გვიან ღამით, როცა თვითმფრინავის ტრაპზე ავდიოდით, ირაკლიმ მკითხა:
_ შენი აზრით, ეს არის ბედნიერება?
_ ჰო, სწორედ ეს არის, _ კმაყოფილი ღიმილით მივუგე და მარჯვენა ხელის არათითზე წამოცმულ საქორწინო ბეჭედს თვალებგაბრწინებულმა დავხედე.
«მორჩა, დღეს თერთმეტი მარტია და მე გათხოვილი ქალი ვარ. ამიერიდან უკან აღარასდროს მოვიხედავ, წინ მხოლოდ მომავალია!» _ მტკიცედ შევუძახე ჩემს თავს და თაფლობის თვისთვის შევემზადე…
მსიამოვნებდა ჩემი ქმრის თვალთვალი, თავის ოთახში რომ ტრიალებდა, მე კი სავარძელში მოკალათებული ვუყურებდი.
არა, არაფრით არ შემეძლო ამ კაცის გარეშე ცხოვრება. _ წამიერად ნინა გამახსენდა და მოვიღუშე, _ ნეტავ სად არის? რას საქმიანობს? კარგად მაინც თუა?
უსიამოვნო ფიქრებისგან ირაკლის სასიამოვნო ხმამ გამომაფხიზლა.
_ ნიიც! გავდივარ და არ მოიწყინო, კარგი? შეხვედრა რომ არ მქონდეს, ვიცი, როგორც მოგეფერებოდი, მაგრამ ამჯერად უძლური ვარ, _ ხმაურიანად მაკოცა ტუჩებში და კარი გაიხურა.
მარტო დავრჩი. ტელევიზორი ჩავრთე, თუმცა ეკრანს არც ვუყურებდი, კვლავ ფიქრები მომეძალა.
ჩემს ქმარს რომ ვუყვარვარ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ის არასდროს ინანებს ჩემზე დაქორწინებას. უკვე რვა თვეა, ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენს ბედნიერებას საზღვარი არა აქვს, არც კი წავკინკლავებულვართ. ამ საღამოს კი არ იცის, როგორ სიურპრიზს ვუმზადებ. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენს ერთად ყოფნას აღარაფერი ემუქრება.
სააბაზანოში შევედი წყლის გადასავლებად. ათ საათზე ვიყავი ექიმთან დაბარებული და დაგვიანება არ მინდოდა. სარკესთან კიმონო გავიხადე და საკუთარი სხეული შევათვალიერე, განსაკუთრებით მუცელს დავაკვირდი, ხელით ფრთხილად შევეხე, მინდოდა, იქ ჩასახულ ახალ სიცოცხლეს მოვფერებოდი…
როცა უხილავი პატარას ალერსით გული ვიჯერე, ავჩქარდი. თავი მოვიწესრიგე და წასასვლელად გავემზადე…
ჩაწერილი კი ვიყავი ექოსკოპიაზე, მაგრამ მაინც მომიწია ლოდინმა, ვიღაც გოგო მოიყვანეს, რვა თვის ორსული, რომელსაც მოულოდნელად ასტკივებოდა მუცელი…
ჩემი ორსულობა საბოლოოდ დადასტურდა. შინ სულ ღიღინ-ღიღინით დავბრუნდი, მოსამსახურეს ნამცხვრები ამოვატანინე საცხობიდან და დავითხოვე, დღეს აღარ მჭირდები-მეთქი. მინდოდა, ვახშამი მე თვითონ მომემზადებინა ჩემი ქმრისთვის, საზეიმო სუფრა გამეშალა და ისე დავლოდებოდი.
ტანსაცმელი გამოვიცვალე და სამზარეულოში დავიწყე ფუსფუსი, თან განვლილ რვა თვეზე ვფიქრობდი. ირაკლის ოჯახმა სათანადოდ მიმიღო და შემიყვარა, მისი მეგობრებიც თბილად მექცეოდნენ, მათაც მოვწონდი. ჩემი ნახატები გერმანიაში გავგზავნე გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად და დადებითი პასუხი მომივიდა. ძალიან მალე ცოლ-ქმარი ერთად ვაპირებდით გამგზავრებას. ახლა ეს სიხარულიც დამემატა _ ჩემს სხეულში ჩაბუდებული პაწაწკინტელა არსება. ექიმმა მითხრა, ყველაფერი კარგადაა, შეგიძლია გაემგზავრო, ეს შენს ორსულობას საფრთხეს არ შეუქმნისო.
_ აი, ეს არის ის, რაზეც ვოცნებობდი, _ ჩემდა უნებურად, ხმამაღლა წამოვიძახე.
ირაკლის საყვარელი პიცა გამოვაცხვე, მაგიდას თეთრი სუფრა გადავაფარე, მერე ხილით და ნამცხვრებით გავალამაზე და ქმარს დაველოდე.
არც ჩემი თავი დამვიწყებია. ირაკლის საყვარელი ლურჯი კაბა ჩავიცვი, ვენეციაში რომ მიყიდა და სუნამოც დავიპკურე.
როგორც კი მისი მანქანის ხმა გავიგონე, ჰაერღუმლიდან პიცა გამოვიღე და თეფშით სუფრასთან მივიტანე.
ირაკლი ჰოლში შემოვიდა და თავიდან ვერც კი შეამჩნია, ხელში ორი ჭიქა კოქტეილი რომ მეჭირა.
_ რა უფრო გირჩევნია, ცივი კოქტეილი თუ ცხელი კოცნა? _ გავეხუმრე და კეკლუცად გადავხარე გვერდზე თავი.
_ ორივე, _ მითხრა და მომეხვია.
სასმლით სავსე ჭიქებიანი ხელები განზე გავშალე, რომ კოქტეილი არ დამღვროდა.
_ დალევა მინდა, თორემ ცუდად ვარ, _ ყურთან ვუჩურჩულე.
_ შეგვიძლია ეს კოქტეილი საწოლში წავიღოთ, _ მრავალმნიშვნელოვნად გამომეპასუხა.
რომ არა ჩემი წინასწარ შემუშავებული გეგმა, ამ მაცდურ წინადადებას უყოყმანოდ ავყვებოდი. ახლა კი მხოლოდ თავი გავაქნიე უარის ნიშნად, თვალით ვანიშნე, მომყევი-მეთქი და სასადილო ოთახისკენ გავემართე.
ირაკლიმ დაინახა საზეიმოდ გაწყობილი სუფრა, შეამჩნია თავისი საყვარელი კაბაც, ანთებული სანთლებიც და გაოცებული მომიბრუნდა:
_ რას აღვნიშნავთ?
_ რას და ჩვენი დაქორწინების რვა თვისთავს. არასაკმარისი მიზეზია? _ კეკლუცობას არ ვეშვებოდი.
_ ხოოო, რვა თვე მთელი საუკუნეა.
_ მთლად უკეთესი, _ მივუგე და კოქტეილი გავუწოდე.
_ ერთ წუთს დამიცადე, ახლავე მოვალ, _ მითხრა მან, ჭიქა ჩამომართვა, მაგიდაზე დადგა და გავიდა.
ვიფიქრე, შხაპის მისაღებად გავიდა-მეთქი. თურმე ტანსაცმელი გამოუცვლია _ გამოსასვლელი პიჯაკი და შარვალი ჩაეცვა და ჰალსტუხიც არ დავიწყებოდა.
საქმიანი იერით დაბრუნდა, მაცივართან მივიდა, მარტინი გამოიღო, გახსნა, ჩამოასხა და საზეიმო ხმით წარმოთქვა:
_ ეს გაუმარჯოს მსოფლიოში საუკეთესო ცოლს!
მან ბოლომდე დალია, მე კი ოდნავ მოვსვი. მერე სუფრას მივუსხედით და კარგად რომ დავნაყრდით, სხვათა შორის ვთქვი:
_ იცი? მღებავი დაგვჭირდება.
ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა.
_ რატომ, რა მოხდა? მეგონა, მოგწონდა რემონტი.
_ ჰო, მაგრამ ახლა პატარა საძინებლის ფერი არ მომწონს.
გაოცებით გამომხედა.
_ კი მაგრამ, შენ თვითონ არ შეარჩიე ვარდისფერი?
_ მე თვითონ შევარჩიე, მაგრამ ახლა ბაცი იასამნისფერი მირჩევნია.
_ იასამნისფერი? არ ჯობდა, ამაზე ადრე გეფიქრა?
ეშმაკურად შევღიმე.
_ აბა წინასწარ საიდან მეცოდინება, ვინ იქნებოდა? ამიტომ ნეიტრალური ფერი აჯობებს.
_ არ იცი, ვინ იქნება? _ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერაფრით მიხვდა, რის თქმას ვცდილობდი.
_ ჰო, ჯერ არ იციან, გოგო იქნება თუ ბიჭი.
ახლა კი გაუნათდა გონებაც და სახეც. უხერხულად მოიფშვნიტა ხელები და მორიდებული ხმით მკითხა:
_ შვილი გვეყოლება, ნიცაცო?
ჩემი ყურებამდე გაღიმებული სახე საუკეთესო პასუხი იყო…
ირაკლი სიხარულისგან გაოგნებული მომჩერებოდა.
ავდექი, მაგიდას შემოვუარე და მუხლებზე დავუსკუპდი.
_ აქამდე რატომ არ მითხარი? _ ხელები მომხვია.
_ როგორ აგიხსნა… ჩვენ ბავშვებზე არასდროს გვისაუბრია. არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდი ამ ამბავს, თან ბოლომდე არც ვიყავი დარწმუნებული ორსულობაში.
_ გეგონა, არ გამიხარდებოდა? რა სისულელეა, მაგარია, ძალიან მაგარი! ჩვენ შვილი გვეყოლება. ეს… ეს… ნამდვილად იცი, რომ ეს ყველაფერი მართალია?
_ ჰო, დღეს ვიყავი ექიმთან და ექოსკოპია გადამიღეს. ორსულობა კარგად მიდის, გართულებების გარეშე. _ მერე თავი მხარზე დავადე და ვუჩურჩულე, _ დიზაინერზე რომ გითხარი, გეხუმრე, ოთახს მე თვითონ მივხედავ.
_ რატომ შენ? მე აქ რისთვის ვარ? ერთად მოვაწყოთ. ახლა კი, რადგან საქმე ასე შეტრიალდა, შენი გადაღლა არ შეიძლება. მაგიდას მე ავალაგებ, შენ კი დაისვენე. _ ამ სიტყვებით ხელში ამიყვანა და დივანზე ისე გადამაწვინა, თითქოს ახალი მოლოგინებული ვყოფილიყავი, თვითონ კი ჭურჭლის ალაგებას შეუდგა.
მომდევნო დღეები სიყვარულით იყო სავსე, თითქმის სულ ერთად ვიყავით, ვიცინოდით, ვმხიარულობდით და ვგეგმავდით, როგორ გავზრდიდით პატარას. ირაკლი ისე შეიცვალა, გაოცებას ვერ ვმალავდი, ფაიფურის თოჯინასავით მივლიდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა. ჩემს ბედნიერებას ცისარტყელას ფერები დაედო, ყოველ წუთს სხვა ელფერს იძენდა, ლამაზს და მბზინავს…
გავიდა რამდენიმე კვირა და, როგორც იქნა, დავწყნარდით, გადავხარშეთ ეს სასიხარულო ამბავი და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა.
როგორც იქნა, მოვაბი ერთ გამოფენას თავი, მთელი კვირა დილიდან საღამომდე გალერეაში მიწევდა ყოფნა და შინ ისეთი დაღლილი ვბრუნდებოდი, არაფრის თავი არ მქონდა. თან ორიოდე კვირაში გერმანიაში გვიწევდა გამგზავრება და საბუთები გვქონდა მოსაწესრიგებელი. ერთი სიტყვით, საზრუნავი დამიგროვდა.
ერთ საღამოს, ჩვეულებისამებრ, დაღლილი დავბრუნდი შინ, ტანსაცმელი გამოვიცვალე და ირაკლის დასახვედრად მოვემზადე, რათა ერთად გვევახშმა. ისიც დროზე მოვიდა, როგორც ყოველთვის. ჰოლში მივეგებე, მოვეხვიე, ვაკოცე, მაგრამ შევამჩნიე, რომ უგუნებოდ იყო.
_ რამე მოხდა? რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, _ წარბები შევყარე.
თითქოს ჩრდილმა გადაურბინა სახეზე. იქნებ მომეჩვენა?
_ რა უნდა მომხდარიყო? არაფერი, _ მშვიდად მომიგო და ისე ცივად მაკოცა, ღიმილი პირზე შემაშრა. გავქვავდი, ასე არასდროს მოქცეულა. უსიამოვნო წინათგრძნობისგან გული შემეკუმშა.
რამდენიმე ნაბიჯით მოვცილდი, ქვედა ტუჩი კბილებშუა მოვიქციე და შორიდან დავზვერე ჩემი მეორე ნახევარი. ვერაფრით მივმხვდარიყავი, რატომ შემხვდა ასე ცივად.
_ თუ არ მითხარი, როგორ გავიგო, რა მოხდა? _ შიშნარევი ხმით შევეკითხე.
_ სხვები როგორ იგებენ? _ უხეშად დამიბრუნა პასუხი, _ მეგობრები მეუბნებიან, რომ უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ყველაფერი მაქვს, რაზეც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს _ კარგი სამსახური, მდიდრული სახლი და ლამაზი, მოსიყვარულე ცოლი. _ ირაკლი გაჩუმდა, უცნაურად შემათვალიერა და მკითხა:
_ მართლა გიყვარვარ?
ვერ ვხვდებოდი, რა დაემართა, რატომ მიწყობდა ამ დაკითხვას, გულში რა ედო. ვგრძნობდი, რომ შავი ღრუბლები გროვდებოდა ჩემს თავზე, ღრუბლები, რომლებიც წალეკვას მიქადდა. წინათგრძნობამ მიკარნახა, რომ რაღაც საშინელება მოხდა და ქმარს ჩემთვის ამის გამხელა არ სურდა.
_ ეგ რა შეკითხვაა, ხომ იცი, რომ მიყვარხარ, _ მხრები ავიჩეჩე ნირწამხდარმა, _ თუ ღმერთი გწამს, ამიხსენი, რა ხდება?
_ რა ხდება? არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, ერთი საინტერესო კაცი გამაცნეს, ესაა და ეს, _ მწარედ გაიღიმა, შემდეგ ბართან მივიდა, გამოაღო, დიდ ჭიქაში კონიაკი დაისხა და სულმოუთქმელად გადაკრა.
_ ვინ კაცია ამისთანა, ასე რომ აგაფორიაქა? _ გონებაში ყველა ჩემი ყოფილი თაყვანისმცემელი «გადავათვალიერე», მაგრამ ისეთი ვერავინ აღმოვაჩინე, ვინც ჩემთვის ჩირქის მოცხებას შეეცდებოდა. შავი ლაქა ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში.
_ უცხოელია, რიკო რაელი, კინოპროდიუსერი. ცნობილი პიროვნებაა. გიგამ გამაცნო. ახლახან ჩამოვიდა თბილისში იტალიელ ცოლთან ერთად. თურქეთში ყოფილა გადაღებებზე და ახლა აქაა, ლოკაციებისთვის ადგილებს ეძებს.
_ და მერე რა? ამაში ცუდი რა არის? შენთან რა შეხება აქვს? ფულის ჩადებას გაიძულებს ვინმე, თუ… _ ვერაფერი გავიგე.
ჩემმა რეაქციამ გააცინა.
_ ვითომ ცუდი არაფერია? _ დამცინავად მკითხა და სანამ რამეს ვეტყოდი, გააგრძელა, _ იცი რა? სუფრა ოთხ კაცზე გაშალე, მე სტუმრებს ველოდები.
გაოცებულმა ავხედე.
_ სტუმრებს? ვინ სტუმრებს? რატომ არ გამაფრთხილე? მოვემზადებოდი.
_ რიკო რაელს და მის მეუღლეს. ვფიქრობ, შენთვის საინტერესო ადამიანები იქნებიან, ამიტომ დავპატიჟე. ჩემგან არაფერს ითხოვენ, ამაზე შეგიძლია არ ინერვიულო.
ის იყო, პასუხის გასაცემად პირი გავაღე, რომ კარზე ზარი დაირეკა.
_ აი, ისინიც მოვიდნენ, _ შეფიქრიანებული ხმით ჩაილაპარაკა და ჰოლში გავიდა.
მართალია, ვერაფერს მივხვდი, მაგრამ მაინც სამზარეულოს მივაშურე, რათა სუფრის გაშლას შევდგომოდი.
_ ნიცა, ერთი წუთით გამოიხედე, _ ცოტა ხანში ირაკლიმ სამზარეულოს კარი შემოაღო და ვიღაც დაბალ, მსუქან მამაკაცს შემოუძღვა, რომელსაც აშკარად იტალიური იერი ჰქონდა, _ რიკო, გაიცანი, ეს ჩემი მეუღლეა.
მამაკაცი გაოცებული, პირდაღებული მომჩერებოდა.
_ ეს შეუძლებელია! _ წამოიძახა მან ინგლისურად.
დაბნეული მივაჩერდი ჯერ სტუმარს, მერე ირაკლის, რომელსაც სახე გაჰფითრებოდა. მოულოდნელად კარი კვლავ გაიღო და ზღურბლზე წითელკაბიანი ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გამოჩნდა, ქალი, რომელთან შეხვედრაც ცხოვრებაში ყველაზე ნაკლებად მინდოდა…
გავფითრდი. ჩემი მშვიდი, ლამაზი სამყარო წამში დაინგრა. მხოლოდ იმან დამამშვიდა, რომ რიკოს მეუღლე გაოგნებული შემომცქეროდა.
_ ნიცა? _ წამოიძახა და ირაკლის საყვედურით გახედა, _ შენ არ გითქვამს, რომ ჩემს დაზე დაქორწინდი.
ამ დროს რაელის ხმაც გაისმა:
_ ტყუპისცალები, ო, ღმერთო! რას ვიფიქრებდი… როგორ გავხართ ერთმანეთს.
_ სხვათა შორის, ორივეს ნიცა ჰქვია, _ ირონიით და თითქოს ნიშნის მოგებით წარმოთქვა ირაკლიმ, მაგრამ ვიგრძენი, რომ ეს მხოლოდ თამაში იყო. როცა მას შევხედე, შევძრწუნდი, ისეთი გაცეცხლებული მზერით მომჩერებოდა. ერთბაშად მოვეშვი, მუხლებში ძალა წამერთვა და დავბარბაცდი, მაგრამ მალევე მოვეგე გონს, ნინას მივუახლოვდი და ვაკოცე, თავს მეც მივიჩნევდი ამ სპექტაკლის მონაწილედ.
_ ნიცა მე ვარ, ეს კი ნინაა, თუმცა, მოსწონს, როცა ნიცას ეძახიან, _ ვთქვი და რის ვაივაგლახით გავიღიმე.
_ ნუთუ შესაძლებელია მათი განსხვავება? _ რიკო გონს ვერ მოსულიყო.
ირაკლის არ გამოჰპარვია ჩემი შეშინებული გამოხედვა და უცხოელს გალანტურად აუხსნა:
_ ვარცხნილობით, რიკო. არა, ნიცა? _ მას ჩემი დასტური არაფერში სჭირდებოდა, მისი თვალები იმაზე მეტყველებდნენ, რომ ყველაფერს მიხვდა.
ჩამოვარდნილი უხერხული სიჩუმე რიკომ დაარღვია:
_ მართალი ბრძანდებით, ირაკლი. მხოლოდ ვარცხნილობით განსხვავდებიან. რა საინტერესო შემთხვევაა. ერთმანეთი რომ შეცვალონ, ვერავინ ვერაფერს მიხვდება! _ გაიცინა. ჩემს სიძეს ვერც წარმოედგინა, როგორ ტყვიასავით მომხვდა მისი სიტყვები გულზე.
_ სწორედ რომ ასეა, _ კვერი დაუკრა ირაკლიმ და განმგმირავი მზერა მესროლა. კვლავ შიშმა ამიტანა.
_ თქვენ… თქვენ სასტუმრო ოთახში გადაინაცვლეთ, მე კი ვახშამს მივხედავ, _ ჩავილუღლუღე და სახეალეწილი შევბრუნდი, რათა დაბნეულობა და შიში დამემალა.
მან გაიგო! _ განგაშის სიგნალი ჩაირთო გონებაში და ძლიერმა ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა. მივუხვდი ჩემს ქმარს განზრახვას _ სპეციალურად მოიწვია სტუმრად ნინა და მისი მეუღლე, რათა სანაქებოდ დავესაჯე.
_ ნიცა, რა ხდება? _ ნინა უკან შემობრუნდა და კარის ძგიდეს მიეყრდნო.
მისი ხმის გაგონებამ შემაკრთო.
_ ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, ნინა, _ ვუპასუხე, _ რა აზრი ჰქონდა ამ სპექტაკლს? ასე რატომ მომექეცი?
_ მე მოგექეცი? _ თვალები დააკვესა ნინამ, _ მე რა ვიცოდი, თუ გათხოვდი? რა, დამირეკე და მითხარი, მომწერე თუ ქორწილში დამპატიჟე? გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, შენზეა ნათქვამი.
_ როდის ჩამოხვედი?
_ ამ დილით და სასტუმროში გავჩერდით. სიმართლე გითხრა, არ მინდოდა, რიკო ჩვენს ბინაში მიმეყვანა. მას ჰგონია, რომ შეძლებული ოჯახის შვილი ვარ, რომ ჰოლანდიაში მაქვს სახლ-კარი.
_ და არ აპირებდი იმის თქმას, რომ და გყავს? თანაც ტყუპისცალი?
_ ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, სიურპრიზად დავტოვებ-მეთქი. ბევრს ვიცინებდი, როცა ერთად დაგვინახავდა, ამიტომ არ ვუთხარი წინასწარ. მერე ირაკლი შეგვხვდა და… რა სჭირს? რაღაც გაღიზიანებული მეჩვენება შენი მეუღლე, _ ნინამ ცერა თითი ზურგს უკან გაიშვირა, სასტუმრო ოთახში მყოფი ირაკლისკენ მიმანიშნა.
_ მან გადაწყვიტა, ჩემთვის ეჩვენებინა, რომ იცის, მე შენ არ ვარ, _ ერთი ამოსუნთქვით წარმოვთქვი.
_ და მერე რა? რა ძნელი მისახვედრია, რომ შენ მე არ ხარ? _ მითხრა და წამით შეჩერდა, მერე კი გაოცებული ხმით აჩურჩულდა, _ ღმერთო ჩემო, მივხვდი, ნიცა! შენ ის მოატყუე! მოატყუე, ხომ? არაფერი უთხარი და თავი ჩემად გაასაღე? _ პირზე აიფარა ხელისგული, _ ახლა გასაგებია, რატომ ჰქონდა ასეთი რეაქცია ჩემს დანახვაზე. ჯერ ვიფიქრე, ალბათ გაბრაზებულია, რომ მივატოვე და არ მოვიკითხე-მეთქი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ შოკში იყო. ვერ მიხვდა, შენი ტყუპისცალი რომ ვიყავი. იფიქრა, რომ მე შენ ხარ, _ ნინას სიცილი აუტყდა, _ აი, თურმე რატომ დაგვპატიჟა. მე კიდევ მეგონა, ყველაფერი მაპატია, რადგან ცოლი ითხოვა, ძველ წყენას აღარ გაიხსენებს-მეთქი.
მისი ყოველი სიტყვა ეკალივით მესობოდა გულში. სახემოღრეცილი მოვცილდი მაგიდას. არაფრის ახსნის თავი არ მქონდა, ანგარიშმიუცემლად ვაწყობდი კერძებს თეფშებზე.
_ ნიცა, ეს რამ მოგაფიქრა? როგორი მორალისტი მყავდი და ეგ რა ჩაგიდენია? _ თითქოს ნიშნს მიგებდა. _ ახლა იმას უნდა ეცადო, როგორმე უდანაკარგოდ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან.
თავი ავწიე და სისასტიკით სავსე მზერა შევავლე:
_ შენ გგონია, ირაკლის ფულის გამო გავყევი? არც გაიფიქრო!
_ არა, არა, ეგ არ მიფიქრია. ვიცი, რომ გიყვარს, ანგარებით რომ არ გათხოვდებოდი, ამაში ეჭვი არ მეპარება, _ თანაგრძნობა გაისმა მის ხმაში, _ მაგრამ არ უნდა მოგეტყუებინა. რა საჭირო იყო? გეთქვა სიმართლე. გგონია, ამით რამე შეიცვლებოდა? მგონი, ბევრი არაფერი. ახლა კი ის ამას არასდროს გაპატიებს.
სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. ყურებზე ხელი ავიფარე და დავიწივლე:
_ გაჩუმდი, თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ, გაჩუმდი!
_ რატომ ყვირი? რა მოხდა? _ კართან ირაკლის მშვიდი ხმა გაისმა და ორივენი მისკენ შევტრიალდით.
_ არაფერი, ყველაფერი რიგზეა, _ ვიცრუე და ნინას შევხედე. იმედი მქონდა, რომ ახლა სამივე ერთად ყველაფერს გავარკვევდით, მაგრამ შევცდი. ჩემმა ქმარმა არ მოისურვა სიტუაციის შემსუბუქება. ჯერ უნდა გაგრძელებულიყო მისი დადგმული სპექტაკლი და მე მასში მთავარი როლი უნდა მეთამაშა.
თავი ხელში ავიყვანე და კერძებით სავსე თეფშებს ხელი დავტაცე, რათა სასტუმრო ოთახში სუფრა გამეშალა. როცა გატანა-დალაგებას მოვრჩი, საოცრად მშვიდი ხმით გამოვაცხადე:
_ ვახშამი მზადაა, დროა, დავსხდეთ, თორემ ყველაფერი გაცივდება.