სასამართლო პროცესი ორი თვე გრძელდებოდა. მამაჩემის დიდი ძალისხმევის შედეგად, შვიდის მაგივრად, ოთხი წელი მომისაჯეს. უამრავი ფული ჩაყარა საწყალმა, მოსამართლიდან დაწყებული, პროკურორით დამთავრებული, მოუსყიდავი არავინ დარჩენია. გოგიტა, სასიძო, მაინც ყველაზე მეტად დაზარალდა, ვერაფრით აიცდინა შვიდი წელი, რადგან საპატარძლოს მშობლები დათმობაზე არაფრით წავიდნენ. კიდევ ორი ბიჭი გადავარჩინეთ, რადგან ჩვენ ორმა საკუთარ თავზე ავიღეთ ყველაფერი, თორემ ყველას ერთად მეტს მოგვისჯიდნენ.
ციხის ამბების მოყოლას არ დავიწყებ, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ კოლონიაში ვიჯექი ზუსტად ორი წელიწადი და შვიდი თვე. სიმართლე გითხრათ, არ გამჭირვებია, რადგან «კარგი ბიჭის» სახელით შევედი და ასეთადაც დავრჩი.
ამასობაში ნინომ იმშობიარა და ვაჟი შეგვეძინა. დიმიტრი დაარქვა, მამამისის სახელი. წინააღმდეგი არ წავსულვარ, რადგან ჩემი სიმამრი ავადმყოფობდა და მისი წყენინება არ მინდოდა, თუმცა გული მეთანაღრებოდა, მამაჩემის სახელს რომ ვერ ვარქმევდი. ეს კიდევ არაფერი, ღვიძლი შვილი თვალით არ მყავდა ნანახი და კიდევ კარგა ხანს ვერ ვნახავდი. ყველაზე მეტად სწორედ ეგ მაწუხებდა. ექვს თვეში ერთხელ ნინო მოდიოდა სანახავად, მაგრამ ბავშვის გარეშე - მხოლოდ სურათები მოჰქონდა მისი. კარგი ბიჭუკელა იყო, ძალიან მგავდა, განსაკუთრებით, ტუჩებით და თვალებით.
ნატას ამბებსაც ვიგებდი. სწავლობდა, კურსიდან კურსზე წარჩინებით გადადიოდა, ახალი სიყვარული არ სწვევია და, შესაბამისად, არც გათხოვილა.
ერთხელაც გოგა მოვიდა ჩემ სანახავად. აგვისტოს მიწურული იყო. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა. ბევრი ვილაპარაკეთ. წასვლის წინ საუბარი ნატაზე ჩამოაგდო.
- ჰო, მართლა, ნატამ მოგიკითხა, - თქვა და ეშმაკურად შემომხედა.
- მართლა? სად ნახე?
- ჩამოსული იყო ამ ზაფხულს, ბებიასთან დაჰყო მთელი ორი თვე. ამას წინათ შემხვდა და ვილაპარაკეთ.
- რაო, როგორ ვარო?
- კარგად, რა უჭირს. შენზე გამომკითხა.
- რა გითხრა?
- როგორ არისო, მოსახდელი რამდენი დარჩაო…
- კიდევ? - სუნთქვა ამიჩქარდა.
- რა ვიცი, გაინტერესებს, კი?
- ხომ იცი, რომ მაინტერესებს, რას მაწვალებ? - ვუსაყვედურე მეგობარს.
- ასე მითხრა, ისევ ისე მიყვარსო.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის რა შემატყვე? - იწყინა გოგამ.
- და შენ ამის თქმას არ აპირებდი? თბილისში უკვე წავიდა?
- არ ვიცი, არ მიკითხავს, როდის მიემგზავრებოდა, მაგრამ, მგონი, ჯერ აქ უნდა იყოს.
- თუ ნახო, მომიკითხე.
- ეგრე ვიზამ, ძმაო, რა პრობლემაა.
- არა, თუ ნახო კი არა, როგორც კი ჩახვალ, სახლში მიაკითხე და ისე გადაეცი ჩემი მოკითხვა.
- კარგი, ბატონო, დავალება მიღებულია.
- ძალიან გთხოვ, - მუდარის ტონით დავაყოლე.
- არ გრცხვენია, ბიჭო? როდის მომიტყუებიხარ, რას მეხვეწები? ახლა რომ დავქოქავ მანქანას, პირდაპირ მის ჭიშკარს მივადგები.
- დიდი მადლობა, ჩემზე იყოს.
- ეგეთები არ იყოს, რა! ის კი არა, შევთავაზე, თუ გინდა, წავიდეთ და ვინახულოთ-მეთქი, -გაიცინა გოგამ.
- მერე? - გული ლამის ამომივარდა საგულედან.
- არაფერი, გაიცინა, იქნებ სულაც არ უნდა ჩემი ნახვაო.
- რას ჰქვია, არ მინდა! ძალიან მინდა. შეგიძლია მომიყვანო? ჩემთვის გააკეთებ ამას?
- შევეცდები. ვეტყვი და, თუ არ გადაიფიქრა, ხვალვე აქ გეყოლება.
- ძმა ხარ! შენს მოლოდინში ვიქნები, იცოდე!
- კარგი, კარგი, - სიცილი ვერ შეიკავა გოგამ, - დავეშვი, აბა, და შენ იცი, ყოჩაღად იყავი.
გოგა წავიდა თუ არა, საშინელ გუნებაზე დავდექი. თან მიხაროდა რაღაც, თან შიში მიპყრობდა. ფანტაზიებში ჩავიძირე. იმდენად რეალურად აღვიქვამდი ნატასთან შეხვედრას, სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა ტანში…
ერთი საათიც არ მიძინია, მასზე ფიქრმა სრულიად დამიფრთხო ძილი… ოღონდ მოვიდეს, ოღონდ მოვიდეს, ოღონდ მოვიდეს… ერთსა და იმავეს ვიმეორებდი გულში. ოღონდ მოვიდეს და აუცილებლად ვეტყვი, რომ მიყვარს, - შევპირდი ჩემს თავს.
8 8 8
როგორც იქნა, გათენდა. დილას, სიის ამოკითხვის შემდეგ, გოგიტასთან ერთად პაემნის ოთახში გავედი, რათა გამეგო, ჩემთან ხომ არ იყო ვინმე მოსული. ვერაფერი გავარკვიე. მერე სახურავზე ავედით. მოულოდნელად დავინახე, გზის პირას ვიღაც ხელს მიქნევდა. გოგა შევიცანი, მის გვერდით კი ის იდგა, ნატა… სული შემიგუბდა სიხარულისგან. მაშინვე ერთ ბადრაგთან გავვარდი, ჩვენებური ბიჭი იყო, თემური ერქვა, კარგი ურთიერთობა მქონდა. ვთხოვე, გადი და ამბავი გამიგე, რა ხდება-მეთქი. არ დამზარდა, გავიდა და ოც წუთში პასუხიც მომიტანა.
- ციხის უფროსი არ უშვებს თურმე.
- რატომ? - ლამის კრუნჩხვა დამეწყო.
- ახლო ნათესავი არ ხარ და იმიტომო.
- უთხრას, ბიძაშვილი ვარო…
- არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ ცოცხალი თავით არ თანხმდება. ხომ იცი, როგორი ტიპია. თუ უარი თქვა, არაფერი გამოვა.
ამ დროს ვიღაცამ დამიძახა და მითხრა, წერილი შემოგიგზავნესო. ფეთიანივით გამოვგლიჯე ხელიდან დაჭმუჭნილი ქაღალდი, აკანკალებული ხელით გავხსენი და სწრაფად ჩავიკითხე.
«სხვა გზა არ გვაქვს, უარი გვითხრეს. პასპორტიც არ ჰქონია თან, მე რა ვიცოდი. თანაც, სარაფანი ეცვა და იმ კაცმა შენიშვნა მისცა, კურორტზე ხომ არ მოდიოდი, აქ ციხეაო. უნდა წავიდეთ, ლოდინს აზრი არა აქვს, ძმაო, რა ვქნა. ნატა თბილისში ხვალ მიემგზავრება», -მწერდა გოგა.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ დამწყდა გული. მეც ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე. როცა სხვა გზა არ იყო, ისევ სახურავზე ავედი, რომ ხელი მაინც დამექნია წასვლის წინ. რა ახლოს იყო და, ამავე დროს, რა შორს ჩემგან… გული დამიმძიმდა.
მთელი დღე დანა პირს არ მიხსნიდა. საგონებელში ჩავვარდი. ისე მომინდა ნატას ნახვა, ადგილზე ვერ ვჩერდებოდი. მთელი ღამე ვიფიქრე, რა გამეკეთებინა და მეორე დილით წერილი გამოვაცხვე, რომელიც სულ სამი წინადადებისგან შედგებოდა: «გოგა, უნდა მიშველო. როგორმე ის გოგო უნდა მომიყვანო და მანახვო, თორემ პირველში სწავლა დაეწყება და მერე ვეღარ ვნახავ. ძმურად, დამეხმარე, რამე მოახერხე!» რვეულის ამონახევზე მიჯღაბნილი სიტყვები ოთხად გავკეცე და გოგიტას სანახავად მოსულ მის ძმას დიდი თხოვნით გავატანე, რომ ჩასვლისთანავე გადაეცა გოგასთვის.
იმ ღამეს ნერვიულობისგან არ მიძინია. ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა და როდის მომადგებოდნენ ორივენი. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ნატა წამოყვებოდა, მაგრამ იმედს მაინც ვიტოვებდი.
მეორე დღე ისე დაღამდა, არავინ მოსულა, ვერც ვერაფერი გავიგე, რა ხდებოდა. სიმწრისგან ფრჩხილები სულ დავიკვნიტე. ციხეში რომ ვიყავი, იმიტომ განვიცდიდი ასე, თორემ გარეთ ალბათ ასეთი რამ არ დამემართებოდა.
კიდევ ერთი დღე გავიდა. გოგასგან არაფერი ისმოდა. მესამე დღეს ხელი ჩავიქნიე, წერილის დაწერასაც აზრი არ ჰქონდა. ნატა უკვე თბილისში მეგულებოდა, რადგან პირველი სექტემბერი იყო. სხვა რა მრჩებოდა, სიტუაციას უნდა შევგუებოდი.
ის იყო, საუზმეს მოვრჩით, რომ ბადრაგმა დამიძახა, შენთან მნახველები არიანო. შლეგივით გავვარდი გარეთ და დაბნეულს არ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი სახურავზე. დაკვირვებით მოვათვალიერე გზის პირი, მაგრამ ვერავინ დავლანდე. თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი პაემნის ოთახისკენ…
- პატიმარო ალავიძე, დაელოდეთ, თქვენები ხუთ წუთში შემოვლენ! - მითხრა მორიგემ.
ხუთი წუთი კი არა, მზად ვიყავი, ხუთი საათი მეცადა, ოღონდ კი ნატა დამენახა. ნერვიულობისაგან ოფლში გავიწურე, რამდენჯერაც კარი გაიღებოდა, იმდენჯერ გული საგულიდან ამოვარდნას ცდილობდა…
და აი, ისიც… გაღიმებული ნატა დავინახე თუ არა, თვალთ დამიბნელდა. ირგვლივ ყველა საგანი გაორდა და გასამდა… სისხლმა შხუილით დაიარა ძარღვები… ძლივს დავიმორჩილე თავი, რომ შუა ოთახში არ მოვხვეოდი და კოცნით არ დამეხრჩო. ირგვლივ უამრავი მნახველი და პატიმარი ირეოდა.
შეხვედრა ერთობ მოკრძალებული იყო, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა. გოგამ კმაყოფილების ნიშნად თვალი ჩამიკრა, ხუთიანზე ხომ შევასრულე შენი თხოვნაო.
- როგორ ხარ? - არ ვიცოდი, საიდან დამეწყო საუბარი.
- არა მიშავს, შენ?
- ვარ, რა…
- ძლივს მოვახერხეთ შემოსვლა. თუმცა არ გამოდგა თქვენი უფროსი ცუდი კაცი, - მორცხვად გამიღიმა ნატამ.
- მე გუშინწინ გელოდით, გუშინაც…
- ეჰ, ზაზა, ზაზა… შენ არ იცი, ჩვენ რა გამოვიარეთ, - ხელი ჩაიქნია გოგამ, - იმ დღეს, შენ რომ წერილი გამომიგზავნე, მაშინვე დავადექი სახლში, ასე და ასეა საქმე-მეთქი, მაგრამ რად გინდა - ამას პასპორტი თბილისში ჰქონია თურმე დატოვებული. საბუთის გარეშე კი რა აზრი ჰქონდა მოსვლას, მაინც არაფერი გამოვიდოდა.
- ამიტომ გადავწყვიტე, თბილისში წავსულიყავი, პასპორტი წამომეღო და დავბრუნებულიყავი, - ამის თქმაზე ნატას სახე გაებადრა, თუმცა თვალებში ნაღველი უკრთოდა.
- მამაშენმა როგორ გამოგიშვა? - უზომოდ კმაყოფილი შევყურებდი ლამაზ თვალებში და ბედნიერებისგან ამქვეყნად არ ვიყავი.
- ვუთხარი, დადას დაბადების დღეა და ამაღამ იქ ვრჩები-მეთქი. კი არ იციან სახლში, თბილისში რომ არ ვარ. ამაღამ უკან უნდა გავბრუნდე.
- ნამდვილი გმირია, არ იცი, რაები «იჩალიჩა», - ჩაერთო ლაპარაკში გოგა, - დილის ხუთ საათზე ვაგზალზე დავხვდი. მერე მთელი ორი საათი მოსაცდელში ვიყურყუტეთ, სანამ ავტობუსი ჩამოდგებოდა. კიდევ ორი საათი ამ ოღროჩოღრო გზებზე ვიჯაყჯაყეთ, ვიღაცების ჩხუბსაც კი შევესწარით და რა ვიცი, მთელი ამბები იყო.
- რა ჩხუბს, სად იყო ჩხუბი? - ხან ერთს შევყურებდი, ხან მეორეს.
- ავტობუსით და-ძმა მოდიოდა მამის სანახავად. კინაღამ დახოცეს ერთმანეთი.
- მგონი, მთლად სრულ ჭკუაზე არ იყვნენ, - ნატას მაინც გაუბრწყინდა სევდაჩამდგარი თვალები.
- არა, არ იყვნენ. იმ ძმამ უთხრა კიდეც, შენ ისევ ფსიქიატრიულში უნდა მიგაბრუნოს კაცმაო.
- მოიცა ერთი, მაგათი ამბავი არ მაინტერესებს, ისედაც ცოტა დრო გვაქვს. სხვა რამე მომიყევით, - გავაწყვეტინე ორივეს.
- სხვა რა გითხრა? - ნატამ თმა ყურზე გადაიწია და მრავლისმთქმელი მზერა მესროლა, - ამას წინათ რომ ვიყავით, პაემანზე უარი გვითხრეს, საბუთიც არ მქონდა. მერე ერთმა მირჩია, თვითონ ციხის უფროსთან შედი და იქნებ გამონაკლისი დაუშვასო. შევედი. ვინ ხარო, მეკითხება. ვუთხარი, ვინც ვიყავი. ალავიძე შენი ვინ არისო. მეგობარია-მეთქი. მაგარი მეგობარი გყოლია, მეტი საქმე არ გაქვს, პატიმრებს რომ აკითხავ, წადი ბიძია, შინ, შენი ტოლი და სწორი ეძებეო. ძალიან გთხოვთ, შემიშვით, დიდი ხანია, არ მინახავს-მეთქი. შვილო, პატრონი არ გყავსო? ამ ზურგამოჭრილი კაბით რომ მოსულხარ ამდენ ქალის უნახავ კაცებში, რაზე ფიქრობდიო, კულტურულად გამომლანძღა. ვერაფრით მოვთაფლე და წავედით, რა გვექნა.
- ახლა როგორ დაითანხმეთ? - ყველა წვრილმანი მაინტერესებდა.
- ჭირის დღესავით მეზარებოდა ხელმეორედ მისი ნახვა, მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო. დამინახა თუ არა, თვალები შუბლზე აუვიდა, შენ ისევ მოხვედიო? ხომ ხედავ, ამ გაგანია სიცხეში როგორ მაცვია? ლამის შევიფუთნე და ისე წამოვედი, კიდევ შენიშვნა არ მომცეს-მეთქი. ვუღიმი და ვეუბნები, სანამ ნებას არ დამრთავთ, რომ ვნახო, ცოცხალი თავით აქედან არ წავალ, პატივცემულო. თან პირობას გაძლევთ, მეტჯერ აღარ მოვალ, ოღონდ ახლა არ მითხრათ უარი-მეთქი. ჩემდა გასაოცრად, მაშინვე ჩამირტყა ბეჭედი, მაგრამ მკაცრად დააყოლა - მეორედ აქ მოსული არ დაგინახოო. მაგარი კაცია.
- შევიდა შენს მდგომარეობაში, არა? - ხელებით სახე დავუჭირე და ლოყაზე ვაკოცე.
- შევიდა რომელია, ცოტა ხანს კიდევ რომ დავრჩენილიყავი, აუცილებლად სიყვარულზე დავიწყებდით ლაპარაკს, - ჩემი კოცნით დაბნეულს ღაწვები შეეფაკლა.
- მე გავალ, ხალხნო, მარტო დაგტოვებთ, - გოგამ მხარზე დამკრა ხელი.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და მზერით ვანიშნე, დიდი მადლობა-მეთქი.
გოგა გავიდა. ერთხანს უხმოდ მივჩერებოდით ერთმანეთს.
- საჩუქარი მოგიმზადე, - ვთქვი და ჯიბიდან ტყავის თასმაზე დაკიდებული ვერცხლის ჯვარი ამოვიღე.
- რა ლამაზია… საიდან? - გამომართვა და ხელისგულზე დაიდო.
- აქ ამისთანებს აკეთებენ… თანაც ბევრს… ეს ყველაზე კარგი იყო, რომელიც მომეწონა. ვითხოვე და მომცეს.
- დიდი მადლობა… - თქვა და კისერზე ჩამოიკიდა.
- მომენატრე, - ჩურჩულით ვთქვი და მისი თითები მუჭში მოვიმწყვდიე.
- მეც, - ჩუმად თქვა და თვალები დახარა.
- ძალიან, ძალიან მომენატრე, - მის თითებს თითები ძალუმად მოვუჭირე და აღგზნებულმა უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე.
ამჯერად არაფერი უთქვამს, მხოლოდ ბედნიერების ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- წერილებს ხომ მომწერ? - ჯიქურ ჩავხედე თვალებში.
- ჰო, ოღონდ მისამართი მომეცი.
- მოგცემ, აბა, რას ვიზამ. ისევ ისე გიყვარვარ?
- უფრო მეტად, ვიდრე აქამდე, - თქვა და ისე შემომხედა, მეგონა, მისი მზერა ჩემს სხეულში შემოძვრა და იქ, სულის სიღრმისკენ გაძვრა.
ჩემი დამემართა, კინაღამ მომეკვეთა მუხლები.
- მე მალე გამოვალ. ხომ დამელოდები? - რატომღაც, ჩურჩულით ვლაპარაკობდით.
- მალე? ეგ როგორ? - გაიკვირვა.
- მიმაგრებას მიკეთებს მამაჩემი.
- რამდენ ხანში?
- მაქსიმუმ ექვს თვეში. ხომ დამელოდები? - გავუმეორე.
- იცი? მე დიდხანს მოვდიოდი შენამდე, ყველაზე მტკივნეული, მტანჯველი და გრძელი გზა გამოვიარე. უამრავი რამ გადავიტანე და ახლა აღარ მინდა შენი დაკარგვა. არ მსურს ამ გზის ხელახლა უკან გავლა. მეყო, რაც ვიარე, დავიღალე, უზომოდ დავიღალე.
სწორედ იმ წუთას მომადგა ენაზე, მეთქვა მისთვის ის, რასაც სულ რამდენიმე დღის წინ ჩემს თავს შევპირდი, ბოლოს და ბოლოს, ამეხსნა სიყვარული, მაგრამ… ვერ შევძელი, ერთი სიტყვაც ვერ ამოვთქვი, თითქოს ენა დამებორკა. ამის მაგივრად სხვა სანუგეშო სიტყვები აღმომხდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>