საავადმყოფოში გატარებული დრო ნამდვილი კოშმარი გამოდგა. რენტგენის სურათმა მოტეხილობა აჩვენა. სასოწარკვეთილმა ტუჩები დავიკვნიტე. ახლა რამდენიმე კვირა თაბაშირით მომიწევს ცხოვრება და ალბათ, საწოლში უნდა ვიგორაო. ნერვული აფეთქების ზღვარზე ვიყავი მისული, როცა გამახსენდებოდა, რამდენი საქმე მრჩებოდა მოუგვარებელი. ღმერთო, რამდენი საქმიანი შეხვედრა, სასამართლო პროცესი და კლიენტურა დამრჩა ოხრად! წამში ჩაიფუშა ჩემი გეგმები. საქმეების მოგვარება ტელეფონის მეშვეობით მომიწევს. რაც შეეხება ადგილებზე მისვლას, ბოლოს და ბოლოს, ტკივილი რომ გამივლის, ყავარჯენს ვითხოვ ვინმესგან და ტაქსით ვივლი, ან… ან რამე სხვას მოვიფიქრებ. თანაშემწე რისთვის მყავს? დამეხმარება. ნამდვილად არ მინდა ჩემი საქმეები სხვას გადავაბარო, იმდენი შრომა მაქვს ჩადებული თითოეულ მათგანში.
- როგორ ხართ?
- ბატონო?
ისე ვიყავი ჩაფიქრებული, მისი შეკითხვა ვერ გავიგე. როცა შევხედე, კიდევ ერთხელ დავასკვენი, რომ ძალიან მზრუნველი ადამიანი იყო.
ფულის გადახდამ მაინც მომიწია, მაგრამ ვინ მაცალა? თვითონ გადაიხადა ყველა დანახარჯი. მერე მშვიდად დაელოდა დიაგნოზს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გამო საქმეები გადადო. ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამეები თუ შეეძლო. რატომღაც, ძალიან მედიდური და ამპარტავანი მეგონა. ან კი რატომ უნდა შეეწუხებინა თავი ერთი ჩვეულებრივი ადვოკატის გამო? სხვა რომ ყოფილიყო მის ადგილას, გაიფიქრებდა, თავშიც ქვა უხლიაო და მთხოვდა, იქნებ ახლობელს დაურეკოთ, რომ მოგხედოთ, მე კი ჩემს საქმეზე წავალო.
- კოჭი… გტკივათ? - გამიმეორა შეკითხვა, მაგრამ ამჯერად უხეშად და მიმახვედრა, ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარიო. არადა, წუთის წინ მისი ამ მოთმინებით აღფრთოვანებული ვიყავი.
- არა მიშავს, ტკივილმა ოდნავ გამიარა. ვიმედოვნებ, ძალიან არ დაგაყოვნეთ, თქვენ ხომ საქმეები გქონდათ.
- დღეს მხოლოდ ვახშამი, - ცივად მომიგო.
სანაძლეოს ჩამოვიდოდი, რომ ეს ვახშამი პაემანი იყო და არანაირი საქმიანი შეხვედრა. თითებს ისე ათამაშებს, აშკარად ნერვიულობს, რომ არ დააგვიანდეს, ფულის დახარჯვასაც ამიტომ არ მოერიდა. უნდა, რომ დროზე გათავისუფლდეს და არაფერს დაეძებს. იმედგაცრუებისა და წყენის ნაზავმა, რომელშიც არ მსურდა ჩემს თავს გამოვტყდომოდი, გაჩუმება მაიძულა. ასეთ კაცს, რა გასაკვირია, სასურველი ქალი ჰყავდეს. ქალი კი არა, ქალების მთელი პოლკი ეყოლება. მისი პირადი ცხოვრება კი რა ჩემი საქმეა, რა უფლება მაქვს, რამე ვუთხრა.
თვალები დავხარე და მალულად ქვემოდან ავხედე.
უკვე თითქმის მივეჩვიე მისი სხეულის სიახლოვეს. მთელი ორი საათის განმავლობაში, რომელიც კლინიკაში გავატარეთ, ჩემ გვერდით იჯდა და მხრით მეხებოდა. მიუხედავად ამისა, როგორც კი თვალი თვალს მოხვდებოდა, ჩემი ყველა ეროგენული ზონა თრთოლას იწყებდა. ხმის გამოცემა რომ შეძლებოდათ ამ ზონებს, ისეთი ხმაური დადგებოდა, ყველა მე დამიწყებდა ყურებას. თავს ვერ ვიკავებდი, ისე ვიწევდი ამ კაცისკენ. ცოტა ხანში ნემსმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ექიმმა გამიკეთა, იმოქმედა და ისე მოვითენთე, მთქნარება ამიტყდა.
კოკიმ შეამჩნია ჩემი მოდუნება, მაგრამ იმწუთას არაფერი არ მითხრა, კვლავ ხელში ამიყვანა, ფრთხილად გამომიყვანა კლინიკის ეზოში და მანქანაში ჩამსვა.
- გინდათ, სავარძელი უკან დავწიო? ცოტა წაუძინეთ, - შემომთავაზა.
ჩემთვის მიუღებელი იყო მისი თანდასწრებით აქ, მანქანაში ძილის გამოცხობა. ეგ როგორ, მე დავიძინო და ამან მიყუროს? ვაითუ, ძილში პირი ღია დამრჩეს ან ხვრინვა ამოვუშვა? არამც და არამც!
- ყველაფერი რიგზეა, - მის დარწმუნებას შევეცადე, - ახლა რომ წავუძინო, მერე ღამით გამოძინებას ვეღარ მოვახერხებ. ეს კი არ მინდა. უძილობა საშინლად უსიამოვნო პროცესია.
- მართლა? ხშირად გაწუხებთ უძილობა? - გაკვირვებული მზერა მესროლა, - რატომ? რამდენი ხანია?
«მას შემდეგ, რაც გოლას დავშორდი», - გავიფიქრე, ხმამაღლა კი ესღა ვთქვი:
- ბოლო წლებია. საერთოდ, უძილობა ჩვეულებრივი მოვლენაა.
- და სტრესის პირველი ნიშანი, - დასვა დიაგნოზი და მანქანა დაძრა.
გავჩუმდი. მისი ტონით თუ ვიმსჯელებდი, თითქოს ბრალს მდებდა იმაში, რომ ამდენი წელი სტრესულ მდგომარეობაში ვცხოვრობდი.
- სულაც არა, სტრესი არაფერ შუაშია. მე მიყვარს ჩემი სამსახური, იგი არავითარ პრობლემას არ მიქმნის.
- არა მგონია, უძილობა თქვენს სამსახურთან იყოს კავშირში, - გააგრძელა კოკიმ, - ცხოვრების აზრი მხოლოდ სამსახური როდია.
- მერწმუნეთ, ისე ვცხოვრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში სტრესისთვის ადგილი არ რჩება, ამის საბაბი არ გამაჩნია.
- ბაბი, ჩვენს დროში ბევრია სტრესულ მდგომარეობაში. ირგვლივ ყოველი მეორე ამ სენითაა დაავადებული. რატომ გწყინთ ჩემი შენიშვნა?
- სულაც არ მწყინს, უბრალოდ, მე არ მეხება თქვენი შენიშვნა. სულ ეგაა.
- ჰმ, ისე, საინტერესოა, როგორ ახერხებთ ბალანსის შენარჩუნებას სამსახურსა და ამქვეყნიურ სიამოვნებებს შორის?
შეკითხვამ ირონიულად გაიჟღერა და იმდენად ულმობლადაც, რომ საშინლად მეწყინა. ისედაც რამდენი სიმწარე გამოვიარე დღეს, კიდევ მისი დაცინვა მინდოდა? მაგრამ თავი ვერ შეიკავა. გასაგებია, რომ პრობლემები შევუქმენი, მაგრამ რა ჩემი ბრალია? თვითონ არ მთხოვა, გამომყევიო? რა ჯანდაბა მინდოდა იმ სასტუმროს მშენებლობაზე? რა მრჯიდა, ვინ მაძალებდა? საშინლად დაუცველად ვიგრძენი თავი… რატომღაც, მომეჩვენა, რომ მეტი სურდა ჩემზე გაეგო და ახლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტი შეარჩია. ჩემზე იყო დამოკიდებული, მის შეკითხვას რა პასუხს გავცემდი. როგორც ჩანს, ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე ან გავუღვივე, არ ვიცი, რომელი უფრო მართებული იქნებოდა ამ შემთხვევაში, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ჩემი გულგრილობა მასში ინტერესს აცხოველებდა.
- ეს ძალიან პირადული კითხვაა და მასზე პასუხს არ გაგცემთ. ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემია. ასე არ არის? - ყინულივით ცივი ხმით მივუგე.
- სხვა პასუხს თქვენგან არც ველოდი, - სარკასტულად ჩაიცინა, - რა თქმა უნდა, ასეც არის. ვხვდები, რომ თქვენს ჭრილობას შევეხე.
- სულაც არა, - გავწიწმატდი, - რა სისულელეა!
მისი მუქი წარბები მშვილდივით მოიზიდა, ხოლო სახის გამომეტყველებამ გინების ისეთი კორიანტელი დააყენება, რომ მომესმინა, ალბათ, სიკვდილს ვინატრებდი. «იმდენი შენი ასე და ისე»… დაახლოებით ეს სიტყვები ეწერა სახეზე.
ავპილპილდი. კოკი მე რას გამომაპარებდა? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ზედმეტად კარგად გამომდიოდა სხვისი აზრების წაკითხვა სახის გამომეტყველების მიხედვით. არა, ამ ადამიანთან ნორმალური საუბარი სრულიად მიუღებლად მეჩვენებოდა!
- ჩემს ჭრილობას ვერავინ შეეხება, იმიტომ, რომ ცხოვრებისგან არანაირი ჭრილობა არ მიმიღია! - ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე.
- მეჩვენება, რომ მშვენიერ ქალბატონს გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს ჩემი სიტყვები, -თქვა და პაუზა გაწელა, შემდეგ კი ვითომ ისე, უინტერესო ხმით მკითხა, თითქოს წინასწარ იცოდა, რას ვუპასუხებდი:
- მეგობარი მამაკაცი გყავთ?
ლამის კვლავ რჩევის მიცემა დავაპირე, სხვის საქმეებში ცხვირს ნუ ყოფთ-მეთქი, მაგრამ შემეშინდა, მორიგი ირონიისთვის კიდევ ერთი საბაბი არ მიმეცა.
- არა, - ეს ისეთი ტონით ვთქვი, ნებისმიერ მამაკაცს დააკარგვინებდა ჩემდამი ინტერესს, მაგრამ არა კოკის.
- ბოლოს როდის იყავით პაემანზე?
- იქნებ ისიც გაინტერესებთ, სექსი როდის მქონდა ბოლოს და რამდენ ხანს?
- რატომაც არა, თუკი ღირსად ჩამთვლით, რომ ასეთი პიკანტური დეტალები გამიმხილოთ, -კმაყოფილი ღიმილით გამომხედა.
განრისხებისგან ავდუღდი. რა დაკითხვას მიწყობს, თანაც როგორი ირონიით მელაპარაკება! აუტანელი კაცია!
- მიუხედავად იმისა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და ადამიანებმა მოიპოვეს თავისუფლება, როცა უნდათ, სადაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე მიეცნენ ვნებათაღელვას, ჩემი აზრი არ შეცვლილა - მე რაოდენობას ხარისხი მირჩევნია! - ერთი ამოსუნთქვით ისე მივახალე ამსიგრძე წინადადება, წამითაც არ შემისვენია.
მეგონა, გაიცინებდა, ან გაუკვირდებოდა, ან შეცბუნდებოდა. თქვენც არ მომიკვდეთ, წარბიც არ შეუხრია, ისე გააგრძელა დაკითხვა:
- გასაგებია… და როდის იყოო ეგაო?
ჩემდა გასაკვირად, რისხვა უეცრად ჩამიცხრა და ამჯერად ტირილი მომინდა.
ცხრა წელი… ზუსტად ცხრა წელი გავიდა მას შემდეგ, სასტიკი ტკივილი რომ მომაყენეს, შეურაცხმყვეს და ფეხქვეშ გამთელეს. იმდენად ხმაურიანად გუგუნებდა ეს სიტყვები ჩემს გონებაში, უცებ შემეშინდა, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა ნაფიქრი-მეთქი. მაგრამ გადავრჩი, რადგან კოკის სახის ნაკვთები არ შერხევია, ის ჯერ კიდევ ელოდა ჩემს პასუხს. არასდროს არავისთვის მომიყოლია გოლასთან თავს გადახდენილი ამბები, ვანდის გარდა. არავინ იცოდა, რატომ დავშორდით მე და გოლა, არც ერთმა ჩემმა სხვა მეგობარმა, უახლოესმაც კი. მხოლოდ ვანდის გავენდე, რადგან ვინმესთვის რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა. ისე, დიდად არც არავინ დაინტერესებულა, რადგან ყველას გაუხარდა, როცა ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტის ამბავი გაიგეს. გოლა ჩემს მეგობრებს არ უყვარდათ.
ღრმად ამოვიოხრე, თან ვცდილობდი, ნერვული კანკალი როგორმე შემეკავებინა. ნამდვილად არ მსურდა, მის თვალწინ ავტირებულიყავი.
- არ მახსოვს, თუ ასე ძალიან გაინტერესებთ. ზოგიერთებივით საწოლის თავზე ხაზებს არ ვავლებ სექსუალური აქტის და პარტნიორების დასათვლელად, - მრავალმნიშვნელოვნად შევხედე ჩემს თანამგზავრს.
ღიმილი ზანტად წაიშალა მის ტუჩებზე, აშკარა იყო, ჩემი ნათქვამ არ მოეწონა.
- მე გყავართ მხედველობაში? - კოპებშეკრულმა მკითხა.
- რატომ, ასე იქცევით ხოლმე? - ღიმილი ვერ შევიკავე.
- არა! - ისე სწრაფად მომიგო, სიცილი ძლივს შევიკავე.
- ძალიანაც კარგი, - უდარდელად მივუგე და კმაყოფილი დავრჩი, რომ ირონიისთვის საბაბი აღარ დავუტოვე.
- რა თქმა უნდა, ნაკლი ბევრი მაქვს, ბარბარე, მაგრამ სექსუალური გარყვნილება და აღვირახსნილობა მათ რიცხვში არ მოიაზრება, - სრული სერიოზულობით მითხრა.
- მეჩვენება, რომ მშვენიერ ჯენტლმენს გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვს ჩემი სიტყვები, -ხურდად თავისივე რეპლიკა დავუბრუნე და გულიც მოვიფხანე, თუმცა წამით მომეჩვენა, რომ ჩვენი სიტყვების პინგ-პონგი ზღვარს გადასცდა, რასაც, არ იყო გამორიცხული, მისი გაგულისება გამოეწვია.
მალულად გავხედე და მოულოდნელობისგან დავიბენი. ისეთი თბილი ღიმილი გამოესახა ტუჩებზე და ისე გულიანად გაიცინა, თვალები გამიფართოვდა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ტუჩებთან ერთად თვალებიც უცინოდა.
- ჩაგეთვალათ, ბაბი, მე ეს დავიმსახურე.
ო, არა, ოღონდ ეგ არა! ჩემ გვერდით თითქოს ახალი კოკი იჯდა, რომელიც სრულიად არ ჰგავდა იმ მამაკაცს, ჩემს წარმოსახვაში რომ გამოვძერწე. კოკი ლაცაბიძე, რომელსაც მე ვიცნობ, არასდროს გაიცინებს თავის შეცდომებზე. ის იმ ეგოისტი საქმოსნების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მხოლოდ სხვებს დასცინიან და ეს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.
- მაშ ასე, - გაჭიანურებულად წარმოთქვა, - თქვენ თვლით, რომ მე გარყვნილი ვარ? - და ყურადღებით შემომხედა, მე კი თვალი ავარიდე, - გადასარევია.
- მომისმინეთ, კოკი. მე ეს არ მითქვამს, - სინანულნარევი ხმით მივუგე და შემეშინდა, საუკეთესო კლიენტი ჩემი ახირების გამო არ დავკარგო-მეთქი, - მე თქვენ საერთოდ არ გიცნობთ, ამიტომ ასეთ დასკვნას ვერ გავაკეთებდი. უბრალოდ, ზოგადად აღვნიშნე, ხომ არსებობენ ასეთი ადამიანებიც?
- თქვენ იცნობთ ასეთ ადამიანებს? ერთს მაინც? - და მანქანა დაამუხრუჭა, რადგან შუქნიშანზე წითელი აინთო.
- როგორს? - შემკრთალმა კითხვა შევუბრუნე, - გარყვნილებს გულისხმობთ?
- ადამიანებს, ვინც ხაზებს ავლებს საწოლის დაფაზე და ქალების კოლექციას ასე ითვლის.
წამით გულმა დარტყმები შეწყვიტა. «ვიცნობ, როგორ არ ვიცნობ, განა გოლა ასე არ აკეთებდა? თავდაპირველად ვერ მივხვდი, რას ნიშნავდა ის ხაზები, როცა ვკითხე, არ ვიციო, მიპასუხა და მხრები აიჩეჩა. როცა დავშორდით, მხოლოდ მერე გავიგე, ისიც მისი ძმაკაცისგან», - გავიფიქრე გულმოკლულმა და ამოოხვრის ნაცვლად ამოვიკვნესე.
- იცით რა? არ გეწყინოთ, მაგრამ სისულელეს მეკითხებით. უბრალოდ, სიტყვას მოჰყვა და ვთქვი, კონკრეტულად არავინ მიგულისხმია, თქვენ - მით უმეტეს. წესიერად არც კი გიცნობთ.
- აი, ეს კი სიმართლეა. მაგრამ მაინც რატომ გამოიტანეთ ასეთი დასკვნა? - არ მომეშვა.
ნერვები მომეშალა და ცივად მივახალე:
- როგორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანო, განა ეს რამეს შეცვლის? რატომ ჩამაცივდით ასე?
- იქნებ ჩვენ სათანადოდ ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ბაბი, ა? უფრო ხშირი შეხვედრები ხომ არ არის ამისთვის საჭირო? - ამის წარმოთქმისას ხმა ჩაეხრინწა და ისეთი სექსუალური ღიმილით დამაჯილდოვა, რომ სუნთქვა შემეკრა.
მგონი, მეფლირტავება! პირდაღებულმა შევხედე. სწორედ ამ დროს მწვანე შუქი აინთო და მანქანა დაიძრა.
ბევრ მამაკაცს უცდია ჩემი შებმა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდი მათ ერთ ადგილზე მოსმას ისე, რომ მეორედ ვეღარ გაებედა ზედმეტის თქმა. ფლირტშიც კი არ ვყვებოდი არასდროს, ისე ვიყავი დართგუნული. ზოგს მსუბუქად ვიცილებდი თავიდან, ზოგსაც უხეშად, იმის მიხედვით, ვინ როგორ მაბეზრებდა თავს. ყოფილან ისეთებიც, რომელთა თავიდან მოშორება გამჭირვებია. ხომ არიან მამაკაცები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ნებისმიერი ქალის შებმა შესაძლებელია. ასეთებთან მხოლოდ უხეშობა გადიოდა, სხვა არაფერი. ახალბედა რომანტიკოსების მოშორება გაცილებით ადვილი იყო ხოლმე, ვიდრე გამოცდილი, ქალების შებმაში ჭიპმომწვარი თაყვანისმცემლებისა. ზოგიერთის მცდელობა მახალისებდა, ზოგიერთის კი, პირიქით, მაგულისებდა, თან იმდენად, რომ მოთმინებიდან გამოვყავდი. რა ჩემი ბრალი იყო, თუ ვერც ერთმა ვერ შეძლო ჩემში ინტერესის გამოწვევა? მაგრამ კოკი სულ სხვა შემთხვევაა, მისი გაცნობისთანავე რაღაც მოხდა ჩემში, ამიტომ უნდა ვერიდო. ორჯერ უკვე დავუშვი ერთი და იგივე შეცდომა, როცა ყურებამდე შევიყვარე. ერთსა და იმავე ლურსმანზე კი სამჯერ აღარ უნდა დაადგა ფეხი, სირცხვილია. გარდა ამისა, სექსი სიყვარულის გარეშე ჩემთვის მიუღებელია. ზუსტად ვიცი, რომ, რაც უნდა ძლიერად მომინდეს მამაკაცი, თუ არ მეყვარება, მერე აუცილებლად ვინანებ მასთან გატარებულ ერთ ღამეს. ამიტომაც გავურბოდი ეს წლები მამაკაცების სიახლოვეს, გულთან ახლოს არავის ვუშვებდი და მხოლოდ კარიერაზე ვიყავი ორიენტირებული. ისე, ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ეკონომიურად წელში ვერ გავიმართებოდი. ახლა კი სწორედ რომ სასურველი საცოლე ვარ - ბინიანი, შემოსავლიანი, მანქანიანი და სამსახურიანი. და თვითკმაყოფილებას ვეძლევი, რომ მამაკაცებისთვის ასეთი მიუწვდომელი ვარ. თუმცა… ბოლო მომენტამდე იყო ასე. ახლა კი, მგონი, მაგრად დამერხა. ჩემს ცხოვრებაში ლაცაბიძე გამოჩნდა და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. ვატყობ ჩემს თავს, რომ საკუთარ ემოციებს ძველებურად ვეღარ ვაკონტროლებ.
- ხელში აყვანილს რომ გადაგიყვანთ მანქანიდან, თქვენი მეზობლები რას იტყვიან? - მისმა ხმამ ჩემამდე მოაღწია და ფიქრის ძაფი გამიწყვიტა.
- რა მითხარით?
დაჟინებით შემომაცქერდა, მერე კი ყრუ ხმით მითხრა:
- ჯერ კიდევ იმ საღამოს, დაბადების დღეზე მივხვდი, რომ რაღაც სერიოზული პირადი ტრაგედია გადაიტანეთ. თქვენი არაჩვეულებრივი სხეული პირველივე ნახვისას აფრთხილებს კაცებს, არ მომეკაროთო, ხოლო გამოხედვა ყოველთვის ყინულივით ცივი გაქვთ.
- თუ შეიძლება, ოფისთან ჩამომსვით. აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. კარგად ვიქნები, არაფერი გამირთულდება. მერე თანამშრომლები გამაცილებენ. - აგდებული და მკაცრი ტონით წარმოვთქვი.
- საქმე მოიცდის. ჩემი აზრით, ტკივილგამაყუჩებლებთან ხუმრობა არ ღირს, - ჩემს ტონს ყურადღება არ მიაქცია კოკიმ.
- გააკეთეთ, რაც გითხარით! - გაღიზიანებულმა ხმა ავუწიე.
სიჩქარეს მოუკლო და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
- იცით რა? ბოლო რამდენიმე დღეა, გონებიდან არ მშორდებით. არ ვიცი, რა მომწონს თქვენში, მართლა არ ვიცი. თქვენც ისეთივე ქალი ხართ, როგორიც სხვები, თქვენც იმავე თამაშს თამაშობთ, რასაც დანარჩენი ქალები, მაგრამ მაინც მოახერხეთ ჩემი სისხლის ადუღება, რამაც ჩემი განებივრებული მამაკაცური ეგო მოჭარბებულად ააღელვა.
თქვა და უცებ თმაში შეიცურა მარჯვენა ხელი. მომეჩვენა, რომ ნანობდა, რაც წამოსცდა. მე კი ვერ ვწყვეტდი, ღირდა თუ არა პასუხის გაცემა…
უეცრად ღრმად ამოიხვნეშა, თითქოს გულიც თან ამოაყოლაო და მობოდიშების ტონით გააგრძელა:
- ძალიან გამოცდილი ვარ ქალებში, ამასთან, გამოუსწორებელი ცინიკოსი და არ მჯერა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არსებობს რაღაც მეტი, ვიდრე, უბრალოდ, ფიზიკური სიახლოვეა. იქნებ თქვენშია პრობლემა? თქვენს სიცივეში? მე ხომ მიჩვეული ვარ, ქალები ყელზე რომ მეკიდებიან, თითქოს ჩემზე უკეთესი არასდროს არავინ ენახოთ ცხოვრებაში? გარდა ამისა, მოსვენებას არ მაძლევს ერთი კითხვა: ასეთი მზეთუნახავი მარტო რატომ ხართ?
- რას ნიშნავს მარტო? - კითხვა შევუბრუნე.
- უმამაკაცოდ.
- სწორედ იმიტომ, რომ შენისთანა გამოცდილებმა და ცინიკოსებმა არ იფიქრონ, ყელზე მეკიდებაო, - ნიშნის მოგებით მივუგე.
პასუხით აშკარად უკმაყოფილომ ტუჩები გააწკლაპუნა და თავიც გააქნია, მერე კი მოღლილი ხმით მკითხა:
- ბოლოს და ბოლოს, დამთანხმდებით, რომ სახლამდე მიგიყვანოთ? - შუბლშეკრულმა გამომხედა.
- კარგი, რადგან არ იშლით, ასე იყოს, - ჩავილაპარაკე და ფეხი ოდნავ გავანძრიე, რომ შემემოწმებინა, ისევ მტკიოდა თუ არა. იმწამსვე თითქოს დენმა დამარტყა, საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი და სახე დამეღრიჯა, რაც კოკის შეუმჩნეველი არ დარჩენია.
- აი, ხომ გეუბნებოდით… თქვენ კი საქმეო… უღრმესი მადლობა, პატივცემულო ადვოკატო, რომ სახლამდე მიყვანის ნება დამრთეთ, თორემ მომიწევდა თბილისის გარშემო წრეზე ტრიალი.
იმდენად სარკასტულად წარმოთქვა, გულში უარესი ჩხვლეტა ვიგრძენი. ნეტავ რატომ მოსწონს, რომ დამცინის? დავიჯერო, ეს სიამოვნებას ანიჭებს? აკი მომწონხარო? ააა, გასაგებია. რადგან ჩემგან საპასუხო მოწონება ვერ იგრძნო, შურს ასე იძიებს. გამეღიმა. ნებისმიერი ჩვენი დიალოგი ორმხრივ ეკლიან ჩხვლეტას ჰგავდა.
ამჯერად თავიდან ავირიდე საპასუხო ჩხვლეტა. არც მას გამოუდვია თავი და ისე მივუახლოვდით ჩემს კორპუსს, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. საშინლად ნაწყენი ვიყავი, ოღონდ არ ვიცოდი, კონკრეტულად ვისზე. საკუთარ თავზე, რომელმაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და წამაქცია; კოკიზე, რომელიც გვერდიდან არ მომცილდა და ჩემი დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ექიმთან გამაქცია, თუ ექიმზე, რომელმაც ფეხი თაბაშირში ჩამისვა.
ჩემი ბინა ოთხსართულიანი კორპუსი იყო, ძველებური, აგურით ნაგები შენობა. იგი ისტორიული ძეგლების ნუსხაში შედიოდა. სამი მხრიდან პატარა ეზო ჰქონდა კორპუსს, რომელიც ყველა მცხოვრებს თანაბრად ეკუთვნოდა. რადგან თითო სართულზე თითო ვცხოვრობდით, ეზოც ოთხად გვქონდა გაყოფილი და თითოეული მათგანი ჩვენ-ჩვენს «წილს» ვუვლიდით. მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე სართულზე მე ვცხოვრობდი, არასდროს მეზარებოდა ეზოში ჩასვლა და ყვავილების მორწყვა, მიყვარდა ბაღში ტრიალი. კორპუსს ლიფტი არ ჰქონდა, ამიტომ მეოთხეზე ფეხით მიწევდა ხოლმე ასვლა-ჩამოსვლა. ამჯერად რა მეშველებოდა, არ ვიცოდი. თუმცა, ვიცოდი… კოკი ამიყვანდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>