ნოველები

თამაში მზესთან - თავი 11

თამაში მზესთან - თავი 11
დასაწყისი
თიკო და ნიკა ბათუმში საღამო ხანს დაბრუნდნენ. ის იყო, სახლში შევიდნენ, რომ მირომ დარეკა. მამაკაცმა დიდი პატივისცემით და მორიდებით მოიკითხა თიკო. ამ უკანასკნელმაც დაწვრილებით უამბო, როგორ ატარებდნენ დროს და დაუმატა, ნურაფრის დარდი ნუ გექნება, ბიჭი შემეჩვია და უშენობას მაინცდამაინც არ განიცდისო. მერე ნატკასაც ელაპარაკა. როცა ტელეფონი გათიშა, გაეღიმა, მიხვდა, რომ მის დაქალს საქმე კარგად ჰქონდა. აშკარად ჩანს, უშველა მიროსთან განმარტოებამ.

დილით მის ოთახში ნიკამ შემოირბინა, გულზე თავისი პოლიციის მანქანა მიეხუტებინა. ბავშვი ქალს პირდაპირ საწოლში
ჩაუხტა.

- დღეს სად წავალთ, თიკო? ახლა ინგლისურის გაკვეთილს დავესწრები და მერე თავისუფალი ვარ, - ატიტინდა ბიჭუნა.

- რა ვიცი, რამეს მოვიფიქრებთ. უი, გამახსენდა! დელფინარიუმში ხომ არ წავსულიყავით?

- აუ, მაგარია! დელფინარიუმი მიყვარს, ძალიან მიყვარს. ყოფილხარ იქ? იცი, რამხელა დელფინები არიან? აიიი, ამხელა, - ნიკამ ხელი თავს ზემოთ ასწია და დელფინის სიგრძე ვირტუალურად მოხაზა, - ძალიან საყვარლები არიან, სასაცილოდ თამაშობენ.

- არა, არ ვყოფილვარ და წავიდეთ. აი, მორჩები ინგლისურის გაკვეთილს და გავიქცეთ, ხომ?

ნიკამ ისაუზმა და შოთას სახლში გავარდა, სადაც ინგლისურის მასწავლებელი ელოდებოდა. თიკომ კი საბანაო კოსტიუმი ჩაიცვა და პლაჟის ჩანთაში პირსახოცი და სხვა საჭირო ნივთები ჩაალაგა. უნდოდა, ბიჭი ზღვაზე გაეყვანა, მაგრამ წინასწარ არაფერი უთხრა, შეეშინდა, არ დაფრთხესო.

სანამ დელფინარიუმში მივიდოდნენ, ნიკას ენა არ გაუჩერებია, მთელი გზა ლაპარაკობდა და ჭყლოპინებდა. კარგა ხანს დაჰყვეს იქ, ბავშვმა გული მოიოხა სანახაობით. შემდეგ ღია კაფეში დასხდნენ და ცოტა წაიხემსეს, ნაყინიც დააგემოვნეს და ბულვარს დაუყვნენ. კარგა გვარიანი სეირნობის შემდეგ თიკომ ნიკა პლაჟზე გაიყვანა. ქალმა შედარებით მყუდრო ადგილი გამონახა, სადაც ცოტა ქვიშაც ეყარა. მერე კაბინაში შევიდა და წყალი გადაივლო. შემდეგ ნიკასაც გახადა, ახალნაყიდი ტრუსი ჩააცვა და იქვე გაშლილ პირსახოცზე დასვა.

მათ გვერდით ხანში შესული ცოლ-ქმარი მოკალათებულიყო. ისინი ღიმილით უცქეროდნენ პატარა ბიჭსა და მის ახალგაზრდა "დედიკოს", რადგან ორივენი ქვიშაში თამაშობდნენ, სასახლეს აგებდნენ და ფერადი ქვებითა და ნიჟარებით რთავდნენ. ბიჭს სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. ბოლოს სიცხისგან მოითენთა და მიყუჩდა, კვლავ პირსახოცზე დაჯდა და თიკოს შეაჩერდა. ახლა კი უმტკივნეულოდ შეიძლება მისი ზღვაში შეტყუებაო, გაიფიქრა თიკომ და რადგანაც თვითონაც ძალიან უნდოდა წყალში შესვლა, მოულოდნელად ნიკას მიუბრუნდა:

- ნიკუშ, დედამ ცურვა იცის?

მშვენივრად იცოდა, რომ ნატკა ცურავდა, მაგრამ ბავშვის ყურადღების მიქცევა უნდოდა. ნიკამაც გამოხედა და დიდი კაცივით დინჯად მიუგო:

- იცის.

თიკომ მეტი აღარაფერი ჰკითხა, ჩანთიდან დილით ნაყიდი ჟურნალი ამოიღო, ერთი ფურცელი ამოხია და ქაღალდის გემის გაკეთებას შეუდგა. ფერადი ფურცლისგან უმშვენიერესი პატარა ხომალდი გამოვიდა. თიკომ ზღვაში შეაცურა გემი და უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო. მათი მეზობელი მამაკაცი მისკენ დახრილიყო. მან თბილად უთხრა:

- თუ გნებავთ, შეცურეთ, მე და ჩემი მეუღლე მივხედავთ თქვენს ბიჭს.

- უღრმესი მადლობა. დიდხანს არ დავრჩები, ცოტას დავსველდები და მალე ამოვალ.

თიკომ წყალში შეაბიჯა და როცა იგი წელამდე მისწვდა, ტალღებზე გაწვა და გაცურა. ძალიან უყვარდა ცურვა. ძალიან უყვარდა ზღვა. ზღვა მისთვის ადრენალინის გამოყოფის საუკეთესო საშუალება იყო. გარდა იმისა, რომ შესანიშნავად ცურავდა, ზედმეტად თავისუფლადაც გრძნობდა წყალში თავს, ისე, როგორც თევზი.

მოულოდნელად მის გვერდით წყლიდან გარუჯული მამაკაცის სახე ამოიმართა, მერე სახეს წყლისგან ალაპლაპებული მხრები ამოჰყვა. უცნობი მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა. სველი შავი თმა, თავხედური გამოხედვა და ქათქათა კბილები უცხო მამაკაცს ვაჟკაცურ იერს აძლევდა.

- კარგად ცურავთ, ლამაზო, - ხავერდოვანი ხმით მიმართა უცნობმა.

თიკო მაშინვე მიხვდა, რომ იგი ერთ-ერთი ჟიგოლოთაგანი იყო და პლაჟზე მათი ნაკლებობა არ შეიმჩნეოდა. ამ ტიპის ახალგაზრდები ცდილობდნენ, გამოეჭირათ ქალები, განსაკუთრებით, ფულიანები, რომ დრო ხალისიანად და ნებიერად ეტარებინათ. დამფრთხალმა თიკომ სწრაფად ნაპირისკენ გაცურა, რათა აბეზარი მამაკაცი თავიდან მოეცილებინა. მისდა გასაკვირად, ის თითქოს არც აპირებდა უკან გამოდევნებას, მაგრამ როგორც კი ნაპირზე ფეხი დადგა, ეგრევე შეამჩნია, რომ უცნობს მასზე ადრე გამოეცურა და იქვე, მის სიახლოვეს იდგა. მამაკაცი გამარჯვებულის ღიმილით შესცქეროდა.

- შვებულება გაქვთ, ხომ? ისვენებთ? - თავხედურად დაეკითხა.

თიკომ პასუხი არ გასცა და ნიკასკენ გაემართა. ის კი არ მოეშვა, გვერდით გაჰყვა თავისი დევივით კუნთების თამაშით და თიკოს მოხდენილ სხეულს ხარბად ათვალიერებდა. წამითაც არ მოუშორებია თვალი ქალისთვის. აშკარად ჩანდა, რომ თავის თავში ზედმეტად დარწმუნებული იყო და საკუთარ მამაკაცურ მომხიბვლელობაში ეჭვიც არ ეპარებოდა.

- გოგონი, რა გქვიათ? ამ საღამოს რას აკეთებთ? ხომ არ შევხვდეთ? იქნებ გაგვესეირნა სადმე?

უარის ნიშნად ყველა შეკითხვაზე თიკო კანტუზიანიავით თავს აქნევდა. როგორც ჩანს, ამ ნარცისს მამაკაცური ღირსება საბოლოოდ შეელახა, ალბათ არ იყო ჩვეული ქალებისგან უარს.

თიკო სწრაფად მიიწევდა წინ, ნიკასკენ, უცნობიც ფეხდაფეხ მისდევდა და უკვე გაღიზიანებული სთხოვდა შეხვედრას, თან საყვედურობდა, რამე დავაშავე თუ რატომ არ მოგწონვარო.

- თიკო, ამდენ ხანს რატომ დაყოვნდი წყალში? - თითქოს სიზმარში ჩაესმა ნაცნობი ხმა.

მაღალი მამაკაცი, რომელიც წინ აესვეტა, მხოლოდ ზუზი შეიძლებოდა ყოფილიყო. საიდან გაჩნდა იგი სწორედ ამ დროს და სწორედ აქ, თიკოსთვის გამოცანა იყო.

მან ისე ამრეზით გახედა აბეზარ "მონადირეს", რომ ეს უკანასკნელი ნირწამხდარი ადგილზე გაქვავდა. წამიც და, ელდანაკრავივით გატრიალდა, რომ იქაურობას სწრაფად მოშორებოდა.

თიკომ შვებით ამოისუნთქა და ზუზის გაბრწყინებული თვალებით ახედა:

- კიდევ კარგი, წავიდა, ვერაფრით ვერ მოვიცილე, - აღელვებულს სუნთქვა შეეკრა.

თვალებმოჭუტული ზუზი შეჰყურებდა თიკოს ხშირ, გაშლილ თმას. უცებ, რატომღაც, მოიღუშა, თვალები გაუმუქდა და მათში გამოუცნობი შეკითხვა აუკიაფდა.

თიკო კი გაბრწყინებული სახით მისჩერებოდა.

- მართლა? მე კი მომეჩვენა, რომ მის გვერდით ყოფნა გსიამოვნებდათ.

ქალი გაშრა, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო. გაოგნებულმა გახედა ზუზის ახოვან სხეულს, ლურჯი ცის ფონზე გამოკვეთილად მოელვარე, მრისხანებაჩამდგარ თვალებს და ის სიხარული, რომელიც მისმა გამოჩენამ მიანიჭა, სადღაც გაქრა. გაბრაზებამ და წყენამ გონება აურია და საოცნებო მამაკაცს მკვახედ მიუგო:

- სხვათა შორის, თქვენ სულაც არ გეხებათ, მე რას ვაკეთებ და რას არა. ყოველთვის რატომ ხართ ასეთი მკაცრი სხვისი განსჯისას? ის კაცი საერთოდ არ მაინტერესებს, არ ვიცი, ვინაა და არც ის ვიცი, რა უნდოდა. სიტყვაც კი არ მითქვამს მისთვის!

წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ ზუზიმ გულგრილად გააგრძელა:

- ის კაცი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ მის გამოსაჭერად გამოხვედით პლაჟის ამ მხარეს, - ზუზიმ საჩვენებელი თითი იქით გაიშვირა, სადაც ნიკა ქვიშაში თამაშობდა, -როგორც თბილისში ცირკის წინ, ბათუმში ქალები სწორედ ამ ადგილას კერავენ კაცებს. სრულიად შემთხვევით დაგინახეთ, თქვენს სათვალთვალოდ კი არ ვარ მოსული. კაფეში ვიყავი და იქიდან შეგამჩნიეთ. როგორც კი დაგინახეთ, მივხვდი, ნიკაც აქ იქნებოდა და წამოვედი. ამ დროს თქვენც ამოხვედით წყლიდან…

- და საკუთარ თვალებს არ დაუჯერეთ, არა? - ყრუდ წარმოთქვა თიკომ და მუშტები მაგრად შეკრა, მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა, რომ არ აღელვებულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, -თქვენ პირველივე დღიდან ამითვალწუნეთ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე პასუხს ვაგებ ნიკაზე და მხოლოდ მიროს წინაშე ვარ ვალდებული. თქვენ კი თავისუფალი ქცევის, თავდაჯერებული და სასტიკი კაცი ხართ, თანაც ნიკასთვის მოსიყვარულე და ყურადღებიან ძიას თამაშობთ. მაგრამ ეს ჩემი საქმე არ არის! თქვენი ცხოვრება მე არ მეხება და გთხოვთ, ნურც ჩემს ცხოვრებაში ჩაერევით.

ზუზი წარბაწეული უსმენდა ქადაგად დავარდნილს და ბაგეზე ირონიული ღიმილი არ შორდებოდა. ქალის აღელვებულ სიტყვებს მასზე თითქოს იოტისოდენა გავლენა არ მოუხდენია.

- თიკო, თქვენ ბათუმში პირველად ხართ. მე უბრალოდ, მხოლოდ ერთი რამ გითხარით. თუ რა ადგილას მოხვდით პლაჟზე. რომ მცოდნოდა, ზღვაზე აპირებდით წამოსვლას, გამოგყვებოდით და თვითონ ამოგარჩევინებდით კარგ ადგილს. რაც შეეხება თქვენთან დამოკიდებულებას, მართალი ხართ, არ მომწონს ნიკასთან დაკავშირებული არც ერთი ქალი. თქვენ კი, თუ სიმართლე გაინტერესებთ, გამონაკლისი ხართ. ალბათ გიკვირთ, არა?

- მე ის უფრო მიკვირს, ასე რომ მექცევით. ეს ადგილი სპეციალურად შევარჩიე, მშვიდად ვიქნებით-მეთქი. ბავშვს წყლის ეშინია და არ მინდოდა, ხმაურიან პლაჟს დაეფრთხო. ჩვენ გარდა აქ სხვებიც არიან. აი, ის მოხუცი ცოლ-ქმარი, მაგალითად… მათ შებმასაც შეეცდება თქვენი აზრით ვინმე? - ცინიკურად ჩაიცინა.

- აჯობებს, ნიკასთან მივიდეთ, - ხელი ჩაიქნია ზუზიმ და თიკოს ზურგი შეაქცია.

- ზუზი ძია! - გაისმა ბიჭუნას წკრიალა ხმა.

ზუზი შედგა, ხელი მოიჩრდილა და ნიკას გახედა, რომელსაც მოხუცი კაცისთვის ხელი ჩაეჭიდა და მისკენ ექაჩებოდა.

- ზუზი ძია, - აქოშინებული მოიჭრა ბიჭი, - წამოდი, ჩემი აშენებული სასახლე უნდა გაჩვენო.

თიკო გაოცებული შესცქეროდა პატარას, იგი ერთიანად სველი იყო,

მამაკაცმა ხელი ხელში ჩაჰკიდა ნიკას და ქვიშის ნაკეთობის სანახავად გაჰყვა.

- იმედია, არ გამიბრაზდებით, ბიჭი რომ ვაბანავე, - მობოდიშებით უთხრა მოხუცმა თიკოს.

- ის თქვენ საბანაოდ გამოგყვათ? - ქალი საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.

- კი, გამომყვა და ძალიანაც მოეწონა. ისე გაერთო, ამოსვლა აღარ უნდოდა.

- უცნაურია… წყალში საერთოდ არ ჩადის… ეშინია. მამამისს დაჰპირდა, რომ უიმისოდ ზღვაში არასდროს ჩავიდოდა.

- იქნებ იმიტომ არ შეეშინდა, რომ კაცთან ერთად იყო?

- შეიძლება, ვერაფერს გეტყვით… დიდი მადლობა, ძალიან დამავალეთ, რომ მიხედეთ. დღეს სპეციალურად წამოვიყვანე, იქნებ შევიტყუო წყალში-მეთქი და… აი, თქვენ დამასწარით.

ნიკა ამაყად უჩვენებდა ზუზის თავის ნახელავს. სანამ ისინი ქვიშის სასახლით იყვნენ გართულნი, თიკომ ტანი შეიმშრალა და კაბა გადაიცვა, შემდეგ ნიკას დაუძახა, ისიც შეამშრალა, ჩააცვა და თმა დავარცხნა.

- თიკო, ჯერ ხომ არ წავალთ? ცოტა ხანს კიდევ ხომ ვიქნებით? - მუდარით სავსე ხმით შეეკითხა ბიჭუნა.

- არა, საყვარელო, წასვლის დროა უკვე, მალე უნდა ვისადილოთ. ხომ მოგშივდა?

- ჯერ რომ არ მშია? - მთლად შეწინააღმდეგება ვერ გაბედა ბავშვმა, მაგრამ ტუჩები გაბუშტა და მოიწყინა.

თიკომ სველი პირსახოცები, ნიკას ნიჩაბი და ვედრო ჩანთაში ჩააგდო და წასასვლელად გაემზადა.

- მომეცით, მე წამოვიღებ! - ზუზიმ ჩანთისკენ ხელი გაიშვირა. თიკოს, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა, ნუთუ მათ გაცილებას აპირებს? მერედა, რატომ? რატომ დააპირა, თავის საქმეს მოსცდეს? რატომღაც, უნდოდა, ამწუთას ვინმე გამოჩენილიყო და ზუზი თან წაეყვანა, მაგრამ ასე არ მოხდა. მამაკაცი მის გვერდით მიაბიჯებდა და ხმას არ იღებდა. თიკოც უბრად აგრძელებდა გზას, წინ იყურებოდა და ის გულისტკენა ვერ მოენელებინა, ზუზისთან წალაპარაკებამ რომ მოუტანა. ჯიბიდან ფართო ბაფთა ამოიღო და თმა გაიკრა.

- მე თმაგაშლილი უფრო მომწონხართ, - როგორც იქნა, რაღაც თქვა ზუზიმ. მიუხედავად გულგრილი ტონისა, იღიმებოდა, - იცი რა? იმიტომ კი არ მოვედი პლაჟზე, რომ გამებრაზებინეთ. უბრალოდ, როცა დაგინახეთ, გამიხარდა, მინდოდა მეთხოვა, საღამოს სტუმრად წამომყოლოდით.

თიკოს ამჯერად სულაც არ სურდა, მისი მიპატიჟება მიეღო, ბრაზი ჯერაც არ განელებოდა. გარდა ამისა, რომ დათანხმებოდა, ეს ალბათ ბოდიშის მოხდის ტოლფასი იქნებოდა. მას კი საბოდიშო არაფერი სჭირდა, ამიტომ მშვიდად უპასუხა:

- დიდი მადლობა, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე, უნდა დავისვენო.

- თქვენი ნებაა, - უდარდელად წარმოთქვა მამაკაცმა და სწორედ ამ უდარდელობამ ატკინა ქალს გული.

კიდევ კარგი, არ დათანხმდა. მისთვის ალბათ სულერთი იყო, გაჰყვებოდა თიკო თუ არა.

ზუზიმ ისინი ტაქსიმდე მიაცილა, ფული გადაუხადა, დაემშვიდობა და თავის გზას გაუდგა.



მთელი დღე მოშხამულ ხასიათზე იყო. არც სადილობამ უშველა, არც წამოწოლამ და არც წიგნის კითხვამ. ნიკა კი გაერთო, კომპიუტერში მულტფილმები ჩართო და უყურებდა. ბოლოს აივანზე გავიდა და შეზლონგზე გაწვა. მისი ფიქრები შორს ქროდა, ზუზის სახე გამუდმებით თვალწინ ედგა. ვერაფერი მოუხერხა თავის თავს, როგორც უნდა ეცადა, მაინც მასზე ეფიქრებოდა.

- ჩემმა შვებულებამ ჩაილურის წყალი დალია, - ხმამაღლა აღმოხდა, - აბა, ასე როგორ უნდა დავისვენო? - უკმაყოფილო ბურტყუნით გააგრძელა, - ჩემები მაინც ჩამოვიდოდნენ მალე ან მირო და ნატკა. მათთან ყოფნა ცოტა შვებას მომგვრის.

იწვა ასე და ხმამაღლა ესაუბრებოდა თავის თავს.

საკმაოდ ჩამობნელდა. ნიკას ტახტზე მისძინებოდა. ბავშვი ხელში აიყვანა და საძინებელში გავიდა, სადაც ბიჭი თავის საწოლში ჩააწვინა. ფრთხილად გახადა ტანსაცმელი, რომ არ გაღვიძებოდა. მერე ცოტა ხანს იჯდა, ბიჭის ძილს დაუდარაჯდა. როცა დარწმუნდა, ნიკა აღარ გაიღვიძებდა, შუბლზე აკოცა, პლედი სათუთად გადააფარა მძინარეს და ფეხაკრეფით გამოვიდა ოთახიდან, თან კარიც ფრთხილად მოიხურა, ოღონდ ოდნავ გამოღებული დატოვა.

ის იყო, კვლავ აივანზე უნდა გასულიყო, რომ ტელეფონის ზარი წამოეწია.

რატომღაც, დარწმუნებული იყო, რომ ზუზი რეკავდა, ამიტომ ერთხანს ყოყმანობდა, აეღო თუ არა ყურმილი. მამაკაცმა მისი მობილურის ნომერი არ იცოდა, ნატკა კიდევ ქალაქის ტელეფონზე არ დაურეკავდა. სხვის ზარს ხომ ისედაც არ ელოდა.

- ალო! - გაისმა ყურმილში ქალის მხიარული ხმა, - თიკო ხართ? მე ნატკას მეგობარი ვარ, სტელა მქვია. ნატკამ მთხოვა, უყურადღებოდ არ დამიტოვო და ხანდახან შეეხმიანეო. მინდა, ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი. ამიტომაც ჩემთან გეპატიჟებით. ბავშვის დამტოვებელი ვიცი, რომ გყავთ და პრობლემა არ შეგექმნებათ. უარს არ მივიღებ, იცოდეთ. ძალიან ახლო მეგობრების წრე ვიკრიბებით. ჩემი მეუღლის ძმაკაცები და მათი ცოლები. ხომ მოხვალთ? დიდად მესიამოვნება. ძალიან გთხოვთ, მოხვიდეთ, კარგი?

- ყურადღებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ…

- არავითარი მაგრამ! არ მაწყენინოთ!

თიკომ ამოიოხრა, უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები და გულგრილად იკითხა:

- სად უნდა მოვიდე?

- ჩემი ქმრის ძმაკაცი შემოგივლით ერთ საათში და ის წამოგიყვანთ.

პასუხის გაცემაც ვერ მოასწრო, რომ უცნობმა ქალმა ყურმილი დაკიდა.

- ჰოდა, ძალიანაც კარგი, წავალ. სულ შინ ხომ არ ვიჯდები? მართლა ძიძა კი არ ვარ. ნიკა იმედია, არ გაიღვიძებს და თუ გაეღვიძა, არა უშავს, მაროს დავუბარებ და მიხედავს.

სამზარეულოში გავიდა და მარო მოძებნა. სთხოვა, ცოტა ხნით გავდივარ და ბავშვს ყური უგდეთ, არ გაეღვიძოსო, თვითონ კი თავის ოთახში ავიდა და ტანსაცმლის შერჩევას შეუდგა.

ზუსტად ნახევარ საათში მზად იყო. მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და თმა კეფაზე დაიხვია. ამ დროს მანქანის სიგნალიც გაიგონა და კიბეზე დაეშვა.

ის იყო, ჭიშკარი გააღო და ფარებანთებული მანქანისკენ ნაბიჯი გადადგა, რომ გაოცებულს უნებურად აღმოხდა:

- ზუზი!

მანქანიდან მართლაც ზუზი გადმოვიდა. იგი არაჩვეულებრივი სანახავი იყო. როგორც ყოველთვის, ახლაც გალანტურად გამოიყურებოდა.

აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. უკან შებრუნება ცუდ ტონში ჩაეთვლებოდა, მასთან ერთად სადმე წასვლა კი საშინლად არ უნდოდა.

- კიდევ ერთხელ სალამი, თიკო, - იგი თვალს არ აშორებდა ქალს, რომელიც ისეთ ფორმაში იყო, ბრწყინავდა.

- საღამო მშვიდობისა, - განხიბლული ხმით ჩაილაპარაკა თიკომ და ზუზის მზერა აარიდა.

- როგორც ჩანს, არც ისეთი დაღლილი ყოფილხართ, როგორც მე შემომჩივლეთ. ყოველ შემთხვევაში, ამწუთას მართლაც არ გეტყობათ დაღლილობის ნაკვალევი.

მის ირონიას საზღვარი ისევ და ისევ არ ჰქონდა. სიბრაზისგან გალურჯდა, გაქცევა დააპირა და ჭიშკრისკენ შეტრიალდა, მაგრამ მამაკაცმა მოასწრო და მკლავში ხელი სტაცა.

რას წარმოიდგენდა, ზუზი თუ მოაკითხავდა? იქნებ თვითონაც ამ ვახშამზე ეპატიჟებოდა და უარი რომ მიიღო, თავისი მეგობრის ცოლს სთხოვა, დაურეკეო? თანაც, ნატკას სახელით. ეს რა სისულელე მოუვიდა? რას იფიქრებს ზუზი მასზე? ერთიანად აცახცახდა, მაგრამ თავი შეიკავა, შინაგანი მღელვარება დაფარა და ზუზის მიუბრუნდა:

- მე არ მოვდივარ.

- რატომ, არ ელოდით, რომ მე მოვიდოდი?

- დიახ, არ ველოდი. მით უფრო, სულაც არ მინდოდა სადმე წასვლა, მაგრამ იმ ქალმა ისე მთხოვა, ხათრი ვერ გავუტეხე. ვერც მოვასწარი უარის თქმა, ეგრევე დამიკიდა ყურმილი. ვიფიქრე, უზრდელად არ გამომივიდეს-მეთქი…

- ჰოდა, რომ არ გამოგვივიდეს, უნდა წავიდეთ. უხერხულია, გველოდებიან.

ზუზიმ მანქანის კარი გამოაღო, თიკო ჩასვა და თვითონაც საჭეს მიუჯდა.

- ბავშვის მარტო დატოვებაც არ მინდა. კი სძინავს, მაგრამ რაწამს გაიღვიძებს, კაცმა არ იცის.

- მარო სადაა?

- სახლშია, მაგრამ მე რომ არ ვიქნები, რაღაცნაირად დამნაშავედ ვიგრძნობ თავს.

- თქვენ რა, ასე სერიოზულად ეკიდებით დაკისრებულ მოვალეობას? არა მგონია, მიროს და ნატკას გაუხარდეთ, რომ მთელი დრო ბიჭს დაუთმოთ, საკუთარი თავი კი დაგავიწყდეთ.

- სულაც არ მავიწყდება ჩემი თავი, მშვენივრად ვარ, - ჯიუტად მიუგო.

- ასე იმიტომ გგონიათ, ბევრს რომ კითხულობთ? მთელ საღამოებს წიგნთან ატარებთ. ასე არაა? - მამაკაცი სიცილს ვერ იკავებდა, - თუ არის ვინმე ისეთი, ვისზეც ფიქრი სიამოვნებას განიჭებთ და წიგნი მხოლოდ ამ ფიქრების შესანიღბად გჭირდებათ?

- ყოველ შემთხვევაში, თქვენზე ნამდვილად არ ვფიქრობ! - ნიშნის მოგებით წარმოთქვა და ბაგეები მაგრად მოკუმა, ზედმეტი არაფერი წამომცდესო.

- ჩემზე რატომ უნდა ფიქრობდეთ? მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია, - გულიანად გაეცინა ზუზის, - თუმცა, რატომაც არა… სხვათა შორის, ჩემზეც შეიძლება ფიქრი, - ეშმაკური ღიმილი გამოესახა ტუჩებზე და როცა თიკომ პასუხი არ გასცა, ორაზროვანი მზერით გამოხედა…

ზუზის მანქანა ისე ნელა მიჰყავდა, თითქოს ტარება ეზარება ან დროის გაყვანა სურსო. ეს კი თიკოს ნერვებს უწეწავდა. სურდა, რაც შეიძლება მალე მისულიყვნენ სტელასთან, რომ ასე მუნჯივით არ მჯდარიყო. თუმცა, როგორც კი შუქნიშანთან შეჩერდნენ, მამაკაცმა ისევ გამოიხედა, თიკოს მზერით მიეპარა და ყრუ ხმით ამოთქვა:

- უაზრობამდე ლამაზი ხარ.

ქალს თითქოს შეამცივნა ამ სიტყვების გაგონებისას. არაფრის მომცემი ფლირტი აღიზიანებდა.

- ასეთი სილამაზეც არსებობს?

- სილამაზე ყველანაირი არსებობს, ისე, როგორც სიყვარული.

- სიყვარულიც არსებობს? - გაიცინა თიკომ.

- რადგან მას ფერი გააჩნია, ესე იგი, არსებობს.

- ფერი? - ქალს თვალის გუგები გაუფართოვდა. პირველად მოისმინა, რომ სიყვარულს ფერი გააჩნდა.

- და რა ფერია ეგ არსებული სიყვარული? - აგდებულად იკითხა.

- სმარაგდისფერი… იცი, რა არის სმარაგდი?

ქალს ალმურმა აჰკრა. ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ შეეცადა, არ ჩაჭრილიყო.

- მგონი, მწვანე უნდა იყოს, არა? თუ ვცდები?

- არა, არ ცდები. სმარაგდი იგივე ზურმუხტია. ყოჩაღ, გცოდნია.

თიკო გაცეცხლდა. ბრაზობდა, ზუზის თავისი თავი ყოვლისმცოდნედ რომ მიაჩნდა.

- არ გეგონოს, ყოვლისმცოდნე ვარ, მაგრამ ბევრი ისეთი რამ ვიცი, რაც სხვებს არც გაუგიათ, - მისი აზრი გაახმოვანა ზუზიმ და ნიშნის მოგებით გაუღიმა.

- ეგ არც მიფიქრია. - თავი გააქნია ქალმა.

- გიფიქრია… თანაც, რამდენჯერ. მიგაჩნია, რომ თავმომწონე ვარ, ეგოისტი, ზედმეტად თავდაჯერებული და ამბიციური. ასე არ არის?

- რაღაც დოზით ასეა.

- ოხოხოო! - გულიანად გაიცინა მამაკაცმა, - შენი კრიტერიუმებით საინტერესოა, ეგ დოზები რა ჭურჭლით იზომება.

თიკომ არ უპასუხა, თავი გვერდზე მიაბრუნა და ბნელ ქუჩაზე შეუხვიეს თუ არა, მზერა სიბნელეს გაუსწორა.

ღამე ის-ის იყო, დაიწყო.

თვალები აუჭრელდა სინათლიდან უცებ სიბნელეში მოხვედრილს, მაგრამ ბნელ ღამეს არ შეეპუა, ჯიბრიანად მიაპყრო თვალები მრუმეს და არ მოაცილა.

- მალე გავალთ სინათლეში, აქ სულ ასეა, ბნელა და ბნელა. ჩამსხვრეულია ლამპიონები.

- ცუდია, - მოგუდული ხმით გაეპასუხა ქალი.

- გათხოვილი არ ყოფილხარ? - სრულიად მოულოდნელი კითხვა სრულიად მოულოდნელად დასვა ზუზიმ.

თიკომ პაუზა გაწელა, გაფართოებული თვალებით ირიბად გახედა გვერდით მჯდომს და, როგორც იქნა, ამოღერღა:

- არა.

კვლავ დუმილი ჩამოვარდა. ზუზი ალბათ ელოდა, საპასუხო შეკითხვას როდის დასვამდა თიკო, მაგრამ ქალი ხმას არ იღებდა.

- ერთი მეგობარი მყავს და ამბობს, ორჯერ ვიყავი განქორწინებულიო. არასდროს არ იტყვის, ორჯერ ვიყავი დაქორწინებულიო. მისი აზრით, ამას რომ ამბობს, სიბნელიდან სინათლეზე გამოდის, აი, როგორც ახლა ჩვენ, - და სწორედ ამ დროს კვლავ განათდა ქუჩა.

- ქორწინება სიბნელეა ვითომ?

- გააჩნია, ვისთვის როგორ. აი, მაგალითად, ნატკასთვის სინათლე ნამდვილად არ არის. ეგ გოგო ასეთი ქცევით ოჯახს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ნათქვამს ხვნეშაც ამოაყოლა.

- ნატკას ახლა რთული პერიოდი აქვს. მალე გაუვლის.

- ასე გგონია? მე კი ვფიქრობ, რომ იგი უკვე სხვა კაცს ეძებს, მირო კი ამას ვერ ხვდება.

- სისულელეა. - შორს დაიჭირა თიკომ, თუმცა, თავადაც არ იყო ამაში დარწმუნებული.

- საქმეც მაგაშია, რომ არ არის სისულელე, არა, - ისევ ამოიხვნეშა ზუზიმ, - დღე არ გავა, არ დამირეკოს და მომიკითხოს, თითქოს ჩემ გარდა ახლობელი არავინ ჰყავდეს. ვგრძნობ, ცუდად მიტრიალებს გარს. ერთ დღესაც იქნება, მაგრად ვაწყენინებ.

თიკოს უსიამოვნოდ მოხვდა გულზე ზუზის სიტყვები. თვითონაც ამჩნევდა ნატკას, ზუზის მიმართ ლტოლვა რომ გასჩენოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს არავისთან უსაუბრია, თვით ნატკასთანაც კი.

- მას მართლა რთული პერიოდი აქვს… - ჯიუტად გაიმეორა დაქალის დასაცავი უსუსური სიტყვები.

- კარგი, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არც ვიცი, რატომ გითხარით. დაივიწყე…

- არა უშავს, მე არავის ვეტყვი.

- ვიცი, რომ არ ეტყვით. უბრალოდ, მაშინებს რაღაც-რაღაცები. ქალის გამო სულაც არ მინდა ბავშვობის ძმაკაცი დავკარგო. მაგრამ მოვუვლი ამ სიტუაციას, პირველი შემთხვევა არაა. ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე.

აჰა, ისევ თავს იქებს! - გაიფიქრა თიკომ და წარბები შეჭმუხნა.

ფიქრი დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ზუზიმ საუბრის თემა შეცვალა.

- რამდენი ხნით ხართ ჩამოსული ბათუმში?

- ერთი თვით.

- უკვე მეორე კვირა იწურება, ისინი კი არ ჩამოდიან. რა ხდება, ხომ არ იცი?

თიკომ მამაკაცს მალულად გახედა და მისმა დაძაბულმა სახემ გააოცა.

- ალბათ მოეწონათ იქ. მიზეზი მეც არ ვიცი. ჩამოვლენ, სად წავლენ. მათ ჩამოსვლამდე მაინც ვერ გავადგამ ფეხს, ბავშვს ხომ ვერ მივატოვებ?

- მე რომ მივხედო?

- თქვენ? აბა, რას ამბობთ! - შეიცხადა ქალმა, შემდეგ გაჩუმდა და დაამატა, - ძალიან გიყვართ ბავშვები?

- ეს გასაკვირია?

- არა, მაგრამ… რატომღაც, არ მოველოდი.

- ჰმ, - ჩაეცინა ზუზის, - იცით? მარი აქ რომ იყოს, ალბათ თქვენზე იეჭვიანებდა.

თიკოს კვლავ წაეკიდა ალმური.

- ჩემზე? რატომ? მე საბაბი არავისთვის მიმიცია, - ძლივს წარმოთვა ეს სიტყვები, რადგან ეჭვიანობაში ზუზისა და მარის სიყვარული იგულისხმა.

- როგორ არ მიგიციათ? ფაქტი სახეზეა.

- ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! - აიფოფრა თიკო და მამაკაცს მტრულად გახედა.

- მე რა შუაში ვარ? ააა, თქვენ ჩემი თქვენდამი დამოკიდებულება იგულისხმეთ? - და სიცილი აუტყდა, - არა, არა, ეგ არაფერ შუაშია, ღმერთმანი. მე მხოლოდ იმის ხაზგასმა მინდოდა, ბავშვმა ასე ძალიან რომ შეგიყვარათ.

ღმერთო, როგორ გაება ეშმაკურად დაგებულ მახეში. რა შტერია ამხელა ქალი! რაღა მაინცდამაინც მათ ურთიერთობას გადასწვდა? ბავშვი რატომ გამორჩა მხედველობიდან? მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ისე გამოუვიდა.

გადაწყვიტა, აღარ გაემახვილებინა ამაზე ყურადღება და სრულიად მშვიდი ტონით წარმოთქვა:

- ძალიანაც არა. ნიკას სხვა გზა არა აქვს, რადგან ჩემთან დატოვეს. ამიტომაც მომეტმასნა. აი, მირო კი მართლაც თან ჰყვება.

- ეგრეც უნდა იყოს, ის ხომ მისი ძმისშვილია. ნიკა მასში მამას ხედავს, თქვენ კი სულ სხვა ხართ.

- ეგ არაფერს ცვლის. დაბრუნდება დედამისი და მე საერთოდ დავავიწყდები.

- არა მგონია, ასე მალე დაბრუნდეს. მარის დრო სჭირდება, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ალბათ უფრო მაშინ, როცა გათხოვებას დააპირებს. როცა სხვა შეუყვარდება, ეს ტრაგედიაც მიყუჩდება, ბიჭი კი მისი ცხოვრების ნაწილი გახდება.

თიკო შეფიქრიანდა.

- კარგი ბიჭია ნიკა, ძალიან კარგი, მაგრამ ყველა კაცი როდი ეგუება სხვა კაცის შვილებს. საშინელება იქნება, ნიკას მამინაცვალიც ასეთი რომ აღმოჩნდეს.

- თქვენ არ გინდათ, რომ ნიკას დედა გათხოვდეს?

ქალი გაშრა.

- მე ვინ მეკითხება? ეს საერთოდ არ მეხება. მისი გადასაწყვეტია, გათხოვდება და თუ ქვრივად დარჩება.

- გეთანხმებით, - ზუზიმ ღიმილით გამოხედა და შემდეგ შეფიქრიანებული სახით გააგრძელა, - თქვენ არ მოგწონთ მარის საქციელი. მართალი ხართ, დედა თავის შვილს ასე არ უნდა ექცეოდეს, მაგრამ ყველაფერი ხდება. თქვენ ალბათ არავინ გყვარებიათ და არ იცით, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. ისიც კი არ გჯერათ, არსებობს თუ არა სიყვარული… მარი ჯერაც ვერ მოსულა გონს. სიგიჟემდე უყვარდა ქმარი. მის დაკარგვასთან ერთად მისმა ცხოვრებამაც დაკარგა აზრი. თუმცა, ეს დროებითია. დრო ყველაფრის მკურნალია. ზუსტად ვიცი, რომ ამას ახალი სიყვარული მოარჩენს, გული გაულხვება და ნიკასადმი დამოკიდებულებაც შეეცვლება. იმაშიც მართალი ხართ, რომ ყველა კაცი ერთნაირი არ არის და ბევრს არ მოსწონს, როცა მის ცოლს თან შვილი მოჰყვება მზითვად. მე კი, მაგალითად, ნიკა საკუთარი შვილივით მიყვარს.

თიკოს ცივმა ოფლმა დაასხა და გული რომ არ წასვლოდა, სავარძელს თითები მთელი ძალით მოუჭირა. ზუზიმ პასუხი ნათლად გასცა მის ეჭვებს. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მამაკაცი მარის ცოლად შერთვას აპირებდა.
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93