ნოველები

ყველაფერი არ გაივლის - თავი 7

ყველაფერი არ გაივლის - თავი 7
დასაწყისი
ლიზიმ თავი გასწია.
- რა იყო, ვიკბინები?
- არა… უბრალოდ, არ მინდა ასე. - დაიჩურჩულა ქალმა.
- როგორ ასე, ჩემი შეხება გაღიზიანებს?
- არა, მაშინებს.
მამაკაცს გულიანად გაეცინა, ლიზისკენ გადაიხარა და მისი თავი მკერდზე მიიხუტა.
- ნუ გეშინია, მე არ ვარ საშიში კაცი. შენ რაც არ გინდა, ის არ მოხდება, გპირდები.
ლიზიმ მაშინვე გაითავისუფლა თავი და მადლიერებით სავსე მზერა შეავლო მამაკაცს.
- ჰოდა, მითხარი ახლა, შენ თუ გიყვარვარ?
ქალმა ლამის მოიკვნიტა ქვედა ტუჩი, ისე
დააჭირა კბილები. მერე მცირე პაუზა გააკეთა, სათქმელს თავი მოუყარა და ალაპარაკდა:
-_ იცი რა, იო? მეც სულ ვფიქრობდი შენზე, ყოველთვის მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ სხვას მივთხოვდი. იმ პერიოდში ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. მართალია, მაშინ არ მიყვარდა ჩემი ქმარი, უბრალოდ, მომწონდა, მაგრამ მერე და მერე შემიყვარდა. მისთვის არასდროს მიღალატია, არც კი მიფიქრია ამაზე.
- სამაგიეროდ, ის გღალატობს, ხომ?
ლიზიმ არ უპასუხა.
- ეს ყველაფერი გასაგებია… მერე? - სიჩუმე იოს ხმამ დაარღვია.
- მერე ის, რომ ახლა შენთან ურთიერთობის ხელახლა დასაწყებად მზად არ ვარ. არ შემიძლია და ძალიან გთხოვ, ნურაფერს მომთხოვ.
- აბა, როდის იქნები მზად?
- არ ვიცი, იო… შეიძლება არც არასდროს, შეიძლება ოდესმე.
- ეს "ოდესმე" ოდესმე დამთავრდება?
- არ ვიცი, ამაზე პასუხის გაცემა ახლა არ შემიძლია.
- ესე იგი, შეხვედრაზე უარს მეუბნები? ამდენი წელი შენი ნახვა ოცნებად გადამექცა, ძლივს გიპოვე და არაო, ამბობ?
ქალმა თავი ასწია და ჯიქურ შეაჩერდა მამაკაცს.
- რაღაც ვერ შეგატყვე იმ დღეს, რომ ჩემმა ნახვამ სიხარული მოგგვარა, მით უფრო, ოცნება აგიხდინა.
- და როგორ უნდა შემტყობოდა, ხომ ვერ მეტყვი? მეცეკვა თუ მემღერა? ხომ არ დაგავიწყდა, მე ყოფილი პოლიციელი ვარ, რომელიც ვალდებულია, ემოციები არ გამოამჟღავნოს. ჩემი განცდები ჩემ შიგნითაა და მხოლოდ ინტიმურ მომენტებში ვლინდება. მეგონა, იცოდი.
ლიზიმ ღრმად ამოისუნთქა, ლოყები გამობერა და ჰაერი ტუჩებშუა ნელა გამოუშვა.
- მაპატიე… ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით. შენთან ურთიერთობის განახლება ნიშნავს, რომ სულ შიშში უნდა ვიყო. არიქა, ვიღაცამ არ დამინახოს, არიქა, უჩუმრად როგორ გამოვიდე სამსახურიდან, არიქა, ბავშვი ვის დავუტოვო, არიქა, ქმარმა არაფერი გაიგოს… ძალზე ბევრი შიში გროვდება ერთად, რასაც ვერც მივეჩვევი და ვერც გადავიტან.
იონამ თავის გაქნევით ჩაიცინა.
- ახლა ერთ რაღაცას მოგიყვები და კარგად მომისმინე. ეს, უბრალოდ, ჩემი ნაფიქრია, რომელსაც ხმამაღლა მხოლოდ შენ გიმეორებ: ჩვენ, ადამიანები, ხანდახან სამყაროს ვანრისხებთ ჩვენი გაუბედავი ნაბიჯებით. ჩემი აზრით, იქ, სადღაც ცაში, ადამიანთა მთელი ჯგუფი მუშაობს, რომ დედამიწელებს ოცნებების ახდენაში დაეხმარნონ. ვფიქრობ, ერთობ კრეატიული ჯგუფია, ალბათ, ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული. ისინიც ჩვენსავით ორშაბათს იწყებენ მუშაობას, ჩვენსავით თათბირობენ და გეგმებს სახავენ ან პროექტებს წერენ. მათი უფროსი თანამშრომლებს ყოველ ორშაბათს წარუდგენს პლანეტა დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ოცნებების სიას და თითოეულ მათგანს თანაბრად უნაწილებს, ვინ ვისი ოცნების ახდენა უნდა ითავოს. ერთმა კრეატიულმა ლიზის ოცნება უნდა აასრულოს, მეორემ - იონასი, მესამემ ვიღაც ინვალიდის, რომელიც ეტლსაა მიჯაჭვული და ა.შ. მერე დაიშლებიან და საქმეს იწყებენ. ამის შემდეგ ხდება სცენარებისა და სიუჟეტების წერა, ვისი ოცნება როგორ უნდა ახდეს. ადგენენ გეგმას და გრაფიკს. იმასაც კი ითვალისწინებენ, რომ მაგალითად, ლიზის ოცნების ახდენამ არ უნდა დააზარალოს იონას ოცნება და ასე.
და აი, დგება რომელიღაც იქს დღე, რომელიც კალენდარში წითლად იქნება შემოხაზული. ამ დღეს ერთ-ერთის ოცნების ახდენა უნდა დაიწყოს. ამისთვის კრეატიული ჯგუფი სპეციალურ ნიადაგს ამზადებს. და როგორია ეს ნიადაგი? ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევითი შეხვედრით იწყება. საქმეზე მიმავალი იონა მოულოდნელად თავის ძველ სიყვარულს, ლიზის გადააწყდება. ისინი წლების განმავლობაში ფიქრობენ ერთმანეთთან შეხვედრაზე. აჰა, ეს მომენტიც დადგა. ზეცამ მათ სპეციალური შეხვედრა მოუწყო. ეს შეხვედრა ორივეს აბნევს, ქალსაც და კაცსაც, მაგრამ კაცი უფრო მალე მოდის გონს და ქალს ლაპარაკში აიყოლიებს, შიშებს მოუხსნის და ურთიერთობას სთავაზობს. ქალი, ანუ ლიზი, ფიქრობს, რატომაც არა? ჩვენ ხომ ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, ის თანახმაა, კიდევ ერთხელ შეხვდეს იონას და პაემნის დროს და ადგილსაც ნიშნავენ. ამ დროს რა ხდება ზეცაში? მთელი კრეატიული ჯგუფი აჟიოტაჟს ტეხს. აი, გამოვიდა! აი, მოვახერხეთ, მორჩა, ერთდროულად ორი ადამიანის ოცნება ავახდინეთ! ხსნიან შამპანურს, ტაშს უკრავენ წარმატებულ პროექტს და მხიარულად აღნიშნავენ გამარჯვებას.
მაგრამ… დედამიწაზე რა ხდება ამ დროს? ლიზი ბრუნდება შინ და ფიქრობს, რა დროს ჩვენი სიყვარულია, მორჩა, ეს ყველაფერი დიდი ხანია წარსულს ჩაჰბარდა. არავითარ შემთხვევაში! მე გათხოვილი ვარ, ქმარი მყავს. როგორ უნდა ვუღალატო ჩემს მოღალატე ქმარს, რომელიც ყოველდღე ახალ ქალში მცვლის? მერე რა, ის კაცია და ეპატიება. მე კი ქალი ვარ და ღალატს არავინ მაპატიებს. მე ბოლომდე ერთგული უნდა ვიყო!
როგორც კი იქ, ზეცაში ამას გაიგებენ, გაგიჟდებიან. ეს რა ხდება? რა უარიო, რის უარიო? ვიღაც მაგიდიდან თეატრალური ჟესტით გადაყრის პროექტის ფურცლებს, რომლის წერაში ღამეები უთენებია და უკმაყოფილო ყვირის, რომ ასე მუშაობა არ შეუძლია! ჯგუფის უფროსი იბარებს თანამშრომლებს, იწყებს გამოკითხვას, ვინ დაუშვა პროექტის შესრულებისას შეცდომა, სად რა გაიპარა, ვინაა დამნაშავე? რადგან საქმე არ გამოვიდა, ვერც პრემიას მიიღებენ კრეატიული ზეციერები და ვერც შვებულებას ეღირსებიან! უფროსის საბოლოო ვერდიქტი ასეთია… - იონა გაჩუმდა.
- მერე? - ვერ მოითმინა ლიზიმ და შეფიქრიანებულმა გახედა მამაკაცს.
- მერედა ის, რომ ნუ განვარისხებთ სამყაროს. იქ, ზეცაში, რეალურად ცდილობენ ჩვენ დახმარებას. ღამეებს ათენებენ და შვებულების გარეშე მუშაობენ. მოდი, ნუ შევუშლით ხელს. დაე, იმათაც შეძლონ დავალებების პირნათლად შესრულება… აი, ამის თქმა მინდა, ლიზი.
ქალს კარგა ხანს ხმა არ ამოუღია. სულ გადაავიწყდა, რომ ეჩქარებოდა და სამსახურში აგვიანდებოდა. ისიც გადაავიწყდა, რომ იქ ნანკა ელოდებოდა პერსპექტიული წინადადებით. იჯდა მანქანაში, ხელები შიშველ მუხლებზე დაეწყო და ღრმად ჩაფიქრიანებულიყო.
მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან, როცა იონას ხელის შეხება იგრძნო - მამაკაცს ყინულივით ცივი ხელი ჰქონდა.
- თუ ახლა უარს მეტყვი, ვეღარასდროს მნახავ. აქ და ამწუთას დავსვამ წერტილს და ყველაფერს დავამთავრებ.
ლიზიმ კვლავ ხელისგულებში მოიქცია სახე. ასე იჯდა კარგა ხანს. მერე რაღაც უცნაური ხმა ამოუშვა, ზმუილისმაგვარი, ხელები ჩამოუშვა, იონას გახედა და ხმადაბლა, ძლივს გასაგონი ხმით თქვა:
- კარგი, ოღონდ დღეს არა. დღეს გამიშვი და სხვა დროს შეგხვდები. რაღაცას მოვიფიქრებ. უნდა იყოს რამე გამოსავალი, რომელიც არ შემაფერხებს მუშაობაში. დღეს ნანკამ მითხრა, უნდა დაგაწინაუროო. არ მინდა დავაღალატო, ისედაც ბევრი გააკეთა იმ ქალმა ჩემთვის. მე ახლა სულ სხვა ცხოვრებას ვიწყებ და შემაფერხებელი გარემოებები არ მჭირდება, გესმის?
- ამისთვის მე ვიზრუნებ.
- როგორ იზრუნებ, როგორ! - ტირილნარევი ხმით დაიწუწუნა ლიზიმ, - როგორ წარმოგიდგენია ჩვენი შეხვედრები, ა? ან როგორ უნდა მოვახერხო სამსახურიდან გამოსვლა, ან რა უნდა ვთქვა, რამდენიმე საათით რომ დავიკარგები, ან რა სიხშირით უნდა მოხდეს ეს… მე ვერ წარმომიდგენია და შენი არ ვიცი. სულაც არ მინდა, ვინმეს საჭორაო საბაბი მივცე, ისედაც არ მიყურებენ კარგი თვალით ზოგიერთები.
- მე მოვაგვარებ ამ ყველაფერს, შენ მაგაზე არ ინერვიულო. ისე გავაკეთებ, რომ არც შენ დაზარალდე და არც შენი სამსახური.
ქალმა გაოცებული მზერა მიაპყრო.
- და როგორ?
- სრულიად ჩვეულებრივად. შენ რა, სულ პანსიონში აპირებ ცხოვრებას? აგერ, სექტემბერიც მოვა, სკოლა დაიწყება. იქიდან აქამდე ბავშვი ყოველდღე როგორ უნდა ატარო სკოლაში წინ და უკან? მე უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. მიხვალ ახლა სამსახურში და ნანკა როგორც კი დაგნიშნავს მენეჯერად, უთხარი, საცხოვრებლად სოფელში გადავდივარ-თქო. იქ ვიქირავებ ერთ პატარა სახლს ან სულაც ვიყიდი. მოიცა, არ შემაწყვეტინო!.. ვიცი, რასაც ვამბობ. შენ და ბავშვი იქ გადახვალთ საცხოვრებლად, მე კი თქვენთან სტუმრად მოვალ მაშინ, როცა შენ გეცლება. ერთი სიტყვით, მენეჯერი რომ გახდები, ღამისთევა არ მოგიწევს. დღის საათებში იმუშავებ, საღამოს კი თავისუფალი იქნები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეხვედრას შევძლებთ. მე გვიან მოვალ ხოლმე, მაგრამ არა ყოველდღე, რომ შენ უფრო თავისუფლად იყო და ჩემი ყოველდღიური ვიზიტის გამო არ ინერვიულო.
ლიზი მთელი სისწრაფით მოჰყვა თავის ქნევას.
- არ ვიცი, არ ვიცი, იო…
- სამაგიეროდ, მე ვიცი. არ შეიძლება ორ დაკარგულ სულს, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს, შეხვედრის შესაძლებლობა მოვუსპოთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ლიზი, ერ-თად! სხვანაირად არ შეიძლება. რადგან ღმერთმა ერთმანეთს შეგვახვედრა, ეს იმის ნიშანია, რომ მას ასე უნდოდა და ნუ გავანაწყენებთ. იმ კრეატიულ ჯგუფს, ზეცაში ჩვენი ოცნებების ახდენაზე რომ მუშაობს, ნუ ჩავუგდებთ პროექტს, - ღიმილით დაამთავრა იონამ, ლიზის ხელს დასწვდა და ეამბორა.
მის სიტყვებზე ქალსაც გაეღიმა. ამ ღიმილმა გაათამამა მამაკაცი, მოულოდნელად ხელი მოხვია თავის ოცნებას, მთელი ძალით თავისკენ მოიზიდა და ტუჩებზე დააცხრა.
ლიზიმ წინააღმდეგობის გაწევა ვერც მოასწრო და არც უცდია. თვალები მილულა და აკვნესებული მიესვენა მამაკაცის მკლავებში. თუმცა მისი სისუსტე მხოლოდ წამიერად გაგრძელდა. მაშინვე გამოფხიზლდა, როგორც კი იონამ ხელები მის მკერდზე ააფათურა და ხელი ჰკრა გაოგნებულს:
- ახლა არა, გთხოვ, ახლა არა! ხომ გთხოვე!
- მართალი ხარ… ახლა არა… ასე არა… - წარმოთქვა თვალებამღვრეულმა მამაკაცმა, ქალს ხელი შეუშვა და სავარძელში გასწორდა.
რამდენიმე წუთი დასჭირდა ლიზის თავის მოსაწესრიგებლად, მერე იონამ მანქანა დაქოქა და სოფელში დაბრუნდნენ…

ლიზი სახლიდან გაიპარა თუ არა, თამუნა საცხოვრებლად ლექსოსთან გადავიდა. საჭმლის მომზადება დიდად არ ეხერხებოდა, ამიტომ პირველ ხანებში ლექსო კარნახობდა, რომელი კერძი როგორ მოემზადებინა, რა საკაზმი გამოეყენებინა და რამდენ ხანს უნდა ეხარშა. როგორ ეზარებოდა თამუნას ეს ოჯახური ვოიაჟი, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა. თუმცა ქმარი კმაყოფილი იყო, საღამოობით დროზე ბრუნდებოდა შინ და საყვარელი ქალის ალერსით ტკბებოდა. თითქოს ძველი დრო დაბრუნდა, როცა ლიზი შეირთო ცოლად. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ პირველი ცოლი უფრო მეოჯახე გამოდგა. ისეთ სადილებს ამზადებდა, თითებს ჩაატანდა კაცი თან. არც სახლის დალაგება ეზარებოდა და არც სამზარეულოში ტრიალი. ამ მხრივ თამუნა უფრო ზარმაცი იყო, ზარმაციც და უცოდინარიც. ისიც კი არ იცოდა, ცოცხი როგორ დაეკავა ხელში და ოთახი გამოეგავა. როგორც კი ოდნავ წინ გადაიხრებოდა, წელი მტკივაო, კვნესოდა. ლექსომაც იპოვა გამოსავალი და გრძელტარიანი პლასტმასის ცოცხი უყიდა, რომ ცოლს დახრა არ დასჭირვებოდა. ცოლს კი ეძახდა თამუნას, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები, რადგან ლიზისთან გაყრა ვერ მოეხერხებინა.
პირველ ცოლს, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერა და ვერ მიაგნო. პოლიციაში უამრავი ნაცნობი ჰყავდა, მაგრამ ვერა - ლიზის ასავალ-დასავალი, დრო გადიოდა და გაურკვეველი რჩებოდა.
საშინლად ბრაზობდა ლექსო. ისე იყო გამწარებული, დაიგინა, კიდევაც დავშორდები ოფიციალურად და ბავშვსაც წავართმევო. ამაზე თამუნას გული უსკდებოდა. სულაც არ სურდა სხვისი შვილი გაეზარდა, მით უფრო, რომ თავისას ელოდებოდა.
მუცელი ნელ-ნელა წამოეზარდა. სამოდელო სააგენტოდან წამოვიდა. რაღა დროს მოდელობა იყო, წონაშიც მოიმატა და მუცელიც თანდათან უფრო და უფრო დაეტყო. დროის უმეტესობას შინ ატარებდა, რადგან ზაფხული იყო და ლექციები ჯერ არ დაწყებოდა.
საღამოობით, როცა ლექსო დაბრუნდებოდა, ივახშმებდნენ და შემდეგ სასეირნოდ გადიოდნენ სუფთა ჰაერზე. ორსულობის მხრივ ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ერთადერთი, რაც ექიმმა ურჩია, ფეხით სიარული იყო, რაც შეიძლება მეტი უნდა ესეირნა და წონაში ბევრი არ მოემატა - სხვა დანარჩენი რიგზე ჰქონდა.
მეოთხე თვეში რომ გადადგა და ექოსკოპიაზე უთხრეს, ბიჭიაო, სიხარულისგან ლამის გაგიჟდა. ლექსოც გახარებული იყო, ადგილს ვერ პოულობდა. თამუნას ორმაგად უხაროდა. გარდა იმისა, რომ გვარის გამგრძელებელს აჩუქებდა ქმარს, ლიზისაც ხომ გადაუჯოკრა - მან ლექსოს ვაჟი ვერ გაუჩინა. მეორე ცოლმა კი ეს მოახერხა. ქვეცნობიერში თითქოს ეჯიბრებოდა ლიზის, უნდოდა, მასზე ბევრად უკეთესი ცოლი ყოფილიყო.
მაგრამ ნელ-ნელა ისე დამძიმდა, რომ არც სამზარეულოში ტრიალი შეეძლო და არც სახლის დალაგება. ლექსო იძულებული გახდა, დამლაგებელი დაექირავებინა. მართალია, ბავშვი უკვე იძრა მუცელში, მაგრამ რატომღაც ტოქსიკოზი მაინც გაუგრძელდა თამუნას. ოდნავ გამძაფრებულ სუნზე გულისრევის შეგრძნება ეუფლებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთ საკვებს საერთოდ ვეღარ ეკარებოდა, მაგალითად, ხორცს, თევზს… თითქმის ვეგეტარიანელი გახდა, მხოლოდ რძის ნაწარმზე არ ამბობდა უარს.
თიკო ყურადღებით ადევნებდა თვალს ლექსოს ოჯახურ იდილიას. გულზე სკდებოდა, ასეთი სიმპათიური და მდიდარი სასაყვარლე კანდიდატი რომ ეცლებოდა ხელიდან. ახლა იმაზე ფიქრობდა, რამე მოეგონებინა, რათა თამუნასა და ლექსოს შორის კუდაპრეხილ შავ კატას გაერბინა.
ვერაფერიც ვერ მოიფიქრა. თამუნას ვერ დაუმეგობრდებოდა, ლექსო ამის არც საბაბს იძლეოდა, არც საშუალებას. ერთხელაც არ დაპატიჟა ზაზა და მისი ცოლი სტუმრად. თავად ვერ გამოიჩენდა ინიციატივას, ამით ლექსოს უარესად გააღიზიანებდა.
როცა არაფერი გამოვიდა და ახალ ოჯახს ვერანაირად ვერ მიუდგა, გადაწყვიტა, ისევ ლექსო მოეხელთებინა სადმე, მოყუჩებულ ადგილას და საწადელისთვის ამ გზით მიეღწია.
ამასობაში ახალდაოჯახებულებმა თამუნას სოფელი მოიარეს. ლექსომ სიდედრ-სიმამრი გაიცნო. ახალგამომცხვარი ცოლის მშობლები სიხარულით ეზოში ვერ ეტეოდნენ. ჯერ ხომ მთელ სოფელს მოსდეს ქალიშვილის გათხოვების ამბავი - ასე და ასე, მდიდარ ბიზნესმენს გაჰყვა ჩვენი თამუნა, ქმარი ხელისგულზე ატარებსო. მერე კიდევ წყვილს რესტორანში მოუწყვეს სადღესასწაულო ვახშამი, თანაც ისეთი, გეგონებოდათ, ქორწილიაო.
როდესაც ლექსო რესტორნის დარბაზში შევიდა, გულგახეთქილი შედგა - იქაურობა სტუმრებით იყო სავსე. ბიძები, ბიცოლები, დეიდები, მამიდები, მათი ქმრები, შვილები და შორეული თუ ახლო ნათესავები… დაახლოებით ორმოცდაათ კაცს მოეყარა თავი. არ ესიამოვნა, მაგრამ აბა, როგორ შეიმჩნევდა. ნაძალადევად უღიმოდა ქალებს, კაცებს დინჯად ართმევდა ხელს და უხერხულობისაგან სიმწრის ოფლში ცურავდა. ორი დღეც ვერ გაძლო იქ. მეორე დღეს, საღამოს, თამუნას გამოუცხადა, სამსახურში სერიოზული პრობლემებია, ზაზამ დამირეკა და უნდა წავიდეთო.
ჩამოსულს მართლაც დახვდა პრობლემა - თიკო. ამ უკანასკნელმა უკვე მოიფიქრა, როგორ შეეტყუებინა მამაკაცი თავის საწოლში. თანაც, კარგად დაამთხვია, ზაზა სამდღიან მივლინებაში იყო წასული ბათუმში.
სულ რაღაც ერთი საათის ჩამოსულები იყვნენ თამუნა და ლექსო, თიკომ მამაკაცს მობილურზე რომ დაურეკა.
- გცალია, ცოტა ხნით რომ გამოხვიდე? - დაღლილი და მოწყენილი ტონით დაიწყო თიკომ, ვითომ ლექსო სულაც არ აინტერესებდა.
- რა ხდება? - უხეშად შეეკითხა მამაკაცი და სამზარეულოში შეიკეტა, რომ თამუნას არ გაეგონა.
- საქმე მაქვს შენთან.
- რა საქმე? თავს არ დამანებებ?
- დანებებული არ ხარ? გგონია, რამეს გთხოვ? შენს სასიკეთოდ ვირჯები, თორემ სულ არ მაინტერესებ. ძალით შარვლის ტოტებს რომ არ დაგახევ, ხომ იცი?
- სად ხარ?
- სად ვიქნები, სახლში ვარ. თუ შეძლებ, ცოტა ხნით გამოდი.
- მითხარი, რა გინდა, - ღრმად ამოიხვნეშა ლექსომ და კარისკენ გაიხედა, ცოლი არ მომადგესო, მაგრამ თამუნა მგზავრობით ისე იყო დაღლილი, მიწვა თუ არა საწოლზე, მაშინვე ჩაეძინა.
- ლიზიზე უნდა გელაპარაკო.
- და რა უნდა მელაპარაკო? - გაღიზიანდა მამაკაცი.
- ვიცი, სადაცაა. მისამართი არ გინდა? თუ არ გაინტერესებს, სულ კარგად იყავი, - ნიშნის მოგებით ჩასძახა ქალმა ტელეფონში და გათიშა.
ლიზის ადგილსამყოფელიო? რას ჰქვია, არ აინტერესებდა. სწორედ ამის გაგება უნდოდა აი, უკვე მერამდენე თვეა. მაშინვე საპასუხო ზარი გაუშვა, მაგრამ თიკომ არ უპასუხა. ესეც ერთგვარი მანევრი იყო, რაც ქალმა წინასწარ გათვალა. ახლა რომ დალაპარაკებოდა, მამაკაცი ტელეფონზევე მოსთხოვდა მისამართს, ეს კი თიკოს გეგმებში არ შედიოდა. კეთილი ინებოს და გამოვიდესო, ჯიბრიანი ღიმილით დასცქეროდა მობილურის განათებულ ეკრანს და ორი თითით ქვედა ტუჩს იკეცავდა.
მისმა ეშმაკობამ გაჭრა. ლექსოს მოთმინების ფიალა აევსო. ღამე არ დაეძინებოდა, ლიზის მისამართი რომ არ გაეგო.
საძინებელში შევიდა, რათა თამუნა გაეფრთხილებინა, ნახევარი საათით გავალ და ეგრევე მოვბრუნდებიო, მაგრამ გოგონას უკვე ღრმა ძილით ეძინა. აღარ გააღვიძა, წელზემოთ ტიტველმა პერანგი ჩაიცვა და სახლიდან გავარდა. იმედი ჰქონდა, რომ თამუნას გაღვიძებამდე მოასწრებდა შინ დაბრუნებას.
ზაზას ბინის კარზე დაკაკუნებაც არ დასჭირვებია. თიკომ ჩასაფრებულივით მაშინვე გაუღო კარი და მამაკაცი ღიმილით შეიპატიჟა.
- რატომ არ მიპასუხე, რომ გირეკავდი? - ლექსო ჰოლში გაიხიდა და წინ ნაბიჯი აღარ წადგა.
- იმიტომ, რომ გამაბრაზე. ბოლო დროს ძალიან მაბრაზებ.
მამაკაცმა უკმაყოფილო სახე მიიღო, უკვე ყელში ჰქონდა ამოსული ამ ქალის პრეტენზიები.
- მეჩქარება, მალე უნდა წავიდე. თამუნა სახლში მარტოა.
- მერე რა? მოიტაცებენ თუ? დაგელოდოს. ცოლი იმისთვისაა, რომ ქმარს დაელოდოს.
- ეგ შენ არ გეხება.
- ეგრე ლიზის რომ გაფრთხილებოდი, დღეს სახლში გეყოლებოდა.
- გითხარი ერთხელ, ეგ შენ არ გეხება-მეთქი. მეტყვი თუ არ მეტყვი, ლიზი სადაა? თუ მომატყუე?
- არა, არ მომიტყუებიხარ. მართლა ვიცი, სადაცაა.
- საიდან იცი?
- შემოდი და გეტყვი, - თიკო თავისას არ იშლიდა.
როცა ლექსო მიხვდა, რომ ქალს სხვანაირად ინფორმაციას ვერ გამოსტყუებდა, სასტუმრო ოთახში შევიდა.
- დავლიოთ? - თიკომ ღვინით სავსე ორი ბოკალი აიღო და ერთი ლექსოს მიაწოდა.
- ვერ დავლევ, მანქანით ვარ.
- უფ! როდის იყო შენ ამას უშინდებოდი? ჯერ არ დაგილევია, აი!
- თიკო!
- სხვათა შორის, გუშინ ჩემი დაბადების დღე იყო, შენ კი დაგავიწყდა.
ლექსომ ჩაიცინა.
- სიმართლე გითხრა, არც არასდროს მცოდნია, როდისაა შენი დაბადების დღე. ზაზა მეტყოდა ხოლმე და მისგან ვიგებდი. ასე რომ, მეპატიება ამ მიზეზითაც და იმ მიზეზითაც, რომ ცოლი ახალი მოყვანილი მყავს და სხვა ქალები არ მახსენდება, - დაგესლა მამაკაცმა.
- და არც გაინტერესებს… მესმის შენი, - ირონიული ტონით მიუგო თიკომ, - მაგრამ დავიჯერო, არ მადღეგრძელებ?
- მაჯობე! მაგაზე კი ვერ ვიტყვი უარს, მთლად ეგეთი ნაძირალაც არ ვარ…
- მაშინ მე გამიმარჯოს ჩემი ოცდაცხრა წლით, - ღიმილით მიუჭახუნა თიკომ თავისი ბოკალი ლექსოსას და ბოლომდე დაცალა.
მამაკაცმაც დალოცა და მიჰბაძა - სასმელი ძირამდე დაიყვანა.
- რაცაა, ესაა, იმედია, მაინცდამაინც ამ საღამოს არ გამაჩერებენ, - თქვა და უეცრად დაიჯღანა, - რა მწარე გემო დაჰკრავს, რა ღვინოა?
- ზაზას მოუტანეს ამას წინათ. რა მწარე, რას ამბობ, მწარე კი არა, ნამდვილი წარაფია, - გაიცინა ქალმა, - ბანგივით მოქმედებს, - დააყოლა და იქედნურად ჩაიცინა.
ლექსომ ღრმა თეფშისკენ გაიწვდინა ხელი, რომელშიც დაჭრილი ხილი ელაგა, რათა ღვინის მჭახე გემო როგორმე გაენეიტრალებინა. იფიქრა, ხილს მაინც დავაყოლებო, მაგრამ მოულოდნელად ქუთუთოები დაუმძიმდა. გაოცებული მზერით ალმაცერად გადახედა მოღიმარ ქალს, რომელსაც დოინჯი შემოეყარა და ქვემოდან ასცქეროდა.
- რაღაც ჩამიყარე, არა?
- რაღაც კი, - თქვა თიკომ და ტუჩები მოპრუწა.
ლექსომ გემრიელად შეიგინა, კარისკენ ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ იმწუთასვე მოცელილივით იატაკზე გაიშხლართა.
- საქმე გაჩარხულია, - მშვიდად წარმოთქვა ქალმა, - დანარჩენი ტექნიკის საქმეა…

როცა ლექსომ თვალები გაახილა, უკვე დილა იყო. აივნის ღია კარიდან შემოსული მზის სხივები გამეტებით უჭყიტინებდნენ თვალებში. მამაკაცმა ხელი მოიჩრდილა. თავიდან ვერ მიხვდა, სად იმყოფებოდა და როგორც კი გაიაზრა, ელდა ეცა. აბრეშუმის ზეწარი ასწია და გაშრა - სრულიად შიშველი იწვა ლოგინში. წარმოიდგინა, ამწუთას ოთახში ზაზა რომ შემოსულიყო, რა დღეში ჩავარდებოდა. საწოლიდან წამოფრინდა და თავის ტანსაცმელს დაუწყო ძებნა. ისე სწრაფად მოუწია წამოწევამ, რომ თავბრუ დაეხვა. ისე სტკიოდა თავი, ლამის გასკდომოდა. თიკოს მისი შარვალი და პერანგი სკამზე აკურატულად გადაეკიდა. მამაკაცი გამალებით შეუდგა ჩაცმას, თან ერთდროულად ზაზაზეც ფიქრობდა და თამუნაზეც.
შარვალი რომ ამოიცვა, უკანა ჯიბეში მობილური მოსინჯა. ის იქვე იდო, მაგრამ გამორთული. ალბათ, ესეც იმ ალქაჯის ნამოქმედარიაო, გაიფიქრა და კარს ეცა. სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და იქით გავარდა.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დოდო
ძალიან საინტერესოა. ერთი ამოდუნთქვით იკითხება
00:17 / 22-04-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93