უზარმაზარ აბაზანაში ნებივრად გაწვა და მარტინი მოსვა. მართალია, დალევა დიდად არ უყვარს, მაგრამ დღეს ეპატიება. დღეს მან ყველაფრის
რწმენა ერთად დაკარგა _ სიყვარულის და მეგობრობისაც.
ქეთის ასი წელია, იცნობს. ჰო, კარგი, კარგი, ასი არა, მაგრამ ექვსი ხომ არის? ის მისი ერთადერთი ახლო მეგობარი იყო ამ ხნის განმავლობაში. მაგისტრატურაზე ჩააბარა თუ არა, პირველსავე დღეს გაიცნო, მასთან ერთად იჯდა ლექციებზე, მერე ერთად დაიწყეს კაფეში სიარული, ამას ერთად მეცადინეობა დაერთო და ასე, თანდათან განუყრელი მეგობრები გახდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულები არიან. ქეთი პრაგმატულია, თავდაჯერებული, იცის თავისი სილამაზის ფასი. ლელი კი ენერგიულია, ოღონდ საქმე აკეთებინე და სხვა არაფერი ქვეყანაზე არ აინტერესებს, არც თავის მოვლას უთმობს დიდ დროს და არც გართობას ეძალება. მისი ოცნებების ნუსხა ერთობ უცნაურია _ სურს თავისი ოფისი ჰქონდეს ან დიზაინერთა სააგენტო, დადიოდეს აფრიკაში ფოტოკამერით ვეფხვებზე «სანადიროდ» და კვირაში ერთხელ მაინც ხტებოდეს პარაშუტიდან. ამ გიჟურ იდეებს იგი გატაცებით უზიარებდა დაქალს, ეს უკანასკნელი კი მაშინვე ცივ წყალს გადაასხამდა მის ოცნებებს და ცაში აფრენილს ძირს, მიწაზე დაუშვებდა უბოდიშოდ. ჰო, ქეთი მართალია, გაიფიქრებდა თავისთვის. ჩემი იდეების განხორციელებას საწყისი კაპიტალი სჭირდება. ან კი რა დროს სავანაში ფოტოების გადაღებაა. სანამ მე ფოტოაპარატს მოვიმარჯვებ, ხომ დამახტა ვეფხვი თავზე? არც პარაშუტით ხტომაა უსაფრთხო _ ერთხელ შეიძლება ისიც არ გაიხსნას. ღირს გარისკვად? არა, არ ღირს.
ახლა კი იჯდა გრეიპფრუტის სურნელით გაჟღენთილ ქაფში, იონას აბაზანაში და ფიქრობდა, რომ აუხდენელი ოცნება არ არსებობს. უბრალოდ, ყოველთვის ანგარიშს უწევდა დაქალის რჩევებს და მის ჩრდილში რჩებოდა. ეს ბავშვობის ბრალია. წრუწუნასავით ყოველთვის შეუმჩნევლად ამჯობინებდა ყოფნას და ცდილობდა, არავის ყურადღება არ მიექცია. აშკარაა, რომ თვითშეფასების უნარი დაქვეითებული აქვს, მაგრამ როგორ აიმაღლოს იგი?
ლელიმ მარტინიანი ჭიქა გამოცალა, აბაზანიდან ამოვიდა და თეთრი, ფუმფულა პირსახოცით სხეულის და თმის გამშრალებას შეუდგა. როცა საქმე მოითავა, სარკეს მიუახლოვდა. აბა, რა პლუსები გვაქვს ჩვენ? _ გაიფიქრა და ქამარი შეიხსნა. ხალათი იატაკზე დაეფინა.
ქერა თმა, თუმცა მთლად ქერა არ არის, ქვიშისფერი უფრო ეთქმის. მაღალი შუბლი, უფორმო წარბები, ცისფერი თვალები. უცნაურია, მისი თმის ფერთან შედარებით წარბები და წამწამები მუქი აქვს. ეს ერთი პლუსია, _ გაეღიმა.
შემდეგ რა გვაქვს? სწორი ცხვირი, ესეც პლუსია. ტუჩები? ჰმ, ჩვეულებრივი, ისეთი ბუთქუნა არა აქვს, როგორიც ქეთის. აი, კანი კი პირდაპირ საშინელებაა. როგორი ფერმკრთალია, ავადმყოფურად ფერმკრთალი. ეს რაღაა? _ დაფეთებული წინ გადაიხარა, უფრო ახლოს მიიწია სარკესთან. ნაოჭები! ნაოჭები გასჩენია თვალის უპეებთან. ჰო, ძვირფასო, ხომ არ დაგავიწყდა, რომ მალე ოცდაცხრა წლის გახდები? შენ კი აქამდე არ გიფიქრია, რომ უკვე გჭირდება სახის მოვლის საშუალებები და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები. როგორც ჩანს, დროა!
ყელს არა უშავს, მაღალი ყელი ქალის მშვენებაა. მკერდსაც არ ვუჩივით, სამი ზომა ნებისმიერი მამაკაცისთვის სასურველი ზომაა. შემდეგ რა გვაქვს, უფრო დაბლა? მუცელი. ოოო, ეს კი კრიტიკული ზონაა, რადგან იგი სულაც არ არის გლუვი. ისეა წინ გამოწეული, სამი თვის ფეხმძიმეს მიუგავს. ლელი შეეცადა, მუცელი შეეწია, რაც შეეძლო, ღრმად შეისუნთქა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გვერდებზეც კატასტროფული მდგომარეობაა, ბარძაყებზე «გალიფეები» აზის, თეძოებზე ქონი დასდებია… რა თავში იხლის გრძელ ფეხებს, თუ ასეთი სქელი ექნება? მოდი და აიმაღლე ამის შემდეგ თვითშეფასების უნარი, თუ მაგარი გოგო ხარ!
გაბრაზებულმა ჩამოხსნა საკიდიდან ხალათი, ჩაიცვა და სააბაზანოდან გამოვიდა. როდის მოასწრო ასე გასუქება? ასე როგორ ჩაეშვა? ადრე წონის პრობლემები არასდროს შექმნია. მასზე სულ ამბობდნენ, გამხდარიაო, კოხტაო, პროპორციულიო, კარგი ტან-ფეხი აქვსო, ახლა კი ძროხას დამსგავსებია, უფორმო მასას. ალბათ იმის ბრალია, რომ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ისე დაფრინავდა ბედნიერების ღრუბლებში, საერთოდ დაკარგა კონტროლი საკუთარ თავზე. გარეგნობას დიდად არ აქცევდა ყურადღებას. ძალიან ბევრს მუშაობდა, თავს არ იზოგავდა, რომ მასა და სოსოს კომფორტულად ეცხოვრათ. არადა, უცნაურია, ამდენი ფიზიკური შრომის შედეგად წონაში როგორ მოიმატა. ახლა ოცდაცხრა წლისას კი არა, სიმართლე რომ ითქვას, ოცდათხუთმეტისას უფრო ჰგავს.
სავარძელში ჩაეშვა და თვალები დახუჭა. ცრემლი დაედინა ღაწვებზე, გონება კი, თითქოს რობოტი ჩაუსახლესო, მონოტონურად გაჰკიოდა ერთსა და იმავე ფრაზას: _ მსუქანი ძროხა, მსუქანი ძროხა…
_ ეს რა არის, მსოფლიო წარღვნა დაიწყო? _ უეცრად იონას ხმა გაიგონა. თავი ასწია და ხალათის სახელოთი ცრემლები სწრაფად ამოიმშრალა.
_ შემოსვლის წინ აკაკუნებენ ხოლმე, _ უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა და თავი კვლავ ჩაქინდრა.
_ ოოო, _ თანაგრძნობა გაისმა იონას ხმაში, _ საქმე უფრო ცუდად ყოფილა, ვიდრე მეგონა. როგორც ჩანს, ისე ჩაგძირა საკუთარმა ფიქრებმა, რომ კაკუნი კი არა, საარტილერიო ზალპიც კი ვერ გამოგაფხიზლებდა, _ და მამაკაცმა ხაზგასმით დააკაკუნა კარზე, ამჯერად შიდა მხრიდან.
_ უკაცრავად, კაკუნის ხმა არ გამიგონია.
_ მაგას მივხვდი. არ გინდა მითხრა, რა გჭირს? მომიყევი, რა მოხდა, ცოტათი მაინც შეგიმსუბუქდება ეგ შენი პატარა დარდი.
მართლაც, როგორ მოუნდა ამწუთას, მიყრდნობოდა იონას ფართო მკერდს, სახე შიგ ჩაემალა და მოეყოლა, როგორ ცუდად არის და რატომ არის ცუდად. მაგრამ სურვილი უმალვე ჩაიკლა გულში. რა საშინელება იქნება, თავის დამქირავებელს მივარდეს, მკერდში ჩაეკონოს და საკუთარ უიღბლობაზე დაუწყოს წუწუნი. ის ისედაც კეთილშობილურად მოიქცა, როცა აქ მოიყვანა და ახალი სამუშაო მისცა, თორემ მათხოვრად მოუწევდა გადაქცევა, ან უკეთეს შემთხვევაში _ სოფელში, დედასთან დაბრუნება. თუმცა დღის «მთავარ პრობლემაზე» მაინც ალაპარაკდა.
_ არაფერი ისეთი არ მომხდარა, _ ასლუკუნდა, _ გარდა იმისა, რომ ძროხას დავემსგავსე.
იონამ გაოცებული მზერა მიაპყრო. უცნაური ის იყო, რომ ქალმა მის გამოხედვაში ვერც შეცოდება დაიჭირა და ვერც ზიზღი, რაც ალბათ ლოგიკური იქნებოდა.
_ გასაგებია, _ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, _ წამოდი, ჯერ ვივახშმოთ და ძროხებზე მერე ვილაპარაკოთ.
_ დამცინი? გეუბნები, გავსუქდი-მეთქი, შენ კი საჭმელზე მეპატიჟები?
_ სულაც არ დაგცინი. ჯერ ერთი, შეგიძლია მსუბუქად ივახშმო, ეჭვი მაქვს, რომ დღეს საერთოდ არ გისადილია. ასე რომ, ამით არაფერი დაშავდება. მეორეც, გაგაცნობ ადამიანს, რომელიც დაგეხმარება.
_ რაში დამეხმარება?
_ ნახავ, რაშიც. წამოდი!
_ კარგი, ჩავიცვამ და ხუთ წუთში ჩამოვალ, _ დანებდა ლელი.
იონა გავიდა თუ არა, ჩაცმას შეუდგა. გრძნობდა, სიმძიმე როგორ უმსუბუქდებოდა ნელ-ნელა, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი ჩამოხსნესო. დაიჯეროს, იონას შემოსვლამ იმოქმედა მასზე ასე? რა ადვილია მასთან ურთიერთობა. არც კი უყოყმანია, ისე შესჩივლა თავისი გასუქების ამბავი. მანაც მეგობარივით მიიღო მისი საწუხარი. არ შეეცადა, ყალბი კომპლიმენტებით აევსო და ემტკიცებინა, რომ სულაც არ არის მსუქანი, რომ ძალიან ლამაზი და ტანადი გოგოა. აი, სწორედ ასეთი ადამიანები მოსწონს ლელის, სწორედ ასეთი და არა სოსოსნაირი ფარისევლები და მოღალატეები.
ლურჯი კაბა-ბალახონი ჩაიცვა, რომ თვალში საცემი გამოწეული «გალიფეები» დაეფარა თეძოებზე. საქმიანი ვახშამი ხომ არ არის, რომ გამოიპრანჭოს. ეს ბალახონი წავა, მშვენივრად გამოიყურება მასში. ისე, სიმართლე რომ ითქვას, არც არაფერი აქვს ისეთი ჩასაცმელი, საქმიანი ვახშმისთვის რომ გამოადგეს. ბოლო დროს მხოლოდ ჯინსის შარვლით დადის, სპორტული მაისურებით და სრული, ორი ზომით დიდი პერანგებით, თავისუფლად რომ დაფაროს სხეული.
სარკეში აღარ ჩაიხედა, ახალს და კარგს რას დაინახავდა იქ?
სასტუმრო ოთახში ვერავინ დალანდა. არც გაჰკვირვებია, იონას ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა სახლი მოწყობილი. რამდენიმე ოთახში და მათ შორის აქაც, ავეჯი ჯერ კიდევ შეფუთული იდო. მხოლოდ საძინებლები და სამზარეულო ჰქონდა წესრიგში მოყვანილი. ლელიც სწორედ სამზარეულოსკენ გაემართა.
_ ლელი, მოდი, მაშო გაგაცნო.
პატარა, მოკლედ შეკრეჭილი შავთმიანი, საოცრად პროპორციული აღნაგობის გამხდარი გოგონა მაგიდაზე ჭიქებს ალაგებდა. მან მეგობრულად გაუღიმა ლელის და თავი ოდნავ დააქნია.
_ გამარჯობა. მობრძანდი, შემოგვიერთდი, _ ეგრევე გაუშინაურდა ახალგაცნობილი.
_ გაგიმარჯოს, _ ლელიმაც შენობით მიმართა, თავადაც გაუღიმა პასუხად და მაგიდას მიუჯდა.
_ პიცა შევუკვეთე და ეს წუთია, მოიტანეს, მაგრამ იონამ მითხრა, რომ დიეტაზე ხარ. სალათა ხომ არ დავჭრა? ყველიც გვაქვს და მაწონიც.
სწორედ ამ მომენტში იგრძნო, როგორ მოშიებოდა. ახლა სიამოვნებით მიირთმევდა პიცის ერთ მოზრდილ ნაჭერს, ჭირსაც წაუღია დიეტა. რაც არის, არის, ხვალიდან დაიწყებს დიეტის დაცვას, ეს მისი ნოყიერი დანაყრების ბოლო საღამო იქნება.
_ არა, იყოს, სიამოვნებით შემოგიერთდებით და მეც პიცას შევჭამ. _ მიუგო ლელიმ.
მაშომ სწრაფი მზერა ესროლა იონას, მაგრამ არაფერი თქვა. იონამ კი გაკვირვებით გახედა ლელის, თუმცა არც მან თქვა არაფერი, მხოლოდ მხრები აიჩეჩა.
_ დღეს პიცას დავჯერდეთ, ხვალიდან კი მზარეული მოვა და ის იზრუნებს, რომ ამ სახლში მშიერი არავინ დარჩეს.
ჯერ კიდევ გზაში უყვებოდა იონა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაემთავრებინა სახლის მოწყობა და საბოლოოდ გადმოსულიყო აქეთ საცხოვრებლად, რადგან თბილისის ბინძური ჰაერის ყლაპვა აღარ სურდა.
_ მაშ ასე, გოგონებო, _ იონამ ტაში შემოკრა, _ რას დალევთ?
_ რას შემოგვთავაზებ? _ დაინტერესდა მაშო.
მამაკაცი ბარს მიუახლოვდა, გამოაღო და თავისი სასმელების კოლექციის დემონსტრირება მოახდინა.
_ მე მარტინის დავლევ, თუ შეიძლება, _ თქვა ლელიმ, როცა ნაცნობ ბოთლს მოკრა თვალი. წესით, არ უნდა დაელია, მაგრამ თუ ქეიფია, ქეიფი იყოს.
_ მე _ წითელ ღვინოს, _ განაცხადა მაშომ.
_ მეც. _ თქვა მამაკაცმა, ბარიდან ორი ბოთლი გამოიღო და მაგიდაზე შემოდგა.
როცა ჭიქები შეავსო, თავისი ბოკალი ასწია და სადღეგრძელო წარმოთქვა:
_ ახალ ცხოვრებას გაუმარჯოს, უფრო სწორად, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ახალ ეტაპს, წარმატებები გვქონოდეს.
_ გაუმარჯოს, _ მიუჭახუნა მაშომ, _ მე, პირადად, როგორც იქნა, ავისრულე ჩემი დიდი ხნის ოცნება და ფიტნეს-კლუბი გავხსენი. შეგიძლიათ მეწვიოთ. სხვათა შორის, პირველი ორი კვირა ორმოცდაათპროცენტიანი ფასდაკლებაა. ასე რომ, იჩქარეთ, _ გაიხუმრა გოგონამ და იონას შემდეგ ლელის მიუჭახუნა თავისი ბოკალი.
აი, თურმე რატომ უთხრა იონამ, ისეთ ვინმეს გაგაცნობ, ვინც დაგეხმარებაო. ლელის თავში აზრადაც არ მოსვლია, სპორტით დაკავებულიყო, ამისთვის დრო არასდროს ჰქონდა. გარდა ამისა, სიმართლე რომ ითქვას, ფულის ხარჯვაც ენანებოდა ასეთი რამეებისთვის. ის კი არა, სილამაზის სალონებსაც არ სტუმრობდა ბოლო დროს, რათა ეკონომია გაეწია და როგორმე გაეზარდა თავისი დანაზოგი. ძალიან უნდოდა, თბილისში ბინა ეყიდა და საბოლოოდ აქ დაფუძნებულიყო. აღარ სურდა სამეგრელოში დაბრუნება და სოფელში ცხოვრება. ყელში ამოუვიდა იქაური ატმოსფერო _ ტალახიანი შუკები და ძროხების ფუნით გაჟღენთილი ჰაერი. იმისთვის კი არ ისწავლა, რომ სოფელში გათხოვდეს, კალოშები ჩაიცვას და საქონელი გარეკოს საძოვარზე, ან ყველი ამოიყვანოს. მას ქალაქური ცხოვრება იზიდავს, განათლებულ ხალხთან სურს ურთიერთობა და ელიტასთან დაახლოება, რომ თავისი თავის წარმოჩენა შეძლოს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც მდიდარ საქმროს ეძებს. არა, ასე სულაც არ არის. აი, მაგალითად, სოსო. ის არც მდიდარია და არც თბილისელი, მასავით ჩამოსულია და ნაქირავებში ცხოვრობს, მაგრამ შეიყვარა და ცხოვრობდა კიდევაც მასთან ორი წლის განმავლობაში, მთლად ორი თუ არა, წელიწად-ნახევარი მაინც… როგორ წყდება გული. სოსო მისთვის პირველი მამაკაცი იყო, პირველი მამაკაცი და პირველი ძლიერი სიყვარული. მან კი იმედები გაუცრუა. როგორც კი დრო იხელთა, ეგრევე უღალატა. ღალატიც არის და ღალატიც _ ლელის ყველაზე ახლო მეგობართან. ამის პატიება როგორ შეიძლება? საინტერესოა, ქეთი როგორ შეხედავს თვალებში, როცა შეხვდება?
ამის გაფიქრებაზე ისე შეაჟრჟოლა, კანი აეხორკლა.
არა უშავს, რაც მოხდა, მოხდა. აი, ახლა დალევს ამ სადღეგრძელოს და ხვალიდან მართლა დაიწყებს ახალ ცხოვრებას მკაცრი დიეტით. სულ სხვა ადამიანი გახდება, ზედმეტ კილოგრამებს ჩამოიფერთხავს, კომპლექსებისგანაც გათავისუფლდება და მერე სოსო მუხლებზე დაჩოქილი მოხოხდება მასთან. შეურიგდება კი? ამაზე იფიქრებს. ეღირება თუ არა პატიება, ამას დრო აჩვენებს. თავისი გულის ამბავი რომ იცის, ალბათ აპატიებს, მაგრამ არა ამ ეტაპზე, ახლა ამისთვის მზად არ არის, ახლა ძალიან გაბრაზებულია.
მარტინი დალია თუ არა, თავი ბევრად უკეთ იგრძნო. კარგი ვახშამი, კარგი კომპანია _ რატომღაც ამ კომპანიაში თავის ერთობ კომფორტულად გრძნობდა. იქნებ იმიტომ, რომ მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო? აბა ის არის უკეთესი, დაჯდეს და თავის გასუქებაზე დაიწყოს წუწუნი? მადლობა ღმერთს, ოცდამეერთე საუკუნეა, სამუშაო არ ელევა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფულიც ექნება. ერთგან რომ კარგად გააკეთებს, სხვაც გაიგებს, მერე ის სხვა დაიქირავებს, მერე კიდევ სხვა და ასე… ის არავისზე არაა დამოკიდებული, არც დედაზე, არც სოსოზე და არც ქეთიზე. თავად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და თავისი ცხოვრების ისე წარმართვა, რომ უკან არ მოიხედოს. წარსულზე ფიქრი დროის ფუჭად ფლანგვაა, მომავალზე ფიქრი კი პერსპექტიულია. მას აქვს უფლება, იზრუნოს თავის თავზე.
_ მაშო, შეიძლება ჩემთვის სპეციალურად შეიქმნას ინდივიდუალური პროგრამა? _ დაინტერესდა ლელი.
_ რა თქმა უნდა. თუ გინდა, მე თვითონ ვიქნები შენი პირადი ინსტრუქტორი, მხოლოდ ერთი პირობით _ ჩემი რეკომენდაციები უპირობოდ უნდა მიიღო, ჭირვეულობის გარეშე უნდა მომყვე და დამიჯერო. მხოლოდ ასე შემიძლია გარანტიის მოცემა, რომ ფორმაში ჩაგაყენებ.
ლელიმ უნდობლად შეხედა. ასეთი პატარა და საქმიანი? რაღაც არ სჯერა. განა რამდენი წლის იქნება? ოცის? ოცდაორის?
_ ეჭვი არ შეგეპაროს მის შესაძლებლობებში, _ ჩაერთო საუბარში იონა, _ მას სამედიცინო აქვს დამთავრებული, ენდოკრინოლოგია. გარდა ამისა, ფიტნესის სპეციალური კურსები გაიარა ამერიკაში და ნებისმიერ საქმეს საფუძვლიანად ეკიდება. ასე რომ, თუ გადაწყვეტ, არ ინანებ.
_ იქვე სილამაზის სალონიც მაქვს გახსნილი. _ დააყოლა მაშომ.
უყურე შენ! თუ სამედიცინო დაამთავრა და უკვე დიპლომიანი ექიმია, ლელიზე უმცროსი არ უნდა იყოს. რომ არ ეტყობა? მთლად ბავშვს ჰგავს. დაიჯეროს, რომ შავი თმა უფრო აახალგაზრდავებს ქალს? არა, რა სისულელეა, ქეთისაც მასავით ქერა თმა აქვს და ისიც ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება თავის ასაკთან შედარებით. ასე რომ, თმის ფერი არაფერ შუაშია. უფრო რადიკალური ზომების მიღებაა საჭირო.
_ ძალიან კარგი, _ თქვა ბოლოს, _ ახლა სწორედ ეს მჭირდება, სხვა არაფერი.
შემდეგ სხვა თემაზე გადაიტანეს საუბარი. ამასობაში ძილის დროც მოვიდა. ლელი დაემშვიდობა ორივეს და თავის ოთახს მიაშურა. დილით მუშაობა უნდა დაეწყო, საღამოს კი ფიტნეს-კლუბი დაელაშქრა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>