ყველა გაღიმებული უჯდა სუფრას. ლაკოს მაინც მოუწია ფრიდონისთვის ყველაფრის ახსნამ. ეს უკანასკნელიც შეურიგდა სიტუაციას და მართალია, არ იღიმოდა, მაგრამ მაინც ზრდილობიანად უქნევდა თავს დაუპატიჟებელ სტუმრებს და უხერხული მოძრაობით ავსებდა ცარიელ ჭიქებს. ლაკო კი ემოციურად ჰყვებოდა დღის ამბავს:
- ლელის ოთახში შევედი, ვიფიქრე, ისევ ხომ არ სძინავს-მეთქი. უცებ იატაკზე რაღაც ქაღალდი დავინახე. გავხსენი და პირკატა მეცა, მიმართვა იყო აბორტზე. კინაღამ ჭკუიდან შევიშალე. გარეთ გავვარდი, იქნებ კლინიკაში მივუსწრო-მეთქი. ამ დროს მანქანა გაჩერდა ჭიშკართან და რამაზი დავინახე. ჩქარა, ჩქარა, კლინიკაში, აბორტს იკეთებს-მეთქი, ვიყვირე. როგორ თუ აბორტსო, ვიღაც ბიჭი გადმოხტა უკნიდან. ეგრევე ყველანი ჩავსხედით მანქანაში და ვერ გეტყვი, რა სიჩქარით გავქანდით, - აკისკისდა ლაკო. - იონა მანქანაში გავიცანი. რამაზმა რომ მითხრა, ლელის საქმროაო, გავოცდი, ამისთანა ბიჭზე როგორ თქვა უარი ჩემმა შვილმა-მეთქი.
- ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს, რომ ვერ მიგვესწრო, - თქვა იონამ და ლელის გახედა.
- ჩემი ბრალია ყველაფერი, მე დავაგვიანე სათქმელი. - თავი გააქნია რამაზმა.
ამ დროს ლელის ფეხზე ლეკვი მიელამუნა. გოგონამ ხელში აიყვანა იგი.
- ჩემი ფუმფულა… რა ვქნა, რა დაგარქვა სახელი?
- შენთვის სიმძიმის აწევა არ შეიძლება, - შენიშნა იონამ.
ლელიმ მორცხვად გახედა.
- რა მძიმე ეს არის, იო, ბუმბულივით მსუბუქია.
- მოდი, სოსო დავარქვათ, - ეშმაკურად მოჭუტა თვალები იონამ.
- იო! - საყვედურიანი მზერით შეხედა ლელიმ.
- კარგი, ჰო, ვიხუმრე. ზედმეტად შეურაცხმყოფელია ეს სახელი ამისთანა კეთილშობილი ცხოველისთვის. მოდი, რახან ხვადია…
- მაქსი დავარქვათ, - დაასწრო ლელიმ და ყველას გაეცინა.
ჰაერში თითქოს სიყვარულის სურნელი დატრიალდა.
ცოტა ხნის შემდეგ იონამ თვალებით ანიშნა ლელის, გარეთ გავიდეთო. ქალი უსიტყვოდ დაეთანხმა, ერთი სული ჰქონდა, საყვარელ მამაკაცთან როდის განმარტოვდებოდა.
ლელის ოთახში გავიდნენ.
- როგორ მომენატრე, მოდი ჩემთან, - ჩურჩულით გაიწვდინა ქალისკენ ხელები იონამ.
ლელი სუნთქვაშეკრული მიესვენა მამაკაცის მკერდს და ხელები კისერზე შემოხვია, თან თვალებაციმციმებული დააკვირდა მარჯვენა ხელის არათითს, რომელზეც ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი უბრწყინავდა. იგი ჯერ კიდევ კლინიკაში წამოაცვა იონამ თითზე სიტყვებით - «უარის თქმა არ მიიღება». ამის გახსენებაზე ბედნიერებისგან თავბრუ დაესხა…
თვითმფრივიდან ჩამოსულებს ქეთი და მიკი დახვდნენ. მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ. სანუკვარი თაფლობის თვე გამოუვიდათ. ორი კვირა გაატარეს ჰავაიზე და ჩამოფრინდნენ. ერთი ეგ იყო, იონა სულ თავზე დაჰფოფინებდა, ზედმეტად არ იმოძრაო, დიდხანს არ დაყოვნდე მზეზე, ცუდად არ გახდე, ტემპერატურამ არ აგიწიოს… ისე ექცეოდა, თითქოს თვითონ ექიმი ყოფილიყო, ლელი კი პაციენტი. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მის ორსულობას საფრთხე არ დამუქრებია.
- კარგად გრძნობ თავს? - მთელი გზა ერთსა და იმავეს ეკითხებოდა იონა ალბათ მეასედ.
- ძალიან კარგად, - ალბათ მეასედ პასუხობდა ლელიც.
მართლაც უცნაური იყო. არა გულისრევის შეგრძნება, არა თავბრუსხვევა, არაფერს შეუწუხებია ამხელა გზაზე.
- როგორ მიხარია შენი ბედნიერება, - ეხუტებოდა ქეთი, - ხომ გეუბნებოდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი?
მიკიმ ღიმილით გაუწოდა თაიგული.
- ეს მომავალ დედას და უდიდეს კონსპირატორს. ლამის ვაწამეთ ქეთი, შენი მისამართი რომ გამოგვეტყუა. ესეც კარგი ჯიუტი ვინმეა, რომ იცოდე.
ლელიმ გაიცინა და მამაკაცს ყვავილები ჩამოართვა.
- აქედან პირდაპირ რამაზთან მივდივართ, გველოდება, - გამოაცხადა მიკიმ, როცა აეროპორტის შენობიდან გამოვიდნენ და მანქანაში ჩასხდნენ…
ჭიშკართან მაშო იდგა და იცდიდა. მანქანის დანახვაზე ხელების ქნევას მოჰყვა.
- როგორ არის ჩემი დისშვილი? ხომ არ გაწვალდა უცხო ქვეყანაში? - მაშო ლელის გადაეხვია.
- კარგადაა, რა უჭირს.
- ძალიანაც კარგი, მაშინ შევიდეთ სახლში, მამა გველოდება…
ეპილოგი
ორი კვირაა, რაც იმშობიარა. საღსალამათი ბიჭი გააგორა, თეთრი, ცისფერთვალება და ბუთხუზა. როგორ უნდოდა, დედა დახმარებოდა პირველ ხანებში და სურვილი აისრულა. ლაკო ჩამოვიდა და სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ გვერდიდან არ მოშორებია. ლაკოს მხოლოდ მაშინ აკარებდა პატარა ვანიკოს (იონამ შვილს ნამდვილი მამის სახელი დაარქვა), როცა ჭამა უწევდა. კიდევ კარგი, რძე ჩაუდგა და ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა არ მოუხდა. დაბანითაც კი ლაკო ჰბანდა ჩვილს.
საღამო ხანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ აპრილი იდგა, საგურამოში მაინც ციოდა. ცა საწვიმრად გამზადებულიყო, შავი ღრუბლები დაბლა და დაბლა მოიწევდნენ. ლელიმ ჟაკეტი მოიხურა და აივანზე გავიდა. თვალებით ქმარს დაუწყო ძებნა. უეცრად ქარმა დაუბერა, გაისმა გრუხუნი და წვიმამ დაუშვა. იონა ავტოფარეხიდან გამოვიდა და სწრაფი ნაბიჯებით გამოემართა სახლისკენ.
როგორც ყოველთვის, ქმრის დანახვაზე კიდევ ერთხელ აიტაცა ბედნიერების შეგრძნებამ. აი, ის, მისი ოცნების მამაკაცი, საყვარელი, სასურველი იო… განა შეეძლო მის გარეშე ცხოვრება? რა კარგია, რომ ამაზე ფიქრი არ უწევს. გაახსენდა, როგორ ნატრობდა ბავშვობაში იონასა და მაშოს სიკვდილს. რა ბედნიერებაა, ღმერთი ყველა თხოვნას რომ არ უსრულებს ადამიანებს…
უყურებდა ქმარს და თავისთვის ჩურჩულებდა - «შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე. ჩვენ მოვიგეთ თამაში ბედისწერასთან, ჩვენ გავიმარჯვეთ».
ღიმილით გამოაყოლა თვალი ქმარს - ყველა მამაკაცზე უკეთესს მთელ სამყაროში. იგი თავდახრილი მოუყვებოდა ხეივანს. ლელის წამით სუნთქვა გაუჩერდა - გაახსენდა ის საღამო, როცა პირველად იხილა მსგავსი სურათი სწორედ აქ, ამ ხეივანში - ნეონის ნათურების შუქსა და ირიბი წვიმის ვერცხლისფერ წვეთებში იონა ისე უცნაურად გამოიყურებოდა, სხვა პლანეტიდან ჩამოფრენილს ჰგავდა. იო მასთან მოდიოდა!
დასასრული