ბანკეტი გრძელდებოდა. ლელიმ მაშო შეამჩნია, რომელიც სწორედ იმ მაგიდას მისჯდომოდა, სადაც იონა და რამაზი ისხდნენ. რამაზი გულიანად იცინოდა. ლელის დანახვისთანავე მოეწონა იგი. ნეტავ მართლა ასეთი მამა ჰყავდეს. რა ბედნიერი იქნებოდა, ეს კაცი რომ მამამისი ყოფილიყო. თვითონაც ხომ იმ სუფრასთან იჯდებოდა ახლა, მისი საყვარელი ადამიანების გვერდით და სოსოსთან ყურყუტი არ მოუწევდა…
თვალებით სოსოს დაუწყო ძებნა. იგი იქვე, კუთხის მაგიდასთან მიმჯდარიყო და კონიაკს აგემოვნებდა, თითქოს ლელის არსებობა აღარც ახსოვდა. ვაითუ, დათვრეს! როგორმე უნდა გააფრთხილოს, რომ ბევრი არ დალიოს და არ შეარცხვინოს. მაგრამ ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, თითის ქნევა დაუწყოს ამდენი ადამიანის თანდასწრებით? ბოლოს და ბოლოს, ერთად აღარ არიან და რა უფლება აქვს? არც თვითონაა პატარა ბიჭი, იმდენი შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ იცოდეს, სად როგორ მოიქცეს, მით უფრო _ სრულიად უცხო ხალხში.
მოულოდნელად მხარზე ვიღაც ფრთხილად შეეხო. თავი მოაბრუნა და ის ყმაწვილი კაცი დაინახა, წეღან რომ წაეფლირტავა, გაგიტაცებო.
_ შეიძლება გაგეცნოთ? მე მირიანი მქვია. წეღან ვერ მოვასწარით ერთმანეთის გაცნობა.
_ სასიამოვნოა, _ ლელიმ გაუღიმა და ხელი გაუწოდა, _ არა უშავს, მაშინ ვერ მოვასწარით, მაგრამ ახლა გამოვასწოროთ. ლელი.
_ როგორი ლამაზი სახელია, ძალიან ლამაზი. «ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს»… თქვენი სახელი ამ სიმღერას მაგონებს. და ძალიან ჰგავხართ ამ სიმღერის ჰანგებს, რომ იცოდეთ.
ლელი გაწითლდა.
_ ხომ არ გვეცეკვა? _ მამაკაცს ჯერაც ხელში ეჭირა მისი ხელი.
_ სიამოვნებით. _ გაუღიმა ლელიმ და მორჩილად გაჰყვა ახალგაცნობილს.
ზედიზედ ორჯერ იცეკვეს. შემდეგ მირიანმა ქალი თავის მაგიდასთან მიიპატიჟა და შამპანური შესვეს. მირიანი იონას მეგობარი და თანაკომპანიონი აღმოჩნდა.
აი, დამთხვევაც ამას ჰქვია.
_ შენ საიდან გაჩნდი აქ? ჩვენს რომელიმე ქსელში მუშაობ? _ გაუშინაურდა მამაკაცი.
ლელიმ უეცრად მოიწყინა, თავადაც არ იცოდა, რატომ.
_ მე აქ, შეიძლება ითქვას, სრულიად შემთხვევით მოვხვდი. საერთოდ, დიზაინერი ვარ, ლანდშაფტისა და ინტერიერის, იონამ დამპატიჟა.
_ ვა, მართლა? როგორი დამთხვევაა? აი, ისიც, ჩვენი საერთო მეგობარი! _ წამოიძახა მირიანმა და მათკენ მომავალ იონას ხელი დაუქნია.
_ შენ, ძმაო, თურმე როგორ ლამაზ გოგოებს შენთვის მალავ, მოყუჩებულში და ძმაკაცებს არ აცნობ. არ გაპატიებ, იცოდე! _ გაეხუმრა მირიანი მეგობარს.
_ სწორედ შენ უნდა დაგიმალოს კაცმა ლამაზი გოგოები, ისეთი მუსუსი ხარ, _ არც იონა დარჩა ვალში მირიანს, მერე კი მრავალმნიშვნელოვნად დაამატა, _ მით უფრო _ დაკავებული გოგოები. ჰო, მართლა, ლელი, რაღაც ვერ ვხედავ შენს პარტნიორს.
ლელიმ ვერაფერი უპასუხა, ერთი კია, ღაწვები გაუხურდა.
_ მის პარტნიორს დავასწარი და დროებით მოვტაცე ლელი. ხომ კარგად მოვიქეცი?
_ აი, თურმე რა ყოფილა, _ ირონიულად შენიშნა იონამ, _ მაშინ ახლა მე მოგტაცებ დროებით ამ ლამაზმანს და მასთან ვიცეკვებ, თუ ამის ნებას დამრთავს.
_ დაგრთავ! _ ჯიბრიანად წამოიძახა ლელიმ, ადგა და შარფი, რომელიც აქამდე დეკოლტეს უფარავდა, ხელის ერთი გაქნევით მხარსუკან გადაიგდო, რომ შიშველი მკერდი გამოეჩინა.
იონა წამით ადგილზე გაქვავდა. ისე უყურებდა ქალს, თითქოს პირველად ხედავდა, ან ხედავდა მასში ისეთ რამეს, რაც აქამდე არ ენახა.
_ წავიდეთ? _ ჩაეკითხა ლელი და მრავლისმეტყველად გაუღიმა.
შამპანური არ უყვარდა ლელის, არასდროს არ სვამდა. ახლა, უბრალოდ, ხათრი ვერ გაუტეხა მირიანს. ამიტომაც იყო, შეუჩვეველმა სასმელმა სწრაფად რომ გააბრუა და შეათრო. გონს მოსულმა იონამ ხელები ქედზე მოხვია ქალს და ნელა დაატრიალა. ლელის თავბრუ დაეხვა. ამწუთას სულ გადაავიწყდა თავისადმი მიცემული პირობა, რომ ამ კაცზე აღარასდროს ეფიქრა. როგორც კი მამაკაცი შეეხო, ლამის გონი დაკარგა სიამოვნებისაგან. ახლა სხვა აღარაფერი უნდოდა, გარდა იმისა, რაც შეიძლება დიდხანს ენებივრა მის მკლავებში.
_ რატომ შეყოყმანდი წეღან? გინდოდა, ჩემთან ცეკვა გადაგეფიქრებინა? _ ეშმაკურად ახედა ლელიმ.
_ არა, უბრალოდ, შენმა სილამაზემ გამომაშტერა.
ვითომ? _ გაიფიქრა ლელიმ. მეფლირტავება თუ დამცინის?
დარბაზში თავბრუდამხვევი მელოდია იღვრებოდა. წყვილიც თავბრუდამხვევად ცეკვავდა. «და მამაკაციც თავბრუდამხვევი», _ კვლავ ფიქრებმა წაიღო ლელი. იონასაც მოჰკიდებოდა სასმელი. იგი უფრო და უფრო იზიდავდა თავისკენ ქალს, დაუფარავად ეფერებოდა მის ზურგს და დაჟინებით ჩასცქეროდა თვალებში. ამ სიახლოვისგან ლელის გონება ერეოდა, გული გამალებით უცემდა. ლამის იყო, ფეხები მოკვეთოდა. თითქოს სანთლის გაუხდა სხეული, ნელ-ნელა იღვენთებოდა იონას მკლავებში. ახლა რომ ეთქვა მამაკაცს, ქვეყნის დასალიერამდე გამომყევიო, უყოყმანოდ დათანხმდებოდა.
მაგრამ მან მხოლოდ ეს თქვა:
_ წამო, ჰაერზე გავიდეთ, აქ ძალიან ცხელა. _ მერე მაჯაში ჩასჭიდა გოგონას ხელი და გაიტაცა.
ლელი არ გასძალიანებია, ნელა გაჰყვა უკან. აივანზე გავიდნენ. მუსიკის ხმა აქამდეც აღწევდა, მაგრამ ცოტა ხალხი ირეოდა. იონა არც აქ გაჩერდა, ქვემოთ ჩაუყვა კიბეს და ცოტა ხნის შემდეგ ორივენი მომცრო ბაღში აღმოჩნდნენ, სადაც უამრავი დეკორატიული ბუჩქი და ერთადერთი მაგნოლიის ხე იდგა.
_ აქ რატომ… _ დააპირა ლელიმ შეკითხვის დასმა, მაგრამ იონამ არ აცალა.
უცნაურად გიჟური ლტოლვით დააცხრა მის ტუჩებს, კოცნით დაუფარა ყელი, მკლავები, მკერდი… ლელის ძალა აღარ შერჩა, წინააღმდეგობა გაეწია მისი ველური ჟინისთვის. ქალი დაჰყვა მის ნებას და გრძნობდა, რამდენად ტკბილი და ჩამთრევი იყო ეს ალერსი. მოულოდნელად მამაკაცმა ხელი შეუშვა, ისეთი მკვეთრი მოძრაობით მოიცილა, რომ ლელიმ გააზრება ვერ მოასწრო. ქალმა წონასწორობა დაკარგა და წატორტმანდა. იონას ხელს რომ არ დაყრდნობოდა, იქვე წაიქცეოდა.
_ რა იყო? _ ამის კითხვაღა მოახერხა.
მამაკაცმა ნელა შეათვალიერა.
_ მაპატიე, ლელი, _ თქვა მან და მცირე პაუზის შემდეგ გაიმეორა, _ მაპატიე… წამოდი, შენს მაგიდასთან მიგიყვან.
ლელი ვერ მიხვდა, რა ხდებოდა. როგორც ჩანს, სუფთა ჰაერმა იონა გამოაფხიზლა და მიახვედრა, რომ სისულელეს სჩადიოდა. ალბათ მაშო გაახსენდა და ინანა, რაც ჩაიდინა. ლელის კი სულაც არ გახსენებია მაშო. კიდევ კარგი, მათ შორის რომელიღაცას მაინც შერჩა აზროვნების უნარი. აჯობებს, სოსო იპოვოს და აქაურობას გაეცალოს, სანამ არაფერი გაუფუჭებია.
სოსო ისეთი მთვრალი იყო, ძლივს იდგა ფეხზე. როგორც კი მოახლოებული ლელი და იონა დაინახა, უაზრო მზერა მიაპყრო იონას და ლუღლუღს მოჰყვა:
_ იონა, არა? ჰო, იონა… ისე, რომ იცოდე, ეს ჩემი ქალია… გაიგე, ბიჭო? გეკითხები, გაიგე-მეთქი?
იონამ დამცინავი მზერა შეავლო მოლუღლუღეს, მაგრამ პასუხი არ გაუცია. იგი ლელის მიუბრუნდა:
_ შენს მეგობარს ვუბრუნებ შენს თავს, უვნებელს და თითდაუკარებელს.
როგორ შერცხვა ლელის. რამხელა ცინიზმი გამოსჭვიოდა იონას ნათქვამში! დამპალი სოსო! ღორივით გამოთვრა და რას ლაპარაკობს, არ ესმის. ღმერთო, რა ცუდად მოიქცა ბაღში. იონა რომ არ გაჩერებულიყო, ეგრევე, იქვე გაუწვებოდა, მაგნოლიის ძირში. რას იფიქრებს ის კაცი? ქუჩის ქალივით მოიქცაო, არ იტყვის? კიდევ კარგი, იონასთან მუშაობას მალე ამთავრებს. ერთი-ორჯერ თუ მოუწევს აწი მასთან შეხვედრა და მორჩა, ცხოვრებაში ახლოსაც არ გაეკარება. ამ ყველაფერს კი როგორმე გადაიტანს, დაივიწყებს, რაც მოხდა.
ლელი სოსოს მხარში შეუდგა და გასასვლელისკენ გაემართა. მამაკაცი ძლივს მოათრევდა ფეხებს. კიდევ კარგი, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ზოგი ცეკვით იყო გართული, ზოგი სმით ან ლაპარაკით.
ის იყო, თითქმის გადაკვეთეს დარბაზი, რომ სოსო ერთიანად მოეშვა და ლელიმ ვეღარ შეძლო მისი დაჭერა. ცოტაც და, მამაკაცთან ერთად ისიც იატაკზე მოადენდა ზღართანს. სასოწარკვეთილმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, არ იცოდა, რა ექნა. ახლა ყველა მას შემოხედავდა და საქვეყნოდ მოეჭრებოდა თავი. მოულოდნელად ვიღაცის ძლიერმა მკლავებმა დაიჭირა ქალი და ზეზე წამოაყენა.
_ ლამაზო ქალბატონო, დაცემა აუცილებელი არ არის. მოდით, დაგეხმარებით.
ლელიმ თავი ასწია და რამაზ ნიშნიაძე შერჩა ხელთ. მის თვალებში ლელიმ დაცინვა ვერ ამოიკითხა. პირიქით, მამაკაცი კეთილად უღიმოდა.
_ არა უშავს, ხდება ხოლმე, ვინ არ დამთვრალა. წამოდი, გავიყვანოთ გარეთ, _ რამაზი მის გამხნევებას შეეცადა.
_ მადლობა, _ ძლივს მოიკრიბა ძალა ქალმა მადლობის გადასახდელად.
როგორც იქნა, გაიყვანეს სოსო გარეთ და კი არ ჩასვეს, ჩადეს ტაქსიში. ლელიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ნიშნიანიძეს.
სწორედ ამ დროს შეამჩნია ლელიმ, როგორ დაჟინებით დასჩერებოდა მამაკაცი მის დეკოლტეს. ლელი შეიშმუშნა, ყელზე შემოხვეული შარფი ჩამოუშვა და შიშველი გულისპირი დამალა.
_ რა გქვია, ლამაზო ქალბატონო?
ღმერთო ჩემო, ეს კაცი რა, შებმას ხომ არ უპირებს? ესღა აკლდა. როგორ არ ერიდება ამ ხნის კაცს, შვილისტოლა გოგოს რომ ეფლირტავება?
მოულოდნელად რესტორნის ჭიშკართან იონა დალანდა, ალბათ მათ თუ ადევნებდა თვალს.
_ დიდი მადლობა დახმარებისთვის, მართლა დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, _ ჩქარ-ჩქარა მიაყარა მამაკაცს და სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში.
უცნაური რაღაც ხდებოდა… და დიდი ხანია, ეს უცნაური რაღაც ხდებოდა. თავიდან ცდილობდა, არ მიექცია ამისთვის ყურადღება, გამოერთო ემოციების ღილაკი და საღი გონების ჩაერთო. ამაოდ. მასზე ფიქრი არ შორდებოდა, მის აზრებში უფრო და უფრო მეტი სიხშირით ფიგურირებდა იგი, თანაც, ყველაზე არახელსაყრელ მომენტებში. მაგალითად, როცა თათბირზე იჯდა, ან როცა მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებდა ამა თუ იმ კომპანიის ხელმძღვანელთან. და იონა იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ ის, ოცდათორმეტი წლის იონა ნემსაძე, მსხვილი ბიზნესმენი, მყოფი სრულ გონებაზე და ჯანსაღი აზრის მატარებელი, პატარა ბიჭივით იყო შეყვარებული. დიახ, სწორედ ასე. მსგავსი გრძნობა მხოლოდ თხუთმეტი წლის ასაკში გამოსცადა, როცა პარალელური კლასელი გოგონა შეუყვარდა. რა თქმა უნდა, მაშინ სიყვარულში გამოტყოდა ვერ გაუბედა, მაგრამ სამაგიეროდ, ლექსებს უწერდა, რომელიც იმ გოგონას არასდროს წაუკითხავს, რადგან იონას არავისთვის უჩვენებია იგი. ის გოგონა იონასთვის ოცნებასავით იყო _ ლამაზი და მიუწვდომელი. ასეთადვე დარჩა დღემდე მის წარმოსახვაში.
შემდეგ იყო გატაცებები, ლტოლვა, სიმპათიები, გართობა, სურვილები… როგორც ნებისმიერ ნორმალურ მამაკაცს, მასაც ჰყავდა ქალები. მაგრამ ის შეგრძნება, ნათელი, წმინდა და სუფთა სიყვარულის, აღარ განმეორებულა. არც ეგონა, ოდესმე თუ განმეორდებოდა. ასეთი რამეები მხოლოდ ახალგაზრდობაში ხდება და ახალგაზრდობასთან ერთად გადის. ხოლო ოცდახუთი და, მით უფრო, ოცდათორმეტი წლის ასაკში, წესით, სხვა საზრუნავით იტვირთება გონება. მის ცხოვრებაში კი საოცრება მოხდა და ის, რაც მოზარდობისას მეხსიერებაში ტკბილად და მიუწვდომლად დარჩა, კვლავ განმეორდა.
ამ ასაკში მისი ხასიათი ორი რამით იყო გაკაჟებული. ერთი მხრივ ეს იყო ბიზნესი, მეორე მხრივ _ სპორტი. თავის დროზე პროფესიონალ წყალბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ ჩაება თუ არა მამის ბიზნესში, წყალბურთს თავი დაანება და მთლიანად საქმეში ჩაეფლო. ისე, ცურვისთვის თავი არ დაუნებებია, საჭირო დოზით ადრენალინის გამოყოფა მისთვის დღესაც მთავარ პირობად რჩება, ამიტომ ხშირად სტუმრობს საცურაო აუზებს, ზღვებს თუ ოკეანეებს. ბიზნესმა და სპორტმა ისიც კი ასწავლა, როგორ აიყვანოს თავი ხელში კრიზისულ სიტუაციებში, თან ისე, რომ წონასწორობა არ დაკარგოს და გულგრილობა შეინარჩუნოს.
ჰოდა, როცა მიხვდა, რომ შეყვარებული იყო, ლამის შოკში ჩავარდა. აბა რა დაემართებოდა, როცა ხედავდა, რომ ხანდახან სწორედ გადამწყვეტ მომენტებში ეფანტებოდა გონება და კარგავდა საღ აზროვნებას…
ეს ყველაფერი კი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. სწორედ იმ დღეს, როცა ოფისიდან გამოსულმა სასწრაფოდ სადმე წახემსება გადაწყვიტა. ორი ღამის უძინარი ფეხზე ძლივს იდგა.
ნელა დაუყვა ალვის ხეების ხეივანს, რომლის ბოლოში პატარა, მყუდრო კაფე ეგულებოდა. შეფიქრიანებულმა მოულოდნელად რაღაცას გაკრა ხელი და თითქოს ფიცრის დავარდნის ხმა გაისმა…
შემცბარმა გვერდზე გაიხედა და დაინახა, რომ მიწაზე მოლბერტი ეგდო. იონა სწრაფად დასწვდა მოლბერტს და თავის ადგილას დააბრუნა. სწორედ ამ დროს შეამჩნია დოინჯშემოყრილი გოგონა, რომელიც გაკვირვებული შესცქეროდა.
_ მაპატიეთ, ვერ შევამჩნიე, _ მოუბოდიშა უცნობს მამაკაცმა, ამავე დროს გაიფიქრა, «ვისაც გაუხარდება, ყველა აქ დაყიალობს, ვითომ დიდი მხატვრები იყვნენ და შედევრებს ქმნიდნენ… ისე, ეს მშვენიერი არსებაა, ვერაფერს იტყვი, ტანი, მკერდი, ფეხები… ოჰოოო».
_ თქვენც მაპატიეთ, _ უხერხულად გაუღიმა გოგონამ, _ ცოტა აქეთ უნდა გამომეწია, რომ გამვლელთათვის ხელი არ შემეშალა, ვხვდები, რომ ჩემი ბრალია, ვერ გავითვალისწინე.
_ არა უშავს, ხდება, _ შემრიგებლური ტონით მიუგო იონამ, რადგან გაბრაზება წამში სადღაც გაქრა.
გოგონას გაღიმებისას ლოყებზე ფოსოები დაასხდა, რამაც თავბრუ დაახვია მამაკაცს. გიჟდებოდა ქალებზე, რომლებსაც გაღიმებისას სადღაც მიმალული ფოსოები უჩნდებოდათ. მოუნდა, ასე მდგარიყო და ეცქირა ამ ლამაზმანისთვის, როგორც ხელოვნების ნიმუშისთვის. რა თქმა უნდა, თექვსმეტი წლის რომ ყოფილიყო, ალბათ ასედაც მოიქცეოდა, მაგრამ ის მაშინ ოცდაათის გახლდათ. სოლიდურ ბიზნესმენს კი არ შეშვენოდა ქუჩაში შემთხვევითი გამვლელი გაეცნო და «ვერტერის ვნებანი» ეთამაშა. ისღა დარჩენოდა, თავადაც გაეღიმა პასუხად და გზა განეგრძო.
როცა უკან ბრუნდებოდა, კვლავ შეამჩნია გოგონა. მას გზიდან მოშორებით გადაენაცვლებინა, თავი მოლბერტისკენ დაეხარა და ხატავდა. გულმა არ მოუთმინა და მიუახლოვდა… ეს იყო თითქმის დასრულებული ნახატი _ თბილისური გაზაფხულის პეიზაჟი _ აყვავებული იასამნები, მრავალსართულიანი კორპუსები და ქუჩაში მიმავალი ადამიანები. ცასაც თითქოს იასამნისფერი დაჰკრავდა. ლამაზი სურათი იყო, იონა თვალს ვერ წყვეტდა ნახატს. გოგონა ხატვას განაგრძობდა, იგი ირგვლივ ვერაფერს და ვერავის ამჩნევდა.
იონას ამჯერად აღარ შეუწუხებია უცნობი მხატვარი. უჩუმრად გაეცალა გოგონას და გზა გააგრძელა.
მას შემდეგ ამ ხეივანში რამდენჯერმე მოუწია გავლამ, მაგრამ გოგონა არ გამოჩენილა. ცოტა არ იყოს, ნანობდა, რომ არ გაიცნო და ტელეფონის ნომერი არ გამოართვა, ან ვახშამზე არ მიიპატიჟა. მთლად დარწმუნებული არ იყო, რომ გამოუვიდოდა ან ერთი, ან მეორე, მაგრამ მცდელობას წინ რაღა ედგა? ახლა კი უკვე გვიან იყო. ლამაზი მხატვარი გაქრა, თითქოს ცამ ჩაყლაპაო, დროთა განმავლობაში კი მისი სახეც წაიშალა მისი მეხსიერებიდან.
_ იონა, შენ ეს უნდა ნახო! _ ეჩიჩინებოდა მაშო, _ უკეთეს ადგილს ვერ იპოვი. თანაც, არც ისე ძვირია, ეჩქარება პატრონს და იაფად ყიდის. მართალია, რემონტი ძვირი დაგიჯდება, მაგრამ საგურამო ამად ღირს, დამიჯერე, რა.
_ კარგი, თანახმა ვარ, _ დანებდა იონა, _ ასი წელია, ქალაქგარეთ სახლის ყიდვას ვაპირებ და თავი ვერ მოვაბი. რატომაც არა? იყოს საგურამო, მართლა მაგარი ადგილია, გეთანხმები.
და აი, ასე, სწორედ დის დაჟინებული თხოვნით შეიძინა იონამ საგურამოში კარ-მიდამო. სახლის რეკონსტრუქციას მაშინვე შეუდგა. ერთსართულიანი აგურის სახლი ორსართულიანად აქცია და ვილას დაამსგავსა. ამ საქმეს მთელი ორი წელიწადი დასჭირდა, მაგრამ შედეგი ლოდინად ღირდა. გარდა ამისა, საჭირო იყო ეზოს მოწესრიგება, დასაწყისში თუნდაც მხოლოდ ფასადის. იცოდა, რომ ამისთვის ლანდშაფტის დიზაინერისთვის უნდა მიემართა. შევიდა ინტერნეტში და კანდიდატურის ძებნას შეუდგა. რამდენიმე მისამართმა ფეისბუკში გადაიყვანა. არც ისე ცოტა აღმოჩნდა ამ საქმით დაკავებული. ყველას ნამდვილად ვერ დაათვალიერებდა, ამის დრო არ ჰქონდა, ამიტომ ამორჩევითი პრინციპით ჩაუყვა გრძელ სიას. განსაკუთრებით ერთმა დასახელებამ დააინტერესა «ია-სამანი». ეს ერთი სიტყვა მრავლისმეტყველად ეჩვენა _ ერთდროულად ყვავილსა და ქვას დაუკავშირა. წამით წარმოიდგინა ქვებს შორის ამოსული იები და ირგვლივ იასამნის ბუჩქები. გარდა ამისა, თვითონ დასახელებამ სწორედ ის მხატვარი გაახსენა, მოლბერტი რომ წაუქცია და რომელიც იასამნებს ხატავდა ხეივანში. ფეისბუკზე დიზაინერის მხოლოდ ნამუშევრები იდო. გემოვნებით გაკეთებული რამდენიმე ეზო მაშინვე თვალში მოხვდა. ბევრი არ უფიქრია, იქვე მითითებული ტელეფონის ნომერი ამოიწერა, დარეკა და ავტორი მეორე დღეს საგურამოში შეხვედრაზე დაითანხმა.
დიზაინერი, მისდა მოულოდნელად, პუნქტუალური აღმოჩნდა, ერთი წამითაც არ დაუგვიანია. სანამ მოვიდოდა, ხუთი წუთით ადრე დარეკა, ახლოს ვარ და თუ შეიძლება, ჭიშკართნ დამხვდით, რომ ადვილად მოგაგნოთო.
მამაკაცი მაშინვე გარეთ გავიდა.
_ იონა ნემსაძე, _ წარუდგინა თავისი თავი.
_ ლელი ალანია, _ გაისმა პასუხად.
ის არის, თუ არ არის? როგორც კი გოგონა დაინახა, მხოლოდ ეს აზრი აეკვიატა. მას ბუნდოვნად ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა ხეივანში ნანახი მხატვარი. არადა, ეს დიზაინერი რატომღაც მას მიამსგავსა. განსხვავება ის იყო, რომ ის გოგონა გამხდარი იყო, თვალებციმციმა, რითიც მოიხიბლა მაშინ, ეს კი პუტკუნა გახლდათ, ასაკითაც უფროსი და რაღაცნაირად შეწუხებულსახიანი. თუმცა ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ადამიანი სამუშაოდ მოვიდა და არა მასთან ფლირტის გასაბმელად, რა დროს მარჩიელობა იყო? ამიტომ იონამ იგი შინ შეიპატიჟა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. საქმე კი ეზოს დათვალიერებით დაიწყო…
ლელის ერთობ პრაქტიკული აზროვნება აღმოაჩნდა. ისეთი რამეები შესთავაზა იონას, მამაკაცი გაოცდა. მინიმალური დანახარჯებით გოგონა მაქსიმალურად ლამაზ დიზაინს ჰპირდებოდა. მონახაზი წამში, მის თვალწინ გააკეთა. როცა საქმეს მორჩნენ, მამაკაცმა გოგონა სადილად მიიპატიჟა. საუბარი სხვა თემებსაც შეეხო. ლელის სხვა მხრივაც მოწესრიგებული ჰქონია ცხოვრება. ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, ვინმე სოსო, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობდა. მართალია, იონას დიდად არ აინტერესებდა დიზაინერის პირადი ცხოვრება, მაგრამ ეტიკეტს გვერდს ვერ აუვლიდა, ზრდილობის გულისთვის ვალდებული იყო, მოესმინა მისთვის და შიგადაშიგ რეპლიკებიც მოეშველიებინა, როგორიცაა, მაგალითად «კარგი», «ყოჩაღ», «მშვენიერია», «აბა რა», «სასიამოვნოა»…
და აი, გაცნობიდან ორ საათში ლელი უკვე იონას ავტომობილში იჯდა და თბილისიდან კვლავ საგურამოში ბრუნდებოდა. რატომ მოიქცა იონა ასე? მხოლოდ იმიტომ, რომ დრო არ დაეკარგათ და რადგან ლელის ამ ეტაპზე სხვა შეკვეთა არ ჰქონდა, დროზე შესდგომოდა საქმეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მან ლელი თბილისში ჩაიყვანა, ჩემოდანი ჩაალაგებინა და მაშინვე უკან წამოიყვანა.
გაგრძელება იქნება