ვიღაცები მომდევდნენ. ეს აშკარა იყო. სუსხიანმა შიშმა თითქოს ყელი გამიცივა. ისე მინდოდა დახველება, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ პირმომუწული თავს ვიკავებდი. ასე მეგონა, დახველების ხმაზე უცნობები უფრო ადვილად დამეწეოდნენ. არა, ამ გზით არ უნდა წამოვსულიყავი. რა ჩერჩეტი ვარ. ვითომ გზას მოვჭრი-მეთქი. პირველი შემთხვევა იყო, როცა ფეხით გადავწყვიტე შინ დაბრუნება. გასეირნება მომინდა. თან მომწონდა ეს ჩაბნელებული, მყუდრო ხეივანი, კორპუსებს შორის რომ გადიოდა. თუმცა, იმდენად შორს იდგა კორპუსები ამ ლამის საცალფეხო, მოხრეშილი ბილიკისგან, რომ ჭკუათმყოფელი ადამიანი ამ შეღამებულზე აქ გავლას არ გადაწყვეტდა. მე კი, თითქოს ყველაზე გულადი ვყოფილიყავი, მაინც ეს გზა ავირჩიე. თავს იმით ვიიმედებდი, თბილისში ასეთი რამეები არ ხდება, ქუჩაში ადამიანებს თავს არ ესხმიან-მეთქი. თურმე ვცდებოდი. შეშინებული აქეთ-იქით ვაცეცებდი თვალებს. ერთადერთი, რაც ჩემს მზერას წარამარა ეხლებოდა, ახლად შეფოთლილი ხეები იყო, რადგან გაზაფხული იდგა. მანძილი რატომღაც გაიწელა. რას ვიფიქრებდი, მუსიკის მასწავლებლიდან ჩემს სახლამდე ასე შორი გზა თუ იქნებოდა?
ჩემი წაბლისფერში გარდამავალი ოქროსფერი კულულები შუბლზე მცემდა, ლამაზი მწვანე თვალები კი აგრძელებდნენ შეშინებული მზერის აქეთ-იქით მიმოტარებას. თითქოს ჯინაზე, ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებდა, ცარიელი იყო არემარე. ერთი გამვლელიც კი არ ჩანდა სიახლოვეს! ჟაკეტი მჭიდროდ შემოვიხვიე ტანზე და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. ხელჩანთა მხარზე მქონდა გადაკიდებული, ნოტების ჩასადები კი მკერდზე მიხუტებული, თითქოს მხოლოდ მას შეეძლო ჩემი დაცვა. სულელი, სულელი, სულელი გოგო! ღმერთო, ოღონდ ახლა გადამარჩინე და პირობას ვდებ, ამ გზაზე შეღამებულზე არასდროს გამოვივლი.
ხრეშს ჩემს ფეხქვეშ ხრაშახრუში გაუდიოდა. თან ისე ვიყავი ჩაცმული, ერთი კვარტლის მოშორებით შემატყობდა ადამიანი, რა შეძლების ოჯახიდანაც ვიყავი… ნაბიჯები ჩემს ზურგს უკან უფრო აჩქარებული გახდა.
ორნი არიან! - გავიფიქრე, როცა ნაბიჯების ხმას მივაყურადე და პანიკამ მომიცვა. მდევართაგან ერთი უფრო მძიმედ მოაბიჯებდა, მეორე - შედარებით მსუბუქად. კუთხეში როგორც კი შევუხვიე, წამით უკან მივიხედე და გულში უსიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი -დავინახე ისინი - ორი უგვანო მოძალადე. წინ კი ჯერაც ვიწრო შესახვევები და უმოქმედო ქარხნის ჩაბნელებული შენობა მელოდა. კიდევ უფრო ავუჩქარე ფეხს. ცოტა მოშორებით გარაჟი გამოჩნდა. ნეტავ ღია იყოს, ნეტავ იქნებოდეს ვინმე! სწორედ იქითკენ გავეშურე, მიუხედავად იმისა, რომ ამით გზას უფრო ვიგრძელებდი. მაგრამ უცნობების ნაბიჯების ხმა თანდათან ახლოვდებოდა. აშკარა იყო, უკვე სირბილზე გადავიდნენ. მოვასწრებ კი გარაჟამდე მირბენას?
ვერა, ვერ მოვასწარი. ჩემმა შეყვირებამ გარემო შეძრა. რომელიღაცა მკლავში მწვდა და ჩემი ხელჩანთა ჩამოქაჩა.
- არა, არა! - რაც ძალი და ღონე მქონდა, ავკივლდი, მაგრამ ვინ გაიგონებდა ჩემს ხმას? ახლა უკვე ორივეს კარგად ვხედავდი. ერთი მაღალი და გამხდარი იყო, მეორე - დაბალი და მსუქანი. მაღალმა ჩემი ჩანთა ისეთი ძალით დაქაჩა, რომ სახელური მოსწყდა. შევქანდი, თავი ვერ შევიკავე და დავბარბაცდი. მკერდზე მიხუტებული სანოტე ჩანთა ხელიდან გამივარდა და ჩემი ეტიუდ-სონატა-პრელუდიები მიწაზე მიმოიფანტა. ამ დროს მეორემაც ჩამავლო ხელი და სადაც მეტი სიბნელე იყო, იქითკენ გამათრია. ცალი ფეხსაცმელი გამძვრა. ნეტავ ეს დებილური ფეხსაცმელი არ ჩამეცვა! ისე გამისრიალდა ფეხი, ლამის კოჭი მოვიტეხე. რას არ მივცემდი, ოღონდ კი ჩემი ბოტასი მცმოდა. თუ გაქცევას მოვახერხებდი, ბოტასით ისე გავქანდებოდი, ჯარი ვერ დამეწეოდა. მაგრამ, აბა?
- ხელი გამიშვი, შე თავხედო! - გაცეცხლებულმა ვიყვირე. რატომღაც, შიშმა უცებ გამიარა. მთელი ძალით ვუწევდი წინააღმდეგობას ყურებამდე გაკრეჭილ დაბალსა და მსუქანს.
- ხმა ჩაიკმინდე, პეპელა! - ახორხოცდა მაღალი და გამხდარი და მხრებში ჩამაფრინდა, -ჩანთა მომეცი, გიკო! - ცალი ხელი შემიშვა და მეორისკენ გაიშვირა.
- გამიშვი! - ისევ ვიყვირე გამწარებულმა.
- ნუ ღრიალებ, შენი დედაც! - შემაგინა დაბალმა, - ვიცი, ვინც ხარ. ეგ ჩანთა ფულით გექნება გამოტენილი. რაღად გინდა? ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე შენ. მამაშენი კიდევ მოგცემს, სახლში რომ მიხვალ! შენთვის არავის უსწავლებია, რომ რაც გაქვს, სხვასაც უნდა გაუნაწილო?
- აბა რა, ჩვენ ხომ მდიდრები არ ვართ! - მხარი აუბა მაღალმა.
- ვაუ! - წამოიძახა ამ დროს გამხდარმა და ჩემი ჩანთიდან ფული დააძრო, - შეხედე, გიკო! ორმოცდაათი ლარია! მაგარია! - ათლარიანები ხელში კარტივით გაშალა, საფულე კი მხარს უკან მოისროლა. მერე ისევ ჩემს ჩანთაში დაიწყო ხელის ფათური.
ისევ პანიკამ მომიცვა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ფულს, მაგრამ მე რას მიპირებენ? ვაითუ გამაუპატიურონ! ასე უმწეოდ და დაუცველად თავი ჯერ არ მიგრძნია. თვალები ცრემლით ამევსო. ვიცოდი, აუცილებლად იხმარდნენ ჩემზე ძალას, აქედან ისე არ გამიშვებდნენ. ვინ იცის, იქნებ ამასაც არ დასჯერდნენ და მომკლან კიდევაც? არა, სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა… არც გაუპატიურება. კიდევ უფრო გავაქტიურდი, უაზროდ ვიქნევდი ხელებს, რომ როგორმე მოძალადეს დავსხლტომოდი, მაგრამ ამან უარესი შედეგი გამოიღო - რაღაცას წამოვკარი ფეხი და მიწაზე გავიშოტე. თითქოს ამას ელოდებოდნენო, ორივე დაიხარა, დაბალი და მსუქანი კი ლამის ზედ დამემხო.
- რა ხდება აქ? - მოულოდნელად ბნელი კუთხიდან ვიღაცის ბარიტონი გაისმა.
ბიჭები უეცრად შედრკნენ, მაშინვე წამოხტნენ და თავები იქითკენ მიაბრუნეს, საიდანაც ხმა მოისმა. შორიდანაც კი შევამჩნიე, რომ ფიგურა, სიბნელეს რომ გამოეყო, კარგი აღნაგობის იყო. როცა უფრო ახლოს მოვიდა, უკვე კარგად გავარჩიე ახოვანი შავთმიანი ბიჭი, რომელსაც გრძელმკლავიანი თეთრი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. ამასობაში მოულოდნელი მხსნელი ისე ახლოს მოვიდა, რომ მისი სახის შეთვალიერებაც შემეძლო - შავთმიან ბიჭს თვალებიც შავი ჰქონდა, დიდრონი, უძირო და მოელვარე. კიდევ უფრო მომეწონა.
- მაქს, შენ ხარ? - შესძახა დაბალმა, თან ორივე ხელი რატომღაც მაღლა ასწია, თითქოს ნებდებაო, - ნუ ნერვიულობ, ყველაფერი რიგზეა.
ბიჭმა, რომელსაც მაქსი ერქვა, ჯერ ირგვლივ მიმოფანტული ნოტების ფურცლები შეათვალიერა, მერე კი მზერა ჩემზე გადმოიტანა.
- კარგად ხარ, პატარავ? - ხავერდოვანი ხმით მკითხა.
როგორც კი ვიგრძენი, რომ საშიშროებამ ასე თუ ისე გაიარა, ავღრიალდი და ცრემლებს თავისუფლება ვაჩუქე.
- კი, - მივუგე აცრემლებულმა და ჩემი ნახევრად ჩახსნილი ბლუზის ღილების შეკვრას შევუდექი. ვერც ვიგრძენი, ეს ღილები როდის ჩამიხსნა მსუქანმა.
ძლივძლივობით წამოვდექი.
- მაშინ მოდი აქ, - თავისთან მიმიხმო მაქსმა, - ნუ გეშინია, ეგენი აწი ხელს ვერ გახლებენ.
ის იყო, მივუახლოვდი, რომ უეცრად წინ მკვეთრად გახტა, ხელი გაიქნია და ისეთი ლეწა სახეში დაბალსა და მსუქანს, რომ ეს უკანასკნელი მიწაზე გაიშხლართა. მეგონა, სული განუტევა, რადგან რამდენიმე წამი არ განძრეულა. მაქსს ბევრი არ უფიქრია, პირველს დაარტყა თუ არა, ელვის უსწრაფესად მეორისკენ შეტრიალდა. იმან უკან გაწევა დააპირა, მაგრამ ვეღარ მოასწრო და მეორედ მოქნეული მუშტი მას მოხვდა.
- რისთვის, ტოო! - სწორედ ამ დროს წამოიწია პირველმა, სულგანტევებული რომ მეგონა.
მაქსმა არ უპასუხა. მომიახლოვდა და ღიმილით მითხრა:
- იმედია, ცოტათი გამოგიკეთდა ხასიათი. ჰა, რას იტყვი? - და ჩაიცინა.
- დიდი მადლობა, - ჩავილაპარაკე. მძიმედ და გახშირებულად ვსუნთქავდი, თან ჩემს დაცარიელებულ ჩანთას მძლავრად ვუჭერდი ხელს. ჩემი მხსნელი ერთობ სიმპათიურად გამოიყურებოდა. ახლაღა შევამჩნიე მის მაისურზე ზეთიანი ლაქები. ნუთუ იმ გარაჟში მომუშავე ხელოსანია? - ესღა გავიფიქრე. სქელი, ლამაზი, გამოკვეთილი ტუჩები კვლავ ღიმილად დაიღვარა.
- არაფრის. გიკო და რამზო ჩემი "დიდად საყვარელი მეზობლები" არიან. ფული აგწაპნეს?
- არც ისე ბევრი… რას დავეძებ…-_ ვთქვი და მიწაზე გართხმულ მოძალადეებს გავხედე, -დაიტოვონ, აწი ერთ თეთრსაც არ ჩავიდებ ჩანთაში.
მაქსმა ისევ გაიცინა და ჩემკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა. ჯერ კარგად შემათვალიერა, მერე თავისი "დიდად საყვარელი მეზობლისკენ" დაიხარა, მუჭში ჩაბღუჯული ფული აართვა და ჰაერში შეათამაშა.
- დაივიწყე ეგ მაყუთი, რამზო! - მკაცრი ტონით წარმოთქვა, - პატარა გოგოებზე თავდასხმისთვის ფულს არავის უხდიან. გაბედე და ერთხელაც შემოყავი ცხვირი ჩემს უბანში, ნახავ, რაც მოგივა. მაგ ცხვირს ზედ წარბებამდე აგაჭრი. გაიგონე?
რამზომ მტირალა ბავშვივით დაიქსუტუნა.
- გავიგონე… აქაურობას ახლოსაც არ გავეკარები, ძმაო! - ხმაც შეშინებული გაუხდა და სახეც, - იმედია, ბიძაშენს არ ეტყვი ამ ამბავს.
- მეტი საქმე არა აქვს მამიას, შენზე ხელი გაისვაროს, - კოპები შეიკრა მაქსმა, - თქვენნაირი ლიფსიტები მას არ აინტერესებს. ახლა კი დაახვიეთ აქედან!
ამის თქმა და ორივე გიჟივით წამოხტა. მაღალმა ერთი გამომხედა და ტყვიანაკრავივით მოსწყდა ადგილს. მეორეც ეგრევე უკან მიჰყვა.
შევრჩით მე და მაქსი ერთმანეთს. მას ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და ინტერესით მათვალიერებდა. ჯერ ჩემს ჟაკეტს შეავლო თვალი, მერე ხელში ჩაბღუჯულ ჩანთას, შემდეგ მზერა კვლავ სახეზე გადმოიტანა და ჩემს საყურეს დააკვდა - ნამდვილი ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი რომ ბზინავდა. რა თქმა უნდა, მიხვდა, რომ შეძლებული ოჯახის შვილი ვიყავი. არ ვიცი, ჩემი სიგამხდრე მოეწონა თუ არა, სამაგიეროდ, თმას ისე შეავლო მზერა, სახეზე აშკარა კმაყოფილება აღებეჭდა. ცოტა არ იყოს, მესიამოვნა. ჩემი ჟღალი თმა ხომ ჩემი კოზირი იყო - უფრო მეტიც, - ჯოკერი, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი. ნეტავ ჩემი თვალების ფერი თუ შეამჩნია? ალბათ კი. აბა, მე როგორ შევამჩნიე, რომ მას შავი თვალები ჰქონდა? იქნებ არცა აქვს შავი და მე მომეჩვენა ამ სიბნელეში?
- მამაცი ყოფილხარ… - თქვა ბოლოს.
ნასიამოვნებმა თვალები დავხარე.
- აქეთ როგორ მოხვდი? არასაჭირო დროს არასაჭირო ადგილას აღმოჩნდი?
- ზუსტად, - დავეთანხმე და წინ ჩამოშლილი თმა თავის გაქნევით მხრებს უკან გადავისროლე, - ხვალიდან კარატეზე დავიწყებ სიარულს. ტყუილად ვხარჯავ დროს მუსიკის შესასწავლად.
მაქსს გაეცინა.
- რა გქვია?
- გაბრიელა, მაგრამ ყველა გაბის მეძახის. გაბი გაბელაია.
- ვაა, მეგრელი ხარ? თუ გურული?… ოღონდ არ მითხრა, გურული ვარო, თორემ გამიტყდება.
- რატომ?
- იმიტომ, რომ თხაზე გადაცვლილ მეგრელებს არ ვწყალობ, - მიპასუხა და კვლავ გაიცინა.
მეც გამეცინა.
- არა, გურული არ ვარ, მეგრელი ვარ, ოღონდ სამეგრელოსთან შეხება არ მაქვს. იქ არც სახლი გვაქვს და არც ნათესაობა მყავს. ვინც იყვნენ, ისინიც ან თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, ან რუსეთს მიაშურეს.
- ო, ეგ ხომ მეგრელების სუსტი წერტილია.
- რა, თბილისი?
- არა, რუსეთი. უმრავლესობა იქით მიდის, რადგან იქ უფრო ადვილია ფულის შოვნა.
პასუხად მხოლოდ გავიღიმე.
- თქვენ ვინ ხართ? აქ ახლოს ცხოვრობთ? - ახლა ჩემი ჯერი დადგა და მეც დავსვი შეკითხვა.
- მე მაქსი მქვია, გვარად ფანცულაია ვარ. ასე რომ, მეც მეგრელი ვარ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სამეგრელოსთან მჭიდრო შეხება მაქვს, სახლიც მაქვს იქ, კარიც და ნათესავებიც ბლომად მყავს.
- რას საქმიანობთ? - ვკითხე, რადგან ჩემს მეორე შეკითხვას არ უპასუხა.
- ავტონაწილების მაღაზია მაქვს ამ უბანში. მართალია, ღმერთმა არ მარგუნა, მდიდარი ვყოფილიყავი, მაგრამ სამაგიეროდ, კარგი ხელებით დამაჯილდოვა.
- ავტომანქანის შეკეთება შეგიძლიათ?
- არამხოლოდ… შემიძლია ნებისმიერი გატეხილი გული შევაკეთო. - ლამაზად წარმოთქვა და უფრო ლამაზად გაიღიმა.
- თქვენ მე გადამარჩინეთ. უღრმესი მადლობა, - მომხიბვლელად შევღიმე და ფული, რომელიც წეღან ხელში მომაჩეჩა, გავუწოდე, - ბევრი არ არის, მაგრამ მთელი გულით გაძლევთ. ჩათვალეთ, რომ ჩემგან მცირედი საჩუქარია.
- აბა, ეს რას ჰგავს? გინდა მაწყენინო? ისიც საკმარისია, რომ მომეწონე. მაგ ფულს კი არ ავიღებ და მეორედ არც სცადო, შემომთავაზო.
- ისე, მეც მომეწონეთ, რომ იცოდეთ, - არ დავმალე და გულწრფელად მივუგე.
- ამის მოსმენა მიხარია, მაგრამ მაინც არ მითხარი, აქეთ როგორ მოხვდი.
- სახლში მივდიოდი და ვიფიქრე, გზას შევიმოკლებ-მეთქი. ყოველთვის ცენტრალური გზით დავდივარ, თან ფეხით - თითქმის არასდროს - ან ავტობუსს მივყვები, ან სამარშრუტო ტაქსის. ამ საღამოს კი არ ვიცი, რამ მომიარა. მუსიკის მასწავლებელთან ვიყავი. მანამ კი ცეკვის გაკვეთილი მქონდა, ბალეტზეც დავდივარ. ბალეტიდან რომ დავბრუნდი, შინ შევირბინე, გამოვიცვალე, ნოტები ავიღე და მუსიკის მასწავლებელთან გავქანდი. სწორედ იქიდან გამოვედი ახლახან და ვიფიქრე, ფეხით გავისეირნებ-მეთქი.
- და გასეირნება ცუდად შემოგიტრიალდა.
- საბოლოო ჯამში, არც ისე ცუდად. კარგი ადამიანი გავიცანი. - კვლავ მოვიშველიე ჩემი ხიბლით სავსე ღიმილი.
- გეტყობა, მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობ, ამიტომ არ შეგეშინდა ამ გზაზე.
- სიმართლე გითხრათ, არა იმდენად მშვიდი, რამდენადაც მოსაწყენი, - რატომღაც, სრული გულწრფელობის ხასიათზე დავდექი. არ მინდოდა ამ ბიჭთან რამე დამემალა.
- მდიდარი გოგოები ყველა ასე ფიქრობს?
- სხვების არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. - ვთქვი და ამოვიოხრე.
ამასობაში ბნელი შესახვევი დამთავრდა და მოასფალტებულ გზაზე გავედით. ლამპიონების შუქმა სახეში შემოგვანათა.
- შენი მშობლები რას საქმიანობენ? - დაინტერესდა მაქსი.
- მამაჩემს საინვესტიციო ფონდი აქვს, დედა კი საიუველირო მაღაზიის მფლობელია.
- ოოო, კარგი გასაძარცვი კი ყოფილხარ, - გაიხუმრა, ხელები კვლავ ჯიბეებში ჩაიწყო და ირიბად გამომხედა.
- შენი მშობლები ვინ არიან?
- ჩემები? მდა, დიდად ვერ გაგახარებ. მამაჩემი თავის დროზე ქურდი იყო, არც დედაჩემი გამოირჩეოდა რამით. იჯდა სახლში და შვილებს ზრდიდა. უბრალოდ, ძალიან ლამაზი ქალი იყო, ესაა და ეს. - ისე მითხრა, თითქოს ძალზე ჩვეულებრივ ამბავს მიყვებოდა.
მე კი ამის გაგონებაზე სუნთქვა შემეკრა. მაშინვე შემამჩნია, როგორ შემაკრთო მისმა ნათქვამმა და სიცილი აუტყდა.
- ჰო, ჰო, ეგრეა. ასე რომ, საკმაოდ ცუდ კომპანიაში მოხვდი, პატარავ. მე ცუდი ბიჭი ვარ, შეიძლება ითქვას, რომ ქურდების ოჯახში გავიზარდე. დედაშენი ალბათ დაგტუქსავს, რომ გაიგოს ჩვენი ნაცნობობის შესახებ და აგიკრძალავს ჩემნაირთან მეგობრობას. გარდა ამისა, ბიძაჩემი მთელ თბილისში განთქმული ბოსია.
- ბოსი? რისი ბოსი? - დავიბენი.
ამ კითხვას პასუხი მხოლოდ ჩაცინებით გასცა. მეც არ ჩავეძიე, რა ჩემი საქმე იყო, ბიძამისი რას საქმიანობდა და ვისი ან რისი ბოსი იყო?
- სხვებში არ შეგეშალოთ, ცუდო ბიჭო, - ღიმილით მივუბრუნდი, - ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თქვენთან ვალში ვარ? წეღან სიკვდილს გადამარჩინეთ.
- სიკვდილის რა გითხრა, ეს ნამდვილად გადაჭარბებულია, მოკვლას არავინ გიპირებდა, მაგრამ… - შეყოვნდა და თავისი უძირო შავი თვალები ჩემს სახეზე მიმოატარა, მერე კი უეცრად შეცვალა საუბრის თემა, - ისე, რამეს ჭამ საერთოდ? რითი იკვებები?
მივხვდი, ჩემმა სიგამხდრემ დაასმევინა ეს შეკითხვა და მხიარულად მივუგე:
- ჰაერით და ბახის საკონცერტო სონატებით. მაგრამ შენ თუ გინდა, ჩუმად დავიწყებ გოგლიმოგლისა და ყიყლიყოების დილაობით ჭამას.
- ჰოდა, მოვილაპარაკეთ. ჩვენ, მეგრელ ბიჭებს გვიყვარს, როცა ჩვენი ქალების ძვლებს ცოტა ხორცი მაინც მოჰყვება.
ამ ხუმრობაზე გულიანად გაგვეცინა.
ორივე ისე ზუსტად ვდგამდით ნაბიჯებს, თითქოს სამხედრო წვრთნაზე ვიმყოფებოდით. მარჯვენა ჩემი, მარჯვენა მისი, მარცხენა ჩემი, მარცხენა მისი. გაზაფხული ხომ ისედაც მიყვარდა და ახლა უფრო შემიყვარდა. უეცრად მთელი სამყარო ისეთი მშვენიერი გახდა ჩემთვის, რომ მთლიანად ახალი ფერებით გაივსო. ლამპიონებიც კი თითქოს სხვანაირ შუქს ასხივებდნენ, ჯადოსნურს, იდუმალს. მივეშურებოდი სახლისკენ მამაკაცთან ერთად, რომელიც ეს წუთია სრულიად უჩვეულო სიტუაციაში გავიცანი და კოსმოსური სიჩქარით ჩემი მეგობარი ხდებოდა…
ეს ყველაფერი, რაც მოგიყევით, ზუსტად ცხრა წლის წინ მოხდა. ახლა ოცდაექვსი წლის ვარ და ცნობილი მოდელი. ამას წინათ ერთ-ერთმა მსხვილმა ფირმამ, რომელმაც საქართველოში მანქანის ნაწილების ვაჭრობით გაითქვა სახელი, ქასტინგი გამოაცხადა ფირმის სარეკლამო სახეზე. რა თქმა უნდა, ამ ამბავმა მეც დამაინტერესა და გარდა იმისა, რომ სივი მოვამზადე იქ გასაგზავნად, შესაბამისი ფოტოსესიის გადაღებაც გადავწყვიტე. ვინ იცის, იქნებ გამიმართლოს და ამიყვანონ. ანაზღაურება ასეთ დროს იმდენად მაღალია, რომ ვერც ერთი მოდელი, ზოგადად, ცდუნებას ვერ უძლებს. სხვა რა დაგვრჩენია ქართველ მოდელებს? ჩვენი ერთადერთი გამონათება მოდის კვირეულია ან სარეკლამო გადაღებები, სხვანაირად ფულს როგორ ვიშოვით? მართალია, ჩემი სააგენტო ერთ-ერთი უმსხვილესი და ძლიერია თბილისში და მეც მქონდა შანსი, იტალიაში ამომეყო თავი, რათა იქ მემუშავა, მაგრამ მამაჩემმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ისედაც ვერ იტანს, მოდელის პროფესია რომ ავირჩიე და დღემდე ცხვირში ძმრად მადენს. წყევლის იმ დღეს, როცა ამერიკაში გამიშვა სასწავლებლად. პირველად ხომ იქ ვიგემე მოდელობის გემო, იქ ვეზიარე პირველ ნათლობას. ამიტომაც იყო, როცა ჩამოვედი და სააგენტოს მივაკითხე, უყოყმანოდ ამიყვანეს. ოკეანის გაღმა პოდიუმზე თუნდაც ერთხელ გამოსულ მოდელს უარს როგორ მეტყოდნენ? სიხარულით მიმიღეს და წამყვან პოზიციაზეც დამაყენეს - თუ რამე ხდებოდა თბილისში, უჩემოდ არ ჩაივლიდა. ყველაზე დიდი სიხარული კი ის იყო, რომ ნებისმიერ ჩვენებას მე ვხურავდი, რაც დიდ პატივად მიმაჩნდა და ასეც იყო.
- მაგარია, გაბრიელა! - შემაქო ბიბი როსტომ, ანუ ბიბი როსტომაშვილმა, მოდის ფოტოგრაფმა და მანქანის კაპოტიდან ჩამოსვლაში დამეხმარა, - ავტოკორპორაცია "მაქსი და პარტნიორების" თანამშრომლები ამ ფოტოებზე დაეცემიან. მათი ავტონაწილები ისეთი რიხინით გაიყიდება, გონზე მოსვლას ვერ მოასწრებენ და ეს ყველაფერი შენი დამსახურება იქნება!
- ავტონაწილების რეკლამირებას მანქანების რეკლამებში გადაღება მირჩევნია, მაგრამ, აბა, სადაა? - გავუღიმე ბიბის და გაოფლილი ხელისგულები ჩამოვისვი შორტზე, რომლითაც ვპოზირებდი…
შორტი და ტოპი, რომელიც ზემოდან მეცვა, ორივე თეთრი იყო და ორივე ხაზს უსვამდა ჩემს ლამაზ და შოკოლადისფერ რუჯს. წელს რაღაც გასაოცრად გავირუჯე. არ ვიცი, ალბათ, მარმარისის შაბიამნისფერი ზღვა თუ მომიხდა. ყველგან ერთი ფერი მაქვს - მხრებიდან დაწყებული, ფეხის თითებით დამთავრებული. წელს მართლაც კარგი აგვისტო მქონდა. არაჩვეულებრივად დავისვენე თურქეთში. პირველად ვიყავი იქ და არ მოველოდი, ასე კარგი თუ იქნებოდა. სადღაც, ხევებში ჩაკარგული მოჩანს ზემოდან მარმარისი და ისეთი თეთრი და ქათქათაა, უღელტეხილიდან რომ დახედავ, სუნთქვა შეგეკვრება. თან გარშემო ეგეოსის მოლივლივე ზღვა აკრავს და მთებითაა შემოჯარული. პატარა ნახევარკუნძულს მოგაგონებთ.
- ასე! კარგია, კარგი! - ამბობდა ბიბი და თან აჩხაკუნებდა, - ავტონაწილების პირველი ლედი უნდა შეგარქვა მე შენ! - გაიხუმრა ბოლოს, როცა გადაღებას მორჩა.
- აბა, მაჩვენე, როგორი გამოვიდა? - მისკენ გავეშურე.
ბიბიმ ფოტოები დამათვალიერებინა. რაც არ მომეწონა, წავაშლევინე.
- როდის დამიმუშავებ?
- ამაღამ და ეგრევე გადმოგიგზავნი.
- ოკს. შენი იმედი მაქვს, ბიბუნა, არ დამაღალატო, თორემ დროში ვიჭედები.
- ვერ ვხვდები, რატომ შენმა სააგენტომ არ გაგზავნა შენი სივი? ნამდვილად ვიცი, რომ ქასტინგზე თქვენგანაც გაგზავნეს ორი გოგო, მგონი, ქეთი და ვიკა.
- ხო, ვიცი, მაგრამ მე ხომ არ ვიყავი საქართველოში. სამი დღეა, რაც თურქეთიდან ჩამოვედი და გავიგე თუ არა, მოველაპარაკე ნანას, მეც მინდა ქასტინგზე მონაწილეობის მიღება-მეთქი და უარი ვერ მითხრა. აქ რომ ვყოფილიყავი, მარტო მე გამიშვებდნენ.
- მაინც შენ აგირჩევენ, თუ გინდა, მაზიანს დაგიდებ! - გაიღრიჯა ბიბი და თავისი ულამაზესი ცისფერი თვალები შემომანათა.
გოგოსავით ლამაზი სახე აქვს ამ ბიჭს. მის ყურებას არაფერი სჯობს. თან ჯერ მთლად ბავშვია, სულ რაღაც ცხრამეტი წლის. სამაგიეროდ, ხედვა აქვს უნიკალური. ისეთ ფოტოებს იღებს, წუნს ვერ დაუდებ.
როგორც ბიბიმ იწინასწარმეტყველა, სწორედ ისე მოხდა ყველაფერი. ფოტოები მეორე დილასვე გადავაგზავნე კორპორაციაში და ორი საათიც არ იყო გასული, რომ დამირეკეს, ხვალ დილით, 11 საათზე ქასტინგზე ხართ დაბარებულიო.
როგორ გამიხარდა! გული მიგრძნობდა, რომ ასეც მოხდებოდა, მაგრამ მთლად ორ საათში თუ ამიხდებოდა სურვილი, რას ვიფიქრებდი?
გულმოდგინედ მოვემზადე. სალონში გავვარდი, თმაც გავისწორე და ფრჩხილებიც მოვიწესრიგე. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა მეფიქრა, რა ჩამეცვა. ჩემი სააგენტოს ხელმძღვანელს, ნანა ახვლედიანსაც დავურეკე და ვუთხარი, დამიბარეს-მეთქი. ეგრეც ვიცოდიო, სიცილით მითხრა.
ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა. ცუდად მეძინა, ცხრაასი სიზმარი მაინც ვნახე. ხან რა მესიზმრებოდა, ხან რა. თან სულ კოშმარები. ვითომ დამიწუნეს, უარი მითხრეს, ვითომ გამომაგდეს და ასეთი რაღაცები.
დილით ვერ მოვითმინე და ექვს საათზე ავდექი. ასე ადრე არასდროს ვდგები, მაგრამ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ქასტინგი, რომ ლოგინში ვერ გავჩერდი. ვიცოდი, კარგ ფულს იხდიდნენ, თანაც, კორპორაციის სახე გავხდებოდი, თუ მე ამირჩევდნენ.
ჩემი ალისფერი სარაფანი ჩავიცვი, რომ გარუჯული სხეული უფრო გამოკვეთილიყო. თეთრებში უკვე მნახავდნენ ფოტოებში, ამიტომ თეთრ სამოსზე უარი ვთქვი. ახლა ასეთ ფორმაში მნახონ და დატკბნენ.
მთელი გზა სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა. ისე არხეინად ვიყავი, თითქოს გამარჯვება უკვე ჯიბეში მედო.
უზარმაზარ შუშის შენობაში შევაბიჯე თუ არა, უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა - იმდენ მოდელს მოეყარა შენობის ფოიეში თავი, გულზე შემომეყარა. თითქმის ყველას ვიცნობდი. ჩემ დანახვაზე, ვისთანაც ახლოს ვიყავი, შემომეხვივნენ, რა ლამაზი ხარო, რა კარგი "ზაგარი" გაქვსო, ესაო, ისაო… ყველა წვრილმანი გამომკითხეს, სად ვისვენებდი და დრო როგორ გავატარე. მერე ქეთი და ვიკა გავიხმე განზე და ვკითხე, რა ხდება-მეთქი.
- აუ, რა ვიცი, გაბი. უკვე მერამდენე გამოვიდა და ჯერ არავინ აუყვანიათ, ყველას უარი უთხრეს. ამისთანას ვის ეძებენ, ვერ გავიგე, - ტუჩები დაბრიცა ვიკამ.
- მე კი ვიცი, ვისაც ეძებენ და ისიც ვიცი, რომ დროს ტყუილად ვკარგავ, - შურიანი ღიმილი გადაეფინა ქეთის სახეზე, - შენ აგიყვანენ. მართლა, დედას გეფიცები!
- კაი რა, მე რატომ, შეხედე, რა კარგი გოგოები არიან, - თავმდაბლობა გამოვიჩინე შექებით ნასიამოვნებმა და ხელი ერთად შექუჩული მოდელებისკენ გავიშვირე.
ჩვენც შევერიეთ მათ ტალღას. დრო გაიწელა. ასე მეგონა, საუკუნე გავიდა, სანამ ჩემს გვარ-სახელს გამოაცხადებდნენ. საუკუნე არა, მაგრამ საათ-ნახევარი ნამდვილად გავიდა.
ამაყად თავაწეული შევედი შუშებიან დარბაზში. გრძელ მაგიდასთან ექვსი ადამიანი იჯდა, ორი კაცი და ოთხი ქალი. სხვა სიკეთესთან ერთად, ჩემი ბალერინობაც გამომადგა ცხოვრებაში. ისე დავდივარ, თითქოს დავფარფატებ, თან ამაყად ყელმოღერებული. ამასაც ხომ მნიშვნელობა აქვს?
ერთი სიტყვით, უამრავი შეკითხვა დამისვეს, აღფრთოვანებული მზერები შემავლეს, ერთმანეთს რაღაც გადაულაპარაკეს, თავები აქნიეს და ბოლოს… შემაფასეს და დამაფასეს…
არის! ამიყვანეს! ამდენ მოდელში მხოლოდ მე ამომარჩიეს! ჩემს სიხარულს ბოლო არ უჩანდა. სულ ცეკვა-ცეკვით გამოვედი იქიდან და პირველი, ვისაც დავურეკე, ბიბი იყო, მერე კი ნანას ველაპარაკე. გაზიარებული სიხარული ხომ ორმაგი სიხარულია.
ორ დღეში სარეკლამო გადაღებებზე დამიბარეს და მეც დათქმულ დროზე გამოვცხადდი, არც ერთი წამით არ დამიგვიანია. როგორ გავოცდი, როცა გადასაღებ ლოკაციაზე ფოტოაპარატით ხელში ჩემი ბიბი დავინახე!
- შეენ? - თვალები დავაჭყიტე, - ამას მიმალავდი, ბიბუნა?
- შენს თავს გეფიცები, თუ მცოდნოდა. დამირეკეს და მთხოვეს, შენ გადაიღე სარეკლამო ფოტოებიო. თვითონაც გაოცებას ვარ.
- ააა, შეიძლება მაგიტომ მკითხეს, ფოტოები რომ გადმოგვიგზავნე, ვისი გადაღებულიაო, -მივხვდი, საიდანაც გაჩნდა ბიბი აქ, - როგორც ჩანს, შენმა ფოტოებმა დაშოკა ისინი.
- წარმოდგენა არა მაქვს. შემომთავაზეს და უარს რატომ ვიტყოდი?
- ჰონორარზე შეთანხმდით?
- კი, მაშინვე. როცა ვუთხარი, მე ამდენს ვიღებ-მეთქი, არც კი შემვაჭრებიან, თანახმა ვართო. და დღეისთვის დამიბარეს.
- ვაა, რა მაგარია! მიხარია, რომ ერთად მოგვიწევს მუშაობა.
- მეც მიხარია. შენ კარგად პოზირებ, დიდი ჯაფა არ დამადგება. ადვილად მიღებ ალღოს, ამიტომ ალბათ დიდხანს არ გაგვეწელება გადაღება.
- გაბრიელა, გამარჯობა! - მომესალმა ვიღაც თმაგაწეწილი გოგო, წამწამები უსაშველოდ მაღლა რომ აეპრიხა, - წამობრძანდით, ჯერ მაკიაჟზე, მერე კი კოსტიუმი უნდა მოირგოთ და დავიწყოთ.
- რა თქმა უნდა, - მხიარულად მივუგე და აპრეხილწამწამებიანს უკან მივყევი…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>