ჩემთვის განკუთვნილ სავარძელს მივაშურე და დავჯექი. თვითონ სუფრის თავში მოკალათდა, მეორე სავარძელში. ისე ახლოს ვისხედით ერთმანეთთან, რომ მისი მუხლის სიახლოვეს ინტუიციით ვგრძნობდი, თითქოს რამდენიმე გრადუსით მეტი სითბო მოდიოდა იქიდან.
- შევხურდეთ?
- შამპანურს არ ვსვამ.
- მაშინ კონიაკი… ას-ას გრამი მხოლოდ, მეტს არ დაგაძალებ.
- დაასხი, - კაცურად შევაგულიანე და კაცურადვე შევღიმე.
- რა მაგარი ქალი ხარ, თვითონაც არ იცი, - სევდა უცაბედად გადაეყარა შუბლიდან და გულიანად გაიცინა.
- ეს შენი რესტორნის ნობათია? - თვალით სალათებზე ვანიშნე.
- ჰო. ჩემი ხელითაა მომზადებული, აი, ამ მარჯვენა-მარცხენით, - ხელები მომუშტა, მაჯები ამოიტრიალა და ისე გაიშვირა წინ, როგორც დამნაშავემ, რომელსაც ბორკილი უნდა დაადონ.
- ოო, მაშინ გემრიელი იქნება. - როგორც იქნა, მოვეშვი, დავწყნარდი და გავლაღდი. უწინდელი დაძაბულობა შეუმჩნევლად გაქრა.
არაფერი ისე არ მიყვარს ამქვეყნად, როგორც ღამით ჭამა. ჭარბ წონას დიდად არ ვუჩივი, არ ვდიეტობ, ამიტომ ამ სიამოვნებაზე იშვიათად თუ ვიტყვი უარს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭი შემაწუხებს. სალათები, ზოგადად, ძნელი მოსანელებელი არ არის, მთავარია, სოკო არ ერიოს.
- ეს რისი სალათაა?
- ზეთისხილის. კიდევ კიტრი და ავოკადოა დამატებული. გადაიღე, მოგეწონება.
- მეორე?
- მეორე უფრო დესერტია, ანანასი, მანგო და პაპაია ურევია. ორივე უმაიონეზოა, საფირმო სოუსითაა შეკაზმული. თუ მოისურვებ, შენც გასწავლი, ოღონდ სხვა დროს.
- აუ, მართლა რა გემრიელია! ისე, მართალს ამბობენ, კაცებს უკეთ გამოსდით კერძების მომზადება, ვიდრე ქალებსო.
- ამბობენ, კი. დავლიოთ? გაგვიმარჯოს, ჩვენს ღამის შეხვედრას გაუმარჯოს! მიდი, მომიწკარუნე!
მივუწკარუნე, გაგვიმარჯოს-მეთქი და ბოლომდე დავცალე. მესიამოვნა. ვგრძნობდი, სასმელი როგორ ნელ-ნელა, რიტმულად მიხურებდა სხეულს ჯერ შიგნიდან, მერე გარედან, სიმხურვალე მთელ სახეზე მომედო.
- გავწითლდი, ხომ? - მიამიტურად ვკითხე და ხელისგულები ლოყებზე ჩამოვისვი.
- ცოტათი. კონიაკის ალები მოგიხდა, - ისევ ისე, გულღიად გაიცინა. ლამაზად იცინოდა.
- ახლა კი მომიყევი, რა გჭირს. - დანა-ჩანგალი თეფშს იქით-აქეთ შემოვულაგე, თითები ერთმანეთში გადავხლართე, ზედ ტუჩ-პირი ჩამოვდე, ნიკაპი კი ცერა თითებს ჩამოვაყრდენი.
- უშენობა. - თქვა და შეფმზარეულური ღიმილი მომაგება.
აჰა… რაღაც ამდაგვარს პირველ წუთებში უფრო მოველოდი, მაგრამ ახლა თუ მაჯახებდა, არ მეგონა, თუმცა არ დავბნეულვარ. არც მაშინ დვბნეულვარ, მისმა ხელმა მაგიდის ქვემოთ ჩემს მუხლზე რომ დაივანა. არ შევრხეულვარ, მაგრამ საკმაოდ უხეშად ვუთხარი:
- არ მსურს, შენი ხელი ჩემს მუხლზე დანავარდობდეს. თუ არადა, ავდგები და წავალ.
ნირწამხდარმა აიღო ხელი, მაგრამ უკან დახევა არც უფიქრია.
- კარლა… მე და შენ პატარა ბავშვები არ ვართ. ძალიან გთხოვ, ბოლომდე მათქმევინე, არ შემაწყვეტინო, კარგი? არ ვართ პატარები და ძალიან კარგად გვესმის, რასაც ერთმანეთისგან ვითხოვთ, ხომ ასეა?
- მე შენგან არაფერს ვითხოვ! - ხმას ავუწიე.
- ტყუილია, ითხოვ. ამას შენს მზერაში ვკითხულობ, შენი წარბების მოძრაობაშიც კი. თავს ნუ იტყუებ, ნურც შენს სურვილზე იტყვი უარს. ხანდახან წამიერი ტკბობა მთელ სიცოცხლეს უტოლდება, გესმის?
- მაპატიე, მაგრამ წამიერი ტკბობით მე ვერ დაგატკბობ, ვასკა, - იმედგაცრუებული ტონით მივუგე და წამოვდექი.
- რატომ, რატომ? შენ ხომ დიდი ხანია, კაცთან არ ყოფილხარ, შენ ხომ…
- იმიტომ, რომ მე მძიმე ყოფაქცევის ქალი ვარ და არა მსუბუქი! - მივახალე და გაკაპასებულმა თავი ძლივს დავიმორჩილე, სილა არ გამეწნა.
- მოიცა, შენ ვერ გამიგე… გთხოვ, დაჯექი და დამშვიდდი. აი, ასე, კარგი?
თან მინდოდა წასვლა, თან არ. ჩემი ერთი ნახევარი გასაქცევად იყო მზად, მეორე ნახევარი კი ჯიუტობდა, მასთან დარჩენას ამჯობინებდა.
ვასიკომ კიდევ ჩამოასხა, ჩემი სირჩა მარცხენა ხელით ხელში მომაჩეჩა, თავისი კი მარჯვენით აიღო, კიდევ ერთხელ მომიწკარუნა და გადაჰკრა. მეც არ დავახანე და გადავკარი. უსადღეგრძელოდ, ლოთურად. ვეფხვივით გადასახტომად ვიყავი შემართული, ცოტაც და მუშტებს დავაყრიდი.
- მომწონხარ, გესმის? მომწონს შენი თვალები, ტუჩები, მკერდი, ფეხები და ასე შემდეგ…
- განსაკუთრებით "ასე შემდეგ", არა? -_ ჩავუგესლე.
ო, როგორ შევამკობდი ახლა, მაგრამ… ჩემი მაღალი კულტურისგან აკრძალვებით ვიყავი შებოჭილი, რაც უფლებას არ მაძლევდა, ერთი გემრიელად შემეგინებინა, რაშიც ბადალი არ მყავდა. ისეთი გინება ვიცოდი, სართულს სართულზე დავადუღებდი ხოლმე.
- ვხედავ, შენს თვალებში ახლა ზიზღი ცეკვავს, მაგრამ შევეცდები, ეს ზიზღი სიყვარულით შეგიცვალო. მე ეს შემიძლია, დამიჯერე. შემიძლია, რადგან იშვიათად, ქალმა მომხიბლოს. რადგან ეს შენ შეძელი, მეც ბევრ რამეს შევძლებ.
- სიყვარულის მოძალება გალაპარაკებს ამ სისულელეებს?
- არა. მოძალებული სიყვარული. ვიცი, გაგიკვირდება, თუ გეტყვი, რომ მიყვარხარ და ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ. ვიცი, შენთვის ძნელი იქნება ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან შვილი გყავს, ბიჭი, თანაც ამხელა, მაგრამ ეს შენი ცხოვრებაა, გესმის? შენი ცხოვრება კი შენვე უნდა მართო, სხვების დაუკითხავად.
- ჩემი ბიჭი არაფერ შუაშია. ის მე სხვანაირად მყავს აღზრდილი.
- მით უმეტეს, მაშინ რა გვიშლის ხელს, ერთად ვიყოთ? შენც ხომ მოგწონვარ? კარლა…
ახლა რომ მითხრას, მინდიხარო, მართლა გავარტყამ ხელს, რადგან ვერ ვიტან ამ საზიზღარ ავხორცულ სიტყვას, ნახევრად პოტენციადაკარგულ ბიძაკაცებს რომ სჩვევიათ ქალების შებმისას.
- მითხარი, ხომ მოგწონვარ? - გამიმეორა.
- არა, არ მომწონხარ.
- მატყუებ, ეს სიმართლე არ არის, - ვედრება გაუკრთა ხმაში.
- სიმართლე კიდევ უფრო უარესია, - განვაგრძე შეტევა, - შენ არავინ არ ხარ ჩემთვის, არაფერი არ ხარ… სიცარიელე ხარ. - დაუნდობლად მივაყარე და კვლავ წამოვდექი. ახლა კი მართლა დრო იყო, იქაურობას გავცლოდი.
რაღაცნაირად უცაბედად მოეშვა, მხრები ჩამოუვარდა, სახეზე ცვილისფერი დაედო, შუბლსა და ცხვირზე ოფლმა გამოჟონა.
მივხვდი, რომ გადავამლაშე და საშინელი შეურაცხყოფა მივაყენე. არა, ასე არ მინდოდა. თუ სიმართლეს გავუსწორებდი თვალს, მეც მომწონდა. მომწონდა იმაზე მეტად, ვიდრე ჩემი ასაკისა და მდგომარეობის ქალისთვის იყო დასაშვები. სიზმარში მასთან სექსიც კი მქონია. მაშინ რატომ გავიმეტე ასე?
- მაპატიე… ცუდად გამომივიდა, - შეწუხებული მხარზე შევეხე, - მაგრამ ყველა გზა მომიჭერი, რომ შენი სწრაფვა, ლოგინისკენ მიმავალი დაჩქარებული პროცესი როგორმე შემენელებინა. იმედია, არ მიწყენ და ხვალ სრულიად სხვა თვალით შეხედავ ამ ყველაფერს. სანამ წავალ, მითხარი, რომ გული არ გატკინე, კარგი?
მწარედ გაიღიმა, გამჭოლი მზერა მომაპყრო და გულდაწყვეტით მითხრა:
- რა მნიშვნელობა აქვს? მე ხომ არაფერი არ ვარ… შენ ახლა სიცარიელეს ელაპარაკები.
იმწუთას რაღაც მოხდა ჩემში. პანიკამ, უცნაურმა შიშმა მომიცვა, შიშმა, რომ მას სამუდამოდ ვკარგავდი. ეს კი არ მინდოდა… უფრო მეტიც, მასთან მინდოდა. მოულოდნელად თითქოს დროის ისრებმა უკან დაიწყეს დახევა, ღრმა ახალგაზრდობისკენ, ვნების უცაბედი მოძალება რომ მემართებოდა. სხეული აღარ მემორჩილებოდა, ხელები, მკერდი, ტუჩები თავისით მიიწევდნენ მისკენ. ჩემდა უნებურად მკლავები მოვხვიე და მივეკარი.
- მაპატიე… - ვუჩურჩულე.
წამით გახევდა. მერე ოდნავ შეარხია თავი და თვითონაც ჩურჩულზე გადავიდა:
- სწორად ვერ გავიგე თუ იმედს მაძლევ?
- სწორად ვერ გაიგე. - ბოლო წუთს მაინც უკან დავიხიე.
ეს პატარა დამარცხება იყო.
ვაი, ჩემო დამღუპველო სიამაყევ!
სასწრაფოდ მოვშორდი და კარისკენ გავემართე. რატომ შევყოყმანდი? რისი მაქნისია ყოყმანი, როცა სურვილი გწვავს? გინდა? გააკეთე, რაღა! ცხოვრების ნახევარს თუ არა, მესამედს მაინც ოცნებებში ვატარებთ, ხან მილიარდერი ლედის როლს მოვირგებთ, რომელიც ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავს, ხანაც რომელიმე კინოვარსკვლავის შეყვარებულის როლს ვთამაშობთ, რომ უფერული ყოფა ოცნებებით მაინც გავილამაზოთ. ამ დროს რეალურ ცხოვრებაში ბევრ ისეთ რამეზე ვამბობთ უარს, რომელიც მართლაც გაგვაბედნიერებს, თუნდაც წამით, ვასკას თქმის არ იყოს, ზოგჯერ წამიერი ტკბობაც კი მთელ სიცოცხლეს უდრის.
თვითონაც უკან მომყვა, კარამდე მომაცილა. გასვლისას შემოვბრუნდი, მინდოდა, მის თვალებში ჩამეხედა.
- გამოდის, ვერ მიგიხვდი… მაგარი ქაჯი ვარ, არა? - სევდაგარეული ხმით მკითხა.
ისევ დავყარე ფარ-ხმალი. მთელი ჩემი ნდომა, სინაზე და სურვილი ერთ მზერაში ჩავაქსოვე და მის სახეზე მიმოვატარე.
- შენ არასწორად გაიგე, - ჩურჩულით ამოვთქვი და ჩემი ლამაზი მკერდით ისე ღრმად და მომაკვდინებლად ამოვისუნთქე, ხეპრეც კი მიხვდებოდა, რა მსურდა.
- მაშინ შემაჩერე… - თქვა ვასიკომ, მკლავებში მომიწყვდია და მაკოცა…
შემდეგ ნაწყვეტ-ნაწყვეტ მახსოვს, რა ხდებოდა. ხმები მახსენდება, ფეხით კარის გაღება-მიჯახუნებას რომ ახლდა თან, საძინებლის კარის სახელურის ჯაჯგური და შუშის მსხვრევის ხმა, ტანსაცმლის ნაჩქარევი გახდის შარიშური და სიამოვნებაშერეული შვების მომგვრელი ოხვრა, რომელიც ორივეს აღმოგვხდა… დაბოლოს ათასჯერ განმეორებული ერთი და იგივე სიტყვა: "მსურხარ"… ეს არ იყო "მინდიხარ"…
ვნება ჩაცხრა, მაგრამ ვასიკო არ მეშვებოდა. მეფერებოდა, მკოცნიდა, თითქოს ეშინოდა, უცებ არ გადამეფიქრებინა და არ გავქცეულიყავი.
- "მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება"… - ყურთან მიჩურჩულა და ცხელი სუნთქვა შემომაფრქვია.
- ელენე დარიანი, - სიბნელეს გავუღიმე და ჩემს მკერდზე დადებულ მის ხელს თითები მოვუჭირე.
- ჩემი ჭკვიანი და განათლებული გოგო, - კმაყოფილებით აღნიშნა.
- უნდა წავიდე, თორემ სახლში მომისაკლისებენ, - ასადგომად წამოვიწიე.
- აი, სწორედ ამის მეშინოდა. დარჩი ამაღამ. დილით ადრე გაგაღვიძებ და შენს ბინაში მე თვითონ შეგაპარებ. ვერავინ ვერაფერს გაიგებს.
სიცილი ამიტყდა.
- შემაპარებ მაგარია. - ისევ გამეცინა, - არა, უნდა გავიდე. გონს მოსვლა უნდა მოვასწრო.
- არ მითხრა, რომ ნანობ.
- ჯერ არა.
- როგორ? - იდაყვზე წამოიწია და სიბნელეში ისე დამაჩერდა, თითქოს ჩემს თვალებს ხედავდა.
- კარგი, ჰო, ვიხუმრე. სანანებელი არაფერი ჩამიდენია. მთავარია, ეს არ იყოს… - აღარ დავამთავრე.
- უკანასკნელი გინდოდა გეთქვა, არა?
- ჰო.
- სულელო… თვეებია, შენთან ყოფნა ოცნებად მექცა, სიზმრებიდან ვერ განგდევნე და მეუბნები, უკანასკნელიო? არაა, მაგის იმედი ნუ გექნება. შენ ისეთი ხარ, რომ…
- როგორი ისეთი?
- აი, როგორ გითხრა… ქვიშასავით მოუხელთებელი. რაც უფრო მეტად უჭერ, მით უფრო მეტი გცვივა ხელიდან. კაცს მშვიდად ყოფნის საშუალებას არასდროს მისცემ, სულ ფხიზლად უნდა იყო იმის შიშით, არიქა, ამ ქალმა არ მიმატოვოსო.
- კაი რა, მართლა ეგეთი გგონივარ?
- ფაქტია. ვერ ხედავ, ძლივს დაგიმორჩილე.
- მაგრამ შენ ეს მოახერხე.
- მერედა, რის ფასად? ლამის კაცობა დამაკარგვინე.
გულიანი სიცილი ამიტყდა. სწრაფად წამოვხტი და ჩემს ტანსაცმელს დავუწყე ძებნა. ვასკამ ხალათი მოიცვა და შუქი აანთო. ცოტა კი მეუხერხულა, ასე მოულოდნელად ასე დედიშობილა რომ აღმოვჩნდი მის წინაშე, მაგრამ არ შევიმჩნიე. ბოლოს და ბოლოს, ახლახან ერთად არ ვიწექით? რიღასი უნდა მრცხვენოდეს?
ჩემი ზედა-ქვედა მოვხიკე და ფართხაფურთხით ჩავიცვი. ახლაღა შევამჩნიე, რომ საძინებლის კარის მინა ჩამსხვრეულიყო, მაგრამ როგორ მოხდა ეს, ვერც მე აღვიდგინე და ვერც მან.
- წავედი… - ჩურჩულით ვთქვი და მკლავები ყელზე მოვხვიე.
- წავედით, - მიპასუხა მან, მსუბუქად მაკოცა ტუჩებში და უეცრად ხელში ამიტაცა.
- რას შვრები, გამიშვი!
- კარამდე ასე უნდა მიგიყვანო, - მიჩურჩულა და ყურის ბიბილოზე ოდნავ მიკბინა.
კართან ჩამომსვა, მკერდზე მიმიხუტა, სულის შეგუბებამდე მომიჭირა მკლავები და ხმადაბლა, ნაღვლიანი ტონით მითხრა:
- რა მჩატე ხარ, მაგრამ ჩემს გულს მაინც გაუჭირდება შენი ზიდვა.
- შენც ნუ შეეცდები ჩემს ზიდვას, გვერდიგვერდ, ხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. ამ მზის ქვეშ ადგილი ორივესთვის მოიძებნება.
ამ სიტყვებით ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი… სახლში კატასავით მოქნილი ნაბიჯებით შევიძურწე, თუმცა შიში აღარ უნდა მქონოდა. ჩემებს ეძინათ…
მომდევნო დღეებში ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. რაც უნდა მეკეთებინა, მაინც ვასიკოსთან გატარებულ ღამეზე ვფიქრობდი. ასეთი დაბნეული კარგა ხანია, არ ვყოფილვარ. სამსახურში ვერ მცნობდნენ, გულს ვერაფერს ვუდებდი. როცა ვინმე მელაპარაკებოდა, უგულისყუროდ ვუსმენდი, ჩემი გონება სხვაგან დაფრინავდა. ამ გოგოს რა სჭირსო, ერთმანეთს ეკითხებოდნენ ჩემი მკერავები. ქეთი, ჩემი გამყიდველი, სულ თითის წვერებზე დადიოდა, ჩემს "შეფინიას" ფიქრები არ დავუფრთხოო. ყველა გრძნობდა, რომ ჩემს თავს რაღაც ხდებოდა, მაგრამ კარგი იყო ეს თუ ცუდი, ვერ გაერკვიათ.
გული სიამოვნებით მევსებოდა, როცა იმ წუთებს ვიხსენებდი, თან სინდისი მქენჯნიდა, რომ ჩემს ასაკში ასეთი ნაბიჯი გადავდგი. არ ვიცი, ვნანობდი თუ არა. უფრო ალბათ არა, მაგრამ გულს ის მიღრღნიდა, რომ ამის შესახებ ვერავის მოვუყვებოდი. მეგონა, რომ ყველას ვატყუებდი - ჩემს შვილსაც და შვილობილებსაც, რომლებსაც არასდროს არაფერს ვუმალავდი. წინ გულახდილობის საღამო გველოდა, რა უნდა მეთქვა? მომკალი და ვერ ვაღიარებდი, სხვა კაცთან რომ ვიწექი. არადა, ჩემთვის ეს არავის დაუძალებია. საკუთარი სურვილით დავნებდი და ღვთაებრივი ნეტარებაც ვიგემე. წლებია, მსგავსი სიამოვნება არ განმიცდია. როგორც ჩანს, გონებას არა, მაგრამ სხეულს ნამდვილად მონატრებოდა მამაკაცის სითბო და ალერსი. ჩემი სხეულის ყველა ნაწილი - ტუჩები, თვალები, მკერდი, მკლავები თუ ტანი კატასავით კრუტუნებდა, ოღონდ უხმოდ, თავისთვის. მეგონა, ეს ერთი და მორჩა, მეტად აღარ მომინდებოდა ვასკასთან შეხვედრა და ყველაფრის გამეორება, მაგრამ შევცდი. რაც დრო გადიოდა, ვნება უფრო მიმძაფრდებოდა. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის ვნახავდი.
შინ გვიან ვბრუნდებოდი, რადგან სახეზე აშკარად მეტყობოდა მოუსვენრობა, ყველაფერს უხალისოდ ვაკეთებდი. თუ მანამ ყველაზე მეტს ვლაპარაკობდი, ახლა ხმას არ ვიღებდი, სადილსაც კი მდუმარებაში ვამზადებდი. ნებისმიერი რამ ნერვებს მიშლიდა - ჯესის ყეფა, ბავშვების სიცილი, გოგონების ჭორაობა, ის სიჩუმეც კი, გვიან ღამით რომ დაისადგურებდა, როცა ყველა მიიძინებდა.
ბოლოს მივხვდი, რაც მაღიზიანებდა - ვასიკოს სიჩუმე. ლამის ერთი კვირა გავიდა იმ ტკბილ-მწარე ღამის შემდეგ და თავი არ შემახსენა. არც ერთხელ. სწორედ ეს მაცოფებდა. თავისი გაისწორა და მორჩა? დამიკიდა? იბაირამა და ამით დაამთავრა? - საკუთარ თავს ფიქრებში სლენგებით ვებაასებოდი.
მეექვსე თუ მეშვიდე დღეს, როგორც იქნა, მისგან პირველი სიგნალი მივიღე. "გძინავს?" _ დამიმესიჯა. თანაც შუაღამე იყო, ლამის გამთენია. გული შემიქანდა - ცალკე შიშისგან, ცალკე სიხარულისგან. მესიჯობანას არ მოველოდი. საათს დავხედე, ოთხი ხდებოდა. ნეტავ რატომ არ სძინავს? რა არ აძინებს? - ეს ორი შეკითხვა მღრღნიდა.
მესიჯის სიგნალმა გამაღვიძა-მეთქი, მივწერე. ამას მოჰყვა, როგორ ხარ, მომენტრე, ხომ არ გეწყინა, რომ არ შეგეხმიანე და ასეთი რამეები. მერე შემაპარა, იქნებ ახლავე გამოსულიყავი ჩემთანო. ჰმ… ჩვენი ურთიერთობა რომ დალაგებული ყოფილიყო, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შემაჩერებდა, ისე გავვარდებოდი, მაგრამ ჩემს თავმოყვარეობას არ გადავახტი და უარი ვტკიცე, გვიანაა, ახლა არ შემიძლია-მეთქი. ამით ვაგრძნობინე, რომ გულდაწყვეტილი ვიყავი და ექვსდღიან იგნორირებას ასე ადვილად არ ვაპატიებდი. მაშინ ხვალ დაგირეკავ და სადმე გავიაროთო. ამაზე დავთანხმდი, დავემშვიდობე, ფერადი სიზმრები ვუსურვე და ღიმილით ვიცვალე გვერდი.
იმ ღამეს, ბოლო ერთი კვირის ღამეებისგან განსხვავებით, პირველად მეძინა მშვიდი, უშფოთველი ძილით…
მეორე დღეს, მართლაც, შუადღე იყო, რომ დამირეკა. სამსახურში ვიყავი. როცა ეკრანზე მისი სახელი აციმციმდა, ისე გავწითლდი, როგორც მეცხრეკლასელი შეყვარებული გოგონა, მაშინვე საგარდერობოში შევვარდი და იქიდან დაველაპარაკე. ეს უფანჯრო სათავსო იყო, ამიტომ მობილურის სიგნალს კარგად ვერ იჭერდა, რის გამოც მისი ხმა ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმოდა, მაგრამ სანამ ცოტათი არ დავმშვიდდი, გარეთ არ გამოვედი. მერე კი აივანს მივაშურე და უფრო თამამად დაველაპარაკე.
- სამსახურში არ გამომიარო, კარგი? - ვთხოვე, - სადმე სხვაგან შეგხვდები.
- რატომ, ჩემი გამოჩენა გიტყდება შენს გოგოებთან? - იწყინა.
- არა, ეს რა შუაშია, უბრალოდ, არ მინდა, რამე იფიქრონ… არ ვარ იმ ასაკში…
- ოოოჰ, შენ და შენ ასაკი, - გაიცინა, - კარგი, რახან ეგრეა, მითხარი, სად მოვიდე.
- ოპერასთნ შეგიძლია? იქ მანქანას ადვილად გავაჩერებთ.
- მაშინ მე უმანქანოდ წამოვალ, მერე ცალ-ცალკე ხომ არ ვივლით.
ამაზე დავთანხმდი და შეხვედრისთვის მზადებას აფორიაქებული შევუდექი. განა რა მომზადება მინდოდა, ისედაც ყოველთვის ფორმაში ვიყავი, მოუვლელი სამსახურში არასდროს მივდიოდი, მაგრამ მაინც, როგორც კი პაემანი მოახლოვდა, ტუალეტში შევიკეტე და მაკიაჟი შევისწორე, პომადა უფრო სქლად გადავისვი, თმა კიდევ ერთხელ გადავივარცხნე და სარკის წინ მონდომებით დავტრიალდი.
საერთოდ, პუნქტუალური ვარ ყველგან და ყველაფერში, მაგრამ ახლა ცოტათი დამაგვიანდა, მაინცდამაინც ახლა, თუმცა, ჩემი ბრალი არ იყო. ვერაზე ისეთი საცობი დამხვდა, ძლივს გამოვაღწიე. რუსთაველზე დავტრიალდი, "ანდროპოვის ყურებთან" მარჯვნივ ჩავუხვიე და ოპერასთან ქვემოდან ამოვედი. ექვსის მერე იქ მანქანის დასაყენებელი ადგილები ყოველთვის თავისუფლდება, ამიტომ გაჩერება არ გამჭირვებია. ვასიკო ზუსტად შენობის წინ დარჭობილიყო და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ვინ იცის, მერამდენედ კითხულობდა სპექტაკლების აფიშებს. ისეთი ცხელი საღამო იყო, აპრილისას სულ რომ არ ჰგავდა.
- როგორ ცხელა, არა? - ეს იყო პირველი, რაც ვთქვი.
- ჰო, ზაფხულივით ამინდია, - დამიდასტურა მან, მხარზე ხელი გადამისრიალა და ყელზე ისე მოწყურებულად, თანაც ნაზად მაკოცა, რომ ჟრუანტელმა მომიცვა. მერე კი, ოხ, როგორ შევხურდი.
- ანუ ცრუ ზაფხული, არა? - შევცინე.
- არა, ზაფხული გაზაფხულში… მოდი, იქით გადავიდეთ, ერთი რესტორანში მეგულება.
- რომელი, ყოფილი "დარიალი"? მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იქიდან სულ დოლ-გარმონის ხმა ამოდიოდა და ინტერესი მკლავდა, ნეტავ იმ სარდაფში რა ხდება-მეთქი. ძაან პატარა ვიყავი მაშინ.
- მაგდენი არ ვიცი, მე ნახალოვკაში გავიზარდე, აქეთ იშვიათად დავდიოდი, "რუსთაველში" თუ შევიდოდით გოგო-ბიჭები ფილმის საყურებლად. ჩემს უბნელებს ეს უბანი დიდად არ ეპიტნავებოდათ, პიჟონების უბანს ეძახდნენ. - გაიცინა.
- იცი რა? აგერ საჩაიეა, ძალიან მყუდრო და წყნარი, იქ შევიდეთ, არ ჯობია? არ მოგბეზრდა ეს რესტორანი?
- ჰმ, შენი ხათრით, თორემ რესტორნებისკენ გახედვაც არ მინდა, ყელში მაქვს ამოსული.
"ხმათა უმრავლესობით" საჩაიე ვამჯობინეთ, შევედით, ფანჯრის მაგიდასთან მოვკალათდით, ერთმანეთის პირისპირ დავსხჯედით და ჟასმინის ჩაი და ვაშლის ღვეზელი შევუკვეთეთ.
- იმ კვირაში რატომ არ შემომეხმიანე? - თვალები მოჭუტა და ეშმაკური ღიმილით მკითხა.
- შენ? - მისი მიმიკა ზუსტად გადავიღე და ისე მივაჩერდი.
- მე შენს რეაქციას ველოდებოდი.
- აი, თურმე რა ყოფილა! ნწ, ნწ, ნწ! - თავი გავაქნიე.
- მოდი, ხუმრობა იქით იყოს და, პირველ რიგში იმას გავიმეორებ, რაც წუხელ მოგწერე: მომენატრე. ისე მომენატრე, ისე, ისე, რომ… თავი დავკარგე. გჯერა?
- შენ?
- რა მე?
- შენ გჯერა? - სიცილი ამიტყდა.
- რომ არ მჯეროდეს, გეტყოდი?
არაფერი ვუპასუხე. სიჩუმე ჩამოვარდა. ამასობაში იგი თვალს არ მაშორებდა. მე მზერა ავარიდე და სიჩუმის გამო ჩემი ფრჩხილების თაღების თვალიერება დავიწყე, მკვეთრი თეთრი ფერი რომ დაჰკრავდა. მერე ვასკას ღიმილით ავხედე.
- შენც გაქვს ფრჩხილებზე ასეთი თაღები?
- რა თაღები?
- აი, ნუნებთან ოვალური მოთეთრებული ადგილი რომაა, მორკალული, _ და ვაჩვენე.
- ააა, ეგ ხომ ყველას აქვს. აი, შეხედე, ჩემები უფრო დიდებია.
- მახსოვს, ბავშვობაში ფრჩხილებზე აქა-იქ თეთრი ლაქები მიჩნდებოდა. ბებია მეუბნებოდა, ეს ლაქა მაღლა რომ ამოიწევს, საჩუქარი მოგივაო. მეც სულ ვაკვირდებოდი და ერთი სული მქონდა, როდის ამოიზრდებოდა ის ლაქა, რომ ფრჩხილი დროზე მომეჭრა და საჩუქარს დავლოდებოდი.
- მერე? ამართლებდა?
- ყოველთვის, - ისევ გამეცინა.
მან ჩემი თითები ხელისგულზე დაილაგა და სათითაოდ ყველა ფრჩხილზე მაკოცა, მერე კი მათ თვალიერებას შეუდგა.
- ნეტავ ახლაც აღმოვაჩინო ლაქა. დაველოდები, როდის ამოიზრდება და… საჩუქარსაც გავჩითავ. მიზეზი მექნება, რომ რამე გაჩუქო.
გავწითლდი.
- იცი, როგორ მიყურებ? - მოულოდნელად მკითხა.
- როგორ?
- ახალი შეყვარებულივით.
- შენც, - მივუგე და ავტკარცალდი. ისიც ამყვა.
მშვენიერი საღამო გამოგვივიდა.
- ახლა კი წავედით. მაინც მოგვიწევს იმ მხარეს გადასვლა.
- სად?
- აქვე, სასტუმროში. ნომერი დაჯავშნილია.
- გაგიჟდი?
- რა თქმა უნდა, - მიპასუხა და გაგიჟების უკეთ დასადასტურებლად მხრები აათამაშა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>