ივლისის თვე იყო, შაბათი დღე. ქეთი საწოლზე წამოგორებულიყო და თენგოსთან მუსაიფობდა ტელეფონზე. შემხვდიო, ეხვეწებოდა კავალერი. გოგო უარზე იდგა. ისე გადაერთო ზეზვაზე ფიქრით, სხვისი თავი არ ჰქონდა. არა, თენგო არ არის დასაწუნი ბიჭი, მაგრამ… სად ის და სად ზეზვა! რა შედარებაა! ზეზვა ჩამოყალიბებული მამაკაცია, იცის ქალის ფასი. ამასთან, მშობლებიც (ორივე მხრიდან) ძა-ან, ძა-ან არიან მოწადინებულები მათი შეუღლებით. მერე რა ცხოვრება ექნება! პირდაპირ ელიტურ საზოგადოებაში ამოყოფს თავს. ქმარი რომ ბანკირი გეყოლება, რა სჯობია! გადასარევია. ასეთი შემთხვევის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ჰოდა, დროა, შეეშვას ამ «შემთხვევით თავგადასავლებს». არც დღეს და არც არასდროსო, საბოლოოდ ჩასძახა ქეთიმ ყურმილში და ტელეფონი დაკიდა.
- ესეც ასე-ე-ე! - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა, ლოგინზე გადაწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.
სად არის ახლა სესილი, ვიღაცას ხომ უნდა მოუყვეს, რა «გმირობა» ჩაიდინა ერთი წუთის უკან? საბრალო თენგო! ვინ იცის, თავი ბალიშში აქვს ჩარგული და პატარა ბავშვივით ბღავის. ამ დროს სესილმა შემოაღო კარი.
- სესი, შენა ხარ? მოხვედი უკვე? - ქეთიმ ლოგინიდან წამოიწია.
- ჰო, - უხალისოდ უპასუხა სესილმა და ჩანთა დაუდევრად მიაგდო სავარძელზე.
- რა დაგემართა? მოხდა რამე? - ქეთის არ მოეწონა დის სევდით დაბინდული თვალები.
- მოხდა, - ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა ქალმა, - ლადოს ვეჩხუბე, - თქვა და ღონემიხდილი საწოლზე ჩამოჯდა.
- კაი ერთი! როგორ მოხდა, თქვენ რომ იჩხუბეთ? მსგავსი რამ ჯერ არ გამიგონია?! -გაუკვირდა ქეთის, ფეხები მოკეცა, ხელებში მოიმწყვდია და ცნობისმოყვარედ მიაჩერდა დას.
- აღარ შემიძლია მეტი. დავიღალე ასეთი ცხოვრებით, - აქ წამით შეჩერდა. მერე ნახევრად ქეთისკენ შეტრიალდა და აღშფოთებულმა გააგრძელა, - სამ კვირაზე მეტია, ერთმანეთი არ გვინახავს. არც მირეკავს, არც მოდის, შორიდანაც არ მკითხულობს. არ ვიცი, რა ემართება. აუტანელია ასეთი უყურადღებობა. უყურადღებობა კი არა, სრული იგნორირება. თითქოს არ ვარსებობ, თითქოს არაფერს წარმოვადგენ… მე… სულ არ აწუხებს უჩემობა, - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა სესილი. ბოლოს ხელი ჩაიქნია და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა.
- იქნებ პრობლემები აქვს? - სცადა მისი დამშვიდება ქეთიმ.
- მერე მითხრას მაგ დალოცვილმა. მე რა, გამქცევი ვარ სადმე-ე, შევაწუხებ ჩემი არსებობი-ით, სახლში მივუვარდები-ი, ისტერიკებს ავტეხავ, თუ რა! - ვარიანტების ჩამოთვლისას თითებს კაკვავდა სესილი, - მე დამესიზმრება, თუ რაღაც აწუხებს? თქმის ღირსადაც არ გამხადა. არ მომწონს ბოლო ხანებში. შეიძლება სხვაც კი გაიჩინა, მე რა ვიცი! - ცალი თვალი მოჭუტა და თითქოს საშინელება გაიფიქრაო, თავზე წაივლო ხელები.
- კარგი რა, ნუ დაიწყე. შენ სამი წლის წინაც ასე ფიქრობდი, მაგრამ ტყუილი გამოდგა.
- სამი წლის წინ სხვანაირად იყო. ახლა რაღაც შეიცვალა… შეიძლება მოვბეზრდი კიდეც.
- ეგ არ არის გამორიცხული. ხუთი წელი ერთი და იგივე ქალი კი არა, ხაჭაპური მოგბეზრდება ადამიანს, - არ გამორიცხა «საშიში ვერსია» ქეთიმ.
- იქნებ გამოჩნდა ვინმე ბინიანი, მანქანიანი, ფულიანი… კაცებს მეტი რა უნდათ…. მე კიდევ განათხოვარი, ვის რაში ვჭირდები. არადა, მიყვარს, - წაიკრუსუნა საცოდავად და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ნებაზე მიუშვა.
- ვითომ, თუ ასეა, შენთვის მეტი შეღავათი იქნება? მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მობეზრდი თუ სხვა გაიჩინა. მთავარი ის არის, რომ შენთვის ყველა მიზეზი ერთმანეთზე უარესი იქნება. კარგი, ნუ იწამებ თავს. ო-ო-ჰ! დაიწყო ახლა ისტერიკები. ვისი გულისთვის ტირი, გოგო, ნუ გადამრიე! კაცის გამო ტირილი გამიგია? ნახე რა, შენც საქმე! - დაუცაცხანა უმცროსმა.
- შენ რა გენაღვლება, მოწყობილი გაქვს ცხოვრება. აბურთავებ ამ ბიჭებს, როგორც გაგიხარდება. ერთი მოგწყინდება და მეორეს ნახავ. მე კი შევჩერებივარ ამ ერთს და ცეცხლზე შემოდგმულ რძესავით სულს ვუბერავ, არ გამექცეს-მეთქი, - მოიწმინდა ცრემლები სესილმა და ჯიშიანი ფეხები ერთმანეთში გადახლართა, - შიშისა და ტკივილის მეტი არაფერი განმიცდია. გამუდმებით ერთსა და იმავეზე ფიქრი - არ მოვწყინდე, სხვა არ შეუყვარდეს…. ადრე იმას მაინც მეუბნებოდა, მიყვარხარო, ახლა საერთოდ არ იღებს ხმას. სულ ამოაგდო ეგ სიტყვა ლექსიკონიდან…. რა მეშველება? შენ ჩემზე ჭკვიანი ხარ, მირჩიე რამე, - სესილი დას გვერდით მიუწვა, თავი მკერდზე დაადო და წიწილასავით მოიბუზა.
ქეთიმ თავზე გადაუსვა ხელი, თმაზე აკოცა.
- ეს ყველაფერი დროებითია, სესი. ეტყობა, მართლა რაღაც სჭირს, თორემ ასე არ მოიქცეოდა. აცალე ცოტა, ნუ შეეხმიანები და ნახავ, თავისი ფეხით მოვა. ისე მოაჩვენე თავი, თითქოს სულ არ გაინტერესებს. კაცებს აგიჟებთ ქალის უყურადღებობა, ხომ იცი.
- დავიღალე. მიცვალებულივით დავდივარ და ველოდები, როდის გამაცოცხლებს ვიღაც. ვერ წარმოიდგენ, რა დღეში ვარ. გუშინ გადავწყვიტე, აღარ ვიფიქრებ მასზე-მეთქი, მაგრამ არ გამომივიდა. თითქოს ლოდი მაწევს გულზე, სუნთქვა მიჭირს პირდაპირ.
- დაწყნარდი. როგორც გითხარი, ისე გააკეთე. ნუ შექმნი აქედან ტრაგედიას. რაც მეტს დაძაბავ სიტუაციას, მით უფრო გაართულებ საქმეს, - ქეთიმ ისევ გადაუსვა თავზე ხელი.
უცებ ტელეფონი აწკრიალდა.
- მე მირეკავენ, - წამოხტა სესილი და ტელეფონს ეცა.
- ალო! დიახ… გამარჯობა, ზეზვა… არა მიშავს, შენ? - სესილი ზეზვას ელაპარაკებოდა, თან ქეთის მისჩერებოდა, - კი, აქ არის. ახლავე, - და მრავალმნიშვნელოვანი მზერით გადააწოდა დას ყურმილი.
- ბატონო! - ზედმეტად გაინაზა ხმა ქეთიმ.
- …
- კარგი, ამოვალ, - და გოგონას ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- რაო? - ჩუმად ჰკითხა სესილმა.
- ჩემთან ამოდიო. მარტოა სახლში.
- გაგიჟდი?! არ იცი მაგის ამბავი? ემანდ არ…
- მოიცა, რა. მაგის ჩიტი ვარ მე? ავალ, ვნახოთ ერთი, რას მეტყვის.
- ქეთი, ფრთხილად იყავი. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, ხომ იცი, - სიფრთხილე გაისმა სესილის ხმაში.
- არ მოიტანს და ნუ მოიტანს. სად გამექცევა. გამოვუჯდები შინ და მიყაროს კაკალი, -გამომწვევად აიჩეჩა მხრები ქეთიმ და წამოდგა, - ჩვენს დედებსაც ეგ უნდათ.
- ნუ სულელობ. უსიყვარულოდ როგორ უნდა გაჰყვე ცოლად, ხომ არ გაგიჟდი!
- სიყვარული აბრმავებს ადამიანს, ჩემო კარგო. მე კი სულაც არ მინდა დაბრმავება. მინდა, საღი თვალებით ვუყურებდე ყველაფერს, - სიცილით თქვა ქეთიმ და სარკის წინ დატრიალდა.
მოკლე სარაფანი ეცვა, უსალტეებო, მხრებმოშიშვლებული. ნელა გადაივარცხნა მოკლე თმა და სარკეში შეათვალიერა თავი.
- ასე რომ ავიდე, რა უჭირს?
- მთლად შიშველი ხარ მასე.
- მით უკეთესი, - ისევ გაიცინა ქეთიმ, სესილს ხელი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.
ეზოში გასულმა, ჩვეულებისამებრ, მეორე სართულის ფანჯრებისკენ გააპარა თვალი. ზეზვა, როგორც ყოველთვის, თავის ოთახში ჩასაფრებულიყო და მის გამოსვლას მოუთმენლად ელოდა. მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. ქეთის ჟრუანტელმა დაუარა. «ახლა რაღაც მოხდება», - გაიფიქრა თავისთვის და ნელი ნაბიჯებით დაუყვა გვირაბივით გრძელ ტალანს…
ის იყო, თითი უნდა მიეჭირა ზარის ღილაკისთვის, რომ კარი გაიღო და წელზევით შიშველი ზეზვა ცხვირწინ აესვეტა. ქეთი შეკრთა. უნებურად უკან დაიხია. «ღმერთო, რა ბანჯგვლიანია», - შეძრწუნებულმა გაიფიქრა და ნაძალადევად გაუღიმა. ზეზვამ მკლავში ჩაავლო ხელი, ოთახში შეიყვანა, ზურგსუკან გასაღებით ჩაკეტა კარი და ასე, მკლავში ხელჩაჭიდებული ქალით თავისი ოთახისკენ გააგრძელა სვლა. ქეთი ანგარიშმიუცემლად მისდევდა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო. ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც. «რას მიპირებს, ნეტავი?» - გაუელვა.
ოთახში ზეზვა საწოლზე ჩამოჯდა და ქეთი მუხლებზე დაისვა. გოგონა ოდნავ გაუძალიანდა.
- ნუ გეშინია, მე ქალებს არ ვჭამ, მხოლოდ ვეფერები, - ჩურჩულით თქვა მამაკაცმა, ნიკაპზე წაავლო ხელი და ტუჩებზე დააცხრა. წამით ქეთიც მინებდა, მაგრამ ისე იყო დაძაბული, ვერანაირ სიამოვნებას ვერ გრძნობდა. ზეზვამ ასე კოცნა-კოცნით საწოლზე მიაწვინა და თვითონაც ზედ მოექცა. ახლა კი გაიბრძოლა ქალმა, მაგრამ მამაკაცს ისე მძლავრად ჰყავდა ჩაბღუჯული, ვერ მოახერხა მისი მკლავებიდან თავის დაღწევა. ზეზვამ მარცხენა ხელი თავქვეშ ამოსდო, მარჯვენათი კი მის ფეხებს მისწვდა, მერე ნელ-ნელა ზემოთ ამოიწია და მკერდზე შეავლო ხელი, მოუჭირა. ქეთიმ კინაღამ იკივლა სიმწრისაგან, ისე ეტკინა.
- გამიშვი, გამიშვი, გეხვეწები, - სასოწარკვეთილი ემუდარებოდა გაშმაგებულ მამაკაცს და ასადგომად იწევდა.
ზეზვა კვლავ საკოცნელად წაეტანა. ქეთიმ მძლავრად გაიბრძოლა, ძლივს წაართვა ტუჩები და ხელის ზურგით მოიწმინდა. საშინელი ზიზღი დაეუფლა.
- მოიცა, რა მოგივიდა, არაფერს გიზამ, ნუ გეშინია, ქეთი… ქეთი, მოიცა… - ზეზვას აღარაფერი ესმოდა, თვალებდახუჭული კოცნიდა და ჟინმორეული უფათურებდა ხელებს მთელ სხეულზე. ტუჩებიდან ახლა მკერდზე გადაინაცვლა. სარაფანი აუწია და წითელი ბიკინის გახდას მიჰყო ხელი. აქ კი, იცოცხლე, ცხრა უღელი ხარ-კამეჩის ძალა მიეცა ქეთის, ერთი ყრუდ შეჰკივლა (რამაც დააფრთხო მამაკაცი), ხელი ჰკრა ზეზვას და გვერდით მიაგდო. აცახცახებული წამოხტა, კაბა გაისწორა და სირბილით გავარდა შემოსასვლელისკენ. არ ახსოვს, როგორ გააღო კარი, როგორ ჩაირბინა საფეხურები. სადარბაზოდან რომ გამოვიდა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს. მთელი სახე უხურდა. გულისპირზე დაიხედა. კანი გასწითლებოდა ბღლარძუნისაგან. ყელი რას უგავდა მერე და ლოყები?! გრძნობდა, როგორ იყო მთლიანად აფორაჯებული. არ გინდოდა ამ ფორმით ეზოში შესვლა? აბა, ერთი დაინახოს ლილი დეიდამ! იმ წუთში მიხვდება ყველაფერს. მერე კი მთელი ეზოს სალაპარაკო გახდება. მათ ყბაში კი ჩემი მტერი ჩავარდა. წარამარა ტუჩებზე ისვამდა ხელს, თითქოს კოცნის კვალი უნდოდა წაეშალა.
როგორც იქნა, ცოტათი დაწყნარდა. ყოველი შემთხვევისთვის, ორივე ხელი ლოყებზე მიიფარა და ეზოში შევიდა. თუ რამე უთხრეს, ეტყვის, რომ კბილი სტკივა! აჰა! რა უცებ მოიფიქრა. ფრთხილი ნაბიჯებით გაიარა გვირაბივით ბნელი ტალანი. აქ არ იყო საშიში «ზონა», იმ სიბნელეში დინო (დინარა) დეიდა მაინც ვერაფერს შეამჩნევდა. სუნთქვაშეკრული მიუახლოვდა თავის კარს.
- შენ მოუკვდი შენს დედას, შე გაოხრებულო! ნუ ჭამ მაგდენს, შე ძროხა, შენა! ჩაიხედე ერთი სარკეში, რას დაემსგავსე! - ლილი დეიდას გაავებული ხმა ისმოდა დახურულ კარს იქით. როგორც ჩანს, იზას ეჩხუბებოდა. რა ქნას საწყალმა გოგომ, ყველაფერში რომ ზღუდავენ. პაემანზე არ იაროო, სახლში არ დააგვიანოო, საქეიფოდ არ წახვიდეო, ბევრი არ ჭამოო… მოკლედ, ყველაფერს უკრძალავენ, თითქოს პატარა «გოგუშკა» იყოს! რანაირი ქალია ეს ლილი დეიდა! რომ არ ჭამოს, მაგითი რა შეიცვლება ვითომ! სულ რომ ნაწუწნ კამფეტს დაემსგავსოს მისი იზა, მაინც ვერ შეედრება ნიკოლ კიდმანს (ეს მთელი ოჯახის საყვარელი მსახიობია). ნიკოლ კიდმანს კი არა და, ქეთის კი ნამდვილად ეჯიბრებიან გოგონები სილამაზეში. სილამაზის რა გითხრათ, მაგრამ აი, ჩაცმა-დახურვაში მართლაც რომ «სოცშეჯიბრია» გამოცხადებული. სულ ნაირნაირები აცვიათ. მერე სპეციალურად შევლენ ხოლმე ქეთისთან, ახალი «ზმანები» რომ ანახონ, «გულზე გახეთქონ» და «გადასარევი ნარიადით» დაჩრდილონ ქეთის სილამაზე. არადა, ქეთის სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს ამბავი. არც ჩაცმა აკლია, არც დახურვა და შეხედულებით ხომ ათი თავით მაღლა დგას ლილი დეიდას ნაზუქივით ჩაპუტკუნებულ გოგონებზე…
როგორც კი ხელი შეავლო კარის სახელურს, ეგრევე შეაღო და ელვის სისწრაფით შევარდა შინ.
- როგორ შემაშინე, შენ რა გითხარი, - დაფეთებული წამოხტა სესილი, - დედა-ა! რას გავხარ, გოგო, რა დაგემართა?! - იყვირა შეშფოთებულმა.
- კინაღამ მიხმარა მაგ იდიოტმა, - ზიზღით გამოსცრა ქეთიმ კბილებში.
სესილმა ჯერ შეიცხადა, მერე კი ისტერიკული სიცილი აუვარდა.
- რა გაცინებს, ქალო, ლამისაა, გადავდგე ჭკუიდან, - გაბრაზდა ქეთი და დოინჯშემოყრილი წინ დაუდგა დას, - რას ხედავ აქ სასაცილოს!
- ხომ გე-უბ-ნე-ბო-დი… - სულს ძლივს ითქვამდა ჩაბჟირებული სესილი, - ხომ გითხარი… რომ მიდიოდი, სად მიდიოდი… რა გეგონა, - მერე უცებ შეწყვიტა კისკისი და გაღიმებული სახით, მაგრამ სერიოზულად განაცხადა.
- მაგ ბიჭი თბილისში განთქმული კაზანოვაა, არათუ დონჟუანი. შენისთანები კი არა, ბევრად ჭკვიანი და ბევრად ლამაზი ქალები აუტირებია ცხარე ცრემლით.
- ტირილს არ ვაპირებ, ბატონო, - საყვარლად დაეჯღანა სახე ქეთის, - ეგღა მაკლია! ვინ მიგდია, ეგ დეგენერატი, მაგას თავი არ ავატირებინო, - მრისხანებდა. მერე სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ნერვულად დაიწყო ცერა თითის აქეთ-იქით ქნევა.
- რაო, მომიყევი ერთი, რა გიქნა, - ღიმილს ვერ იკავებდა სესილი, გვერდზე გადმოტრიალდა და მარცხენა ხელის იდაყვს დაეყრდნო, - კარგი კოცნა იცის?
- ფუჰ! საშინელი. კოცნა კი არა, ლოშნა იცის. მოგდებს ამხელა პირს ტუჩებზე და… მერე ყველაფერი ავიწყდება. ნამდვილი პირუტყვია! - არ ცხრებოდა ქეთი.
- არა უშავს, რაც მთავარია, გადარჩი. მეორეჯერ აღარ გაიმეორებ ასეთ სისულელეს, ხომ? ჰო, მართლა, მეგიმ დაგირეკა.
- რაო?
- რომ მოვა, გადმომირეკოსო.
გაგრძელება იქნება