- გამოვალ და მერე ბოლომდე ერთად ვიქნებით. გჯერა ჩემი?
- მაგრამ შენი ოჯახი? ნინო? ბავშვი?
- მათ არაფერს დავაკლებ, მაგრამ ჩემ გვერდით მხოლოდ შენ იქნები. მინდა ამის გჯეროდეს.
დიდხანს შემომცქეროდა, მერე თვალები დახუჭა, ხელი გაითავისუფლა ჩემგან და ამოოხვრით თქვა.
- ბავშვი არ გეცოდება?
- მეცოდება.
- მერე?
- განა ცოტანი იზრდებიან უმამოდ?
- რა ძალაა, თორემ კი. ქალის გამო არ ღირს, მას ცხოვრება დაუმახინჯო.
- ქალის გამო არ ვაკეთებ ამას.
- აბა?
- სიყვარულის გამო, - ჩემდა უნებურად გამიფრინდა სიტყვა.
- რა თქვი? - მსწრაფლ ასწია თავი და დამაკვირდა, თითქოს ჩემი აზრების შესწავლას აპირებსო.
- ნათქვამის გამეორება არ მიყვარს. ხომ გაიგონე, რაც გითხარი. ჰოდა, არ დაივიწყო, -შევიშმუშნე და მზაკვრულად გავუღიმე.
- შენთან შეხვედრის იმედი თითქმის აღარ მქონდა, ზაზა. ცოტათი, სულ ცოტათი მხოლოდ. ნუ… როგორ გითხრა… - ნატას თვალები აუწყლიანდა, - აღარაფერი დამრჩა, რომ ჩემს შენდამი გრძნობას დავუპირისპირო. სრულიად არაფერი… ნული… და შეიძლება ამის გამოც ვიყავი და ვარ ასეთი ნაღვლიანი და უიმედო. მე ვხედავ, ყოველდღე ვხედავ, მთელი შენი არსებით როგორ ცხოვრობ სხვასთან, როგორ გენატრება შვილი, ცოლი და რა კარგად გრძნობთ ერთმანეთთან თავს.
შეპასუხება გადავწყვიტე, მაგრამ პირზე ხელისგული ამაფარა და გამაჩუმა, თვითონ კი იმავე ტონით გააგრძელა.
- მესმის ერთმანეთისთვის ნათქვამი შენი სიტყვები, მისი სიტყვები… ჩემთვის შენი სტატუსი თითქოს განსაზღვრულია უკვე: «მე დაკავებული ვარ, ჩემი იმედი ნუ გექნება». მალე ოთხი წელი გახდება… ოთხი მტანჯველი წელიწადი… იქნებ არც გჭირდები? იქნებ ზედმეტია ეს ყველაფერი? იქნებ არც არასდროს გჭირდებოდი? გიფიქრია ამაზე? ღირს კი ამხელა მსხვერპლის გაღება ჩემ გამო? იქნებ სანამ დროა, კიდევ ერთხელ დაფიქრდე? იქნებ შევჩერდეთ? შენ მუდამ ჩემთან დარჩები, ჩემში დარჩები, ჩემს ფიქრებში, ოცნებებში…
- ისევე, როგორც შენ დარჩი სხვების ფიქრებში? - მაინც გავაწყვეტინე.
კვლავ ამაფარა ხელი.
- სხვები არ მაინტერესებს. ამწუთას მხოლოდ ჩვენზე ვლაპარაკობ. სადაც უნდა ვიყო, საითაც უნდა წავიდე, ყოველთვის ჩემ გვერდით იქნები. მხოლოდ შენ და სხვა არავინ, რადგან შენი სიყვარულია ყველაფერი, რაც მაბადია, მებადა და მომავალშიც შემრჩება.
- ჩვენ უკვე შევთანხმდით, ნატა და ჩემი სიტყვების უკან წაღებას არ ვაპირებ. ხომ შემპირდი? ხომ თქვი, ამ გზის ხელახლა უკან გავლა არ მსურსო?
- ჰო, შეგპირდი… და ამიტომაც ახლა, ამწუთას არ ვსვამ წერტილს. არც შემიძლია. არც არასდროს შემეძლო და ვერც ვერასდროს შევძლებ. დაგელოდები და ამ მოლოდინში ბოლომდე ვიქნები, მიუხედავად იმისა, რა იქნება ხვალ. ფიქრებით მაინც შევეფარები შენს მკერდს, დავეყრდნობი შენს მხრებს… მე შენთვის ვიქნები… უბრალოდ, შენგან წასვლა არ შემიძლია, თუმცა კი დიდი ხანია, თავად გამაძევე შენი სამყაროდან… ჯერ კიდევ არის დრო… იქნებ გადაიფიქრო…
- რა უნდა გადავიფიქრო? - ცალყბად გავიღიმე.
- ის, რომ ბოლომდე ერთად ვიქნებით… ახლა ყველაფერს ვერც გეუბნები. ვიცი, აქედან გავალ და მერე გამახსენდება, რისი თქმაც მინდოდა. ძალიან დავიბენი. დროც ამოიწურება მალე, ვერც მოვასწრებ. დანარჩენს წერილებში მოგწერ.
- ჩემი სათქმელი უკვე გითხარი და არაფრის გადაფიქრებას არ ვაპირებ, დაიმახსოვრე, -თმაში შევუცურე ხელი და მოვეფერე.
ისევ დაიძრა სისხლი - ქვემოდან ზემოთ, პირდაპირ საფეთქლებს ეძგერა…
- მითხარი, რომ გიყვარვარ, - კვლავ გადავაგორე უზარმაზარი ნერწყვი და მისი სხეულის სურნელი შევისრუტე.
- მიყვარხარ, ზაზა, უგონოდ მიყვარხარ, - თვალდახუჭულმა თქვა, ცრემლები ღაწვებზე ჩამოუგორდა.
- კიდევ მითხარი, ერთხელაც…
- უსაშველოდ მიყვარხარ, სანატრელო…
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. აღარ დავეძებდი იმას, რომ იქაურობა ხალხით იყო სავსე. თმით მოვიზიდე ჩემკენ და ტუჩებზე დავაკვდი… ამ გაგანია სიცხეში გაყინული ჰქონდა ბაგეები. იქამდე ვკოცნიდი, სანამ არ გაუთბა…
ვიგრძენი, ნელ-ნელა როგორ მოეშვა, მთელი არსებით ჩემკენ მოიწევდა… კოცნაზე კოცნით მპასუხობდა… სიამოვნების კვნესაც აღმოხდა ბოლოს…
ის წუთები არასდროს დამავიწყდება…
ეს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რაც კი ოდესმე მქონია…
მისი კოცნა - ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც კი ოდესმე ვინმესგან მიმიღია…
- ალბათ ეს არის ბედნიერება, არა? - თქვა მან, როცა, როგორც იქნა, მოვწყდით ერთმანეთს და თმაზე გადაისვა ხელი.
თვალი გავაპარე გვერდზე, ჩემს საქციელზე იქ მყოფთა რეაქცია მაინტერესებდა. ისეთი არაფერი, ერთი-ორი ეშმაკური მზერა დავიჭირე მხოლოდ.
- ამწუთას მეც სწორედ ეგ გავიფიქრე. შოკში ვარ… უბრალოდ, არ გელოდი… არა, მართლა არ გელოდი… არ მეგონა, თუ მოხვიდოდი. ვიცოდი, შორეულ მომავალში აუცილებლად რომ შეგხვდებოდი, მაგრამ აქ, ამ სიტუაციაში ძალზე მოულოდნელი იყო შენი ხილვა. წამი და… მე და შენ ერთად ვართ, ვლაპარაკობთ… და შენ ჩემთან ყოფნა გსიამოვნებს, შენ ჩემთან გინდა… ეს ყველაფერია…
- ისეთი მოვდიოდი აქეთ… კი არ მოვდიოდი, მოვრბოდი… სულ გადამავიწყდა, რა იყო და როგორ. უბრალოდ, უნდა მენახე. ახლა სავსე ვარ შენით და ეს დიდხანს გამყვება, მეორე ნახვამდე მეყოფა.
სწორედ ამ დროს გამოაცხადეს, რომ შეხვედრის დრო ამოიწურა. სიხარულისაგან ისე ვიყავი გაბრუებული, გული არ დამწყვეტია. ნატასი არ იყოს, მეც მეგონა, რომ დიდხანს გამყვებოდა მისი მოსვლით მიღებული სიამოვნება, თუმცა… ნახევარი საათიც არ გასულა მისი წასვლიდან, რომ უკვე მივხვდი, როგორ მაკლდა მისი სიახლოვე…
მეორე დილით პირი არ დამიბანია, არც მისაუზმია, რომ მისი ტუჩების სურნელი არ გამქრალიყო. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს…
8 8 8
პირველი წერილი ხუთი დღის შემდეგ მივიღე… სევდით და მონატრებით გაჟღენთილი წერილი… ცოტათი უცნაური, ცოტათი დამაბნეველი… ფარატინა ქაღალდს ნაცნობი სურნელი ასდიოდა… კონვერტი ხელში ავიღე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი.
«მე 16 წლის ვარ - გულუბრყვილო და მიამიტი, ჯერ კიდევ არ ვიცი არაფერი… მიყვარხარ, მაგრამ არ გენდობი, რადგან ნდობის საბაბს არ მაძლევ… და შენ მიდიხარ… მაინც მჯერა, რომ დაბრუნდები… რაღაც მაკავებს…
მე 17 წლის ვარ - ისევ ისე მიყვარხარ და გელი… მერე კვლავ აქ ხარ, მაგრამ ცოტა ხნით…
მე 18 წლის ვარ - არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ჩემ გვერდით და როდის… მე მხოლოდ შენი სხეულის სურნელი მიყვარს, შენი ხმა, შენ, მხოლოდ შენ… მჯერა, რომ ისევ მოხვალ და მალევე წახვალ… ჩემთვის ესეც ნუგეშია.
მე 19 წლის ვარ - საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, სხვას ვეძებ, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ შენ მიყვარხარ… შენ კი… მოდიხარ და მიდიხარ ისე, ვითომ არაფერი…
მე 20 წლის ვარ - ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო, შენს შემცვლელს გაფაციცებით ვეძებ.
თავს ვიტყუებ, არადა, მაინც შენ მიყვარხარ. შენ შესახებ პრაქტიკულად ყველაფერი ვიცი, მაინც ვერ გელევი. ვბრაზდები და მერე ისევ გპატიობ…
ხანდახან მინდა ისე ხმამაღლა ვიყვირო, რომ მეზობლების სახლებში მინები ჩაიმსხვრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოცვივდეს და იკითხოს, რა ხდებაო… რომ ერთი წამით მაინც მოვწყვიტო ყველა თავის პრობლემას, თავის საზრუნავს, აზრებს, საქმეს… რათა გაიგონ, რათა მიხვდნენ, რომ ამქვეყნად მათ გარდა კიდევ არის ვიღაც, ვისაც ძალიან უყვარს… მაგრამ ეს არ მოხდება, არ შემიძლია. ერთადერთი, რაც შემიძლია, სიყვარულია. ერთადერთი, რაც გადამარჩენს. მე უფრო მეტად მჭირდები, ვიდრე - შენ.
მომენატრე… სიგიჟემდე მომენატრე… ისტერიკამდე… მომენატრა ის სითბო, სადღაც, გულთან ახლოს რომ გაქვს… ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი… ის რაღაც შენი სიყვარულია, სხვა არაფერი…
ახლა კვლავ შენთან ვარ… თან არ ვარ… ახლოს ვართ ერთმანეთთან, ამავდროულად - ძალიან შორს…
თუ გსურს, გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, გააკეთე ის, რაც არასდროს გაგიკეთებია…
მე 20 წლის ვარ და… მიყვარხარ…»
იმდენჯერ წავიკითხე წერილი, ზეპირად ვისწავლე. ისეთი ბედნიერება მეხატა სახეზე, თავჩაღუნული დავდიოდი, რომ არავის შეემჩნია. შეყვარებული ვიყავი და მრცხვენოდა, ვინმეს გაეგო ეს. რა დროს სიყვარულია ციხეში, როცა პატიმარი გქვია, როცა…
იმ საღამოსვე დავჯექი და პასუხი მივწერე. თბილი, მაგრამ ზომიერებით გაჯერებული. რაღაც მაკავებდა, რაღაც მიშლიდა ხელს, ბოლომდე გავხსნილიყავი. ყველაზე მეტად ალბათ ცენზურა, იქ ხომ პატიმრების ყველა წერილს კითხულობდნენ. სათქმელი შეფარვით მაინც ვუთხარი. ყოველ სიტყვაში მის ოცნებებს ვეფერებოდი…
ის იყო, დავამთავრე, რომ ამირანი დამადგა თავს. ოჩამჩირელი იყო, აფხაზი, ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს. ვმეგობრობდით, არ იყო ცუდი ბიჭი. გადამეკიდა, გინდა თუ არა, მითხარი, ვის სწერო. იმდენი მეხვეწა, მათქმევინა. ჩემგან მოკითხვა გადაეციო, მთხოვა. რა უნდა მექნა, მისი მოკითხვაც ჩავწერე წერილში, დავკეცე და კონვერტში ჩავდე. მეორე დილითვე ჩავაბარე ფოსტას და… იმწუთიდან დღეების ათვლა დავიწყე, როდის მომივიდოდა პასუხი. დღე და ღამე ნატაზე ვფიქრობდი. იმდენად დიდი იყო მასთან ყოფნის სურვილი, შიგნიდან მთელი ორგანიზმი მეწვოდა თითქოს… არც ჭამა მახსოვდა, არც სმა. როგორც კი ფოსტა მოვიდოდა და ჩემს გვარს დაიძახებდნენ, ჭარხალივით ვწითლდებოდი. მერე დაუსრულებლად ვკითხულობდი მის ნაწერებს და სათითაოდ ყველა წინადადებას ვიმახსოვრებდი… ისე, თავისით, ჩემდა უნებურად…
ასე გრძელდებოდა დიდხანს. ნატა მწერდა, მეც ვწერდი… ხანდახან ამირანი მთხოვდა მისი წერილების წაკითხვას. მეც ხანდახან ვაკითხებდი, თან მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ მონაკვეთს, რომელშიც მას მოკითხვას უთვლიდა.
ერთხელაც გვერდით მომიჯდა და მითხრა, თუ არ გეწყინება, მეც მივწერ ნატასო. დავიბენი. თუმცა, რომ დავფიქრდი, ამაში ცუდი ვერაფერი ვნახე და დავთანხმდი. ამირანი ცუდად ფლობდა ქართულ ენას, ძირითადად რუსულად საუბრობდა ან მეგრულად. წერილის წერისას, თუ წინადადების გამართვა გაუჭირდებოდა, ან სიტყვას ქართულად ვერ იხსენებდა, მე მეკითხებოდა, როგორ არისო. მეც სიცილით ვუხსნიდი და თითოეულ ბგერას ვკარნახობდი. მალე ნატამ მასაც მოსწერა წერილი - სულ რამდენიმე სიტყვა. ამირანი ცას ეწია სიხარულით, ჩემთვის წერილი ჯერ არავის მოუწერიაო. ათჯერ მაინც წამიკითხა.
ამასობაში თებერვალიც მიიწურა. თვე-ნახევარიც და… მიმაგრებაში გავიდოდი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა ის დღე, როცა თავისუფლება მეღირსებოდა და ნატას ვნახავდი. მამაჩემმა მინახულა და მითხრა, რამდენიმე კვირაში ყველაფერი დადებითად გადაწყდებაო. ძალიან იყო მოტეხილი და მობერებული… შემეცოდა, ჩემ გამო რამდენი რამ გადაიტანა.
ნატასთან ეგრევე ვაფრინე წერილი, მაქსიმუმ ორ თვეში გამოვალ-მეთქი და მის რეაქციას დაველოდე…
ამაოდ… მთელი თვე ისე გავიდა, მისგან პასუხი არ მიმიღია… მე კი წერილს წერილზე ვუგზავნიდი…
* * *
დღე დღეს მისდევდა. ორიოდე კვირაც და «სამშვიდობოზე» გავიდოდი. ორ სასიხარულო ცნობას მოუთმენლად ველოდი - ნატას წერილს და გათავისუფლების შესახებ ბრძანებას. პირველი იგვიანებდა, მეორე ახლოვდებოდა.
ერთ დღესაც, გოგა გამომეცხადა. იმდენად მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა და ისეთი სახე ჰქონდა, შემეშინდა, რამე ცუდი ამბავი ხომ არ მომიტანა-მეთქი.
- შენ ისე არ მოხვიდოდი, რამე მოხდა? - ვკითხე და მის რეაქციას დავაკვირდი.
- ისეთი არაფერი, უბრალოდ… - თქვა და თვალი ამარიდა.
- მითხარი, რა ხდება, არ დამიმალო, - მივხვდი, საქმე ნატას ეხებოდა.
- ეს ამირანი ვინ არის? - მკითხა და ჩაახველა.
- რომელი ამირანი?
- ის «მასტი», აქ რომ გყავს.
- რა იყო, დააშავა რამე? კარგი ბიჭია, რა ვიცი.
- ენდობი?
- შეძლებისდაგვარად… რას წელავ, თქვი, რისი თქმაც გინდა, რა გაიგე ამისთანა? - არ მესიამოვნა მისი ტონი.
- ნატაზე მოუყევი მაგას რამე? - გოგა თითქოს დაკითხვას მიწყობდა.
- ბოლოს და ბოლოს, იტყვი თუ არა, რა ხდება. რას გადაეკიდე ამ ამირანს? - ვეღარ
მოვითმინე და გაბრაზებულმა ვუყვირე.
- რამდენი ხანია, იმ გოგოს წერილი არ მიგიღია?
- დიდი ხანია, თვეზე მეტი იქნება.
- შენ თუ სწერ?
- აბა, რას ვაკეთებ, ვწერ, მაგრამ არ მპასუხობს.
- არც იმას მიუღია შენი წერილები.
- არ მჯერა.
- უნდა დაიჯერო… და თუ იცი, რატომ?
- რატომ?
- ეგ შენი ამირანი ნატას აბამს და იმიტომ.
- ნუ გაახურე, - ყურებს არ ვუჯერებდი, მეგონა, ეს ყველაფერი მესიზმრებოდა.
- ჰო. უგზავნის და უგზავნის სასიყვარულო ბარათებს, თან პირდაპირ კი არ ეუბნება სათქმელს, შორიდან უვლის. შენზე კი სიტყვას არ ძრავს, თითქოს არც არსებობ. რა უფლებით წერს წერილებს შენს შეყვარებულს ვიღაც ოჩამჩირელი «კარმანშჩიკი»? მეტი საქმე არაფერი აქვს? ან სად მიდის ნატას წერილები? ან შენი? რატომ იკარგება? ვეჭვობ, ეგ დედანატირები გიმალავს რაღაცას. მოისყიდა ალბათ რომელიღაც ბადრაგი და მის წერილებს შენამდე არ უშვებს, შენსას კი ნატამდე. ახლა გასაგებია, რატომაც ვერჩი?
- დაუშვებელია, ის ამას ვერ გაბედავდა.
- უკვე გაბედა და ეგაა. აბა, სხვა რა უნდა იფიქრო ადამიანმა? შენ სწერ, ის გწერს, ერთმანეთის ბარათებს არ იღებთ. სად ქრება, როგორ გგონია? მაგის ნაჯღაბნები კი იმდენი მისდის ნატას, უჯრაში აღარ ეტევა უკვე.
- მოვკლავ… - კბილებშუა გამოვცერი და ხელები მოვმუშტე.
- მოკვლა საქმეს არ უშველის. ჯერ გაარკვიე, რატომ იქცევა ასე. იქნებ… რა ვიცი, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო.
- კარგია, რომ მითხარი. მაგ საქმეს მე მოვუვლი.
- ახლა ნამეტანი არ აურიო, იცოდე. არ დაგავიწყდეს, რომ დღე-დღეზე აქედან გადიხარ. მდგომარეობას ნუ გაირთულებ.
- ვიცი, რაც უნდა ვქნა. კიდევ კარგი, მოხვედი და მითხარი, თორემ რა აღარ ვიფიქრე მაგ გოგოზე.
_- იცი, რა დღეშია? სპეციალურად ჩამოვიდა ჩემთან ამის სათქმელად. იმანაც ის იფიქრა, ალბათ ზაზას აღარ უნდა ჩემთან ურთიერთობა და ამიტომ აღარ მწერსო.
- კარგი, გოგა, ყველაფერს გავარკვევ, - ისე ავნერვიულდი, ხელები ამიკანკალდა.
ერთმანეთს დავშორდით თუ არა, ამირანს მივადექი. ნარზე წამოწოლილი თვლემდა. ფეხზე მუხლი გავკარი და შევაღვიძე. დაფეთებული ზეზე წამოიჭრა და უაზროდ აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება.
- რა იყო? - შეშინებული ბოლოს მე მომაჩერდა.
- საქმე მაქვს, გამოდი, სამრეცხაოში ჩავიდეთ.
ეს გარეშე თვალისგან ყველაზე შეუმჩნეველი ადგილი იყო. თუ ვინმეს ვინმესთან საქმე გასარჩევი ჰქონდა, სამრეცხაოში ჩადიოდნენ და იქ მიდიოდა მთელი «რაზბორკები». თუ მაინცდამაინც დანის ტრიალზე არ მიდგებოდა საქმე, გარჩევები ისე მთავრდებოდა, ბადრაგი ვერაფერს იგებდა. გინებას და ცემა-ტყეპის ხმას კი სარეცხი მანქანების ხმაური ახშობდა.
შევატყვე, არ ესიამოვნა ამირანს ჩემი ნათქვამი, მაგრამ არ შეიმჩნია და ზლაზვნით წამოიმართა. უსიტყვოდ გამომყვა უკან. თავის მოთოკვა მიჭირდა, მაგრამ არც ჩემი საქმის გაფუჭება მინდოდა. ამიტომ ვცდილობდი, მაქსიმალური სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
სარდაფში ჩავედით. ყველაზე ბნელი კუთხისკენ გავემართე, სადაც მზის სინათლეც კი ძლივძლივობით აღწევდა და არც მანქანების გრუხუნის ხმა ისმოდა შემაწუხებლად.
- აქ რისთვის მომიყვანე? - გაუბედავად იკითხა ამირანმა.
თავი ავწიე და გამგმირავი მზერა ვესროლე.
- აბა, მომიყევი ერთი, რა ტრიუკები ჩამიტარე! - ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და ფეხებგაჩაჩხული წინ ავესვეტე.
- რა ტრიუკები, არ მესმის, რას ამბობ, - ამირანი ტყემალზე შეჯდა.
- რა შინაარსის წერილებს სწერ ნატას, მომახსენე ერთი!
ამის გაგონებაზე სახე გაუქვავდა, როგორც ჩანს, არ ელოდა, ეს ამბავი თუ მეცოდინებოდა.
- რა წერილი… რამდენი ხანია, არაფერი გამიგზავნია, - ადგილზე ცმუკვა დაიწყო, თითქოს გასაქცევად ემზადებაო.
- შენ ბლოკავ ჩემს წერილებს?
- საიდან მოიტანე, ვინ გითხრა ეს სისულელე, ბრედ კაკოი! - ქართულ-რუსული ერთმანეთში აურია დაბნეულმა.
- რატომ აკეთებ ამას, შენი დედაც… ეს არის შენი ადამიანობა? ასე გესმის ძმაკაცობა? -ვგრძნობდი, თანდათან როგორ ვკარგავდი ჩემს თავზე კონტროლს. კიდევ რომ გაეგრძელებინა უარყოფა, თავს გავუჩეჩქვავდი.
- კარგი, კარგი… მოდი, დავილაპარაკოთ, ჩხუბი არ გვინდა, ყველაფერს აგიხსნი, ძმაო, - თქვა მოულოდნელად და უკან-უკან დაიწყო დახევა.
- რაზე უნდა დაგელაპარაკო, შე ახვარო, ან რას ამიხსნი, რა გაქვს ასახსნელი! - ის უკან იხევდა, მე მისკენ ვიწევდი, თან ისე ვაფათურებდი ჯიბეებში ხელებს, თითქოს დანის ამოღებას ვაპირებდი.
- შენ… შენ რა საქმე გაქვს ნატასთან. ცოლი გყავს, შვილი… დავოლნა, რა, გეყოფა… მე ხალასტოი ვარ. ეყოფა, სანამ უნდა იყოს შენი ნაშა? მე სერიოზულად ვუყურებ, ცოლად მინდა, საგულაოდ კი არა.
წინადადების ბოლომდე დამთავრება არ ვაცალე, გავუქანე და ისეთი ძალით ვხიე მუშტი სახეში, ცხვირიდან სისხლი წასკდა. ინსტინქტურად სახეზე აიფარა ხელი, ტკივილისგან სახე დაეღმიჭა და ჩაიმუხლა. რამდენიმე წუთს ასე იჯდა ჩაცუცქული, მერე ერთი დაიღრიალა და გინებით გამოქანდა ჩემკენ. მეტიც არ მინდოდა, სანამ ხელს მომიქნევდა, წიხლი ჩავაზილე საზარდულში და…
არ მახსოვს, რამდენ ხანს ვურტყამდი… აზრზე პაპუნას ყვირილმა მომიყვანა… ოთხი კაცი მაკავებდა… ძლივს გაგვაშველეს…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>