ნოველები

თამაში მზესთან - თავი 7

თამაში მზესთან - თავი 7
დასაწყისი
ნატკა მხოლოდ საუზმის შემდეგ გამოჩნდა. მოღუშული ჩანდა. თიკოს ლოყაზე აკოცა, მერე ყავა დაისხა და სიგარეტი გააბოლა.

- მაპატიე, რომ გუშინ მოსვლა ვერ შევძელით. კარგი დრო გაატარე?

- ჰო, - ფრთხილად მიუგო თიკომ, რადგან მიხვდა, რომ დაქალი უგუნებოდ იყო.

- ხომ არ მიბრაზდები?

- არა, - პასუხს ლაკონიურად სცემდა.

- გაჩვენა ზუზიმ დედამისის ნახატები? - განაგრძობდა ნატკა დაკითხვას.

- მაჩვენა.

- მერე?

- არაჩვეულებრივია.

- მართლა?

- როგორც ჩანს, დედამისი ძალიან ნიჭიერი მხატვარი იყო.

ნატკამ
გულგრილად აიჩეჩა მხრები.

- შენ ალბათ ნასიამოვნები ხარ, რადგან ნახე ის, რაც მე არ მინახავს, - გაღიზიანება შეეტყო ტონში, რასაც მსუბუქი ამოოხვრა მოჰყვა, - მართალი გითხრა, რაც უფრო შევიცანი მამაკაცები, ვგრძნობ, რომ ქალები მეტად მომწონს.

- რატომ ამბობ მაგას? შენც ხომ გაჩვენა ადრე? მახსოვს, გითხრა, ხომ გაქვს ნანახიო თუ ამდაგვარი.

- სულ ორიოდე, ყველა კი არ მაჩვენა მაგ დამპალმა, - ნატკას ამჯერად ტონი აგრესიული გაუხდა.

- ალბათ ეგონა, რომ არ დაგაინტერესებდა. მაგის გამო შეიძლება კაცების შეძულება? თუ შენს ქმარს გულისხმობ, ამ შემთხვევაშიც გავაპროტესტებ, იმიტომ, რომ მირო ძალიან კარგი ბიჭია, კეთილი და საყვარელი. რაც მთავარია, უყვარხარ. არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მან ძმა სულ ახლახან დაკარგა და ცოტა დრო სჭირდება იარის მოსაშუშებლად. იგი ახლა თავს უბედურად გრძნობს.

- რა-ა? უბედურად? ვითომ რატომ? - აღშფოთდა ნატკა. - მე როგორღა ვარ? იცი, გუშინ როგორ გავცოფდი, როცა ზუზისთან სადილზე მხოლოდ იმიტომ არ წამოვიდა, რომ ნიკა მარტო არ დარჩენილიყო? იცი, რომ მთელი თვეა, ვცდილობ, ნიკას სათამაშო მანქანა დავმალო, მაგრამ მირო მაინც პოულობს და ისევ აძლევს? არ მინდა მაგ ბავშვს ის სათამაშო ჰქონდეს, რადგან იმ საბედისწერო დღეს სწორედ ეგ მანქანა გახდა ჩემი მაზლის დაღუპვის მიზეზი, სწორედ ის გადააგდო თუ გადაუვარდა აივნიდან და იმას გადაჰყურებდა მოაჯირზე აბობღებული. აი, წუხელაც გაიღვიძა, ატირდა და მოითხოვა, პოლიციის ავტო მინდაო. მე უკვე გადამალული მქონდა. არ მინდოდა მიმეცა, მაგრამ მირომ ატირებული ნიკა რომ დაინახა, მიყვირა, ახლავე გამოუტანეო. რა უნდა მექნა? გამოვუტანე. ჩაიხუტა გულში და ისე ჩაწვა ლოგინში. ამის გამო მაგრად ვიჩხუბეთ. მერე მეც აღარ მოვინდომე ზუზისთან წასვლა, ხასიათი გამიფუჭდა. ერთი კი იყო, ზიზღით მივახალე, ნიკაზე უფრო ფიქრობ, ვიდრე ჩემზე-მეთქი.

- რა ჩურჩუტი ხარ, ნატ, რომ იცოდე… მერე მირომ რაო?

- რა უნდა ეთქვა? ეგრევე დამშვიდება დამიწყო.

- მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. წუხელ გვიან ნიკამ ჩემთან მოირბინა და ხელში ეგ მანქანა ეჭირა. არ მომწონს ასეთი დაძაბული სიტუაცია. ეს კარგს არაფერს მოიტანს.

- კიდევ კარგი, აქ რომ ხარ, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. შენ რომ არა, წუხელ მიროს მივატოვებდი და აქედან მოვუსვამდი. არ იცი, როგორ მიმძიმს ნიკას ჩვენთან ყოფნა, პირდაპირ აუტანელია ჩემთვის!

თიკოს საოცრად უკვირდა მეგობრის გამაღიზიანებელი ტონი, რომლითაც იგი ბავშვზე ლაპარაკობდა. სამწუხაროდ, კარგად ახსოვდა მათი ბავშვობა და ისიც, როგორ მწარდებოდა ნატკა, როცა მოსავლელად თავის და-ძმას უტოვებდნენ. იგი შეეცადა დაქალის დამშვიდებას, მაგრამ ძალაუნებურად ცეცხლზე ნავთი დაასხა.

- ნატ, თუ მომისმენ, ერთ რამეს გეტყვი. შენი განცდები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ნიკამ და დედამისმა გადაიტანეს. წარმოგიდგენია მაინც, რა დაემართება ბავშვს, ოდესმე რომ გაიგოს, მამა მისი მიზეზით რომ დაიღუპა და დედამაც ამის გამო მიატოვა? ბუნებრივია, ბიჭი იმისკენ მიილტვის, ვინც მისთვის ყველაზე ახლობელია, ამიტომ ეწებება მიროს ასე ძალიან.

ნატკამ თავისი დიდრონი თვალები მოჭუტა და ნაფაზი ისე დაარტყა.

- შენ რა, თიკო, გინდა ნიკას გამო გამამტყუნო? ვიცი, რომ ამქვეყნად ყველაზე წმინდა, სპეტაკი და კეთილი ხარ, ამიტომ ყველაფრის გამართლებას ცდილობ, მაგრამ რა ვქნა, მე თვალთმაქცობა არ შემიძლია. ვერ ვუყურებ გულგრილად იმას, რომ ეს ლაწირაკი ჩემსა და მიროს შუა ჩადგა და ერთმანეთს დღითი დღე გვაშორებს. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემს განცდებს არ ვმალავ და პატიოსნად ვაღიარებ. წუხელ ისე გამამწარა ჩემმა ქმარმა, ისიც კი გავიფიქრე, ზუზის გავეპრანჭები და გულს გადავაყოლებ-მეთქი.

თიკოს ამის გაგონებაზე თავზარი დაეცა. გაოგნებული შესცქეროდა მეგობარს და ხმას ვერ იღებდა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა, ამოღერღა:

- რატომ ცდილობ სიტუაციის დაძაბვას? ამით ხომ ძმაკაცებს ერთმანეთს გადაჰკიდებ? ხომ იცი, რომ ზუზი ფლირტში არ აგყვება, ამან შეიძლება უარესი…

- შემთხვევით, შენ ხომ არ მოგწონს ზუზი და იმიტომ ხომ არ აპროტესტებ? - სარკასტულად გადაიკისკისა ნატკამ და მზერაში ისეთი ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა, თიკო დაიძაბა.

- როგორი პირდაპირი ხარ… - არც თვითონ დააკლო ირონია, - შენი ვერაფერი გამიგია. აქამდე ამბობდი, ნეტავ მარის შეირთავდესო, წეღან - მე უნდა გავეპრანჭოო, ახლა კი - შენ ხომ არ მოგწონსო… რა გინდა, იქნებ ამიხსნა? დღესვე ავიკრავ გუდა-ნაბადს და წავალ აქედან! - ლამის იკივლა მოთმინებადაკარგულმა და წამოხტა.

ნატკამ გზა გადუღობა და მკლავებში ჩააფრინდა.

- გეხვეწები, მაპატიე, მაპატიე! ვიხუმრე, რა იყო? წეღანაც ვიხუმრე და ახლაც. რა თავში ვიხლი ზუზის, ჩემი ქმარი რომ არ მყვარებოდა, ასე გაღიზიანებული ვიქნებოდი? უბრალოდ, ნიკას არსებობამ გამაბოროტა. სულ ესაა, თიკუნა, მაპატიე, ხომ?

- ჰოდა, როცა რამეს იტყვი, დაფიქრდი ხოლმე, - ხმას დაუწია თიკომ, - ვერ ხვდები, რომ მეტისმეტად ართულებ საქმეს? არადა, ყველაფრის მოგვარება ძალიან იოლად შეიძლება. ნიკას ამჟამად მიროს გარდა ახლობელი არავინ ჰყავს. შენს ადგილას ასე არ მოვიქცეოდი. დიდი ბოდიში, მაგრამ შენ ჩემთვის მეგობარზე მეტი ხარ და ასე გულღიად იმიტომ გელაპარაკები, თორემ სხვა რომ იყო, დაგიკიდებდი. ჩემი პრობლემებიც მყოფნის, რომელიც საკუთარი უჭკუობით ჩავიდინე და სულაც არ მინდა შენიც ავიკიდო, საერთოდ არ მჭირდება ზედმეტი პრობლემები, - ამის თქმისთანავე თავს ძალა დაატანა და გაიღიმა.

ნატკამაც ღიმილით უპასუხა.

- შენ მართალი ხარ, თიკუნა, მაპატიე, თუ შეგიძლია. - ხმადაბლა თქვა და ისეთი მზერით შეხედა დაქალს, ჩანდა, თავი დამნაშავედ იგრძნო, - ვიცი, რომ მირო ძალიან განიცდის ძმის სიკვდილს, მაგრამ ნიკაზე ისეა მიტმასნილი, რომ სულ საზიზღარი იდეები მომდის თავში.

- მიტმასნილს რას ეძახი, გააჩნია. თუ იმას გულისხმობ, რომ ბიძა ყურადღებიანია ძმისშვილის მიმართ, რას ხედავ ამაში ცუდს? იქნებ შენც ასევე მოექცე ამ პატარა, გულნატკენ, დედისგან მიტოვებულ არსებას? იცი, როგორ დაგიფასებს შენი ქმარი ამას? ბოლომდე შენი მეკავშირე გახდება და არა მეტოქე, როგორც შენ გგონია.

თიკო ლაპარაკობდა, თან ფრთხილად აკვირდებოდა ნატკას რეაქციას და იმედოვნებდა, რომ მეგობარს არ გააღიზიანებდა, ასე თამამად რომ ერეოდა მის ოჯახურ საქმეებში. თიკო გულით ნიკას ემხრობოდა და არ უნდოდა ბიჭს მამის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი გაეგო. არც ახლა და არც ოდესმე. ეს მას უდიდეს ტრავმას მიაყენებდა. ამავე დროს, მეგობრის მდგომარეობაც აღელვებდა და ეს სახეზეც ეტყობოდა.

ნატკა დაქალს ჩაეკრა და ამოიოხრა:

- შეიძლება მართლა ასე იყოს უკეთესი, მაგრამ რაღაც მაკავებს, რომ მიროს გულახდილად ვესაუბრო. არ ვიცი, როგორ ავუხსნა, რასაც ვგრძნობ. შენ სხვა ხარ, შენთან გულახდილობის არ მეშინია, იმიტომ, რომ თან გამიგებ, თან დამტუქავ. ჩვენ ხომ ყოველთვის უსიტყვოდ გვესმოდა ერთმანეთის. ამისთვის მადლობელი ვარ… - ნატკამ სიგარეტი ჩააქრო, - მოდი, სხვა რამეზე ვისაუბროთ. დღეს რა ვქნათ?

- მინდოდა ნიკასთან ერთად გამესეირნა. ეს მქონდა გეგმაში, მაგრამ მიროს წაუყვანია ახალი მშენებლობის დასათვალიერებლად, - თიკომ ამჯერად გულღიად გაიღიმა, - იქნებ ჩვენც გვენახა, რა სახლია ამისთანა? რას აშენებს შენი ძვირფასი ქმარი ასეთ გრანდიოზულს?

- აუ, წავიდეთ, მაგარი აზრია! - ისე გაუხარდა ნატკას, თითქოს რესტორანში ეპატიჟებოდნენ.



არაჩვეულებრივი დილა იყო. გვიან ღამით უწვიმია და ჰაერში წვიმისგან დანამული ბალახების სურნელი ტრიალებდა. გზად სუვენირების მაღაზიაში შეიარეს. თიკო თავის მშობლებს ელოდა და უნდოდა, მათთვის საჩუქრები შეეძინა. დედას სურნელოვანი სანთლები, მამას კი პორტსიგარი უყიდა, შემდეგ კვლავ ტაქსი გააჩერეს და მშენებლობისკენ გაემართნენ.

ლამის გასცდნენ ბათუმს. მანქანამ ისინი დანგრეულ მონასტერთან ჩამოსვა, იქით სამანქანო გზა აღარ იყო და ფეხით უნდა გადაეჭრათ ატალახიანებული ველი.

ნატკას ლამის ისტერიკა დაემართა. როცა პატარა ღელეს მიუახლოვდნენ და გადასასვლელი ვერსად დალანდეს. გადახტომა დააპირეს, მაგრამ ნატკამ ქვას წამოჰკრა ფეხი, წყალში ჩავარდა და ისე გაიწუწა, რომ ვარცხნილობაც კი დაეშალა. ამის შემდეგ სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მიდიოდა.

თიკოს გაახსენდა, რამდენ დროს ატარებდნენ ბავშვობაში ერთად გარეთ, რა ხალისიანი იყო ნატკა, როგორ ტკბებოდა თავისუფლებით, როცა ბავშვები მოსავლელი არ ჰყავდა. ახლა კი, როცა ფუფუნებაში ბანაობდა, სიხარულის ნაცვლად ჯავრმა შეჭამა და ადრინდელი იუმორის გრძნობაც სადღაც გაუქრა.

- როგრ მომწონს აქაურობა! - აღტაცებას ვერ მალავდა თიკო და გაბრწყინებული თვალებით აქეთ-იქით იყურებოდა.

- შენ კი მოგწონს, მაგრამ ახლა მე მკითხე? რაში სჭირდება ამ კლდე-ღრეში ეს შენობა, ვერ გამიგია. ვინ მოვა აქ ან საცხოვრებლად ან დროებით გასაჩერებლად? სასტუმროს აშენებს ბიჭი! გიჟია ეს ჩემი ქმარი, დედას გეფიცები! - ლამის ჩხუბობდა ნატკა, - თან შეხედე, რას დავემსგავსე! ჩემი დავარცხნილი თმა! ვაიმეე! ფეხები სულ დავიკაწრეე! - მოულოდნელად იყვირა ნატკამ და ხელები უაზროდ აიქნია.

თიკო მივარდა ეკლიან ბუჩქებში გახლართულს და მის გამოხსნას შეეცადა.

- აქეთ რას მიძვრებოდი შენც, გზას ვერ ხედავ? გეყოფა წუწუნი, ძალიანაც მშვენივრად გამოიყურები, შენს ქმარს ასეთიც მოეწონები.

ამ დროს შორიდან ნიკას სიცილი და მიროს გაოცებული შეძახილი მოისმა.

- აი, მესმის სიურპრიზი! - გახარებული მირო ქალებს მოუახლოვდა და ცოლს მოეხვია.

- იცი როგორ გამახარე? ძალიან მიყვარხარ, - ჩაუჩურჩულა და შემდეგ იქვე მდგარ თიკოს თვალი ჩაუკრა.

კარგა ხანს ათვალიერებდნენ ნახევრად აშენებულ ოთხსართულიან სახლს, რომელსაც ოდა-სახლის იერი დაჰკრავდა.

- ეგზოტიკური გარემო უნდა შევქმნათ, რომ ბევრი უცხოელი მოვიზიდოთ, - უხსნიდა ქალებს მირო.

თანდათან ჩამოცხა, თუმცა კი ნიავი უბერავდა. როცა სადილობის დრომ მოაწია, მირომ ქალები მანქანაში ჩასხა ნიკასთან ერთად და მახლობელ სასტუმროს მიადგნენ.

- აქ ახლომახლო რა ამბები ყოფილა თურმე, მე კი არ ვიცოდი! - წამოიძახა ნატკამ, როცა მწვანეში ჩაფლულ შენობას მიადგნენ.

- ვმუშაობთ, ბატონო, ისე კი არაა, შენ რომ გგონია! - გაიხუმრა მირომ და მანქანიდან გადმოსვლაში ორივეს მიეხმარა.

სასტუმროს მეპატრონე სიხარულით შეეგება სასიამოვნო სტუმრებს. პატარა რესტორანი მყუდრო და გრილი აღმოჩნდა. სანამ ქალები თავს იწესრიგებდნენ, სუფრაც გაიშალა.

სუფრას სასტუმროს პატრონი და ორი ოფიციანტი ემსახურებოდნენ. ირგვლივ კერძების სასიამოვნო სურნელი დატრიალდა. ატმოსფეროც სასიამოვნო იყო - სიგრილე და სიწყნარე. მოულოდნელად ნიკას ზარივით წკრიალა ხმა გაისმა:

- აი, ზუზი ბიძია!

თიკომ ბავშვის თითს თვალი გააყოლა და შორეულ მაგიდასთან ზუზი დაინახა. მასთან ერთად სამი ადამიანი იყო. როცა თავისი სახელი მოესმა, მამაკაცი მოტრიალდა და მათ ხელი ღიმილით დაუქნია. შემდეგ ოფიციანტი მოიხმო, რაღაც გადაულაპარაკა და ისიც მათი მაგიდისკენ წამოვიდა.

- ბატონი ზუზი მოხარული იქნება, თუ მოგვიანებით აივანზე შეუერთდებით. - გადასცა მიროს ძმაკაცის თხოვნა.

თიკო თვალს არ აცილებდა ზუზის ფართო მხარ-ბეჭს. მისი სტუმრებიც იცნო - ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი ქალიშვილი. "ეგენი კიდევ არ წასულან?" - უსიამოვნოდ გაიფიქრა. გულმა რეჩხი უყო. რატომღაც, არ ესიამოვნა ზუზის გვერდით უცხოელი მიშელის დანახვა.

როგორც ჩანს, მას დიდი არჩევანი აქვს - ერთი მხრივ, მარი, რომელიც თავისუფალია და შეუძლია თავის ძველ თაყვანისმცემელს ცოლად გაჰყვეს, მეორე მხრივ კი ეს ქერათმიანი ლამაზი ამერიკელი, შეყვარებული თვალებით რომ შესციცინებს. მტკიცედ შეუდგა გულში თავისი თავის დარწმუნებას, რომ ზუზიზე, როგორც სასურველ მამაკაცზე, აღარ ფიქრობდა, მაგრამ… არაფერი გამოუვიდა. მოსწონდა ეს კაცი და სწორედ ამიტომ გაჰყურებდა ასეთი შურიანი მზერით მიშელს. წუხელ ისეთი დრო ატარა ზუზისთან, რომ გზაში დაასკვნა, მისადმი საოცარ ლტოლვას გრძნობდა. შეიძლება ეს არ იყო სიყვარული, მაგრამ ნდომას ძალიან ჰგავდა. ნდომიდან სიყვარულამდე კი, ალბათ, სულ რაღაც ერთი ნაბიჯია. ასე კი ფიქრობდა, მაგრამ ცდილობდა, ამ გრძნობისთვის ეჯობნა, ოღონდ როგორ, არ იცოდა. როგორც იქნა, შორეულ მაგიდას თვალი მოაშორა, ნატკასკენ შებრუნდა და ლაპარაკი გაუბა. თავს მაინც გაბრუებულად და აღელვებულად გრძნობდა. ეშინოდა, არაფერი შესტყობოდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნატკამ საიდუმლო გაუზიარა, ზუზისთან ფლირტის დაწყება გადავწყვიტეო.

ვერაფრით ვერ მოახერხა თავის დაწყნარება, სანამ სადილი ჩამთავრდებოდა.

ბოლოს აიშალნენ და აივანს მიაშურეს. აქ ყველამ ერთად მოიყარა თავი. ყველაზე ბოლოს მიშელი და ზუზი გამოჩნდნენ. თიკო მოაჯირს დაყრდნობოდა და ულამაზეს ბაღს გადაჰყურებდა.

ნატკა გატაცებით უყვებოდა სტუმრებს, თუ რა წვალებით მიაღწიეს მშენებლობამდე ფეხით და რომ არა თიკო, ის ალბათ ახლაც გზაში იქნებოდა, თან სიცილით უჩვენებდა ყველას თავის დაკაწრულ ფეხებსა და აწეწილ თმას.

თიკო მიხვდა, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამასობაში საუბარში ზუზიც ჩაერთო.

- ნატული, ძალიან მაოცებ. შენ უფრო მაგარი მეგონე. თიკოს ისეთი სიფრიფანა გარეგნობა აქვს, რომ იქით მოითხოვს დაცვას. რაღაც არა მგონია, იგი სპორტული ტიპის ადამიანებს მიეკუთვნებოდეს. ეკლებში როგორ გაიხლართე, გოგო, ა?

ნატკა სიცილისგან ჩაბჟირდა. ასეთი ხალისიანი დიდი ხანია, არ ყოფილა. მან ორი თითი გაიშვირა, ზუზის პირიდან ანთებული სიგარეტი გამოაცალა, თვალებში მრავალმნიშვნელოვნად ჩააშტერდა და მიბნედილი ხმით წარმოთქვა:

- თიკოს საკმარისი ძალა და ენერგია აქვს, რათა სიცოცხლით და სილამაზით დატკბეს. ის თავისუფალია და რაღაც პირობითობას ყურადღებას არ აქცევს, ჩემში კი ეს ყოველივე გათხოვებამ ჩაკლა.

ზუზის სახეზე გაკვირვება გამოეხატა. მამაკაცურმა ინტუიციამ უკარნახა, რაც იმალებოდა ამ სიტყვების უკან და მოულოდნელად ისე შეეცვალა გამომეტყველება, დაკვირვებული კაცი მაშინვე შეამჩნევდა, გაკვირვება ირონიამ რა სწრაფად შეცვალა.

- არა მგონია, გათხოვებამ შენ რამე დაბრკოლება შეგიქმნას. ყველაფერს ადვილად აღწევ, როცა ინდომებ! სიფრთხილე არ დაივიწყო, ნატული, ის შუშა, რომელსაც ფეხი გინდა დაადგა, ძალიან ადვილად იმსხვრევა და არ დაგასახიჩროს! დამიბრუნე ჩემი სიგარეტი! - ეს აშკარა მუქარანარევი მინიშნება იყო, რასაც თიკო იმწამსვე მიხვდა. ალბათ ნატკაც. არ იყო ისეთი სულელი, ზუზის ნართაული ვერ გაეგო. მან სასწრაფოდ დაუბრუნა მამაკაცს სიგარეტი და იქაურობას გაეცალა.

- თქვენ რას იტყვით, თიკო? როგორ ფიქრობთ, გათხოვება თქვენზეც ასე იმოქმედებს?

- როგორ ასე? - ცალწარბაწევით შეეკითხა თიკო და თვალი თვალში გაუყარა.

- ანუ… - მამაკაცი აშკარად დაიბნა, - თქვენც დანებდებით?

მან არ იცოდა, რა იგულისხმა "დანებებაში" მამაკაცმა - ცხოვრებას დანებება თუ მამაკაცს?

- რომ დანებდე, უნდა გიღირდეს! - ქარაგმულად გასცა პასუხი და აწეული წარბი აათამაშა.

ზუზიმ ჩაახველა. ჩრდილმა გადაურბინა ჯერ კიდევ ღიმილიან სახეზე და მისი ნათქვამის დასაზუსტებლად კვლავ კითხვა მოიშველია:

- ანუ?

თიკომ ღიმილი ვერ შეიკავა, მიხვდა, რომ ქარაგმა მიზანში მოხვდა და სრულიად მშვიდად მიუგო:

- გათხოვების შემდეგ ადამიანი, რა თქმა უნდა, იცვლება. თუკი მე და ჩემი მომავალი ქმარი ერთ სულად ვიქცევით, არ ვინაღვლებ, რომ საკუთარი "მე" დავკარგე.

- ნუთუ? - შეეჭვდა ზუზი. იგი ისეთი დაჟინებით უყურებდა ქალს, თითქოს მათ გარდა ახლომახლო არავინ იყო, - ალბათ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ქორწინებაში როგორ გაგიმართლებთ. თუ არ ვცდები, იმ ტიპის ადამიანებს უნდა მიეკუთვნებოდეთ, ვინც ბოლომდე იხარჯება. ამიტომ არ გამიკვირდება, თუ გათხოვების შემდეგ საკუთარ მეობას დაკარგავთ, - ეს იმხელა სარკაზმით იყო ნათქვამი, თიკოს ზურგზე ჭიანჭველებმა დაურბინეს.

- მეობა რომ დაკარგო, ესეც უნდა გიღირდეს! - კვლავ სრული სიმშვიდით წარმოთქვა და აწეული წარბი დაუშვა.

ზუზის ირონიაზე გულში ყრუ ტკივილი იგრძნო და შვებით ამოისუნთქა, როცა მაგიდაზე ხილი, ნამცხვრები და ყავიანი ფინჯნები დაალაგეს.

სუფრასთან ხმა არ ამოუღია. მთელი საღამო ბუსავით იჯდა და ყველას შუბლშეკრული გასცქეროდა.

როცა შებინდდა, მხოლოდ მაშინ აიშალნენ. თიკოს გულს უკლავდა, ზუზი და მიშელი ერთად რომ ისხდნენ და დროდადრო მხრებით ერთმანეთს ეხებოდნენ. უცხოელი გოგონა ხანდახან გადაიკისკისებდა და სახეს ძალიან ახლოს მიუტანდა მამაკაცს. ამის დანახვაზე თიკოს ელეთმელეთი მოსდიოდა.

გარეთ გამოსულები ამერიკელებმა თავიანთ სასტუმროში, გამოსამშვიდობებელ ვახშამზე დაპატიჟეს.

თიკოს სულაც არ მიუწევდა გული მათ ვახშამზე, რადგან აშკარად ხედავდა მიშელის ზუზით დაინტერესებას და არც ეს უკანასკნელი ჩანდა მის მიმართ მთლად გულგრილი. მაშინვე დაღლილობა მოიმიზეზა, მაგრამ მირომ მის უარს ყური არ ათხოვა და ლამის ძალით ჩასვა მანქანაში.

იქ კიდევ შემოუერთდნენ სტუმრები, რამდენიმე სხვა უცხოელი. ერთი ძალიან სიმპათიური ბიჭიც ერია, რომელიც მიშელს მაშინვე გვერდით მოუჯდა. მიშელი ამჯერად ორ სიმპათიურ მამაკაცს შორის აღმოჩნდა და როგორც ჩანს, თავში აუვარდა. სავარაუდოდ, ზუზის გასაღიზიანებლად იგი უცხოელს დაუფარავად ეკეკლუცებოდა. თიკოს გაუკვირდა გოგონას ასეთი საქციელი. ის გრძნობდა, რომ ქალი ზუზის ამ მეთოდებით ვერასდროს გამოიჭერდა, რადგან იგი საკმაოდ ჭკვიანი იყო და მსგავს ანკესზე არ წამოეგებოდა. ის კი არა, იმასაც არ იმჩნევდა, რომ მიშელის კეკლუცობა აღიზიანებდა.

ცუდი ის იყო, რომ მამაკაცს თიკოსკენ ერთხელაც არ გამოუხედავს, თითქოს სრულიად გადაავიწყდა მისი არსებობა. ქალმა ყველაზე მეტად ახლა იგრძნო მარტოსულად თავი…



უკვე ის დრო იყო, როცა დანაყრებულ და შეზარხოშებულ საზოგადოებას ცეკვის სურვილი გაუჩნდა. თიკოსაც ძალიან უყვარდა ცეკვა, სკოლაშიც დადიოდა ცეკვის წრეზე და სტუდენტობის წლებშიც არ შეუწყვეტია. ახლაც საღერღელი აეშალა, ისე მოუნდა დაბზრიალება. მართლაც, ყველასთან იცეკვა, ზუზის გარდა. ამ უკანასკნელმაც, თავის მხრივ, თითქმის დარბაზში მყოფი ყველა ქალი გამოიწვია, თიკოს გარდა.

ქალს მთელი გულისყური საცეკვაო მოედნისკენ ჰქონდა მიპყრობილი და შეფარვით ზვერავდა, ვისთან ცეკვავდა ზუზი და როგორ ერგებოდა პარტნიორს. რაღაც ამძიმებდა, გული თითქოს დარტყმებს შორის პაუზას აჭიანურებდა.

შეიძლება ამ აღელვებამ განაპირობა, რომ ძალიან დასცხა, შუბლიდან ოფლის წვეთები ჩამოუვიდა. ადგა და თავის მოსაწესრიგებლად ტუალეტში გავიდა. თმა დაივარცხნა, ოფლი მოიწმინდა, ტუჩებზე პომადა გადაისვა და ის იყო, ოთახიდან გამოსვლა დააპირა, რომ მოულოდნელად მიშელი შემოგოგმანდა. ისიც სარკესთან მივიდა, მაკიაჟი შეილამაზა და უეცრად თიკოს მიუტრიალდა.

- თიკო, შეიძლება რაღაც გკითხოთ? - ინგლისურად შეეკითხა.

- რა თქმა უნდა, - ინგლისურადვე მიუგო თიკომ, რამაც სტუმარი გოგონა დააბნია.

თიკო გააღიმა მისმა გამომეტყველებამ. ალბათ იფიქრა, ინგლისური არ მეცოდინებოდა და პირიქით, მე დამაბნევდაო, გაიფიქრა ქალმა და ასე, ღიმილმორეული მიაჩერდა.

- დიდი ხანია, ზუზის იცნობთ?

- არა, - მოკლე მოუჭრა თიკომ და კარის სახელური გადასწია, მაგრამ შემდეგმა შეკითხვამ შეაჩერა.

- მარის თუ შეხვედრიხართ? მიროს ძმის ცოლს? ამბობენ, ძალიან ლამაზიაო.

- არა, არასდროს მინახავს, - ზრდილობიანად მიუგო.

- რა საშინელი ტრაგედია მოხდა, არა? ბავშვი საშინლად მეცოდება.

- ჰო. - კვლავ ლაკონიურად წარმოთქვა თიკომ. ცდილობდა, როგორმე ჩაეხშო ის უსიამოვნო შეგრძნება, რასაც ამ თითქმის ბავშვის, გათამამებული და ქედმაღალი უცხოელისადმი გრძნობდა. მიხვდა, რომ მიშელმა მხოლოდ იმიტომ წამოიწყო საუბარი, რომ თავისი ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა, აბა, რას წარმოიდგენდა მიშელი, რა ცეცხლიც ტრიალებდა თიკოს გულში. მას მეტოქედ არც კი მიიჩნევდა. აი, ლამაზი, გამოცდილი მარი კი აინტერესებდა და აფიქრებდა.

- როგორ ფიქრობთ, ზუზი ხომ საოცარი მამაკაცია? იცით, როგორ მომწონს? რა გარეგნობა აქვს, როგორი ღიმილი, რომაული სახის ნაკვთები… იტალიელებზე ვაფანატებ. მე თვითონ ფრანგი ვარ, მაგრამ ფრანგი მამაკაცები არ მხიბლავს, - კეკლუცად გაიღიმა, - აი, ზუზი კი განსაკუთრებულად კარგია. ქართველი კაცები იტალიელებს მაგონებენ გარეგნობითაც და ტემპერამენტითაც. ამასთან, ზუზი ძალიან ჭკვიანია, გაწონასწორებული და დელიკატური. ამას წინათ დედამისის ნახატები დამათვალიერებინა. ისიც ულამაზესი ქალი ყოფილა, -მიშელმა თავისი უემოციო ცისფერი თვალები თიკოს მიაშტერა, ახედ-დახედა და მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა:

- თქვენ გყავთ ბოიფრენდი? - შემდეგ გაიცინა და გააგრძელა, - რა სულელი ვარ, რომ გეკითხებით. სულ არ გეტყობათ, რომ ვინმე გყავთ. და ალბათ არც გათხოვილი უნდა იყოთ, რადგან ბეჭედს არ ატარებთ.

- ჰო-ო? - ისეთი ტონით მიუგო თიკომ, რომ უნდოდა, მიშელი დაეჭვებულიყო. მერე კარი გააღო და სწრაფად გავიდა. ამ მეტიჩარა ფრანგ ამერიკელთან რა საქმე ჰქონდა? თიკოსთან ახლოსაც ვერ მოვიდოდა. მასთან საუბრის გაგრძელება აღარ შეეძლო.

ესეც ასე. ზუზიმ ხომ უთხრა, დედაჩემის ნამუშევრებს ყველას არ ვანახვებო. მიშელი ხომ გამოარჩია? ნეტავ რატომ? რა ნახა ამ გოგოში ისეთი, რომ სურათების ნახვის ნება დართო? რა გამოცნობა მაგას უნდა? ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელმა მისი გული დაპყრო. და მერე თიკოს რა? რა მისი საქმეა, ზუზი ვის შეიყვარებს? იქნებ უკვე მისი საქმეა? ნუთუ დაერხა? ნუთუ კიდევ ერთხელაა შეყვარებული? არა, ღმერთმა დაუფაროს! კიდევ ერთხელ იმედგაცრუება გასრისავს. ზუზიზე ყურადღების გადატანა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ძველი იარა უფრო ადვილად მოიშუშოს.

როგორც კი დარბაზში დაბრუნდა და თავის ადგილს მიუახლოვდა, ზუზი შეეგება და საცეკვაოდ გაიწვია.

ოჰ, რაღაც დაემართა, ზუზიმ წელზე ხელი რომ შემოხვია. ტანგოს მელოდია იყო, მსოფლიოში ყველაზე ვნებიანი ცეკვის. ყოველ შემთხვევაში, თიკო ასე მიიჩნევდა. თავში უნებურად წამოუტივტივდა ერთი მისი მეგობრის ლექსის სტრიქონები: "თეძოდან სხვა თეძოზე ხელი… სხვა შიფონმოსხმული ტანგო… ჩვენ კი ვაგრძელებთ მზერით ცეკვას ერთად და მარტო"… ამის გაფიქრება და ჟრუანტელის დავლა ერთი იყო. თითქოს ჰაერი ამოუშვა ფილტვებიდან, ღრმად ამოისუნთქა, მამაკაცს ხელში ხელი ჩასჭიდა, მეორე მხარზე დაადო, თავი ილეთის საპასუხოდ დაიჭირა და დატრიალდა… ზუზიმაც მაშინვე აუღო ალღო, ისე აბზრიალებდა ქალს, იატაკზე ფეხს არც ადგმევინებდა. ისე ზუტად ასრულებდნენ სვლებს, გეგონებოდათ, მთელი ცხოვრება ერთად ცეკვაში გაუტარებიათო. თიკო ლაღად მიჰყვებოდა მუსიკის რიტმს და არა მარტო სხეული, მისი გულიც, მკერდიც და სულიც კი მის ტემპში, მასთან ერთად ცეკვავდა.

ორივენი დუმდნენ. თიკო შიშით ვერ იღებდა ხმას, რომ ამ ზღაპრული წუთების იდილია არ დაერღვია. თითქოს სხვაგან იმყოფებოდა, სხვა განზომილებაში, ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა…

როცა ცეკვა დამთავრდა, ღაწვებაფაკლული ციდან მიწაზე დაეშვა.

- გმადლობთ. - წაიჩურჩულა კმაყოფილებით სავსემ და თვალები დახარა, რომ მამაკაცის მზერას არ შეფეთებოდა. გული ისევ ისე ძალუმად უძგერდა და უკან დაიხია, თავი არ გავცეო. სწორედ ამ დროს კარში მდგარი მიშელი შეამჩნია.
- რა საოცრად ცეკვავ, - ზუზის ხმაში საჭიროზე მეტი ინტიმურობა იგრძნობოდა, - ერთიც ხომ არ გვეცეკვა? - ოდნავ დაწეული ხმით შეეკითხა.
თვითონაც გაუკვირდა, უარი რომ უთხრა, მართლა აღარ უნდოდა მეტჯერ ცეკვა. ვერ მიხვდა, მიშელის გამოჩენამ იმოქმედა მასზე თუ სურდა, ზუზი ამ ერთი ცეკვით გაოგნებული დაეტოვებინა. ერთიც იყო და მეორეც. განსაკუთრებით უცხოელის დანახვა არ ესიამოვნა, მისმა გამოჩენამ თიკოს ყველა ფიქრი და ოცნება, რომლითაც წამების წინ მეცხრე ცაზე დაფრინავდა, მსწრაფლ დაამსხვრია.
- უარს მეუბნებით? რატომ? გეშინიათ, რომ სასწაული აღარ განმეორდება? - მამაკაცი ისევ და ისევ ზრდილობიანი ფორმით მიმართავდა, არამც და არამც არ უშვებდა ახლოს იმ დღის შემდეგ.
- შემდეგ ცეკვას მიშელი ელოდება, - ირიბად ახედა და მამაკაცს ნიშნის მომგები მზერა მიაპყრო.
- ეს ეჭვიანობაა? - წარბების აწევით იკითხა ზუზიმ და მაჯაში მძლავრად ჩაავლო ხელი.
- ეს გაფრთხილებაა.
- მე მაფრთხილებთ? რაღაც ვერ გავიგე, მგონი, - განცვიფრებისგან დიდრონი თვალები უფრო გაუფართოვდა მამაკაცს.
- არა, გაფრთხილება საკუთარი თავის მისამართით. ის შუშა, რომელსაც ფეხი მინდა დავადგა, ძალიან ადვილად იმსხვრევა თურმე და მეშინია, რამე არ მატკინოს. - ხურდად თავისივე სიტყვები დაუბრუნა თიკომ, რომელიც მამაკაცმა შუადღეს, სხვა სასტუმროში და სხვა სუფრასთან ნატკას უთხრა.
ზუზიმ ჩაიფხუკუნა.
- ყოველთვის ასე აკონტროლებთ თქვენს თავს?

- ვცდილობ.

- მერე? გამოგდით?

- ჯერჯერობით ვერევი, ვერ მჯაბნის.
- წამომყევით, საოცარი სანახაობა უნდა გაჩვენოთ. ნახეთ, რა ლამაზია მთვარის შუქზე სასტუმროს პარკი.

დარბაზი გადაჭრეს და აივანზე გავიდნენ. აქ მუსიკის ხმა ყრუდ აღწევდა, მით უფრო, რომ მამაკაცმა ზურგს უკან კარი მოიხურა. თიკო მოაჯირს გადაეყრდნო და ფიჭვისა და ჭადრის მათრობელი სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
- ცეკვის დროს კინაღამ გამიფრინდით ხელიდან. კიდევ კარგი, რომ ფრთები არ გქონდათ.
- გაგიფრინდით?
- ჰო. სადღაც მაღლა იყავით. რა, შევცდი?
- ცეკვისას სრულიად სხვა სამყაროში გადავდივარ. იმ წუთებში დედამიწელი არ ვარ. ამის ბრალია ყველაფერი.
- ახლა? ახლა დედამიწელი ხართ?
თიკო წელში გასწორდა, ნელა შემობრუნდა და მამაკაცის ვერცხლისფრად აკიაფებულ თვალებს თამამად გაუსწორა მზერა.
- ახლაც მინდა ვიფრინო და სიამოვნებით დავტკბე. მიწას მოვწყდე და გალაქტიკაში გავიჭრა.
- მე კიდევ… მე მინდა, რომ მთვარის შუქზე ვიცეკვო მზესთან…
- მზესთან მიახლოება არ შეიძლება, წვავს. იკაროსიც კი დაიფერფლა. - ორს შორის ფლირტი გაიბა.
- იკაროსი შტერი იყო, მე ჭკვიანი ვარ, - ცალი წარბი მრავალმნიშვნელოვნად აზიდა ზუზიმ, ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, ქალის პირდაპირ დადგა, ნიკაპი მაღლა ასწია და ქუსლებზე აქანავდა.
- მზისთვის ჭკვიანი და სულელი სულერთია, იგი ყველას ერთნაირად ათბობს ან წვავს, -თავი გვერდზე გადასწია თიკომ, წკიპურტის გაქნევით პერანგზე დაცემული ჭადრის ბუსუსი მოაშორა ზუზის და დარბაზის კარი შეაღო. აღარ მოისურვა, ენახა სასტუმროს საოცარი ბაღი, რომლის საჩვენებლადაც მამაკაცმა ტერასაზე გაიყვანა…
გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93