ნოველები

ყველაფერი არ გაივლის - თავი 5

ყველაფერი არ გაივლის - თავი 5
დასაწყისი
სულ რაღაც ორმოც წუთში ადგილზე იყო. ცენტრში ჩამოვიდა და კითხვა-კითხვით მიადგა პანსიონატს. ნაძვნარში ჩაფლული თეთრი შენობა გარედან მოვლილი ჩანდა, გარს ლამაზი ბაღი ერტყა და საოცარი სიწყნარე სუფევდა. მოეწონა იქაურობა. როცა მარიკუნას უთხრა, ამიერიდან აქ უნდა ვიცხოვროთო, გაოცებულმა ბავშვმა გაფართოებული თვალებით ახედა დედას, ჩვენს სახლში არასდროს არ უნდა დავბრუნდეთო? როცა პასუხად უარი მიიღო, ახალი შეკითხვა გაუჩნდა - სკოლაშიც არ უნდა ვიაროო? ლიზის პასუხმა, ალბათ, სხვა სკოლაში მოგიწევს გადასვლაო, გოგონა ტირილის ხასიათზე დააყენა, არ მინდა სხვა
სკოლაში, მე ჩემს კლასელებთან მინდაო.
ლიზი მიხვდა, რომ დედა და შვილი ადვილად ვერ მორიგდებოდნენ. ამიტომ ბავშვს ხელზე ხელი მოუჭირა და დაუსისინა, ხმა ჩაიკმინდე, აქ უცხო ხალხია და სირცხვილი არ მაჭამოო.
ამასობაში ჭიშკარში შევიდნენ. ლიზიმ ვეებერთელა ეზო მოათვალიერა. თეთრეული ვერცხლისფერ უდრეკ მავთულზე ეკიდა და ნიავის ყოველ დაქროლაზე შრიალისმაგვარი ხმაურით ირხეოდა.
ვესტიბიულში შესულს თვალში მოხვდა სამი ზომიერად ფერხოციანი ლურჯპიჯაკიანი ქალი, დაახლოებით მისი ასაკის, რომლებიც იაფფასიანი მანერებით ცდილობდნენ თავის წარმოჩენას. როცა ერთ-ერთ მათგანს დირექტორის კაბინეტის ადგილმდებარეობა ჰკითხა, ქალმა მეორე სართულზე მიასწავლა.
ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფანს დაუყვა, რომელიც ალბათ, არავის არასდროს მოერეცხა. მეორე სართული უფრო სუფთა და ნათელი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ მართლა სუფთა და ნათელი იყო. გაუკვირდა, რატომ არ ზრუნავდა ამ შენობის მეპატრონე აქაურობის კეთილმოწყობაზე.
კაბინეტის კარს მსხვილი ასოებით ეწერა დირექტორის სახელი და გვარი. ლიზიმ მარიკუნა იქვე სკამზე დასვა და გააფრთხილა, ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ გამოვალო, მერე კი კარზე ფრთხილად დააკაკუნა. როცა პასუხად მობრძანდითო, გაიგონა, კარი გააღო და კაბინეტში შევიდა.
- გამარჯობა, ნანკა. მე ლიზი ვარ, თიკო გესაუბრათ ჩემზე, - თქვა და გაიღიმა.
- ო, სასიამოვნოა, ლიზი, დაჯექი, გენაცვალე, - დიდი ხნის ნაცნობივით შეხვდა ნანკა, მაგრამ მის შესახვედრად არც ამდგარა და არც წამოწეულა, მბრუნავ სავარძელში წინ და უკან ირწეოდა, ხელში კი წითელი კალამი ეჭირა და წარამარა აწკაპუნებდა.
ნანკა ფეტრის შლაპით და ღრმად გულამოჭრილი დეკოლტეთი იჯდა თავის სადირექტორო სავარძელში და აშკარად ეტყობოდა, რომ თავი სამყაროს დედოფლად მიაჩნდა. ლამაზი იყო, მაგრამ არა ბუნებრივად, არამედ კოსმეტიკური საშუალებებისა და პლასტიკური ოპერაციების დახმარებით. ცხვირი ნაოპერაციები ჰქონდა, დაპატარავებული და ბოლოში რუსივით აპრეხილი. ტუჩები დაებერა, თვალების ჭრილი კი დაევიწროებინა. ნანკაც დაახლოებით მისი ასაკის იქნებოდა, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები. სახეზე იმდენი ტონალური ედო, ვერ მიხვდებოდით, თეთრი იყო თუ შავგვრემანი, თუ მის წარბებს არ შეხედავდით. შავი წარბების მიხედვით თუ იმსჯელებდით, შავგვრემანი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წარბებისფერი თმა ქერად შეეღება და ამის გამო სომეხს დამსგავსებოდა.
- ლიზიმ მითხრა, ბავშვთან ერთად იქნებაო?
- დიახ, გარეთ მელოდება, მოსაცდელში.
- ა, გასაგებია. შეგეძლო შემოგეყვანა. - ნანკა გაპრანჭულად ლაპარაკობდა, რითაც თავის თანამდებობასა და ელიტურობას განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს.
ლიზიმ გაიღიმა.
- არა უშავს, მოცდას მიჩვეულია, - თქვა და ინსტინქტურად კარისკენ გაიხედა, რომლის მიღმა სკამზე ჩამომჯდარი შვილი ეგულებოდა.
- ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, რომ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ლიზი. თიკოს ვენდობი. მართალია, ახლო მეგობრები არ ვართ, მაგრამ ერთმანეთი საქმეში გამოგვიცდია და ვიცი, არ დამაღალატებს. თუ ყველაფერი კარგად წავიდა და თავს გამოიჩენ, დაგაწინაურებ. შესაბამისად, ხელფასიც მოგემატება. მართალია, შენ პირველი თანამშრომელი იქნები, ვინც აქ იცხოვრებს, მაგრამ ამაზე ვერავინ გაბედავს პრეტენზიას. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა რამდენიმე კვირით სხვა მომვლელებიც დარჩენილან აქ საცხოვრებლად. მესამე სართულზე ერთოთახიანი ნომერი მაქვს შენთვის. მე მგონი, საკმარისია, ხომ ასეა?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, - ლიზი სიხარულს ვერ იოკებდა, - სავსებით საკმარისია, უღრმესი მადლობა ამისთვის, ნანკა.
- სამადლობელი არაფერია. მე ერთგული თანამშრომლები მჭირდება. თუ ამას დავინახავ, დაგიფასებ. ჩემთვის მთავარია, კლიენტურა კმაყოფილი მყავდეს. ხელფასი 800 ლარი გექნება.
- მე მაკმაყოფილებს, ამიტომ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, - თქვა ლიზიმ და კვლავ გაიღიმა.
- ჰოდა, მშვენიერია. მაშინ წავიდეთ, შენს ოთახსაც გაჩვენებ და მოვალეობებსაც გაგაცნობ. იმედია, ერთმანეთს გავუგებთ.
ლიზიმ დასტური გაღიმებით გამოხატა. დღეს ისე ხშირად იღიმებოდა, ალბათ, მთელი კვირის მარაგი ამოწურა.
- იმედია, ჩემთან თანამშრომლობა შენს პრობლემებს გაუმკლავდება.
- პრობლემა ისაა, რომ ძალზე ბევრი პრობლემა მაქვს, - მშვიდად მიუგო ლიზიმ და "შეფინიას" ამჯერად გაუღიმებლად შეხედა.
ნანკამ თავი ისე დაუქნია, თითქოს ლიზის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი ეთქვას. მან ქალს გვერდი აუარა და ძვირად ღირებული სუნამოს სურნელი დააფრქვია. ლიზიმ ისიც კი გამოიცნო, რომელი ფირმის სუნამო ესხა ნანკას, ასეთ რამეებში გადასარევად ერკვეოდა.
კაბინეტიდან გამოსულმა დირექტორმა მარიკუნას მოჰკრა თვალი და მხიარული შეძახილით მიუახლოვდა. ჯერ რა ლამაზი გოგო ყოფილხარო, შეაქო, მერე კი ხელი დიდი ადამიანივით ჩამოართვა, რაც ბავშვს ძალიან ესიამოვნა.
- წამო, შენი ოთახი გიჩვენო! - თანატოლივით უთხრა ნანკამ, მარიკუნას ხელი გადახვია დე მესამე სართულისკენ კიბეს აუყვა.
ოთახი მართლაც მყუდრო და ლამაზი გამოდგა. იქაურობა თეთრად ქათქათებდა. ბამბუკის ფარდაც კი, რომელიც სამზარეულოში შესვლისას სასიამოვნოდ ჩხარუნობდა, თეთრად იყო შეღებილი.
- სააბაზანო აქეთაა, - ხელით ანიშნა ნანკამ, - ასე რომ, ყველაფერი თქვენი გექნებათ და არავითარი საზიარო! თუ ვინიცობაა და ნომრის პრობლემა შეგვექმნა, რაც ჯერ არ მომხდარა, რაღაცას მოვიფიქრებთ. თუმცა, არა მგონია. არასდროს არ გვყოლია იმდენი კლიენტი, რომ ერთბაშად ყველა ნომერი გავსებულიყო.
ამ ყველაფერს ნანკა ისე გულწრფელად ლაპარაკობდა, ლიზის მის მიმართ ნდობა გაუჩნდა. სხვა რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა ეთქვა, ახლა სეზონი არაა, თორემ არც ერთი ნომერი თავისუფალი არ გვექნებოდაო.
"მიყვარს ასეთი ადამიანები, - გაიფიქრა თავისთვის, - სადა და უშუალო. ალბათ, დავმეგობრდებით".
და არც შემცდარა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო მოსწონდა ნანკას იგი, უფრო და უფრო ენდობოდა და ხშირად სხვა საქმეებშიც სთხოვდა დახმარებას.
ეს ნდობა კი ლიზის კეთილმა ზნემ გამოიწვია. ერთი კვირის მისულიც არ იყო, რომ ყველა დამსვენებელს თავი შეაყვარა. ყველას სურდა, მის გვერდით ლიზი ყოფილიყო, მას გაესეირნებინა, მას ჩაეყვანა საპროცედუროში, მიეცილებინა სასადილომდე ან სასადილოდან ნომრამდე და ა.შ.
ამ სიტუაციამ, რა თქმა უნდა, სხვა მომვლელების, ანუ მეთვალყურეების პროტესტი გამოიწვია. სხვა სამი მეთვალყურე გოგო - ლანა, ესმა და ირმა - ისე უყურებდა ლიზის, როგორც მოსისხლე მტერს. ისეთი პირი უჩანდა, რომ ერთ დღეს რაღაც უსიამოვნება მოხდებოდა და ჰაერში გამოკიდებული ბოღმიანი ნაღმი აფეთქდებოდა.
მარიკუნა ადვილად შეეგუა ახალ გარემოს. განსაკუთრებით დაუახლოვდა თავის ტოლ ინვალიდ გოგონას, რომელიც ეტლში იჯდა. ავტოავარიის შედეგად ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა. მასთან კვირაში ერთხელ საუკეთესო სპეციალისტები მოდიოდნენ, მდგომარეობას აფასებდნენ, ახალ-ახალ დანიშნულებებს იძლეოდნენ და იმედსაც, რომ პატარა თეკლა მალე გაივლიდა.
მარიკუნას გამოჩენამ თეკლას დედასაც უდიდესი შეღავათი მისცა, რადგან ახლა დედის მაგივრად მარიკუნა დაჰყვებოდა ეტლიან გოგონას ეზოში, თან ეტიტინებოდა ახალ მეგობარს, თავისი თანაკლასელებისა და მასწავლებლების ამბებს უყვებოდა.
ერთ დღესაც ნანკამ ლიზის სთხოვა, ახალი პაციენტის მისაღებად მეორე სართულზე ნომერი დაელაგებინა. ახალგაზრდა ქალს ფეხის ოპერაცია გაეკეთებინა და სარეაბილიტაციოდ აქეთ გამოეგზავნათ. ჩაცმულობაზე ეტყობოდა, რომ შეძლებული ოჯახიდან უნდა ყოფილიყო, თანაც სულ ჰალსტუხიანი პირები ახლდნენ და მედიდური გამოხედვით ათვალიერებდნენ იქაურობას. აღმოჩნდა, რომ იგი პარლამენტარის მეუღლე იყო. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა.
ლიზიმ ნომერი ისე დააწკრიალა, ახალმა მოსულმა წუნი ვერაფერს დაუდო და მადლობა გადაუხადა, მაგრამ ნახევარი საათიც არ გასულა, რომ სამზარეულოში მყოფ ლიზის ყვირილის ხმა შემოესმა.
- ეს რა კლინიკაა, ელემენტარული პირობები რომ არ გაქვთ ავადმყოფების მოსავლელად? კინაღამ ავყირავდი კიბეზე, პანდუსები არ უნდა გაგეკეთებინათ იმათთვის, ვისაც თავისი ფეხით სიარული არ შეუძლია? მე ამას ასე არ დავტოვებ. ახლავე დავურეკავ ჩემს ქმარს და აქაურობას ხვალვე დახურავენ!
ლანა, რომელიც ასევე მეთვალყურედ მუშაობდა და თავისი უხეშობის გამო არავის არ უყვარდა, კინკლაობაში ტოლს არ უდებდა შოკას, პარლამენტარის მეუღლესა და განსაკუთრებულ პაციენტს. ლიზი მიხვდა, რომ საქმეს კარგი პირი არ უჩანდა. მან მაშინვე მიირბინა შოკასთან და დამშვიდება დაუწყო:
- ნუ ღელავთ, ქალბატონო, მაგ საკითხს ამ კვირაში მოვაგვარებთ, უკვე დაწყებულია ამაზე მუშაობა, - აუღელვებელი ხმით დაიწყო, - თქვენ ზარი უნდა დაგერეკათ და რომელიმე მეთვალყურე ამოვიდოდა, რათა დაბლა ჩამოეყვანეთ. დამოუკიდებლად არ უნდა გაგერისკათ.
ლიზის დანახვაზე ახალმოსული მაშინვე მოლბა. როგორც ჩანს, გაახსენდა, როგორ ააცილა ამან ნომერში და როგორი დაკრიალებული დაახვედრა იქაურობა.
- კი მაგრამ, აქამდე სად იყავით, ლიზი? მაინცდამაინც ვიღაცამ კისერი უნდა მოიმტვრიოს, სანამ დაბლა ჩამოვა ან გარეთ გავა? აბა, რისი სარეაბილიტაციო ცენტრია, ასეთ საკითხს თუ თავიდანვე არ მოაგვარებთ? რისთვის აშენდა მაშინ ეს შენობა?
- ეს შენობა აშენებული იყო, როცა აქ ცენტრი გაიხსნა, ქალბატონო. აქ ადრე საბავშვო ბაღი ყოფილა განთავსებული და მერე გადაკეთდა სამკურნალო დაწესებულებად. ხომ გესმით, ფინანსები თავიდან ყველაფერს არ ეყო, ამიტომაც ვართ გამოყოფილი მეთვალყურეები, რომ ჩვენ თვითონ მოვემსახუროთ პაციენტებს და დისკომფორტი არ შევუქმნათ. ერთ კვირაში კი პანდუსებიც იქნება და სხვა დანარჩენიც.
ოღონდ რა იყო ეს "სხვა დანარჩენი", ლიზის არ დაუკონკრეტებია, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდა. ეს, უბრალოდ, სიტყვის მასალად გამოიყენა, რათა შოკა დაემშვიდებინა და ნანკას პრობლემები არ შექმნოდა. პანდუსების დაყენების ამბავიც სახელდახელოდ მოუვიდა თავში აზრად მოსალოდნელი სკანდალის მისაჩუმებლად, შედეგებზე კი არც უფიქრია. სამაგიეროდ, ლანამ იფიქრა და აქაოდა, შესაძლებლობა მომეცა ლიზის მიწასთან გასასწორებლადო, მთელი ხმით აყვირდა:
- რა პანდუსები, რის პანდუსები! რატომ ატყუებ ადამიანს, ქალო?! რაც მოხვედი, სულ თავის გამოჩენაზე ფიქრობ და ხელიდან გვტაცებ პაციენტებს, ვითომ რამით ჩვენზე უკეთესი იყო! შენ გგონია, ვერ ვხედავთ, როგორ უძვრები ნანკას? ვითომ რისი დამტკიცება გინდა მაგით, რომ ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი შენ ხარ? მეტი არაა ჩემი მტერი! - და ამაყად დოინჯშემოყრილმა თავის კოლეგებს გადახედა იმ იმედით, ისინიც ამყვებიანო, მაგრამ ესმა და ირმა გასუსულები იდგნენ და შიშით ადევნებდნენ თვალს ამ სცენას.
სიტუაციას ნანკაც შეესწრო, რომელიც ხმაურზე თავისი კაბინეტიდან გამოვარდა და პირველ სართულზე დაეშვა, მაგრამ პაციენტთან ახლოს არ მისულა, რათა თავისი თვალით ენახა, კრიტიკულ მომენტში თანამშრომლები როგორ შეძლებდნენ სიტუაციის დარეგულირებას.
- ძირს რატომ ჩამოხვედით, საით გინდოდათ წასვლა? - ლიზიმ არც კი შეხედა ლანას, ისე დაიხარა შოკასკენ და შეეკითხა.
- ეზოში მინდოდა გავლა, ვიფიქრე, აქაურობას დავათვალიერებ-მეთქი.
- მე გაგიყვანთ, თუ გსურთ და არ გადაიფიქრეთ.
- სიამოვნებით. თქვენი თანამშრომელი არ ვიცი, რატომ გიყვირით, მაგრამ ვგრძნობ, რომ აქ ერთადერთი ნორმალური ადამიანი ხართ, ვისაც სხვისი გაჭირვების გულთან მიტანა შეუძლია. - თვალები დააბრიალა შოკამ და ისეთი მზერით შეხედა ლანას, რომ ადგილზე გააქვავა.
მოგვიანებით, როცა შოკას ეზო დაათვალიერებინა და თავის ნომერში აიყვანა, ლიზი ნანკამ იხმო.
- ლიზი, კარგია, რომ ის ქალი დააშოშმინე და სკანდალი თავიდან ავიცილეთ, მაგრამ პანდუსების იდეას რა ვუყოთ? ერთ კვირაში ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა, წარმოგიდგენია, რა ამბავი დატრიალდება? რატომ აიღე შენს თავზე ასეთი პასუხისმგებლობა? - ნანკას ხმა უკმაყოფილოდ ჟღერდა და მართალიც იყო -_ ლიზის საქციელი ხელმძღვანელის საქმეებში უხეშ ჩარევას ნიშნავდა.
- სხვა გზა არ მქონდა, ნანკა. ისე იყო დაძაბული სიტუაცია, უკეთეს გამოსავალს უცებ ვერ მივაგენი. პრინციპში, მერე მეც ვიფიქრე მაგ პანდუსებზე და მგონი, არ უნდა იყოს რთული მოსაგვარებელი.
- და როგორ წარმოგიდგენია ეს ყველაფერი?
- ვფიქრობ, საკმარისი იქნება სამი წყვილი ლითონის რელსი, თითო ორი მეტრის სიგრძის. ერთ მხარეს დაედება კიბის საფეხურებს და საკითხიც მოგვარდება. არ უნდა დაჯდეს ძვირი სიამოვნება. ყოველ შემთხვევაში, რადგანაც ამ ყველაფერში ბრალი მე მიდევს, მზად ვარ, ჩემს კუთვნილ ერთი თვის ხელფასზე უარი ვთქვა. თუ მეტი იქნება საჭირო, ჯანდაბას, მეორე თვის ხელფასსაც დავთმობ, - და ისეთი კეთილი ღიმილით გაუღიმა "შეფინიას", რომ ნანკა იმწამსვე მოლბა.
გაუკვირდა, რომ ასე ადვილი აღმოჩნდა ამ ერთი შეხედვით ძნელი პრობლემის მოგვარება.
- თუ მართლა ასე ადვილად მოსაგვარებელია ეს პრობლემა, მაგას რა ჯობია. შენი ხელფასი კი აქ არაფერ შუაშია. ადრე თუ გვიან ისედაც მომიწევდა ამის გაკეთება, უბრალოდ, ვწელავდი, რადგან მომვლელები ისედაც აგვარებდნენ პაციენტების აყვანა-ჩაყვანის საქმეს. არც მიფიქრია, პრობლემური თუ ვინმე გამოჩნდებოდა. წესით, შოკასნაირი მეტიჩრები სარეაბილიტაციოდ საზღვარგარეთ დადიან და არა ჩვენს საცოდავ ცენტრში, რომელსაც პრესტიჟულობამდე ბევრი აკლია.
- ნუ ამბობ ასე, ნანკა! - შეუძახა ლიზიმ, - პირიქით, შენი რაც არის, შენ უნდა აქო და ადიდო. თუ დამფუძნებელი ასე ილაპარაკებს, სხვას რა აზრი შეექმნება ამ ცენტრზე? ნელ-ნელა შემოგეცლება სარფიანი კლიენტურა და გაძლიერებას ვერასდროს მოახერხებ.
ნანკამ წარბებს ქვემოდან გამოხედა.
- შენ როგორი მარკეტინგული ნიჭით ყოფილხარ დაჯილდოებული. მაგას აუცილებლად გავითვალისწინებ. როგორც ვხედავ, ჩემო ლიზი, მე და შენ წინ საუკეთესო დღეები გველის. ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. შენი დაწინაურება უკვე ჩემს ინტერესებში შედის.
- ძალიან გთხოვ, არ მინდა დაწინაურება. ეს გოგოები ისედაც ამრეზით მიყურებენ, მერე კი ქვეყანაზე არ დაეტევიან. არავის გადამტერება არ მინდა. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ, რომ მათი დაჩრდილვა მინდა. ასეთი რამ გულში არც კი გამივლია, გეფიცები.
- მაგაზე ნუ დარდობ. ეგენი გაუნათლებელი გოგოები არიან, ორი წიგნი არ წაუკითხავთ ცხოვრებაში. სხვას რას უნდა მოელოდე ასეთებისგან? აი, მაგათი უფროსი რომ გახდები, მერე ჩაიგდებენ ენას. მე ლანა უკვე გავაფრთხილე, ასე მეორედ არ მოექცე შენს კოლეგას პაციენტების წინაშე-მეთქი. იმედია, შეიგნო.
- სულ იმის შიში მაქვს, რამე შარში არ გამხვიონ. ბავშვი მყავს თან, მარტო არ ვარ, თორემ მაგათ როგორ შევუშინდებოდი, მაგრამ ბავშვს არ დამართონ რამე შურისძიების მიზნით.
- კარგი რა, ეგეთი ბოროტებიც არ არიან. მე მოვაგვარებ ლანასა და სხვებთან სიტუაციას, შენ ჯერჯერობით დაუბრუნდი შენს საქმეს, მერე კი ვნახოთ. ხვალ დილით მინდა, რომ თბილისში წახვიდე. ერთ ბიზნესმენს ფული აქვს გადმოსარიცხი ჩვენს ანგარიშზე ქველმოქმედების მიზნით და ხელშეკრულებაა გასაფორმებელი. მე ვერ ვახერხებ, ამაღამ ნიუ-იორკში მივფრინავ და ათი დღე არ ვიქნები. დილით ჩემი მძღოლი წაგიყვანს და წამოგიყვანს. ასე რომ, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი შენ იქნები ხვალ, - ნანკამ მეგობრულად გაუღიმა, - საბუთებს აქედან ხელმოწერილს წაიღებ, აგერ მიდევს მაგიდაზე. იქ დაელოდები, სანამ ხელს მოაწერენ და მერე ერთ პირს უკანვე წამოიღებ. სულ ესაა. რაც შეეხება პანდუსების საკითხს, ახლავე დავავალებ მერაბს, ხელოსანი იპოვოს.
როცა ლიზი კაბინეტიდან გამოვიდა, შვების ოხვრა აღმოხდა. არ ეგონა, ასე ადვილად თუ გადაურჩებოდა თავის თვითნებურ საქციელს. ამ დროს პირიქით, ყველაფერი უკეთესობისკენ შებრუნდა. შედეგით კმაყოფილი კიბეზე სირბილით დაეშვა მარიკუნას მოსაძებნად.
ეზოში გასულმა აღმოსავლეთის კედელთან მოჰკრა თვალი თავის შვილსა და თეკლას, რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდნენ. იქამდე რომ მიეღწია, ჭიშკარს უნდა გასცილებოდა, რომელიც გაეღოთ. სწორედ იმ დროს, როცა ჭიშკრის მონაკვეთი უნდა გადაეჭრა, ქუჩიდან შავმა ჯიპმა გადმოუხვია და დაუსიგნალა. ლიზიმ ორი ნაბიჯით უკან დაიხია მანქანის გასატარებლად. მის დანახვაზე შავსათვალიანმა მძღოლმა სვლა შეანელა და ქალს დაჟინებით მიაჩერდა. ლიზიმ მზერა აარიდა მამაკაცს, რომლის სახეს სათვალის მიღმა ვერ ხედავდა და მოთმინებით დაელოდა, მანქანა როდის ჩაუვლიდა. ამის ნაცვლად უცნობმა ძრავა ჩააქრო, კარი გააღო და ჯიპიდან ასაკისთვის შეუფერებელი სიმსუბუქით ჩამოხტა.
- ლიზი, შენ ხარ?
საოცრად ნაცნობი ხმა… მივიწყებული, მაგრამ ტკივილამდე ნაცნობი… ხმა, რომელიც მხოლოდ სიზმრებში მეორდებოდა. ხმა, რომელიც არასდროს დავიწყებია…
ხმა კი, მაგრამ მამაკაცს ვერ ცნობდა და მანამ ვერ მიხვდა, ვინ იყო, სანამ უცნობმა სათვალე არ მოიხსნა. ღმერთო… მის წინ იონა იდგა, მისი საოცნებო იო, რომელსაც საფეთქლებთან თმა შეთხელებოდა და ჭაღარაც შერეოდა.
- იო, შენ ხარ? - ჩურჩულით ძლივს ამოთქვა და ყელგამშრალმა ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია.
- მე ვარ, მე, - ხმამაღლა გაიცინა იონამ, - რა სასწაულია, აქ შენ ნახვას საერთოდ არ მოველოდი. საიდან გაჩნდი? ვინმე გყავს აქ მოყვანილი?
- ა-რაა… მე აქ… აქ ვმუშაობ.
- მუშაობ? - გაოცებულ მამაკაცს თვალები გაუფართოვდა, - რატომ არ შემიმჩნევიხარ?
- სულ სამი კვირაა, აქ ვარ, არც კი… მე და ჩემი გოგო.
- ვაა, აი, ბედის ირონიაც ამას ჰქვია.
ლიზი მეხდაცემულივით იდგა მამაკაცის წინაშე, სახეალანძული და დაბნეული, მამაკაცის სიახლოვით აცახცახებული, წარსული სიყვარულის გახსენებით ფიქრებარეული, ის კი ისე მშვიდად ელაპარაკებოდა, თითქოს მხოლოდ კარგი ნაცნობი ენახოს შორეული წარსულიდან - თავისუფლად, დაუძაბავად, ყოველგვარი აღელვების გარეშე.
- შენ რატომ ხარ აქ? ვინმეს სტუმრობ? - როგორც იქნა, სული მოითქვა და თვითონაც შეეკითხა.
- მე? მე ისე, საქმეზე ვარ შენს უფროსთან, - თითქოს დაბნეულად მიუგო მამაკაცმა და ქალს მზერა აარიდა.
- გამიხარდა შენი ნახვა, თითქმის არ შეცვლილხარ, - ხმადაბლა წარმოთქვა და მამაკაცი ამჯერად უფრო ყურადღებით შეათვალიერა.
- მეც ძალიან გამიხარდა. იმდენად მოულოდნელი იყო შენი დანახვა, მეგონა, სიზმარს ვხედავდი, ამიტომ ცოტა დავიბენი. - მამაკაცმა ისევ გაიცინა, ამჯერად უფრო ხმამაღლა.
- რაღაც არ გეტყობა, რომ დაიბენი, - ლიზიმ სიმწრით ჩაიცინა, დათრგუნულად იგრძნო თავი ამგვარი შეხვედრის გამო. მას სულ სხვანაირად წარმოედგინა იოსთან შეხვედრა. ეგონა, მის დანახვაზე მამაკაცი საგონებელში ჩავარდებოდა, სიხარულით გაოგნებული მეცხრე ცას ეწეოდა. ეს კი იდგა ერთ ადგილას გაშეშებულივით და გულიანად იცინოდა.
- სხვათა შორის, სტრესი ყველაზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. თანაც, არ დაგავიწყდეს, პოლიციელები ცივსისხლიანები არიან და ცდილობენ, ემოციები არ გამოხატონ. - თავი იმართლა იონამ.
- გავიგე, პოლიციაში აღარ მუშაობსო, - სიტყვა ბანზე აუგდო ლიზიმ. აღარ უნდოდა იმაზე ესაუბრა, რა განიცადა იომ მისი დანახვისას, ისედაც აშკარად გამოჩნდა ეს.
- დიდი ხანია. პრინციპში, შენი გაუჩინარებიდან მალევე წამოვედი, რამდენიმე დღეში, რა. შენ სად დაიკარგე მაშინ? მაგრად კი გამაცურე.
ლიზის სიწითლემ მთელ სახეზე გადაუარა. არა, მას არ გაუცურებია იონა, იგი უბრალოდ, აიძულეს, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ იოს ეს საიდან უნდა სცოდნოდა?
- ასე არ ყოფილა, მაგრამ ალბათ, ახლა ახსნასაც არა აქვს აზრი, - სინანულნარევი ხმით მიუგო, - ჩვენმა მატარებელმა დიდი ხანია, ჩაიარა. შენ რას საქმიანობ, სად ცხოვრობ, რასა იქმ? ცოლ-შვილი გყავს?
- აბა, რა გითხრა. პატარა ბიზნესი მაქვს, მცირე შემოსავალი. ყოველ შემთხვევაში, მე მყოფნის. შვილი არ მყავს. ცოლი მყავდა და გავეყარე. ასე რომ, ამ ეტაპზე თავისუფალი კაცი ვარ.
ქალს თრთოლამ დაუარა. იქნებ ისევ აეწყოს მათი ურთიერთობა, იქნებ ეს შეხვედრა ბედისწერა იყო?
- შენ? შენ რას შვრები? არ მითხრა, რომ ძველ საქმიანობას მიუბრუნდი და ხალხს ისევ აბოლებ, - ამჯერად მთელი ხმით გადაიხარხარა იონამ.
ლიზის ნირი წაუხდა. არ ეგონა, მტკივნეულ დღეებს თუ გაახსენებდა ყოფილი შეყვარებული, თანაც ასეთი ტონალობით.
- ძველი საქმიანობას აღარ მივბრუნებივარ. - ყრუდ მიუგო, - გავთხოვდი, შვილი მყავს. ასე რომ, ამჯერად შენ წინ წესიერი ადამიანი დგას, - ამ სიტყვებით დამცინავი ღიმილი აიკრა ტუჩებზე.
- მიხარია, მიხარია. იცი რა? მითხარი, საღამოს რომელ საათზე ამთავრებ მუშაობას და აქ დაგხვდები. დავსხდეთ სადმე, წარსული გავიხსენოთ… ისე, მეგობრულ პონტში, ცუდად არ გამიგო.
- ჩემი სამუშაო სადღეღამისოა, ამიტომ თავისუფალი არასდროს არ ვარ, იო. მადლობა დაპატიჟებისთვის, მაგრამ არ ღირს. მაპატიე, უნდა დაგტოვო, ბავშვი მელოდება, -ყინულივით ცივი ხმით წარმოთქვა და მამაკაცს გვერდი აუქცია…
იონა უკან გაეკიდა ლამის სირბილით მიმავალ ლიზის.
- მოიცადე, სად გარბიხარ? - მისძახოდა და თან აქეთ-იქით იყურებოდა, რომ არავის დაენახა.
ქალს ნაბიჯი არ შეუნელებია, საცაა, ბავშვებამდე მიაღწევდა, მაგრამ მამაკაცი დაეწია და მკლავში სტაცა ხელი.
- სულ როგორ უნდა გამირბოდე, ა? - მაინც ღიმილით წარმოთქვა გაღიზიანებულმა.
- ბავშვი მელოდება, გამიშვი! - ლიზიმ მთელი ძალით გამოსტაცა ხელი და კოპებშეკრული მიაჩერდა.
- მხოლოდ ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი და მორჩა, მეტად აღარ დაგაყოვნებ. - მამაკაცმა მაღლა აწეული გაშლილი ხელისგულებით დანებება გამოხატა.
- რა გინდა, იო? - მუდარანარევი ხმით შეეკითხა ქალი.
- ეს ბეჭედი რატომ გიკეთია? - იონამ ფრთხილი მოძრაობით გაიშვირა საჩვენებელი თითი ლიზის მარცხენა ხელის არათითისკენ, რომელზეც ქალს მისი ნაჩუქარი "ანტისოლომონისეული" რგოლი ეკეთა.
- ეს… იმიტომ, რომ… - ლიზი მოულოდნელმა შეკითხვამ ისე დააბნია, რომ სახეზე ალმურმა გადაუარა.
- იმიტომ, რომ ყველაფერი არ გაივლის, არა?
ქალმა არ უპასუხა, ან კი რა უნდა ეთქვა? იმიტომ მიკეთია, რომ შენს თავს მახსენებსო?
- მითხარი, აღარ გიყვარვარ? - იონა ოდნავ დაიხარა მისკენ და დაჟინებით ჩააშტერდა თვალებში.
ამან არას ნიშნად თავი დაუქნია. მოტყუება ხომ თავის დაქნევითაც მოტყუებაა, მაგრამ ასე უფრო ადვილია ტყუილის თქმა, რადგან ხმამ შეიძლება გაგყიდოს. ხმამ და თვალებმა. ამიტომ, როცა ტყუილს ადამიანი თავის დაქნევით ამბობს, მზერაც უნდა აკონტროლოს. ამ დროს მოსაუბრეს პირდაპირ არ უნდა შეხედო, თვალები ან უნდა დახარო, ან სადღაც შორს, სივრცეს გაუსწორო, რომ შენი თავის დაქნევა უფრო დამაჯერებელი ჩანდეს. ლიზიმ ეს წესი დაივიწყა, რადგან მისი გამოყენება წლებია, აღარ დასჭირვებია. ამიტომ იონას თამამად შეხედა თვალებში.
- ხედავ? მატყუებ და თან გეშინია. - ჩაეცინა მამაკაცს.
- მე არაფრის არ მეშინია, შენც ხომ იცი, - თავი დაიცვა ქალმა.
- ეს შენ გგონია, რომ არ გეშინია. ჩვენ კი, ადამიანებს, სულ გვეშინია, მთელი ცხოვრება. შიშში ვიბადებით, შიშში ვცხოვრობთ და შიშში ვკვდებით. უბრალოდ, არ ვუფიქრდებით ამას.
- ფილოსოფოსი გამხდარხარ, - ირონია არ დაიშურა ქალმა.
- შენ გამხადე ასეთი. მას შემდეგ, რაც დაგკარგე, ფიქრის მეტი აღარაფერი დამრჩა. ფიქრი და იმის შიში, რომ ვერასოდეს გიპოვიდი. ხედავ, რამდენნაირი შიში არსებობს ქვეყანაზე?
- ნუთუ? - ლიზი დამცინავად იღიმოდა.
- ნუთუ, ხო, ნუთუ, - გამოაჯავრა იონამ, - მართალია, მერე და მერე ამ შიშს სახელად პრობლემას ვარქმევთ, მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ შიშია თავისი მრავალსახეობით. სიყვარულის შიში, დაკარგვის შიში, ფულის ქონა-არქონის შიში, ჯანმრთელობა-ავადობის შიში, მარტოობის შიში, სიკვდილის შიში და რა ვიცი, ბევრი რამის.
- შენგან განსხვავებით, მე ამდენს არ ვფიქრობ. ასე რომ, არც შიშს ვყავარ ატანილი… წადი, იო, წადი და აღარ გამოჩნდე ჩემ სიახლოვეს, - სრული სიმშვიდით გამოაცხადა და კვლავ გზა გააგრძელა.
იონა ამჯერად აღარ გაჰკიდებია. კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა ტუჩებზე. ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა:
- პატარა მატყუარა ქალი… მაინც მოგაბრუნებ ჩემკენ… - მერე ფეხსაცმლის ჭვინტით მიწას გაეხახუნა და გატრიალდა… უკან ერთხელაც არ მოუხედავს… არც ლიზის…
- დე, ვინ იყო ის კაცი? - მარიკუნა დედას ყელზე შემოეხვია.
ლიზის არ ესმოდა, შვილი რას ეკითხებოდა. არაფერი არ ესმოდა, სულ არაფერი. ყურებში მხოლოდ იოს ხმა ჩაესმოდა, "აღარ გიყვარვარ?" "სულ როგორ უნდა გამირბოდე?" და მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როცა მარიკუნამ შეაჯანჯღარა და შეკითხვა კვლავ გაუმეორა.
- არავინ… აბა, როგორ ხართ? ხომ არ მოიწყინეთ, ბავშვებო? - ლიზი შეეცადა, პატარებს მხიარული მოსჩვენებოდა, ამიტომ ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა ნათქვამი.
- კარგად. თეკლა ჩვენთან დავპატიჟე, სახლში. როცა აქედან წავა, სტუმრად მოვალო. ხომ კარგი იქნება, დე, არა?
- რა თქმა უნდა, შვილო, ძალიან კარგი იქნება. მიხარია, რომ მეგობრობთ. ახლა კი წავიდეთ, სადილის დროა, - ამ სიტყვებით მუხლებაკანკალებული თეკლას ეტლს ჩაეჭიდა და ბავშვებთან ერთად პანსიონისკენ ტაატით გაუყვა გზას…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ანასტასია კამლაძე
ცხოვრებისეულია....
18:39 / 21-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
თუ შეიძლება ორ-ორი თავი, რომ დადოთ. ლოდინი ძნელია. საინტერესოა
01:13 / 21-04-2021
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93