რვა ხდებოდა, გურამმა რომ შემოიხედა.
_ ნახევარ საათში მანქანასთან გელოდები.
თხუთმეტ წუთში გაემზადა და ქვევით ჩავიდა. მერის შავი, მთელ სიგრძეზე ჩახსნილი კაბა ეცვა, ტანზე მოტმასნილი. ისე ვნების აღმძვრელად გამოიყურებოდა, ირაკლიმ თვალი აარიდა. თაკო ჯინსსა და მაისურში ჩაცმული, ბოტასით გამოეცხადა მამა-დედინაცვალს.
_ ეს რა არის, ასე მოდიხარ? იქ იცი, როგორი ხალხი იქნება? _ აღშფოთდა გურამი.
_ მკიდია, სულ არ მაინტერესებს, ვინ იქნება. მე ასე ვგრძნობ თავს კომფორტულად, _ თქვა თაკომ და ჯიბრიანად შეხედა მამას.
_ გადამრევს ეს გოგო! შეხედე, ერთი, რა აცვია!
_ თავი დაანებე, გური, როგორც უნდა, ისე ჩაიცვას, რა მოხდა მერე, ბავშვია, _ ორაზროვნად შენიშნა მერიმ და დამცინავად გახედა გერს.
_ ჰოდა, ეგრე! _ ნიშნის მოგებით წამოიძახა გოგონამ და გარეთ გავიდა.
7 7 7
მალე გაჩახჩახებულ რესტორანს ორი მანქანა მიუახლოვდა. ერთში გურამის დაცვის ბიჭები ისხდნენ, მეორეში _ ირაკლი და გურამის ცოლ-შვილი. საჭესთან გიო იჯდა, რომელმაც დაამუხრუჭა, გადმოვიდა და ჯერ უკანა კარი გამოაღო, სადაც ბოსი იჯდა, მერე მანქანას წინიდან მოუარა და მერის გაუღო წინა სალონის კარი. გურამს თაკო და ირაკლი მიჰყვნენ.
_ რადგან შენი ბიჭები შიგნით იქნებიან, მე აქ დაგელოდებით, არ მიყვარს ხმაურიანი საღამოები, _ კიბესთან შეჩერდა ირაკლი.
_ რა სისულელეა, აქ რა უნდა აკეთო. წამო, თვალს წყალს დაალევინებ, _ მაჯაში წვდა გურამი მამაკაცს.
_ არა, აქ ჯობია, გარემოს გავაკონტროლებ. შიგნით უფრო ვერ გაბედავენ შესვლას, თუ რამეს დააპირებენ.
_ ნება შენია… _ მხრები აიჩეჩა ბიზნესმენმა და გიოსთან ერთად სასტუმროს ვესტიბიულისკენ გაეშურა.
ირაკლის დიდხანს მოუწია ლოდინმა. ვინ იცის, მერამდენე წრე დაარტყა შენობას, მაგრამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მოჰბეზრდა უაზროდ ყიალი, ინანა, გურამს რომ არ დაუჯერა, მაგრამ არა, ისევ აქ სჯობდა ყოფნა, იქ მაინც მერისკენ გაექცეოდა თვალი. ერთი დროზე გაფრინდებოდნენ, რომ თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცეს. როცა იმ ქალს უყურებს, სულ დაძაბულია, ხელები და თვალები სად წაიღოს, არ იცის.
წვეულება ძალიან გვიან დამთავრდა, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა. «ამდენი ხანი რა ამბავია, ქორწილს ხომ არ იხდიან», _ უკვე ბრაზობდა მარტო დარჩენილი.
მთვრალი სტუმრები ხმამაღალი შეძახილებით გამოეფინნენ გარეთ.
_ წავედით? _ ირაკლი გურამს შეეგება.
_ რატომ არ შემოხვედი? _ თვალები მაცდურად დაუჟუჟუნა მერიმ.
_ მე ვმუშაობდი, _ ყრუდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და განზე გაიხედა, სადაც თაკოს მრავლისმეტყველ მზერას წააწყდა.
_ ირაკლი, შენ დაჯექი საჭესთან, თუ არ გეზარება, მგონი, ბევრი მომივიდა დალევა, _ ქშინავდა გიო.
_ დავჯდები, რა პრობლემაა, _ და «მერსედესის» კარი გამოაღო, არც უფიქრია, ბოსს და მის მეუღლეს მომსახურებოდა.
მერი გვერდით დაუჯდა. ქალის სუნამოს არომატმა ირაკლის ლამის თავბრუ დაახვია. ცდილობდა, გვერდით არ გაეხედა, ემალებოდა მის თვალებით თამაშს.
დაცვის ბიჭები გამოსვლას აგვიანებდნენ. გიომ ერთ-ერთ მათგანს დაურეკა.
_ ორ წუთში გამოვალთ, ბატონო გიორგი, _ ხმამაღლა გაისმა მობილურში.
_ ჩვენ წავალთ, ნელ-ნელა დაგვეწიეთ, _ უბრძანა გიომ.
ირაკლიმ მანქანა დაძრა. «მერსედესის» ფარების შუქი ღამის სიბნელეს შეერია. რამდენიმე წუთის შემდეგ აეროპორტის ტრასაზე გავიდნენ. გურამი და გიო ქეიფის ამბებს სიცილით ყვებოდნენ.
_ ეჰ, მაგრად მოგვენატრები, შეფ, _ მუხლზე ხელი დაიტყაპუნა გიომ, _ ცუდია, დიდი ხნით რომ მიდიხარ.
_ ჩამოვალ, შე კაცო, იქ დარჩენას კი არ ვაპირებ. თანაც ყოველდღე მექნება შენთან კონტაქტი, სხვებთანაც.
მოულოდნელად ირაკლიმ სვლა შეანელა და სარკიდან უკანა გზაზე გაიხედა.
_ ის მანქანა თქვენი ბიჭებისაა, გიო?
_ აბა, რომელი? _ გიომ მსხვილი კისერი ძლივს მიაბრუნა, _ არა, ეს… ჯიპი არ არის, მგონი… სხვები არიან, თანაც ლურჯი ფარები აქვს.
_ მეც ასე მგონია, _ შეფიქრიანებულმა თქვა ირაკლიმ, _ შეიძლება მოგვდევენ.
_ მოგვდევენ? რას ამბობ, კაცო! ამ შუაღამეს?
_ ჰო, თავდასხმისთვის ყველაზე კარგი დროა, პატრულსაც კი სძინავს. კი, უდავოდ ისინი არიან, _ დაასკვნა ირაკლიმ და კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში.
ამ დროს გურამის მობილური აწკრიალდა. დაცვა იყო.
_ ბოს, უკნიდან მანქანა დაგვეჯახა და გზიდან გადავვარდით, აშკარად ვიბლიანები არიან, სულ დედა გვაგინეს და თქვენკენ წამოვიდნენ, ფრთხილად იყავით, ფრთხილად! _ ყვიროდა ბიჭი.
_ აბა, ახლა ცოტათი დაბლა ჩაცურდით, ეცადეთ, თავები არ ამოყოთ და ხელები მაგრად ჩასჭიდეთ სახელურს, _ ბრძანება გასცა პირადმა მცველმა და გაზს დააწვა.
_ მეორე მანქანასაც ვხედავ, არც ისინი არიან ჩვენები, _ იყვირა უცებ გიომ.
_ ვიცი, _ ცივად თქვა ირაკლიმ და საჭეს მთელი ძალით ჩაებღაუჭა.
მანქანა ლამის მიფრინავდა. შავი ჯიპი თანდათან უახლოვდებოდათ.
_ გაგვსრესენ, _ დაიგმინა გიომ.
_ მოკეტე და ხელს ნუ მიშლი, _ ირაკლი წინ გადაიხარა.
მერის ქვედა ტუჩი კბილებშუა მოექცია და ერთიანად მობუზულიყო. მხოლოდ თაკო გამოიყურებოდა მშვიდად, თითქოს საშიშროებას ვერ ხედავდა.
იმის დასამტკიცებლად, მართლა ვიბლიანები იყვნენ თუ არა, ირაკლიმ ვარკეთილის გადასახვევთან საჭე მარჯვნივ შეატრიალა და გვერდითა გზაზე გადავიდა, შავი ჯიპი კვალდაკვალ მოჰყვებოდათ. მეორე მანქანა ჯერ არ ჩანდა, როგორც ჩანს, ჩამორჩა.
ირაკლიმ საჭე ისე დაატრიალა, ბორბლებმა ღრჭიალი დაიწყეს. «მერსედესმა» კუდი ბორდიურს მიარტყა, მანქანა შექანდა, მაგრამ მაინც მოტრიალდა. მამაკაცი დაძაბული იჯდა, ხელებით საჭეს ჩაბღუჭებოდა, ფეხს აქსელერატორზე ათამაშებდა.
_ რას აკეთებ, ბიჭო! _ იყვირა გიომ.
მის ყვირილზე ირაკლიმ მანქანა ადგილს მოწყვიტა და ელვის სისწრაფით ჯიპის უკან მომავალი შავი მანქანისკენ დაიძრა მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ჯიპიც მოტრიალდა და უკან დაედევნა. «მერსედესი» ორ მანქანას შუა აღმოჩნდა.
_ რას შვრები? _ იღრიალა გურამმა, _ გაგიჟდი, უფრო მალე გინდა მომკლან?
_ გაჩუმდი, _ წყნარი, მაგრამ გესლიანი ხმით უპასუხა ირაკლიმ.
«მერსედესს» ჯიპი ორ მეტრში მოსდევდა. შავი მანქანა კი უფრო და უფრო უახლოვდებოდათ. ხუთიოდე მეტრი აცილებდათ ერთმანეთს, იქაურობა გიოს და გურამის ყვირილმა მოიცვა. ირაკლიმ საჭე განზე შეატრიალა და შემდეგ ისევ გაასწორა. «მერსედესის» ერთი მხარე ჰაერში აფრინდა. მანქანამ ორ ბორბალზე გაიქროლა. შავი მანქანა ლამის ქვეშ გაუძვრა და უკანა მდევარს ისეთი ძალით დაეჯახა, რომ ჰაერში შეხტა, ლამის «მერსედესსაც» კი შეეხო. ყველაფერი უცბად მოხდა. «მერსედესი» კვლავ ოთხ ბორბალზე დაეცა. დაცემა და ორი მანქანის აფეთქება ერთი იყო. იქაურობა ცეცხლის ალმა გაანათა. ირაკლი ღრმად სუნთქავდა, მკლავი ეწვოდა და სისხლი მოსდიოდა. განცვიფრებული გიო უკან იხედებოდა და თვალებს არ უჯერებდა. თაკო იღიმოდა. «მერსედესმა» რამდენიმე მეტრი გაიარა და გაჩერდა.
_ თუ ყველა არა, ერთი ძმა მაინც მოვკალით, _ ჩაიცინა ირაკლიმ, გადმოვიდა და ცეცხლწაკიდებულ მანქანებს გახედა.
_ დროზე გავერიდოთ აქაურობას, სანამ პატრული მოსულა, _ გურამს ხმა უკანკალებდა.
_ მერე ამათ… _ ძლივს ამოთქვა გიომ.
_ მაგათ პატრული მიხედავს, ჩვენ რა შუაში ვართ, _ გურამი ჩქარობდა.
ტრასაზე ჯერჯერობით კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მანქანა გზას მშვიდად გაუდგა. გიო წარამარა უკან იხედებოდა.
_ შეგეშინდათ? _ ღიმილით იკითხა ირაკლიმ და სარკიდან შეხედა უკან მსხდომთ, _ თაკო, შენ რაღაც ვაჟკაცურად გამოიყურები.
_ სულაც არ შემშინებია, ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაშინვე მივხვდი, _ მშვიდად გასცა პასუხი თაკომ და ფანჯარაში გაიხედა.
_ მეც მივხვდი, მაგრამ ცოტა გვიან, _ ახლაღა ამოიღო ხმა მერიმ, რომელიც სარკეში იყურებოდა და ვარცხნილობას ისწორებდა.
აეროპორტამდე ისე მიაღწიეს, ხმა არავის ამოუღია, ყველა თავის ფიქრებში იყო ჩაძირული.
რეგისტრაცია დაწყებული იყო. გურამი ღელავდა. მან ირაკლი განზე გაიხმო და მხრებზე დაალაგა ხელები.
_ დიდი მადლობა, ძმაო, ამ თვის ჰონორარს გაგიორმაგებ, მაგარი კაცი ხარ. შენი იმედი მაქვს, ამ გოგოს მიმიხედე. ცოტა თავნებაა და არ მიუშვა თავის ნებაზე. ეგენი აწი აღარ გაჩერდებიან. მე იქ ვერ მომწვდებიან, ამიტომ ეცდებიან, თაკოზე მიიტანონ იერიში, გასაგებია?
_ გასაგებია, _ თმაზე ხელი გადაისვა ირაკლიმ, _ შენ მაგაზე ნუ ინერვიულებ, ჩემი მოვალეობა მეტი კი არაფერია.
_ ის კი არა, იმასაც ვფიქრობ, საერთოდ ხომ არ გადავიფიქრო-მეთქი წასვლა, _ შეფიქრიანდა ბოსი.
_ არ გირჩევ, გურამ, წადი, გელოდებიან, აქაურობის დარდი ნუ გექნება, ბავშვს მე მივხედავ. თუ რამეა, გიგა ჩემი მეგობარია, დავურეკავ და დამეხმარება.
_ ჰო მაგრამ, ახლა უკან როგორ დაბრუნდებით, კიდევ არ დაგხვდნენ. მათ უკვე ეცოდინებათ ყველაფერი. ვნერვიულობ.
_ ნუ ნერვიულობ-მეთქი, ვის ვუთხარი? მე მომანდე ეგ საქმე. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, _ გაამხნევა ირაკლიმ და მხარზე მოუთათუნა ხელი.
_ აუჰ, სისხლი მოგდის, დაჭრილი ხარ? _ მკლავზე შეხედა გურამმა.
_ არაფერია, უბრალო ნაკაწრია მხოლოდ, ამას ადვილად მოევლება, _ ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და გასისხლიანებული მკლავი გადაიხვია.
მოსაუბრეებს მერი მიუახლოვდა.
_ ჩანთა მანქანაში დამრჩა, ირაკლი, თუ შეიძლება, გამომყევით, _ ცივად თქვა ქალმა.
_ ახლავე, _ ჩაიბურტყუნა მამაკაცმა და მორჩილად მიჰყვა უკან.
კარს რომ აღებდა, მიხვდა, რომ ხელები უცახცახებდა. ვერ ხვდებოდა, წეღან განცდილისგან, თუ მერის სიახლოვისგან.
_ არ მეგონა, შენნაირები თუ არსებობდნენ საქართველოში. ასეთი რამეები ამერიკულ ფილმებში თუ მინახავს, ნამდვილი რემბო ხარ, უნდა გაკოცო, _ მოულოდნელად ძალიან შინაურულად მიმართა ქალმა და მისკენ შეტრიალებულ ირაკლის პირდაპირ ტუჩებზე დააცხრა. ეს უკანასკნელი შეტორტმანდა. წამით კოცნაზე კოცნით უპასუხა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, ქალს ხელი ჩაავლო და უკან გასწია. ერთხანს უსიტყვოდ მისჩერებოდნენ ერთმანეთს.
_ ჰმ, შენი ტუჩებია ასეთი ტკბილი, თუ პომადა? _ ორაზროვნად ჩააშტერდა ბოსის ცოლს სახეში.
_ პომადა, _ ჩურჩულით თქვა თვალებმინაბულმა მერიმ.
_ ასეც ვიფიქრე, _ სარკასტულად გაიღიმა მამაკაცმა, ხელჩანთა მანქანიდან გადმოიღო, ქალს უხეშად მიაჩეჩა და მოსაცდელ დარბაზში შებრუნდა.
მერის სმენას დისტანციური სიგნალის ჭყვიტინის ხმა მისწვდა. უკანმოუხედავად მიმავალმა ირაკლიმ ხელის აქნევით ჩაკეტა «მერსედესი».
გაგრძელება იქნება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>