ამ გოგოს გულის მაგივრად ლოდი უდევს გულში! დავაპირე, კიდევ მეთქვა რამე, შემეგონებინა, მაგრამ ტუჩზე თითი მომადო, კრინტი არ დაძრაო, მერე ლოყაზე მაკოცა და პალატიდან გავიდა. თან ისე გავიდა, ერთხელაც არ გახედა ირაკლის.
გავყურებდი დერეფანში მიმავალს და თავი სიზმარში მეგონა. როგორ შეცვლილა. მთლად ასეთი წყალწაღებული არ იყო ადრე. ვერაფრით წარმომედგინა, რომ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ასე სასტიკი აღმოჩნდებოდა. მის საქციელს გამართლება არ ჰქონდა.
მარტო დავრჩი. ფანჯარასთან მივედი და გარეთ გავიხედე. უაზროდ ვიყურებოდი ქუჩაში. უეცრად კვნესა შემომესმა. შემოვტრიალდი, საწოლთან მივედი და მამაკაცს დავხედე. შემზარა მისმა დალურჯებულმა სახემ…
სიბრალულისგან გული მომეწურა, პირი გამიშრა და თითქოს თავბრუც დამესხა. ძალიან მეცოდებოდა, თან მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი და გადაარჩინა.
დავყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი. ჩემ წინ ირაკლი მაყაშვილი იწვა -მიზანსწრაფულობით, სიძლიერით, ჭკუითა და გარეგნობით გამორჩეული მამაკაცი. საინტერესოა, რა ფერის თვალები აქვს? გონება დავძაბე, იქნებ ეკრანიდან ან ჟურნალის ფურცლებიდან მაინც გამეხსენებინა მისი თვალების ფერი, მაგრამ ვერ აღვიდგინე. სამაგიეროდ, თვალნათლივ ვხედავდი მის ტუჩებს, რომლის მოყვანილობა მის მგრძნობიარობასა და ვნებიანობაზე მიანიშნებდა. ნუთუ ასეთი მამაკაცი ლოგინს უნდა მიეჯაჭვოს? აფსუსი არ არის?
ამის გაფიქრებაც კი ტკივილს მაყენებდა. ნეტავ რატომ? გული კვლავ მომეწურა და თავი უსუსურად ვიგრძენი. ერთიანად ამაკანკალა, ფეხზე დგომა გამიჭირდა. ირგვლივ მიმოვიხედე, თვალებით სკამს დავუწყე ძებნა და მოულოდნელად ნინას დატოვებული ბეჭედი შევამჩნიე. ჩანდა, რომ აშკარად ძვირად ღირებული სამკაული იყო, თუმცა ნინამ ძალზე ადვილად გაიმეტა იგი. განა რა იყო ამაში გასაკვირი, როცა შეყვარებული, ლამის საქმრო, გაიმეტა?
ბეჭედი ავიღე და, სრულიად უნებურად, თითზე წამოვიცვი. უბრალოდ, მაინტერესებდა, როგორი ეფექტიანი იყო. უცნაური გრძნობა დამეუფლა. ჩემს ხელს დავყურებდი და… ავისმომასწავებელი ფიქრების ბურუსში ვეხვეოდი… ცოტა ცრუმორწმუნე ვარ, გარკვეული ცრურწმენების ბავშვობიდან მჯერა.
ამ დროს პალატაში თეთრხალათიანი ქალი შემოვიდა, ალბათ, ექთანი. იგი მომესალმა, აქ დიდხანს გაჩერება არ შეიძლებაო, გამაფრთხილა და წვეთოვანს მიუახლოვდა შესამოწმებლად. კვლავ ფანჯრისკენ გადავინაცვლე, რომ მისთვის ხელი არ შემეშალა. არ ვიცოდი, რა მექნა - წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი. წასვლა მინდოდა, მაგრამ დარჩენაც არანაკლებ მინდოდა. მეცოდებოდა ირაკლი, ასე უპატრონოდ რომ იწვა, მარტოსულივით მიტოვებული. არც ის ვიცოდი, ბეჭდისთვის რა მომეხერხებინა. არც წაღება მინდოდა, მაგრამ დასატოვებლადაც მენანებოდა. უფრო სწორად, არ ვიცოდი, ვისთვის შეიძლებოდა, დამეტოვებინა. ვის ენდობი დღევანდელ დროში?
უცნაურმა ღელვამ შემიპყრო. რაღაც მემართებოდა და ვერ ვაანალიზებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს.
მოულოდნელად მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე.
«მე უნდა დავრჩე! მე მასთან უნდა დავრჩე! არ შემიძლია მისი მიტოვება. ეს ჩემი ვალია. მან ჩემი და გადაარჩინა!» - საკუთარ თავს ვამართლებდი ამ არგუმენტებით.
- ხომ შეიძლება დავრჩე? - ექთანს მივუბრუნდი.
- თქვენი ნებაა, როგორც გნებავთ, მაგრამ გარეთ უნდა დაელოდოთ, აქ ყოფნა არ შეიძლება, რომ დაგინახონ, სამსახურს დავკარგავ.
- მაგაზე მე ვაგებ პასუხს, თქვენ არ ინერვიულოთ. ერთი ეს მითხარით, მის ახლობლებს თუ შეატყობინეთ? იციან, რაც მოხდა? თუ მე ვიზრუნო ამაზე? - ვეკითხებოდი ქალს და თან მშვიდად ველოდებოდი, როდის მოამთავრებდა თავის საქმეს.
- დიახ, უკვე დაურეკეს და იმედია, მალე მოვლენ. წარამარა რეკავენ, როგორ არისო.
«კიდევ კარგი, რომ იციან. ესე იგი, მარტო აღარ იქნება. დაველოდები მისი მშობლების მოსვლას, ბეჭედს მივცემ და მერე წავალ», - დავიმშვიდე თავი.
- მითხარით, თუ შეიძლება, ექიმი სად ვნახო?? მინდა დაველაპარაკო, რომ პალატაში დარჩენის ნება დამრთოს.
ექთანმა გამიღიმა.
- როგორ არ შეიძლება, საორდინატოროში წამობრძანდით.
ქალი გავიდა და მეც უკან მივყევი.
საორდინატოროში საშუალო ასაკის ჟღალთმიანი ქალი იჯდა და რაღაცას წერდა.
- გამარჯობა, ექიმო, - მივეახლე და ხელი ჩამოვართვი, - მე ირაკლის ახლობელი ვარ. როგორ არის საქმე? არის გადარჩენის შანსი?
- ჯერჯერობით მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, საკმაოდ სერიოზული ტრავმები აქვს მიღებული, მაგრამ, საბედნიეროდ, ხერხემალი არ აღმოჩნდა დაზიანებული. ეს კი იმის იმედს იძლევა, რომ ინვალიდობა არ ემუქრება.
- რას ამბობთ, - სიხარული ვერ შევიკავე და მთელი ხმით ვიყვირე, - ესე იგი, სიარულს შეძლებს?
- უეჭველად.
გულზე მომეშვა. ისე ავღელდი, ერთ ადგილას ცმუკვა დავიწყე.
- რა ბედნიერებაა, მადლობა ღმერთს!
- და ქირურგს, - დაამატა ექიმმა, - სავარაუდოდ, კარგა ხანს მოუწევს აქ ყოფნა, მაგრამ იმდენად ძლიერი ორგანიზმი აქვს პაციენტს, რომ იმაზე სწრაფად გამოჯანმრთელდება, ვიდრე ვვარაუდობდით. თქვენ ვინ ბრძანდებით მისი? მეგობარი თუ…
ამ შეკითხვამ თავზარი დამცა. ამ ქალს ჰგონია, რომ ირაკლის შეყვარებული ვარ. პირი გავაღე, რათა მისთვის ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ რატომღაც, დუმილი ვარჩიე. ისიც საკმარისი იყო, რომ ირაკლისთვის მომიწევდა ყველაფრის ახსნა, უცხოს რატომ უნდა გავაგებინო ჩვენი ოჯახური საიდუმლო?
- დიახ, მე მეგობარი ვარ, რა თქმა უნდა, და თქვენთვის მინდოდა მეთხოვა, რომ თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ დავრჩენილიყავი მასთან პალატაში, სანამ მშობლები მოვლენ.
ქალმა ჯერ ორჭოფულად შემომხედა, მერე კი თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად და მითხრა:
- ოღონდ ხალათი ჩაიცვით, საპროცედუროში შედით და იქ მოგცემენ, სანიტრებს უთხარით ჩემი სახელით.
- დიდი მადლობა, ექიმო, გულისხმიერებისთვის, - კიდევ ერთხელ ჩამოვართვი ქალს ხელი და გამოვედი.
ცუდს რას ვაკეთებ? ჩემმა დამ შეცდომა დაუშვა, მე კი ეს უნდა გამოვასწორო. იმედია, ნინო ერთ დღეს დამიფასებს ამ საქციელს.
პალატაში დაბრუნებულს ექიმი ფეხდაფეხ მომყვა და მამაკაცის უძრავ სხეულს დახედა, მერე მაჯა გაუსინჯა.
- რამდენიმე საათის შემდეგ გაიღვიძებს, ჯერ ნარკოზშია. თქვენს ადგილას, შინ წავიდოდი და დავისვენებდი. თქვენც არანაკლები სტრესი გადაიტანეთ.
- არა, დავრჩები, შინ რა გამაჩერებს, როცა აქ ასეთი მდგომარეობაა, - თავი მტკიცედ გადავაქნიე უარის ნიშნად.
როცა ექიმი გავიდა, მობილური ამოვიღე და შინ დავრეკე. არავინ მიპასუხა. შემდეგ ნინოს მობილურის ნომერი ავკრიფე, მაგრამ ოპერატორის ნაცნობი ტექსტი მოვისმინე მხოლოდ, მობილური გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდანო.
სკამი ირაკლის საწოლთან ახლოს მივაჩოჩე და ზედ დავეშვი. ახლა მასთან მარტო ვიყავი. შევყურებდი მის გადაფითრებულ სახეს და საბანზე უღონოდ დაწყობილ გრძელთითებიან ძლიერ ხელებს. დაუფიქრებლად შევახე ხელზე ხელი. მეთბილა მისი თითები. უეცრად თითქოს რაღაც მოხდა, ზუსტად ისე, როგორც ფილმებში ხდება, თითქოს მისი ხელის სითბო მთლიანად სხეულში ჩამეღვარა, ნელ-ნელა აუყვა ჩემს ხელს და ერთიანად შემათბო. საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი, თვალები დავხუჭე და ასე დავრჩი.
- ნიცა?
ხმამ გამომაფხიზლა. ჩამძინებოდა. რამდენიმე წამი დამჭირდა იმის გასახსენებლად, რა მოხდა და სად ვიყავი. ირაკლის გამოღვიძებოდა.
- ნიცაცო… - ხმაში მოუთმენლობა ეტყობოდა მამაკაცს, გახშირებულად სუნთქავდა. ეტყობოდა, რომ ტკივილისაგან სუნთქვა უჭირდა.
გამიკვირდა, ნიცათი რომ მომმართა. მას ჩემი სახელი, წესით, არ უნდა სცოდნოდა. შეიძლება ჩემი არსებობაც კი არ იცოდა. რა თქმა უნდა, ეს ნინოს ოინები იყო. მას უყვარდა ჩემი სახელი და ბევრჯერ მიუთვისებია. ხშირად ეცნობოდა ადამიანებს ნიცათი. ყოველთვის იმას წუწუნებდა, რატომ შენ დაგარქვეს ასეთი უცხო და ლამაზი სახელი და არა მეო. აშკარა იყო, რაც ერთად აღარ ვცხოვრობდით, საბოლოოდ დაისაკუთრა ჩემი სახელი.
ირაკლისკენ დავიხარე, მინდოდა, მისთვის მეთქვა, რომ მე ნინა არ ვიყავი და, საერთოდ, ამეხსნა ყველაფერი, მაგრამ მისი ულამაზესი თვალების სიღრმეში ისე ჩავიძირე, ენა დამება.
მთელ ჩემს არსებაში რაღაც უჩვეულო ხდებოდა. გრძნობები ამეშალა. ასე მეგონა, სხეულის ყველა უჯრედს მაღალძაბვიანი ელექტროდენი ურტყამდა.
- ნიცაკო… - მამაკაცი ჩემს სახელს სხვადასხვა ვარიაციაში წარმოთქვამდა.
ეს უკვე მესამედ დამიძახა. მომეჩვენა, რომ უფრო დაეძაბა ხმა, თითქოს ღრმა ძილიდან ეს-ესაა, გამოფხიზლდაო. ამოვიოხრე და წამოვდექი, რათა უკეთ დავენახე. საშინლად ვღელავდი. შევეცადე, თავი ხელში ამეყვანა, მაგრამ ნერვიულობისგან უეცრად თვალთ დამიბნელდა.
- აქ ვარ, - ხმადაბლა წავილუღლუღე და მაჯაზე შევავლე ხელი.
მამაკაცი კვლავ მძიმედ სუნთქავდა.
- კარგად ხარ? არაფერი გაწუხებს?
აბა, კარგად როგორ უნდა ვყოფილიყავი, როცა თავს ერთბაშად ამდენი რამ დამატყდა, მაგრამ მას ეს არ ჰქონია მხედველობაში. მას ის აინტერესებდა, მეც ხომ არ დავშავდი. უფრო სწორად, არა მე, არამედ ჩემი და. დავიბენი. ვერ მოვიაზრე, როგორ მოვქცეულიყავი. მაინც დუმილი ვარჩიე. ასეთ მძიმე ავადმყოფს ვერ დავუწყებდი ახლა სიმართლის მოყოლას, ნამდვილად არ ღირდა ამ მდგომარეობაში. თან არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ სწორად გამიგებდა. მისი რეაქციის შემეშინდა. იქნებ სიმართლე მისთვის უარესიც აღმოჩნდეს… ვერ გავრისკავდი.
- მე კარგად ვარ, ირაკლი, ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდი. არაფერი მჭირს, ახლა შენი კარგად ყოფნაა მთავარი და არა ჩემი.
მამაკაცი თავის წამოწევას შეეცადა, მაგრამ ძლიერმა ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა.
- მაგრად დამერხა? - ძლივს შესამჩნევად გაიღიმა.
კანკალმა ამიტანა. თავზე ხელი გადავუსვი, ერთხანს უსიტყვოდ ვეფერებოდი აწეწილ თმაზე. გულში ისევ ჩამეღვარა სითბო.
- ოპერაცია გაგიკეთეს. ექიმი ამბობს, საშიში აღარაფერია, გართულება არ არის მოსალოდნელიო. ძალიან მალე დადგები ფეხზე, რომ იცოდე, - მეც შევეცადე გაღიმებას, მაგრამ ვიგრძენი, როგორ მომებრიცა ტუჩები. ტირილი მომინდა.
მან თვალები დახუჭა, მე კი კიდევ ერთხელ ამოვიოხრე და ფანჯრისკენ გავიწიე, მაგრამ მისმა ხმამ შემაჩერა.
- არ მიმატოვო, ჩემთან დარჩი, - ტკივილისგან გათანგული ხმით წაიჩურჩულა.
- ნუ გეშინია, არსად არ მივდივარ, აქ ვიქნები, - შევპირდი. დავინახე, როგორ მოეშვა. ხელი კვლავ შევახე და დავამატე, - აქ ვარ, შენ გვერდით, - თუმცა მას ჩემი ჩურჩული აღარ გაუგონია, ისევ ჩაეძინა.
პალატაში სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ მონიტორის გულის გამაწვრილებელი წრიპინი ისმოდა. «რა მემართება? მერე რა, რომ დავრჩი? მე მხოლოდ მისი გამხნევება მინდა, სხვა არაფერი». -ვიმეორებდი ჩემთვის გულში, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ მსგავსი შეშფოთება და აღელვება აქამდე არასდროს განმიცდია. თვალს ვერ ვაცილებდი ირაკლის სახეს და ასე მეგონა, მას დიდი ხანი, მთელი ცხოვრება, ვიცნობდი.
ბეჭდიანი ხელი ერთხელაც ჩამოვუსვი ლოყაზე და დამდუღრულივით უკან გამოვწიე. არა, ეს შეუძლებელია! ნუთუ შემიყვარდა? ეს სიგიჟეა! მერედა, ვინ? ჩემი დის შეყვარებული? ჩემი ერთადერთი დის, ჩემი ტყუპისცალის? განა არსებობს ერთი ნახვით შეყვარება? დიდად არასდროს მჯეროდა ამის. ხანდახან სასაცილოდაც არ მყოფნიდა. ერთი ნახვით არავინ შემყვარებია. მხოლოდ მეჩვენება და მეტი არაფერი. ეს ხომ რეალობაა და არა კინოფილმი. ასეთი რამ მე ვერ დამემართება. ჩემი თავი ყოველთვის გაწონასწორებულ და მორიდებულ ადამიანად მიმაჩნდა.
კბილი კბილს დავაჭირე და ხელები თავზე შემოვიჭდე. ასე გაგრძელება დანაშაულის ტოლფასია. რაიმე უნდა ვიღონო. რა მძიმე დღე მქონდა. იქნებ ახლავე წავიდე და ბეჭედი აქ დავტოვო, მის სასთუმალთან?
როგორც იქნა, მივაღწიე ფანჯარასთან, მუხლები მეკვეთებოდა. ფიქრებში ისე გავერთე, არ ვიცოდი, რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ფეხს მაინც ვითრევდი, ვერ ვცილდებოდი მას, თუმცა ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა წავსულიყავი.
მოულოდნელად აჩქარებული და არეული ნაბიჯების ხმა შემომესმა. პალატის კართან ვიღაც ქალის შეშლილი სახე გამოჩნდა, რომელსაც უკან არანაკლებ შეშფოთებული მამაკაცი შემოჰყვა. ორივენი დაახლოებით ორმოცდათხუთმეტი-სამოცი წლისანი იქნებოდნენ. კაცი ძალიან ჰგავდა ირაკლის.
- გამარჯობათ, - დაბნეულმა გავიღიმე და მათკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი, - ირაკლის მშობლები ხართ, არა?
ქალმა ხელი გამომიწოდა.
- დიახ, თამარი, გენაცვალე. ეს გოგია, ჩემი მეუღლე. როგორ არის? - ხელი შემიშვა და შვილს მივარდა, დიდხანს უსვა სახეზე ხელები, კოცნა, ეფერა თვალცრემლიანი. როცა შვილის მოსიყვარულებით გული იჯერა, კვლავ მე მომიბრუნდა, - თქვენ ნიცა ხართ, ხომ? სულ თქვენზე მიყვებოდა ბოლო დროს. ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში მოგვიწია ერთმანეთის გაცნობამ. - მერე კვლავ შვილისკენ დაიხარა, კიდევ ერთხელ დახედა მის გაფითრებულ სახეს, რაღაც წაიჩურჩულა და შუბლზე ეამბორა.
- ნუ ღელავთ, ქალბატონო თამარ, საშიში არაფერია, ყველაფერი კარგად იქნება, - მისი გამხნევება ვცადე და მივხვდი, რომ სწორად ვიქცეოდი, ახლა მისი გამხნევება მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იმის ახსნა, რომ ირაკლის რჩეული კი არა, მისი და ვიყავი. -ექიმი ნახეთ?
- არა, პირდაპირ აქ შემოვცვივდით, მეგონა, ჩემს შვილს ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. დაბლა კი გვითხრეს, საშიში არაფერიაო, მაგრამ დედის გული ხომ იცით… რა ავარია მოხდა, შენც იქ იყავი, შვილო? - გამიშინაურდა «სადედამთილო».
კვლავ არჩევანის წინაშე აღმოვჩნდი. წუთითაც არ ვაპირებდი ჩემი დის რეპუტაციის გადარჩენას, მაგრამ ირაკლის გარეშე ხომ ვერ მოვუყვებოდი მის მშობლებს, სინამდვილეში რა მოხდა. ჯერ მას უნდა გაეგო სრული სიმართლე და თუ საჭიროდ მიიჩნევდა, მერე ჩააყენებდა მშობლებს საქმის კურსში.
აი, როგორც კი უკეთ გახდება, აუცილებლად ავუხსნი ამ გაუგებრობას, ახლა კი ჩემს დაზე სიტყვაც არ უნდა დამცდეს.
- ჰო, ერთად ვიყავით, მანქანა დაგვეჯახა, ირაკლიმ გადამარჩინა, ხელი მკრა, განზე გადამაგდო, თვითონ კი ბორბლებქვეშ მოყვა. - მოვყევი, რაც ვიცოდი, - მე კი არაფერი მჭირს, ერთი ნაკაწრიც არ მაქვს. - შეცბუნებულმა ამოვთქვი. ტყუილს ვამბობდი და ამწუთას საკუთარი თავი მეზიზღებოდა.
- ღმერთს მადლობა, რომ იოლად გადარჩით, რომ არ დავიღუპეთ, - თანაგრძნობით შემომხედა დედამისმა, - წარმომიდგენია, რა შოკში იქნებოდი, ჩემო გოგო. ირაკლი ვერ გადაიტანდა, შენ რომ რამე დაგმართნოდა.
წარმოვიდგინე ირაკლის რეაქცია. ნუთუ მართლა ასე ძლიერადაა შეყვარებული? ამაძაგძაგა. ამის გაფიქრებაც კი შიშის ზარს მცემდა. რა უფლებით ვიტყუები? ვინ მაპატიებს ამას? თავს იმით ვინუგეშებდი, რომ ჩემთვის უცხო, მაგრამ ახლა უკვე ახლობელი ადამიანის ჯანმრთელობაზე ვზრუნავდი. არ მინდოდა, მისთვის კიდევ ერთი დარტყმა მიმეყენებინა. ხომ ვთქვი, რომ მომჯობინდება, მერე გავუმხელ სიმართლეს-მეთქი? ეჰ, არც მაშინ დაადგება კარგი დღე. განა მტკივნეული არ იქნება, როცა გაიგებს, რომ ლამის მომაკვდავი საოცნებო ქალმა მიატოვა? მით უმეტეს, თუკი ასე უყვარს? ოჰ, ერთი ნინას თავი მომცა აქ, როგორ გავჩეჩავდი! ეს რა საგონებელში ჩამაგდო, არ გამიჩინა საფიქრალი? თითქოს ჩემი პრობლემები არ მყოფნიდა. რა უნამუსო გოგოა. ჯერ გამოიყენა მაყაშვილის სიყვარული, მერე კი მიატოვა. ასეთი კაცის უარყოფა როგორ შეიძლება? ახლა უნდა ყოფილიყო მის გვერდით, როცა ძალიან უჭირს. არა, ამას ნინას არასდროს ვაპატიებ. რა უცნაურია, ტყუპისცალები რატომ უნდა განვსხვავდებოდეთ ასე ერთმანეთისგან?
- მე გავალ, ექიმს მოვიყვან, - ვთქვი, რომ უხერხული სიტუაცია განმემუხტა.
- იყავი, შვილო, ნუ შეწუხდები, ჩვენ თვითონ ვნახავთ.
- არა, როგორ გეკადრებათ, რა შეწუხებაა, აქვე ზის, საორდინატოროში, - მივუგე და პალატიდან გავედი.
ლილი ექიმი მაშინვე გამომყვა და ირაკლის მშობლები დაამშვიდა, პაციენტს საშიშროება არ ემუქრება და მალე ფეხზე დადგებაო.
თამარი და გოგი ექიმის სიტყვებმა კარგ ხასიათზე დააყენა. მათ შვილთან დარჩენა გადაწყვიტეს და მე იძულებული გავხდი, იქაურობა დამეტოვებინა.
ნახევარ საათში შინ ვიყავი. ამდენი განცდისგან საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. ნინა ისევ არ ჩანდა. არც ტელეფონზე პასუხობდა, გამორთული ჰქონდა მობილური. ნეტავ სად დაეთრევა! - ბრაზი მახრჩობდა.
ვიბანავე და ლოგინში ჩავწექი. ისე მოვითენთე, რომ მალევე ჩამეძინა. ჩემი უბედურება ის იყო, რომ ძილშიც იმ გაფითრებულ, ზღვისფერთვალება კაცზე ვფიქრობდი, რომელმაც მოსვენება დამიკარგა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>