მოულოდნელად კარი გაიღო და ექვსსაფეხურიან კიბეზე დიანა დაეშვა. გოგონამ წამსვე შეამჩნია იგი.
- კატია! შენ ხარ?
კატიამ სველ შუბლზე ხელი გადაისვა.
- ანდრიასთან ისე დაცხა, რომ ვეღარ გავძელი. თანაც, როგორ გაიწელა დრო, არა და არ დამთავრდა ამ ხმების დათვლა. დაძაბულობამ დამღალა. მეტის ატანა არ შემეძლო.
- ღმერთო ჩემო, რა სახე გაქვს! კარგად ხარ?
- კი, კარგად ვარ. რობის ნახვა მინდოდა.
- უი, გაგასწრო, იცი? ეს წუთია, მუნიციპალიტეტში წავიდა.
დიანას ისეთი გაბრწყინებული და კმაყოფილი სახე ჰქონდა, კატიას ცუდი წინათგრძნობა დაეუფლა.
- მუნიციპალიტეტში? რა… რა ხდება… იქ?
- გაიმარჯვა რობიმ, კატი, გაიმარჯვა! - შესძახა დიკამ და ტაში შემოჰკრა, მაგრამ იმწუთასვე სერიოზული სახე მიიღო, თითქოს რაღაც გაახსენდაო, - მაპატიე… ისე ვარ გახარებული, ვერც გავაცნობიერე, შენ რომ ანდრიას უჭერდი მხარს. ისე, ძალზე მცირე სხვაობით გაიმარჯვა. სულ მცირე პროცენტით.
- რას ამბობ! ეს დაუჯერებელია! - კატიას გული შეეკუმშა.
- დაუჯერებელია, მაგრამ სიმართლეა.
- ასე მალე როგორ დათვალეს ყველა ხმა? ჯერ ხომ უამრავი უბანია…
- არა, არა, არც ისე ბევრი იყო დასათვლელი. ყველა უბნიდან მოვიდა პასუხი. ამაღამ არა, მაგრამ ხვალ ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები.
- დავიჯერო, არაფერი შეიცვლება?
- არაფერი. ვწუხვარ, კატია.
- საწყალი ანდრია… - კატიას სახე მოეღუშა, - ალბათ, რა დღეში იქნება. - ამ სიტყვებით დიკას ზურგი შეაქცია და წასვლა დააპირა, მაგრამ გოგონამ მკლავში ხელი სტაცა და შეაჩერა.
- მუნიციპალიტეტში თუ მიდიხარ, ერთად წავიდეთ. მეც იქით მივდიოდი.
- არა, დიკა, იქ არ მინდა. არ შემიძლია…
მან ნაძალადევად გაუღიმა გოგონას და გაიქცა.
ესე იგი, ანდრიამ წააგო. წააგო მის გამო, თვითონაა ამაში დამნაშავე! სანამ ჩამოვიდოდა, ყველაფერი რიგზე იყო, ანდრიას გამარჯვების ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა. ჩამოვიდა და ყველაფერი გააფუჭა. ალბათ, როგორ სძულს ახლა ქმარს. ალბათ, დანახვაც აღარ უნდა მისი. არც არის გასაკვირი. კატიას ამწუთას თვითონაც სძულს თავისი თავი.
რაც არის, არის. ანდრიას მეტად აღარ მოუწევს მისი დანახვა და ატანა. აღარ იქნება მისთვის არასასურველი ცოლი. იგი შეასრულებს თავის სიტყვას და ახლავე გაემგზავრება აქედან.
არად ჩააგდო თავსხმა წვიმა, შუა ქუჩაში გავიდა და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა. თხუმეტ წუთში უკვე შინ იყო. იქაურობა საოცრად ცარიელი ეჩვენა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. გეგონებოდათ, სახლი მიტოვებულიაო. კატია მიხვდა, რომ ყველანი ანდრიასთან იქნებოდნენ წასული. ყველას აინტერესებდა საბოლოო შედეგების მოსმენა და აბა, რა გული მოუთმენდათ.
მწარედ ჩაიღიმა. ოჯახი ერთ მხარესაა, თვითონ - მეორე მხარეს, თანაც მარტო, მარტო, მარტო… სულ მარტოა, რაც თავი ახსოვს.
უკვე შუაღამე იყო, ანდრია სხვებთან ერთად შინ რომ დაბრუნდა. მან პირდაპირ სასტუმრო ოთახში შეაბიჯა, სადაც მაგიდა წინასწარ გაეშალათ. ოჯახი ხომ მის გამარჯვებას იმედოვნებდა!
ვისკი დაისხა და გადაჰკრა. მერე მეორე სართულზე ავიდა, კატიას კარზე დააკაკუნა. პასუხი არავინ გასცა. უკმაყოფილომ შუბლი შეიჭმუხნა და იმედგაცრუებული გამობრუნდა.
- კატია არავის გინახავთ? - მზერა მოავლო დედასა და დას.
- ალბათ, სძინავს, - თქვა ნიტამ, - გეგონა, შენ მოსვლას დაელოდებოდა? მე შენ გეტყვი, სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა.
- დედა! მეორედ არ გაბედო კატიას დადანაშაულება ჩემ წაგებაში! - ცხოვრებაში პირველად ანდრიამ მთელი ხმით უღრიალა დედას და მაგიდას მუშტი დასცხო.
ჭიქებმა წკარუნი გაიღო.
- ჩემი წაგება მის ბრალი არ არის, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, - ამჯერად ოდნავ შეარბილა ტონი, - შეიძლება რაღაც მომენტში მის გამო დავკარგე გარკვეული რაოდენობის ხმა, მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა. ის ისე მეხმარებოდა, რომ პირიქით, ხალხს გული მოუბრუნდა ჩემზე, გესმის? იცი, როგორ მოსწონდათ ჩემს ამომრჩევლებს? ყველას მასთან დალაპარაკება სურდა, მის გვერდით ყოფნა უნდოდათ. ვერ წარმოიდგენ, როგორი სიმპათიით სარგებლობდა გარშემო.
- ისე ლაპარაკობ, თითქოს მასზე შეყვარებული იყო, - ირონიულად ჩაიცინა ნიტამ.
- მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს ამას მიხვდი.
გაოგნებისგან ქალბატონ ნიტას ენა ჩაუვარდა. მერე მზერა ბეტიზე გადაიტანა.
- რას ამბობს? - საჩვენებელი თითი ვაჟისკენ გაიშვირა.
ბეტიმ მხრები აიჩეჩა.
- შენ… შენც იცოდი ეს ამბავი? - ჩურჩულით შეეკითხა ქალიშვილს და გაფითრებულმა პირი ზიზღით მოკუმა.
- ჰო, დედა, ვიცოდი. მე მგონი, ეს ძალიან კარგი ამბავია და უნდა გიხაროდეს. კატია არაჩვეულებრივი გოგოა, თბილი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე. კარგი ხასიათი აქვს.
ანდრიამ ვერ გაუძლო, როგორ ახასიათებდნენ ქალები მის ცოლს და დამბლადაცემულივით თავის ოთახს მიაშურა. კატიას საძინებლის წინ შეჩერდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა. გაიფიქრა, კიდევ დავაკაკუნებო, მაგრამ უკვე შუაღამე იყო და თავი შეიკავა. მაღლა აწეული ხელი უმწეოდ დაუშვა ძირს.
არა უშავს, ხვალ დილით ხომ ნახავს? რამდენიმე საათი არაფერს წყვეტს. მაგრამ რამ დააძინა? ხომ იცის, ანდრია ახლა რა დღეშიცაა. თუნდაც მოეგო, მაინც ხომ სჭირდებოდა მისი თანადგომა? ისე როგორ წამოვიდა იქიდან, რომ არ გააფრთხილა? თუმცა ისე იყო დაღლილი, ფეხზე ძლივს იდგა. არ გაემტყუნება, ბოლო ხანს მართლა ძალზე გადაიღალა.
დილით ადრე ადგა, ჯერ შვიდიც არ იყო. ნერვიულად სცემდა ბოლთას სამზარეულოში და მოუთმენლად ელოდებოდა, კატია როდის გაიღვიძებდა და დაბლა ჩამოვიდოდა. უნდა დალაპარაკებოდა. გადადებას უკვე აზრი არ ჰქონდა. არჩევნებმა ჩაიარა, მან წააგო. ახლა უამრავი თავისუფალი დრო ჰქონდა და თავისი პირადი ცხოვრებისთვის უნდა მიეხედა. მომავალზე უნდა ეფიქრა. არ აინტერესებდა არც დედის აზრი, არც არავისი. მას კატია უყვარდა და მის გაშვებას არსადაც არ აპირებდა.
მაგრამ გახდა რვა საათი, ცხრის ნახევარი, ცხრა… ის კი არ ჩანდა. ყავა დაისხა, დალია, ერთი ნაჭერი ნამცხვარიც მიაყოლა.
ამასობაში საუზმის დროც მოვიდა. სამზარეულოში მოსამსახურე შემოვიდა.
- მაპატიეთ, ბატონო ანდრია, ხომ არ იცით, კატია სადაა? - დამფრთხალი ხმით იკითხა მოსამსახურემ და თვალები ააფახულა.
- თავის ოთახში არ არის? - ანდრია დაიძაბა.
- არა, არ არის. წუხელ ოთახში არც ყოფილა. ლოგინი ისევ ისეა დალაგებული, ტანსაცმლის კარადა კი ამ დილით ნახევრად ცარიელი დამხვდა.
ანდრია უკვე აღარ უსმენდა მოსამსახურეს. სამი ნახტომით ავარდა კიბეზე და კატიას საძინებელში გიჟივით შევარდა.
მოსამსახურე მართალი იყო - კარადაში მხოლოდ ის კაბები ეკიდა, რომლებიც ნიტამ უყიდა აქ ყოფნის პერიოდში. თავისი რაც ჰქონდა, თან წაეღო და კიდევ - ბეტის ნაჩუქარი ტანსაცმელი. ის, რაც ყოველდღიურად ეცვა.
უაზროდ დაბორიალებდა ოთახში, თვითონაც არ იცოდა, რას ეძებდა. ნუთუ გაიქცა? წერილი მაინც არ დაუტოვა? ან როდის მოასწრო წასვლა? რითი წავიდა იმ შუაღამეს? სად? -დაბნეული ათას კითხვას უსვამდა თავის თავს.
კატია უკვალოდ გაქრა. იმწუთასვე რობი გაახსენდა. ნუთუ მასთან გაიქცა? ჰო, მასთან წავიდოდა, აბა, ვისთან!
წამის დაკარგვაც არ უნდოდა. კი არ დადიოდა, დარბოდა. ქვემოთ ჩამოსული გარეთ გავარდა და მანქანაში ჩაჯდა. გონება აღარ უმუშავებდა, ვერაფერზე ფიქრს ვერ ახერხებდა. საჭეს ისე მართავდა, თითქოს რობოტი ყოფილიყო.
რობის სახლთან მისულმა დაამუხრუჭა და შეეცადა, ოდნავ მაინც მოეხსნა დაძაბულობა. ასეთი გამხეცებული ბავშვობის მეგობარს რომ მივარდნოდა, ორივეს ცუდი დღე დაადგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წუთით მანქანაში შეყოვნდა, როგორც კი გადმოვიდა და რობის სახლის კარს მიუახლოვდა, მუშტებით ისეთი ბრახუნი ატეხა, ლამის ჩამოიღო ანჯამები.
კარი პატარა ბიჭმა გაუღო. მიხვდა, რობის უმცროსი ძმა რომ იქნებოდა.
- შენი ძმა სახლშია? - უხეშად შეეკითხა.
- რომელი?
- რობი.
- დიახ. მობრძანდით. - ბიჭი განზე გადგა.
ამ დროს თვითონ რობიც გამოჩნდა და ანდრიას დანახვით გაოცებული შედგა. არ იცოდა, რა იყო მისი ვიზიტის მიზეზი - მტრობა თუ მოყვრობა. იფიქრა, ჩემ გასალანძღავად თუ მოვიდაო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, თავაზიანად მიესალმა და შინ შეიპატიჟა.
ანდრიამ ჰოლში შეაბიჯა და დოინჯშემოყრილმა ირგვლივ მიმოიხედა.
- რამე ხდება, ანდრია? - ფრთხილად შეეკითხა რობი.
- კატიას გამო მოვედი.
- კატიას გამო? და ჩემთან რატომ?
- იმიტომ, რომ ვიცი, ის შენთანაა. ღამე სახლში არ გაუთევია და მისი ყველა ნივთი გაქრა.
- მართლა? რა უცნაურია… - შეწუხდა რობი, - მაგრამ ის აქ არ არის. თუმცა კარგი იქნებოდა, ყოფილიყო.
- ჰო-ო? - ამრეზით გახედა ანდრიამ.
- არა, არა, შენ ვერ გაიგე. იმ აზრით არ მითქვამს, თითქოს ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. გარწმუნებ, ჩვენ რომანი არც გვაქვს და არც არასდროს გვქონია.
ანდრიას უნდოდა ამის დაჯერება, მაგრამ ეძნელებოდა. ნუთუ ეს სიმართლე იყო? რობი თითქოს არ იტყუებოდა. მაშინ სად წავიდა?
- მე… მე მაპატიე, - ჩაილუღლუღა ბოლოს, - ალბათ, სისულელეს ვლაპარაკობ. სახლიდან წასულია. უნდა ვიპოვო. თუ აქ არ არის, იქნებ… იქნებ დიკასთანაა? - დაბნეული ლაპარაკობდა.
- დიკასთან ნამდვილად არ არის, რადგან ის წუხელ ჩემთან დარჩა, - თქვა რობიმ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, მერე კი სწრაფად დაამატა, - მე და დიანა შეუღლებას ვაპირებთ. დედაჩემს უნდოდა, წუხელ ის ჩვენთან მოსულიყო და წამომყვა. ახლა… ახლა სამზარეულოშია.
ანდრია ისე დაიშოკა გაგონილით, რომ ლაპარაკის უნარი წაერთვა. იქვე მდგარ სკამზე დაეხეთქა და თავი უღონოდ ჩაკიდა.
- ესე იგი, არავინ არ იცის, კატია სადაა, ხომ?
- ალბათ, აქედან წასვლა გადაწყვიტა, - პირდაპირ დააჯახა რობიმ, - მეუბნებოდა, არჩევნების შემდეგ წამითაც არ დავრჩებიო. ალბათ, როგორც კი გაიგო, რომ წააგე, გამგზავრება აღარ გადადო.
- ნუთუ ასე ვერ მიტანს, ა?
- რას ამბობ! პირიქით, არ იცი, როგორ უყვარხარ! - წამოიძახა რობიმ.
ანდრიას სიმწრისგან გაეცინა.
- დამცინი, ხომ?
- რას დაგცინი, მართლა გეუბნები. შენ რა, თვითონ ვერ ხვდებოდი, რომ ასე იყო? - რობის სახეზე ერთდროულად გაღიზიანებაც გამოიხატა და თანაგრძნობაც, ბოლოს თანაგრძნობამ გაიმარჯვა, - ეეე, მეგობარო, დავიჯერო, ასეთი მიამიტი ხარ? მას სულ უყვარდი. მეტი სალაპარაკო ჩემთან არაფერი ჰქონდა. აბა, რატომ გადაწყვიტა აქ დარჩენა და შენი დისშვილების მოვლა? რატომ დათანხმდა, ოფიციალურად შეესრულებინა შენი ცოლის მოვალეობა და წინასაარჩევნო პერიოდში გვერდით დაგდგომოდა? მას ოდნავ მაინც რომ შერჩენოდა სიამაყე, მაგ შენს წინადადებას ერთ ადგილას შეგტენიდი. მაპატიე, ვერ მოვითმინე… - რობიმ ხელები გაშალა პატიების სათხოვნელად, - აი, ამიტომ დათანხმდა შენს შემოთავაზებას და ბოლომდე ითმენდა ყველაფერს. უყვარდი და იმიტომ.
- მაშინ რატომ გაიქცა?
- როგორც ჩანს, საბოლოოდ გადაიწურა იმედი, რომ შენს სიყვარულს დაიბრუნებდა.
- შეუძლებელია! - ანდრია წამოხტა, - მე ვცდილობდი, მეგრძნობინებინა, რამხელას ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე ხელს მკრავდა.
- სავარაუდოდ, ეშინოდა, ანგარების გამო ხომ არ იქცეოდი ასე.
ანდრიამ მწარედ ამოიხვნეშა. ამაზე თვითონაც უფიქრია და არა ერთხელ და ორჯერ. კატიას ვერ გაამტყუნებდა. მას ყველანაირი საფუძველი ჰქონდა, ქმრის სიყვარულში ეჭვი შეეტანა.
- მინდოდა ყველაფერი თავიდან დამეწყო. ანგარება არაფერ შუაშია.
- ჰოდა, გეთქვა ეს მისთვის, რა გიშლიდა ხელს?
- ვიფიქრე, არჩევნებამდე დავიცდი-მეთქი. არ მინდოდა ეფიქრა, რომ სატყუარად ვიყენებდი ხმების მისაღებად.
რობიმ ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- ცუდია. ხომ ხედავ, ამან არ გაამართლა. ახლა იმაზე ვიფიქროთ, სად შეიძლებოდა წასულიყო. თითქოს ვიღაც მეგობარი უნდა ჰყავდეს თბილისში. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრა.
- არა, არავინ არ ჰყავს. ეს ზუსტად ვიცი. არც იმდენი ფული აქვს, თავი ირჩინოს, არც თავშესაფარი…
- ვააა. უცნაურია. ჩემთვის მაინც ეთქვა, თუ წასვლას აპირებდა ან დიკასთვის. დაფიქრდი, აბა? რა უნდა მოემოქმედა? შენ ხომ მას კარგად იცნობ.
- როგორც ჩანს, არ მცნობია, - შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა ანდრიამ.
ამ დროს კარი გაიღო. ორივე მამაკაცმა თავი ერთდროულად იქითკენ მიაბრუნა. ზღურბლთან დიანა იდგა. მან რობის გაუღიმა და ანდრიასკენ დაიძრა.
- რობიმ ალბათ უკვე გითხრა ჩვენ შესახებ, - მორიდებული ტონით წარმოთქვა გოგონამ, თითქოს რაღაც დააშავა და ინანიებსო.
ანდრია შესცქეროდა მას და ვერ ხვდებოდა, რაზე ელაპარაკებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, ჩასწვდა მისი სიტყვების არსს და გაიღიმა.
- ო, როგორ არა, მითხრა. გილოცავთ. მჯერა, რომ ერთად ბედნიერები იქნებით.
- მეც მჯერა, - გადაიკისკისა დიანამ, - სადაც მამაჩემს ვაჯობე, რობისაც როგორღაც მოვერგები. - მერე ღიმილი მსწრაფლ მოისხიპა, რადგან ახლაღა გააცნობიერა, რომ ანდრია აქ არც გამარჯვების მოსალოცად მოვიდოდა და მით უმეტეს, არც მათი შეუღლების, - ხომ მშვიდობაა?
- კატია დაიკარგა, დიკა, -_ მის ნაცვლად რობიმ უპასუხა.
- ღმერთო ჩემო! აი, რატომ არ წამომყვა წუხელ მუნიციპალიტეტში! - წამოიძახა შეწუხებული ხმით, - კი მაგრამ, სად უნდა წასულიყო? თუ პასპორტი თან აქვს, მოძებნა არ გაგვიჭირდება. იმდენ ვიღაცას იცნობთ ორივენი… დარეკეთ, შეაწუხეთ ნაცნობები, მეგობრები, ვისთანაც ხელი მიგიწვდებათ… თუ… იქნებ ამ ამბის გახმაურება არ გაწყობს, ანდრია? - დიანა უცებ შეცბუნდა.
- ჩემთვის სულერთია, თუნდაც მთელმა ქვეყანამ გაიგოს, ოღონდ კი ვიპოვო, მაგრამ ჯერ აჯობებს, ხმაური არ ავტეხოთ. რომ გაიგოს, მეძებენო, ვაითუ, ისე დაიმალოს, ვეღარც მივაგნოთ.
- ისევ უკრანაში ხომ არ დააპირა დაბრუნება?
- გამორიცხულია. ამას არ იზამს. იქიდან გამოიქცა და რომ დაბრუნდეს, შეიძლება დაიჭირონ. თბილისში ვცადოთ მოძებნა. მე ჩემს კავშირებს გამოვიყენებ, რობი, შენ შენი სცადე, იქნებ რამე გამოგვივიდეს…
გამოიყენეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. გადიოდა კვირები, თვეები, კატიას კვალს კი ვერსად მიაგნეს, თითქოს ცამ ჩაყლაპაო. დაბეჭდეს მისი ფოტოსურათი, ბეტის ბავშვებთან ერთად რომ ჰქონდა გადაღებული და ანდრიამ პოლიციას განცხადებით მიმართა. პოლიციამ მაშინვე ძებნა გამოაცხადა, თუმცა ამაოდ. კატია მხოლოდ ერთგან გამოჩნდა ვიდეოკამერაზე, როცა ვაგზლის მოედანზე ჩემოდნით ხელში მეტროში ჩადიოდა. მას მერე რომელ სადგურზე ჩამოვიდა ან საითკენ აიღო გეზი, გამოცანად დარჩა…
ანდრია შესამჩნევად გახდა, მოტყდა და თმაში ჭაღარა ვერცხლისფრად გაერია. იშვიათად იღიმოდა, გარეთ გასვლას და ნაცნობებთან შეხვედრას გაურბოდა. პოლიტიკას ჩამოშორდა და სამეურნეო საქმეებზე გადაერთო. შვებას ვენახის მოვლაში ჰპოვებდა. ყოველი მისი დილა ზვრების დათვალიერებით იწყებოდა. წელს კარგ მოსავალს ელოდა და ეს ახარებდა. გარდა ამისა, ღორებისა და ქათმების ფერმასაც უვლიდა. ერთი სიტყვით, მუშაობით თავს არ იზოგავდა.
- ძალიან ბევრს მუშაობ, - შენიშნა ერთხელ დათომ, როცა ფერმიდან შინ ბრუნდებოდნენ.
- ახლა ჩემი პანაცეა მხოლოდ მუშაობაა, - მიუგო ანდრიამ, - ამის გარეშე ალბათ დავიღუპებოდი. არ იცი, როგორ მშველის.
- იცი? ასე მგონია, რომ ახლა უფრო მეტად გიყვარს კატია, ვიდრე მაშინ, როცა ცოლად შეირთე.
- ალბათ კი არა, ასეა, მე ხომ დავკაცდი, - თქვა და მწარედ გაიღიმა.
ამ სიტყვების გამო თავი ეზიზღებოდა, რადგან სიმართლეს ამბობდა, სიმართლეს, რომელიც ძალიან გვიან შეიგნო.
რთველმაც ჩაიარა. უღიმღამოდ, უსიხარულოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყურძნის მოსავალმა გაამართლა. კატიაზე ფიქრი გონებიდან წამითაც არ შორდებოდა. სად არ წარმოიდგინა ცოლი - ხან სადღაც მაღაზიაში გამყიდველად, ხანაც ქუჩაში - სამათხოვროდ ხელგაწვდილი, ხანაც დამლაგებლად რომელიღაც მარკეტში… და გული ეკუმშებოდა.
ამასობაში ახალი წელი მოახლოვდა. მცდელობა, თავი მხიარულად მოეჩვენებინა ოჯახის წევრებისთვის, არ გამოსდიოდა. მაშინაც კი, როცა ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქრების ჩამორიგებას შეუდგა.
ნაახალწლევს შვეიცარიაში გაემგზავრა სათხილამუროდ. იქ ყოველ წელს ჩადიოდა, სეზონზე თხილამურების გარეშე ვერ ძლებდა. ქალაქი სენტ-მორიცი ჰქონდა ამოჩემებული, იქაური ტრასები მოსწონდა, თანაც სასტუმრო, სადაც ჩერდებოდა, თავის პერსონალიანად მისთვის უკვე ნაცნობი და ახლობელი იყო, შინაურივით გრძნობდა თავს. მაგრამ წელს აქაც ვერ ჰპოვა შვება. ორი კვირის ნაცვლად ერთი კვირა ძლივს გაძლო და გამოიქცა.
კატია! ვერა და ვერ მოინელა! როგორ გაუშვა ხელიდან საყვარელი ქალი! ქალი, რომელიც ციებ-ცხელებასავით დასახლდა მის სისხლში და მისგან განკურნებას ვერ ახერხებდა. ცხოვრება ასატანი მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იმედს არ კარგავდა - გული უგრძნობდა, კატიას ერთ მშვენიერ დღეს სადღაც აუცილებლად მიაგნებდა.
გარდა ამისა, მარტო დარჩა - დედა თბილისის ბინას დაუბრუნდა, ზამთარში კახეთს ვერ ვიტანო, ხოლო ბეტი და დათო ისედაც ცალკე იყვნენ ახალ სახლში. ამიტომ ძირითადად მაინც მარტო ყოფნა უხდებოდა. ეს ახარებდა. ზამთრის გრძელ ღამეებს ბუხართან ატარებდა და კატიაზე ფიქრით ირთობდა თავს.
საქალო საქმეებში ბეტი ეხმარებოდა. დარეცხვა იქნებოდა, დაუთოება თუ საჭმლის მომზადება, მის კისერზე იყო. ღვიძლი და სიამოვნებით უძღვებოდა საშინაო საქმეებს. რაც მთავარი იყო, ბეტის დედა ხელს აღარ უშლიდა და საქმეს ისე აკეთებდა, როგორც თავად სიამოვნებდა.
- ანდრია, იცი, როგორ მიხარია, მარტონი რომ ვართ? როგორც იქნა, ძლივს ვიგრძენი თავი ნამდვილ დიასახლისად. დამღალა დედაჩემის მითითებებმა, გაზქურასთან ახლოს არ მიშვებდა. რა, ცუდ კერძებს ვამზადებ? - ერთ საღამოს ბუხართან მოკალათებულ ძმას გული გადაუშალა.
- შენ მაგარი დიასახლისი ხარ, ელისაბედ, ვამაყობ შენით. უნდა ვაღიარო, რომ დედაზე გემრიელი სადილები გამოგდის.
- როგორ მიხარია ამის მოსმენა, ვერ წარმოიდგენ. - ჩაეხუტა ბეტი ძმას, - მინდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი კატიას დამსახურებაა. მან მასწავლა, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და თავისუფლება.
კატიას ხსენებაზე ანდრიამ დაღონებული მზერა შეავლო.
- მელაპარაკე მასზე, - ხმადაბლა სთხოვა.
- რა ვქნა, რით გიშველო, არ ვიცი, - თანაგრძნობით მიუგო ბეტიმ.
- ჩემი ბრალია ყველაფერი.
- თავს ნუ იდანაშაულებ, ცხოვრებამ მოიტანა ასე. რას იზამ. ისე, თუ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება ვეღარც იპოვო? - შეაპარა ბეტიმ.
- კი, მაგრამ ვცდილობ, იმედი არ გადავიწურო. მაინც მგონია, რომ გამოჩნდება. ამ იმედით ვცოცხლობ. ეს ერთადერთია, რაც დამრჩა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>