- როგორ ხარ, შვილო?
- არა მიშავს, მამა, შენ როგორ ხარ?
რამაზმა ლამის ამოიგმინა:
- ცუდად, ძალიან ცუდად. ისეთი პრობლემა მაქვს, არ ვიცი, როგორ გამოვძვრე.
- რა იყო, რა მოხდა? დათოს ხომ არ სჭირს რამე? - იას გული შეუქანდა.
- დათოს კი არა, მე მერხევა. წუხელ ცოტა ნასვამი ვიყავი და დიდი ფული წავაგე. რაც მქონდა, სულ მივეცი, დათოს და ზურასაც გამოვართვი, ჩემი წილიც გავყიდე კაზინოში, მაგრამ მაინც არ მყოფნის. როგორმე უნდა დამეხმარო. მე შენი მამა ვარ და ვალდებული ხარ. განსაცდელის ჟამს ზურგს ნუ მაქცევ, გთხოვ. ორი დღე მაქვს ვადა, მეტი არა. ორ დღეში მთლიანად თუ არ გადავიხადე ვალი, არ მაპატიებენ. ვიცი, შენი ქმარი ვერ მიტანს, მაგრამ რას ვიზამ. ისიც ვიცი, რომ ჩემ დასახმარებლად ერთ თეთრსაც არ გაიღებს. ამიტომ იქნებ ისე მოახერხო, მან რომ ვერ გაიგოს. ოცი ათასი დოლარი მაკლდება, დანარჩენი დავფარე.
იას პირკატა ეცა. ახლაღა მიხვდა, რაოდენ მართალი იყო გუჯი, თავისიანებთან ურთიერთობას რომ უშლიდა. ეს არასდროს დამთავრდებოდა. მამა და ძმები მომავალშიც ბევრჯერ აიძულებდნენ დახმარებას. რა ეღონა? გუჯის ვეღარ სთხოვდა, გამორიცხული იყო. სხვა რა გამოსავალი უნდა ეპოვა? ხომ არ მოჰპარავდა ქმარს? არავითარ შემთხვევაში! ამ ნაბიჯს, სულ რომ შესწირვოდა მამამისი ამ ამბავს, არ გადადგამდა. ერთადერთი, რაც შეეძლო, დედის დანატოვარი სამკაულების გაყიდვა იყო, მაგრამ ეს საქმეს რას უშველიდა? ოცი ათასი დოლარი ასე ადვილი მოსაგროვებელი იყო?
გაოგნებული იდგა, შემდეგ მთელი სხეულით აკანკალდა. მამამისი გასაჭირშია და მისი დახმარების იმედი აქვს. რაც უნდა იყოს, მამაა მისი. რეალობა ისევ შემოიჭრა იას სამყაროში და მის მომავალს კვლავ საფრთხე დაემუქრა. საძინებელში შელასლასდა, თავი ბალიშში ჩარგო და მწარედ აქვითინდა.
საღამოს გუჯი შედარებით ადრე დაბრუნდა სახლში, თან დატვირთული, ბაზარში გამოევლო და სანოვაგე წამოეყოლებინა. ლიდამ სამზარეულოში შეიტანა პარკები და ამოლაგებას შეუდგა. გუჯი იას ოთახს მიადგა.
ქმრის დანახვაზე ქალი შეკრთა, მაგრამ სახეზე ღიმილი მაინც აიფარა. სარკეში გუჯის გამოსახულებას უყურებდა და საყვარელი მეუღლის გარეგნობით ტკბებოდა.
მამაკაცმა ცოლი ჩაკოცნა და გარდერობი გამოაღო, ტანსაცმლის გამოცვლას შეუდგა.
- სადმე მიდიხარ? - მოუტრიალდა ია.
- ჰო, ბაჩომ დამირეკა, ბიჭები ვიკრიბებითო. სანამ შენ და სოფო თეატრში იქნებით, ცოტათი მეც გავერთობი. მერე სოფოსთან გამოგივლი და შინ ერთად დავბრუნდებით.
- კარგი, ძალიან კარგი, - სწრაფად დაეთანხმა ქალი, თუმცა შინაგანად ნერვიულობდა, არ უნდოდა ქმარს მისთვის რაიმე შეეტყო. რატომღაც ეჩვენებოდა, რომ გუჯი განსაკუთრებულად უყურებდა და შეშფოთდა, ვაითუ რამეს ხვდებაო.
- აქებენ მაგ სპექტაკლს, სხვათა შორის.
- ვიცი, ჰო, სოფომაც მითხრა, მაგარი დადგმააო. საუკუნეა, თეატრში არ ვყოფილვარ. - ისევ გაიღიმა იამ და თმის დავარცხნას შეუდგა.
- მე კიდევ დღეს გადავწყვიტე, სუფრა სახლში გავშალო, რესტორანი გადავიფიქრე.
ია გაოცებული მიაჩერდა.
- რატომ?
- რა ვიცი, ვიფიქრე, ასე აჯობებს-მეთქი… - მამაკაცმა კეფა მოიქექა.
- სახლში, სახლში! აქ ჯობია, რა თქმა უნდა! - სწრაფად მიუგო იამ, - რაც უნდა იყოს, ეს ჩვენი პირველი ერთობლივი წვეულებაა და მინდა შენმა სტუმრებმა დიასახლისის რანგში მიხილონ, - ამ სიტყვების წარმოთქმისას ცოტათი გაიკეკლუცა, - თანაც მე და ლი ბომ დღეს მენიუ შევადგინეთ.
გუჯის თითქოს არც გაუგონიაო მისი სიტყვები, ერთი კი გახედა ცოლს სარკეში და ჰკითხა:
- იაკო, მეჩვენება თუ რაღაც აფორიაქებული ხარ?
იამ ხელის ნერვიული მოძრაობით შეისწორა თმის ჩამოშლილი კულული.
- არა, რატომ უნდა ვიყო აფორიაქებული? უბრალოდ, ამდენი წლის შემდეგ თეატრში რომ მივდივარ, ცოტას ვღელავ, - ღაწვები აუფორაჯდა ტყუილის თქმისას და საჩქაროდ დააყოლა, - ჰოდა, იმას გიყვებოდი, მე და ლი ცოტათი წავკამათდით. გაჯიუტდა, გინდა თუ არა, მხოლოდ ჩინურ კერძებს დავამზადებო. ვიცი, რომ ჩინური სამზარეულო ძალზე გემრიელია, მეც მომწონს, მაგრამ ხაჭაპური, გოჭი და საცივი არ უნდა იყოს სუფრაზე? მჭადი, ფხალი…
- ლი ბო გააკეთებს იმას, რასაც შენ ეტყვი, თუ არადა, წავიდეს, საიდანაც მოვიდა! - გუჯი ცოლს მიუახლოვდა, თავისი ძლიერი მკლავები მხრებზე მოხვია და მიიზიდა, - ამ საღამოს გამორჩეულად ლამაზი ხარ, მაგრამ ერთი ეს მითხარი, ასე განერვიულებული რატომ მეჩვენები? დარწმუნებული ვარ, მენიუ აქ არაფერ შუაშია.
ია გაშრა, შეშინებული მზერა მიაპყრო ქმარს და აჩურჩულდა:
- ამის თქმა არ შემიძლია.
ქმარს ირონიულად გაეღიმა.
- მაინც უნდა მიპასუხო. ჩვენ ხომ ზემატერიებში ვურთიერთობთ, ამიტომ მაშინვე ვხვდები, როცა შენ რაღაც გაწუხებს. თუ არ გამიმხელ, რა გჭირს, მეწყინება. გინდა, რომ ცუდ ხასიათზე დავდგე?
ია დანაშაულის გრძნობამ მოიცვა.
- არა, ჩემო საყვარელო, რა თქმა უნდა, არ მინდა, მაგრამ… არ ვიცი, როგორ აგიხსნა… ეს ჩემი პირადული პრობლემაა, სულერთია, ამ ამბავს არაფერი ეშველება. შენ ხომ იცი, რომ ჩემს ოჯახს ბედისწერა ფეხდაფეხ დასდევს.
იას თვალები ჩაუქრა და ქმარს მზერა აარიდა. გუჯის შეუმჩნეველი არ დარჩენია ცოლის სახეცვლილება და მკლავები უფრო ძლიერად მოხვია.
- ასე მგონია, საქმე კაზინოში წაგებულ ფულს ეხება… - სარკასტულად წარმოთქვა მამაკაცმა, - გამოვიცანი?
- ჰო, - თავი ჩახარა იამ, - შენ უკვე გცოდნია… გამოდის, ეს ამბავი მთელმა თბილისმა იცის, არა? რა საშინელებაა. აღარ ვიცი, რა ვქნა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დახმარებას შენ გთხოვ. არავითარ შემთხვევაში, ამას არამც და არამც არ ვიზამ.
- დავიჯერო, ისეთი აზარტული ხარ, რომ ამდენი წააგე? - გაიხუმრა გუჯიმ და ცხვირი ცოლის თმაში ჩარგო, რათა მისი სურნელი შეესრუტა.
- შენ ხუმრობ, მე კიდევ ცეცხლი მიკიდია. მე კი არა, მამაჩემმა წააგო.
- ვიცი! - ისე წარმოთქვა გუჯიმ, ადგილიდან არ დაძრულა, მაგრამ სარკეში თვალები აუელვარდა.
ია გაჩუმდა. ქმრის ტონმა მიახვედრა, რომ მეტი არაფერი არ უნდა ეთქვა. მით უფრო, რომ გუჯის სახეზე აშკარა კმაყოფილება ამოიკითხა. გული შეეკუმშა, სადღაც სიღრმეში რომელიღაც სიმი ჩასწყდა. ისედაც დარწმუნებული იყო, რომ ქმარი ასეთ შემთხვევაში არაფრის დიდებით არ დაეხმარებოდა და არც უცდია თხოვნა, მაგრამ მაინც ეწყინა. ის უფრო ეწყინა, რომ გუჯის მამამისის უბედურება ახარებდა.
- მე არ… - დაიწყო, მაგრამ აღარ დაამთავრა.
- სავსებით მართალი ხარ, ია. ამ დღეს დიდი ხანი ველოდი, ამიტომ ამჯერად შენს თხოვნას აზრი არა აქვს.
ამ სიტყვებით ცოლს ხელი შეუშვა და ოთახიდან გასვლა დააპირა. კართან მისული შემობრუნდა და იას მკაცრი ტონით უთხრა:
- მე შენ ბევრჯერ გაგაფრთხილე და დაგიხატე კიდევაც სურათი, რა მოჰყვებოდა შენებთან ურთიერთობის გაგრძელებას. შენ კი არ დამიჯერე და აჰა, შედეგიც. დარწმუნებული ვარ, მამაშენმა დაგირეკა და დახმარება გთხოვა. ხომ მართალი ვარ?
მისი შეკითხვა ქალმა უპასუხოდ დატოვა. სარკეს მოშორდა, რათა ქმარს მისი ცრემლიანი თვალები არ დაენახა და კამოდის უჯრაში დაიწყო ქექვა, თითქოს რაღაცას ეძებდა.
როცა მარტო დარჩა, საწოლზე ჩამოჯდა და უაზროდ მიაშტერდა კედელს. დედის გარდაცვალების შემდეგ ასე უსუსურად და მარტოსულად თავი არ უგრძნია…
ჯერ კიდევ გზაში იყო, მამამ ხელმეორედ რომ დაურეკა. ტაქსიში არ უნდოდა წაგებულ ფულზე ესაუბრა, ამიტომ რამაზი თეატრში დაიბარა.
შესასვლელთან სოფო უკვე უცდიდა. ფოიეში იმდენ მაყურებელს მოეყარა თავი, ნემსი არ ჩავარდებოდა. სახეზე ყველას საზეიმო განწყობა ეხატა, იას გარდა. სოფო რაღაცას აღფრთოვანებული უყვებოდა, ია კი ანგარიშმიუცემლად უქნევდა თავს და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა მამის მოლოდინში. სპექტაკლის დაწყებამდე როგორმე უნდა მოესწრო მასთან დალაპარაკება.
როგორც იქნა, რამაზიც გამოჩნდა. იგი უკნიდან შეუმჩნევლად მიუახლოვდა შვილს და მხარზე შეეხო.
- მოხვედი?
- ჰო, როგორც იქნა, მოვაღწიე. - რამაზი ცდილობდა თავისუფლად მოქცეულიყო, რათა სოფოს არაფერი შეემჩნია.
- სოფო, გაიცანი, ეს მამაჩემია, - წარუდგინა მეგობარს მამა.
სოფომ ღიმილით ჩამოართვა ხელი და სასიამოვნოაო, დააყოლა.
- მომენატრა შენთან საუბარი… - ისეთი ხმით წარმოთქვა რამაზმა, რომ სოფოს გაეგონა.
- მეც მომენატრა, მამა, მაგრამ მეგობარს მარტო ხომ არ დავტოვებ? უხერხულია… - იამ გაიღიმა.
- არაფერია, ია, მე დედას მოვძებნი და დარბაზში დაგელოდები. ხომ იცი, მეცამეტე რიგის ბილეთები გვაქვს. ოღონდ არ დააგვიანო, სპექტაკლი საცაა დაიწყება.
- მოვალ, სოფო, არ დავაგვიანებ, - საჩქაროდ მიუგო იამ, მამას იდაყვში ჩაავლო ხელი და გვერდზე გაიყვანა.
- მამა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარები. ასეთი რამ როგორ ჩაიდინე? მთელ შენს ცხოვრებას ხაზი როგორ გადაუსვი?
- რა ვიცი, აბა. ჯერ ერთი, ნასვამი ვიყავი, მეორეც… იღბალმა მიმტყუნა, თუმცა როგორმე გამოვძვრები ამ სიტუაციიდან, ოღონდ ცოტა შენც უნდა წამეხმარო.
- მამა, უნდა გამიგო. მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს, ეს შენც კარგად იცი, გუჯის კიდევ ვერ ვთხოვ, არ შემიძლია. რომც შემეძლოს, შენს დასახმარებლად ის ერთ თეთრსაც რომ არ გაიღებს, ხომ იცი?
- რას ნიშნავს, ვერ სთხოვ? ნუთუ ჩემი გულისთვის ამის გაკეთება არ გიღირს? დრო არ ითმენს, ორ დღეში წაგებული მთლიანად უნდა გადავიხადო.
- მართლა გაყიდე შენი წილი?
- ყველაფერი გავყიდე, - რამაზი მოიღუშა, - მაგრამ მაინც არ მეყო. ბიჭებიც ნულზე დავსვი. როგორმე უნდა დაარწმუნო შენი გუჯი, რომ ვალის გადახდაში დამეხმაროს.
ია გაბრაზდა:
- შენც კარგად იცი, რომ ის ამას არ იზამს. გარდა ამისა, ჩემს იმედზე რატომ ხარ? გუჯის რომ არ გავყოლოდი ცოლად, ვის მიმართავდი სათხოვნელად?
- ეს არის შენი პასუხი? ამისთვის გაგზარდე? ამისთვის მოგეცი განათლება? მეტის ღირსი ვარ.
- საღამო მშვიდობისა, ქალბატონო ია, - გაისმა ამ დროს გვერდიდან გოგი ასათიანის ხმა. როგორ ვერ იტანდა ია ამ ხმას, როგორ ეზიზღებოდა!
რა უნდოდა ამ კაცს აქ? ნუთუ მამამისმა მასთან წააგო ფული? თან როგორ ყარდა არყის სუნით, დათრობაც მოესწრო!
იამ მისალმების ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია. ხმის გაცემა სულაც არ სურდა ამ საშინელი კაცისთვის, ქლესა ღიმილით რომ მისჩერებოდა.
- მამათქვენმა შეცდომა დაუშვა, ჩემთან თამაში რომ მოისურვა, - ჩაიქირქილა ასათიანმა, -ახლა კი ხვდება ამას, მაგრამ რაღა დროსია? მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, ყველა კი ვერ რისკავს ჩემთან თამაშს. ამან წააგო და თავანი უნდა ჩამაბაროს. დიდ პატივს ვცემ მამაშენს, მაგრამ წესი წესია. მარტო ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კი ბატონო, ვაპატიებდი, მაგრამ ჩემ უკან რამდენიმე პატივცემული კაცი დგას, რომლებსაც გვერდს ვერ ავუვლი.
სასოწარკვეთილი ია მამას მიუტრიალდა და უხმოდ შეხედა. როცა გოგიმ ისევ ამ თემაზე წამოწყო საუბარი, ქალმა უხეშად გააწყვეტინა:
- თუ შეიძლება, ამაზე მეტად აღარ დამელაპარაკოთ. მე არაფრით არ შემიძლია მამაჩემის დახმარება. ეს მან კარგად იცის. ჩემს ქმარს ფულის დასაბეჭდი მანქანა კი არ უდგას სახლში. სულაც არაა ვალდებული, სიმამრის ვალები იხადოს. მით უმეტეს, რომ… - იამ სათქმელი აღარ დაამთავრა.
გოგი ასათიანმა ისევ ქლესა ღიმილი მოიშველია და იას გამჭოლი მზერა მიაპყრო:
- მოიცა, მოიცა, გოგონი, მთლად მასე კი არ არის საქმე, შენ რომ გგონია. რას მიქვია, ვერ დაეხმარები? ხომ არ გინდა მთელ ქვეყანას მოვდო შენი და სანდროს ამბავი? წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება პატივცემული გუჯი, როცა ეტყვიან, სანდროს მკლავებში ნაგორავები ქალი ცოლად რამ მოგაყვანინაო.
ამის გაგონებაზე იას სახე მიტკალივით გაუთეთრდა.
- ეს… ეს შანტაჟია… - ძლივძლივობით ამოთქვა და შუბლი ოფლით დაეცვარა.
ამასობაში პირველი ზარიც დაირეკა, მაგრამ გოგონას სპექტაკლისთვის არ სცხელოდა.
- შენ რაებს უბერავ, ბიჭო! - რამაზი წინ გადაუდგა ასათიანს, - ამისთვის გამომყევი აქ? ამიტომ მითხარი, იას მე დაველაპარაკებიო? მოშორდი აქაურობას, სისხლში არ გამასვრევინო ხელი! - ისე იყვირა მამაკაცმა, რომ ყველამ მათ შეხედა.
იას სახე აეწვა. მიხვდა, რომ სიტუაცია იძაბებოდა.
- წყნარად, რამაზ, წყნარად, - დამცინავად გახედა გოგიმ, - აქ ცირკის მოსაწყობად არც შენ ხარ მოსული და არც მე. შენი გოგო ჭკვიანი ქალია, უკვე მიხვდა, მე რომ არ ვხუმრობ. ასე რომ, ის ყველაფერს გააკეთებს.
- თქვენ ეს სანდრომ გითხრათ? - აცახცახებული ია მამაკაცებს შუაში ჩაუდგა, თან შეშინებული დარბაზის შესასვლელისკენ იყურებოდა, სოფო არ გამოვიდეს ყვირილის ხმაზეო.
- სანდრო რა შუაშია, მამაშენმა მითხრა, - ბოროტად ჩაიცინა გოგიმ, - წუხელ ერთად ვსვამდით და მომიყვა, როგორ მოხდა ყველაფერი. ასე ვთქვათ, გული გადამიშალა. ეგონა, შევიცოდებდი და ვალს ვაპატიებდი, მაგრამ უკაცრავად, ამის გაკეთება ჩემს ძალებს აღემატება. მეც მყავს ოჯახი და ჩემს შვილებსაც უნდა რჩენა. რაც მეკუთვნის, უნდა მივიღო, ძმაო! ამიტომ იფიქრე, ჩემო გოგო. მამასაც დაიხსნი და შენს სახელსაც გადაარჩენ.
იას ნერვებმა უმტყუნა, თვალები დააკვესა და კბილებშუა გამოცრა:
- ბატონო გოგი, აჯობებს, ჩემზე კი არა, საკუთარ თავზე იფიქროთ. ჩემი მეუღლე ასეთ რამეებს არავის პატიობს.
- მე რა შუაში ვარ? - ასათიანის ხმა მეორე ზარის ხმას დაემთხვა, - რამე მოვიგონე თუ? რა ჩემი ბრალია, თუ ეს სამარცხვინო ამბავი მამაშენმა გააბაზრა?კიდევ მე ვარ დამნაშავე? საოცარია პირდაპირ! შენს ქმარს ბევრი მტერი ჰყავს. იმაზე იფიქრე, როგორ გაიხარებენ ისინი, როცა ამას გაიგებენ.
იას თავბრუ დაესხა და დაბარბაცდა. ვეღარაფერს ხედავდა გოგი ასათიანის აღაჟღაჟებული სახის გარდა, ყურებში კი მხოლოდ უცნაური გუგუნის ხმა ჩაესმოდა, თითქოს გვერდით სატვირთო ეშელონის ვაგონებმა ჩაუარაო.
უკანასკნელად მოიკრიბა ძალა და მუქარის ტონით წარმოთქვა:
- როგორც ვხედავ, საკუთარ სიცოცხლეს დიდად არ აფასებთ, ბატონო გოგი!
- ნუ მემუქრები, თუ ქალი ხარ! ტყუილად მაშინებ. არა მგონია, შენ ეს ამბავი გუჯის მოუყვე. პირიქით, ყველანაირად ეცდები, ქმრის სახელი ლაფში არ გასვარო. ამიტომ ყველა ღონე იხმარე და შეეცადე, მამაშენის ვალი გადაიხადო.
- მაგრამ… როგორ უნდა გადავიხადო? - კვლავ დარია იას ქალურმა სისუსტემ, ეშმაკობის ხომ არაფერი გაეგებოდა, - მე ხომ საკუთარი ფული არ მაქვს, არც საბანკო ანგარიში…
- ქმარს მოელაპარაკე. გავიგე, ვიღაცებისთვის რაღაცები შენი ხათრით უპატიებია. ასეთი გავლენა გქონია, ბატონო, საყვარელ მეუღლეზე და ოცი ათას დოლარს დაგიკავებს?
- მაგას არავითარ შემთხვევაში არ ვიზამ! - იას ჭირის ოფლი ასხამდა. როგორ უნდოდა, ეს ყველაფერი მალე დასრულებულიყო ან უკეთესი - ღამის კოშმარი გამომდგარიყო და გაღვიძებოდა.
- აბა, მე რა გიყო, ჩემო კარგო. მაშინ შენ მოიფიქრე უკეთესი ვარიანტი.
- ოჰ, ღმერთო! მამა, უთხარი რამე ამ კაცს! - იას ღაწვებზე ცრემლები დაეკიდა, კუთხეში მიმწყვდეულივით გრძნობდა თავს.
- ია, მესამე ზარი დაირეკა, წადი, შვილო, შედი და დაჯექი შენს ადგილას, გელოდება ის გოგო, ამას მე მივხედავ! - რამაზი მძიმედ სუნთქავდა. აშკარა იყო, სიტუაციის ასე შემობრუნებას თვითონაც არ ელოდა.
მან მკლავში მძლავრად ჩაავლო ხელი ასათიანს და ფოიედან ძლივძლივობით გაიყვანა.
იას საღამო ჩაუშხამდა…
ერთი სული ჰქონდა, სპექტაკლი როდის დამთავრდებოდა, სოფოს მიპატიჟებაზე უარი უთხრა, თავის ტკივილი მოიმიზეზა, ტაქსი გააჩერა და შინ დაბრუნდა. ჩაჯდა თუ არა მანქანაში, გუჯის დაურეკა, აღარ გამომიარო, უკვე შინ მივდივარო და უკანა სალონის კუთხეში საცოდავად მიიკუჭა. ნერვულობისაგან ისე შესცივდა, ცახცახი დააწყებინა.
შინ შევიდა თუ არა, პირდაპირ ოთახს მიაშურა და საწოლზე მიწვა, ტანთ არც გაუხდია.
ერთი საათიც არ იყო გასული, გუჯი რომ მოვიდა, მაგრამ საძინებელში არ შემოსულა. ამან უარესი თავსატეხი გაუჩინა. ვაითუ ასათიანმა მოასწრო და ქვეყანას მოსდო მისი ამბავი? იქნებ უკვე გუჯის ყურამდეც მიაღწია, რაც თეატრში მოხდა? გოგისნაირი უზნეო კაცისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რა ექნა, რა მოემოქმედა? როგორ შეეჩერებინა თავხედი კაცი? იცოდა, რომ რაღაც უნდა ეღონა, მაგრამ რა? გამოსავალს ვერაფერში ხედავდა. თავი მოეკლა? ეს ხომ უარესი თავლაფის დასხმა იქნებოდა ქმრისთვის. წარმოიდგინა, როგორი ჭორები აგორდებოდა. ამწუთას თავის თავზე საერთოდ არ ფიქრობდა. ყველაფერზე მეტად გუჯი აფიქრებდა. ის კი არ ადარდებდა, რომ ამ ყველაფერს შეიძლებოდა მისი ოჯახი დაენგრია, ქმარი სირცხვილს როგორ გადაერჩინა, ის აღონებდა. არა, არ უნდა გაჰყოლოდა მას ცოლად. რა უნდოდა, რას აიტეხა? თვითონ არ ეხვეწებოდა, ცოლად შემირთეო? თავისას მიაღწია და გუჯი დაარწმუნა, ჩემი შერთვით არ ინანებო. აი, შედეგიც. ამას ჰქვია ბედის ირონია!
ტირილი უნდოდა და ცრემლი არ მოსდიოდა. ასე გამშრალი წამომჯდარიყო საწოლზე და თავში ათასი აზრი უტრიალებდა. გამწარებულმა ისიც კი გაიფიქრა, ასათიანი ხომ არ დავიბარო სადმე და მოვკლაო, მაგრამ როგორ? არც ჰქონდა იარაღი და რომც ჰქონოდა, ხმარებაც არ იცოდა. სიმწრით ტუჩები ლამის დაიკვნიტა. თურმე სადამდე შეიძლება ადამიანის ფიქრი მივიდეს! კაცის მოკვლაც კი განიზრახა.
გადარჩენის ერთადერთი გზა არსებობდა - გუჯის ცხოვრებიდან სამუდამოდ უნდა გამქრალიყო, თან ისე, რომ ვერავის ეპოვა. მაგრამ ამას როგორ მოახერხებდა? კარგად იცნობდა ქმარს, მანამ არ მოისვენებდა, სანამ მკვდარს ან ცოცხალს არ იპოვიდა.
ოთახში ვეღარ გაჩერდა. დერეფანში გავიდა და ქმრის კაბინეტს მიადგა. აინტერესებდა, რატომ არ შეუარა სახლში დაბრუნებულმა ქმარმა. სახელური ჩამოსწია თუ არა, მისი ხმაც მოესმა:
- ია, შენ ხარ?
- ჰო, მე ვარ, სხვა ვინ იქნება! რას შვრები?
- ვმუშაობ. ერთი ხელშეკრულება მაქვს შესასწორებელი. რამდენიმე მუხლი უნდა შევცვალო. მეგონა, გეძინა და ამიტომ კარი აღარ შემოვაღე, არ გაეღვიძოს-მეთქი. ასე გვიან რატომ ხარ ფეხზე? თუ ფულის სათხოვნელად მოხვედი, იცოდე…
- არა, რა სისულელეა. არც მიფიქრია. უბრალოდ, დაგხედე. რატომღაც უცებ საშინლად მომინდა შენი ნახვა. კარგი დრო გაატარეთ?
- ისე რა. ლუდი დავლიეთ და ეგ იყო. შენ რა ქენი? მოგეწონა სპექტაკლი? სოფოს რატომ არ გაჰყევი, ხომ აპირებდი?
- ისეთი მძიმე სპექტაკლი იყო, თავი ამტკივდა და შინ წამოსვლა ვარჩიე.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ მატყუებ?
- რატომ უნდა მოგატყუო? ვისაც გინდა იმას ჰკითხე, როგორი სპექტაკლიც იყო, - იწყინა იამ.
- სპექტაკლი არ მიგულისხმია. საშინლად მომინდა შენი ნახვაო, წეღან ასე თქვი. დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ამისთვის მოხვედი? იქნებ გინდოდა გეთქვა, რომ შურისძიება დამევიწყებინა? - ირონია ვერ დაფარა გუჯიმ.
- ვიღა დაგრჩა შურის საძიებელი? უფრო სწორად, მეტი ვისღა უნდა გავუწიო "რეკომენდაცია"? - არც ცოლმა დაიშურა ირონია. - რაც შეეხება მამაჩემს, არც ვაპირებ მისი დანდობა გთხოვო. ვიცი, მაინც არაფერი გამოვა. ის, რაც მის თავს ხდება, შენ ნამდვილად არ გაფორიაქებს. პირიქით, სულიერად გამშვიდებს მგონი.
- ჩემი სულიერი აფორიაქების მიზეზი მხოლოდ შენ ხარ და სხვა არავინ, ნუთუ ვერ ხვდები? - თავი ვეღარ შეიკავა გუჯიმ, ნათქვამი ზედმეტად ხმამაღლა მოუვიდა. მერე ისე წამოხტა და გაიწია ცოლისკენ, ია შიშისაგან უკან გადახტა.
- გუჯი… - შეშინებულმა ესღა დაიჩურჩულა. ეგონა, ქმარი დასარტყმელად მოიწევდა.
- რა იყო, რას კანკალებ? მითხარი, რატომ გეშინია ჩემი? - მოულოდნელად საოცრად თბილად შეეკითხა მამაკაცი, ქალი ხელში ბუმბულივით აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა.
- ხომ ხედავ, რას მიშვრები. შენი ერთი დანახვა და გონს ვკარგავ, - ჩურჩულებდა მამაკაცი გზადაგზა, - არ ვიცი, ახლა რას ვგრძნობ და არც მინდა ვიცოდე. შენთან ყოფნა მსურს და შენი სურნელით ტკბობა, მეტი არაფერი.
- მერედა, ხელშეკრულება? - კეკლუცად გაუღიმა იამ, თუმცა ამწუთას გაღიმების ხასიათზე სულაც არ იყო.
- მაგასაც მოვასწრებ, არსად გაიქცევა, - ამ სიტყვებით ოთახის კარი ფეხით შეაღო და ცოლიანად საწოლზე დაეშვა.
ისე მოწყურებულად კოცნიდა ქალს, ია გაისუსა. ბოლოს მკლავები გაშალა და საყვარელი მამაკაცი მკერდზე მიიკრა.
- ძალიან მინდა შვილი გვყავდეს. ხომ მაჩუქებ ერთ კარგ ბიჭს? - ჩურჩულებდა გუჯი და თავდავიწყებით ეალერსებოდა.
- ორი რომ იყოს? - მოგუდულად გაიცინა იამ.
- თანახმა ვარ, ტყუპ ბიჭს რა ჯობია! - გაუღიმა ქმარმა და თვალები დაუკოცნა…
როცა იას გაეღვიძა, მზე კარგა გემრიელად ამოწვერილიყო და თვალებში უჭყიტინებდა. შეირხა თუ არა, გუჯისაც გაეღვიძა.
- დილა მშვიდობისა, საყვარელო! - ყელზე აკოცა იამ.
- მშვიდობის დილა ჩემს პრინცესას, - დაუბრუნა ქმარმა სალამი და თითები აბურდულ თმაში შეუცურა.
- ხომ აღარ მიბრაზდები წუხანდელზე?
- არა, რა იყო გასაბრაზებელი. ის კი არა, ვფიქრობ, ხომ არ მომატყუეს ქავთარაძეებმა, ჩემს ყველაზე დიდ სისუსტეზე დაქორწინებაში ხელი რომ არ შემიშალეს?
- ნუ ცრუობ! მე სულაც არ ვარ შენი სუსტი წერტილი. პირიქით.
- რა პირიქით? მე ვარ შენი ძლიერი წერტილი? - გაიხუმრა ქმარმა და გულიანად გადაიხარხარა.
- არა, იმის თქმა მინდოდა, რომ შენ სისუსტეები არ გაქვს. პირიქით, ძლიერი კაცი ხარ.
- ჰოდა, დამეხმარე, რომ ბოლომდე ასეთად დავრჩე.
- დაგეხმარები. მე სულ ვცდილობ, კარგი ცოლი ვიყო და შენ გვერდით ვიდგე ყველგან და ყველაფერში, - ისევ აკოცა იამ.
- ჰო? - თავი წამოსწია გუჯიმ და გვერდულად გახედა, - იმედია, მართლა ასეა. საინტერესოა, მაშინ თუ მომეფერები, როცა გაიგებ, რომ მამაშენმა ვალი ვერ გადაიხადა და სადღაც მიიმალა? მე ხომ მის გადასარჩენად თითსაც არ გავანძრევ.
იას ნირი წაუხდა. ქმრისთვის პასუხი არ გაუცია, მხოლოდ უნიათოდ გაუღიმა და გულაღმა გაწვა.
გუჯი მალევე ადგა და საძინებლიდან გავიდა. იას გაუხარდა, მარტო რომ დატოვეს და კვლავ თავის ფიქრებს მიუბრუნდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>