- როგორ ფიქრობ, მარი, ამ საბრალოს სერიოზული ჭრილობა აქვს? გადარჩება? - იამ მარის შეხედა.
- ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ფილტვი გაგლეჯილი… წავიდეთ, - აჩქარდა მარი, -მომეხმარე, დანარჩენ მგზავრებს მივხედოთ. ვინც ყველაზე მძიმედაა და დროზე შველა სჭირდება, სასწრაფო დახმარების მანქანით წყალტუბოში გადავიყვანოთ. დანარჩენებს ქუთაისი გადაინაწილებს. ძალიან მძიმეებს ვერტმფრენით გადააფრენენ.
იამ მაიას პატარა გეგუნა სანიტარ ქალს, კატოს ჩაააბარა და ისინიც საავადმყოფოს გზას გაუყენეს, თვითონ კი მარისთან დარჩა. ავარიის დროს ბიჭი დედას გულში ჩაეკრა და სერიოზული არაფერი სჭირდა, შეშინებული უფრო იყო, ვიდრე დაშავებული.
იას ოფლი სახეზე ღვარად ჩამოსდიოდა, მაგრამ სიცხეს საერთოდ ვერ გრძნობდა, ისეთ ეიფორიაში იმყოფებოდა. ვაკოს ხმა რომ შემოესმა, თავი მხოლოდ მაშინ ასწია:
- ია, ია, ეს კეპი დაიხურე, თუ არ გინდა, რომ მზის დარტყმა მიიღო.
- არა მიშავს, ვაკო, კარგად ვარ, არ მინდა!
- ნუ მეკამათები! - მამაკაცმა ქალს კეპი ლამის თვალებამდე ჩამოაფხატა და წყლით სავსე ბოთლიც გაუწოდა.
- ოხ, შენ გაიხარე! წყალი კი ნამდვილად მისწრება იყო ახლა, ისე მწყუროდა. მადლობა, მეგობარო, ასე რომ ზრუნავ ჩემზე! - საცოდავად გაიღიმა იამ.
- ვიღაცამ შენზეც ხომ უნდა იზრუნოს, არა? - უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, -მე დაჭრილებს წავიყვან და ისევ მოვბრუნდები.
- ნუღარ მობრუნდები. მეც მანქანით ვარ და ჩვენც წამოვიყვანთ რამდენიმეს…
საავადმყოფოში იამ კიდევ ერთი-ორი საათი დაჰყო. ვაკო ხან გამოჩნდებოდა, ხან ისევ დაიკარგებოდა.
ოთხი საათი ხდებოდა, როცა სიტუაცია ცოტათი მიწყნარდა. ასე თუ ისე, პირველადი დახმარება ყველას აღმოუჩინეს და ახლა მხოლოდ ყველაზე მძიმედ მყოფთ დასტრიალებდნენ თავზე.
მოულოდნელად ბავშვის ტირილი მოესმა. მოიხედა და კატო დაინახა. მას გეგუნა მოეყვანა. იამ ბავშვი გამოართვა, გულზე მიიკრა და დაარწია. პატარამ ტირილი შეწყვიტა და უცნობს ცნობისმოყვარე მზერა მიანათა. ამ დროს საორდინატოროში ვაკო შემოვიდა.
- როგორ არის?
- რა ვიცი, დაწყნარდა.
- დავრეკავ ერთი, გავიგებ, ბებიამისი სად ცხოვრობს და წავიყვანოთ.
- აუცილებელია მისი წაყვანა? - იას თავისი დანაპირები გაახსენდა.
- აბა, რა ვქნათ? სხვა გზა არ არის.
- დედამისს შევპირდი, მე მივხედავ-მეთქი… იქნებ… იქნებ შენთან წაგვეყვანა?
ვაკომ ისე შეხედა, თითქოს მის წინ შეშლილი იდგა.
- შენ რა, ხუმრობ?
- სულაც არ ვხუმრობ. ვიღაცამ ხომ უნდა მოუაროს ბავშვს? დედამისი ძალიან წუხდა, რა ეშველებაო, მთხოვა, მიმიხედეო… მესმის, რომ შეგავიწროებს, მაგრამ… ვეცდები, დისკომფორტი არ შეგიქმნათ.
- მე ბავშვების არაფერი გამეგება, - ვაკოს შეშინებული ხმა ჰქონდა.
- სამაგიეროდ, მე გამეგება. ძნელი სულაც არ არის. პატარას ჭამა უნდა, პამპერსი და ბევრი სითბო. მორჩა.
იამ იგრძნო, რა უხერხულობაშიც აგდებდა ვაკოს, მაგრამ უკანდახევა არც უცდია. ოღონდ კი ბავშვი დაეტოვებინა და ყველაფერზე წამსვლელი იყო. ამიტომ ჯიქურ გაუსწორა ვაკოს თვალი.
მამაკაცი კარგა ხანს გამომცდელად შესცქეროდა იას, მერე მზერა ჩაიძინებულ გეგუნაზე გადაიტანა და იკითხა:
- დარწმუნებული ხარ, რომ მის მოვლას შეძლებ?
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. მართალია, შვილი არ მყოლია, მაგრამ დაქალის ბავშვებისთვის ბევრჯერ მომივლია. ახლა სასწრაფოდ რძეა საჭირო, საფაფე მასალა და პამპერსი… კიდევ… საბავშვო საწოლი ან ეტლი.
- ია, დაფიქრდი, რას ამბობ! საიდან უნდა გავაჩინო ახლა საწოლი და ეტლი? - აშკარად გაღიზიანდა ვაკო.
- მე მაქვს პატარა საწოლი, - თქვა კატომ, - როცა ჩემი შვილიშვილები პატარები იყვნენ და ზაფხულობით ჩემთან ჩამოდიოდნენ, იმაში ვაწვენდი. ახლა აღარავის სჭირდება. ასე რომ, შემიძლია გათხოვოთ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
ვაკომ მხრები ნერვიულად აიქნია.
- კი ბატონო, რა პრობლემაა… უარს კი არ ვამბობ… თანახმა ვარ და… ისა… ჩამომიწერე, რაც გჭირდება, - ძალზე დაბნეულად ალაპარაკდა.
იამ ჩანთა გახსნა, ბლოკნოტი ამოიღო, ფურცელი ამოხია, კალამი მოიმარჯვა და ჩამოწერას შეუდგა.
- როცა ბოთლებს იყიდი, კარგად დააკვირდი და ისეთები შეარჩიე, რომლის მაწოვარაც ქალის მკერდს წააგავს.
ვაკოს სახე აელანძა.
- ეს აუცილებელია? - უხერხულად იკითხა.
- ჰო, აბა რა! მაია ბავშვს ძუძუს აწოვებდა და ამიტომაა ასეთი მაწოვარა საჭირო. უთხარი ფარმაცევტებს და დაგეხმარებიან, თვითონ შეგირჩევენ, რომელიც უკეთესი იქნება.
- ჩემს ბავშვობაში მაგას საწოვარა ერქვა, - ჩაიდუდუნა თავისთვის მამაკაცმა.
- ჩვენს ბავშვობაში "სოსკას" უფრო ეძახდნენ, თუ გახსოვს, - გაიცინა იამ და ნაწერი მამაკაცს მიაწოდა, - მალე მოხვალ?
- აფთიაქი აქვეა, მალე მოვალ. შენ კიდევ დიდხანს დაგჭირდება აქ ყოფნა?
- არა მგონია, თითქმის მოვამთავრეთ ყველაფერი. ალბათ დაახლოებით ერთი საათი.
- კარგი, გავალ მაშინ და რაც ჩამომიწერე, ყველაფერს ვიყიდი, მერე კი მოვბრუნდები.
- მადლობა, ვაკო, - ისე ალერსიანად წარმოთქვა იამ, რომ ვაკოს უნებლიეთ გული აუბაგუნდა.
ვაკოს შეაგვიანდა. იამ იფიქრა, ალბათ ახლომდებარე აფთიაქში ყველაფერი ვერ მოიძია და სხვაგან წავიდაო. ასეც იყო, თუმცა, ვაკომ კატოს სახლშიც გაიარა ბავშვის საწოლის წამოსაღებად. ამის გამო დაახლოებით ერთი საათით შეაგვიანდა. როცა დაბრუნდა, ია უკვე მზად დაუხვდა და მამაკაცმა ქალი ბავშვიანად სახლში წაიყვანა.
მთელი გზა ისე გაიარეს, ერთმანეთს არ დალაპარაკებიან. იას მართლა ეუხერხულებოდა, სხვისი შვილი ტვირთად რომ გაუხადა ქმრის მეგობარს, მაგრამ სხვა გზას ვერ ხედავდა. გარდა ამისა, ისე უნდოდა ცოტა ხნით თუნდაც სხვისი ბავშვისთვის მოევლო, რომ შანსის ხელიდან გაშვება არ სურდა. იქნებ სხვა რამეც ჩაიფიქრა? იქნებ ბავშვიანი იას დანახვაზე მამაკაცს მისთვის სულ სხვა თვალით შეეხედა? იქნებ ოჯახური სიმყუდროვის სურვილი გამძაფრებოდა? არა, რა სისულელეა, იას ეს წამითაც არ უფიქრია, ამაში თავს ნამდვილად ვერ დაიდანაშაულებდა…
ვენტილატორი დილიდან ჩართული იყო და სასტუმრო ოთახი კარგა გვარიანად გაეგრილებინა. ვაკომ ნათხოვარი პატარა საწოლი ფანჯარასთან მიდგა. იამ სასწრაფოდ გადააფარა საწოლს მოქარგული პატარა ზეწარი და გეგა ფრთხილად შიგ ჩააწვინა.
პამპერსებისა და საკვების ქილები ვაკომ დივანზე დააწყო, თვითონ კი ოთახიდან გავიდა.
იამ ყველაფერი ერთად მოხიკა და სერვანტის ქვედა განყოფილებაში შეაწყო. მერე ერთ ქილას ხელი დაავლო და სამზარეულოში გავიდა ბავშვის საჭმლის მოსამზადებლად. ამასობაში ვაკომ ქუთაისის საავადმყოფოში დარეკა.
- გამარჯობათ! წყალტუბოდან გირეკავთ. მაინტერესებს, როგორ არის ნაავარიები მაია თორაძე? მე პოლიციიდან გახლავართ.
ვაკოს ერთხანს ხელში ეჭირა ყურმილი, მერე ვიღაცას მადლობა გადაუხადა და ტელეფონი გათიშა. მერე სამზარეულოში მოფუსფუსე იას გასძახა:
- დრენაჟი ჩაუდგეს და ახლა მშვიდად სძინავსო.
- კარგი იქნებოდა, გაეგო, რომ ბავშვი ჩვენთანაა.
- მოგვიანებით კიდევ დავრეკავ და ვთხოვ, რომ გადასცენ. მე ახლა სამსახურში უნდა დავბრუნდე, ამ ავარიის გამო უამრავი საქმე გამომიჩნდა. მარტოს ხომ არ გაგიჭირდება?
- არა, რატომ… წადი, შენს საქმეს მიხედე, ჩვენი დარდი ნუ გექნება. - მიუგო იამ, ოთახში შემოვიდა და საწოლში მოფართხალე ჩვილს ჩახედა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ვაკო შემოსასვლელისკენ გაეშურა. ცოტა ხნის შემდეგ იამ ოთახში შემოსული ნინო დაინახა. თითქოს ყველაფერი იცოდაო, ქალმა გეზი მაშინვე ბავშვის საწოლისკენ აიღო.
- რა მშვენიერი ბუთხუზა ბიჭია. გავიგე, ავარია რომ მომხდარა. საწყალი ხალხი, რა დღეში ჩავარდებოდნენ, ღმერთო, ყველას უშველე. ისიც მითხრეს, ბავშვი აქეთ წამოიყვანესო. შვილო, ჩემი დახმარება ხომ არაფერში გჭირდებათ?
იამ ქალს გაუღიმა.
- კარგი იქნება, თუ დამეხმარებით, ქალბატონო ნინო, ვაკო მიდის და მარტო ვრჩები, ბავშვის მოვლის გამოცდილება კი არა მაქვს. - იამ მეზობელს გული არ დასწყვიტა, - ახლა ჭამის დრო აქვს, მერე უნდა გამოვუცვალო. ბანაობაც არ აწყენდა.
- მე უნდა დაგტოვოთ. ნახვამდის, ქალბატონო ნინო! - გაღიზიანებულმა ვაკომ გასაღებების ასხმას ხელი დაავლო და წასასვლელად მოემზადა. კართან მისულმა იას გამოხედა:
- ალბათ ერთ-ორ საათში დავბრუნდები. ვახშამს შეეშვი, ნურაფერს გაამზადებ, აჯობებს, ბავშვს მიხედო, კარგი?
- ბავშვი არაფერში ხელს არ მიშლის. მე მაინც მოვამზადებ რამეს, შეჭამ თუ არა, შენი ნებაა, -უკმაყოფილო ტონით ჩაილაპარაკა იამ.
- ნუ ღელავ, შვილო, მე აქ არ ვარ? ყველაფერში დავეხმარები, - თავი გამოიდო ნინომ.
ვაკომ ორივეს თავი დაუქნია და ეზოში გავიდა, მერე სწრაფი ნაბიჯებით გაიარა კენჭებით მოკირწყლული ბილიკი და ჭიშკარში გაუჩინარდა.
იამ თვალი გააყოლა. ნეტავ რას ფიქრობს გეგაზე? - გაუელვა გონებაში. შეამჩნია, რომ ვაკო დააბნია სახლში ბავშვის გამოჩენამ, იმიტომ, რომ მის გვერდით პატარები არასდროს ყოფილან. იქნებ საერთოდაც არ უნდა, შვილი ჰყავდეს? ნუთუ ბავშვებს ვერ იტანს? ამიტომაცაა ასე გაღიზიანებული, მაგრამ იას სხვა გამოსავალი რომ არ ჰქონდა? ვინმეს ხომ უნდა ეზრუნა პატარაზე? სანამ ბებიას მოძებნიდნენ, სანამ შეატყობინებდნენ, მერე ჩაუყვანდნენ… არა, არა, სწორად მოიქცა, ამის გამო ვერავინ გაამტყუნებს და თუ გაამტყუნებს, ცივი წყალი დალიოს! იამ გეგას დედის თხოვნა შეასრულა, ეს იყო და ეს!
ნინო კარგა ხანს დარჩა მასთან, ბავშვის მოვლაშიც მიეხმარა და ვახშმის მომზადებაშიც. ის კი არა, ჭურჭელიც დაურეცხა და სამზარეულოც მიულაგა.
იამ მადლობა გადაუხადა მეზობელს და წასვლისას მადლიერების ნიშნად ხილით სავსე ჯამი გაატანა.
ვაკომ სამსახურში საქმეები მალევე მოამთავრა, მაგრამ შინ დაბრუნებას არ ჩქარობდა. საკუთარ თავში გარკვევა გაუჭირდა. გრძნობდა, რამხელა ტკივილს აყენებდა იას დანახვა ხელში აყვანილი ჩვილით.
უკვე მოსაღამოებული იყო, როცა დაბრუნდა. ფეხაკრეფით შევიდა სახლში, სასტუმრო ოთახის კარი შეაღო და მოულოდნელად ადგილზე გაშეშდა: იას გეგა ხელში ეჭირა და აჭმევდა. სახეზე ისეთი სინაზე გადაჰფენოდა, ისეთი სიყვარულით უყურებდა პატარას, რომ მამაკაცს გული აუჩუყდა.
იამ კარის გაღების ხმაზე თავი ასწია და შემოსულს ღიმილი შეაგება.
მამაკაცმა მაშინვე შეამჩნია, რომ იას სახე, მხრები და კისერი ძალიან გასწითლებოდა.
- ეს რა არის? - შუბლი შეიჭმუხნა, - ასე დაიწვი მზეზე?
- რა? დავიწვი? - იამ მკლავებზე დაიხედა, - უი, მართლა! - გაუკვირდა, - საერთოდ არ მიგრძნია, თან არც კი მეწვის. არა უშავს, გარუჯვა ისედაც არ მაწყენდა.
- გარუჯვას გააჩნია. ეგ გარუჯვა კი არა დახრუკვაა. - ვაკო დივანზე ჩამოჯდა და ამოიხვნეშა.
- ვაკო, ვახშამი მაცივარშია. თუ არ გეზარება, გამოიღე და გააცხელე. ტაფაზე ხაჭაპური დევს, ქალბატონი ნინოს გამომცხვარი, ისიც შეათბე. მე ამას ვაჭმევ და ეგრევე გამოვალ.
- არ გაგაბრუა ნინომ თავისი ლაქლაქით?
- არც ისე, თანაც, მიჩვვეული ვარ. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ბევრი ლაპარაკი უცხო არ არის, პაციენტები ხანდახან იმდენს ლაპარაკობენ, თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ კარგი ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, მოსმენის უნარი უნდა ჰქონდეს. მე არა მარტო კარგი ექიმი, კარგი მსმენელიც ვარ, - წაიტრაბახა იამ. - სამაგიეროდ, ქალბატონი ნინო ძალიან დამეხმარა, მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია. გეგა ვაბანავეთ კიდევაც…
- მშვენიერია.
- მაიაზე რა გაიგე? როგორ არისო?
- რომ დავრეკე, ჯერ ისევ ეძინა. ექთანს ვთხოვე და შემპირდა, ყველაფერს სიტყვასიტყვით გადავცემო. ქმარს ჯერჯერობით ვერ უკავშირდებიან.
როცა პატარამ ბოთლი დაცალა, იამ ბავშვი გულზე მიიწვინა და წამოდგა.
ვაკომ ვეღარ გაუძლო ამ სურათის ყურებას და სწრაფი ნაბიჯებით სამზარეულოში გავიდა. საჭმელი არც გაუცხელებია, სახელდახელოდ ივახშმა და ოთახში შემობრუნდა.
იას გეგა ჯერაც ხელში ეკავა, ანანავებდა და ჩუმად ღიღინებდა. ჩვილს მალევე ჩაეძინა.
- ივახშმე?
- ჰო, ცოტა შევჭამე.
- არ გააცხელე, ხომ? - საყვდეური გაისმა ქალის ხმაში.
- გაუცხელებლადაც გემრელი იყო… შენ რომ არ დაგელოდე?
- არა უშავს, მოვასწრებ, დიდად არ მშია. შენ კიდევ მთელი დღე ლუკმა არ გქონდა პირში ჩადებული. არ იყო აუცილებელი, დამლოდებოდი. ამან დიდი დრო წაიღო, - იამ გულზე მიხუტებულ გეგას ნაზად დახედა.
- ჩააწვინე საწოლში.
- მოსწონს, ხელში რომ მიკავია. სამწუხაროა, რომ… - ია მოულოდნელად გაჩუმდა.
ვაკომ შეამჩნია, რომ ქალს ხმა აუკანკალდა.
- რა არის სამწუხარო? - დაინტერესდა მამაკაცი.
- არა, არაფერი… - შეკითხვა თავიდან აირიდა იამ.
- მაინც, მაინც? _ არ მოეშვა ვაკო.
- რა და… შვილი რომ არ მყავს.
მამაკაცი სავარძელში ჩაესვენა.
- ისე, რატომ არ გყავს? მაპატიე, რომ გეკითხები, მაგრამ… რამე პრობლემა გქონდა?
იამ დაძინებული ბავშვი საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და წელში გაიმართა.
- რამდენადაც ვიცი, არა.
- ვილის?
- სავარაუდოდ, არც იმას. სიმართლე გითხრა, გამოკვლევა არც ერთს არ ჩაგვიტარებია.
- მაშინ რა უნდა ყოფილიყო მიზეზი?
ია დაიბნა და ძლივს ამოღერღა:
- რა ვიცი, იქამდე საქმე არ მისულა… ვერ მოვასწარით. ვილი არც ჩქარობდა, ბავშვის გაჩენას ყოველთვის მოასწრებო, მეუბნებოდა.
ამის თქმაზე ქალი წამოწითლდა.
ვაკო გაოცდა, რადგან იას თვალებში უზომო ტანჯვა ამოიკითხა. მას შვილი უნდოდა, მაგრამ მეუღლის დაღუპვამ მომავალი დაუნგრია. როგორც ჩანს, ვილის სიკვდილს ია ვერაფრით ვერ შეეგუა. ვინ იცის, კიდევ რა პრობლემები იყო მათ ოჯახში, ვაკო ამით არასდროს დაინტერესებულა.
მამაკაცმა ძალა მოიკრიბა და თავი ხელში აიყვანა. იას ისე უბრწყინავდა თვალები, ისეთი ნაზი და მიუსაფარი იყო, რომ მამაკაცი თავს ძლივს იკავებდა - ერთი სული ჰქონდა, მოხვეოდა და გულში ჩაეკრა.
- შენ რატომ არ დაქორწინდი აქამდე? - მოულოდნელად შეეკითხა ია.
- სიმართლე გაინტერესებს?
ქალმა თავი უსიტყვოდ დაუქნია.
- ვფიქრობ, რომ მარტო ერთ ქალთან მთელი ცხოვრება ვერ გავძლებ, გამიჭირდება. სულ მიკვირს ჩემი ძმაკაცების, ამას როგორ ახერხებენ. არ ვიცი… ასე მგონია, მე ვერ შევძლებ.
- მესმის, - ისეთი ჩამწყდარი ხმით უპასუხა იამ, რომ მაშინვე მიტოვებულ, პატარა გოგოს დაემსგავსა.
აბა, რას ელოდა? ხომ კარგად იცოდა, რომ ვაკოს მექალთანის რეპუტაცია ჰქონდა? მაგრამ სინამდვილეში იყო კი ასე? ვილისგან იცოდა ვაკოს ოჯახის ამბები. ვაკო ყოველთვის შიშობდა თურმე, ქალისთვის ისეთი ტკივილი არ მიეყენებინა, როგორიც მამისგან ახსოვდა. ვერაფრით დაევიწყებინა მამის საქციელი დედის მიმართ, მისი გულის შეტევები განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მამამ ოჯახი მიატოვა.
- დამწვრობის საწინააღმდეგო რამე ხომ არა გაქვს? - იამ საუბრის თემა შეცვალა.
- მაქვს, რაღაც მალამო უნდა იყოს ჩემს ოთახში. გეწვის, არა? წამოდი, მოგცემ.
ორივენი მამაკაცის საძინებელში შევიდნენ. ვაკომ კამოდის ზედა უჯრა გამოაღო და პატარა შუშა ამოიღო.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>