იას ერთი სული ჰქონდა, ხუთშაბათი როდის გათენდებოდა. ოთხშაბათ საღამოს, როგორც კი ვაკომ უთხრა, ხვალ გავდივართო, სამზადისს შეუდგა. დილისთვის ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა.
გზას ადრიანად გაუდგნენ. ია გახალისდა, ლამაზ მიდამოებს ფანჯრიდან ათვალიერებდა, მაგრამ ცოტა ხანში გუნება წაუხდა. ისევ ქმრის ღალატი გაახსენდა. ვერა და ვერ მოიშორა ამაზე ფიქრი თავიდან. თუმცა, ამჯერად არა ვილი, არამედ ვაკო უფრო ადარდებდა. ვაითუ, აღარასოდეს მიეკაროს და აკოცოს. მერედა, რატომ უკვირს? განა თვითონ არ მოიჭრა ყველა გზა, რომელსაც ვაკოსთან მიჰყავდა? თვითონ არ უთხრა, არც ერთ კაცს არ ვენდობიო? რომ ქალად არ ვვარგივარ და ქმარმა ამიტომ გაიჩინა საყვარელიო? ვაითუ, იფიქროს, ეს ქალი ისედაც ფრიგიდული ყოფილა, თანაც ვილიმ ისეთი ღრმა იარა დაუტოვა, მისი განკურნება არ მიღირსო?
- მალე ჩავალთ, უფრო სწორად, ავალთ, - მძიმე ფიქრებიდან ვაკოს ხმამ გამოარკვია.
მამაკაცმა გზიდან გადაუხვია, ტყეში შევიდა და მანქანა ხასხასა მდელოსთან გააჩერა.
- ცოტა დავისვენოთ და ვისაუზმოთ, თორემ გამიხმა კუჭი. აქვე წყაროცაა. იცი, რა გემრიელი წყალია? ახლავე მოვიტან.
ვაკომ პლასტმასის ბოთლს ხელი დაავლო და ხეებში მიიმალა. იამ კი საგზალი გადმოიღო, მდელოზე მუშამბა გაშალა და საუზმე დააწყო. გრილოდა. არაჩვეულებრივი ჰაერი იყო და ირგვლივ ყვავილების მათრობელი სურნელი ტრიალებდა.
წყაროს წყალი მართლაც უგემრიელესი აღმოჩნდა. უგემრიელესი ეჩვენათ საუზმეც აქ, ამ სუფთა ჰაერზე და ფოთლების შრიალში. ისეთი საამური ნიავი ქროდა, ძილის ხასიათზე დააყენებდა ნებისმიერს. როცა ჭამს მორჩნენ, იქვე, მდელოზე წამოწვნენ. ია ძალიან ბედნიერი იყო, ასე კარგად თავი ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე თუ უგრძნია. არაფერზე არ ფიქრობდა, იწვა და ხის კენწეროებიდან შემოპარულ მზის სხივებს ღიმილით გასცქეროდა. მხატვარი რომ ყოფილიყო, ამ სილამაზეს აუცილებლად დახატავდა.
სიჩუმე ვაკომ დაარღვია.
- როგორი იყო შენი და ვილის ურთიერთობა? გიყვარდა?
- სიმართლე გითხრა, ახლა უკვე აღარ ვიცი. ჩვენ სკოლაში შეგვიყვარდა ერთმანეთი და სამი წელი ვხვდებოდით. მერე დავქორწინდით და ასე მეგონა, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ასეც ვაპირებდით. მეუბნებოდა, დარჩენილ სიცოცხლეს ერთად გავატარებთო. მე მეგონა, რომ კარგი და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. სხვათა შორის, ჩვენი მშობლებიც ასე ფიქრობდნენ.
- მდაა… სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, ქორწინებების უმეტესობა უიღბლოა.
- მაგრამ ხომ არსებობენ მოსიყვარულე წყვილებიც, რომლებიც სულითა და ხორცით ერთნი არიან? რამდენჯერ მინახავს დაჩაჩანაკებული მოხუცი წყვილი, ხელჩაკიდებულები რომ დასეირნობენ. ესეც ხომ მითი არაა?
- შენ იდეალისტი ხარ, ია.
- იდეალისტი? ეს რა შუაშია? იდეალისტი კი არ ვარ, უბრალოდ, მწამს. ეს რწმენაა და მეტი არაფერი.
- რწმენა ერთია, რეალობა კი სულ სხვა. არავინ იცის, ვის რა სიურპრიზს უმზადებს მომავალი. როცა ადამიანები ქორწინდებიან, ყველას უნდა, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეს, მაგრამ მერე იმდენი წინააღმდეგობა იჩენს თავს, რომ სუსტი ადვილად ნებდება. ოჯახის შენარჩუნება მხოლოდ ძლიერების ხვედრია. აი, შენ, მაგალითად, ვილის სიცოცხლეშივე რომ გაგეგო მისი ღალატის ამბავი, აპატიებდი?
ია შეცბა. ქვედა ტუჩი კბილებშუა მოიქცია და თვალები დახუჭა.
- არ ვიცი… გააჩნია, როგორ მოიქცეოდა. პატიება შემიძლია, მაგრამ ადამიანი უნდა იმსახურებდეს პატიებას. თუ დედას მაგინებდა და აქეთ დამაბრალებდა ყველაფერს, არ ვაპატიებდი, მაგრამ თუ მეტყოდა, რომ ეს უბრალოდ, წუთიერი გატაცება იყო და შეცდა, ვაპატიებდი.
- აი, ხედავ? თუ ის პატიებას გთხოვდა, აღმოჩნდებოდა, რომ შენზე სუსტი გამოდგა და ამ შემთხვევაში აპატიებდი, მაგრამ თუ შენზე ძლიერი აღმოჩნდებოდა, არ აპატიებდი. სად არის აქ რწმენა?
- შენ ვერ გამიგე. თუ დამარწმუნებდა იმაში, რომ მისი ღალატი მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ჩემი ბრალი იყო, გავითვალისწინებდი მის არგუმენტს და სხვანაირად შევხედავდი მოვლენებს.
- კარგი, არ გვინდა ამაზ კამათი, თორემ შეიძლება ბევრ რამეში ვერ შევთანხმდეთ. ცოტა მაინც დაისვენე? ხომ არ გავაგრძელოთ გზა? - უსიამოვნო თემაზე საუბარი დაამთავრა ვაკომ.
- წავიდეთ, მშვენივრად დავისვენე.
ია საჭმლის ნარჩენების ალაგებას შეუდგა. ვაკომ ქვებს შუა დადებული ჩანთისკენ ხელი გაიწვდინა, რომელშიც მოხარშული ხორცი იდო და მოულოდნელად შეჰყვირა.
- რა მოხდა, ვაკო? - დაფეთებული წამოხტა ია.
ვაკომ სწრაფად გადააბრუნა ქვა და იპოვა, რასაც ეძებდა.
- მორიელმა მიკბინა.
იას ფერი წაუვიდა. ისე დაიბნა, არ იცოდა, მამაკაცისთვის როგორ ეშველა.
- უნდა დავბრუნდეთ და საავადმყოფოში მივიდეთ.
- არა, რა უნდა დავბრუნდეთ. ვიცი, ეს მორიელი სიცოცხლისთვის საშიში არ არის. არაფერი მომივა, ნუ გეშინია. მოწამეთაში ავალთ და იქ თორნიკე მომხედავს. მანამ კი შხამს მე თვითონ გამოვწოვ, - თქვა და ტუჩები ნაკბენ ადგილს დაადო.
იამ წყლიანი ბოთლი მოიტანა, როცა ვაკომ ზიზღით გადმოაფურთხა.
- მორჩა, საშიში აღარაფერია. ნელ-ნელა მორჩება.
მიუხედავად ამისა, ხელი თანდათან მაინც გაუსივდა. მერე იამ წყაროზე ჩაირბინა, წყალი ამოიტანა, ჩაის ტილო დაასველა და ნაკბენზე დაუფინა.
- ვაკო, ძალიან მეშინია. არ შეიძლება არც აქ დარჩენა და არც გზის გაგრძელება, დავბრუნდეთ. მორიელის ნაკბენს ნუ ეხუმრები, გთხოვ. ის ხომ ძალიან შხამიანია.
- არა-მეთქი, უკვე გითხარი. მალე მივალთ. საჭესთან შენ დაჯექი, კარგი?
იას სხვა გზა არ ჰქონდა, მძღოლის ფუნქცია შეითავსა, თან გული ეკუმშებოდა, რამდენჯერაც ვაკოს გახედავდა. მანქანა შეძლებისდაგვარად სწრაფად მიჰყავდა, დროდადრო კი ვაკოს სახის გამომეტყველებას აკვირდებოდა. მამაკაცს თვალები დაეხუჭა, ხელი კი საშინლად გაუსივდა.
- ვაკო, როგორ ხარ? - შიგადაშიგ შეეკითხებოდა იმის შიშით, კაცს გონება არ დაეკარგა.
- არა მიშავს. ცოტათი გული მერევა, მაგრამ გამივლის. ხომ გითხარი, ამ სახეობის მორიელი საშიში არ არის-მეთქი. შენ ის მომიყევი, ექიმობა რატომ გადაწყვიტე.
- ჩემთვის რომ ეკბინა, ხომ მაშინვე გამაქანებდი საავადმყოფოში? რატომ ხარ ასეთი ჯიუტი? - გაბრაზდა ია.
- მომიყევი, გთხოვ, - სიტყვა ბანზე აუგდო ვაკომ.
იამ ამოიოხრა და მოყოლა დაიწყო:
- ათი წლის რომ ვიყავი, ჩემს უახლოეს მეგობარს, სოფიკოს, სიმსივნე აღმოაჩნდა. ხუთი წელი იბრძოდა სიცოცხლისთვის და მაინც ვერაფერი გააწყო. ხშირად მივდიოდი მასთან და ვხედავდი, როგორ ეფერებოდნენ ყველანი - ექიმებიც და ექთნებიც. ყველანი ცდილობდნენ მის შველას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ბოლოს თმა გასცვივდა, თვალები ჩაუშავდა, გახდა და ტკივილებმა დატანჯა. აი, მაშინ მომინდა, ექიმი გავმხდარიყავი და ავადმყოფებისთვის მდგომარეობა შემემსუბუქებინა. ასე მეგონა, მე რომ ექიმი ვიყო, ჩემს მეგობარს მოვარჩენ-მეთქი. აბა, ათი წლის ბავშვს სხვა რა უნდა მეფიქრა.
- ია, გააჩერე ერთი წუთით მანქანა! შეხედა, რა სილამაზეა! მოდი, აქ დავრჩეთ, ამაღამ, ა?
ია გაოგნდა. რა დროს გაჩერება იყო, როცა ვაკო ხელს თითქმის ვერ ამოძრავებდა? ვეღარაფერი თქვა და მანქანიდან გადმოვიდა.
მერე საბარგულიდან საძილე ტომრები გადმოიღეს და დიდი ხის ქვეშ გაშალეს.
- აქაც თუ არიან მორიელები?
გაკოს გულიანად გაეცინა.
- ასე კი არ დარბიან მორიელები, გოგო. ისინი ქვების ქვეშ იბუდებენ უფრო მეტად ან მიტოვებულ შენობებში.
- ჰო, მაგრამ…
- არავითარი მაგრამ.
- ამაღამ აქ უნდა გავათენოთ? - ჩურჩულით იკითხა ქალმა.
- რა იყო, ხომ არ გეშინია?
იამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
- ჩემი თუ მორიელების?
ქალმა ღიმილი ვერ შეიკავა.
- თუ მორიელივით მიკბენ, შენიც შემეშინდება.
- არ გიკბენ, - მამაკაცს ხმა ჩაეხრინწა და თვალები ვნებით აენთო, - და არც მორიელებს დავანებებ შენს კბენას. - ამ სიტყვებით ქალს ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა.
ერთმანეთის გულების ბაგაბუგი ესმოდათ.
- მინდა, სულ შენი სუნთქვა მესმოდეს და დავრწმუნდე, რომ არაფერი დაგემართება, - ძლივს გასაგონი ხმით ამოთქვა ქალმა.
- ნუ ღელავ, ბევრად უკეთ ვარ. აი, ხელმა დაცხრომა დაიწყო, - იას სიახლოვით თავბრუდახვეულმა ვაკომ უზარმაზარი ნერწყვი გადააგორა, შესამჩნევად უცახცახებდა სხეული.
- კარგი რა, ვაკო. თავი დაანებე მაგარი ბიჭის როლის თამაშს. ვითომ ვერ ვხედავდე, ხელი რა დღეში გაქვს და როგორ ტკივილს ითმენ.
- ამაზე უარეს ტკივილს წლებია, ვითმენ.
- რა ტკივილს? - იამ ქვემოდან ახედა.
- უშენობით გამოწვეულ ტკივილს.
იას ჟრუანტელმა დაუარა. "ახლა მაკოცებს?" - დაძაბულმა გაიფიქრა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა.
ვაკომ ხელი შეუშვა, წელში გაიმართა, მის პირისპირ დადგა და მტკიცე ხმით უთხრა:
- მართალია, ოდნავ მტკივა, მაგრამ არაფერია. აი, ნახავ, დილამდე გამივლის.
ვაკოს არ უნდოდა, თავისი პრობლემები იასთვის თავს მოეხვია.
- კარგი, კარგი, ცოტა ხანს წამოვწვეთ და თვალი მოვატყუოთ. ამასობაში დაღამდება და მერე ვიძინოთ და ვიძინოთ. - ომახიანად შესძახა მამაკაცმა.
"ნუთუ?" - უკმაყოფილოდ გაიფიქრა იამ და ვაკოს საძილე ტომარა ხის ძირისკენ მისწია…
ვაკოს კარგა ხანს ეძინა. ია გვერდით იწვა და მის ძილს დარაჯობდა. მამაკაცს ოფლი ასხამდა, ხანდახან ძილში შეკრთებოდა კიდევაც, მაგრამ ერთ საათში დამშვიდდა და სუნთქვაც თანაბარი გაუხდა. იამ ოფლი მოსწმინდა და ოდნავი შვება იგრძნო. რამდენიმე წუთში ერთხელ სველ ტილოს უცვლიდა მამაკაცს, რომ ხელი ცივად ჰქონოდა.
შუადღე გადასული იყო, ვაკოს რომ გაეღვიძა. თავს აშკარად უკეთ გრძნობდა. ხუმრობის ხასიათზეც კი მოვიდა, არც გული ერეოდა და არც ცივი ოფლი ასხამდა.
საღამოხანს ცოტა წაიხემსეს და როცა მზე ჰორიზონტს იქით მიიმალა, დასაძინებლად გაემზადნენ.
- ტელევიზორი აქ არ არის და რამე სხვა სიამე, ძილის მეტი არაფერი დაგვრჩენია. - გაუღიმა ვაკომ. - მომეხმარები, რომ ტომარაში ჩავძვრე?
- აბა, რას ვიზამ, - ია დაფაცურდა და მამაკაცს საძილე ტომრის თავი აუწია.
მალე ორივენი ტომრებში მოთავსდნენ, მაგრამ ძილი არც ერთს არ ეკარებოდა. ია იმაზე ფიქრობდა, როგორ შეემსუბუქებინა მამაკაცისთვის ტკივილი და როცა ვაკო მისკენ ზურგით შეტრიალდა, ტომარას ხელი ალერსიანად აუსვ-დაუსვა…
ვაკო ოდნავ შეირხა.
- ია…
- დაიძინე, ჩემი ხელი ტკივილს დაგიამებს, არაფერზე იფიქრო. - ია ცდილობდა, ხელის ჩამოსმით მამაკაცი დაემშვიდებინა და მართლაც, ცოტა ხანში იგრძნო, რომ ვაკო თანდათან მოეშვა, სუნთქვა ღრმა და ზომიერი გაუხდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მას ჩაეძინა. თან ესიამოვნა, თან რაღაც ჩაწყდა გულში. რას იფიქრებდა, შუაგულ ტყეში, მასთან მარტო დარჩენილს ასე უალერსოდ მოუწევდა მის გვერდით დაძინება. ფრთხილად ამოიოხრა, არ გავაღვიძოო და თვალები დახუჭა.
შუაღამე იყო, როცა ვაკოს გაეღვიძა, ზურგზე გადმოტრიალდა და იას ყურში ჩასჩურჩულა:
- მოდი ჩემთან.
იას არ ეძინა. ვაკოს ჩურჩულმა სული აუფორიაქა და დაუფიქრებლად მიიწია მისკენ, ხელები მოხვია, სხეულზე მჭიდროდ მიეკრო და თვალები მილულა. ვაკომ კი სახე მის თმაში ჩარგო. რა კარგი იყო ასე. ალბათ მთელი სიცოცხლე შეეძლო, მასთან ასე ჩახუტებული ყოფილიყო და წამითაც არ გარხეულიყო.
დილამდე ორივეს ასე ეძინა.
დილით ვაკოს კარგ გუნებაზე გაეღვიძა. ხელი გუშინდელივით აღარ აწუხებდა. იცოდა, რომ ია ძალიან შეაშინა, მაგრამ უკან დაბრუნებას მაინც არ აპირებდა, რა ხანია, უნდოდა, მასთან ერთად ღამე ღია ცის ქვეშ გაეტარებინა, მაგრამ თვითონ როგორც ფიქრობდა, ისე არ გამოვიდა.
როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს, რომ ია მას მიენდოს და შიში და გულისტკენა დაივიწყოს?
ვერასდროს იფიქრებდა, რომ შეეძლო ერთი ქალის ერთგული ყოფილიყო. იას მის ცხოვრებაში შემოჭრა თუ ასე შეცვლიდა, რას წარმოიდგენდა? თანაც როგორ! ძირფესვიანად. ეყოფა კი ნებისყოფა? შეძლებს მხრებიდან ჩამოიბერტყოს წარსული ცხოვრების გამოცდილება ან მამამისის უზნეო მაგალითი? ამაზე ღრმად უნდა დაფიქრდეს, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს, სანამ ია რამეს ეტყვის. ახლაც ისეთი გაუბედავი იყო, როგორც ყრმობის წლებში, ახლაც ეშინოდა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმის.
როგორც კი ვაკო გაინძრა, იამ მაშინვე თვალები გაახილა.
- როგორ ხარ? - წაიჩურჩულა და მკერდზე ხელი დაადო.
- უკეთესად… შენი წყალობით.
იამ თავი წამოსწია და დაკვირვებით დააშტერდა სახეზე.
- გუშინ ძალიან შემაშინე.
ვაკო გვერდზე გადაგორდა, საძილე ტომრიდან ამოძვრა და სიცილნარევი ხმით წარმოთქვა:
- შენ რა, შეგეშინდა, რომ ჩემი ზურგით თრევა მოგიწევდა?
- არა. მხოლოდ იმის მეშინოდა, რომ უარესად გახდებოდი და მე ვერაფერს გავხდებოდი, ვერ გიშველიდი.
ნამძინარევი ია, აბურძგნილი თმითა და დაბინდული, გამოუფხიზლებელი თვალებით ისეთი სანახავი იყო, რომ ვაკო თავს ძლივს იკავებდა. გაახსენდა წუხანდელი ღამე, როგორ ეფერებოდა ზურგზე ია, როგორ ცდილობდა, მისთვის ტკივილი დაეამებინა. მერე როგორ გაათბო მისმა სუნთქვამ და როგორ შეამსუბუქა.
- მადლობელი ვარ შენი…
- რისთვის?
- ყველაფრისთვის.
- ისეთი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ, მინდოდა, დამემშვიდებინე, - ქალი წამოჯდა და თმაზე ხელი გადაისვა, რომ ვარცხნილობა მოეწესრიგებინა.
- მაშინ მადლობა არაფრისთვის, - ღიმილით მიუგო მამაკაცმა.
მასაც უნდოდა, ქალისთვის ტკივილი დაეამებინა, მაგრამ მიკარების ეშინოდა, ვაითუ წარსულის მოგონებები ისევ ავუშალოო. წამითაც არ უფიქრია, თვითონ ია როგორ ელოდა ამ წამს.
- შეგვიძლია ცოტა ხნით გავისეირნოთ, მერე კი მამა თორნიკე მოვინახულოთ. ხელსაც ვაჩვენებ. მონასტერში ექნებათ რამე მალამო.
- სიამოვნებით. ასეთი შემთხვევა მეტად ალბათ აღარ მომეცემა, - ნაძალადევად გაიღიმა იამ.
ჰო, რა თქმა უნდა ასე იქნება, ია მალე თბილისში დაბრუნდება და ყველაფერი დამთავრდება…
ვაკომ ღრმად ამოიხვნეშა.
<div>
<div class="gtx-trans-icon"></div>
</div>