_ დახვეწილი ულმობლობა გახასიათებს. _ გამგმირავად გავუღიმე და სავარძლის სახელურებს ჩავეჭიდე, რომ არ წამოვფრენილიყავი და მისთვის სახე არ დამეკაწრა.
_ სულაც არა, სრულ სიმართლეს ვღაღადებ. შენ ჩემამდეც მშვენივრად გრძნობდი თავს და არც ჩემ მერე გაგიჭირდება. აი, ხომ ხედავ, ახლაც კი ჩემ მაგივრად ქარი გეფერება თმაზე. _ საჩვენებელი თითი გამოიშვირა ჩემი თმისკენ.
გაღიზიანებულმა მაშინვე ფანჯრებს მივაშურე და ყველა დავკეტე, რომ ორპირი გამქრალიყო.
_ კიდევ კარგი, მოიფიქრე, მეშინოდა, არ გაცივებულიყავი, _ მზრუნველი ტონით წარმოთქვა.
_ შენი შერჩენილი გულისხმიერებაც კი ფარსია, _ არ დავუთმე.
ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია:
_ მოდი, მოიწიე მაგიდასთან, აღვნიშნოთ დღევანდელი დღე.
სუნთქვა შემეკრა. ნუთუ ახლა მეტყვის, გზა უნდა დაგილოცოო?
_ რას აღვნიშნავთ? _ დამფრთხალმა ვიკითხე.
_ გრძნობების მოზღვავებას, _ გულიანად გაიცინა და ჭიქა ასწია. _ შამპანური მოუსვენარი სასმელია, ონავარ ბავშვს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა იღლება. ეს ჩალისფერი შუშხუნა ღვინო ქალივით მგრძნობიარეა, ტუჩებს შეახებ და ხვდები, როგორ უვლის ჟრუანტელი მის ბუშტუკებს.
_ ამაში გამოიხატება შენი გრძნობების მოზღვავება? _ დავცინე.
_ თუნდაც. ვფიქრობ, რომანტიკული საღამო გამოგვივიდა _ მე, შენ და შამპანური… სანთლები გვაკლია მხოლოდ.
_ ძალიან უჰაეროა ეს შენი რომანტიკა. თუ რამის სათქმელად მოხვედი, თქვი და დაამთავრე! _ უკვე გულს მირევდა მისი საქციელი.
_ კარგი, გეტყვი. უფრო სწორად, გავაგრძელებ. მართალია, მე და შენ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ შენმა სიყვარულმა სამუდამო «პახმელია» დამიტოვა. გამიჭირდება ამასთან გამკლავება, მაგრამ როგორმე უნდა მოვახერხო. დრო ყველაფერს გადახარშავს, მოინელებს და ჩვეულ დინებას გაგვაყოლებს. დრო რომ გაივლის, შენც გამივლი და მერე რაღაც იქნება.
_ მერე… _ ხელები სახეზე ავიფარე, რომ ცრემლი არ გადმომვარდნოდა, _ მერე და მერე… რა კარგია, რომ ეს «მერე» არსებობს, თორემ რა გეშველებოდა.
მოულოდნელად ირაკლიმ ბოკალი კვლავ მაგიდაზე დადგა, წინ გადმოიხარა და გაწელილად წარმოთქვა:
_ რაღაც ვერ გავიგე, ჩემთან დაშორება შენთვის რა, საკაცობრიო უბედურებაა?
_ შენთვის არა? _ თავი ავწიე და თვალი გავუსწორე.
უეცრად ჰაერი შეისუნთქა და ხმადაბლა, ძალიან ინტიმური ხმით ამოთქვა:
_ რა კარგი სურნელი აგდის, ნიცა.
ამის გაგონებაზე ავილეწე. წამით სისუსტემ მძლია და, ჩემდა სამწუხაროდ, გულუბრყვილოდ ვკითხე:
_ რისი?
_ სიცრუის! _ მაჯახა და ისეთი შეუვალი გაუხდა გამომეტყველება, ნირი წამიხდა. ასეთ მოულოდნელ ცვლილებას არ ველოდი. მივხვდი, მეთამაშებოდა.
_ მთლად ასეთი თუ იყავი, არ მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ წელიწადზე მეტია, ერთმანეთს ვიცნობთ. _ აღმომხდა გაოგნებულს.
_ ჰო, წელიწადზე მეტია, მაგრამ ასე მგონია, მთელი საუკუნე გავიდა, თუმცა დიდი ხარვეზებით. _ ამოიხვნეშა, ბოკალი მოიყუდა და ისე დაცალა, სადღეგრძელო არ უთქვამს. _ ესეც ასე. დიდი ვერაფერი შამპანურია, შეგიძლია არ დალიო, მით უმეტეს, ვიცი, რომ არ გიყვარს.
_ არც ვაპირებ. _ საბრძოლველად შევიმართე, _ მადლობა თქვი, რომ შენთან ერთად ჭიქა ავწიე. ესეც დიდი პატივია შენთვის.
_ ანუ, აღარ გიყვარვარ? _ ტყუილში რომ სურთ ვინმეს მხილება, ისე შემომხედა.
_ არა, მე კი მიყვარხარ, მაგრამ სამაგიეროდ, შენ იტანჯები. სწორედ ის გტანჯავს, მე რომ მიყვარხარ. ძალიან უბრალო რამეს რომ მივხვდეთ, ხანდახან შემოვლითი გზის გავლაა საჭირო. სწორედ ეს გზა გამოვიარე და მივხვდი, რომ ვიჩქარე, როცა გაგაღმერთე და გაგაუკვდავყოფე. თურმე ამას არ იმსახურებ, ამიტომ კარგია, რომ დროზე დავშორდით ერთმანეთს.
_ ვითომ? მე კი მგონია, რომ ერთი გაღიმება და, სიამოვნებით გააგრძელებდი ჩემ გვერდით ცხოვრებას.
_ შენი ირონია ერთობ მაცდურია… სცადე! _ ორაზროვნად მივუგე.
_ რა?
_ გაღიმება.
როგორი მრავლისმეტყველი იყო მისი ღიმილი… სამაგიეროდ, ჩემი იყო სასიკვდილო, ისარივით რომ ვესროლე და და თან მომწამვლელ შხამად მივაყოლე:
_ არ გიშველა გაღიმებამ, რადგან ჩემთვის სიცოცხლის უსახელო ნაწილაკი გახდი. შეგიძლია წახვიდე და აღარასდროს მახსენო.
წამში გაუფითრდა სახე. უეცრად ცარიელ ბოკალს ხელი სტაცა, იატაკს დაანარცხა და ხელები მომუშტა. ვიფიქრე, დამარტყამს-მეთქი, მაგრამ არ შემშინებია. უფრო მეტიც, არც კი გავრხეულვარ, როგორც ვიჯექი, ისევე დავრჩი და დამცინავი მზერით მივაჩერდი.
თანდათან მოეშვა. ერთიანად გაფითრებული სახე დაუწყნარდა, დაძაბულობა გაუნელდა და მუშტებიც გაშალა. ბოლოს ღრმად ამოიხვნეშა, მხრები ჩამოუშვა და ჰოლისკენ აიღო გეზი.
კარის გაღების ხმა და სესილის გაოცებული შეძახილი მოსწვდა ჩემს სმენას. როგორც ჩანს, კართან შეეჩეხნენ ერთმანეთს.
ავდექი, რათა მეგობარს მივგებებოდი. თან მაინტერესებდა, ასე უსიტყვოდ წავიდოდა, თუ «სამახსოვროდ» კიდევ ერთხელ დამგესლავდა.
_ გინდა, ერთი საიდუმლო გაგანდო, სესილიკო? _ მისკენ დაიხარა ირაკლი და მხრებში ჩააფრინდა ჩემს დაქალს.
_ მინდა, _ თვალებგაბრწყინებულმა სესილმა თბილად გაუღიმა, ალბათ იფიქრა, რომ შევრიგდით.
_ საიდუმლო არ არსებობს! _ კბილებში გამოცრა, მის მხრებს ხელი უშვა, სწრაფად გავიდა სადარბაზოში და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა.
ნიკაპაკანკალებულმა სესილმა საწყალობელი მზერა მომაპყრო.
_ და მაინც, ყველაფერი საიდუმლოა, _ ღიმილით დავასრულე ირაკლის ფრაზა, ხელები გავშალე და მეგობარს ჩავეხუტე, რათა გემრიელად მეტირა მის მკერდში თავჩარგულს…
ცხრა წელი ვიცხოვრე ჰოლანდიაში. ასე იყო თუ ისე, გავუძელი. ვმუშაობდი ძიძად, ანაზღაურება ცუდი არ მქონდა. ოჯახი, ვის ბავშვსაც ვუვლიდი, საუცხოო იყო. არაჩვეულებრივი ცოლ-ქმარი შემხვდა. მთლად თოთო ბავშვი ჩავიბარე იქ ჩასულმა და იქამდე ვუვლიდი, სანამ სასკოლო ასაკის არ გახდა. ეს ერთგვარი შვება აღმოჩნდა ჩემთვის. ის, რაც ჩემი შვილის დაკარგვით დამაკლდა, პატარა ელინმა ამინაზღაურა. ნელ-ნელა გონს მოვეგე, თვალები გავახილე და მივიხედ-მოვიხედე. დავრწმუნდი, რომ არც ისე ცუდია ცხოვრება, როგორც მანამდე მეგონა. არც ხატვა შემიწყვეტია. ჩემდა გასაკვირად, ჰოლანდიაში გასაოცარი სისწრაფით იყიდებოდა ჩემი ნახატები. შეკვეთებსაც კი ვიღებდი. ის კი არა, თაყვანისმცემლებიც გამომიჩნდნენ, ზოგი ჰოლანდიელი, ზოგიც ემიგრანტი გერმანელი თუ პოლონელი, ერთი-ორი ქართველიც კი, მაგრამ გათხოვებაზე არ მიფიქრია. არც მეგობარი მამაკაცი გამიჩენია. ირაკლისთან ურთიერთობით დავამთავრე ჩემი სასიყვარულო «ოქროს ხანა». მიზნად დავისახე, თუ გავთხოვდებოდი, მხოლოდ ქართველზე და მხოლოდ საქართველოში, რომ შესაძლებლობა მქონოდა, სადმე მაინც გადავყროდი ჩემს ქმარყოფილს და ერთხელ მაინც მომეშხამა მისთვის გუნება ჩემი ბედნიერების ნახვით. საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა, არაფერი იმალება. ეს აზრი მხოლოდ ერთი მოტივით გამიჩნდა _ სესილისგან გავიგე, რომ თურმე ირაკლის ცოლი შეურთავს, მაგრამ რამდენიმე თვეში ისევ გაშორებია. ნუთუ ჩემ შემდეგ სხვა ქალი ვეღარ იგუა? კიდევ რაღაც მაქვს შენთვის სათქმელი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩემს ვარაუდში და როცა ჩამოხვალ, სიურპრიზად დაგახვედრებო. ვერაფრით ვათქმევინე, რას გულისხმობდა.
ამ ყველაფერს ისიც დაერთო, რომ ბებიამ ანდერძზე ჩამომიგდო ლაპარაკი. შენ და ნინას თანაბრად გაგიყოფთ წილს, რომ არც ერთი ნაწყენი არ დამრჩეთო. სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, თითქოს ორი ოჯახისთვის იყო მოწყობილი. ალბათ ვინც თავის დროზე ააშენა, სწორედ ეს გაითვალისწინა _ ორ ძმას ან ორ დას ეცხოვრა იქ თავიანთი ოჯახებით. ჰოდა, ბებიამაც ზუსტად გაყო თავისი ავლა-დიდება ორად და მე და ნინას თანაბრად დაგვიმტკიცა ქონება. ახლა, შეიძლება ითქვას, ცოტა მდიდარიც კი ვიყავი. მიუხედავად ამისა, ჰოლანდიაში სამუდამოდ დარჩენას არ ვგეგმავდი. ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი თბილისში და ქართულ მსუყე ჰაერს როდის ჩავისუნთქავდი. თურმე ოცნებებს წონა არ ჰქონია, ისინი მიწაზე არასდროს ენარცხებიან. უბრალოდ, შეიძლება დროებით გაქრნენ, ესაა და ეს. მეც აღმიდგა ჩემი ოცნებები და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. ვაგროვებდი ფულს და ვემზადებოდი საქართველოში ჩამოსასვლელად.
ეს დღეც დადგა. აპრილის ერთ მშვენიერ საღამოს მოვხიკე ჩემი ბარგი-ბარხანა, დავემშვიდობე თვალცრემლიან ოლღას და ჩემი ქვეყნისკენ გამოვეშურე.
აეროპორტში სესილი და გაგა დამხვდნენ. გაგა უკვე დავაჟკაცებული ბიჭი იყო. მათთან სულ მქონდა კავშირი სკაიპით და ფეისბუკით, ხარბად ვათვალიერებდი ხოლმე მათ ფოტოებს. ასე ვთქვათ, ბიჭი ჩემ თვალწინ იზრდებოდა და კაცდებოდა. ის ახლა უკვე სტუდენტი იყო, წვერიც წამოზრდოდა და ხმაც დაბოხებოდა. ისე თამამად ვეღარ შემხვდა, როგორც ცხრა წლის წინ მხვდებოდა, გაწითლდა კიდევაც, როცა გადავეხვიე და ვუთხარი, რა «ფირმა» ბიჭი დამდგარხარ-მეთქი.
სესილთან ერთი ღამე დავრჩი. ბევრი ვილაპარაკეთ, უამრავი რამ გავიხსენეთ, მათ შორის ჩემი წარსული. ირაკლიზე ლაპარაკი დღესაც ისეთივე ტკივილს მაყენებდა, როგორც ადრე. ისევ ისე მიყვარდა, ერთი წამითაც არ გამნელებია მისადმი გრძნობა. არ ვიცი, ამ წლების განმავლობაში, რატომღაც, გამუდმებით რაღაც სასწაულის ლოდინში ვიყავი. ჩასაფრებული გადავდიოდი ფეისბუკის ერთი გვერდიდან მეორეზე, ვეძებდი ირაკლის მოგვარსახელეს ჩემი მეგობრების და მათი მეგობრების ნუსხაში და ცალკეც, მაგრამ ვერა. აშკარა იყო, იგი სოციალური ქსელებით არ სარგებლობდა, ან სხვა სახელით იყო დარეგისტრირებული.
_ ახლა მაინც არ მეტყვი, რა უნდა გეთქვა, ასე რომ დამაინტრიგე? _ ვკითხე სესილს, როცა ერთმანეთის მოკითხვით გული ვიჯერეთ.
ამის გაგონებაზე ჩემს მეგობარს სახე შეეცვალა, ტუჩები მოკუმა, წამწამები დაბნეულად აახამხამა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კი ტუჩები ყურთან მომიტანა და ჩამჩურჩულა:
_ არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონი, შენი შვილი ცოცხალია…
იმ წუთების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა. გაოგნებულს ენა ჩამივარდა, სუნთქვა გამიჩერდა და გულმაც შეწყვიტა ცემა. თითქოს აგონიაში ჩავვარდი. ვერ ვიჯერებდი იმას, რაც სესილმა გამანდო. ნუთუ ჩემი შვილი ცოცხალია? მაგრამ თუ ასეა, რატომ მომატყუა ირაკლიმ? რაში დასჭირდა ასეთი გაუგონარი სიცრუის მოფიქრება? რა მოიგო ამით? თუ უნდოდა, ისედაც ხომ შეეძლო ჩემი თავიდან მოშორება? ბავშვის გამო? ნუთუ იფიქრა, რომ ჩვენი დაშორების შემთხვევაში მისი ნახვის უფლებას არ მივცემდი?
ფიქრი ფიქრს ცვლიდა. ვერაფრით ვუძებნიდი ახსნას მის საქციელს. მინდოდა, მომეკლა, მიმეხრჩო, ნაკუწებად მექცია. წამების განმავლობაში გამიქრა მის მიმართ ყველანაირი გრძნობა, სიძულვილის გარდა. არა, არასდროს არავინ შემძულებია ცხოვრებაში, ეს ერთადერთი გრძნობა იყო, რომელიც არ განმიცდია. ახლა კი…
ღმერთო, როგორი ხველა ამიტყდა. სესილს ისე შეეშინდა, კინაღამ კივილი მორთო. იქით დავუწყე დაწყნარება. სასწრაფოს გამოძახება უნდოდა და არ დავანებე. არადა, ძალიან ცუდად გავხდი. ხელების ცახცახს ვერაფერს ვუხერხებდი. პირი გამიშრა და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ტემპერატურამ ერთბაშად ოცდაცხრამეტამდე ამიწია.
როგორც იქნა, ნელ-ნელა დავწყნარდი. სესილი წარამარა წყლიან ჭიქას მაწვდიდა, რომ მომესვა. ვმშვიდდებოდი და თანდათან ვაანალიზებდი სიტუაციას.
როგორც სესილისგან გავიგე, ჩემი გამგზავრებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ირაკლის მეორე ცოლი შეურთავს, მაგრამ ძალიან მალე, სულ რამდენიმე თვეში გაშორებიან ერთმანეთს. ნამდვილი მიზეზი არავინ იცოდა. სესილის ვარაუდით, მასაც უმალავდნენ ალბათ ბავშვის არსებობას და როცა ეს საიდუმლო გამჟღავნდა, ცოლმა არ აპატია ქმარს ტყუილი. ამაზე მეცინებოდა. გამოდის, ერთხელ ირაკლისაც დასჭირდა ახლობელი ადამიანის მოტყუება. თუ მართლა დაუმალა მეორე ცოლს ბავშვის ამბავი, რა გამოდის? განა მისი ტყუილი რითიმე ნაკლები იყო ჩემს ტყუილზე, რომელსაც სამუდამოდ გადააყოლა ჩემი სიყვარული?
ამას დამატებული ისიც, რომ მეც მომატყუა და ახალდაბადებული ჩვილი მკერდიდან მომწყვიტა. აი, რა არის უპატიებელი! მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ ასე სასტიკად დავესაჯე, მან კი… საკმარისია, ვუჩივლო, რომ ციხეში ამოყოფს თავს. მაგრამ ვაი, რომ ასეთი რამეები არ შემიძლია. სხვისი გაუბედურების მცდელობაც კი შორს არის ჩემგან. მაგრამ იმას, რაც ჩაიდინა, არასდროს ვაპატიებ. და, რაც მთავარია, აუცილებლად დავიბრუნებ ჩემს გოგონას!
_ ვინ იყო მის ცოლი?
_ იცი, ვინ იყო? _ სესილი წამით ჩაფიქრდა, _ გეცოდინება აუცილებლად, მაშა დოლიძე, ძალიან ლამაზი მოდელი იყო თავის დროზე, მერე ავარიაში მოყვა და მოდელობას თავი დაანება. საკუთარი სამოდელო სააგენტო აქვს. არც ისე პატარა ასაკისაა, შეიძლება ცოტათი უფროსიც კი იყოს შენს ქმარზე.
_ ვერაფრით ვერ ვიხსენებ. _ თავი გადავაქნიე.
_ იცი, როგორი ტიპის ქალია? აი, ცვალებადი ასაკისანი რომ არიან, დღისით ორმოცი წლისას რომ ჰგავს და საღამოს ოცდაათისას, _ თავისსავე ნათქვამზე გაეცინა სესილს.
_ წარმოგიდგენია? ჩემი შვილი ცხრა წლის ხდება და ამის შესახებ მე მხოლოდ ახლა ვიგებ. საშინელება არ არის?
_ ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე დანამდვილებით არ ვიცი, მართალია თუ არა ეს. ბავშვი თვალით არ მყავს ნანახი, უბრალოდ, ჭორის დონეზე ვიცი. ამბობენ, კარგა ხანს გადამალული ჰყავდათო. არ ვიცი, სად ზრდიდნენ. მერე მოულოდნელად გამოაჩინეს. შენი დედამთილი გაიძახის თურმე, ჩვენი ნათესავის ბავშვია, უპატრონოდ დარჩა და სამადლოდ ჩვენ ვზრდითო.
_ ხომ არ იცი, რომელ სკოლაში სწავლობს?
_ წარმოდგენა არ მაქვს, _ შეწუხებული სახით მომიგო სესილმა.
_ ირაკლი უნდა ვნახო, მაგრამ იქამდე უნდა გავარკვიო, ბავშვის ნახვა სად შეიძლება. იქნებ სულაც არ არის ჩემი შვილი და ტყუილად ხომ არ ავტეხავ ამბავს?
_ ჰო, ეგეც მართალია, _ დაიბნა სესილი, _ ხომ არ ვიჩქარე, რომ გითხარი? მაპატიე, უბრალოდ, მთელი თბილისი ამაზე ლაპარაკობს. ყველა ამბობს, რომ ის შენი შვილია, ძალიან გგავს, ამიტომაც გითხარი, ნიცა.
_ კარგია, რომ მითხარი, თორემ ალბათ კიდევ დიდხანს ვერ გავიგებდი ამ ამბავს. არა აქვს მნიშვნელობა, მართალია თუ არა გავრცელებული ჭორი. ამის დადგენას ბევრი არაფერი უნდა. ხვალვე გავარკვევ სიმართლეს. შენ მხოლოდ ერთ რამეში დამეხმარე… _ და სესილს ჩემი გეგმა გავაცანი, რომელიც იმწუთას დავსახე გონებაში…
დილიდან გადაუღებლად წვიმდა. ეს ჩემს ჩანაფიქრს ხელს საგრძნობლად უშლიდა. წვიმაში ძნელი იყო, ჩავსაფრებოდი ირაკლის თავის სამსახურთან. სესილმა გადარეკა თავის მეგობრებში და გაიგო, ირაკლი ამჟამად სადაც მუშაობდა. როგორც გავიგე, ტექნიკურ უნივერსიტეტში დაუწყია მუშაობა. ვერაფრით წარმომედგინა იგი ლექტორის ამპლუაში. როგორმე უნდა მომეხელთებინა სალაპარაკოდ. მაინტერესებდა, როცა პირში მივახლიდი ყველაფერს, რაც ვიცოდი, როგორი რეაქცია ექნებოდა.
სესილმა თავისი მანქანა მათხოვა, რათა ტაქსით არ მებოდიალა წვიმიან ამინდში. «ვეფხისა და მოყმის» ქანდაკებას რომ ჩავუარე, წვიმამ მოულოდნელად გადაიღო. სვლა შევანელე, აღმართი ავიარე და საბურთალოსკენ გავუხვიე. ერთი წამით შევჩერდი გზის პირას, ჩანთიდან წინასწარ მომზადებული თავშალი ამოვიღე და თავზე ისე დავიხურე, სამოციანელებში რომ იხურავდნენ მოდას აყოლილი ქალები, ამით თმა მთლიანად დამეფარა. ვიცოდი, გაშლილი თმით ის უცებ მიცნობდა. შემდეგ ტუჩებზე ხასხასა წითელი ფერის პომადა წავისვი, შავი სათვალე გავიკეთე, სარკეში ჩავიხედე და კმაყოფილმა მანქანა დავძარი. ახლა სულაც არ ვგავდი იმ გოგოს, თერთმეტი წლის წინ ირაკლის რომ უყვარდა.
მანქანა ტროტუარზე ავიყვანე და იქვე, ტექნიკურის გვერდით, ღია კაფეში, მაგიდას მივუჯექი, თან ნაყინი მოვითხოვე. უნივერსიტეტის ამ კორპუსის შესასვლელი ჩემგან სულ ორიოდე ნაბიჯში იყო, ამიტომ გარკვევით ვხედავდი, ვინ შედიოდა და გამოდიოდა. არც შემიმჩნევია, როდის მომიტანეს ნაყინი, რკინის ალაყაფს მივჩერებოდი და ფიქრებით წარსულში დავფრინავდი. იქნებ დღეს გაირკვეს ყველაფერი და გაიხსნას ის საიდუმლო, რომელიც თურმე ამდენი წელია, არსებობს. თვითონ როგორ უყვარდა ხოლმე თქმა? საიდუმლო არ არსებობს, მაგრამ მაინც ყველაფერი საიდუმლოაო. ჰმ…
ნეტავ როგორია ჩემი გოგონა? მართლა მგავს? არის თუ არა ბედნიერი? როგორ ექცევიან? რას ეუბნებიან, დედაშენს რა დაემართაო?
ფიქრებმა დამტანჯა. არ ვიცი, რამდენ ხანს დავყავი ასე. როცა გამოვერკვიე, ნაყინი მთლად დამდნარიყო, ამიტომ მიმტანს ვთხოვე, ვაფლისჭიქიანი ალუბლის ნაყინი მოეტანა და ის იყო, ჭამას შევუდექი, რომ კვლავ გაწვიმდა. სხვა გზა არ მქონდა, ისეთი თავსხმა იყო, მაგიდას გადაფარებული უზარმაზარი ქოლგაც ვერ მიშველიდა, ამიტომ მანქანისკენ გავიქეცი. თხელი სვიტერი წამიერად დამისველდა და სხეულზე მომეკრო.
«როგორც ჩანს, ტყუილად ვიცდი, ის ან არ მოსულა დღეს საერთოდ, ან უკვე წავიდა». _ გავიფიქრე და საჭესთან მოკალათებულმა სარკეში ჩავიხედე, რომ შემემოწმებინა, წვიმამ მაკიაჟი ხომ არ გამიფუჭა. მოულოდნელად სარკიდან შევნიშნე, რომ ჩემი მანქანის უკან, სულ რაღაც სანტიმეტრებში, შავი ჯიპი გაჩერდა. მანქანიდან კაცი გადმოვიდა. მას თავი დაეხარა, რათა წვიმისთვის სახე აერიდებინა. მიუხედავად ამისა, ირაკლი მაშინვე ვიცანი. გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. სრულებით არ შეცვლილიყო, მხოლოდ ოდნავ შერეოდა ჭაღარა გრუზა თმაში. ბევრად სიმპათიურად გამოიყურებოდა, ვიდრე ცხრა წლის წინ. მისი ყურადღება როგორმე რომ მიმეპყრო, სასწრაფოდ ჩავაგდე ნახევრად შეჭმული ნაყინი ერთჯერად პარკში, რომელშიც შესანიღბავად გამზადებული თავშალი ჩავდე დილით და მანქანა უკუსვლით ისეთი სისწრაფით დავძარი, რომ პირდაპირ ირაკლის ჯიპს დავაჯახე, ოღონდ ისე მსუბუქად, რომ არც ერთი მანქანა არ დაზიანებულიყო. ესეც ასე, ნახევარი საქმე გაკეთებულია-მეთქი, გავიფიქრე და ეგრევე გადმოვხტი მანქანიდან ბოდიშის მოსახდელად. რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედება ჩემს გეგმაში არ შედიოდა, მაგრამ შექმნილმა სიტუაციამ უკეთესი ვერაფერი მიკარნახა.
_ ვაიმე, მაპატიეთ, თუ შეიძლება, _ შეწუხებული ხმით წამოვიყვირე, _ მაპატიეთ, არც ვიცი, რა დამემართა, წვიმის გამო ვერ შევამჩნიე თქვენი მანქანა, ალბათ… გავაფუჭე რამე?
ის კი იდგა გახევებული და გაოგნებული მომჩერებოდა. ნუთუ მიცნო? არა მგონია, ამდენი წელია, არ გვინახავს ერთმანეთი… მაგრამ მე ხომ მაშინვე ვიცანი? ჰო, მაგრამ მე საგანგებოდ ვემზადებოდი ამ შეხვედრისთვის, თანაც ისე ვარ შეფუთნილი, ასე ადვილად საცნობი ვერ ვიქნები. იქნებ ხმამ გააკვირვა? ხმა ხომ ყველაზე საოცარია რამაა _ ერთხელ თუ მიეჩვია ყური, არასდროს დაგავიწყდება. ირაკლი მანქანის კარს ჩაბღაუჭებოდა და წვიმის თქეშს, რომელიც სახეში სცემდა, ვეღარც ამჩნევდა, ადგილიდან არ იძვროდა და არც თვალს მაშორებდა.
დავიბენი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მეგრძნობინებინა, რომ მეც ვიცანი, თუ ისეთი სახე მიმეღო, ვითომ სრულიად უცხო მამაკაცს ველაპარაკებოდი?
მან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. თანდათან მეყინებოდა ძარღვებში სისხლი. ირაკლი ისეთი დაიჟინებით შემომცქეროდა, თითქოს ჩემი შესწავლა სურსო.
_ ვინ ხარ? _ ძლივს ამოიხრიალა ბოლოს.
_ ბატონო? _ თავი გავისულელე.
მან მექანიკურად თმაზე გადაისვა ხელი, ერთიანად გაილუმპა.
_ ვინ ხართ, რა გქვიათ და აქ რას აკეთებთ! _ ხმა გაუმკაცრდა.
ისევ ისეთი მომთხოვნი კილო ჰქონდა, როგორც ყოველთვის.
_ მომისმინეთ… _ მტკიცე ხმით გავაგრძელე ლაპარაკი, _ ძალიან ვწუხვარ, რომ დაგეჯახეთ, მაგრამ, მგონი, გადავრჩით, არაფერი ჩანს დაზიანებული, _ სხაპასხუპით მივაყარე და მანქანების შეჯახების ადგილას ჩავიკუზე, ვითომ დათვალიერების მიზნით.
_ არ შეგიძლია, უბრალოდ მიპასუხო კითხვაზე? _ გაიმეორა ირაკლიმ და მომიახლოვდა.
ცამ ავად დაიგრუხუნა. წელში გავსწორდი და სწრაფად მოვავლე თვალი იქაურობას. ყველა ნორმალური ადამიანი ან მანქანაში იჯდა, ან შენობების კედლებს იყო შეფარებული. კანტიკუნტად თუ გარბოდა ქუჩაში ვინმე… მხოლოდ მე და ირაკლი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ და ვსველდებოდით.
სხვა გზა არ მრჩებოდა, უნდა გამოვცნაურებოდი. სათვალე მოვიხსენი, თვალი თვალში გავუყარე და ზედმეტად რბილად მივესალმე:
_ გამარჯობა, ირაკლი!
_ შენ? აქ… აქ საიდან?
_ მოუსავლეთიდან, _ ბოროტი ნაპერწკლები გავიჩინე თვალებში და ირიბად გავხედე.
დაიბნა. სიტყვებს ვეღარ პოულობდა. ბოლოს გაიაზრა, რომ ვსველდებოდით და ხელში გასაღებების აცმა ააჩხრიალა:
_ წამოდი, ჩავსხდეთ მანქანაში, იქ ვისაუბროთ.
_ არა, გმადლობ, მირჩევნია დავსველდე! _ გავჯიუტდი.
მოულოდნელად ისე დაიქუხა, რომ კინაღამ შევხტი.
_ ჭექა-ქუხილის გეშინია? _ ირონიულად მკითხა.
_ არა, დიდი და ბრაზიანი კაცების უფრო მეშინია, _ ვუპასუხე და თავით ვანიშნე, თანახმა ვარ-მეთქი.
ირაკლიმ კარი გააღო, საჭესთან დაჯდა და როცა მეც გვერდით მივუჯექი, ჩემკენ შემობრუნდა. ისე მიყურებდა, თითქოს მანამდე ქალი საერთოდ არ ენახა. ისევ ისეთი პირქუში იყო, როგორც წეღან, ღიმილის ნასახი არ გასჩენია ტუჩის კუთხეებში და როდესაც დაილაპარაკა, ხმა ოდნავ უკანკალებდა:
_ ვიღაცას მაგონებ… _ თქვა და მისი ნათქვამი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ გაკვირვება ვერ დავმალე.
ნუთუ მართლა ვერ მიცნო, თუ ისიც ისევე თამაშობს, როგორც მე ვთამაშობდი ორიოდე წუთის წინ?
_ შესაძლებელია… _ ავყევი თამაშში, _ მე ნიცა მქვია, ვცხოვრობდი საზღვარგარეთ, სულ ერთი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედი, სულ ხუთიოდე წუთია, რაც ნაყინი მივირთვი და კაფედან გამოვედი, დაბოლოს, სულ რაღაც ორი წუთი იქნება, რაც შენს მანქანას დავეჯახე და ხასიათი გაგიფუჭე.
ჩემს ყოველ სიტყვასთან ერთად ირაკლი უფრო და უფრო იღუშებოდა, ხოლო ფიქრებით თითქოს სხვაგან იყო. _ თქვენ კი ირაკლი უნდა იყოთ, არა? იმედია, არ ვცდები.
_ რატომ ჩამოხვედი, ნიცა? _ უმშვიდესი ტონით მკითხა.
სავარძლის ზურგს მივეყრდენი და წამიერად თვალები დავხუჭე, რათა ტირილი შემეკავებინა.
_ როგორც გავიგე, ცხრა წლის გოგონა გყავს, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როცა მე ვიმშობიარე. ეს მართალია? _ ვაჯახე და მისკენ შეტრიალებული სახეში ჯიქურ მივაჩერდი. შევამჩნიე, როგორ დაიძაბა.
_ საიდან გაიგე? მისი დაბადების თვე და რიცხვი არავინ იცოდა, _ უფრო და უფრო გაკვირვებულ სახეს იღებდა ჩემი ყოფილი მეუღლე.
_ გინდოდა გეთქვა, მისი დაბადების ზუსტი თარიღი, არა? საინტერესოა, რა უწერია დაბადების მოწმობაში მაშინ, როცა მამამისი ტყუილებს არ არის მიჩვეული. უფრო მეტიც, ის არავის ჰპატიობს მოტყუებას, _ გესლი დავანთხიე.
_ როგორ გაიგე-მეთქი! _ ხმას აუწია და მუშტი საჭეს მსუბუქად დაჰკრა.
_ სრულიად შემთხვევით, თუკი დაგაკმაყოფილებს ჩემი ბანალური პასუხი, _ მხრები ავიჩეჩე და ამრეზით გადავხედე, შემართული ვიყავი საბრძოლველად.
_ გინდა, რომ ეს სისულელე დავიჯერო? მორჩი თამაშს და საქმეზე გადავიდეთ!
_ შენთან თამაშს არ ვაპირებ, მეყო, რაც მათამაშე!
_ აბა რისთვის მოხვედი? არ მითხრა, რომ შემთხვევით გადამაწყდი აქ! დარწმუნებული ვარ, დილიდან ხარ დარჭობილი ამ ჭიშკართან, რომ მომიხელთო.
_ გამოიცანი… სპეციალურად ჩაგისაფრდი, რომ მენახე, თუმცა უკვე წასვლას ვაპირებდი, რადგან შენი ნახვის იმედი გადამეწურა.
_ ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, რა გინდა ჩემგან?
მისმა შეკითხვამ თითქოს ბალახივით უცებ მომცელა. ნუთუ არ აპირებს, სიმართლე მითხრას?
_ ის… ის… მე მგავს? _ ხმადაბლა ვიკითხე და ცრემლები ლოყაზე ღვარად ჩამომედინა. ისე უეცრად წამსკდა ტირილი, ვეღარ ვჩერდებოდი. მიუხედავად ამისა, მაინც ვიღიმოდი. _ მგავს, არა? ამიტომაც უცებ მიცანი, ხომ მართალი ვარ? არადა, ძალიან ვარ შეცვლილი…
მისი სახის გამომეტყველება არ შეცვლილა, ისევ ისე ქედმაღლურად მიყურებდა.
_ ძალიან გულის ამაჩუყებელი სცენაა, ქალბატონო ნიცა! მსახიობი ხომ არ ხართ შემთხვევით? იქნებ საპნის ოპერებიდანაა ეს სცენა?
ეს უკვე მეტისმეტი იყო. სიბრაზე მომაწვა.
_ ჩემს შვილსაც ასეთი ტონით ელაპარაკები? დასცინი მას და არაფრად აგდებ მის გრძნობებს?
_ ის შენი შვილი არ არის! ვინ მოგახსენა, რომ შენი შვილია?
_ აბა ვისგან გყავს?
_ სხვა ქალისგან. გგონია, შენ გარდა სხვა ქალი არ მყოლია?
_ შეიძლება გყოლია სხვა ქალი და ქალების მთელი კოლონა, მაგრამ შვილი რომ ჩემია, ზუსტად ვიცი. ამიტომ იცოდე, რომ ვერავინ მაიძულებს, მასზე უარი ვთქვა. საინტერესო ის არის, რამ მოგაფიქრა მსგავსი სცენარის გათამაშება? რატომ მომატყუე, ბავშვი დაიღუპაო? მოისყიდე ექიმები, არა? გიჩივლებ, იცოდე! გიჩივლებ და ამ საქმეს ასე არ დავტოვებ! დნმ-ის ანალიზის ჩატარებას მოვითხოვ და როცა სიმართლეს დავამტკიცებ, შენს მოსყიდულ მედპერსონალიანად ციხეში ამოგაყოფინებ თავს! _ მთელი ხმით გავყვიროდი, ისტერიკაში ჩავვარდი.