მაშ ასე. დღეს პირველი დღეა ახალი ლელის დღის სინათლეზე გამოსვლის. განა ადრე არ ყოფილა წვეულებებსა და საღამოებზე, მაგრამ აქამდე თავს ვერასდროს გრძნობდა კომფორტულად. არ ეხერხებოდა ნაცნობობის გაბმა, უცხო საზოგადოებაში მხიარულების გამართვა, ახალ ნაცნობებთან სწრაფად გაშინაურება. უნდა აღიაროს, რომ ასეთ საღამოებზე ლელის ყოველთვის ქეთი ჩრდილავდა. დღეს კი სულ სხვა საქმეა.
საბოლოოდ ჩაიხედა სარკეში და კმაყოფილი დარჩა. მსუბუქი მაკიაჟი ამჯობინა _ მცირეოდენი ჩრდილი თვალის უპეებში, ტონალური _ თხლად, ვარდისფერი პუდრი ღაწვებზე და ბაცი ვარდისფერი პომადა ტუჩებზე. მხოლოდ დღეს შეიძინა ის ხიბლი, რაც ასე აკლდა აქამდე, რასაც არასდროს ანიჭებდა დიდ მნიშვნელობას და რასაც დედამ მიაჩვია. ერთადერთი, რაც აკლდა, თავდაჯერებულობა იყო.
სოსოს დაურეკა და შეხვედრა რესტორანთან დაუთქვა, სადაც პრეზენტაცია უნდა გამართულიყო. არ უნდოდა თავისი ახალი ბინის მისამართი მიეცა. ჯერ ვერ ენდობოდა. ჯერ ადრე იყო ნდობაზე საუბარი.
პრეზენტაციაზე მაშოსთან ერთად წავა, ის გამოუვლის მძღოლთან ერთად. მართალია, ლელიმ ჯერ ვერ გაარკვია, მაშოს პირადი მძღოლი ემსახურება, თუ იონასი ან მამამისის, მაგრამ ეს ნაკლებად აინტერესებდა.
მაშომ ზუსტად დანიშნულ დროს დაურეკა.
_ ჩამოდი, სადარბაზოსთან გელოდები, _ გაისმა მობილურში მისი ხმა.
_ მოვრბივარ, _ ჩასძახა ტელეფონში ლელიმ და მაშინვე გამოვიდა ბინიდან.
ქუჩაში ერთ-ერთი ბოლო მოდელის «ვოლვო» იდგა, მუქი ნაცრისფერი, პრიალა-პრიალა. სოსო ასეთ მანქანებს «გაზიპინებულს» ეძახდა ხოლმე, ოღონდ ეგ იყო, რომ ლელიმ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა არ იცოდა. ისიც კი არ იცოდა, სინამდვილეში არსებობდა თუ არა ასეთი სიტყვა ლექსიკონში.
მაშომ კარი გამოაღო და ხელი დაუქნია.
_ ეს მამაჩემის მანქანაა, _ უთხრა ლელის, როცა იგი უკანა სავარძელზე, მის გვერდით მოკალათდა, _ გინდა თუ არა, ჩემი მძღოლი მოგემსახურებაო, ამიჩემა. მეც დავთანხმდი, ჩვენი რა მიდის, არა? _ გადაიკისკისა მაშომ.
_ ალბათ ძალიან უყვარხარ და იმიტომ.
_ ალბათ. დედას ვგავარ ძალიან და ამიტომ უფრო. დედა აღარ არის ცოცხალი, ის კი დღემდე განიცდის ამას. ზედმეტად ზრუნავს ჩემზე, თითქოს ისევ პატარა ვიყო, ეს კი ხანდახან მაღიზიანებს.
_ მაგას რა ჯობია, _ სევდიანად მიუგო ლელიმ, _ მე კი საერთოდ არ ვიცი მამაჩემი, თვალითაც არასდროს მინახავს. დედა ორსულად იყო, რომ მიგვატოვა.
მაშომ ხელზე ხელი მოუჭირა და ჩასჩურჩულა:
_ სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირად ხდება ისეთი რამეები, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია.
ლელისგან განსხვავებით, სოსო არასდროს ყოფილა პუნქტუალური. უკვე მერამდენედ გამოვიდა გარეთ მის შესახვედრად, ის კი იგვიანებდა. არც ზარებს პასუხობდა. დარბაზში ბევრი სტუმარი ირეოდა, ლელი კი მაშოს გარდა არავის იცნობდა. მალე ისიც სადღაც გაქრა. იონას შორიდან მოკრა თვალი, ვიღაც ასაკოვან მაღალ მამაკაცს გაცხარებით ელაპარაკებოდა. ამ ორს ცოტა ხანში კიდევ ორი შეუერთდა. სწორედ ამ მომენტში ვიღაც სიმპათიური ყმაწვილი აესვეტა წინ.
_ მარტო ხართ?
_ არა, მეგობარს ველოდები, _ თავაზიანად გაუღიმა უცნობს.
_ თქვენს მეგობარს მარტო დარჩენა ემუქრება, თუ დროზე არ გამოჩნდა. მე პირადად სიამოვნებით გაგიტაცებდით, _ ელიტურად გაიხუმრა უცნობმა.
ლელის ესიამოვნა. ესე იგი, ვიღაცამ შეამჩნია, გაეფლირტავა. ერთი მხრივ, ეს სასიამოვნოა, მეორე მხრივ არა, იმიტომ, რომ საშინელ ხასიათზეა. სულ სხვა გეგმები ჰქონდა და არ გამოვიდა. აი, ახლა კიდევ ერთხელ გავა გარეთ და სოსო თუ არ იქნება მოსული, მართლა მარტო დარჩება. რა უნდა აკეთოს მთელი საღამო მარტომ? არც მაშოს ეცლება მისთვის და არც იონას. უარესად მოეშხამა გუნება.
სოსო მოსულიყო. კიდევ კარგი. მის დანახვაზე შვებით ამოისუნთქა.
_ პატარავ, ათი წუთია, აქ ვდგავარ, რატომ არ გამოხვედი?
_ რას მელაპარაკები? _ ირონიულად შენიშნა ლელიმ, _ და სად იყავი აქამდე?
მამაკაცმა გაოცებით შეხედა. ადრე ლელის ასეთი ტონით არასდროს მიუმართავს მისთვის.
_ საცობში გავიჭედე, რა მოხდა, ქვეყანა დაიქცა?
ლელიმ ამოიოხრა.
_ კარგი, შევიდეთ.
«ნეტავ საერთოდ არ მოსულიყო. რა უგემოვნოდაა ჩაცმული, შეგარცხვენს ადამიანს!»
მართალია, სოსოს ძვირად ღირებული პიჯაკი ეცვა, მაგრამ სპორტული სტილის, რაც სრულიად არ შეეფერებოდა ასეთ საღამოს, რადგან ის არ იყო მიჩვეული გლამურულ წვეულებებს, ალბათ ჯობდა, თავიდანვე გაეფრთხილებინა. კი არავინ არაფერს იტყოდა, მაგრამ მაინც. განსაკუთრებით იონასი ერიდებოდა. ის აუცილებლად გამოიტანდა დასკვნას თავისი შემფასებლური მზერით და ვინ იცის, იქნებ გულში დაეცინა კიდევაც ლელისთვის, ეს პიჟონი რამ შეაყვარაო. ახლა ერთადერთი გამოსავალიღა დარჩენია _ რაც შეიძლება გაითქვიფოს სტუმრებში და იონას თავი მოარიდოს.
ფიქრებში გართული ავიდა სოსოსთან ერთად მეორე სართულზე, სადაც ოფიციალური ცერემონია უნდა დაწყებულიყო. სწორედ ამ დროს პირდაპირ შეეჩეხა იონას. ბედის ირონიაც ამას ჰქვია. განგება თითქოს განგებ უწყობდა უსიამოვნო სიუპრიზებს.
_ ლელი! _ წამოიძახა მან, _ შენ, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურები! _ შემდეგ მამაკაცმა მზერა მის თანამგზავრზე გადაიტანა, _ გამაცნობ შენს მეგობარს?
_ ეს სოსოა, ჩემი ახლობელი. ეს კი იონაა, ფარმაკოლოგიური კორპორაციის ხელმძღვანელი. _ მშრალად წარუდგინა ქალმა კაცები ერთმანეთს.
სოსომ იონას ხელი ჩამოართვა.
_ მაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ, _ მოიბოდიშა იონამ და წყვილს გაეცალა.
სოსომ ხელი გადახვია ლელის და მიიხუტა, მაგრამ ქალმა ცივად მოიშორა მამაკაცი.
_ ცხელა აქ, _ თქვა და განზე გადგა.
მისთვის უსიამოვნო იყო ეს დემონსტრაციული ჩახუტება. სხვათა შორის, ჯერაც არ უპატიებია მისთვის უღირსი საქციელი და ვერც გადაეწყვიტა, საერთოდ აპატიებდა თუ არა. როგორც ჩანს, თვითონ არაფერსაც არ ნანობს და ჰგონია, რომ ლელის წყენამ გაუარა. ჰგონია, რომ ყოფილი საყვარელი არსადაც არ გაექცევა და წარსულს დაივიწყებს. ელოდოს!
ამ დროს იონას გვერდით ისევ ის წარმოსადეგი მამაკაცი დაინახა. არ იცოდა, ვინ იყო, მაგრამ ეტყობოდა, საკმაო წვლილი მიუძღოდა დღევანდელ საღამოში. ალბათ ერთ-ერთი მეწილეაო, ლელიმ გაიფიქრა.
_ ა, ამ კაცს ვიცნობ, _ სოსომ საჩვენებელი თითი სწორედ იმ კაცისკენ გაიშვირა, რომელიც იონას ელაპარაკებოდა.
_ მართლა? ვინ არის?
_ რამაზ ნიშნიანიძეა, ბიზნესმენი, რომელიღაც სააფთიაქო ქსელის მფლობელია, ზუსტად არ მახსოვს, რომლის.
_ ალბათ იმის, რომლის პრეზენტაციასაც მე და შენ ვესწრებით, _ შეფიქრიანებული ტონით მიუგო ლელიმ და უცნობი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.
საშუალო ასაკს გადაცილებული მამაკაცი მხნედ გამოიყურებოდა. თან ძალიან სიმპათიური იყო. არა, ეს დაუჯერებელია! ეს კაცი მამამისი არ იქნება! განა ამ სახელისა და გვარის კაცი ცოტაა საქართველოში? თანაც დედამ უთხრა, მამაშენი რუსეთში ცხოვრობს და მუშაობსო. მას ძალიან უჭირს, ამიტომ ვერ ახერხებს ჩამოსვლას და შენს გაცნობასო. ჰო, ალბათ ასე იქნება. იმ პოლიციელმაც არ დაურეკა, ამას წინათ ქეთიმ რომ გააცნო და შეჰპირდა, გავიგებ, ვინ არის მამაშენი და მისამართსაც მოგაწვდიო. თვითონ კი ერთხელაც ვერ გაბედა, დაერეკა და შეეხსენებინა მისთვის, ახალი ხომ არაფერიაო. არ სურდა, შორეული ნაცნობი ვალდებული გაეხადა, მისთვის სამსახური გაეწია. მიუხედავად ამისა, მის ზარს ყოველ წამს ელოდებოდა. ქეთისთან ძველებური ურთიერთობა რომ ჰქონოდა, ჰკითხავდა, მაგრამ ახლა უკვე აღარ გამოდიოდა…
ვიღაცები სიტყვით გამოდიოდნენ, სტუმრები ტაშს უკრავდნენ ყოველ გამომსვლელს. ლელის აღარაფერი ესმოდა, ერთიანად ფიქრებში იყო ჩაძირული.
_ მომისმინე, _ ხელზე მოქაჩა სოსომ, _ რისთვის მომიყვანე აქ? დავიჯერო, მართლა გაინტერესებს ეს სისულელეები? ან ჩემი აქ დაპატიჟება ვინ გირჩია?
ლელიმ თავი ძლივს შეიკავა, რომ არ გამოელანძღა. შეეცადა, რაც შეიძლებოდა, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ეთქვა:
_ თუ გინდა, წადი, არ მეწყინება.
სოსომ გაოცებით შეხედა. მართალია, არსად წასულა, მაგრამ იმ წუთიდან ხმაც არ ამოუღია.
გაგრძელება იქნება