ნოველები

თამაში მზესთან - თავი 12

თამაში მზესთან - თავი 12
დასაწყისი
სტელა სიმპათიური, პატარა ტანის შავგვრემანი ქალი აღმოჩნდა. ელეგანტურად ეცვა და სქელპომადიან ტუჩებს ხშირ-ხშირად გადაუსვამდა ერთმანეთს. ტუჩები ისე ჰქონდა გამობურცული, ძნელი მისახვედრი არ იყო, ახლახან დაებერა და ჯერაც დისკომფორტს გრძნობდა.
მასპინძელმა ზუზი გადაკოცნა, თიკოს თბილად გაუღიმა, ხელი მოხვია და თან წაიყოლა.
- თიკო, გაიცანით, ეს ჩემი მეუღლეა, ილია.
- ოოო, მოგესალმებით, მშვენიერო ქალბატონო. თქვენზე იმდენი კარგი მსმენია ნატკასგან, სხვანაირს არც გელოდით. - თქვა ილიამ გაცნობის შემდეგ, - ადრეც მინდოდა მიროსთან მოვსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, არ
ვიყავით აქეთ.
სტელამ ზუზი ილიას შეატოვა და თიკოსთან ერთად სტუმრებს მიაშურა.
სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა. აშკარად ჩანდა, ერთი წრის ადამიანები შეკრებილიყვნენ, თითქოს ყველა ერთმანეთს ჰგავდა ქცევით, ღიმილით, ჩაცმულობით… საიდანღაც ხმადაბალი მელოდიის ხმა ისმოდა.
სტელამ და ილიამ თიკოს თავისი მშობლები გაახსენა. ეს წყვილიც მოსიყვარულე ცოლ-ქმრის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მათ ურთიერთობაში სიყალბე არ იგრძნობოდა. სწორედ ასეთები იყვნენ მისი მშობლებიც. ამათაც ყველაფერში ეტყობოდათ შეხმატკბილება - საქციელშიც, საუბარშიც, მზერაშიც…
მოგვიანებით, როცა თავისი აზრი თიკომ ზუზის გაუზიარა, მამაკაცმა დაუდასტურა, ისინი მართლაც არაჩვეულებრივები არიანო. თიკომ გაიფიქრა, ესე იგი, ზუზის ჩემი მშობლებიც მოეწონებაო.
- ნიკუშა რას შვრება? - ამ დროს სტელა შემოუერთდა მოსაუბრეებს.
- კარგადაა, გმადლობთ, - მიუგო თიკომ, - ძალიან შემაყვარა თავი, არაჩვეულებრივი ბავშვია.
- მართლაც კარგი ბიჭია და როგორი ტრაგედია განიცადა პატარამ. არა უშავს, მირო მიხედავს, არაფერს დააკლებს, ისეთი კაცია.
სუფრა გაშლილი იყო და სტუმრებს მაგიდასთან უხმეს. თიკო, რა თქმა უნდა, ზუზის გვერდით მოკალათდა. მაგიდა ოთხკუთხა თეფშებით გაეწყოთ. არ მოსწონდა თიკოს ასეთი ფორმის თეფშები, რატომღაც, რესტორანს აგონებდა და ყოველთვის აღიზიანებდა. რომ გეკითხათ, რატომ, ვერ გიპასუხებდათ, რადგან თვითონაც არ იცოდა, რატომ.

სადილის შემდეგ ქალებმა მამაკაცები მარტო დატოვეს და მისაღებ ოთახში განმარტოვდნენ. თიკო ტყავის სავარძელში მოკალათდა, ზოგი დივანზე დაჯდა, ზოგიც ფეხზე დარჩა. ერთმა ლიქიორი მოითხოვა, მეორემ - კოქტეილი… თიკომ სურნელოვანი ყავა არჩია.
- პატარა ბატკანივითაა, - თქვა სტელამ და კოქტეილი ოდნავ მოწრუპა.
- ვინ? - დაბნეულმა თიკომ ირგვლივ მიმოიხედა. ვერ მიხვდა, ვის გულისმობდა დიასახლისი.
- ნიკა. მამამისს რაღაც არაბუნებრივად უყვარდა. მე ასეთი სიყვარული არ მსმენია. მიხარია, რომ თქვენისთანა ადამიანის ხელში მოხვდა. ახლა არ მიკვირს, როგორ განდეს. ეგრევე გეტყობათ, რომ კეთილშობილი ხართ… საბრალო ბიჭი, რამდენი რამ გადაიტანა, - სტელამ კოქტეილი ჩაამთავრა და ხმადაბლა განაგრძო:
- რა თქმა უნდა, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მარიმ ბიჭი უნდა წაიყვანოს. ამბობენ, უკვე გათხოვებას აპირებსო. სულაც არ მიკვირს. ისეთი ლამაზი ქალია, გათხოვება არ გაუჭირდება. არც გასაკიცხი იქნება, თუ გათხოვდება. აბა რა ქნას? ქმარს საფლავში ხომ არ ჩაჰყვება? - მერე პაუზა გააკეთა და დაუმატა:
- არ გამიკვირდება, მარი ზუზის რომ მისთხოვდეს. კარგა ხანია, ამაზე ჭორაობენ. იმ ტრაგედიის მერე მარი და ნიკა ზუზის აგარაკზე იყვნენ კარგა ხანს, მაგრამ მარიმ ბოლოს აიჩემა, საქართველოდან უნდა წავიდეო და… ა! - სტელამ ხელები გაშალა და თავი წინ გამოსწია, - შედეგიც, ბატონო. ზუზის ხშირად დაჰყავს ბიჭი თავისთან აგარაკზე. ეგ დანამდვილებით ვიცი. ალბათ უნდა, რომ თავი შეაყვაროს.
თიკოს სტელას ყოველი სიტყვა ეკალივით ესობოდა გულზე. ყურები ჩამოყარა, ისე გაუფუჭდა ხასიათი, აქ ყოფნა აღარ უნდოდა. ქალს საუბარში აღარ აჰყვა, არც ის უთხრა, მე და ნიკაც ვისვენებდით ზუზისთანო. როცა სტელა მიხვდა, რომ თიკო ლაპარაკში მხარს არ აუბამდა, ღიმილით წამოდგა და გაეცალა. ამ დროს მისაღებში მამაკაცებიც შემოვიდნენ.
დიასახლისმა მათი გამასპინძლება დაიწყო. თიკოს ილია მიუახლოვდა.
- თიკო, მოგეწონათ ბათუმი? - ჰკითხა და მის გვერდით, მეორე სავარძელში ჩაჯდა.
- ძალიან. აქ ისეთი სიმშვიდე და სილამაზეა, არ შეიძლება, არ მოგეწონოს, თანაც, პირველად ვარ. ისე შემიყვარდა თქვენი ქალაქი, როცა აქედან წავალ, ალბათ ხშირად დამესიზმრება.
- როდის აპირებთ გამგზავრებას?
- როცა ნატკა და მირო დაბრუნდებიან. მერე ჩემი მშობლებიც აპირებენ თბილისში ჩამოსვლას და მათთან გავემგზავრები.
- და სად არიან?
- იტალიაში, იქ მუშაობენ.
- სულ რამდენიმე დღე დაგრჩათ, არა, თიკო? - გაისმა ზუზის ხმა, რომელიც მოსაუბრეებს შეუმჩნევლად მიახლოებოდა.
ქალი მისკენ შებრუნდა, შეხედა და უნებლიეთ მისი რაღაცნაირი, უცნაური გამომეტყველება შენიშნა. პასუხი არ გაუცია. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც ზუზიმ დაარღვია:
- ილო, იქნებ შენი ნახატები გეჩვენებინა თიკოსთვის? თვითონაც ხატავს და მაგრადაც ერკვევა მაგ საკითხში.
ილია შეიშმუშნა:
- აბა, რა ვიცი, მოეწონება? მე ხომ მოყვარული მხატვარი ვარ.
- მოეწონება, დარწმუნებით შემიძლია გითხრა. თიკო, ამას ნუ უსმენ, თავმდაბლობს ახლა, თორემ შესანიშნავი მხატვარია. უბრალოდ, ესაა, რომ მორიდებულია და ხატვა მხოლოდ ჰობად მიაჩნია.
- მე რომელი ექსპერტი ვარ? - გაწითლდა ქალი.
- ხარ, როგორ არ ხარ. სხვამ თუ არა, მე ხომ ვიცი, - გაუღიმა ზუზიმ და მხარზე ხელი დაადო, - ჰა, ილო, არ გაიყვან სახელოსნოში?
- კი ბატონო, რატომაც არა, - სწრაფად მიუგო დაბნეულმა ილიამ და წამოდგა.
თიკოს კი ერთი სული ჰქონდა, რაც შეიძლება მალე მოშორებოდა ზუზის, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
- თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, ზუზის ვთხოვ, მეგზურობა გაგიწიოთ. თქვენი სილამაზე ცოტათი მაბნევს, თანაც, მრცხვენია, ჩემი თანდასწრებით რომ დაათვალიეროთ ჩემივე ნახატები. აჯობებს, მე სტუმრებს მივხედო. თქვენ კი ნახეთ და მერე თქვენი აზრი მომახსენეთ. ზუზი, მიდი, რა!
- რა პრობლემაა? შენ თუ არ გინდა, ამ ქალბატონის სილამაზით მე დავტკბები.
ეს იმდენად მოულოდნელი იყო თიკოსთვის, რომ ღაწვები აუფორეჯდა.
მამაკაცმა ქალს მკლავში ხელი ისე გაუყარა, ზედაც არ შეუხედავს, მაგრამ თიკომ მისი ხელი მოიცილა და წინ წავიდა, თან მთელი ძალა მოიკრიბა, რომ სახეზე გულგრილი გამომეტყველება აღბეჭდოდა.
ზემოთ ამავალი კიბე განათებული იყო, მაგრამ დიდი ოთახი, სადაც ისინი შევიდნენ, მხოლოდ მაღალი ფანჯრებიდან და მინის სახურავიდან შემოსული მთვარის შუქით იყო განათებული.
ეს ტიპური სამხატვრო სტუდია გახლდათ: სამუშაო მაგიდა და სავარძლები, ბუტაფორია და მოლბერტი, საღებავები, ფუნჯები, კედლების გასწვრივ ჩამწკრივებული ფერწერული ტილოები…
ზუზიმ შუქი არ აანთო და თიკოს მოეწონა მთვარით განათებული ნახატების თვალიერება. აღფრთოვანებული დარჩა ილიას ნამუშევრებით.
- საოცარი ტილოებია. თქვენი მეგობარი სახელს მალე გაითქვამს, - გაოგნებულმა თავი ვერ შეიკავა შეფასებისგან.
ზუზისთან ნახევრად ბნელ ოთახში განმარტოებული თავს უცნაურად გრძნობდა. დაძაბული იყო და ცდილობდა, მოშორებით მდგარიყო მისგან, არ შეხებოდა. მისი ხმაც კი ყრუდ ჟღერდა.
ყველა სურათი დაათვალიერეს. ის იყო, ზუზიმ ბოლო ნახატი კედელზე მიაყუდა, რომ თიკომ ამაღლებულ ადგილას, ოთახის კუთხეში, ტილოჩამოფარებული მოლბერტი შეამჩნია. ვერ მოითმინა, მოლბერტს მიუახლოვდა და ნაჭერი ჩამოხსნა. მის თვალწინ ულამაზესი ქალის პორტრეტი გამოჩნდა.
ქალს ცისფერი კაბა ეცვა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთდა მის ნატიფ სხეულს. პატარა ბრილიანტის ლირა უმშვენებდა მზით განათებულ, მხრებზე ჩამოშლილ ოქროსფერ თმას. მომაჯადოებლად ლამაზ სახეზე იდუმალი გამომეტყველება იკითხებოდა. თიკო გაოგნებული შესცქეროდა არაამქვეყნიურ სილამაზეს და უცებ უცნაური გრძნობა დაეუფლა, თითქოს სადღაც ენახა მსგავსი თვალები, ნატიფი ნაკვთები… ღმერთო ჩემო, ნიკა! როგორ ჰგავს ნიკა ამ ქალს! მხოლოდ თმის ფერშია განსხვავება. ნუთუ ეს მარია? ამის გაფიქრებაზე ისეთი უსიამოვნო გრძნობით შეიბოჭა, რომ ამოსუნთქვა გაუჭირდა.
პორტრეტს კარგა ხანს თვალს ვერ აცილებდა და გრძნობდა ზუზის გამომცდელ მზერას. საოცარმა სურვილმა წამოუარა. სურდა, მივარდნოდა ზუზის, თვალებზე ხელი აეფარებინა და ეთხოვა, ნახატისთვის არ შეეხედა.
- იცანით? - ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა, რომელიც პორტრეტს თვალს არ აშორებდა.
- ჰო, - მშრალად უპასუხა და გულში უსიამოვნო სიმძიმე იგრძნო, - ეს ხომ ნიკას დედაა, -სახელი აღარ წარმოთქვა, - ეს ერთ-ერთი საუკეთესო პორტრეტია, რაც ოდესმე მინახავს. იგი ილიას არნახულ წარმატებას მოუტანს.
თიკო დარწმუნებული იყო, რომ აუღელვებლად და მშვიდად საუბრობდა, მაგრამ სუნთქვაშეკრულს მოულოდნელად თავბრუ დაეხვა. მოუნდა, გარეთ გავარდნილიყო და ცოტა გონს მოსულიყო, შვებით ამოესუნთქა. ამწუთას ზუზი აღარც ახსოვდა, თუმცა, მამაკაცი გვერდიდან არ მოშორებია.
მთვარეულივით შეტრიალდა, დაავიწყდა, რომ შემაღლებულ ადგილას იდგა, შებარბაცდა, ფეხი აუცდა და იატაკზე დაეცა.
მამაკაცმა მაშინვე ხელში აიტაცა, წამიერად მკერდზე მიიკრა და მერე ფრთხილად კვლავ იატაკზე დაუშვა.
- სულ ჩემი ბრალია, ასე რომ მოხდა. სინათლე უნდა ამენთო, აქ ისეთი ლაბირინთებია…
თიკო კი ამწუთას მხოლოდ პორტრეტზე ფიქრობდა. ცხოვრებაში პირველად იგრძნო შური სხვა ქალის სილამაზის მიმართ. ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა, როგორი საშიში იყო მისი მეტოქე. მის გვერდით აშკარად გაუჭირდებოდა ზუზისთვის თავის მოწონება. ალბათ ამიტომაც იყო, მამაკაცი ახლოს რომ არ უშვებდა…

ზუზის ხმა თიკოს შორიდან ჩაესმოდა, თმაზე მისი ხელის შეხებას, მის აჩქარებულ სუნთქვასაც გრძნობდა და მამაკაცის ოდნავი სიახლოვეც კი აღელვებდა, მაგრამ რატომღაც უნდოდა, რომ ეს ზუზი კი არა, ვინმე სხვა ყოფილიყო. ვინ სხვა? დემნა?.. ჰო, ალბათ დემნა…
თავგზა სულ აებნა, შუბლი ცივმა ოფლმა დაუცვარა.
- გმადლობ, უკეთ ვარ, ცოტა ხანს ჩამოვჯდები და გამივლის.
ზუზიმ თითებით ნიკაპი აუწია და თვალებში ჩახედა. კარგა ხანს გამომცდელად და დაკვირვებით შესცქეროდა, მერე ფრთხილად აიყვანა ხელში თავისი ძლიერი მკლავებით, ოთახი გადაჭრა და დივანზე წამოაწვინა.
- მშვიდად იწექით, არ გაინძრეთ, - უბრძანა და სახელოსნოდან გავიდა.
თიკო ცდილობდა, რაც შეიძლება ღრმად ესუნთქა. თავი უკეთ იგრძნო, აღარც თავბრუ ეხვეოდა და აღარც გული ერეოდა. ზუზი მალევე დაბრუნდა ჭიქით ხელში.
- სასიამოვნო დასალევი არაა, მაგრამ მისი დალევა მაინც მოგიწევთ.
მამაკაცი მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა, თიკოს თავი წამოუწია, მკერდზე მიიყრდნო და წამალი დაალევინა. თიკოს გული აუჩუყდა, ზუზის სინაზემ დააბნია, მაგრამ საკუთარ თავს არწმუნებდა, ალბათ ჩემი დაცემის გამო დანაშაულს გრძნობს და ასე ნაზად იმიტომ მექცევაო. წამალი ძალიან მწარე იყო, თუმცა, ამწუთას მზად იყო, საწამლავიც კი გადაეყლაპა, ოღონდ ეს სიტუაცია რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო.
ყურთბალიშზე მიწოლილი ხედავდა, როგორ გავიდა მამაკაცი ოთახიდან, თან ცარიელი ჭიქა მიჰქონდა. როცა მობრუნდა, ხელში რაღაც თეთრი ეჭირა.
- ეს სველი ხელსახოცია, - უთხრა და სურნელოვანი ნამიანი ხელსახოცი შუბლზე დაადო, -მშვიდად იწექით, არ იმოძრაოთ. გინდა, შუქი ავანთო?
- არა, დიდი მადლობა, - ჩაიჩურჩულა და გულში კვლავ სიმძიმე იგრძნო, - უკვე კარგად ვარ.
ზუზი თვალმოჭუტული შესცქეროდა.
- არ წამოდგეთ, სანამ თავს ძალიან კარგად არ იგრძნობთ, - თქვა და მოულოდნელად გაიღიმა, - თუ არ დაწყნარდებით, ქვევით ხელში აყვანილს ჩაგიყვანთ. მარტო ჩასვლას მაინც ვერ შეძლებთ, - ამ სიტყვებით ხელზე ხელი წაავლო, - ცივი ხელები გაქვთ… რატომ, გცივათ?
თიკომ თავი გააქნია და შეეცადა, ხელი გაეთავისუფლებინა. თანდათან იგრძნო, როგორ გადადიოდა მასში ზუზის ენერგია და სითბო. თვალები დახუჭა, არ უნდოდა დაენახა, მამაკაცი მასთან ასე ახლოს რომ იყო… კიდევ ცოტაც და… ჩაეძინა…
ალბათ სულ რამდენიმე წუთით ეძინა. თვალები რომ გაახილა, ზუზი ფანჯარასთან იდგა, სადღაც შორს იყურებოდა და თიკომ გაიფიქრა, ალბათ მარიზე ფიქრობსო. კვლავ იგრძნო ჩხვლეტა გულის არეში, ტკივილი განუახლდა, მაგრამ ეს ტკივილი აღარ იყო ეჭვიანობის. მარის მეტოქედ თავის მიჩნევა ისევე მიუწვდომელი იყო მისთვის, როგორც ზუზიზე ოცნება.
კაცი თითქოს მიხვდა, რომ თიკოს გაეღვიძა და შემობრუნდა. მერე ნელი ნაბიჯით დაიძრა მისკენ.
- კარგად ვარ და ქვევით ჩასვლასაც შევძლებ.
- კი, ბატონო, მაგრამ ჯერ უნდა შევამოწმო, მართალს ამბობთ თუ არა.
კვლავ დივანზე ჩამოუჯდა, იქვე მდგარი ტორშერი ახლოს მოსწია, აანთო, ქალისკენ დაიხარა და დაკვირვებით შეხედა.
- ფერი უკეთესი გაქვთ. მართლა აღარაფერი გაწუხებთ?
თიკოს თავი უსუსური ბავშვი ეგონა, თან შეამჩნია, რომ ზუზი რაღაცნაირად დაიძაბა.
- რა თქმა უნდა, კარგად ვარ… რა მოულოდნელად დავეცი, - ამ სიტყვებით განძრევას შეეცადა და გაუჭირდა, თუმცა, არ შეიმჩნია, - იციან დაბლა, რაც შემემთხვა?
- არა, არავისთვის მითქვამს. მხოლოდ ილომ იცის, რომ აქ ვართ, მაგრამ ალბათ ფიქრობს, რომ სპეციალურად დავიმალეთ, - ამის თქმა და თვალები აუციმციმდა, - თქვენ ლამაზი ქალი ხართ, მე კიდევ… «არაუშავსრა» მამაკაცი, თანაც ორივე თავისუფალი.
თიკო გაწითლდა, მზერა უცებ მოარიდა და ნაღვლიანად უპასუხა:
- არა მგონია, თქვენ ჩემი ტიპის ქალები მოგწონდეთ.
ზუზის გაეღიმა:
- მართლა? აბა, რა გგონიათ? თქვენი აზრით, როგორია ჩემი გემოვნების ქალი?
- არ ვიცი… ალბათ მარისნაირები - ამაყები და ულამაზესები.
მამაკაცს თვალები გაუფართოვდა.
- ვითომ რატომ? ასე რატომ ფიქრობთ? - შეეკითხა, თან წამით არ აცილებდა მზერას.
- იმიტომ, რომ… არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი. რატომღაც, ასე მგონია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთნაირი შეხედულებები გაქვთ, ავსებთ ერთმანეთს. თქვენნაირ მამაკაცს მხოლოდ მისი წრის ქალები მოსწონს.
- რას ნიშნავს მისი წრის? რა წრეა ასეთი?
ქალმა პასუხი არ გასცა, მაგრამ დაიძაბა.
- მითხარით, რა წრეა ასეთი?
თიკო საჭირო სიტყვას ეძებდა, რომ შექმნილი სიტუაციიდან თავი როგორმე დაეძვრინა. რა უხერხულად გამოუვიდა. მართლაცდა, რა შუაშია წრე? რა იგულისხმა ამ წრეში? თვითონ რა, ნაკლებ წრეში აღიზარდა?
- შინაურული, - როგორც იქნა, მოაფიქრდა საჭირო სიტყვა.
- აჰაა… - შემპარავად გაიღიმა მამაკაცმა, - შინაურული… ცოტა უცნაურია… რატომ მაინცდამაინც შინაურული? არ შეიძლება, სხვა რომ შემიყვარდეს? «არაშინაურული» წრიდან? - ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოთქვა.
- სხვას დაუფიქრებლად მიატოვებთ. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე ვფიქრობ. ჩემნაირმა ქალმა თქვენგან შორს უნდა დაიჭიროს თავი. - თქვა და წამოდგა. ოდნავ შებარბაცდა, მაგრამ თავის შეკავება მაინც მოახერხა.
- რას გაურბიხართ? საიდან მოიტანეთ, რომ ვინმეს მივატოვებ? თქვენს ცდუნებას სულაც არ ვაპირებ, თუკი ამის გეშინიათ. უფრო მეტიც, თქვენთან ურთიერთობის გაბმაზე ფიქრი აზრადაც არ მომსვლია.
მამაკაცის ყოველი სიტყვა გულში ლახვარივით ხვდებოდა. «მართალი ვყოფილვარ, -გაიფიქრა, - ჩემთან ურთიერთობა მას სასაცილოდ არ ჰყოფნის. ახია ჩემზე».
გაბრაზებული კვლავ ჩამოჯდა, ხელჩანთა გახსნა, სავარცხელი ამოიღო და აწეწილი თმა გადაივარცხნა. შემდეგ ისევ ადგა, ახლა უკვე ენერგიამომატებულმა კაბა შეისწორა და წასვლა დააპირა.
ზუზიმ გზა გადაუღობა. თიკომ თავი გააქნია და ღრმად ამოიოხრა. ამ კაცის წინაშე თავს საოცრად უსუსურად გრძნობდა, რაც საშინლად აღიზიანებდა.
მოულოდნელად მან მაჯაში ჩაავლო ხელი, ქალი თავისკენ მოიზიდა და თვალებში ჩააცქერდა. ისე მაგრად უჭერდა თითებს, რომ თიკომ ტკივილისგან კინაღამ წამოიყვირა. ძლივძლივობით შეძლო თავის შეკავება. ზუზი ისე ცივად უყურებდა, რომ ამ მზერამ საბოლოოდ ჩაფერფლა.
წამიც და მისმა ხმამ გამოაფხიზლა:
- რა ბავშვივით იქცევით! გინდათ, მიუხედავად იმისა, რომ არ გსიამოვნებთ, ქვევით ხელში აყვანილი ჩაგიყვანოთ?
თიკომ ამ ხნის განმავლობაში პირველად შეხედა თამამად, ჯიქურ გაუსწორა თვალი. მზერით ორთაბრძოლა სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. არც ერთი ხმას არ იღებდა. ზუზი მისგან პასუხს ელოდა, თვითონ კი მისი სიახლოვით გულაძგერებული გარინდებულიყო. თავის თავს არ უტყდებოდა, რომ სწორედ ამაზე ოცნებობდა! ამწუთას მხოლოდ ის უნდოდა, მამაკაცი უხეშად მოპყრობოდა, მკერდზე მიეკრა მისი გაცხელებული და აბობოქრობული მკერდი და კოცნით დაეხრჩო.
რა დემნა, რის დემნა! დემნას უკვე გადაეხვია იმ ბილიკიდან, თიკოს გულისკენ რომ მიემართებოდა. მასზე ფიქრს მხოლოდ იარაღად იშველიებდა, ახალი სიყვარულის გასანადგურებელ იარაღად.
რაღაც სისულელეები ემართება ამ ბოლო დროს. თავის თავს ვეღარ ცნობს. კაცი აშკარად დასცინის, ეუბნება, აზრადაც არ მომსვლია შენთან დაახლოებაო, ეს კიდევ მის კოცნას ნატრობს. აბა, ეს ნორმალურია?
როგორც იქნა, საღი აზროვნება დაუბრუნდა, კვლავ სძლია სიამაყემ და ოფიციალური ტონით გამოაცხადა:
- თავს კარგად ვგრძნობ, უღრმესი მადლობა. ჩემი ფეხითაც მშვენივრად ჩავალ.
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, თან ცდილობდა, მამამაკაცს არ შეემჩნია, როგორ უჭირდა სიარული. მისი დახმარება არ უნდოდა. მისი ოდნავი შეხებაც კი არ უნდოდა ამწამს. ეზიზღებოდა ისიც და საკუთარი თავიც…

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93