ვაკომ მანქანას შემოუარა, ჩანთა საბარგულიდან ამოიღო, ალაყაფის კარი გააღო და იას ეზოში შეუძღვა. სახლისკენ მიმავალი მოკირწყლული ბილიკის ორივე მხარეს ყვავილები იყო დარგული და ირგვლივ სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა.
პარმაღთან ვაკომ ხელი მაღლა ასწია, უჩინარი ადგილიდან გასაღები გამოაძრო და იას გახედა. გახედა და გაშეშდა. ის ისეთი მიუსაფარი და მარტოსული ეჩვენა, ისე დანაღვლიანებოდა ლამაზი თვალები, რომ სუნთქვა შეეკრა, სწრაფად გააღო კარი და ქალი ღიმილიანი ჟესტით შინ შეიპატიჟა.
იამ შესვლისთანავე მიმოიხედა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
_ რა კარგია აქაურობა, როგორ მიყვარს სოფლის სახლები და აი, ასეთი იატაკი, _ გარანდული ფიცრები. ჩემს ბავშვობას მაგონებს.
_ მე კიდევ ვაპირებდი, ეს იატაკი ფარდაგით ან ხალიჩით დამეფარა. ახლა კი გადავიფიქრე, რახან შენ ასე მოგწონს, _ წამოსცდა ვაკოს.
იამ, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა შეხედა, ვაკომ კი, შეცბუნება რომ დაემალა, ქალს ხელი მოჰკიდა და უთხრა:
_ წამოდი, შენს საძინებელს გაჩვენებ.
სახლში სულ სამი ოთახი იყო _ სასტუმრო და ორი საძინებელი. ვაკომ იას ჩანთა საწოლთან მდგარ სკამზე შემოდო და ფანჯარა გააღო.
დახუთულ ოთახში სიცხე შემოვარდა. ია საწოლზე ჩამოჯდა და ფეხსაცმელი გაიხადა. ვაკო მოშორებით იდგა, ქალს თვალს არ აცილებდა. საშინლად მოუნდა, მასთან მისულიყო, გულში ჩაეკრა და მიფერებოდა. რის ვაივაგლახით ჩაიკლა გულში აუხდენელი სურვილი და ცოტა არ იყოს, უხეშად წარმოთქვა:
_ იცი? სახლში თითქმის არასდროს არ მაქვს საჭმელი. მზარეულობის ნიჭი არ მაქვს, ამიტომ სავახშმოდ სადმე მოგვიწევს წასვლა.
_ თუ გინდა, მე მოვამზადებ ვახშამს, _ იას დიდრონ ლურჯ თვალებში სითბო ჩაეღვარა.
_ აბა, რას ამბობ! არავითარ შემთხვევაში! შენ ჩემი სტუმარი ხარ და ეგღა მაკლია, სამზარეულოში გატრიალო, თანაც ამ სიცხეში.
_ სულაც არ მინდა, რომ სტუმრად მთვლიდე. ძალიან გთხოვ! ბოლოს და ბოლოს, ამდენი წლის მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან. ეს რას ნიშნავს, რადგან შენს სახლში ვიცხოვრებ, ვალდებული ხარ, აქეთ-იქით მატარო და მომიარო? ნურას უკაცრავად. მე თვითონ მოვუვლი ჩემს თავს და, სხვათა შორის, შენც. ცხოვრებაში ჩემ გამო არავინ შემიწუხებია და არც ახლა ვაპირებ. რაც შეეხება ვახშამს, სიამოვნებით მოვამზადებდი რამეს, მერე კი, როცა ვივახშმებდით, სტუმართმოყვარეობისთვის მადლობას გადაგიხდიდი. ჰა, როგორია?
მთელი ამ ხნის განმავლობაში ვაკოს სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ზუსტად ასეთ იას იცნობდა და სწორედ ამას ელოდა მისგან. მისი ღიმილი აშკარა კმაყოფილებასა და უსაზღვრო სიამოვნებას გამოსახავდა.
ოთახში აუტანელი სიცხე იდგა, გაღებული ფანჯრიდან ნიავიც არ იძვროდა. ვაკომ შეამჩნია, რომ ორივეს სახეზე წურწურით ჩამოსდიოდა ოფლი და ტანსაცმელი საცაა, სხეულზე მიეკრობოდათ.
_ იმედი მაქვს, ამ ოთახში მყუდროდ იგრძნობ თავს, მაგრამ ახლა, ასეთ სიცხეში არ ვიცი, ეგ როგორ იქნება. ვფიქრობ, სულაც არ მოგეწონება ეს, მით უმეტეს, რომ მზიანი მხარეა.
_ ამაზე ნუ წუხხარ. ჯერ ერთი, სიცხე მიყვარს და საერთოდ არ მაწუხებს, მიუხედავად იმისა, რომ აი, ასე გავოფლიანდი, _ იამ ხელები გაშალა და სახის არე თითებით შემოხაზა, _ და ესეც რომ არა, როგორი სიცხეც უნდა იყოს, გავუძლებ, ოღონდ კი შინაგანად ვგრძნობდე თავს კომფორტულად. ახლა კი, თუ შეიძლება, წყალს გადავივლებ. იმედია, არის ამის საშუალება.
_ რაზეა ლაპარაკი. არის და მერე როგორ! წამო, ოღონდ ჯერ კარადიდან პირსახოცი გამოიღე.
_ მადლობა, ჩემი მომაქვს, ასე რომ, შენი არ დამჭირდება, _ გაუღიმა იამ, ჩანთა გახსნა, საჭირო ნივთები ამოიღო და მამაკაცს უკან მიჰყვა.
ვაკო სააბაზანოში შევიდა და წამით წარმოდგინა, რა სანახავი იქნებოდა ია შხაპის მიღების პროცესში… ლამის იატაკი გამოეცალა ფეხქვეშ. მსწრაფლ აიყვანა თავი ხელში და შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა:
_ ამწუთას გავამზადებ აბაზანას… როგორი წყალი გიყვარს, ცხელი თუ თბილი?
_ თბილი, რა თქმა უნდა.
_ გასაგებია, _ თქვა ვაკომ და იმხელა ნერწყვი გადააგორა, კინაღამ სასულეში გადასცდა.
იამ კარი შეიკეტა. ვაკო ოთახში გამოვიდა და თვალებმილულული კედელს მიეყრდნო. ძალა სრულად გამოსცლოდა. ათიოდე წუთის შემდეგ გაიგონა, როგორ გაიღო სააბაზანოს სარკმელი.
_ ვაკო, აქ ხარ?
_ აქ ვარ, ია, რა მოხდა? _ შეშფოთდა ვაკო.
_ რა და… პირსახოცის შემოტანა დამვიწყებია… არადა, ამოვიღე ჩანთიდან. რა შტერი ვარ, რაზე ვფიქრობდი.
მამაკაცს შეაკანკალა. როგორია, შეაწოდო პირსახოცი ქალს, რომელზეც წლებია, ოცნებობ და რომელიც ახლა შენგან სულ რამდენიმე ნაბიჯზე შიშველი დგას.
არეული ნაბიჯით გავიდა იასთვის განკუთვნილ საძინებელში, მაგრამ იქ პირსახოცი ვერსად დალანდა. `ნეტავ სად დადო?~ _ ნირწამხდარი დარბოდა აქეთ-იქით, მაგრამ ამაოდ.
_ ია, ვერ ვპოულობ! _ გასძახა ხმამაღლა და დოინჯშემოყრილმა თავი ჩაქინდრა, თითქოს ქალის პასუხს ასე უკეთ გაიგონებდა.
_ კარგი, არა უშავს, შენი მომაწოდე, შეიძლება არც ამომიღია ჩანთიდან!
ვაკო მაშინვე კარადას ეცა, გამოაღო და… აი, ბედის ირონია! არც ერთი სუფთა პირსახოცი კარადაში არ იდო. ახლაღა გაახსენდა, რომ წუხელ შეყარა ყველა ერთად გასარეცხად სარეცხ მანქანაში და დატრიალება დაავიწყდა. არა, კი არ დაავიწყდა, სწორედ იმწუთას შუქი ჩაქრა და როცა მოვიდა, მერე გადაავიწყდა. `ღმერთო, შენ მიშველე, ერთი სუფთა პირსახოცი მაინც მაპოვნინე!~ _ აჩურჩულდა და თავის ოთახში შევარდა.
როგორც იქნა, იპოვა და ხელებაკანკალებულმა ქალს სარკმლიდან მიაწოდა. თავი ძლივს შეიკავა, რომ მისთვის არ შეეხედა და საკუთარი თავი კეთილშობილებისთვის შეაქო.
_ გმადლობთ, _ იას სველი მკლავი სარკმელში ისევე შესრიალდა, როგორც გამოსრიალდა და ვაკოს ვნებით სავსე მზერაც თან შეიყოლა.
რამდენიმე წუთის შემდეგ თავზე პირსახოცწაკრული ქალი სააბაზანოდან გამოვიდა.
_ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, _ მორცხვად გაუღიმა ქალმა, _ ხალათი და სხვა რაღაცები ავიღე და პირსახოცი რატომ დამრჩა, ვერ ვხვდები, _ თითქოს თავს იმართლებსო, დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა.
ყვავილებიანი ვარდისფერი ატლასის ხალათი ეცვა, პირსახოცს მისი თმის ნაწილი დაეფარა, ნაწილი კი შუბლზე მიკვროდა. სააბაზანოდან გამოსულმა ოთახში საოცარი სურნელი შემოიტანა _ საპნის, შამპუნის თუ ვარდის, ვაკომ ზუსტად განსაზღვრა ვერ შეძლო. მათ მზერა წამით ერთმანეთს შეხვდა, მაგრამ მხოლოდ წამით. ვაკოს დროულად გაახსენდა, რომ ია მისი საუკეთესო მეგობრის მეუღლე იყო. მამამისიც გაახსენდა, წარამარა სხვის ცოლებზე რომ ნადირობდა და ამის გამო ბოლოს საკუთარი ცოლი მიატოვა.
_ ია, შენ მოწესრიგდი, მეც გამოვიცვლი ტანსაცმელს, გადავივლებ წყალს და მერე ერთად მოვიფიქროთ რამე, კარგი? _ თითქოს სივრცეს ელაპარაკებაო, მამაკაცს ქალისთვის თვალებში არ შეუხედავს.
_ კი, ბატონო, ასე იყოს.
_ ვენტილატორი ჩავრთე, ცოტას მაინც გაგვაგრილებს. კონდიციონერი არ მაქვს, ბოდიშს გიხდი ამის გამო.
_ ღმერთო ჩემო, რას მებოდიშები, რა მოხდა მერე. სავახშმოდ სად უნდა წავიდეთ? რამე განსაკუთრებული უნდა ჩავიცვა, თუ არა აქვს მნიშვნელობა? _ ჰკითხა იამ.
_ კარგი რა, აქ ერთი რესტორანია მხოლოდ, `იმერეთი~. რაც გინდა ის ჩაიცვი, ელიტა იქ არ იქნება და… თუ გინდა, აქაურ კაცებს თვალი დაუყენო, სხვა საქმეა, თუმცა განსაკუთრებული კაბის გარეშეც მოახერხებ მაგას.
_ დამცინი, ხომ? _ გადაიკისკისა იამ, თავიდან პირსახოცი წაიძრო და თმის გამშრალებას შეუდგა.
_ ასეთი სერიოზული დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. _ მიუგო ვაკომ, _ ისე, ცუდი რესტორანი არ არის, სიმყუდროვეცაა, სიგრილეც და მაგარ კერძებსაც ამზადებენ. მოგეწონება.
იას იდაყვი ფანჯრის რაფაზე ჩამოედო და გზას გაჰყურებდა. ვაკო საშუალო სიჩქარით მიდიოდა. ამწუთას არსადაც არ აგვიანდებოდა, ამიტომ სწრაფად სიარულს აზრი არ ჰქონდა. სიამოვნებდა, რომ მის გვერდით სანუკვარი ქალი იჯდა _ მისი საუკეთესო მეგობრის ცოლი, მაგრამ ამჯერად უკვე ქვრივი. ეს ერთგვარ შვებას ჰგვრიდა და დიდად სინდისის ქენჯნაც არ აწუხებდა. ია კი იჯდა წინა სავარძელზე და ფიქრობდა, რომ ის, რასაც ამ კაცის მიმართ გრძნობდა, ცოტა არ იყოს, მკრეხელობა იყო და სხვა არაფერი.
ვაკო იასთვის ყოველთვის მოუდრეკელი, უკარება და ამოუცნობი ყო. მისი თანაკლასელი გოგონები გიჟდებოდნენ მასზე, რადგან სკოლაში აღარებულ ლიდერად მიიჩნეოდა. ია ცდილობდა, მისგან თავი შორს დაეჭირა. მხოლოდ თვალებით თუ გაესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ეს იყო და ეს. მერე ვილისთან გააბა რომანი, შეუყვარდა და…
ვილის მამა და იას მამა თანაკლასელები იყვნენ, ბავშვობიდან მეგობრობდნენ და როცა მათი შვილების დაახლოების ამბავი გაიგეს, ორივე მხარე ერთობ კმაყოფილი დარჩა.. ვილის მამა მინისტრის მოადგილე იყო, იას მამა _ პროფესორი, ამიტომ ფაქტობრივად, ბავშვები ერთ წრეში გაიზარდნენ. ვაკო კი…. ვაკო მათთვის უცნობი სამყაროდან იყო, ღარიბი ბიჭი, რომელსაც იასნაირ გოგოზე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. თითქოს საქართველოში ასე არ ხდება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება. ფენებს შორის დიფერენცირება ქართველებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ყველა წარმატებულ ადამიანს, რომელიც ელიტურ საზოგადოებაში ტრიალებს, სურს, რომ შვილებიც წარმატებულად `დააბანდოს~ _ მომგებიანად გაათხოვოს ან ცოლი შერთოს. სასიძო თუ საცოლე სასურველია, თავისნაირი თუ არა, უკეთესი წრიდან იყოს. ია ასე სულაც არ ფიქრობდა, მაგრამ რადგან ვაკო თვითონ არ იჩენდა ინიციატივას, არც თავად შეიწუხა თავი. აბა, იმას ხომ არ ათქმევინებდა ბიჭს, მოვწონდი და საშველი არ მომცაო? მართალია, ძალიანაც მოსწონდა, მაგრამ მაინც შორს ეჭირა მისგან თავი, რადგან არც ვაკოს უცდია მისი უფრო ახლოს გაცნობა.
მერე ია გათხოვდა. ამას ვილის ღალატი მოჰყვა და ამ ღალატმა ქალს სული ჩაუკლა. არადა, ეგონა, ყველაზე ბედნიერი ცოლი იყო ქვეყანაზე. რამდენჯერმე ადრეც გამოიჭირა ვილი მსუბუქ ფლირტში, ვინ იცის, იქნებ ერთჯერადად რამდენჯერმე უღალატა კიდევაც, მაგრამ იამ ეს არ იცოდა. არც არასდროს ჩასძიებია ქმარს ბოლომდე, წუხელ ვისთან იყავი და შინ რატომ არ მოხვედიო, არც მისი მივლინებების ამბებით დაინტერესებულა არასდროს. ასეთ რამეებს ყურადღებას დიდად არ აქცევდა. სწამდა, რომ ნორმალურმა მამაკაცმა უნებლიეთ შეიძლება ცოლს უღალატოს, მაგრამ მუდმივი საყვარელი არ უნდა გაიჩინოს. აბა, რას იფიქრებდა, ვილის ასეთიც თუ ეყოლებოდა? თანაც, ვინ? მისივე რეფერენტი, რომელთანაც მთელ დღეს ატარებდა სამსახურში.
როცა ქმრის ღალატის ამბავი გაიგო, მას შემდეგ საკუთარი თავის რწმენა და მამაკაცებისადმი ნდობა, შეიძლება ითქვას, სუმუდამოდ დაკარგა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ფიქრობდა.
რესტორანში შესულებს მაშინვე მიეახლა ოფიციანტი, ვაკოს გულითადად მიესალმა და სტუმრებს ადგილი რესტორნის ბაღის კუთხეში, ფანჩატურის ქვეშ მდგარ მაგიდასთან შესთავაზა. როცა თანხმობა მიიღო, ორივეს იქითკენ გაუძღვა.
ვაკოს თეთრი პერანგი და ჯინსის შარვალი ეცვა, იას _ მუქლურჯი კაბა, მის თვალების ფერს რომ უხდებოდა. განვლილი წლების განმავლობაში პირველად მოუნდა ქალს, მომხიბვლელი ყოფილიყო და მენიუს თვალიერებით გართულ ვაკოს შეფარვით გასცქეროდა. მხოლოდ ახლა შეამჩნია, როგორი დაკუნთული სხეული ჰქონდა მამაკაცს.
მათ გარდა, ცოტა მოშორებით, მრგვალ მაგიდასთან ოთხი მამაკაცი იჯდა. ისინი ვაკოს დანახვისთანავე წამოდგნენ და სათითაოდ მიესალმნენ ოპერატიულ მუშაკს. ვაკომაც ხელის აწევით უპასუხა მათ სალამს და კვლავ მენიუს ჩაუღრმავდა. მამაკაცები ქეიფობდნენ, მაგრამ ქართველებისთვის ჩვეული ღრიანცელი არ ისმოდა. სიჩუმეს მხოლოდ რესტორნიდან გამოსული მუსიკის ხმა არღვევდა.
იას აქაურობა მოეწონა. ღამე ჩამომდგარიყო და ისე აღარ ცხელოდა. ვაკომ მენიუ გადააწოდა იას. როცა შემთხვევით მის ხელს შეეხო, ორივეს თითქოს ელექტროდენმა დაუარაო, ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს და ასევე ერთდროულად განზე გაიხედეს. იამ გადაშალა მენიუ, თავი შიგ ჩარგო და კარგა ხანს აღარ აუწევია. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
_ ია, რა მოვატანინოთ? ცხარე კერძები გიყვარს?
_ ისე რა… მე, როგორც ექიმი, ცხარეს არ გირჩევდი, მაგრამ შენ ხარ მასპინძელი და ის შეუკვეთე, რასაც საჭიროდ მიიჩნევ. თან უკვე გეცოდინება, ყველაზე გემრიელად რას ამზადებენ აქ.
_ კარგი, ასე იყოს, მაშინ ეგ საქმე მე მომანდე, _ ვაკომ ოფიციანტი საჩვენებელი თითით მოიხმო.
_ ის მაინც მითხარი, რა დავლიოთ. სასმლის არჩევანი შენზეა, იცოდე, _ თქვა ვაკომ, სანამ მიმტანი მოუახლოვდებოდათ.
_ ამ სიცხეში ალკოჰოლი გამანადგურებს, მე მინერალური წყალი, სხვა არაფერი მინდა და… ცივ წვენზეც არ ვიტყოდი უარს.
_ და ნაყინზეც, _ დაამატა ვაკომ.
_ ნაყინი ბოლოს, დესერტის ვარიანტში ცუდი არ იქნებოდა, _ გაეცინა იას და შეფაკლულ ღაწვებზე ხელისგულები ჩამოისვა.
ვაკომ ხაჭაპური, შემწვარი ქათამი, სალათა, სულგუნი და კიდევ რაღაცები შეუკვეთა.
სანამ შეკვეთას მოიტანდნენ, მამაკაცმა ჯიქურ შეხედა ქალს და მისთვისაც მოულოდნელად, ხმადაბლა ჰკითხა:
_ იაკო, რატომ ჩამოხვედი?
ქალს ელდა ეცა, თანაც ორმაგად. ერთი მისი სახელის კნინობითმა ფორმამ გამოიწვია, მეორე _ მოულოდნელმა შეკითხვამ. თუმცა, არ შეიმჩნია და ისე აუღელვებლად, მშვიდად უპასუხა მამაკაცს, თითქოს ამ შეკითხვას ელოდაო:
_ მინდოდა, თბილისსა და ფიქრებს გავრიდებოდი.
_ მაგისთვის სხვაგანაც შეგეძლო წასვლა, მაინცდამაინც ჩემთან ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტე?
ია გაჩუმდა, თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ გადაუწყვეტიაო, მერე კი ამოთქვა:
_ ისეთ ადგილას წასვლა არ მინდოდა, სადაც არავის ვიცნობდი, თანაც შენი მიპატიჟება გამახსენდა. ხომ შემპირდი, მოწამეთას დასათვალიერებლად წაგიყვანო. თბილისში გაჩერება, მშობლებისა და მეგობრების ზრუნვის ატანა აღარ შემიძლია.
ია თვალს არ აცილებდა მაგიდაზე დაწყობილ ვაკოს ძლიერ ხელებს. აი, ოდესმე ეს ხელები მას რომ შეეხოს…
_ და რატომ შემეკითხე, ჩემი სტუმრობა უხერხულობას გიქმნის?
_ არა, არა, ღმერთო ჩემო, ეგ როგორ გაიფიქრე? პირიქით, ასეთი გახარებული არც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი. სტუმრად კიდევ სულ კაცები დამიდიან სახლში და ისიც მხოლოდ დასალევად და საქეიფოდ, _ გაიცინა ვაკომ, მაგრამ იმდენად დაიძაბა, რომ სიცილიც ყალბად გამოუვიდა.
იამ არ იცოდა, რა ეთქვა ან თვალები სად წაეღო. კიდევ კარგი, ამ გაჭირვებიდან მიმტანმა იხსნა, რომელმაც მათ მაგიდასთან ურიკა მოაგორა.
_ ვახტანგ, გამარჯობა! როგორ ხარ? _ ქალმა ვაკოს შეხედა და გაუღიმა.
_ ვა, რიტულია, გაგიმარჯოს, გენაცვალე! თავად როგორ გიკითხო? კარგა ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს.
_ აბა, აბა! დაგვივიწყე რაღაც ბოლო დროს.
_ საქმე, ჩემო რიტა, საქმე! ხომ იცი, რა დღეშიც ვართ პოლიციის თანამშრომლები. გაიცანი, ეს ჩემი მეგობარია, ია, ეს კი რიტაა, ჩემი თანაშემწის მეუღლე.
_ მიხარია თქვენი გაცნობა, _ იამ ხელი გაუწოდა ქალს.
_ მეც, ჩემო კარგო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს მხარეში. თუ სწორად მივხვდი, ეს თქვენ ჩამოხვედით თბილისიდან ვახტანგთან, არა? _ მეგობრულად გაუღიმა იას რიტამ.
_ რა უცებ მოედო მთელ ქალაქს შენი სტუმრობის ამბავი, _ ამჯერად ვაკოს გულიანად გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნა.
_ კახას ამბავი არ იცი? ენაზე არაფერი დაადგება. თანაც, ისე აქო შენი სტუმარი, ლამის დორბლები სდიოდა პირიდან.
_ კახა თქვენი მეუღლეა? _ დაინტერესდა ია.
რიტამ სიცილი ვერ შეიკავა.
_ რას ამბობთ, ღმერთმა დამიფაროს. კახა უცოლოა და მე მგონი, მასეც დაბერდება. ის დღე ნუ გამითენდეს, ჩემს ქმარზე ასე ვილაპარაკო. ხომ მოვკალი და ეგაა. კიდევ კარგი, კახასნაირი არაა. მაგის მოსაწონი ქალი ჯერ არ დაბადებულა, ბატონო, ყველას იწუნებს და რომც მოეწონოს, მაგას ვინ გაუძლებს, შენი ჭირიმე! სულ სხვა ქალებისკენ უჭირავს თვალი. მე კარლოს ცოლი ვარ. გაგაცნობთ ჩემს მეუღლეს, თუ რამდენიმე დღეს დარჩებით ჩვენთან.
იამ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია. ცოტა ხანში სხვა მაგიდებიც შეივსო. ახლა გარეთაც დაიწყეს მუსიკოსებმა დაკვრა და პატარა საცეკვაო მოედანზე მოცეკვავე წყვილებიც გამოჩნდნენ.
_ არ ვიცეკვოთ? _ შესთავაზა ვაკომ, როცა შეამჩნია, როგორ უყურებდა ია მოცეკვავეებს.
`მართლა უნდა ჩემთან ცეკვა, თუ როგორც მასპინძელი, თავს ვალდებულად გრძნობს?~ _ გაიფიქრა იამ და უეცრად საშინლად მოუნდა, გამოეცადა, როგორ მოხვევდა ვაკო ხელს მის წელს.
იამ თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა, ვაკო წამოდგა და ორივენი მოცეკვავე წყვილებს შეუერთდნენ.
ბოლოს იამ ვაკოსთან თავის ქორწილში იცეკვა და ისიც რამდენიმე წუთით. მაშინ ისე იყო ვილიზე შეყვარებული, ისე სჯეროდა ბედნიერი მომავლის, რომ სხვაზე არავისზე ფიქრობდა და ვილის გარდა ვერც ვერავის ამჩნევდა.
მაგრამ ყველაფერი შეიცვალა.
როცა ვაკომ ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, თავი აზრებისგან დაეცალა.
ბაღში არ ცხელოდა, მაგრამ ია ერთიანად გაოფლიანდა. თავი ასწია და როცა ვაკოს შეხედა, მის სახეზე ვერაფერიც ვერ ამოიკითხა.
_ აქ ძალიან მომწონს, _ თქვა იამ, რათა სიჩუმე დაერღვია.
_ მართლა? _ უაზროდ იკითხა ვაკომ, თაფლისფერი თვალები რატომღაც ჩამუქებოდა.
_ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ არ ხარ და მექანიკურად მპასუხობ, _ უსაყვედურა იამ.
_ გატყუებს შენი შეგრძნება. აქაურობა მეც მიყვარს და ხშირადაც მოვდივარ.
_ აბა, რიტამ რომ თქვა, დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავსო?
_ რიტა ყოველდღე ხომ არ მუშაობს, ცვლაშია და ამიტომ ალბათ ავცდით ერთმანეთს.
_ ააა, გასაგებია, _ გაიღიმა იამ.
მამაკაცი ისეთი დაძაბული და აღგზნებული იყო, რომ იამ იგრძნო ეს და ცეკვის დროს ოდნავ მოსცილდა.
_ ვაკო, თუ გინდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან. ჩემთან ცეკვა სულაც არ არის სავალდებულო. არ მინდა, ჩემ გამო შეიწუხო თავი.
_ რა, აღარ გინდა ცეკვა?
_ მე კი არა, შენ არ გინდა.
ვაკომ ამოიხვნეშა და იას უცნაური მზერა მიაპყრო.
_ იაკო, არ ვიცი, ღირს თუ არა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მირჩევნია, მაინც გითხრა. შენ ჩემი უახლოესი მეგობრის ცოლი იყავი. ძალიან ლამაზი ქალი ხარ და ნებისმიერ კაცს გაუჭირდებოდა აუღელვებლად ეცეკვა შენთან. იმედია, მიმიხვდი, რისი თქმაც მინდა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ჩემს სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ _ შენ აქ დასასვენებლად ჩამოხვედი და შევეცდები, შვებულება ისე გაგატარებინო, როგორც შენს გულს გაუხარდება. ასე რომ, ჩემი ნუ შეგეშინდება.
`რაო, რა მითხრა? ძალიან ლამაზი ხარო? ესეც ზრდილობის გულისთვის მითხრა, თუ მართლა ასე ფიქრობს?~ _ იას ვილის ღალატის შემდეგ იმდენად აუცრუვდა გული კაცებზე, რომ არ სჯეროდა, ოდესმე კიდევ თუ შეძლებდა ვინმეს მოხიბვლას, მით უმეტეს _ ისეთი უკარება და შეუვალი მამაკაცის, როგორიც ვაკო იყო.
_ ვიცი, რომ შენთან კარგად ვიქნები, ამას ყოველთვის ვგრძნობდი და მინდა გითხრა, რომ შენი არც არასდროს შემშინებია.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>