ზუსტად სამ საათზე ირაკლი გურამის სახლში გამოცხადდა. საუბარი თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. მოილაპარაკეს და საბოლოოდ შეთანხმდნენ. გურამის ჩამოსვლამდე ირაკლი თაკოს პირადი მცველი იქნებოდა. ამისთვის მას სოლიდურ თანხას გადაუხდიდნენ ყოველი თვის ბოლოს. თანხის ანაზღაურებაზე გიო იზრუნებდა.
- სხვათა შორის, არა მგონია, საკმარისად ზრუნავდეთ თქვენს ქალიშვილზე, - თქვა ბოლოს ირაკლიმ და გურამს თვალი თვალში გამომცდელად გაუყარა.
- რას ნიშნავს საკმარისად?
- იმას, რომ გოგონა მარტო დაეხეტება ქალაქში, გვერდით არავინ დაჰყვება. ხომ შეიძლება, სწორედ ამ დროს დაესხას ვინმე თავს?
- მას ჩემი ბიჭები შორიახლოს დაჰყვებიან, - დაიბნა ბიზნესმენი.
- მეეჭვება, ზუსტად ორი საათის წინ თქვენი ქალიშვილი კაფეში გავიცანი, ზომაზე მეტად თავხედურად მივაჭერი და მის თვალში გარეწარი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვე. სამწუხაროდ, არავინ გამოქომაგებია.
- როგორ, ბიჭები იქ არ იყვნენ? გიო! - აჭარხლებული გურამი გიოს მიუბრუნდა.
ამ უკანასკნელმა ხელები შეატყუპა, თვალები დახარა, საჭირო სიტყვებს ეძებდა, რომ თავი ემართლებინა.
- გოგი ქორწილში წავიდა, პაპუნამ კი დღის მეორე ნახევარში მოვალო. სხვა არავინ იყო, რა უნდა მექნა? მე აქ მოვდიოდი ირაკლისთან შესახვედრად.
- რას ჰგავს ეს, გიო, არ გრცხვენია? არ იცი, რა ხდება თუ თავს ისულელებ? ბავშვს რომ რამე მოსვლოდა, ხომ იცი, რომ თავს წაგაცლიდი?
- მაპატიე, შეფ.
- დაისჯები ამისთვის, დაიმახსოვრე, - თითი დაუქნია გურამმა პარტნიორს.
- ახლა სად არის «ბავშვი»? - ირონიით იკითხა ირაკლიმ, რათა სიტუაცია განემუხტა.
- თავის ოთახშია, სად იქნება. კიდევ კარგი, არაფერი დაუშავდა.
- იქნებ გამაცნოთ?
- აკი გავიცანიო? - გაიკვირვა ბიზნესმენმა.
- მან ხომ არ იცოდა, ვინ ვიყავი… ისე, მინდა გითხრათ, რომ საუცხოო ქალიშვილი გყავთ, ჭკვიანი, ლამაზი, გონიერი და ფრთხილი, რაც მთავარია.
- გმადლობთ, გმადლობთ. ეს ყველაფერი დედამისის დამსახურებაა. ის იყო ასეთი.
- ბარბალე! თაკოს უთხარი, ჩამოვიდეს! - გასძახა გურამმა სამზარეულოში მოფუსფუსე მოსამსახურეს, - ჩვენ კი თითო ჭიქა მარტინი მოგვიტანე. მაგარი მარტინი მაქვს, - მერე ირაკლის მიუბრუნდა ოჯახის უფროსი.
- ეჭვიც არ მეპარება, - გაუღიმა ირაკლიმ.
- ახლავე, ბატონო გურამ, - ხანში შესული ქალი ახალგაზრდული ნაბიჯებით აუყვა მეორე სართულზე ამავალ კიბეს.
მამაკაცებმა მოსამსახურეს თვალი გააყოლეს.
- ორი წელია, ჩვენთან მუშაობს, არაჩვეულებრივი ადამიანია, - თქვა გურამმა, -უერთგულესი.
- მერედა, ვინ მოგიძებნა? - ამაყად განაცხადა გიომ.
- შენ ეგეთები არ გეშლება, ჩემო გიო, მაგრამ ხანდახან იჭრები რაღაც-რაღაცებში.
- დამნაშავე ვარ, მაპატიე, - ხელები გაშალა გიომ.
- რა გამიხურეთ საქმე, ჩემ გემოზე ვერ დამისვენია, ახლა რაღა გინდათ? - ბუზღუნით ჩამოირბინა საფეხურები პეპისავით ნაწნავებსა და ჭრელ ბრიჯში გამოწყობილმა თაკომ და უკმაყოფილო სახით მიუახლოვდა მამაკაცებს.
- გაიცანი, შენი პირადი მცველი, ბატონი ირაკლი მეუნარგია, - თქვა გურამმა.
ის იყო, თაკო რაღაცის თქმას აპირებდა, რომ თვალებგაფართოებულს სათქმელი პირზე შეაშრა.
- თქვე-ენ?
ირაკლი წამოდგა, გოგონას ხელი ჩამოართვა და გაუცინა.
- თაკო, ბოდიშს გიხდით იმ სპექტაკლისთვის, მაგრამ იმედია, გამიგებთ, - დარცხვენით წარმოთქვა მამაკაცმა.
თაკომ თვალები წუპაკი დედაკაცივით მოწკურა და კბილებში გამოსცრა:
- ნამდვილი მორიელი ხართ, შხამიანი მორიელი, - მერე მამას მიუბრუნდა, - უფრო ახალგაზრდა ვერავინ გამონახეთ? როგორც ვხედავ, წინ მოსაწყენი ცხოვრება მელის, -ამოიოხრა, ხელები ერთმანეთში გადაიჯვარედინა და ნიშნის მოგებით გადახედა პირად მცველს.
ირაკლიმ ნაძალადევად გაიღიმა, წარბზე გადაისვა ხელი და ირიბად გახედა გოგონას.
- მწარე რეალობაა, მაგრამ დროებით მოგიწევთ ჩემი ატანა. როგორც ვხედავ, დრო არ იცდის, ამიტომ საქმეს ხვალიდანვე შევუდგები, - გაბზარული ხმით თქვა და წამოდგა, - მოხარული ვარ, რომ გაგიცანით. ახლა კი წავალ, მოვემზადები.
- ეს დასაწყისისთვის, - გურამმა გულის ჯიბიდან გრძელი, ვარდისფერი კონვერტი ამოიღო და ირაკლის გაუწოდა, - აქ ათასი ლარია.
- გასაგებია. აბა, კარგად მეყოლეთ, - თავი დაუკრა ოთახში მყოფთ, თაკოს ამრეზით გახედა, აქაოდა, ხვალიდან სეირს გიჩვენებო და გასასვლელისკენ გაემართა. გიო უკან მიჰყვა.
ერთი სიტყვით, ყველაფერი გადაწყდა. ირაკლი გურამის სახლში გადავიდოდა დროებით. მარიმ საიუბილეოდ ბიზნესმენისგან საჩუქარიც კი მიიღო - ლამაზი ყუთი ლაპლაპა რევოლვერით. ირაკლი ძალიან გაბრაზდა, მაგრამ რას გააწყობდა. თავად დისშვილს სამასი ლარი ჩაუთვალა, როგორც გაგიხარდება, ისე გაატარე დაბადების დღეო და დილითვე გაეშურა ბიწაძეების მშვენიერი ორსართულიანი სახლისკენ, რომელიც მართლა ვეძისის დასახლებაში, უბნის ბოლოში მდებარეობდა. თაკოს არ მოუტყუებია ირაკლი. კარი ბარბალემ გაუღო.
- მობრძანდით, - მიესალმა მოსამსახურე, - ბატონი გურამი ბაღში სეირნობს. თქვენს ოთახს გიჩვენებთ. ნახევარ საათში კი საუზმეზე ჩამობრძანდით.
ქალმა ირაკლი მეორე სართულზე აიყვანა. მისი ოთახი გურამის საძინებლის პირდაპირ მდებარეობდა. ოთახში შევიდა და საწოლზე გადაწვა. ჭერს შეხედა, მერე აქეთ-იქით გაიხედა. ფართო ფანჯრიდან ცხენის ჭიხვინი შემოესმა. პატარა ბიჭივით წამოხტა, ფანჯარა გამოაღო და ეზოს გადახედა. თეთრი ცხენი მსუბუქად მიაჯირითებდა მხედარს. ირაკლიმ ღიმილი იცნო, ეს თაკო იყო, რომელიც ლურჯი ფილებით მოპირკეთებულ აუზს მიუახლოვდა და ცხენი ვიღაც ახმახ მამაკაცს გადააბარა. ირაკლი შემობრუნდა, თავისი ჩანთა საწოლის ქვეშ შეაცურა, ჟილეტი გაიხადა, სკამზე მიაგდო და დაბლა ჩავიდა. ჰოლში გურამი შეეჩეხა.
- გამარჯობა, ირაკლი!
- გაგიმარჯოს! - საქმიანად ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს.
- რითი დაიწყებთ? - მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა გურამმა.
- ჯერ აქაურობა და აქაურები უნდა გავიცნო. - ასევე მრავალმნიშვნელოვნად უპასუხა ირაკლიმ და ორივენი სასადილო ოთახში გავიდნენ. სუფრა უკვე გაეწყოთ.
- როგორც ვხედავ, თაკოც თქვენთან ცხოვრობს, - წამოიწყო საუბარი ირაკლიმ.
- არა, ცალკე. ეს თაკოს სახლია, ერთი წელიც არ არის, რაც ვუყიდე. შემჭამა, მარტო უნდოდა ეცხოვრა, დამოუკიდებლად. ჰოდა, ოცნება ავუსრულე. ჩვენ ვაკეში ვართ, ძველ სახლში. დროებით აქეთ გადმოვედით, რომ მომივარდნენ, ლამის დალეწეს იქაურობა, რემონტს ვაკეთებ.
- ვინ ჩვენ?
- მე და მერი…. ო, აი, ისიც, - ოთახში ოცდაათიოდე წლის ქალი გამოჩნდა, მაღალი, ყელმოღერებული, სასწაულებრივად ლამაზი. ასეთი ქალები ირაკლის ფილმებში თუ ენახა, ნამდვილი არისტოკრატი, ევროპული გარეგნობით. იგი ორივეს მიესალმა, დაგვიანებისთვის ბოდიში მოიხადა და მაგიდას მიუჯდა, თან თვალს გვერდით მჯდომ ირაკლის არ აშორებდა.
- გაიცანი, ეს ირაკლია… დროებით აქ იცხოვრებს, თაკოს მიხედავს, სანამ ჩვენ ჩამოვალთ, -აუხსნა გურამმა, - ეს კი მერია, ჩემი მეუღლე, - მერე ირაკლის წარუდგინა ცოლი.
- მოხარული ვარ, - ოდნავ წამოიწია ირაკლი და თავი დახარა.
- მეც, - თქვა ქალმა და ვნებიანი ღიმილი ესროლა მამაკაცს, მომაჯადოებელი, მრავლის მთქმელი.
ირაკლიმ თვალი აარიდა, იცოდა მერისნაირი საბედისწერო ქალების ხასიათი, გამოცდილი ჰქონდა ასეთებთან ურთიერთობის სიმწარე. ახლოს არ უნდა მოუშვა - ეს იყო პირველი და ერთადერთი «კანონი», რომელსაც უკვე ათ წელზე მეტია, პრინციპულად იცავდა.
- ბარბალე, თაკო სად არის? - გასძახა მასპინძელმა მოსამსახურეს.
- წავიდა უკვე, ლექციაზე მაგვიანდებაო, ბატონო გურამ, - უპასუხა ბარბალემ, რომელსაც ტაფით შემწვარი კარტოფილი მოჰქონდა.
- სახლი და საერთოდ, აქაურობა ერთი-ორი დღით დამჭირდება, ჩემი საქმეებისთვის, - თავი არ აუწევია, ისე წარმოთქვა ირაკლიმ.
- კვირის ბოლოს ჩვენ მივემგზავრებით, იქამდე კი შეგიძლიათ ყველაფერი გულდასმით გადასინჯოთ და შეისწავლოთ.
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>