჟიშვილივით ხარ…
- არა, მამა. მე არ ვარ შენი ვაჟიშვილი და ვერც ვიქნები. ამაშია საქმე. ყოველთვის ვცდილობდი, დამეკავებინა ბიჭი მემკვიდრის ადგილი, რომელიც შენ არასდროს გყოლია. ამიტომაც ქალურობა დავკარგე. საბოლოო ჯამში, მართლა კაცი გავხდი. ჩვენ ორივენი ვიტყუებდით თავს. ამიტომ აჯობებს, გავჩერდეთ. აქ დავსვათ წერტილი. მე არ ვარ შენი გვარის გამგრძელებელი და მაშინაც კი, როცა შვილს გავაჩენ, თუნდაც ბიჭი იყოს, ისიც სხვა გვარის იქნება. ასე რომ…
მირიანს სახე გადაუფითრდა.
- როგორც მივხვდი, შენ გინდა, რომ ჩემი შვილიშვილი ნონიაშვილის გვარს ატარებდეს?
დიანა გაჩუმდა, ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია.
- შეკითხვა გაგიმეორო?
- ამაზე არ მიფიქრია… თუმცა, რატომაც არა? - ამაყად ასწია თავი და მამას თამამად შეხედა.
- მერედა, მაგ ყმაწვილს უყვარხარ?
- არ ვიცი… სიმართლე გითხრა, არასდროს მიკითხავს.
- არც არის საჭირო. მე შენზე უკეთ ვიცნობ მას. კაცი, რომელიც ანდრიასთან ჭიდილს არ შეუშინდება, ყველაფერზეა წამსვლელი. ის შენზე ბევრად გონიერია, შენგან განსხვავებით, იცის თავისი ადგილი, იცის, რისი მიღწევაც სურს და ამისთვის უკან არ დაიხევს.
- ამ სამყაროში ჩვენ ყველას ჩვენი ადგილი გვაქვს, მამა, - მოულოდნელად ყვირილზე გადავიდა ქალიშვილი, - და ნუ გგონია, რომ შენ ვინმეზე რამით უკეთესი ხარ!
გოგონამ მამას პასუხის გაცემის დრო არ მისცა, ისე გავარდა გარეთ და კარი გაიჯახუნა.
აფორიაქებულმა ჭიშკარს მიაშურა და სოფლის გზას დაადგა. ვერც აცნობიერებდა, საით მიდიოდა, თვალები ცრემლით დაებინდა და ხმამაღლა რომ არ ეტირა, თავის თავს ჩურჩულით ელაპარაკებოდა.
კარგა გვარიანი მანძილი რომ გაიარა, მიხვდა, რომ ანდრიას სახლთან მისულიყო. ამან გონს მოიყვანა. აქ რატომ მოვიდა? ანდრიას ნახვა უნდოდა? არა, რა ანდრია… მას კატიასთან შეხვედრა სურდა. კატია იყო ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც გულახდილად შეეძლო ლაპარაკი. კატია იყო ერთადერთი, ვინც ბოლომდე გაუგებდა. განა პირველად სწორედ ის არ მიხვდა, სინამდვილეში ვინ უყვარდა დიკას? განა მან არ აუხილა თვალები?
ჩქარი სიარულისგან ქოშინებდა. გოგონამ ირგვლივ მიმოიხედა, მცირე ხნით დაფიქრდა და მერე მტკიცე გადაწყვეტილებით საქმროს ეზოში შევიდა. სწორედ ამ დროს ანდრია და კატია მანქანაში სხდებოდნენ. მამაკაცმა მოჰკრა თუ არა თვალი დიანას, მაშინვე ხელი დაუქნია.
- დიკა, მიტინგზე მივდივართ. არ გინდა, შემოგვირთდე?
- არა, არ შემიძლია… - დიანა კატიას მიუახლოვდა, - შენც მიდიხარ?
- ჰო… რამე გინდოდა?
- არა უშავს, მერე იყოს…
- რომ დავბრუნდებით, დაგირეკავ.
- არ ვიცი, სახლში ვიქნები თუ არა…
- მერე რა? მობილურზე დაგირეკავ.
- არა, მე თვითონ დაგირეკავ. - დიანამ ხელი უაზროდ აიქნია და ეზო სწრაფი ნაბიჯებით გადაიარა.
კატიამ მიმავალს თვალი გააყოლა, მერე კი ანდრიას მიუბრუნდა:
- მგონი, რაღაც მოხდა. იქნებ დავრჩე და დაველაპარაკო?
- არა, უშენოდ წასვლა ტეხავს. მერე დაელაპარაკე.
მთელი გზა სოფლის ცენტრამდე უხმოდ გაიარეს. ანდრია ამწუთას მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, სიტყვით გამოსვლისას დამაჯერებლად როგორ ელაპარაკა, კატიას კი დიანას გაფითრებული სახე არ შორდებოდა გონებიდან…
როგორც კი ანდრიამ პუბლიკის წინაშე გამოსვლა დაიწყო, ატმოსფერო თითქოს უარყოფითად დაიმუხტა. კატიამ იგრძნო, რომ აუდიტორია მტრულად იყო გაწყობილი ანდრიას მიმართ. მიხვდა, რომ მიტინგი ძალზე ხმაურიანად ჩაივლიდა…
ასეც მოხდა. ანდრიამ მხოლოდ რამდენიმე წუთს ილაპარაკა, რის შემდეგაც სიტყვა რეპლიკებითა და სტვენით შეაწყვეტინეს. ცოტა ხანში მისი სიტყვები საერთოდ აღარ ისმოდა. მამაკაცი მთელი მონდომებით ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ ხმაური იზრდებოდა და მისი მოსმენა არავის სურდა. მამაკაცმა ცოლს გახედა. ალბათ ელოდა, როდის ანიშნებდა კატია, დროა, აქედან წავიდეთო, მაგრამ ქალი მშვიდად იდგა. მან თავი ნელა გააქნია და ამით მიანიშნა ანდრიას, აქაურობის დატოვებას არ გირჩევო. ამან მამაკაცი გაამხნევა. თუ სურს, რომ თავის გულწრფელობაში დაარწმუნოს ეს ადამიანები, უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს.
იგი უეცრად მხრებში გასწორდა და კვლავ აუდიტორიისკენ იბრუნა პირი.
ყვირილი და გადაძახილ-გადმოძახილი არ ცხრებოდა. ამიტომ მამაკაცი იძულებული გახდა, თვითონაც მთელი ხმით ეყვირა. ამან გაჭრა. მოულოდნელად ყველა დაშოშმინდა და ირგვლივ სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. როდესაც უკანა რიგებიდან ვიღაცამ რეპლიკა ისროლა, სხვებმა იგი წამსვე გააჩუმეს და ანდრიამ თავისი გამოსვლა ჩვეული რიხით გააგრძელა.
საბოლოო ჯამში, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. ანდრიამ სიტყვა დაასრულა და დარბაზის აპლოდისმენტებიც კი დაიმსახურა. ეს გახლდათ საღამოს ცუდი დასაწყისის კომპენსაცია და როცა ანდრია დარბაზიდან გამოვიდა, კატიას მაჯაში ხელი სტაცა.
- მადლობა, რომ გამამხნევე. შენ რომ არა, ხელს ჩავიქნევდი. რა ბედნიერებაა, გვერდით რომ მყავხარ.
ეს იყო გულღიად ნათქვამი პირველი აღიარება კატიას დამსახურებისა, პირველი მადლობა დახმარებისთვის და ქალი თავის თავზე გაბრაზდა, შექება რომ ესიამოვნა.
- მიხარია, რომ რაღაცაში მაინც გამოგადექი.
- გამომადექი და მეტი არა? გენიალური ქალი ხარ!
ცოლმა არ უპასუხა. მან მამაკაცისგან ხელი გაითავისუფლა, გაუღიმა და გასასვლელს მიაშურა.
უკანა გზაზე კატია თავაზიანად პასუხობდა მამაკაცს შეკითხვებზე, მაგრამ თავად არ უცდია საუბრის გაბმა. ცოტა ხნის შემდეგ ორივე გაჩუმდა. არჩვენებამდე მხოლოდ ორი დღე იყო დარჩენილი. როცა ყველაფერი დამთავრდებოდა, ის აქედან წავიდოდა. საბოლოოდ ამოშლიდა ანდრიას მეხსიერებიდან და ახალი ცხოვრების მოწყობას შეეცდებოდა.
ვახშმის დრო რომ მოახლოვდა, კატიამ ანდრია მოძებნა. მამაკაცი ეზოში, ვაშლის ხის ძირში ჩაფიქრებული იდგა.
- მე არ დავრჩები ვახშმად. დიანასთან მინდა გადავიდე. - თქვა კატიამ.
- გინდა მანქანით გაგიყვანო?
- არა, არ არის საჭირო. ფეხით გავისეირნებ. ეს უფრო სასარგებლოა.
ისინი პირისპირ იდგნენ და ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ. კატიამ იფიქრა, ახლა გამიბრაზდებაო, მაგრამ ანდრიამ მხოლოდ მხრები აიჩეჩა, როგორც გინდაო, ჩაიბურტყუნა და ჰოლს მიაშურა.
კატიამ ღრმად ამოიოხრა და დიანას სანახავად გაეშურა.
კარი მოსამსახურემ გაუღო.
- დიანა შინ არ გახლავთ. მამამისიც კარგა ხანია, ელოდება.
- დიანა, მოხვედი? - გაისმა ამ დროს მირიანის მჭექარე ხმა და ისიც გამოჩნდა თავისი განუყრელი ტროსით.
- საღამო მშვიდობისა, ბატონო მირიან…
- ა, ეს თქვენ ხართ? ანდრიას მეუღლე, თუ არ ვცდები, არა? მობრძანდით, მობრძანდით. მეგონა, დიკა დაბრუნდა.
კატია სახლში შევიდა და მოხუცს უკან მორჩილად მიჰყვა.
- ვერ ვხვდები, ჩემს გოგოს რა ემართება ამ ბოლო დროს. უკვე სახლში უნდა ყოფილიყო და არ ჩანს. ასე არასდროს დაუგვიანია.
- არ იცით, სად წავიდა?
- არა, _ მოხუცი უფრო მოიღუშა, - ასე არასდროს მოქცეულა. დღეს იყო და, მიყვირა, მერე სახლიდან გაიქცა და ჯერაც არ დაბრუნებულა.
- როგორც ჩანს, მასში ბუნებრივმა ხასიათმა გაიღვიძა, - თამამად წარმოთქვა კატიამ.
- და ეს თქვენი დამსახურებაა ალბათ, არა?
- ჩემი? რატომ გგონიათ? მე არასდროს მითქვამს მისთვის, როგორ მოქცეულიყო.
- სამაგიეროდ, მაგალითს აძლევდით, - ჩაიფრუტუნა მირიანმა, - ღმერთო ჩემო, საითკენ მიემართება ეს ქვეყანა! თითქოს ყველა ჭკუაზე შეიშალა. თქვენ მაინც ივახშმეთ ჩემთან ერთად, რახან დიანა არ არის, კარგი?
- სამწუხაროდ, არ შემიძლია… შინ მელოდებიან.
- მაშინ დროზე წადით, ოჯახის წევრები არ ანერვიულოთ, - თქვა მოხუცმა და ქალი კარამდე მიაცილა, - ეჰ, კარგი იქნებოდა, ჩემს ქალიშვილსაც თქვენნაირი ძალა ჰქონოდა.
- თქვენ არაჩვეულებრივი ქალიშვილი გყავთ, ბატონო მირიან! მშვიდობიან ღამეს გისურვებთ! - თავაზიანად დაემშვიდობა ქალი მოხუცს და გზაზე გასულმა ნაბიჯს აუჩქარა.
როცა სახლში დაბრუნდა, ოჯახი უკვე ვახშმობდა. მან სასწრაფოდ გადაიბანა ხელები და ანდრიას გვერდით მიუჯდა. ანდრიამ მხოლოდ ის ჰკითხა, ნახა თუ არა დიანა, სხვა არაფერი გამოუკითხავს. მხოლოდ ვახშმის დამთავრების შემდეგ, როცა სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეს, ანდრიამ თვალით ანიშნა, გარეთ გავიდეთო. კატია მიხვდა, რომ მამაკაცს მასთან განმარტოებით საუბარი სურდა.
- როგორც მივხვდი, დიანა ვერ ნახე, არა?
- სახლში არ დამხვდა, მამამისმა კი არ იცის, სად შეიძლება იყოს.
- როგორ ფიქრობ, იჩხუბეს?
- დარწმუნებული ვარ. არ უნდა გამოგყოლოდი მიტინგზე. ვიცოდი, რომ ჩემთან დალაპარაკება უნდოდა. რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი, უნდა მომესმინა.
- ახლა სინანულს აზრი არა აქვს. ვფიქრობ, სულ ტყუილად წუხხარ მასზე. ის ძლიერი ქალია, თავს ადვილად არ დაიჩაგრავს.
- არ ვიცი… რაღაც არა მგონია, ასე იყოს.
- დიკა არ ეკუთვნის ქალთა იმ კატეგორიას, სისულელეებს რომ სჩადიან, - დარწმუნებით წარმოთქვა ანდრიამ, - ალბათ, ნანობს, მამას რომ ეჩხუბა და სადმე გადაუხვია. შეიძლება რომელიმე დაქალთანაა გულის გადასაყოლებლად. დამშვიდდება და დაბრუნდება.
- ალბათ, მართალი ხარ. - დაეთანხმა კატია.
- კიდევ კარგი, ერთხელ მაინც რაღაცაში დამეთანხმე, - გაიცინა მამაკაცმა. ეს ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ არა მხიარულად. ანდრიას ხმაში საოცარი სიმწარე გამოსჭვიოდა, რაც კატიას ძალზე გაუკვირდა. ცხოვრების მთელი სიმწარე მას ხვდა წილად და ამას რაღა ასევდიანებს? - გაიფიქრა გაოცებულმა.
- წავალ, დავწვები. - თქვა ბოლოს და სახლში შებრუნდა. ანდრია მეორე სართულზე ამავალ კიბემდე მიჰყვა.
- კატი… არ მოგცემ იმის უფლებას, რომ სულ ასე გამირბოდე. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს სალაპარაკო. როგორც კი არჩევნები ჩაივლის, ამისთვის გამოვნახოთ დრო, კარგი?
ცოლმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და კიბეს აუყვა. სულაც არ აპირებდა ანდრიასთან ლაპარაკს არც არჩევნებამდე და არც მის შემდეგ, მაგრამ ახლა მისთვის ეს რომ ეთქვა, ისევ უნდა ეჩხუბათ, ეს კი არ უნდოდა. ისედაც გამოცლილი ჰქონდა ძალა ბოლო დღეების მოვლენებით. ერთადერთი, რაც ახლა გულით სურდა, მხოლოდ აქაურობის სწრაფად დატოვება იყო…