ვახშამმა, რომელიც კოკიმ ლანჩად მონათლა (ალბათ, უნდა შეტყობოდა, რომ შტატებიდან ეს-ესაა ჩამოვიდა), წმინდა საქმიან ვითარებაში ჩაიარა. მე მხოლოდ ყავა დავლიე და ორი ნაჭერი ნამცხვარი მივაყოლე. კოკის გულით უნდოდა, ყველაზე ეგზოტიკური და ძვირად ღირებული კერძები დაეყარა მაგიდაზე, მაგრამ ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, საღამოს ბევრს არ მივირთმევ და ტყუილად ნუ დაიხარჯებით-მეთქი.
- თითო ჭიქა ღვინო მაინც დაგველია… - შემომთავაზა.
- ღვინოს არ ვსვამ.
- მაშინ…
- არც შამპანურს, - გამოვიცანი, რაც უნდა ეთქვა და დავასწარი, - გარდა ამისა, გაზიან სასმელებსაც არ ვეკარები.
ეშმაკური ღიმილი გამოესახა ლამაზ ტუჩებზე.
- წყალს მაინც თუ სვამთ?
- წყალს კი, - სიცილი ამიტყდა, - წყალს და ყავას.
- გასაგებია. პირველად ვხედავ ქალს, რომელიც ალკოჰოლიან სასმელს არ ეტანება.
- რატომ გგონიათ? კონიაკს ვსვამ… არაყსაც ხანდახან.
- რას მელაპარაკებით! - გაიოცა და კვლავ უკან, სავარძელზე გადაიხარა, რომ უკეთ შევეთვალიერებინე, - აი, ამას კი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი. ახლავე მოვატანინებ.
- არა, არა, ახლა ნამდვილად ვერ დავლევ. ცოფის საწინააღმდეგო აცრა მაქვს გაკეთებული და… - არადა, არასდროს ისე არ დამჭირვებია ალკოჰოლი, როგორც ახლა მჭირდებოდა.
- ექვსი თვე წვეთი არ უნდა დალიოთ.
- მართალია.
- ძაღლმა გიკბინათ?
- არა, სამი თვის წინ ჟანგიანი ლუსმანი შემერჭო ფეხში.
- ოუჰ! - შუბლი შეკრა და ისე შეიცხადა, თითქოს თვითონაც გამოეცადოს მსგავსი ტკივილი.
- მოდით, ამას თავი დავანებოთ და საქმეს მივხედოთ, - სწრაფად მოვისხიპე ღიმილი, თმა ყურს უკან გადავიწიე, ბლოკნოტი გადავშალე და ჩავახველე.
- არ შეიძლება სხვა დროისთვის გადავდოთ?
- რომელი სხვა დროისთვის? - გაოცებულმა შევხედე.
- რა ვიცი, ხვალისთვის, ზეგისთვის… - ხელები ისე გაშალა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა, რომ საქმეების განხილვის ხასიათზე არ იყო.
ახლა მიხვდა, საქმის ხასიათზე რომ არ იყო? რაღას მეპატიჟებოდა?
- აბა, რისთვის შევხვდით ერთმანეთს? - კოპებშეკრულმა ირიბად გავხედე და ბლოკნოტი დავხურე.
- იმისთვის, რომ უკეთ გაგიცნოთ… წმინდა პროფესიონალური თვალსაზრისით, -დააკონკრეტა, - ერთი-ორი დღე მჭირდება, რომ ფორმაში ჩავდგე, გზამ ძალიან დამღალა და კალაპოტიდან ამომაგდო, - იმართლა თავი.
- როგორც გნებავთ, - მხრები ავიჩეჩე, - თქვენ თუ არ გეჩქარებათ, მე სულ არ მეჩქარება.
- არ გინდათ ასეთი აგდებული ტონი, - მისი ხმა რამდენიმე რეგისტრით გამკაცრდა, - ხომ გაგიგიათ, მოჩქარეს მოუგვიანდესო.
- მთლად უკეთესი… - არ დავუთმე, - თუ თქვენ არ გიგვიანდებათ, მე - მით უფრო. ისედაც ძლივს ავუდივარ საქმეებს.
ირონიულად ჩაიცინა. ალბათ, იფიქრა, რომ ვტრაბახობდი. მე კი ისე გავბრაზდი, რომ ბლოკნოტი კვლავ გადავშალე, მისკენ შევატრიალე და ჩემი კლიენტურის უგრძესი სია წინ დავუდე - სიმართლის ჭეშმარიტი საბუთი.
- ეს რა არის?
- ეს იმ საქმეების ჩამონათვალია, რომლებზეც ახლა ვმუშაობ.
დახედა და გამომეტყველება ნელ-ნელა შეეცვალა. გაოგნება უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებდა მის სახეზე.
- მდაა… შთამბეჭდავია… ერთი ეს მითხარით, როგორ ასწრებთ ამდენს?
- მშვიდად, - მოკლედ მივუგე და ნიშნის მოგებით შევღიმე, - ამიტომ გითხარით, გეგმას გაგაცნობთ-მეთქი. ჩემი ყოველი დღის მონაკვეთი წუთებად და საათებად არის დანაწევრებული - როდის ვის სად შევხვდე, სად და ვისთან დავრეკო, რა მასალები როგორ მოვიძიო და ასე შემდეგ.
- და მთელი დღე დარბიხართ?
- არა, დავდივარ.
- არ იღლებით?
- ხშირად არ მიწევს გასვლა, უფრო მეტად ოფისში ვზივარ და ტელეფონით ვაგვარებ საქმეებს, წვრილმანებში კი თანაშემწე მეხმარება.
- ყველაფერი გასაგებია. მოდით, მაინც ასე მოვიქცეთ. ორ დღეში დაგირეკავთ, ერთხელაც შევხვდებით ერთმანეთს და ყველაფერს განვიხილავთ. ოკეი?
- ოკეი, მისტერ კოკი, - ახლა მე გავხდი ირონიული. ხაზგასმით მივანიშნე, რომ მისი "ამერიკული პოზა" ჩემთვის არაფერს ნიშნავდა.
- ტყუილად გგონიათ… - უეცრად ხმა საოცრად დაუბერდა, - მე არაფრის ჩვენებას არ ვცდილობ.
- უკაცრავად? ვერ გავიგე, - შევკრთი, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა.
- თქვენ გგონიათ, რომ თავი მომაქვს ჩემი საზღვარგარეთული ვოიაჟებით. სამწუხაროდ, ასე არ არის. უბრალოდ, ძალიან ხშირად და ძალიან ხანგრძლივად მიწევს შტატებში ყოფნა. ამიტომაც ძალაუნებურად ვექცევი ამერიკული ყოველდღიურობის გავლენის ქვეშ.
გავწითლდი. წამში გამშიფრა და ამან გუნება მომიშხამა. ნირწამხდარი ვიჯექი და თავის მართლებას არ ვაპირებდი.
- კარგი, რაც არის, არის. იმედია, უფრო ახლოს გამიცნობთ და ჩემზე შთაბეჭდილება შეგეცვლებათ. ახლა აჯობებს, წავიდეთ, - მან მაჯის საათზე დაიხედა, - თხუთმეტ წუთში მშენებლობაზე უნდა ვიყოთ.
გზაში ყველაფერზე ვისაუბრეთ, საქმის გარდა. სასაცილო ამბებს იხსენებდა თავისი წარსულიდან, ხუმრობდა, იცინოდა და მეც მაცინებდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ახალი კლიენტი შესანიშნავი მოსაუბრე იყო. თანაც როგორი ღიმილი აქვს! მართალია, მხოლოდ ტუჩებით იცინის და თვალები ჩვეულებრივად ცივ გამოხედვას ინარჩუნებს, მაგრამ მაინც მომაჯადოებელი კაცია.
- გივი თავის დროზე შეფმზარეულად მუშაობდა მცხეთაში. მერე იტალიაში წავიდა, ექვსი წელი იქ იცხოვრა, კურსები გაიარა, უფრო დაამხეცა კულინარია და ჩამოვიდა თუ არა, აი, ეს რესტორანი გახსნა. აქ სულ მისი რეცეპტებით მზადდება ყველაფერი, - ბოლოს გივიზე დაიწყო ლაპარაკი.
- ეჰ, ალბათ იტალიაში რომ დარჩენილიყო და იქ მისცემოდა საკუთარი რესტორნის გახსნის საშუალება, მილიონერი გახდებოდა.
- ალბათ, მაგრამ ფულის ხამი არ არის. ცხოვრებაში არ უნატრია, ნეტავ მილიონერი გავხდეო. მეც ეგრე ვეუბნებოდი, ბიჭო, შენი ხელის ადამიანი მილიონერი უნდა იყო-მეთქი და ყოველთვის ასეთ პასუხს მცემდა: მილიონის ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიღარიბეს, მაგრამ ძალიან ახლოსაა სიღარიბესთანო. გეცნობათ ეს სიტყვები?
- სამწუხაროდ, არა.
- ესე იგი, ალექსანდრე დიუმა არ გყვარებიათ.
- დიუმას სიტყვებია?
- ჰო, "სამი მუშკეტერი".
- ცხოვრებაში პირველად მოვისმინე დიუმასეული ჭკვიანური ფრაზა. ჩემთვის იგი "რახარუხა" მწერალია და მეტი არაფერი. მაპატიეთ, თუ ეს სიტყვები გულს გატკენთ.
- არა, რატომ… ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობთ დიუმაზე, თუმცა მთლად ასე რომ იყოს, დიდი მწერალი ვერ იქნებოდა.
- მხოლოდ რამდენიმე ფრაზა დამამახსოვრდა მისი წიგნებიდან, ეგ იყო და ეგ. ასი თავით უკეთესი მწერლები გვყავს, რომლებსაც, სამწუხაროდ, მსოფლიო არ იცნობს.
- მაგაში გეთანხმებით. თქვენ რომელი ფრაზა მოგწონთ დიუმასი, აბა? გახსოვთ ზეპირად?
- მხოლოდ ერთი: "მე ბოლომდე ვიქნები პოლკის კარგი ცხენი და უცბად დავეცემი, მაგრამ ჯერ წინასწარ შევარჩევ ადგილს, სადაც უნდა დავეცე". ძალიან ცხოვრებისეულია.
- ჰა-ჰა-ჰა! - გულიანად გაეცინა კოკის, - ცხოვრებისეული კი არა, უმაგრესი ფრაზაა, უნდა დავიმახსოვრო. ის გახსოვთ? "საკმაოდ მდიდარი რომ იყო, ბატონო დ'არტანიან, ძალიან მდიდარი უნდა იყო".
- ჰო, მახსოვს, - ვუთხარი, მაგრამ მოვატყუე, სულაც არ მახსოვდა. "სამი მუშკეტერი" ბავშვობის მერე არ წამიკითხავს, - თქვენც არანაკლებ გყვარებიათ დიუმა.
- ვერ დავიკვეხნი, რომ მიყვარს, უბრალოდ, ეს დამამახსოვრდა.
- "საკმაოდ მდიდარი" რადგან ფიგურირებს, ამიტომ დაგამახსოვრდათ, არა?
- რატომ იფიქრეთ ასე?
- რა ვიცი, ალბათ, ჟურნალისტები ხშირად გეკითხებიან: "ბატონო კოკი, თქვენ საკმაოდ მდიდარი ხართ, არა?" თქვენ კიდევ ამ სიტყვებს მოიშველიებთ და ვიღაცას ეგონება, რომ გაიხუმრეთ.
მოულოდნელად ღიმილი პირზე შეაშრა. როგორც ჩანს, მტკივნეულ ადგილას მოვარტყი.
- იცით? აწი არასდროს არ ვიხმარ ამ ფრაზას, რომ არ დავაყოლო, დიუმასია-მეთქი, - და ისევ გაიღიმა.
აი, როგორი შინაგანი ბუნება ჰქონია. შეეძლო ეთქვა, ამ ფრაზას არასდროს ვიყენებო და შეურაცხმყოფელად მიეღო ჩემი დასკვნები, შეეძლო გაბრაზებულიყო, მის საიდუმლოს რომ ჩავწვდი და მერე მთელი გზა დაბოღმილს ხმა არ ამოეღო. ამან კი ერთი ბოლი გამოუშვა, შეუმჩნევლად, უხმაუროდ და ეგრევე ძველი კოკი გახდა, მხიარული და სასიამოვნო მოსაუბრე.
- ყველაფერი მაინც გივის ბრალია, - კვლავ გაიხუმრა, - რომ არა მისი კულინარიული ნიჭი, დიუმას ამწუთას არ გავიხსენებდი.
- ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს გშურთ თქვენი მეგობრის.
- რატომ უნდა მშურდეს? პირიქით, მიხარია, რომ კარგად არის და იქ არის, სადაც თავად სიამოვნებს. მან თავისი ადგილი იპოვა ცხოვრებაში. მეც ჩემი ადგილი ვიპოვე, შესაშური არაფერი მჭირს. თქვენ როგორ გაქვთ ამ მხრივ საქმე?
- მე-ე?
- დიახ. თქვენ თუ მიაგენით თქვენს ადგილს ცხოვრებაში? - საეჭვოდ მსუბუქად მკითხა, -ხართ იმით დაკავებული, რაც მოგწონთ?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ ჩვენ ორივეს გაგვიმართლა, - დაასკვნა და ისევ გაიცინა.
რაღაც დაცინვისმაგვარი შეინიშნებოდა მის ტონში, სიცილში, თითქოს ჩემი ერთი სიტყვისაც არ სჯეროდა. ნეტავ ვინ მიგდია ასეთი, რომ ჩემს ნათქვამში ეჭვი ეპარება? წეღან, როგორც ჩანს, ტყუილად არ მოაყოლა, ლამაზ ქალს არ ვენდობიო.
აღარ ავყევი, სულაც არ მინდოდა ხასიათის კიდევ უფრო გაფუჭება. ჩანთა გავხსენი და სარკე ამოვიღე, რათა ჩემი სახისთვის შემეხედა. ღაწვები ისე მიხურდა, მეგონა, სიწითლისგან ლაპლაპი გაუდიოდა. არა, ისეთი არაფერი, ოდნავ შემფაკლოდა. თვალები გამბრწყინებოდა, გამომეტყველება კი ბრაზიანი გამხდომოდა. რა მჭირს, ამ ბოლო დროს როგორ ყველაფერი მწყინს? ჩემი ბრალი არ არის, ამდენის უფლება რომ მივეცი? ხომ ვამბობდი, საქმეში დისტანცია აუცილებელია-მეთქი? რა ჭირად დავიახლოვე ასე? თვითკონტროლი - აი, რა არ მყოფნის. მე ხომ ყველაზე კარგად მესმის ეს, რატომ ვერ ვუწევ საკუთარ თავს თვითკონტროლს?
თვალები დავხუჭე და თავი რამდენჯერმე გავაქნიე.
მოგონებები, რომლებიც დიდი ხანია, გულის ყველაზე ბნელ კუნჭელში გამოვამწყვდიე, ნელ-ნელა ამომიტივტივდა.
აი, მე ისევ პატარა გოგონა ვარ, რომელიც კიბის მოაჯირს ჩასჭიდებია და კანკალით უსმენს ნაცნობ ხმებს, სასტუმრო ოთახიდან რომ გამოდის. მამა დედას ეჩხუბება, უშვერი სიტყვებით აგინებს. შემდეგ სხვა ხმები გაისმის, ესეც ნაცნობი, მაგრამ უფრო თავზარდამცემი. რაღაც დაიმსხვრა. მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კვლავ მამაჩემის ხმა - განწირული და უსაშველო:
- ლენა, ლენა! გაახილე თვალი!
ამ ყველაფერმა წამში გაირბინა ჩემ თვალწინ…
სახლის წინ კარგა ხანს იდგა სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიციის ავტომობილები. მე კი კიბის თავში მიპოვეს გულწასული და ბებიასთან, დედაჩემის დედასთან წამიყვანეს.
მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა ბებიამ, რომ დედა ზეცაში, ანგელოზებთან გაფრინდა. მამამ ხელი რომ დაარტყა, წაიქცა თურმე და თავი მაგიდის კიდეს ჩამოარტყა. მაგიდიდან ლარნაკი გადმოვარდა და დაიმსხვრა. სწორედ ამ მსხვრევის ხმა გავიგონე მაშინ. დედა კი გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.
მამა პოლიციამ წაიყვანა. იმ დღესაც ნასვამი იყო. არ ვიცი, რაზე წაკამათდნენ, მაგრამ ვიცი ის, რომ ბოლო დროს ხშირად ჩხუბობდნენ. მამა ეჭვიანობდა, გამუდმებით მიზეზს ეძებდა, რომ დედა გაელანძღა, დაემცირებინა, ეგინებინა… უსამსახუროდ დარჩენილმა სმას უმატა და მთელ ბოღმას დედაზე ანთხევდა. არადა, უყვარდა დედა, სიგიჟემდე უყვარდა. ყოველი ჩხუბის შემდეგ, ბოღმისგან რომ დაიცლებოდა, მივიდოდა, მოეფერებოდა, ბოდიშს მოუხდიდა, მერე კი დაწვებოდა და დაიძინებდა. იმ ღამეს ეს "ცერემონია" ვეღარ ჩაატარა, რადგან დედა ხელში შემოაკვდა. დარწმუნებული ვარ, ეს არ უნდოდა. უბრალოდ, შემთხვევით მოხდა, მაგრამ მაინც დაიჭირეს და გაასამართლეს. თუმცა, სასამართლო პროცესამდე არ მისულა საქმე. წინა დღეს მამამ საკანში თავი ჩამოიხრჩო…
ასე რომ, ექვსი წლის ასაკში ობლად დავრჩი და ჩემი აღზრდა ბებიამ და ბაბუამ იკისრეს, რომლებიც მაშინ ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. ობლობა არ მიგრძნია. მყავდა უამრავი ბიძაშვილ-დეიდაშვილი, რომლებთან ერთადაც ვიზრდებოდი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მაგრამ დედა სულ მაკლდა. მაკლდა მისი სითბო, სიყვარული, სიახლოვე… გამორჩეულად მიყვარდა და ვუყვარდი… საოცარი ქალი იყო, არავის არ ჰგავდა. ამას მამაც გრძნობდა, ამიტომაც ეჭვიანობდა. ევჭიანობდა არა მხოლოდ მამაკაცებზე, არამედ გარშემო ყველასა და ყველაფერზე. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ დედას სამსახური მიატოვებინა და შინ გამოკეტა. საწყალი ლენა გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა, რადგან ქმარმა ასე ისურვა. დედა მაინც ცდილობდა, ოჯახი შეენარჩუნებინა, არასდროს უცდია ქმართან გაყრა და ცალკე გადასვლა, მაგრამ მისი მცდელობა ფუჭი გამოდგა, ბოლოს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა. ტრაგედიით, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ბებიამ და ბაბუამ ბოლომდე იზრუნეს ჩემზე. ჩავაბარე თუ არა უნივერსიტეტში, ბაბუამ მაშინვე გაარემონტა ჩემი მშობლების ბინა და მითხრა, თუ გინდა, ცალკე გადადი და შენთვის იცხოვრე, თუ გინდა, გავაქირაოთ და შენი შემოსავალი გექნებაო. მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მათთან დავრჩი და ბინა გავაქირავეთ. ცალკე ცხოვრება მხოლოდ გოლასთან დაშორების შემდეგ გადავწყვიტე. ისევ გოლა… ამ კაცზე ფიქრი არ მშორდება… აჩრდილივით მუდამ თან დამდევს…
- საკმარისია მოგონებები! - უცებ ხმამაღლა წამოვიძახე და შეცბუნებულმა კოკის გადავხედე. რატომ გამახსენდა მაინცდამაინც ახლა გოლა? მასა და კოკის საერთო არაფერი აქვს, სრულიად არაფერი.
და მაინც…
ორივე მათგანს ერთი ისეთი თვისება ჰქონდა, რომელიც სხვებისგან გამოარჩევდათ.
ისინი ქალში ნდომას აღძრავდნენ, უნდოდა ქალს ეს თუ არ უნდოდა. მათ გააჩნდათ მამაკაცური მომნუსხველობა, მტაცებლური მაგნეტიზმი, რომელიც ძლიერი იარაღია მონადირის ხელში.
ამოვიოხრე და კოკის ირიბად გავხედე.
- რაო, ჩაგითრიეს? - ჩაიცინა.
- ჰო, ხანდახან შემომღიმებს ხოლმე ჩემი უფერო წარსული, რომელმაც ჩაიქროლა და ახლა მხოლოდ ფიქრითღა თუ დავეწევი.
- არ ღირს წარსულში ხეტიალი, დამიჯერეთ. - დამრიგებლური ტონით მითხრა, - მომავლის კარის გაღებას თუ აპირებ, წარსულის უნდა მიხურო, თორემ ორპირში მოხვდები.
- ჭკვიანური ნათქვამია, - მეც ჩავიცინე.
- აი, ამასობაში მოვედით კიდევაც.
კოსმეტიკის ჩანთიდან პომადა ამოვიღე და სწრაფად გადავისვი ტუჩებზე, როგორც კი კოკიმ მანქანა გააჩერა.
როცა გადმოვედით, მომინდა, რაღაც სასიამოვნო მეთქვა მისთვის, რამე გულში ჩამწვდომი და მადლობისმაგვარი.
- დასამახსოვრებელი ვახშამი იყო, კოკი, დიდი მადლობა, - გამომწვევად გავუღიმე ეჭვის თვალით მომზირალ მამაკაცს და დავაყოლე: - გივი კი, რატომღაც, ძალიან ერთგული მეუღლე მგონია, დონჟუანობას ტყუილად აბრალებთ...
ამის გაგონებაზე თავი უკან გადააგდო და ახარხარდა. მერე პირზე ხელი მოისვა, რომ დამშვიდებულიყო და სერიოზული სახით მითხრა:
- სამადლობელი არაფერია, ბაბი. მეც უდიდესი სიამოვნება მივიღე შენ გვერდით.
თითქოს ჩვეულებრივი ფრაზა იყო, მაგრამ მისი ბაგეებიდან თითქოს სხვანაირად გაჟღერდა. ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე მადლობა. შევხედე, რათა გამომეცნო, რა ქვეტექსტი იკითხებოდა მის ნათქვამში, მაგრამ ლურჯი თვალები გულუბრყვილოდ და უეშმაკოდ მომჩერებოდნენ…
ჰო, წინ რთული დღეები მელოდა…
ეს როგორ უნდა მომხდარიყო? მეცამეტედ თუ მეცხრამეტედ ვეკითხებოდი ჩემს თავს. სად არ მივლია, როგორი ქუსლებით, კლდეებზეც კი ავცოცებულვარ და ფეხი არსად დამცდენია. ახლა რა დამემართა? რა სასაცილო ვიყავი ალბათ აპლაკული ამდენი კაცის თვალში. ყველაზე მეტად კოკისთან მიტყდებოდა. დიდი ამბით გამაცნო არქტიტექტორი, უყვებოდა, ჩვენს საქმეს ეს ლამაზი ქალბატონი დაიცავსო და ამ დროს… არ მოვადინე ზღართანი იმ მტვერსა და უბედურებაში?
საშუალო ასაკის არქიტექტორი ისე დაიბნა, რომ ხელის შეშველებაც ვერ მოიფიქრა. სამაგიეროდ, კოკიმ იმარჯვა და წამში წამომაყენა.
- არაფერი მიჭირს, კარგად ვარ, - წავიბურტყუნე დარცხვენილმა, - შემიძლია სიარული, არაფერია, - კოკის ხელის მოშორება ვცადე, რადგან მის მკლავებში მოქცევა ჩემს ძალებს აღემატებოდა.
- დამშვიდდით, არა უშავს, მეც მომსვლია აქ ასეთი რამეები, - ჩემ გამხნევებას ცდილობდა მამაკაცი. მინდოდა, მისი მკლავებისგან გავთავისუფლებულიყავი, მაგრამ კოკი უფრო და უფრო მიჭერდა ხელებს.
- მართლა კარგად ვარ, - მოვიტყუე, რადგან ტკივილისგან ლამის ვიკრუნჩხებოდი. კოჭი ისე მეწვოდა, დაყვირება ყველაფერს მერჩივნა.
- დამეყრდენით, ნუ გერიდებათ, უცხოები კი არ ვართ, - არ მეშვებოდა მამაკაცი.
- ეს უბრალოდ, დაჭიმულობაა, ქალბატონო ბაბი, მაგრამ მაინც აჯობებს, ექიმს ეჩვენოთ, -არქტიტექტორი ხელებს იფშვნეტდა, დაბნეული ჯერაც ვერ გამოსულიყო მდგომარეობიდან.
- არა, რას ამბობთ! უბრალო დაჭიმულობის გამო საავადმყოფოში როგორ წავალ! - შორს დავიჭირე.
- სწორედ ამას გააკეთებთ ახლა! - მომიჭრა კოკის მკაცრმა ხმამ და გამაჩუმა.
ალბათ, გავაგრძელებდი შეწინააღმდეგებას, ოდნავ უკეთ მაინც რომ მეგრძნო თავი, მაგრამ ტკივილი უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. ტკივილთან ერთად მისი სიახლოვეც მტანჯავდა, მისი სუნამოს არომატი, რომელიც თავბრუს მახვევდა.
- სახლამდე თუ მიმიყვანთ, მადლობელი დაგრჩებით, მერე მე თვითონ მივხედავ ჩემს თავს, საავადმყოფოში კი არ მინდა, - მაინც გავიბრძოლე.
კოკიმ პასუხი არ გამცა. მანქანამდე ხელში ატატებული მიმიყვანა და ისე ფრთხილად "დამდო" სავარძელზე, როგორც უძვირფასესი, სიფრიფანა ფაიფურის ვაზა. მიუხედავად ამისა, დაჯდომისას ისე მეტკინა ფეხი, კინაღამ გული წამივიდა და ამოვიკივლე. მცირედი გარხევაც კი გონს მაკარგვინებდა.
ვიგრძენი, როგორ გავფითრდი და სიმწრისგან ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
- თქვენ კიდევ მეუბნებით, შინ წამიყვანეთო, - უსიამოვნო ხმით მომმართა, - კოჭი გაგისივდათ… თუ ვერც ამჩნევთ?
მან კარი მომიხურა და არქიტექტორს რაღაც გადაულაპარაკა. შემდეგ მობილური ტელეფონი დააძრო და სადღაც დარეკა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩემ გამო რეკავდა.
- ახლა ექიმთან წაგიყვანთ, - მითხრა, როგორც კი საჭეს მიუჯდა, - და თქვენი პროტესტი არ გავიგონო. წყალს ხომ არ დალევთ? - პასუხს არ დაელოდა, იქვე, გვერდით დადგმულ წყლიან ბოთლს საცობი მოხსნა და მომაწოდა, - ჩემი ნაპირალი კი არის, მაგრამ არა უშავს, იმედია, არ შეგეზიზღებათ.
- არ მინდა.
- დალიეთ!
ერთი ყლუპი მოვსვი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, როგორ გამშრობოდა ხახა. თავბრუსხვევამ თითქოს გამიარა. კიდევ მოვსვი რამდენიმე ყლუპი… მესიამოვნა… ნელ-ნელა გონს მოვდიოდი. ამ დროს კოკიმ თავისი ძვირად ღირებული პიჯაკი გაიხადა და მისი დაკეცვა დაიწყო.
- ეს მინდა ფეხქვეშ ამოიდოთ ბალიშის ვარიანტში.
იგი ისე დაბლა დაიხარა, რომ თავი თითქმის შეახო ჩემს მუხლებს. ძვირფასი პიჯაკი ჩემი მტკივანი ფეხის ქვეშ აღმოჩნდა, მაგრამ კოკი ამით როდი დაკმაყოფილდა, სანამ პიჯაკს დამიფენდა, ფეხსაცმელი გამაძრო.
დავხედე მის გრუზა თმას, დაკუნთულ მხრებს და ვინატრე, ნეტავ ახლა ერთი ასი გრამი კონიაკი დამალევინა-მეთქი.
- მადლობა, - ამოვუშვი აკვნესებული ხმა და ვიგრძენი, როგორ გავწითლდი. ეს მისი სიახლოვის ბრალი იყო. ამწუთას ტკივილზე მეტად მისგან წამოსულ სითბოზე ვფიქრობდი, რომელიც მუხლებს მითბობდა.
როგორც იქნა, მამაკაცი წელში გაიმართა და მანქანა დაძრა. წყალი კიდევ მოვსვი.
- ყველაფერი რიგზეა? - მზრუნველად მკითხა.
თანხმობის ნიშნად გავუღიმე. ეს ერთადერთი იყო, რისი გაკეთებაც შემეძლო. ახლა იმასღა ვნატრობდი, რაც შეიძლება მალე მივსულიყავით კლინიკაში, რომ ამ საგანგაშო სიახლოვისგან დროზე გავთავისუფლებულიყავი.
ამჯერად კოკის ფრთხილად მიჰყავდა მანქანა, სიჩქარისთვის ერთხელაც არ გადაუჭარბებია. ტკივილი, ჩემდა საუბედუროდ, უფრო მატულობდა. როგორც იქნა, საავადმყოფოს ალაყაფს მივადექით.
- აქ რატომ მომიყვანეთ?
- და რა მნიშვნელობა აქვს? - გაიკვირვა.
- ჩემი დაზღვევა ამ კლინიკაში არ მოქმედებს.
- აქ ჩემი მეგობარი მუშაობს. სიმართლე გითხრათ, გაგვიმართლა. ის დღეს მორიგეა და გველოდება. გაგსინჯავს და გვეტყვის, რა გჭირს.
აშკარა იყო, კოკის ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისთვის ჰყავდა მეგობარი, თანაც - ყველა სფეროში და ეს, რატომღაც, არ მომეწონა…
ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი და უხეშად მივუგე:
- მგონი, გასაგებად გითხარით, რომ აქ ჩემი დაზღვევა არ მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიურად არ მიჭირს, ფულის გადაყრას არ ვაპირებ!
- შესანიშნავია! - დამცინავად გააწკლაპუნა ტუჩები, - ოღონდ საქმე ისაა, რომ ნამდვილად არ მაქვს იმის დრო, რიგში დავდგე და ველოდო, როდის გათავისუფლდება თქვენი ოჯახის ექიმი, მერე მიგიღებთ, მერე გაგსინჯავთ და ბოლოს, ვინ იცის, იქნებ არც ჩათვალოს საჭიროდ თქვენი ტრავმატოლოგთან გაგზავნა. კარგად ვიცი, როგორც მუშაობენ ეგ სადაზღვევო კომპანიები.
- ცუდი წარმოდგენა გქონიათ სადაზღვევო კომპანიებზე. ვატყობ, არც კი იცით, არსებობს თუ არა დაზღვევა.
- ახლა ამის გარჩევის დრო არ გვაქვს, ბაბი. მაპატიეთ, მაგრამ უამრავი საქმე მაქვს, დრო კი არ ითმენს.
- და იმისთვის, რომ აქ მომიყვანეთ, მადლობა უნდა გადაგიხადოთ? - კბილებში გამოვცერი და ჯიბრიანი მზერა მივაპყარი.
- მადლობა არა, მაგრამ ბოდიში მაინც უნდა მომიხადოთ, უსამართლოდ რომ მდებთ ბრალს.
- ბოდიში, ბატონო, - ირონიულად მივუგე.
- თქვენი ბოდიში მიღებულია, - მის ლამაზ ტუჩებზე თბილი ღიმილი გამოისახა, ჩემმა გაღიზიანებამ, როგორც ჩანს, გაამხიარულა, - ახლა კი მშვიდად იჯექით. მე დაგეხმარებით, ნუ გეშინიათ.
- თქვენი ფული არაფერში მჭირდება! - ავფეთქდი.
- ფული რა შუაშია? დაწყნარდით, ნუ ღელავთ, ერთი თეთრის გადახდაც არ მოგიწევთ. მე სიარულში დაგეხმარებით.
ვერასდროს ვიტანდი, ასეთ იდიოტურ ბრძანებებს დავმორჩილებოდი, მაგრამ ვხედავდი, სხვა გზა არ მქონდა. მას შემდეგ, რაც გოლას დავშორდი, სხვისი გავლენის ქვეშ ერთხელაც არ მოვქცეულვარ. აი, ახლა მომიწია, ამწუთას და საკუთარი თავი შემზიზღდა. ასეთი ტრავმით ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდი. რა უნდა მექნა, ცალი ფეხით ხტუნვა-ხტუნვით ხომ არ შევიდოდი შენობაში? ოღონდ კი ისევ ხელში არ ავეყვანე. ვიცოდი, რაც დამემართებოდა, თუ ისევ მის მკლავებში ამოვყოფდი თავს.
კოკიმ მანქანის კარი გამოაღო, უცერემონიოდ ამომდო მარჯვენა ხელი მუხლებქვეშ, მარცხენა ზურგზე მომხვია და ისე მსუბუქად ამიტაცა, თითქოს ცამეტკილოგრამიანი შაქრის ტომარა აეღო. მისი სხეულის სითბო შეხებისთანავე გავარვარებულ ფოლადად იქცა, მისი აბრეშუმის პერანგის შეხება კი - ვნების აღმძვრელ ალერსად. დავდნი, რომ იტყვიან, ნეტარების მეცხრე ცაზე ავფრინდი.
- ხელები კისერზე შემომხვიეთ, - ხმადაბლა მომმართა, - და ნუ გეშინიათ, ძირს არ დაგაგდებთ, არც ისეთი მძიმე ხართ.
თვალებში ჩავხედე. მისი გუგების საოცარი სილურჯე ჭკუაზე მშლიდა. თავიდან გაუკვირდა, ასე რომ მივშტერებოდი, მერე კი გაკვირვება მის თვალებში სხვა რამემ შეცვალა. სუნთქვა ლამის გამიჩერდა.
სწორედ ამ დროს სხვა მანქანა მოადგა ჩვენს მანქანას და ჯადოსნური იდილია მისი ძრავის თუხთუხმა დაარღვია. თვალები დავხუჭე, რადგან ვგრძნობდი, როგორ მიხურდა ღაწვები, მაგრამ სანამ კოკის ხელში აყვანილი დერეფანში მივყავდი, სახეზე კვლავ სიფითრემ გადამკრა. ტკივილმა თავი შემახსენა.