ნოველები

თამაში მზესთან - თავი 13

თამაში მზესთან - თავი 13
დასაწყისი
დარჩენილმა დრომ უღიმღამოდ ჩაიარა. თიკო თავის ადგილას რომ დაჯდა, საღამოს დასრულებამდე არც ამდგარა. როცა სტუმრები აიშალნენ და წასასვლელად გაემზადნენ, თვითონაც დაემშვიდობა გულთბილ მასპინძლებს და ზუზისთან ერთად მანქანაში ჩაჯდა.

სახლს როცა მიუახლოვდნენ, ზუზიმ სვლა შეანელა, მაგრამ წესიერად დამუხრუჭებაც ვერ მოასწრო, რომ თიკომ კარი გააღო და კი არ გადმოვიდა, ლამის გადმოხტა მანქანიდან. კარი მსუბუქად მიაჯახუნა, ნაჩქარევად დაემშვიდობა ზუზის და სახლისკენ კოჭლობით გასწია. ფეხის ტკივილი ძალიან აწუხებდა…

როგორც იქნა, მიაღწია საწოლამდე, ფეხსაცმელი გაიძრო და კაბის კალთები წამოიწია.
ახლაღა დაინახა, რომ ორივე მუხლი ჩალურჯებოდა…

ნიკასთან შეიხედა. ბავშვს მშვიდად ეძინა. პლედი შემოუკეცა, გამოვიდა და სააბაზანოს მიაშურა.

თბილი წყლით ნახევრად გაავსო აბაზანა და ჩაწვა. წყალმა ტკივილი დაუამა, თუმცა შინაგანად ერთიანად ცახცახებდა. ფიზიკური ტკივილი არარაობად მიაჩნდა ზუზის მწარე, დამცინავ სიტყვებთან შედარებით. ის შეძლებს! ის შეძლებს, გულიდან და გონებიდან ერთხელ და სამუდამოდ ამოიგლიჯოს ამ კაცის სახება, მასზე აღარ იფიქროს და დაივიწყოს. აი, როგორც კი ნატკა და მირო დაბრუნდებიან, იმ დღესვე გაემგზავრება აქედან. გაემგზავრება და ზუზის აღარასდროს აღარ შეხვდება…



ახალი გათენებული იყო, მამაკაცმა რომ დაურეკა და მისი ჯანმრთელობის ამბავი იკითხა, თან შესთავაზა, ჩემს მეგობარ ექიმს მოვიყვან და გაგსინჯავსო. ცივი უარი უთხრა. მადლობა კი გადაუხადა ყურადღებისთვის, მაგრამ მისი დახმარება აღარ ისურვა.

- არაფერი არ მაწუხებს, ტკივილმა გამიარა, უკვე კარგად ვარ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! - დელიკატურად, მაგრამ მედიდურად ელაპარაკებოდა.

ზუზი ერთხანს ხმას არ იღებდა. თიკო მიხვდა, რომ მისმა უარმა მამაკაცი დააბნია, ამიტომ არც აცია, არც აცხელა და მობილური გათიშა.

ახლა ერთადერთი, ვინც შვებას ჰგვრიდა, ნიკა იყო. მთელ დროს მის გვერდით ატარებდა და სხვა აღარაფერზე ფიქრობდა. ბიჭუნასთან ერთად სეირნობდა, მაღაზიებში დადიოდნენ, ორჯერ ზღვაზეც იყვნენ. საღამოობით კი წიგნებს უკითხავდა და ისე აძინებდა.

ერთ დღეს სამხატვრო გალერეას ეწვივნენ. თიკომ თავისი ფოტოაპარატიც წაიღო და უამრავი სურათი გადაიღეს. დრომ სწრაფად გაირბინა. მერე მძღოლმა მოაკითხა მანქანით და დაურეკა, შესასვლელთან გელოდებითო.

გარეთ გამოსულს ქუჩაში თავშეყრილი ხალხი დახვდა. გრიშას მანქანა გზის მეორე მხარეს იდგა. თიკო გაოცებული შედგა, მიმოიხედა, რომ გაეგო, რა ხდებოდა. იქვე, ახლოს, სასტუმროში ხანძარი გაჩენილიყო და ცეცხლის ენები და კვამლი ფანჯრებიდან გამოდიოდა. სახანძრო მანქანების სირენების გულის გამაწვრილებელი ხმა მიდამოს აყრუებდა. შეძრწუნებულმა ხელი ბავშვისკენ გაიწვდინა, არ შეშინდესო, მაგრამ მისდა გასაოცრად, ნიკა ვერ დალანდა.

შიშისგან გული გადაუქანდა. ხან აქეთ მიაწყდა, ხან იქით, ყველას ეკითხებოდა, პატარა ბიჭი ხომ არ დაგინახავთო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს თავზარდაცემული შედგა. არ იცოდა, რა ექნა. იფიქრა, იქნებ ცეცხლის შეეშინდა და სადმე დაიმალაო. ისევ იმ ადგილას დაბრუნდა, სადაც ბიჭს ასცდა, მაგრამ ნიკა არ ჩანდა. გულამოვარდნილმა ქუჩა გადაკვეთა, მძღოლთან მიიჭრა და როცა ბავშვი მანქანაშიც ვერ შენიშნა, ტირილი აუტყდა.

- ნუ ღელავთ, თიკო, პოლიციას შევატყობინებ და მოძებნიან, სად წავიდოდა. აქ არსად არ დაიკარგება, დამშვიდდით, - ამშვიდებდა გრიშა.

ამასობაში თავისი ფოტოაპარატიც მოისაკლისა, მშობლებმა რომ აჩუქეს.

- იქნებ ზუზისთვის დაგვერეკა? ის უფრო დაგვეხმარება, რამეს მოიფიქრებს. პოლიციას ახლა სად სცალია ჩვენთვის, ყველა სასტუმროსთანაა თავშეყრილი.

გრიშამ მანქანა დაძრა. თიკო დაძაბული იჯდა და გულში ღმერთს შესთხოვდა, ზუზი შინ დახვედროდა. პოლიციაში გამოცხადებას ეს სჯობდა. თანაც, გაგონილი ჰქონდა, პოლიცია დაკარგულის ძებნას მხოლოდ მესამე დღიდან იწყებსო, ამიტომ დროის დაკარგვა არ სურდა.

ზუზიმ ეზოში შემოსული თიკო რომ დაინახა, ღიმილით შეეგება. მის დანახვაზე ქალმა შვებით ამოისუნთქა, თითქოს ამწუთას სხვა ვერავინ უშველიდა.

ქალის არეული სახე რომ დაინახა, ზუზი წარბებაწეული შედგა. ასე აღელვებულ თიკოს პირველად ხედავდა.

- რა მოხდა? როგორი გაფითრებული ხართ, შეგემთხვათ რამე?

თიკომ კრინტი ვერ დაძრა. ყელში მობჯენილი ცრემლი ლაპარაკის საშუალებას არ აძლევდა. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დააქნია.

მამაკაცმა მაჯა დაუჭირა, აუზთან მდგარ დაწნულ სავარძელთან მიიყვანა და ჩასვა. როგორც კი დაჯდა, თიკომ სული მოითქვა და ამოღერღა:

- ნიკა… ნიკა დავკარგე… არ ვიცი, სად გაქრა.

- მოიცა, მოიცა… - ზუზი მის წინ ჩაცუცქდა და გაშლილი ხელისგულები ერთმანეთზე შეატყუპა, - თავიდან მომიყევი, რა მოხდა, ნუ ნერვიულობ, მშვიდად.

თიკომ დაწვრილებით გადმოულაგა, იმ დღეს რაც მოხდა, სად იყვნენ, რა ნახეს. ბოლოს ხანძრისა და ბავშვის გაუჩინარების ამბით დაამთავრა.

- ყველაფერი გასაგებია, - ზუზი წამოდგა, წელში მოიხარა და ხელებით მუხლებს დაეყრდნო, - ბათუმში ბავშვი ვერ დაიკარგება, ვიპოვით. ესე იგი, გალერეაში იყავით და სურათებს იღებდით. რითი, მობილურით?

- არა, ფოტოაპარატით.

- და სად არის ფოტოაპარატი?

- არ ვიცი, ისიც დავკარგე, მაგრამ მაგას დავეძებ? ალბათ მაშინ გამივარდა ხელიდან, როცა ნიკა მოვისაკლისე. ოი, არა, არა. ფოტოაპარატი ნიკას ჰქონდა, ვასწავლიდი, როგორ გადაეღო სურათი და უხაროდა, თვითონ რომ იღებდა. კისერზე ჩემოიკიდა და ისე დადიოდა. მეც გადამიღო რამდენიმე. თუ… არა, ბოლოს მე მომაჩეჩა… მოკლედ, აღარ მახსოვს, შეიძლება იქ დამრჩა, არ ვიცი, აღარ მახსოვს.

- იქნებ ნიკას გაახსენდა, რომ ფოტოაპარატი იქ დაგრჩათ და მის წამოსაღებად მიბრუნდა?

თიკო შეკრთა.

- ანუ… ხანძრის არ შეშინებია? ამის თქმა გინდათ?

- ხანძრის რატომ უნდა შეშინებოდა?

- მე რა ვიცი. მაგას ხომ იმ ამბის შემდეგ ყველაფრის ეშინია. ვიფიქრე, ამხელა ცეცხლი რომ დაინახა… მაგას კი არა, მე შემეშინდა. თანაც, მერე ხომ მოვბრუნდი უკან, ის კი მაინც არ დამხვდა ძველ ადგილას.

ზუზი წამით ჩაფიქრდა, მერე რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.

- ახლავე შევეცდები, რამე გავიგო. არ გვინდა პანიკა. ბავშვებმა იციან დაკარგვა, მერე ისევ გამოჩნდებიან ხოლმე.

მამაკაცი სახლში შევიდა. თიკო მარტო დარჩა. იმავ წუთს მოსამსახურე ქალმა ცივი წვენი გამოუტანა. თიკომ აკანკალებული ხელით აიღო ჭიქა და წვენი ხარბად მოსვა.

ზუზის რომ შეაგვიანდა, გულმა არ მოუთმინა და თვითონაც სახლში შევიდა. ოთახი, სადაც თავი ამოყო, ერთდროულად მისაღებიც იყო და კაბინეტიც. კედლების გასწვრივ წიგნების თაროები ჩაემწკრივებინათ. მაგიდაზე კომპიუტერი იდგა. კედლებზე ფერწერული ტილოები ეკიდა. ამ ოთახში თიკო პირველად იყო.

ამ დროს კარი გაიღო და ზუზიც შემოვიდა. როგორც ჩანს, არ ელოდა, თიკოს აქ თუ დაინახავდა და ოდნავი შეცბუნება შეეტყო.

ქალი შეშინებული მიაჩერდა.

- მორჩა, ყველაფერი რიგზეა, დაწყნარდით, თუ შეიძლება. ნიკა არ დაკარგულა, იპოვეს უკვე.

- რა… რა?.. არ მესმის… იპოვეს? სად?

- როგორც მე ვივარაუდე, ზუსტად ისე მოხდა ყველაფერი. ფოტოაპარატი დაგვიწყებიათ და გარეთ გამოსულს გაახსენდა. ამიტომ უკან შებრუნებულა, ამასობაში კი ასცდით ერთმანეთს.

თიკომ არ დაიჯერა.

- კი მაგრამ, უკან როგორ გაბრუნდა? როდის? ან გზა როგორ გაიგნო? - დაბნეული სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

- რა გზის გაგნება უნდოდა? იქვე არ იყო? დამშვიდდით, გთხოვთ. ყველაფერი რიგზეა-მეთქი, ხომ გითხარით? როცა ვერ გიპოვათ, არ დაიბნა თურმე, პოლიციელთან მისულა და უთხოვია, სახლში წამიყვანეთო. ჰოდა, მიუყვანიათ. ახლა ბავშვი შინაა თავის ფოტოაპარატიანად.

- რა დროს ფოტოაპარატია, მაგის დარდი არ მაქვს. ოღონდ ნიკა იყოს კარგად…

- რატომ, რატომ, ფოტოაპარატიც საჭირო ნივთია.

- ისე, ნაჩუქარია და კი დამწყდებოდა გული, მაგრამ მაგის დარდი არ მქონია.

ზუზიმ აწყლიანებული თვალებით შეხედა:

- ალბათ თქვენთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გაჩუქათ.

- ჰო, დედამ და მამამ. ბოდიში, რომ მოგაცდინეთ. ისე დავიბენი, თქვენთან მოსვლის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე, - თიკო ადგა და წასასვლელად გაემზადა.

ზუზიმ გზა ამჯერადაც გადაუღობა.

- ჩემთან რომ მოხვედით, ძალიან გამიხარდა, მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი უსიამოვნო იყო. ამიტომ ახლა ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით იმას, რის თქმასაც უკვე მერამდენე დღეა, ვაპირებ. დაჯექით, უნდა დაგელაპარაკოთ!

- მაგრამ… ახლა უნდა გავიქცე, ბავშვი იქ მარტოა და…

- არ არის მარტო, თქვენც ხომ იცით, რომ ასეა?

- უკაცრავად, ვერ დავრჩები. ხომ გესმით, რაც შეიძლება მალე უნდა ვნახო ნიკა. შეიძლება ისიც ნერვიულობს… ისეთი სასწრაფო რა არის, რომ მერე ვერ მეტყვით? ან კი… უბრალოდ, არ ვიცი, რა გვაქვს სასაუბრო?

თიკომ შენიშნა, როგორ შეაკრთო ზუზი მისმა შეკითხვამ.

- თუ შეიძლება, დაბრძანდით და მომისმინეთ! - მკაცრი ტონით მიმართა, - ახლა რომ აქედან წახვიდეთ, თქვენთვისვე იქნება უარესი!

- ჩემთვის? უარესი იქნება? რაღაც ვერ გავიგე… რას ნიშნავს ჩემთვის უარესი?

- დაგავიწყდათ, როგორი აფორიაქებული იყავით წეღან, ჩემთან რომ მოხვედით? ნიკას დაკარგვამ კატასტროფულად იმოქმედა თქვენზე. ამიტომ აჯობებს, ცოტა ხანს დარჩეთ და დამშვიდდეთ. ნიკას მარო მიხედავს, აჭმევს და დააძინებს. მე კი თქვენთან რამდენიმე კითხვა მაქვს. ცოტა ხნით დარჩით და ვისაუბროთ, კარგი?

- რა კითხვები გაქვთ? რასთან დაკავშირებით? მითხარით და წავალ.

- კარგი. მითხარით, ბათუმში რისთვის ჩამოხვედით? დასასვენებლად, ხომ?

- რა თქვენი საქმეა! - მკვახედ მიუგო თიკომ და მაშინვე ინანა. მამაკაცი მას დაეხმარა, თვითონ კი უმადურად მოექცა.

- წარმოიდგინეთ, რომ ჩემი საქმეა.

- რაღაც ვერ გავიგე… - ამრეზით გახედა.

- ესე იგი, თქვენ გართობა, დასვენება არ გინდათ და მხოლოდ ნიკა გაინტერესებთ?

- ასეა. მასთან თავს კარგად ვგრძნობ, ვისვენებ და ვერთობი კიდეც. არც მაბრაზებს და არც ნერვებს მიშლის.

- იცით რა… მოდით, ვისადილოთ ერთად და თან ვისაუბროთ. სერიოზული რაღაც მაქვს სათქმელი.

- მიპატიჟებისთვის დიდი მადლობა, მაგრამ ვერ დავრჩები. ისედაც ბევრი დრო წაგართვით. უნდა წავიდე.

ზუზიმ მრავალმნიშვნელოვანი მზერა მიაპყრო, უცნაურად ჩაიღიმა, მაგრამ პასუხი არ გაუცია, მხოლოდ ზარის ღილაკს მიაჭირა თითი…

ოთახში მოსამსახურე შემოვიდა.

- ერთი შენებური სუფრა გაგვიშალე, ირმა, - მიმართა მწვანეწინსაფრიან ქალს, - საპატიო სტუმარი გვყავს, ხომ ხედავ, - და როცა ქალი გავიდა, თიკოს ღიმილით მიუბრუნდა, -მარომაც იცის, რომ სადილად ჩემთან უნდა დარჩე, ასე რომ, სანერვიულო არაფერია. ნუ გეშინიათ, არ შეგჭამთ.

თიკო შემკრთალი შეჰყურებდა ზუზის.

- მარომ საიდან იცის? - ხმა შეეცვალა.

- დავურეკე და ვუთხარი. თან ვთხოვე, ნიკას ყურადღება მიაქციეთ-მეთქი. ცუდად მოვიქეცი?

თიკომ კოპები შეკრა.

- ჩემზე ისევ ნაწყენი ხართ? - ხმადაბლა ჰკითხა მამაკაცმა და ქალს ხელი გაუწოდა სასადილო ოთახში მისაპატიჟებლად.

- თქვენ როგორ გგონიათ? - მის გამოწვდილ ხელს თიკომ ზედაც არ შეხედა, ადგა და მეორე ოთახისკენ გაემართა.

ირმა ჯერ კიდევ სუფრას აწყობდა. როცა მაგიდას მიუსხდნენ და მოსამსახურე გავიდა, თიკომ ირონიულად იკითხა:

- თქვენ რა, სტუმრად მოსულ ქალებს ყველას ყოველთვის სადილად პატიჟებთ?

- ყოველთვის არა. ხოლმე, - გაიღიმა ზუზიმ, - მაგრამ, როგორც წესი, ყველა ქალს, ვისაც ვიცნობ, თვითონ უნდა ჩემთან სადილობა. აი, დღევანდელი შემთხვევა კი განსაკუთრებულია. მე თქვენ დახმარებას ვცდილობ.

თიკომ ნაწყენი სახით შეხედა და ცივად უპასუხა:

- მე ნიკა არ ვარ და ნათლიის დახმარება არ მჭირდება.

ზუზიმ წარბები აზიდა.

- მე ეს არ მქონია მხედველობაში, - მოკლედ მოჭრა მამაკაცმა და საუბარიც ამით შეწყდა.

ირმამ კვლავ შემოიტანა კერძები, ამჯერად ცხელ-ცხელი და ზუზი ისევ სტუმართმოყვარე მასპინძლად იქცა. ის, რის თქმასაც აპირებდა, როგორც ჩანს, შემდეგისთვის გადადო. თიკო კი იმედოვნებდა, რომ ზუზი იმ თემას საერთოდ მიივიწყებდა.

და მართლაც, მამაკაცმა სრულიად სხვა რამეებზე დაიწყო საუბარი. თიკოს მშობლების საქმიანობით დაინტერესდა, მათ მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებზე, სხვა საქმიანობაზე. ქალიც გატაცებით უყვებოდა ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებოდა. მამაკაცი დროდადრო შეკითხვებს უსვამდა და თიკოს უკვირდა, ასე კარგად საიდან იცნობდა ზუზი კინოს ისტორიას. შემდეგ ლიტერატურაზე გადავიდნენ, მერე ნახატებზე და ბოლოს მამაკაცმა ფოტოტექნიკაც ახსენა.

- შარშან რამდენიმე დღით ავსტრიაში ჩავფრინდი და უკანასკნელი გამოშვების ციფრული ფოტოკამერა ვიყიდე. მინდა ის კამერა განახვოთ.

თიკომ რაღაც გაურკვევლად ჩაიდუდღუნა, რადგან აპარატმა მოულოდნელად ნიკა გაახსენა და დაიძაბა. ზუზიმ მაშინვე იგრძნო ეს ცვლილება და პირდაპირ მიახალა:

- როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, ნიკა რამდენიმე დღით ჩემს ფერმაში რომ დავტოვოთ? ჩემები მიხედავენ, ცივ ნიავს არ მიაკარებენ. ძალიან გაუხარდებათ ბავშვის სტუმრობა.

- რატომ? - ჯიქურ შეეკითხა თიკო.

- რატომ და, შესაძლებლობა გექნებათ, აქაური ცხოვრება აღიქვათ. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენს კარგავთ ასე უქმად ყოფნით.

მისმა დაჟინებულმა მზერამ ქალს ღაწვები აუფაკლა. ზუზისგან მსგავსს არ მოელოდა. იფიქრა, ალბათ არ მოსწონს, ბიჭს როგორც ვუვლიო. მაგრამ მირომ ბავშვი მას დაუტოვა და მასთან თუნდაც ერთი დღით განშორება არასწორად მიაჩნდა.

- ძალიან უცნაური წინადადებაა, თითქოს არსებობდეს ვინმე, ვინც დამეხმარება ბათუმით ტკბობაში. - ცინიკური ტონით წარმოთქვა.

ზუზიმ შეფიქრიანებული მზერა ესროლა.

- და მე რაღას ვაკეთებ? მგონი, დღეს ძალიან გაგიჭირდათ, ჩემთან საშველად რახან მოირბინეთ, - არც მამაკაცმა დააკლო ირონია.

- ეს ერთადერთხელ მოხდა და ჩემი გაგება, ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს, - აღშფოთდა თიკო, თან ცდილობდა, შინაგანი ცახცახი როგორმე დაეოკებინა, - ახლა რაღას მთავაზობთ?

მამაკაცმა მშვიდად მიუგო:

- იმას, რომ გაერთოთ, სტუმრად იაროთ, იცეკვოთ, მთვარის შუქზე ნავით ისეირნოთ, იქნებ ვინმეს მოეფეროთ კიდევაც. - იგი წინ წამოიწია, თვალები გაბრწყინებოდა, - ოღონდ არ მითხრათ, რომ ამაზე არ ოცნებობთ.

თიკოს ეგონა, საცაა, გული ამომივარდებაო.

- ნიკას გარდა ახლა სხვა საფიქრალი არ მაქვს! - დაბნეულმა ნერწყვი ძლივს გადააგორა.

- მაგრამ ხომ იცით, როგორ გაერთობა იგი ფერმაში? რა კარგად იგრძნობს თავს? თქვენც ხომ ნახეთ, რა ბედნიერი იყო იქ? თავისი საყვარელი ცხენით ისეირნებს. ნუთუ არ გსურთ, ცოტა ხნით გათავისუფლდეთ და ჩემთან დარჩეთ? მე მინდა თქვენთან.

თიკოს გააცია. ერთდროულად სიამოვნებისგანაც და გაურკვეველი ტკივილისგანაც. კვლავ დაიბნა. არ უნდოდა, მამაკაცს მისი დაბნეულობა შეემჩნია, თანაც ბრაზობდა, რომ მის საქმეში ასე უდიერად ყოფდნენ ცხვირს.

- ჩემი აზრი გაინტერესებთ? - უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ შეტევაზე გადასულიყო, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და მოიბოდიშა, - მაპატიეთ… ნუთუ იმიტომ დამტოვეთ სადილად, რომ წამკინკლავებოდით?

ზუზის გაეღიმა.

- არა, რა თქმა უნდა. ისეთი რა გითხარით, რომ თქვენი აღშფოთება გამოვიწვიე? თქვენთან წაკინკლავება აზრადაც არ მომსვლია. ნიკას ფერმაში გაგზავნა კი იმიტომ შემოგთავაზეთ, რომ ბათუმში ყოფნით სიამოვნება გეგრძნოთ.

- თავს ბიჭთანაც მშვენივრად ვგრძნობ, ძალიან თავისუფლად და ლაღად.

ისე იყო აჭარხლებული, დამშვიდებას ვერ ახერხებდა. ცდილობდა, ზუზიც და თავისი თავიც დაერწმუნებინა იმაში, რასაც ამბობდა, მაგრამ ხვდებოდა, დამაჯერებლად არ გამოსდიოდა. მამაკაცს თვალებში შეხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მისმა გამჭოლმა მზერამ შეაჩერა.

- ვერ დავიჯერებ, რომ ნიკას მოვლა და მხოლოდ მასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას განიჭებდეთ. თქვენ ხომ თითქმის არაფერი გინახავთ. ნუთუ არ გინდათ წყლის თხილამურებით სრიალი, როცა ზღვის შხეფები სახეზე გხვდებათ და თითქოს უსასრულობაში მიქრიხართ? პარაშუტით წყალში ჩახტომა? ანდა სულაც მინდვრის ყვავილების დაკრეფა? სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენი მეგზური.

"მომფერებლის ამპლუაშიც?" - გაიფიქრა თიკომ და ლამის თავბრუ დაეხვა.

ზუზი გატაცებით ლაპარაკობდა, ქალმა კი უკვე წარმოიდგინა, როგორ მიქრიან ისინი წყლის თხილამურებით, როგორ მიუყვებიან ციცაბო ბილიკს და როგორ აშველებს ზუზი თავის ძლიერ ხელს, რათა ბილიკზე არ მოცურდეს…

საკმარისი იყო, თიკოს ერთი სიტყვა დასცდენოდა, რომ ეს ოცნება რეალობად ექცეოდა, მაგრამ გაახსენდა, რისთვისაც მიიპატიჟა ნატკამ ბათუმში - მას თავისი ოჯახის გადარჩენა სურდა და მეგობარი საშველად იხმო. ჰოდა, თიკო აქ ნატკას გამოა და ნიკას რამე რომ შეემთხვეს, მირო ცოლს დაადანაშაულებს ამაში. ეს კი შესაძლოა, მათი დაშორების მიზეზიც გახდეს.

არა, ამას არ დაუშვებს!

თიკო ცდუნებას ებრძოდა, თან უნდოდა, ზუზის დათანხმებოდა, თან ნიკაზე ფიქრობდა. ბოლოს მოვალეობის გრძნობამ იმძლავრა.

- დიდი მადლობა მშვენიერი წინადადებისთვის, - მტკიცედ წარმოთქვა, - თქვენ ძალიან კეთილი ხართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იცოდით, რომ მე მაინც უარს გეტყოდით. ნატკას და მიროს სიტყვა მივეცი და არ გადავუხვევ. ნიკას წამითაც ვერ დავტოვებ უჩემოდ.

- თქვენ იმ კატეგორიის ქალებს განეკუთვნებით, ვისაც ადამიანის ჭკუიდან შეშლა შეუძლია. გხიბლავთ ტანჯულის როლი? თუ ამისკენ ჩემი ხასიათი გიბიძგებთ? რა არ მოგწონთ ჩემში?

- უკაცრავად, მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს!

- კარგი, ასე იყოს. მაშინ აივანზე გავიდეთ, ყავა დავლიოთ.

ტერასაზე გავიდნენ. თიკო სავარძელში ჩაჯდა. ზუზიმ მუსიკა ჩართო და ირგვლივ სასიამოვნო მელოდია დაიღვარა. მამაკაცმა არაფრისმთქმელი საუბარი გაუბა ქალს, თან ყავას წრუპავდა.

ცოტა ხანში თიკო წასასვლელად მოემზადა. ზუზი გვერდით ამოუდგა, რათა გაეცილებინა. ის-ის იყო, გარეთ უნდა გასულიყვნენ, რომ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ზუზიმ მოუბოდიშა ქალს და მობილურის ასაღებად შებრუნდა. როცა უკან გამობრუნდა, სახე უბრწყინავდა. თითქოს სხვანაირადაც კი იღიმებოდა.

- ოხ, მიშელ, მიშელ! როდის ჩამოხვედი? შენი მშობლებიც დაბრუნდნენ? მარტო როგორ გამოგიშვეს? მოგეწონათ საბერძნეთი? კარგი, გასაგებია, - ზუზიმ გულიანად გაიცინა, საათს დახედა და თქვა: - ნახევარ საათში შენთან გავჩნდები.

თიკოს რაღაც ჩაწყდა გულში. შესცქეროდა მამაკაცის ახოვან ფიგურას, მის ლამაზ სახეს და ყოველი მისი სიტყვა ლახვარივით ხვდებოდა გულში. მისთვის აუტანელი იყო, რომ ზუზი მიშელს უნდა შეხვედროდა.

ზუზიმ მობილური გათიშა, კმაყოფილი ღიმილის დაფარვა არც კი უცდია.

- მაპატიეთ, რომ დაგაყოვნეთ, წავიდეთ, გაგაცილებთ.

ზუზი ჩქარობდა, თიკოს კი ყველაფრის ხალისი დაეკარგა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.

მიროს სახლამდე გზა მდუმარებაში გალიეს. თიკო ზუზის მიშელთან შეხვედრაზე ფიქრობდა, ზუზი - კაცმა არ იცის, რაზე.

ცივად დაემშვიდობნენ ერთმანეთს. თიკომ იმასაც მიაქცია ყურადღება, როგორი სისწრაფით გააქანა მამაკაცმა მანქანა. ყრუდ ამოიკვნესა და სახლში შევიდა.

მის დანახვაზე ნიკა შურდულივით გამოვარდა ჰოლიდან და ქალისკენ გამოექანა, ხელები წელზე მოხვია და მიეკრა.

- თიკო, ხომ არ მიბრაზდები, რომ დავიკარგე? ფოტოაპარატი დამრჩა და მის წამოსაღებად მივბრუნდი. იცი რამდენ ხანს ვეძებდი? მერე გამოვედი და ვერსად ვერ გიპოვეთ, -ტიტინებდა ბიჭუნა.

თიკომ ჩაიმუხლა, ბავშვს შუბლი შუბლზე მიადო და თბილად უთხრა:

- არა, ჩემო საყვარელო, არ გიჯავრდები. ოღონდ სხვა დროს გამაფრთხილე, თუკი სადმე წასვლა მოგინდება, კარგი? - და თავზე აკოცა.

- კარგი, აუცილებლად გეტყვი, თანახმა ვარ, - ტაში შემოჰკრა ნიკამ და ასკინკილით კვლავ სახლში შევარდა.

ცოტა ხნის შემდეგ ივახშმეს. მერე თიკომ ბავშვი დაბანა, საძინებელში შეიყვანა, ლოგინში ჩაწვინა და ძილი ნებისა უსურვა.

თავის ოთახში შესულმა შუქიც კი არ აანთო, საწოლზე ჩამოჯდა და გაახსენდა ზუზის ღიმილი, უდარდელი სიცილი და ის სიხარული, მიშელის ზარმა რომ მოჰგვარა.

"ახია ჩემზე, - გაიფიქრა, - მე თვითონ ვარ დამნაშავე, არ მივიღე მისი წინადადება. თვითონ ვუბიძგე მიშელისკენ. ახლა მასთან გაერთობა და მე საერთოდ დავავიწყდები. ღმერთო, რატომ ვარ ასეთი ჯიუტი? რა მოხდებოდა, დავთანხმებოდი? ნეტავ რას იზამდა ასეთ დროს? მიშელს უარს ეტყოდა შეხვედრაზე? ჰმ… საინტერესოა"…

მოულოდნელად მისი მობილურიც აწკრიალდა. ეკრანს დახედა და მეხდაცემულივით გაშეშდა…

ეს დემნას ნომერი იყო, ის ურეკავდა. თავდაპირველად გადაწყვიტა, არ ეპასუხა მისი ზარისთვის, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. ზუზისგან დამძიმებულმა იფიქრა, ჯავრს ამაზე მაინც ვიყრიო და მობილურის ეკრანს თეატრალური ჟესტით გადაუსვა თითი.

- გისმენთ! - ისეთი ტონით ჩასძახა, თითქოს ვინმე სამსახურის საქმეზე ურეკავდა.

- გამარჯობა! - მისალმება მოკლე გამოდგა.

- გაგიმარჯოს. - თიკომ ენა გამოუყო ხმას, რომელიც ყურმილიდან ისმოდა.

- როგორ ხარ?

- მშვენივრად.

- კარგად ისვენებ?

თიკომ შუბლი შეიკრა. ვერ მიხვდა, საიდან უნდა სცოდნოდა დემნას, რომ ბათუმში ისვენებდა.

- ცუდად რატომ უნდა ვისვენებდე? - აგდებულად მიუგო.

- იმიტომ, რომ შენ გვერდით მე არ ვარ.

თიკოს მოულოდნელად ისტერიკული სიცილი აუვარდა.

- შენ რატომ უნდა იყო გვერდით? ეგ ვინ დააწესა?

კარგა ხანს მეორე მხარეს ხმას არავინ იღებდა.

- ალო! - ჩასძახა თიკომ, იფიქრა, ხომ არ გაითიშაო.

- შენი აზრით, გვერდით არ უნდა გყავდე?

- დემნა, რისთვის დამირეკე, უაზრო შეკითხვები რომ დამისვა? არა, არ უნდა მყავდე, გესმის?

- და რატომ?

- იმიტომ, რომ გვერდით არც არასდროს მყოლიხარ. შენ ჩემთან არასდროს ყოფილხარ. ყოველთვის სხვაგან იყავი, მაშინაც კი, როცა თვალებში მიყურებდი!

- რა ისტერიკები დაიმართე? ასე მოგენატრე? - ჩაიცინა დემნამ.

- თუ შენ მონატრებულები ასე გელაპარაკებიან, კარგად გქონია საქმე.

- სად ხარ?

- სახლში, მეგობართან, სად უნდა ვიყო?

- ჰოდა, გამოდი, ბულვარზე გელოდები.

- რა-ა? - თიკოს წამით თვალთ დაუბნელდა. ვერაფრით იფიქრებდა, თუ დემნა ბათუმში იქნებოდა.

- რა, რა! ბათუმში ვარ და შენი ნახვა მინდა. რას გაიკვირვე? არ ელოდი? თუ უკვე დამივიწყე?

- ერთიც და მეორეც, - ჩამწყდარი ხმით მიუგო და გათიშა.

არა, ამისთვის მზად ნამდვილად არ იყო. მთელი სხეული აუკანკალდა. ცივმა ოფლმა დაასხა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რამ გაანერვიულა.

დემნამ კვლავ დარეკა. თიკომ ამჯერად აღარ უპასუხა. უეცრად მესიჯი მოუვიდა: "თუ ახლავე არ გამოხვალ, სადაც ხარ, იქ დაგადგები! მისამართი ვიცი, ასე რომ…"

ლამის გულწასული მიესვენა საწოლზე. შიშისგან მუხლები აუკანკალდა. რა ჯანდაბა უნდა? მათ შორის ხომ ყველაფერი დამთავრდა, ახლა რიღასთვის იბარებს? გული გამალებით უცემდა. ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. კარგა ხანს ყოყმანობდა, ბოლოს გადაწყვიტა, თვითონ დაერეკა.

- დროზე გამოდი, გელოდები! - მბრძანებლურად გაისმა მამაკაცის ხმა.

- ამაღამ ვერ გამოვალ, ასე ადვილი არ არის, სტუმრად ვარ, უხერხულია, - მშვიდად სცადა მისი თავიდან მოშორება.

- გამოხვალ, იმიტომ, რომ მე ასე მინდა. გასაგებია? იცოდე, თუ არ გამოხვალ, რასაც შეგპირდი, იმას გავაკეთებ და მერე უფრო უხერხული იქნება!

თიკო დამუნჯდა. მიხვდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. სულაც არ სურდა, მაროს დემნა აქ ენახა.

- კარგი, ნახევარ საათში მანდ ვიქნები. - რაც შეიძლებოდა, თავშეკავებულად მიუგო, გულში კი დაიქადნა, ქალი არ ვიყო, თუ ეს საღამო არ ჩაგამწაროო.



ნახევარ საათში ნერვიულობისგან აძაგძაგებული ადგილზე გაჩნდა. დემნა შუა ბულვარზე იდგა მანქანას მიყრდნობილი და სიგარეტს ნებივრად ეწეოდა.

- რისთვის დამიბარე? - ზიზღით შეხედა თიკომ.

- ჯერ მომესალმე, - მამაკაცი მისკენ გამოიწია, წელზე ხელის მოხვევა დაუპირა.

- არ მომეკარო! - ქალი განზე გახტა.

- ვოვ! შენ რა უკარება გამხდარხარ? რა ხდება? - დემნამ სიგარეტი წკიპურტით მოისროლა და კვლავ ახლოს დააპირა მისვლა.

- გაჩერდი, სადაც დგახარ და იქიდან მითხარი, რა გინდა! - ქალს თვალები ბოროტად უელავდა.

- შენი ნახვა, სხვა რა უნდა მინდოდეს? ჩამოგაკითხე.

- ახლა გაგახსენდი? ამდენ ხანს სად იყავი?

- ოოო, არ დაიწყო ახლა რა. არ მეცალა. ცუდად ვიყავი, დეპრესია მქონდა. საკმარისია?

- არა, არ არის საკმარისი. ჩვენ შორის ხომ ყველაფერი დამთავრდა. ამაზე უკვე ვილაპარაკეთ. მე შენთან შერიგებას არ ვაპირებ.

- მართლა? რაღაც არ მახსენდება, ამაზე გვესაუბროს. ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად არ გვილაპარაკია. ჩაჯექი მანქანაში, გავიდეთ სადმე და დავსხდეთ. თუ ასეთი სერიოზული სალაპარაკო გვაქვს, ქუჩაში ხომ არ ვიდგებით არასერიოზულებივით?

- დემნა, თავი დამანებე, გთხოვ! მე შენთან ურთიერთობა დავამთავრე. ხომ არ დაგავიწყდა, გული რომ მატკინე? ასეთ რამეებს კაცს არ ვპატიობ. ვინც გაპატიებს, იმასთან წადი. მე შენთვის აღარ ვარსებობ.

- თუ შენ არ არსებობ ჩემთვის? - თითქოს მუქარით გაიჟღერა მამაკაცის ხმამ.

- არც მე, - თიკოს ხმა ჩაუწყდა, ცოტა არ იყოს, შეეშინდა, ძალით არ დამიპიროს მანქანაში ჩასმაო, - აღარ მიყვარხარ. მორჩა, რაც იყო, ის არ განმეორდება.

- განა ასეთი რა დავაშავე? ცოტა ხნით რომ დავიკარგე? - დემნამ თავისი საფირმო ღიმილი აიფარა სახეზე.

- ეს არ იყო შენი პირველი დაკარგვა. მაპატიე, მაგრამ შენს დეპრესიულ ხასიათზე ვერ ავაწყობ ცხოვრებას. როცა მოგეპრიანება, გამოჩნდები, როცა მოგეპრიანება, გაქრები. მე ასე არ შემიძლია. ეს არ არის სიყვარული.

- აჰა. ესე იგი, გამოდის, მართლა არ გყვარებივარ, თუ ჩემი ატანა არ შეგიძლია.

- კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს მიხვდი. - ამრეზით ახედა, - ჰო, აღარ მიყვარხარ. შენთან ურთიერთობა მღლის, მღლის და მაშინებს. ვერ ვიტან მტირალა, დეპრესიულ და მერყევ მამაკაცებს. მათ ყოველ სიტყვაში მხოლოდ სიყალბე მესმის და სხვა არაფერი.

დემნა უცებ შეტრიალდა და თავი მანქანის ფანჯარაში შეყო. თიკოს სუნთქვა გაუჩერდა, ვერ მიხვდა, რის გაკეთებას აპირებდა. მან კი სიგარეტის კოლოფი გამოიტანა და სანთებელას გაჰკრა.

- ანუ საბოლოოდ დავშორდეთ ერთმანეთს? - შეეკითხა კბილებშუა სიგარეტგარჭობილი.

- ჩვენ კარგა ხანია, საბოლოოდ დავშორდით ერთმანეთს.

- სხვა ვინმეს ხვდები? - ხმას დაუწია დემნამ და სიგარეტი მთელი ძალით მოქაჩა.

- არა, - მტკიცე ხმით წარმოთქვა თიკომ და თავისი სიმართლის დასადასტურებლად თვალი ჯიქურ გაუსწორა.

ერთხანს ასე, მზერებით ბურღავდნენ ერთმანეთს. ბოლოს დემნამ დათმო.

- კარგი, წამო, მიგიყვან სახლამდე, გვიანაა უკვე. ხვალ დაგირეკავ და დღის შუქზე გავაგრძელოთ ჩვენი პაექრობა.

- არ მინდა! - იყვირა თიკომ.

- რა არ გინდა?

- არც შენი წაყვანა მინდა და არც შენი დარეკვა. მხოლოდ ის მინდა, სამუდამოდ გაქრე ჩემი ცხოვრებიდან!

- რა მითხარი, გოგო? - დემნამ კვლავ გაისროლა სიგარეტი და აძაგრული ქალს მიუახლოვდა, - შენი ცხოვრებიდან გავქრე? შენს ბრძანებებზე ვიარო?

შეშინებული თიკოც ნელ-ნელა იხევდა უკან, თან ცდილობდა, ნაბიჯი ფრთხილად გადაედგა, რომ არაფერს წამოსდებოდა და არ წაქცეულიყო.

- იმისთანა სექსი მქონდა შენთან, ისე კარგად ვგრძნობდი თავს… ამის მერე თავი როგორ დაგანებო? თუ არ გიყვარდი, რას მომეტმასნე?

თიკო წამოენთო.

- მე მოგეტმასნე? საშველი არ მომეცი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი, შენ რომ არ ამსვეტებოდი წინ და მე მოგეტმასნე? ნაგავო! როგორ ბედავ! უარესი მხვდება, შენნაირს თავი რომ გავუტოლე! -ისტერიკა დაემართა.

დემნა გაოგნდა. ასეთ თიკოს ის არ იცნობდა. ასეთი თიკო პირველად ნახა და იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ადგილზე გაშეშდა.

ამასობაში თიკო შეტრიალდა, ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა ბულვარი და პირველივე შემხვედრი ტაქსი გააჩერა… მამაკაცი აღარ დასდევნებია…

გაგრძელება
იხილეთ წინა თავი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მასხარა
გაგრზელება იქნება??????????
10:26 / 30-07-2021
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93