ირაკლი დაახლოებით თხუთმეტ წუთში შემობრუნდა სახლში. პოლიციელებს თავიანთი პოსტი მიუჩინა და დაემშვიდობა. თაკო ფანჯარასთან იდგა და მის დაბრუნებას ელოდებოდა.
- რა ხდება? - ცნობისმოყვარედ იკითხა გოგონამ.
- პოლიციამ ორი კაცი გამოგზავნა, სახლს გარედან დაიცავენ.
- ხომ გითხარი, მე საფრთხე არ მემუქრება-მეთქი, - კოპები შეკრა თაკომ.
- შენ რაც მითხარი, საკმარისი არ იყო, პატარავ, მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. ახლა მოდი და ბარბალეს ტელეფონი ჩამაწერინე, დილით ადრე უნდა დავურეკო.
- ბარბალესთან რა გინდა?
- დროებით უნდა დავითხოვო.
- გაგიჟდი? იმას რაღას ერჩი?
- არაფერს, მისივე უსაფრთხოების მიზნით ჯობია, ცოტა ხნით არ იაროს აქ, დაისვენოს.
- კიდევ რა გინდა! ქალს მეტი შემოსავალი არაფერი აქვს, უკანასკნელ ლუკმას აცლი პირიდან? - დოინჯი შემოიყარა გოგონამ.
- კომპენსაციას მამაშენი გადაუხდის, გიოს ვეტყვი და ის მოაგვარებს ამ საქმეს. ყველასთვის ასე აჯობებს.
- ეს უკვე მეტისმეტია! ძალიან ბევრის უფლებას აძლევ საკუთარ თავს!
- დაწყნარდი და გააკეთე, რასაც გეუბნები. ახლა აქ მე ვარ უფროსი, დაიმახსოვრე! - ხმა გაიმკაცრა პირადმა მცველმა.
თაკომ აღშფოთებული მზერა მიაპყრო, მაგრამ კრინტი არ დაუძრავს, ჟურნალების მაგიდიდან ბლოკნოტი აიღო, რამდენიმე გვერდი გადაფურცლა და აგდებულად მოისროლა ტახტისკენ, რომელზეც ირაკლი იჯდა, თვითონ კი ჩქარი ნაბიჯებით აუყვა მეორე სართულის კიბეს. ბოლო საფეხური რომ აიარა, მოულოდნელად მოტრიალდა, სახეზე დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა.
- იცი მაინც კერძების მომზადება?
- რა? - ვერ მიუხვდა უცებ ირაკლი.
- საჭმლის გაკეთება იცი-მეთქი? გეკითხები!
- შენ რა, არ იცი?
- სამწუხაროდ, არა, - ნიშნის მოგებით გამოხედა გოგომ.
- ყავის მოდუღება მაინც გეცოდინება.
- ვნახოთ, რა გამოგვივა. ხვალიდან სახალისო ცხოვრება გველის… შენ - განსაკუთრებით! -ხაზგასმით წარმოთქვა ბოლო წინადადება და დერეფანში გაუჩინარდა.
მარტო დარჩენილმა მორიელმა ღრმად ამოიოხრა და თავი გადააქნია. მართალია ეს ბავშვი, ხვალიდან ამის გადამკიდე მართლაც რომ ჯოჯოხეთი ელის…
* * *
წყნარი დილა გათენდა, მზიანი. პირადი მცველი გარეთ გავიდა, ჯერ შიდა გარემო მოათვალიერა, მერე ჭიშკარს მიადგა და ღამენათევ მცველებს მიაშურა. ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ, ათ წუთში ცვლა მოვიდოდა, დღისით სხვა წყვილს უწევდა მორიგეობა.
მამაკაცი კვლავ შინ შებრუნდა და თაკოს საძინებელს მიადგა. კარზე ფრთხილად დააკაკუნა და პასუხს არ დალოდებია, ისე შეაჭრა ოთახში. გოგონას ეღვიძა.
- იმედია, კარგად გეძინა… - დაინტერესდა მამაკაცი.
- მერე შენ რა? - უკმეხად ჰკითხა თაკომ.
- უფროსებს ნუ ეუხეშები, პრინცესა! თუ კარგად გეძინა, ესე იგი, დამშვიდებაც მოასწარი. თუ დამშვიდდი, გამოდის, გააზრების უნარიც გექნება. და თუ ნორმალურად აზროვნება შეგიძლია, გესმის ალბათ, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით. ასე რომ, ჩემი მითითებების ზუსტად შესრულება მოგიწევს.
- სულ ეს არის? - ჩაიცინა თაკომ.
- ჯერჯერობით კი. ადგომას არ აპირებ?
- რისთვის უნდა ავდგე, რა აზრი აქვს? მძევალივით აპირებ ამ სახლში ჩემ გამოკეტვას და რომ ავდგე, რა გავაკეთო? სადმე მიგვეჩქარება?
- ყავა მინდა, იქნებ მომიდუღო.
- მეტი არაფერი გინდა?
- დანარჩენზე მერე შევთანხმდეთ, როცა ხელ-პირს დაიბან, - ქვემოდან ორაზროვნად გამოხედა ირაკლიმ და გატრიალდა.
- პირველ რიგში, იმაზე, რომ საღამოს პაემანზე მივდივარ.
- რაო? - კარისკენ დაძრული მამაკაცი მკვეთრი მოძრაობით შემობრუნდა.
- რაც გაიგონე, პაემანზე მივდივარ.
- არავითარი პაემანი! დაივიწყე ყველა მამაკაცი, ვისზეც ოდესმე გიფიქრია. ახლა შეხვედრების დრო არ არის, გასაგებია?
- შენ რა, გინდა მონაზონივით ვიცხოვრო?
- უფრო უარესად, თუმცა ეს ჩემი ბრალი სულაც არ არის, - მხრები აიჩეჩა პირადმა მცველმა და კარი გაიხურა.
ნახევარი საათის შემდეგ თაკო გაბუტული სახით ჩამოვიდა სასტუმრო ოთახში და გეზი პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო. ირაკლიმ თვალი გააყოლა მოკლე შორტში გამოწყობილ კიკინებიან გოგონას, რომელიც გამომწვევად მიარხევდა მაღალ თეძოებს.
- ხელ-პირი უკვე დავიბანე და სხვა რამეებიც, - უკან არ მოუხედავს, ისე დაიძახა და სამზარეულოს კარი მოიჯახუნა.
«პატარა თავხედი! ზრდილობის ნატამალი არ გააჩნია… არა უშავს, გავიზრდებით. აბა, მე აქ რისთვის ვარ, ჩემო პრინცესავ», - გაიფიქრა მამაკაცმა და კვლავ ეზოში გავიდა ახალი მცველების და პოსტების შესამოწმებლად.
უკან რომ შემობრუნდა, მაგიდაზე ორი ფინჯანი ქაფქაფა ყავა დახვდა. თაკო დივანზე განრთხმულიყო ფეხებმოკეცილი. ირაკლი სავარძელში ჩაეშვა და ფინჯანს ხელი დაავლო, ნეტარებით მოსვა ერთი ყლუპი.
- უ-უ-ჰ! რა ყავაა. კარგი მოდუღება გცოდნია, რაღაც ხავერდოვანია, - კმაყოფილებით შენიშნა.
- ეს მე კი არა, ესპრესოს აპარატმა იცის, ის ადუღებს ასეთს. თუმცა, ყავის შერჩევაც უნდა იცოდე, სხვანაირად როგორც უნდა მოადუღო, არომატული არ გამოვა, - მისთვის არ შეუხედავს, ისე თქვა გოგონამ.
- როგორ ყველაფერი იცი, პატარავ! - უკბინა ირაკლიმ, - და როგორ უნდა აარჩიო კარგი ყავა, აბა ერთი, განმანათლე?
- ძალიან წვრილად უნდა იყოს დაფქული. ერთმა იტალიელმა მასწავლა, ვენეციაში რომ ვიყავით. იტალიელებზე უკეთ ვერავინ ფლობს ყავის მოდუღების საიდუმლოებას, თუმცა პორტუგალიაშიც კარგად იციან.
- ვაჰ! პორტუგალიაშიც ხარ ნამყოფი?
- დიახაც ვარ! რაო, გიკვირს?
- არა, რატომ… მამაშენის შვილი, არ არის გამორიცხული, კოსმოსშიც იყოს ნამყოფი.
- იქაც წავალ, როცა…
- როცა რა?
- როცა იქ სასტუმროებს ააშენებენ და ადამიანები დასასვენებლად დაიწყებენ გამგზავრებას.
- ჰო-ო! არ გამომაპარო, იცოდე! აქ თუ არა, იქ მაინც დაგჭირდება პირადი მცველი, -მორიელივით იკბინებოდა მორიელი.
- დამპალო! - რისხვით დააკვესა გოგონამ თვალები.
- კარგი, კარგი, გეხუმრები, რა მოგივიდა. მე იცი, როგორ ვადუღებ ყავას? მამაპაპური მეთოდით. მარცვლებს ვყიდულობ და თვითონ ვფქვავ, - შეარბილა ტონი მამაკაცმა.
- და თურქულად ადუღებ, არა? ეგეც ვიცი, - უცებ გამხიარულდა თაკო, - გემოვნების საკითხია, მაგრამ ხავერდოვანი, როგორც შენ აღნიშნე, არასდროს გამოგივა. შინაურულ პირობებში ძალიან წვრილად ვერ დაფქვავ, რაც უნდა მოინდომო.
- უფრო დიდი ფინჯანი ვერ ნახე? ეს ჩემთვის ნახევარი დოზაა, - პირი გააწკლაპუნა პირადმა მცველმა.
- უკაცრავად, რომ იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ აპარატი ერთდროულად სწორედ ამ ზომის ორ ფინჯან ყავას ხარშავს.
- ხედავ, რა შორს წავიდა ტექნიკა?! - გაიცინა ირაკლიმ.
- არა უშავს, თუ არ გყოფნის, კიდევ მოგიდუღებ, მეორე ფინჯანიც გექნება და მესამეც… თუ დაიმსახურებ, - მრავალმნიშვნელოვნად დააყოლა გოგონამ.
- ვეცდები… - შეფიქრიანებულად თქვა ირაკლიმ და გამომცდელად შეხედა, თითქოს მისი აზრების ამოკითხვა უნდაო.
- ჰო, მართლა, ბარბალეს დაურეკე?
- დავურეკე მასაც და გიოსაც. ყველაფერი მოვაგვარე. ამ თვეში ორმაგს გადაუხდის, რათა არ დაზარალდეს. კმაყოფილი ხართ, პრინცესა?
- იმ თვეში?
- იმ თვეში ვნახოთ… საქმე როგორც წავა, იმის მიხედვით.
- ეს კარგი ამბავია, მაგრამ ჩვენ დღეს რა უნდა ვჭამოთ?
- მოვიფიქრებთ რამეს. მე შუადღემდე მაინც არ ვსადილობ.
- რაღაც არ მჯერა… მამაჩემთან საუზმეზეც კარგად ჩამოდიოდი?
- ამას სტუმრის სტატუსი მოითხოვდა.
- როგორი გალანტური ხართ, ბატონო ირაკლი! - ცინიკურად შენიშნა თაკომ.
- ზოგიერთებისგან განსხვავებით, ზრდილობის წესები შესწავლილი მაქვს.
- ნამდვილი მორიელი ხარ, კარგად გეხერხება შხამის ნთხევა… მკლავი როგორ გაქვს? -სიტყვა ბანზე აუგდო თაკომ.
- კარგად, საერთოდ არ მაწუხებს. შენი ჯადოსნური ხელის შეხება მოუხდა, - გაიცინა მამაკაცმა.
- ნუ მაშაყირებ, იცოდე! - საჩვენებელი თითი გაფშიკა თაკომ და მუქარა აღებეჭდა სახეზე.
- თორემ რა? - ირაკლიმ ისევ მოსვა ყავა.
- შეგაცდენ და თავს სიგიჟემდე შეგაყვარებ.
- ჩემს თავს თუ შენსას? - სიცილი ვერ შეიკავა.
- ჩემსას, რა თქმა უნდა.
- ვერაფერს იტყვი, ტიპური ქალური სვლაა... და ხომ ვერ მეტყვი, რისთვის გჭირდება?
- როგორ თუ რისთვის, უფრო მხიარულად ვიქნებით, ცხოვრება საინტერესო გახდება. აბა, სხვა რა უნდა ვაკეთო მთელი დღეები ამ სახლში შენთან ერთად? - ჯიბრით იკითხა და ხელები გაშალა.
- მომისმინე, პატარავ! - კბილებში გამოსცრა ირაკლიმ და ცარიელი ფინჯანი მაგიდაზე შემოდგა, - გარწმუნებ, რომ შენი კისრის მოგრეხა ჩემთვის ყველაზე ადვილი საქმეა და შენი ჭირვეულობა ამაში ერთი წამითაც ვერ შემიშლის ხელს, ვერც ის შენი შეყვარებულია თუ «პაკლონიკი», გასაგებია? აქ შენი თვალების და მაღალი თეძოების საყურებლად არ ვარ მოსული. მე საქმეს ვაკეთებ და მხოლოდ მაშინ წავალ, როცა არაფერი მექნება საკეთებელი… იმ დღესაც წავიდოდი, მაგრამ… რაღაცები შეიცვალა და რადგან ვარ, იმიტომ, რომ მე ასე გადავწყვიტე.
- ჰო-ო? - თავი მაცდურად გადახარა თაკომ, - და რატომ გადაწყვიტე? მოგეწონე, არა? არ გინდა ჩემთან განშორება, ხომ? გამოტყდი.
- ტუტუცი ბავშვი ხარ. მაგ სისულელეების როშვას გირჩევნია, აიღო ეს ჭიქები და გარეცხო.
თაკო გაბრაზებული წამოდგა, ორივე ფინჯანს ხელი დაავლო და გავიდა.
«განებივრებული მეტიჩარა, მიჩვეულია თავისი კაპრიზების გატანას, თავის თავზე შეყვარებული ეგოისტი. ერთი შეხედეთ, ამ ცხვირმოუხოცავმა ღლაპმა ახალი პიკანტური თამაში მოიფიქრა თავისთვის - ჩემი შებმა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ძალიან ადვილი ჰგონია», - გაღიმებულმა ირაკლიმ ყურის ბიბილო მოისრისა.
გაგრძელება იქნება