- ოცდაორის.
- …
- მეტი არაფერი ვიცი, დანარჩენი შენთვის მომინდვია. ჩვენს ობიექტს ეფარცქვალება.
- …
- კარგი, როცა გაარკვევ, დამირეკე, - დაამთავრა საუბარი, შვებით ამოისუნთქა და კვლავ დივანზე გადაწვა ყავის მოლოდინში.
- მომიყევი შენზე, - მიუბრუნდა თაკო, როცა ცხელი სითხით სავსე ფინჯნები მაგიდაზე შემოდგა, - ვიცი, ეს უსიამოვნო იქნება, მაგრამ…
- რატომ უსიამოვნო? ახლა ყავას დავლევ და ყველაფერი ცუდი, რაც ჩემშია, აორთქლდება. იცი, ამწუთას რა გავიფიქრე?
- რა?
- რომ ნახევარი წლის შემდეგაც მე და შენ აი, ასე ვისხდებით ამ მაგიდასთან და შენ სრულიად სხვანაირი იქნები - ლამაზი და სხვანაირი, - და მამაკაცმა თვალი ჩაუკრა გოგონას, რომელიც მისი სიტყვების აზრს ვერ ჩასწვდა.
ირაკლის თვალებში მიმალული ჭინკები მოცეკვავე კაცუნებად გადაიქცნენ…
ირაკლიმ შემოვლა დაამთავრა და თავის ოთახში შევიდა. მთელი ღამის უძინარს თვალები ებლიტებოდა. სააბაზანოში გავიდა, წყალი გადაივლო და ლოგინზე მიწვა. ბალიშზე თავი დადო თუ არა, მაშინვე ჩაეძინა ღრმა, მაგრამ მშფოთვარე ძილით. გაურკვეველ სიზმრებს ხედავდა, ისეთს, მეორე დილით რომ ვერ იხსენებს ადამიანი…
თავდაპირველად ვერ მიხვდა, რამ გააღვიძა. მოეჩვენა, თითქოს მაღვიძარამ დარეკა. სიბნელეში ელდანაცემივით წამოჯდა და მიაყურადა. მიხვდა, ეს მაღვიძარა არ იყო. ეს… ეს ამოოხვრას უფრო ჰგავდა.
თაკოს ამოოხვრას.
თაკოს ამოოხვრას?
სმენა დაძაბა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე სუფევდა. ნუთუ მოეჩვენა? არა, არ მოსჩვენებია. მას ჩურჩული მოესმა, ჩურჩული და… ფრთხილი ნაბიჯების ხმა. მერე თითქოს თაკოს მოგუდული სიცილის ხმა გაიგონა, კიდევ… მამაკაცის გაოცებული შეძახილი.
რა ხდება? იქნებ ესიზმრება ეს ყველაფერი? სწრაფად წამოდგა, ტანსაცმელი გადაიცვა, პისტოლეტი ბუდეში გაირჭო და ფეხის წვერებზე შემდგარი გავიდა ოთახიდან. დერეფანი შეუმჩნევლად გაიარა, თუმცა იქ ვერავინ დალანდა. ჩურჩულის ხმა დერეფნის ბოლოს, კიბის ჩასასვლელთან ისმოდა, სააბაზანოს გვერდით. კედლის კუთხეს რომ მიუახლოვდა, ფრთხილად გაიხედა. მთვარის შუქზე, რომელიც დახურული ფანჯრიდან აღწევდა, მამაკაცის სილუეტი დალანდა, კართან მიმწყვდეულ გოგონას რომ ეფარებოდა. მაშინვე ვერ შეამჩნია თაკო, მაგრამ თვალი რომ კარგად შეაჩვია სიბნელეს, დაინახა, რომ ბოსის ქალიშვილი მთლად შიშველი იყო. უცხო მამაკაცს ზურგიდან ჩაეხუტებინა მისი სხეული და კოცნიდა. თაკო წინააღმდეგობას უწევდა, თან ცდილობდა, არ ეხმაურა.
- ახლავე გამიშვი, შე ნაგავო, ახლავე გამიშვი, თორემ ვიყვირებ! - ჩურჩულებდა გოგონა და მოძალადისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
- მოიცა, რა დაგემართა, შენც ხომ გინდოდა მოვსულიყავი, შენც ხომ გინდოდა ჩემი ნახვა… მოიცა-მეთქი, თორემ…
უცნობი ორივე ხელით ცდილობდა მის დამორჩილებას.
ირაკლიმ ორი ნაბიჯი წინ გადადგა, მარცხენა ხელით პისტოლეტი მისკენ ზურგით მდგარ მამაკაცს დაუმიზნა, ხოლო მარჯვენით ჩამრთველს აჰკრა საჩვენებელი თითი.
- არ გაინძრე! - გულგრილად ჟღერდა მისი ხმა, - ხელები გაუშვი გოგოს და მოტრიალდი! ნელა, ყოველგვარი სისულელის გარეშე, თორემ ტვინს მიგასხმევინებ კედელზე! გასაგებია?
შეშინებული უცნობი მოტრიალდა და ჩაბღუჯული თაკო წინ აიფარა. შიშველი სხეულის დანახვაზე ირაკლი ოდნავ დაიბნა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და პისტოლეტი უფრო მაღლა ასწია.
- გაუშვი, გეუბნები, თორემ შენი საქმე დამთავრებულია, ხომ იცი, გარეთაც დგას ხალხი, მარტო არ ვარ.
ბიჭი ახალგაზრდა ჩანდა, ოცი-ოცდაორი წლის. დამფრთხალი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, თითქოს გასაქცევს ეძებსო.
- სამამდე ვითვლი, მერე კი ვისვრი, - იყვირა ირაკლიმ, თან ნელ-ნელა წინ მიიწევდა.
- მესვრი და ამას მოახვედრებ, - ჩაიცინა უცნობმა და ცალი ხელი პირზე ააფარა თვალცრემლიან თაკოს, მეორე ხელით კი დანა დააძრო ჯიბიდან.
- ერთი, ორი… - სამამდე დათვლა აღარ დასცალდა პირად მცველს, რადგან გოგონამ ხელზე უკბინა მოძალადეს, რითაც დრო იხელთა და დაუსხლტა. იგი ყვირილით ამოეფარა ირაკლის ზურგს.
- არ ესროლო, ირაკლი, არ ესროლო, ეს სოსოა, ჩემი მეგობარი, - და მკლავზე ჩამოეკონწიალა მამაკაცს.
გასროლის ხმა გაისმა. უცნობი ადგილზე ჩაიკეცა. გოგონამ კივილი მორთო და იატაკზე განრთხმულ ბიჭს მივარდა. ირაკლიმ პისტოლეტი ბუდეში ჩადო და დაზარალებულისკენ დაიძრა.
- რა ქენი, მოკალი?! მოკალი, არა?! ეს გინდოდა, ხომ?! - განწირული ხმით კიოდა თაკო.
გასროლის ხმაზე ქუჩიდან დაცვის ბიჭები შემოცვივდნენ და შემოსასვლელ კარზე ბრახუნი ატეხეს.
- მინდოდა, მაგრამ არ მომიკლავს, ჰაერში გავისროლე, დაწყნარდი, ჯობია, ჩაიცვა, - მშვიდად წარმოთქვა მორიელმა და კიბეზე დაეშვა, რომ პოლიციელებისთვის კარი გაეღო.
- როგორ აღმოჩნდი აქ? - პირადი მცველი მხედარივით გადააჯდა სკამს და მის წინ იატაკზე განრთხმულ ბორკილდადებულ სოსო რაზმაძეს დაკითხვა დაუწყო.
- უკანა კარიდან შემოვედი, - სულს ძლივს ითქვამდა იგი.
- მერე? დაკეტილი არ იყო? როგორ შემოაღწიე?
- ამან გამიღო, - ბიჭმა თაკოსკენ გადააქნია თავი, რომელიც ფეხებმოკეცილი დივანზე იჯდა.
- შენ გაუღე? - ირაკლი ახლა გოგონას მიუბრუნდა.
- ჰო, - გაბუტული ბავშვივით ისროლა თაკომ.
- იცოდი, რომ უნდა მოსულიყო? - თაკოს გახედა.
- ვიცოდი, ამ დილით ველაპარაკე.
- მერე?
- რა მერე? ნახვა მინდოდა და მოვიდა.
- მე შენ რა გითხარი? რა გელაპარაკე დილით, დაგავიწყდა? - ხმა გაუმკაცრად პირად მცველს.
- არა, არ დამვიწყებია, მაგრამ…
- რა მაგრამ, რა მაგრამ! - იყვირა მამაკაცმა.
- რა და მომბეზრდა ასე ცხოვრება! რას მიყვირი, შენი შვილი კი არ ვარ! - წამოიფოფრა თაკოც.
- ჟიმაობა მოგენატრა, არა? ვერ მოითმინე, ხომ? ნწუ, ნწუ, ნწუ, - თავის კანტურით დასცინა მამაკაცმა, - რა ცუდ დროს მოვედი, როგორ შეგიშალეთ ხელი?!
- არაფერიც არ მომენატრა. უბრალოდ, მინდოდა მენახა, მეტი არაფერი.
- აბა, შიშველი რატომ იყავი, ბანაობას ხომ არ აპირებდით ერთად?
- ძალით გამხადა, ვერ გავაჩერე, - ატირდა თაკო, - სულ შემომახია ყველაფერი.
- მართალს ამბობს? - კვლავ სოსოს მიუბრუნდა ირაკლი, - მართლა ძალით გახადე?
- ჰო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ… აბა, რისთვის დამიბარა? ღამე მოდიო, კარს ღიას დავტოვებო…
- მე კი არა, შენ მთხოვე, მოვალო. ერთი წუთით გნახავ და წავალო. ასე არ მითხარი?
- ეს დანა საიდან მოიტანე? - გააწყვეტინა ირაკლიმ.
- ვიყიდე.
- რისთვის?
- ისე, უბრალოდ, ჩვეულებრივი სანადირო დანაა, ყოველთვის თან დამაქვს. რა, არ მაქვს უფლება? ამისთვის ვერავინ დამიჭერს, ეს აკრძალული არ არის.
- მაგრამ ამ დანით შენ ადამიანს ყელის გამოჭრას უპირებდი, როგორც მახსოვს, - წარბები შეყარა მამაკაცმა.
- არ ვაპირებდი, მხოლოდ თავის დასაცავად მოვიქეცი ასე, გაქცევა მინდოდა. მისი მოკვლა არც მიფიქრია.
- მაგას პოლიცია გაარკვევს.
ირაკლი წამოდგა და ეზოში გავიდა. უკვე თენდებოდა. თაკო უკან მიჰყვა. მამაკაცმა სახლს შემოუარა. ეზოს უკან მაღალი გალავანი ჰქონდა შემოვლებული, მაგრამ მისი გადალახვა არ იყო ძნელი, რადგან გალავნის კედელთან, გარედან, დიდი ნაძვის ხე იდგა, რომელზე აბობღებაც და იქიდან გალავანზე გადმოცოცება ნებისმიერს შეეძლო. თავის დროზე ეს არ გაუთვალისწინებია მორიელს.
- რას ეძებ? - დაინტერესდა თაკო.
- მინდა გავიგო, როგორ გადმოძვრა ეზოში.
- მერე? გაიგე?
- გავიგე, - და აუხსნა გოგოს, რასაც ფიქრობდა.
- ნამდვილი დეტექტივივით გამოთვალე, მაგარი ხარ! - აღტაცებით წარმოთქვა გოგონამ.
- ერთ დროს გიგას ვეხმარებოდი კიდეც საქმეების გამოძიებაში, მთლად ეგრეც არ არის, რაღაცები მეც ვიცი. ამ შემთხვევაში მართლაც დეტექტივი ვიყავი, ოღონდ არა წიგნში ან ეკრანზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში, რაც კიდევ უფრო ცუდია, - ტრაბახი გამოუვიდა პირად მცველს, - ეს რა არის?
გალავნის კედელზე, შუა ადგილას, გაშლილი გაზეთის ზომის პრიალა ქაღალდი იყო გაკრული, რომელზეც ვიღაცას სამიზნე დაეხატა.
- მე გავაკარი, შენ ხომ შემპირდი, სროლას გასწავლიო… წინასწარ გავამზადე.
- მართლა? მერედა, ვერ ხვდები, რომ რკინის გალავანს ტყვია რომ ესროლო, აისხლეტს და რა მოხდება, ღმერთმა უწყის?
- ჰო-ო, ეგ არ მიფიქრია, მაპატიე, - თაკომ ეშმაკურად გაიღიმა, ფეხის წვერებზე აიწია, მამაკაცს ტუჩებში აკოცა და გაიქცა. ორი ღამის უძინარი ირაკლი ისედაც ძლივს იდგა ფეხზე, კოცნის შემდეგ კი ძლიერად წატორტმანდა და კინაღამ მიწაზე მოადინა ზღართანი, ძლივს შეიკავა თავი. «ეშმაკმა წაიღოს ეს ბავშვი, რას აკეთებს, რა თამაშს თამაშობს, ნეტავი?!» -გაიფიქრა და სახეზე ალმური მოედო.
გაგრძელება იქნება
იხილეთ წინა თავი