მეორე დღეს გეგა გამოპრანჭეს და ქუთაისის გზას დაადგნენ. ქალაქში ისე ჩავიდნენ, ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ორივენი ისე იყვნენ დაძაბულები, თითქოს მათ შორის უხილავი კედელი აღმართულიყო.
ორადგილიან პალატაში მაია მარტო იწვა. როცა დედამ შვილი დაინახა, სახე სიხარულმა ერთიანად გაუბრწყინა და თვალებში ცრემლი აუკიაფდა.
საწოლის გვერდზე, სკამზე, სიმპათიური მამაკაცი იჯდა, რომელიც მათი შემოსვლისთანავე ფეხზე წამოდგა. იამ გეგა მაიას მიუყვანა და გვერდით მიუწვინა.
ვაკომ პარკი მაგიდაზე დადო.
- აქ გეგას პამპერსები და ბოთლებია. ცოტა ტანსაცმელიც, იამ უყიდა, - უხერხულად წარმოთქვა ვაკომ.
- ვაიმე, როგორ შეგაწუხეთ ეს უცხო ხალხი, - მოიბოდიშა მაიამ და ქმარს მიუბრუნდა, - გოგი, გაიცანი, ესენი ჩემი მხსნელები არიან. ვახტანგი პოლიციის უფროსია, ია - ექიმი.
გოგიმ ორივეს ხელი ჩამოართვა.
- მაიკომ ყველაფერი მიამბო. არც ვიცი, მადლობა რით გადაგიხადოთ. ალბათ ვერასდროს ვერ ამოვალ თქვენი სიკეთიდან, მაგრამ მიგულეთ თქვენ გვერდით, რაც შემეძლება… ჩემზე იყოს პატივისცემა. - გოგიმ მადლიერების ნიშნად ხელისგული მკერდზე მიიდო.
- რა სალაპარაკოა, აღარ გვინდა იმის გახსენება, რაც მოხდა, - ღიმილით წარმოთქვა იამ და იმ სკამზე ჩამოჯდა, რომლიდანაც წეღან გოგი წამოდგა.
მამაკაცები დერეფანში გავიდნენ და ქალები მარტო დატოვეს.
- მაკო, ალბათ გითხრეს, რომ თავს უნდა გაუფრთხილდე, არა? შენთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება, ამიტომ გეგას ხელით ტარებას ჯერ ნუ შეეცდები.
- ვიცი, ვიცი. თავს როგორმე მოვუვლი. გოგიმ შვებულება აიღო, დედაჩემიც დამეხმარება. თუ საჭირო გახდა, ცოტა ხნით ძიძასაც ავიყვან. მთავარია, რომ გადავრჩი და ჩემი გეგა არ დამიობლდა.
- მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, - მაიკო ამ სიტყვებით გეგასკენ დაიხარა და ბავშვს შუბლზე აკოცა, - ძალიან კი გაგვართო ეს დღეები, არც გაგვაწვალა და არც მოგვაწყინა.
- ღამე კარგად ეძინა?
- უჰ, კი, აბა რა, ფეხიც არ გაუქნევია. მთავარი იყო, მშრალად ყოფილიყო და სველ პამპერსს არ შეეწუხებინა. ისე, კარგი ღორმუცელა კია, მადიანად ჭამს, - გაიცინა იამ.
ამ დროს პალატის კარი გაიღო და ვაკომ შემოიხედა.
- მე გოგის მივეხმარები, ბარგს მანქანაში ჩავადებინებ. რამე ხომ არ ამოგიტანოთ? არ გშიათ?
- საჭმელი არ მინდა, მაგრამ თუ არ შეწუხდებით, წვენი ამომიტანეთ… ბროწეული ან ანანასი, ან რაც იქნება. მე და იას მოგვწყურდა, - სთხოვა მაიამ და იას ეშმაკურად გაუღიმა.
- დიდი ხანია, ერთად ხართ? - ცნობისმოყვარედ შეეკითხა მაია, როცა ვაკო პალატიდან გავიდა.
- არა, არა, ერთად არ ვართ. წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ, ვაკო ჩემი მეუღლის მეგობარი იყო. ქმარი დამეღუპა… სპეცოპერაციის დროს.
- ოჰ, რას ამბობ… ვწუხვარ, ია, არ ვიცოდი, მაპატიე…
- არა უშავს, რა შენი ბრალია.
- არადა, მეგონა, ერთმანეთი გიყვარდათ. ისე გიყურებს, რომ არ ვიცი… ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ, - მორიდებით ჩაილაპარაკა მაიამ.
ნუთუ ასე ეტყობა? - გაიფიქრა იამ, - დავიჯერო, ამას სხვებიც ამჩნევენ? ნეტავ მე თუ მეტყობა რამე?
- ჩვენ… ჩვენ ძალიან განვსხვავდებით… მე… მე მეტყობა რამე? - იკითხა და წამოწითლდა.
- შენც გეტყობა, სხვა შემთხვევაში ამ კითხვას არ დავსვამდი, - თვალები აუციმციმდა მაიას.
- ჰო… როგორც ჩანს, ჩვენი გრძნობები უკვე თვალში საცემი გახდა… არ ვიცი, მაიკო, არ ვიცი… მე თვითონ არ ვიცი, რა მინდა… თქვენ? დიდი ხნის ცოლ-ქმარი ხართ?
- სამი წელია, დავქორწინდით და ახლაღა მივხვდით, თურმე როგორი ბედნიერები ვყოფილვართ. ავარიის შემდეგ ისე მეშინოდა… ვიფიქრე, მოვკვდები და გოგის და გეგას ვეღარასდროს ვნახავ-მეთქი. ამ შემთხვევამ კი უფრო დაგვაახლოვა. როგორც ვხვდები, სიყვარული ღირებული სიამოვნებაა და და მისთვის გამოყოფილი დრო ადამიანმა ტყუილად არ უნდა დახარჯო. ამიტომ, თუ გიყვარს, ჩემო ია, უნდა იმოქმედო.
ნახევარი საათის შემდეგ ია და ვაკო საავადმყოფოდან გამოვიდნენ. იას მაიას სიტყვები გაახსენდა.
- ვაკო, რაღაც მინდა გკითხო…
ვაკო შეჩერდა.
- აქ უფრო დიდხანს ვაპირებ დარჩენას, ვიდრე ვვარაუდობდი. ხომ არ ჯობდა, ბინა მექირავებინა?
მამაკაცი შეყოვნდა. დაბნეულმა უცებ ვერ მოისაზრა, რა უნდა ეპასუხა.
- კი მაგრამ, ასე რატომ გადაწყვიტე? ეს შენი სურვილია?
- არა, მაგრამ ვფიქრობ, ასე აჯობებს.
მამაკაცი კვლავ დადუმდა. კარგა ხანს იდგა გაჩუმებული და როცა ია მანქანას მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინ დაიძრა ადგილიდან, თან იკითხა:
- ასე იმიტომ გადაწყვიტე, რომ ველურივით მოგექეცი?
- საიდან მოგაქვს მსგავსი გამოთქმები? როდის მომექეცი ველურივით? უბრალოდ, ვხვდები, რომ მარტო ყოფნას მიჩვეულს მყუდროება დაგირღვიე და ჯობია, ცალკე გადავიდე.
მამაკაცმა დაჟინებით შეხედა ქალს, მანქანის კარი გამოუღო, თვითონ საჭეს მიუჯდა და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა:
- შესაძლოა, მარტო ცხოვრებას მართლა მივეჩვიე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის ეს სასარგებლოა. მამაკაცი, როცა გვერდით ისეთი არავინ ჰყავს, ვისაც შეიძლება ანგარიში გაუწიოს, ეგოისტი ხდება.
- მაგრამ შენ ეგოისტი არ ხარ, - შეეპასუხა ია.
- ესე იგი, კარგად არ მიცნობ. თუ მხოლოდ ისაა მიზეზი, რაც წეღან მითხარი, არსადაც არ გადახვალ! სანამ აქ ხარ, ჩემ გვერდით იცხოვრებ, გასაგებია? შენ უკვე დაარღვიე ჩემი მყუდროება და ამას აწი აღარაფერი ეშველება. ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, მარტო რომ დავრჩები, რა მეშველება, რა უნდა ვქნა!
იას სიამოვნებისგან ჩაეღიმა, მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევა საჭირო აღარ იყო და კმაყოფილმა, ცხოვრებაში პირველად, მკერდზე გადაჭიმული უსაფრთხოების ღვედი სიამოვნებით შეიკრა.
- კარგი, დავრჩები, მაგრამ ერთი პირობით.
- პირობას გააჩნია, - ვაკომ მანქანა დაქოქა.
- იატაკზე რიგრიგობით დავწვებით.
- რატომ რა, პიონერთა ბანაკში ვართ?
- მორჩა, არ შემეკამათო! მე ასე მინდა და უარს არ მივიღებ.
- კარგი, ასე იყოს, - სიცილით მიუგო ვაკომ, - მგონი, წვიმას აპირებს, ისე მოიღრუბლა. თუ გაწვიმდა, აგრილდება და იატაკზე წოლაც აღარ მოგვიწევს, ჩვენ-ჩვენს საწოლებში დავიძინებთ.
მანქანა დაიძრა. ია ფანჯარაში იყურებოდა და ყურს უგდებდა თავის შორეულ შინაგან ხმას, რომელიც აფრთხილებდა, ასე დაიტანჯები, აჯობებს, აიკრა გუდა-ნაბადი და აქედან გაიქცეო, მაგრამ ქალმა ყური არ უგდო იმ შორეულ ხმას და ვაკოს ნაზად გაუღიმა…
დილით, როცა იამ გაიღვიძა, უკვე ათი საათი იყო. როგორც ჩანს, უძილო ღამეებმა თავისი ქნა, ღრმად ჩაეძინა, ვაკოს ადგომა და წასვლა არ გაუგია. "ეს როგორ გამომეპარა?" - ჰკიცხავდა თავის თავს. ცოტა ხანს კიდევ იწვა, სანამ საბოლოოდ არ გამოფხიზლდა. გეგა აღარ ჰყავდა საზრუნავი და არსადაც არ ეჩქარებოდა.
როცა შხაპი მიიღო და ჩაიცვა, პირდაპირ სამზარეულოს მიაშურა, სადაც მაგიდაზე ვაკოს ბარათი დახვდა. მამაკაცს ქაღალდის ნაგლეჯზე გაკრული ხელით წაეწერა: "ია, საღამოს დაბადების დღეზე ვართ მიწვეული. თუ სურვილი გექნება, შეგვიძლია წავიდეთ. მე გამიხარდება და შენც არ ინანებ. ექვის საათისთვის დავბრუნდები. ვაკო".
საინტერესოა… იმედია, მხიარული დაბადების დღე იქნება. რატომაც არა, წავა. ვითომ უარი რატომ უნდა თქვას? ვაკოსთან ერთად თუნდაც ქვეყნის დასალიერში გაქანდება, მაგრამ… რა ჩაიცვას? ორი საზაფხულო კაბა, რომელიც თბილისიდან ჩამოიტანა, სარაფანივით მოღეღილი იყო და დაბადების დღისთვის არ გამოდგებოდა. რატომღაც მოუნდა, რომ სწორედ ამ საღამოს ყოფილიყო განსაკუთრებით ქალური და მომხიბვლელი.
ადგება და იყიდის. უცებ ჩავა ქუთაისში, დაივლის მაღაზიებს და როგორმე აარჩევს რამე სასურველს.
ასეც მოიქცა. მანქანა დაქოქა და ქუთაისის გზას დაადგა. რატომღაც, არაჩვეულებრივ ხასიათზე დადგა, თითქოს ეს დღე რაღაც სასწაულს ჰპირდებოდა.
დიდხანს იარა მაღაზებში, ლამის მთელი ქალაქი მოიარა. ბოლოს, როგორც იქნა, მიაგნო იმას, რასაც ეძებდა - ეს იყო ძალიან თხელი ქსოვილისგან შეკერილი მეწამულისფერი ბლუზა და ქვედაბოლო. ბლუზას ფართო სახელოები ჰქონდა და ხელის ოდნავი მოძრაობის დროსაც კი ტალღებივით ირხეოდა. ქვედაბოლო კი დაპლისული იყო და ქვემოთ ლამაზად იშლებოდა. კოსტიუმს ვერცხლისფერი ქამარი და ოპალისთვლიანი ყელსაბამი შეურჩია, რომლის ძეწკვიც ვერცხლს ჰგავდა, სინამდვილეში კი უბრალო ბიჟუტერია იყო. რაც მთავარია, კოსტიუმს ძალიან მოუხდა. ღამის შუქზე წითელი ფერი ძალზე თვალში საცემია. ასე რომ, წესით, ამაღამ უნდა იბრწყინოს.
ია თმას ივარცხნიდა და კეფაზე იმაგრებდა, როცა მანქანის სიგნალი შემოესმა, მერე კი ვაკოს ნაბიჯების ხმაც გაიგონა. საზაფხულო ღია ფეხსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და მის შესახვედრად გარეთ გავარდა.
ვაკო ადგილზე გაშეშდა, როცა ია დაინახა. მის დანახვაზე იაც მოულოდნელად შეჩერდა -მამაკაცს ფორმა ეცვა და ასეთი ლამაზი და ძლიერი ვაკო ქალს ჯერ არ ენახა. როგორ უხდებოდა ფორმა, ლამის დამუნჯდა.
ვაკოც ისე უყურებდა, თითქოს ქალს პირველად ხედავდა. იას გული აუფანცქალდა და გაიფიქრა, იქნებ მისთვის რაღაცას მაინც წარმოვადგენ, რადგან თვალს ვერ მაცილებსო.
- მოგწონს? - ია კეკლუცად დატრიალდა და მისი სხეული ისეთი ჰაეროვანი გახდა, მამაკაცს სული შეუგუბდა, - რას იტყვი, კარგია?
- შენ… - ვაკოს ენა დაება, - შენ თითქოს რაღაც სხვანაირი ხარ…
- როგორი? - მაცდურად გადახარა ქალმა თავი გვერდზე.
- რა ვიცი… ისეთი არა, როგორიც სხვა დროს… თითქოს… თითქოს უფრო თავისუფალი.
"სულ ეს არის, რაც უნდა გეთქვა?" - გული დასწყდა იას, მაგრამ არ შეიმჩნია და სრულიად სხვა რამე თქვა:
- მინდოდა, სხვანაირი გავმხდარიყავი და როგორც ჩანს, გამომივიდა, რადგან შენც შენიშნე… რამდენ ხანში წავალთ?
- სად უნდა წავიდეთ? - მთლად დაიბნა მამაკაცი.
- მე რა ვიცი, შენ არ გამაფრთხილე, საღამოს დაბადების დღეზე მივდივართო? - გაფითრდა ია.
- ა, ხო… სულ გადამავიწყდა… შენ რომ დაგინახე, თითქოს ყველაფერი გაქრა ირგვლივ. ულამაზესი ხარ…
- თუ დაბადების დღეზე აღარ მივდივართ, არ მოგერიდოს, მითხარი. გგონია, მეწყინება? - იამ გაიღიმა.
- არა, რას ამბობ, როგორ არ მივდივართ. წავალთ… მალე… თხუთმეტ წუთში. წყალს გადავივლებ და ტანსაცმელს გამოვიცვლი, ასე ხომ დავზაფრავ ყველას, - უხერხულად გაიცინა ვაკომ.
- იუბილარს სუნამო და ფირუზისთვლიანი სამაჯური ვუყიდე. როგორ ფიქრობ, მოეწონება?
- რა მოეწონება? ჰო, სუნამო… რა თქმა უნდა… მაგრამ საიდან იცოდი, ვის დაბადების დღეზეც მივდიოდით? - გაუკვირდა მამაკაცს.
- მე კარგი მეხსიერება მაქვს, - გაიცინა იამ და თავი კვლავ გვერდზე გადახარა.
ვაკომ კმაყოფილი ღიმილი შეაგება - სიკეკლუცე ძალიან უხდებოდა ამ ქალს. რაღაც ჩაიბურტყუნა პასუხად და სააბაზანოსკენ გაეშურა.
ზუსტად შვიდი საათი იყო, ვაკომ მანქანა კარლოსა და რიტას სახლის წინ რომ გააჩერა. მანქანიდან გადმოსვლისას იამ ქვას დაადგა ფეხი და გადაუბრუნდა. დაეცემოდა კიდევაც, ვაკოს დროზე რომ არ შეეშველებინა ხელი.
- კარგად ხარ? ხომ არ იტკინე?
- არა მიშავს, მგონი, გადავრჩი, - წამებულივით გაიღიმა ქალმა.
სახლი სტუმრებით იყო სავსე, მუსიკა უკრავდა და ვიღაცები ცეკვავდნენ. უმრავლესობა სუფრასთან იჯდა. მაგიდის თავში იუბილარი წამოსკუპებულიყო.
როგორც კი ია და ვაკო ოთახში შევიდნენ, რიტა წამოდგა, მოსულთ ხელი დაუქნია და მათკენ წამოვიდა. იამ იუბილარი გადაკოცნა, დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარიც გადასცა. გულწრფელი მადლობის შემდეგ ვაკოსთან ერთად ისიც სუფრას მიუჯდა. ვაკოს მარცხნივ კარლო მოკალათდა.
- თათბირი დიდხანს გაგრძელდა? - ჰკითხა კარლომ ვაკოს, - რომ არ ვიყავი, ხომ არაფერი დაშავდა?
- არა, რა უნდა დაშავებულიყო, ხომ გამაფრთხილე.
- რა ვიცი, იქნებ რამე ახალი მოხდა, სანამ მე არ ვიყავი.
- ისეთი არაფერი, უბრალოდ, მიტო გეგეშიძე მოვიდა და ჯარიმა გადაიხადა. ხომ გახსოვს, მისმა შვილმა პარკში ფეიერვერკები რომ მოაწყო. გინდა, გაცინო? მიტოს გადაუწყვეტია, შვილს სამაგალითოდ დავსჯიო და ბენზინგასამართ სადგურზე მრეცხავად მოუწყვია.
- რას მელაპარაკები! - შეიცხადა კარლომ.
- ჰო, აბა, თავისი ჯარიმის ფული თვითონ გამოიმუშავოსო. ახლა ხომ არდადეგებია და…
- მუშაობა ვითომ დასჯაა?
- რა ვიცი, მიტო კი ფიქრობს ასე და, - გულიანად გაიცინა ვაკომ.
- ისე, იცი, რა მესიამოვნა? იქ ხომ რამდენიმე ბიჭი იყო: დათოს შვილი, მერაბის, სულიკოსი… მაგრამ მხოლოდ მიტოს უთქვამს, კიდევ კარგი, ჩემს ბიჭს ეს ხულიგნობა არ შერჩაო.
- ჰო, წესიერი კაცია მიტო… ყველა როდი ფიქრობს მისნაირად. არც უფიქრდებიან, რომ ამ ხულიგნობას შეიძლებოდა უბედურება მოჰყოლოდა, - მიუგო შეფმა, - ძალიან კი მინდოდა, ბიჭი ერთი ღამით კარცერში შემეგდო, ისწავლიდა ჭკუას.
- მერედა, რამ შეგიშალა ხელი? - გამოხედა კარლომ.
- ჩემი მოსაზრება მქონდა. გარდა ამისა, მიტოს წესიერებაც გავითვალისწინე, რომ იცოდე.
ამ დროს კარლოს რიტამ დაუძახა და იგი უცებ გავარდა. კიდევ მოსულიყვნენ სტუმრები და მათ უნდა შეჰგებებოდა.
- შენ მართლა მოათავსებდი იმ პატარა ბიჭს კარცერში? - შეეკითხა ია, როცა კარლო წავიდა.
- ჰო, მაგრამ ისე იყო შეშინებული, რომ თავი შევიკავე. მასთან ერთად სხვებიც უნდა დამესაჯა ამით, თუმცა… კარცერში ჩასმა ცუდი სულაც არ არის, რომ იცოდე.
- კარგი რითია? - კოპები შეკრა იამ, აშკარად გაღიზიანდა.
- სხვათა შორის, თავის დროზე ვილის მამას, ბატონ გიორგის მეც კარცერში რომ არ ჩავესვი და იქ კოშმარული ღამე არ გამეტარებინა, ვერ გეტყვი, დღეს სად ვიქნებოდი. წამსვე ჭკუაზე მოდიხარ და ნატრობ, ოღონდ აქედან გამაღწევინა და დანაშაულს აღარასდროს ჩავიდენო.
იას მამამთილი თვალწინ წარმოუდგა. წარმოსადეგი მამაკაცი მთელი ცხოვრება პოლიციაში მუშაობდა და ბოლოს მინისტრიც გახდა. ვილიც მამის მიბაძვით დაადგა მის კვალს.
- რამდენი წლის იყავი მაშინ?
- სადღაც თხუთმეტის. მაისი იყო, დამოუკიდებლობის სადღესასწაულო დღეები, სკოლაში არ დავდიოდით. ხომ იცი, გარდატეხის ასაკში ბიჭები როგორები არიან, სულ შარს ეძებენ, სულ თავგადასავლები იზიდავთ. მეც ეგეთი ვიყავი. მე და… - ვაკო წამიერად გაჩუმდა და მერე გააგრძელა, - მე და რამდენიმე ჩემმა თანაკლასელმა არაყი ვიყიდეთ, დავთვერით, მანქანა მოვიპარეთ და გასეირნება მოვინდომეთ.
- მერე რა მოხდა?
- ოხ, რა და, მანქანიანად თხრილში გადავვარდით. როგორ ვეწვალეთ, მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელით მისი თხრილიდან ამოყვანა. ამოვიგანგლეთ ტალახში.
- მანქანის პატრონმა რაო? არ გიჩივლათ?
- არაა. ჩვენი მეგობრის მამის მანქანა იყო. ზურა ცისკარიშვილი გახსოვს? მამამისის მანქანა გავიტაცეთ. მერე ვიღაცამ პოლიციაში დარეკა და წამში თავზე დაგვადგნენ, წაგვათრიეს განყოფილებაში მე და ზურა…
- წარმომიდგენია, რა ამბავი ატყდებოდა.
- არ მითხრა. ზურა კი გამოიხსნა მამამისმა და სახლში წაიყვანა, მე კი დავრჩი. დედაჩემს რა შეეძლო? სხვა პატრონი მე არ მყავდა და… ამიტომაც გიორგიმ გადაწყვიტა, იმ ღამეს კარცერში ჩავესვი, რომ კარგად მივმხვდარიყავი, სანამდე მიმიყვანდა ძველბიჭობა. არადა, იმ დროს მანქანის ტარებაც არ ვიცოდი.
- როგორ, საჭესთან სხვა იჯდა?
- ზურა იჯდა, მაგრამ ამას როგორ ვიტყოდი? მახსოვს, მამამისი შემოვიდა დასაკითხ ოთახში და მთხოვა, თქვი, ვითომ შენ იჯექი საჭესთანო.
- რა უნამუსო კაცი ყოფილა!
- მთლად ასე ვერ ვიტყოდი. ასე რომ არ გვექნა, ჯგუფურ გატაცებას შეგვტენიდნენ და ყველას ციხეში ამოგვალპობდნენ. მაშინ სხვა დრო იყო.
- არც ახლაა უკეთესი დრო, - ამოიოხრა იამ.
ვაკომ თვალებზე ხელი მიიფარა, თითქოს იმ ამბავს თავიდან განიცდისო.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>