ერთხელაც სოციალურ ქსელში ერთი გავიცანი, რომლის «დაირონიების» და მოგერიების სურვილი არ გამჩენია. რაღაც სხვანაირი იყო, სხვებს არ ჰგავდა. განათლებული ჩანდა, განსხვავებულად აზროვნებდა, არც მეუხეშებოდა და არც ზედმეტობდა. მასთან საუბრისას მეგონა, რომ შუა საუკუნეებიდან დროის მანქანით გადმოვიდა ჩვენს დროში. ერთი თვე ვწერდით ერთმანეთს. მერე შემომთავაზა, ასე ვირტუალურ ურთიერთობას აჯობებს, ერთმანეთს შევხვდეთ და გავიცნოთო. უარი არ მითქვამს, ველოდებოდი კიდევაც, როდის მეტყოდა მსგავს რამეს.
მეორე დღისთვის დავთქვით შეხვედრა. საერთოდ არ მქონია შიშის შეგრძნება, ასე მეგონა, ძალიან დიდი ხნის ნაცნობს უნდა შევხვედროდი. ამ ერთი თვის განმავლობაში მისგან ბევრი რამ ვისწავლე. საოცრად იყო ჩახედული ხელოვნებაში, ფერწერასა და მუსიკაში. ჩემზე უკეთ ერკვეოდა, იმდენ რამეს მიყვებოდა, მე გაგონილიც რომ არ მქონდა. ამიტომ მიხაროდა, ასეთი საინტერესო პიროვნება რომ გავიცანი.
მეორე დღეს გამოვიპრანჭე და შესახვედრად გავემართე, მაგრამ დათქმულ ადგილას თვითონ კი არა, მისი ძმაკაცი დამხვდა, რომელმაც მითხრა, გოლას სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და საღამომდე ვერ შეგხვდებაო. არ ვიცი, რა საქმე გამოუჩნდა ასეთი, მაგრამ მესიამოვნა, რომ უყურადღებოდ არ დამტოვა. შინ აღარ დავბრუნდი, ჩემს დაქალთან ავედი და დაველოდე, როდის დამირეკავდა.
მართლაც დამირეკა საღამოს და, როგორც იქნა, გავიცანი. ისე ჩვეულებრივად შევხვდით ერთმანეთს, ისე მხიარულად, როგორც დიდი ხნის ნაცნობები, არც დაძაბული ვყოფილვარ და არც შეშინებული. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გალანტურად იქცეოდა, რაც ყველაზე მეტად მესიამოვნა.
ძალიან ჩვეულებრივი დრო ვატარეთ, კაფეში დავსხედით და ყავა და ნამცხვარი მივირთვით.
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, ხვალაც სიამოვნებით შეგხვდებოდი, - მითხრა დამშვიდობებისას.
სიხარულით დავთანხმდი.
- ისევ ამ ადგილას? - გული უცნაურად ამიჩქროლდა.
- ისევ ამ ადგილას, - ღიმილით დამიქნია თავი და ხელი რომ ჩამომართვა, თითები ოდნავ მომიჭირა.
მეორე დღეს ჯინსის შარვალი ჩავიცვი და შავი მაისური, ამჯერად სპორტულ ფორმაში გამოვეცხადე. თვალებმოჭუტული კარგა ხანს მაკვირდებოდა, თან კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებდა ტუჩებზე.
- ყველა ფორმაში ერთნაირად ლამაზი და სასურველი ხარ, იცი? - მითხრა ბოლოს.
გავწითლდი. ვიცოდი, რომ ასე იყო. მეც ვიცოდი და სხვებიც ხშირად მეუბნებოდნენ, ყველაფერი გიხდებაო, მაგრამ მისგან ნათქვამი უფრო სასიამოვნოდ მოხვდა ჩემს ყურს.
გავისეირნეთ. ძალიან ცხელოდა, გაგანია აგვისტო იდგა და არც იყო გასაკვირი. მისგან განსხვავებით, მე მიყვარდა ზაფხული თავისი სიცხით, ხვატით და პაპანაქებით, მას კი თრგუნავდა ასეთი ამინდი. სიცხეს ცუდად ვეგუები, ამას ზამთარი მირჩევნიაო, თავს იმართლებდა.
გადავწყვიტეთ, სიგრილისთვის შეგვეფარებინა თავი და ფეხით ვაკის პარკისკენ ავიღეთ გეზი. გზად ხელი გადამხვია და ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ეს შეხება მეცნო, თითქოს ერთხელ უკვე გადამხვია ასე ხელი. თუმცა ეს ყველაფერი ჩემს ემოციურ ხასიათს მივაწერე.
პარკში შევედით, ჩრდილიანი ადგილი მოვძებნეთ და მერხზე ჩამოვსხედით. სასაუბრო თემები არ გველეოდა, ყველაფერზე ვსაუბრობდით, ხელოვნებაზეც, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზეც, პოლიტიკაზეც… უეცრად, რაღაც მომენტში, განზე რომ გაიხედა, გაოგნებული ადგილზე გავხევდი. გარინდებულმა დავუწყე თვალიერება მის პროფილს, რომელიც ასე ნაცნობი მეჩვენა და რაც ამწუთას გავაცნობიერე. სადღაც მყავდა ნანახი, თანაც ძალიან, ძალიან ახლოს მყავდა ნანახი… მოულოდნელად ის სიზმარი ამომიტივტივდა გონებაში, ორჯერ რომ ვნახე და ასე რომ ამაფორიაქა. ჰო, ეს ის ბიჭი იყო… ნაცნობი თმა, თვალები, პროფილი, სხეული, გამოხედვა… თითქოს დავმუნჯდი, დამბლადაცემულივით მივჩერებოდი და კრინტს ვერ ვძრავდი. მახსოვს, რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში სიტყვაც არ გამიგონია, ფიქრებით იმ სიზმარში დავფრინავდი. მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე, როცა მკითხა, რა გჭირსო.
რა თქმა უნდა, სიზმრის შესახებ არაფერი მითქვამს, ზუსტად ვიცოდი, სისულელედ მიიჩნევდა, ან იფიქრებდა, რომ ჩემი მის მიმართ სიმპათიის გამოხატვას ამ მეთოდით ვცდილობდი.
ის დღე ერთად გავატარეთ, საღამოს კი სახლამდე მიმაცილა და ძალიან თავმდაბლურად დამემშვიდობა. არც კი უცდია, ისე, ლოყაზე მაინც ეკოცნა, რამაც კიდევ უფრო მომხიბლა და გააძლიერა ჩემი მისდამი ინტერესი. ისე მომწონდა, მასთან განშორება აღარ მინდოდა.
ამის შემდეგ მოვუხშირეთ ერთმანეთის ნახვას. ურთიერთობა ძალზე უცნაურად აეწყო, თითქოს ორი გახლეჩილი ნაწილი ვიყავით, სადღაც გაბნეული და ერთმანეთი ვიპოვეთ. თითქმის ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება გვქონდა, ერთმანეთის აზრებსაც კი ადვილად ვკითხულობდით. სიყვარულის ახსნა არ დასჭირვებია, რატომღაც ასე ინება განგებამ, ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილი და ერთად უნდა ვყოფილიყავით. ამას ორივე ვხვდებოდით და არც ერთს არ გვიკვირდა, რომ ასე მოკლე ხანში ჩვენ შორის სრული ჰარმონია დამყარდა. სიხარულით დავფრინავდი, მიხაროდა, რომ სევდიანი წლების შემდეგ ვიღაცამ ჩემი გამოღვიძება შეძლო და ყინული გაალხო, ისევ შემომაბრუნა ცხოვრებისკენ და სხვა თვალით დამანახვა სიყვარული. როცა ერთად არ ვიყავით, სოციალურ ქსელებში ვწერდით ერთმანეთს ან ტელეფონით ვემესიჯებოდით და ვურეკავდით. საუბარში ღამეებიც კი გაგვითენებია. თუმცა, დროთა განმავლობაში ერთი უცნაურობა შევნიშნე - ხანდახან ორი-სამი დღე გაუჩინარდებოდა, არც ზარებზე მპასუხობდა და არც მესიჯებზე, თითქოს გაქრაო. ამაზე ვბრაზდებოდი, ნერვები მეშლებოდა, მაგრამ მერე ისევ გამოჩნდებოდა და ვითომ არაფერი, ჩვეულებრივად გრძელდებოდა ყველაფერი.
ბოლოს მაინც ამიხსნა სიყვარული. ის დღე ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. ორი კვირის უნახავი ვყავდი. დამირეკა და მითხრა, ვიცი, რომ ხეტიალი გიყვარს და ზედაზენზე უნდა აგიყვანო, თუ გცალიაო. მთელი ბავშვობა, მოზარდობა და სტუდენტობა ლაშქრობებში გავატარე, ლამის ფეხით მაქვს მოვლილი მთელი საქართველო, ამიტომ ასეთ რამეზე უარს როგორ ვეტყოდი. ზედაზენზე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი, მაგრამ მასთან ერთად ვგრძნობდი, სულ სხვა სიამოვნება მელოდა.
მითხრა, შეგიძლია ღამისთევით წამოხვიდეო? კი-მეთქი. მაშინ კარავს წამოვიღებო. უცნაურმა ჟრჟოლამ დამიარა. მივხვდი, კარავში ღამის გათევა როგორც დამთავრდებოდა, მაგრამ უკვე ისე მიყვარდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი.
საგზალი გავამზადე, ხაჭაპურები და ლობიანები დავაცხვე, ნამცხვარი ვიყიდე, ჩაი, ყავა და სპირტქურაც გავიყოლე და წავედით. საგურამოს გადასახვევამდე ტაქსით მივედით, მერე კი ფეხით გავუყევით გზას. ბედნიერებისგან თითქოს ფრთები შემესხა, წამითაც არ მიგრძნია დაღლა. ისე მალე ავედით მონასტერში, ორივეს გაგვიკვირდა. შემოდგომა იყო და იქაურობა გადაყვითლებული დაგვხვდა. ყველაზე ლამაზი ზედაზენზეა ფოთოლცვენა. ყვითელ, გამხმარ ფოთლებს ხრაშახრუში გაუდიოდა ფეხქვეშ. კარგა ხანს ვიხეტიალეთ მონასტრის გარშემო, სანთლებიც დავანთეთ და ვილოცეთ კიდევაც. ისეთი სახით ლოცულობდა, გაოცება ვერ დავმალე, თან წარამარა კისერზე დაკიდებულ ოქროს ჯვარს კოცნიდა, მსხვილ ოქროს ჯაჭვზე დაკიდებულს. მერე მუხლი მოიყარა და კედელს ეამბორა. მეც ვარ მორწმუნე, მაგრამ არა ასეთი. არასდროს არ დამიწყია ეკლესიაში ხატების კოცნა. ასეთ რიტუალს ყოველთვის ვერიდებოდი. საკმარისად მიმაჩნდა ხოლმე პირჯვრის გადაწერა და სანთლის ანთება.
- მოძღვარი გყავს, ბაბი? - რატომღაც, ჩურჩულით მკითხა.
- არა, - მეც ჩურჩულით მივუგე და შემრცხვა, რომ მოძღვარი არ მყავდა.
- უნდა გყავდეს, ეს აუცილებელია. იმედია, ღმერთის გწამს…
- რა თქმა უნდა, ოღონდ…
- მესმის, მაგრამ უფრო ახლოს უნდა იყო ღმერთთან, ამისთვის კი მოძღვარია საჭირო, -დამმოძღვრა.
მერე გარეთ გამოვედით, ბილიკს დავუყევით და ხევში ჩავედით. მოვძებნეთ მყუდრო ადგილი, ხეებით შემოჯარული და კარავი დავეცით. ულამაზესი დღე იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად მოვდიოდით. გემრიელად ვისადილეთ, ცოტა დავლიეთ კიდევაც და ბოლოს ხმელ ბალახზე წამოვწექით. ვიღაცას იქაურობა გაეცელა და ლეიბივით ეფინა მთელ სიგრძეზე მოცელილი თივა. მიწა ბალახის სურნელით იყო გაჟღენთილი. ყოველთვის მიზიდავდა თივის სურნელი. ღრმად ვიყნოსავდი ამ სურნელს და თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი.
- მოგწონს? - ახლოს მომიჩოჩდა, ხელი მხარზე გადამხვია და თავისკენ მიმიზიდა.
თითქოს ღვთაებრივი სიამოვნება ჩამეღვარა სხეულში, სიტყვებით გამოუხატავი, და როცა ალერსიანად შემეხო თმაზე თავისი ტუჩებით, გავიფიქრე, ასეთი ლამაზი დღე არასდროს მქონია ცხოვრებაში-მეთქი.
- თავბრუ გეხვევა, ხომ? - მზრუნველი ტონით მკითხა და უცებ მაკოცა ტუჩებში შთამბეჭდავი, «სულის ამომართმევი» კოცნით. სახეალანძულმა თავი დავუქნიე, რატომღაც, დავირცხვინე. მეორეჯერაც მაკოცა, ამჯერად უფრო ხანგრძლივად.
აი, სწორედ მაშინ ამიხსნა სიყვარული.
- შენ ჩემზე თითქმის არაფერი იცი, ბაბი, - ჩუმი ხმით დაიწყო გოლამ, - მე სრულიად სხვა სამყაროს მივეკუთვნები. არ ვარ ჩვეულებრივი ადამიანი და ჩემთან ურთიერთობა ადვილი არ არის. ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ. მიყვარხარ გაცნობის დღიდან და მინდა, ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდეს ჩვენი ერთად ყოფნა, მაგრამ უნდა გაგაფრთხილო, რომ ჩემ გვერდით გაგიჭირდება. გაგიჭირდება ჩემი რთული ცხოვრების გამო. ამის რომ არ მეშინოდეს, აი, ამ არათითზე ახლავე ჩამოგაცვამდი ბეჭედს და მორჩა, ბოლომდე ჩემი იქნებოდი.
- ასეთი რა ცხოვრება გაქვს?
ერთხანს უხმოდ მიყურა, თითქოს ყოყმანობდა, გაენდო თუ არა საიდუმლო, რომელსაც თურმე აქამდე საგულდაგულოდ მიმალავდა. მერე თავი ჩაცინებით გააქნია და მითხრა:
- არ შეგეშინდება?
- არა, - შეშინებულმა მივუგე.
- საშინელი ამბავიც რომ იყოს, მაინც არ შეგეშინდება?
- არა-მეთქი, ხომ გითხარი, - ვუპასუხე კიდევ უფრო შეშინებულმა და მივხვდი, პირი როგორ გამიშრა ნერვიულობისგან.
- მე ქურდული სამყაროდან ვარ. იმ წრეს მივეკუთვნები, რომელსაც ასე გაურბიან დღევანდელობაში და რომელსაც ასე დევნიან და ავიწროებენ.
ალბათ დოლაბის ქვა უნდა დაეცეს ადამიანს თავზე, რომ ისეთი ტკივილი განიცადოს, როგორიც იმწუთას მე განვიცადე. მეგონა, თავი გამიჭეჭყა რაღაცამ თუ ვიღაცამ. ყველაფერს ველოდი, ყოველგვარი საზიზღრობის მოსასმენად ვიყავი მზად, მაგრამ ასეთ რამეს თუ მეტყოდა, ვერ წარმოვიდგენდი. რა დროს ქურდული სამყაროა ოცდამეერთე საუკუნეში, ვიღას ახსოვს ისინი, ვერც ვიფიქრებდი, თუ კიდევ არსებობდნენ ამ სამყაროს წარმომადგენლები. რატომღაც, მეგონა, რომ ერთიმეორის მიყოლებით ყველა ციხეში იყო გამომწყვდეული.
ესეც შენი სიურპრიზი, ბაბი! სიყვარულის ახსნის სასიამოვნო შეგრძნებას უეცრად მდუღარე გადაასხეს და დაგფუფქეს. აი, სწორედ ასე შემზარა მისმა აღიარებამ.
- მე ბევრი საქმე მაქვს, ხშირად მიწევს გასვლა ქალაქიდან, ქვეყნიდან… შეიძლება ორი-სამი დღე, შეიძლება ორი-სამი კვირა და ხანდახან თვეც კი ვერ მოგწერო, ვერ დაგირეკო, ვერ გნახო… ამიტომ ახლა შენი გადასაწყვეტია, გიღირს თუ არა ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება. აქაც იმიტომ ამოგიყვანე, რომ განვმარტოებულიყავით. თუ თანახმა ხარ, ეს დღე სამუდამოდ დაგამახსოვრდება, როგორც ყველაზე რომანტიკული და დაუვიწყარი დღე, თუ არადა, ერთ ჩვეულებრივ დღედ გაიხსენებ მომავალში ან საერთოდ დაგავიწყდება. ახლა კი დაფიქრდი და მითხარი, იქნები თუ არა ჩემ გვერდით, დადგები თუ არა იქ, სადაც მე ვდგავარ, შენი გადასაწყვეტია. მხოლოდ შენს პასუხზეა დამოკიდებული, მომიწევს თუ არა კითხვის დასმა, შენც თუ გიყვარვარ. აქამდე იმიტომ არ გკითხე, რომ მერე არ გენანა. თუ დრო გჭირდება მოსაფიქრებლად, პრობლემა არ არის, იფიქრე, რამდენიც საჭიროა, ჩვენ არსად გვეჩქარება, მთელი ახალგაზრდობა წინ გვაქვს.
ამ საუბარში პირველმა შოკმა გამიარა. უკვე ისე მიყვარდა, ჩემთვის სულერთი იყო, რა საშინელებას მოიცავდა მისი ცხოვრების წესი. სრულიად გადამავიწყდა, რომ მის გამოჩენამდე, წლების განმავლობაში, სიყვარულს აბუჩად ვიგდებდი, ილუზიად მიმაჩნდა იგი და ფანტაზიებისთვის თავის გაწირვა არ მიღირდა და ის იყო, უნდა მეთქვა, სადაც ნამდვილი გრძნობაა, იქ მანძილი და საქმიანობა არაფერს ცვლის, ადამიანებს ჩრდილოეთ პოლუსიდან შეიძლება შეუყვარდეთ სამხრეთ პოლუსში მცხოვრები, მაგრამ ერთმანეთს არ კარგავენ და ილტვიან იმისთვის, რომ ერთად იყონ-მეთქი. უნდა მეთქვა, რომ სიშორე ჭეშმარიტ სიყვარულს ვერ გაახუნებს, ამიტომ თანახმა ვარ, შენ გვერდით ვიყო თუნდაც სიშორიდან-მეთქი, მაგრამ ბოლო მომენტში თავი შევიკავე და მოსაფიქრებლად დრო ვითხოვე.
- რამდენიმე დღეს მაცლი? - ვკითხე და იმწამსვე მივხვდი, რომ დასაფიქრებელი არაფერიც არ იყო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულაც არ მეშინოდა იმ სამყაროსი, რომელსაც გოლა მიეკუთვნებოდა. არადა, თურმე წარმოდგენაც არ მქონდა მაშინ, რამხელა ხიფათში ვეხვეოდი.
- გაცლი, თუ ეს შენ ძალიან გჭირდება. მაშინ, გამოდის, რომ მთავარი შეკითხვის დასმაც არ მომიწევს.
ვერ გეტყვით, სიზმრის ბრალი იყო თუ სხვა რამის, მაგრამ მისი ყოველი შეხება, ყოველი მიმიკა ძალიან ნაცნობი იყო ჩემთვის, ძალიან «ჩემი» იყო და ძალაუნებურად მივილტვოდი მისკენ. გოლას უარს ვერ ვეტყოდი, არასდიდებით არ დავთმობდი მის თავს, თუნდაც სიმწარე მოჰყოლოდა ამ თანაცხოვრებას. იმის გამო, რომ სხვადასხვა სამყაროს ვეკუთვნოდით, ზურგს ვერ ვაქცევდი, რადგან ამ ყველაფრის გარდა, ბევრი რამ გვაერთიანებდა. იმდენი გვქონდა საერთო, სრულიად საკმარისი იყო, ერთად გაგვეგრძელებინა ცხოვრება, ამიტომ აღარ დავახანე:
- მთავარი შეკითხვის დასმა არ მოგიწევს, გოლა, რადგან შეკითხვის გარეშე გიპასუხებ, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და არაფერზე დაფიქრება არ მჭირდება. თანახმა ვარ, შენი ვიყო, შენთან ვიყო და არა აქვს მნიშვნელობა, როდის ახლოს იქნები და როდის შორს.
ცოტა არ იყოს, გააოცა ჩემმა პასუხმა, თითქოს დარეტიანდაო, დაბნეული მზერა მომაპყრო. მერე უეცრად ხელი მომხვია, ჰაერში ამიტაცა და ასე, ხელში ატატებული შემიყვანა კარავში…
ის დღე და ღამე მართლაც დაუვიწყარი გახდა ჩემთვის… ტკივილიანიც, ღვთაებრივიც და რომანტიკულიც… სიყვარულის პირველი ღამე ჩემს პირველ მამაკაცთან გავატარე…
- ყავა ხომ არ დაგველია? - ვანდის ხმამ აწმყოში დამაბრუნა.
- უჰ, კარგი კი იქნებოდა, - უხერხულად გავუღიმე, ჯერ კიდევ კარავში ვნებივრობდი მოგონებებით გაბრუებული.
- ახალი ყავა მაქვს, ძალიან მაგარი, ეკამ ჩამომიტანა ესპანეთიდან.
- ესპანური და მაგარი? ესპანელებმა რა იციან, ყავა რა ხილია? - გავიცინე.
- ბრაზილიურია, მაგრამ მადრიდში ნაყიდი. ისეთი არომატულია, გაგიჟდები. თან შეფუთვაც სხვანაირია, აქ ასეთი არსად მინახავს.
- აქ ნამდვილ ყავას სად ნახავ, გაფიცებ! ჩვენთან ხომ «მესამე სამყაროსთვის» განკუთვნილი ნაგავი შემოდის. - ასე მოვიხსენიებდით საქართველოს მე და ვანდი სულ.
- გინდა, ცოტას გადმოგიყრი და იმ შენს ახალ კაცს გაასინჯე, როცა გესტუმრება, - კოკიზე გადამიკრა სიტყვა.
- მინდა. ხომ იცი, ასეთ რამეზე უარს არ გეტყვი.
- სამი კოლოფი მაქვს, ასე რომ, ერთს სულ გაჩუქებ, აღარ ვიძუნწებ. ორასგრამიანია თითო, კარგა ხანს მეყოფა.
- მაგარი ყავა მაგარი გოგოსგან. მაგარია! - აღტაცებულმა შევძახე.
ვანდი სამზარეულოში გაუჩინარდა და ცოტა ხნის შემდეგ იქიდან გამომძახა:
- როდის უნდა დაურეკო კოკის?
- ალბათ, ხვალ, - მისი სახელის ხელახლა ხსენებამ, რატომღაც, უსიამოვნოდ გამცრა ტანში.
- ზუსტად საშენო კაცია. აუ, როგორ მოუხდებით ერთმანეთს, - აგრძელებდა ვანდი სამზარეულოდან.
- მაგას უკვე ეყოლება ვინმე, ჩემსავით მარტოხელა კი არ იქნება.
- მარტოხელა სულაც არ ხარ. მარტო ყოფნა ყოველთვის როდი ნიშნავს მარტოხელობას, ჩემო კარგო, - მისი სიტყვები ახლოს გაისმა, რადგან გორგოლაჭებიანი მინიატურული მაგიდა შემოაგორა ორი ქაფქაფა ფინჯნით და დამტვრეული შოკოლადის ფილით.
- ვა, როგორი არომატი აქვს მართლა, - გამაოცა ყავის სურნელმა და დივანზე ფეხმორთხმით დავჯექი, რომ უფრო კომფორტულად მეგრძნო თავი.
- ჰოდა, დაალევინე. აი, იმ რეკლამაში რომაა, ყავის სურნელს რომ მიჰყვება კაცი, ზუსტად ისე დაემართება იმ შენს კოკის, სურნელს გამოჰყვება და პირდაპირ შენ მოგადგება.
ორივეს გულიანად გაგვეცინა…
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>