საღამომდე უცრემლოდ, უძილოდ და უაზროდ იწვა… როცა შებინდდა, მხოლოდ მაშინ ჩამოვიდა ქვემოთ.
მარი ფანჯარასთან იდგა და ბაღში იმზირებოდა.
- არა უშავს, სამაგიეროდ, ამაღამ კარგად დაგეძინება, - ისე ჩაილაპარაკა მარიმ, თითქოს ამ ხნის განმავლობაში მას დარაჯობდაო.
- ვერ გავიგე? - გაოცებისაგან წარბები აზიდა გოგონამ.
- ვიცი, რომ არ გეძინა. ამაღამ დაგეძინება-მეთქი.
- თქვენ საიდან იცით? - ოფიციალური ტონი არჩია თაკომ.
- მე ღამით ვიმორიგევებ, დღისით კი დავიძინებ, - მისი არც ტონი და არც შეკითხვა არაფრად ჩააგდო ახალმა მცველმა, შეფიქრიანებულმა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ფანჯარას მოსცილდა, - ის ქალბატონი მოსულია და სამზარეულოში ტრიალებს. თუ მოგშივდა, ვახშამი უკვე მზადაა.
არ გამართლდა მარის წინასწარმეტყველება. თაკო მთელი ღამე ტიროდა, რადგან იცოდა, რომ კიბეზე ამომავალი ირაკლის ნაბიჯების ხმას ვეღარ გაიგონებდა, ვერც მის მოახლოებას იგრძნობდა საძინებლის კართან, არც მისი სუნთქვა გაათბობდა და არც მისი ალერსი გაახურებდა.
მორჩა! დღეს კიდევ ერთი ეტაპი დამთავრდა მის ცხოვრებაში. მისი ბრალია ყველაფერი, თვითონ გააფუჭა ურთიერთობა. ის ბევრს ითხოვდა მორიელისგან, დაღალა კაცი. ის აქ, მასთან აღარ არის და არც არასდროს იქნება. კიდევ ერთი სასჯელი მოუვლინა ბედისწერამ. კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი დაკარგა.
ის ყოველთვის კარგავს საყვარელ ადამიანებს.
რაო, რას ეუბნებოდა ირაკლი ბედისწერაზე?
გიცავსო? რა სისულელეა. იცავს კი არა, დასცინის…
თაკოს წყენამ მეორე დღესვე გაუარა. გაიღვიძა თუ არა, მიხვდა, რომ მორიელი სწორად მოიქცა. მას რთულ სიტუაციაში უწევდა მუშაობა. ძნელია, როცა მამაკაცის სამუშაო მისსავე შეყვარებულთან არის დაკავშირებული. თანაც, ეს ძალზე სარისკო პროფესიაა, მცირედი შეცდომაც კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
სწორედ ამის ეშინოდა ირაკლის, სწორედ ამიტომ გაურბოდა თაკოსთან სიახლოვეს. უნდა შეეგუოს ბედს. სხვა გზა არა აქვს. ირაკლი მხოლოდ ჭკვიანი კი არა, პატიოსანი ადამიანიც არის. იმიტომ კი არ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ თავი დაიფასა. მას არასდროს ულაპარაკია თავის ღირსებებზე და არ უტრაბახია თავისი საქმეებით. პირიქით, გამუდმებით საკუთარ ნაკლოვანებებზე ამახვილებდა ყურადღებას, თითქოს ამით სურდა, თავი შეეძულებინა თაკოსთვის. იგი არასდროს იტყუებოდა, ამიტომაც სჯეროდა გოგონას მისი. თუმცა… ბოლოს მაინც მოატყუა… ისიც მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის.
სამაგიეროდ, მან ბევრი რამ ასწავლა თაკოს, საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცა, სულიერად გააძლიერა, სიყვარული და სითბო აჩუქა. მერე რა, რომ დიდხანს არ გაგრძელებულა რომანტიკული ურთიერთობა? ის რამდენიმე კვირაც კი თაკოსთვის მთელ ცხოვრებას უდრიდა. ცოტა ხანს მოუწევს მოცდა, მერე კი ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას სურს. ხომ ეუბნებოდა ირაკლი, იღბლიანი ხარო. ჰოდა, ისიც დაბრუნდება, მას არ მიატოვებს. როცა ეს ამბები დამთავრდება, აუცილებლად დაბრუნდება. ამიტომ დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს… მას არ აქვს ამის უფლება.
მარის არაჩვეულებრივად შეეწყო. მართალია, ძირითადად დილა-საღამოს უხდებოდათ ერთმანეთთან კონტაქტი, მაგრამ თაკო ამით კმაყოფილი იყო. ქალი მას ხელს არ უშლიდა, თავს არ აბეზრებდა. დღისით უმეტესწილად ეძინა, ღამით კი ფხიზლობდა - დადიოდა და დადიოდა…
როცა ერთად იყვნენ, ხან ერთი ჰყვებოდა თავის ისტორიას, ხან მეორე. ქალური ჭორებიც არ იყო უცხო მათთვის. მათი გემოვნებაც ბევრ რამეში ემთხვეოდა ერთმანეთს და ცხოვრებისეული შეხედულებებიც. ამიტომაც მოსწონდათ ერთმანეთი.
ირაკლი? პრინცესას ენატრებოდა ირაკლი, მაგრამ არ დარდობდა… უბრალოდ, ელოდა, რომ მოვიდოდა.
და ის მოვიდა.
თაკომ თვალები გაახილა. ადრიანი დილა იყო. მზის სხივი თვალებში უჭყიტინებდა. არ იცოდა, რომელი საათი იყო… ან კი რა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა იქვე ირაკლი იჯდა.
- შენ მე მესიზმრები? - ჰკითხა თაკომ, თუმცა იცოდა, რომ ეს სიზმარი არ იყო.
- აჰა, - ღიმილით დაუქნია თავი მორიელმა, - მოვედი, რომ გამეგო, როგორ ხართ.
- ყველაფერი რიგზეა… ნუ წუხდები, ირაკლი, - მშრალად უპასუხა.
პაუზა ჩამოვარდა. მამაკაცი უყურებს გოგონას, გოგონა კი - მამაკაცს. მორიელი აქვეა, მის გვერდით, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს უუფლებო იყოს. იგრძნო, რომ სწორედ მისმა გაქცევამ გახადა უუფლებო.
- იცი? სინამდვილეში მე ძალიან ძლიერი ქალი ვარ, ამას ბოლო ხანებში მივხვდი. მე შემიძლია ჩემით ვიცხოვრო და არ ვსაჭიროებ სხვის შეცოდებას და თანაგრძნობას.
- ეს შეცოდება არ არის, თაკო, - უპასუხა მან, - ეს რაღაც სულ სხვაა. მაპატიე… მე იმისთვის არ მოვსულვარ, შენთან ფილოსოფიური დისკუსია გავმართო. უბრალოდ, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ აქ…
- ყველაფერი რიგზეა, ირაკლი, ნუ დარდობ, - ხელზე ხელი გადაუსვა თაკომ და აუღელვებლად წარმოთქვა, - კარგია, რომ მოხვედი, გამიხარდა, - ჩურჩულით დაამთავრა და წამოიწია, მერე ხელი ახალგაპარსულ ლოყაზე ჩამოუსვა მამაკაცს.
მორიელმა თვალები დახუჭა. თაკო ნელი მოძრაობით კისერზე შემოეხვია სასურველს, ფრთხილად მიესვენა მის მკერდზე. მამაკაცმა ზურგზე შემოაჭდო მკლავები და მძლავრად მიიხუტა…
ისე მძლავრად, რომ ორივეს სუნთქვა შეეკრა…
ისე მძლავრად, რომ სამყარო ატრიალდა…
ისე მძლავრად, რომ წამით ერთსულად იქცნენ…
და იმწამსვე შეუშვა ხელი.
- დროა, უნდა წავიდე… სანამ სამუშაოზე გავიდოდი, შემოვირბინე. დიდხანს ვერ დავრჩები.
და გავიდა.
თაკოსთან კი მისი სითბო დარჩა…
გავიდა ერთი კვირა. პირველი კვირა, როცა გოგონას მოკვლა არ უცდიათ. უკვირდა კიდეც, ნუთუ ირაკლის წასვლა იყო საჭირო, რომ თავს არავინ დასხმოდა? რა ხდება? გაანებეს თავი თუ რა ხდება? ახლა ისეთ რამეებს ნატრობდა, სიმწრისგან თავად ეცინებოდა - ნეტავ მოვიდოდეს ვინმე მის მოსაკლავად, ნეტავ შეაშინებდეს ვინმე მასაც და მარისაც, რომ მერე ამით ირაკლი შეშინდეს და დაბრუნდეს.
ნეტავ დაჭრან ვიბლიანებმა, ოღონდ კი ირაკლი იძულებული გახდეს, მის გვერდით იყოს.
ისეთი რამე მაინც მოხდებოდეს, რომ დარეკოს…
და დარეკა.
დარეკა და უთხრა, ამაღამ მოვალო… როცა ეს უთხრა, თაკოს შეეშინდა… რატომ? რისთვის მოდის? რამე მოხდა? იქნებ ჩათვალა, რომ… იქნებ ჰგონია, რომ…
ვერც სვამდა კითხვებს, ვერც პასუხობდა.
ამასობაში ისიც მოვიდა.
- ამაღამ პოლიცია ოპერაციის ჩატარებას გეგმავს. ორივე უნდა აიყვანონ. გიგამ აქეთ გამომგზავნა. რა იცი, რა ხდება… ახლა მე აქ უფრო ვარ საჭირო… - თვალები დამნაშავესავით დახარა მორიელმა და თაკომ მის გუგებში მოხტუნავე ჭინკების მოძრაობა ვერ შეამჩნია -ატყუებდა მამაკაცი თუ სიმართლეს ეუბნებოდა.
აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! დეტექტივის თხოვნით მოვიდა და არა თაკოს სიყვარულით.
ეწყინა. მას კი უნდოდა, ირაკლი მასთან მოსულიყო, როგორც ქალთან, ერთადერთ, საყვარელ და სასურველ ქალთან… თუმცა… არაფერიც არ უნდოდა…
მაგრამ მაინც საწყენი იყო…
ირაკლი სხვანაირი ეჩვენა. თმა გაეკრიჭა, წვერი კი მოეშვა. ძალიან უხდებოდა, თუმცა ეს არ იყო მთავარი. ის თავდაჭერილად იქცეოდა.
თუმცა არც ეს იყო მთავარი. მის თვალებში ჭინკები არ ჩანდა, გრძელმკლავიან მაისურში მორიელიც ჩაკარგულიყო…
ესეც არ იყო მთავარი…
მთავარი და მნიშვნელოვანი სხვა რამ იყო…
გამომეტყველება გახდომოდა მოუსვენარი. მისი სახე სულ სხვა რამეს მეტყველებდა.
სიცოცხლით ანთებოდა თვალები…
სიცოცხლის სიყვარულით ანთებოდა თვალები.
სიყვარულით ანთებოდა…
«სიყვარული ათბობს», - ნიშნისმოგებით გაიფიქრა თაკომ.
- რას უდგახარ, შემოდი, - გოგონამ განზე გაიწია და საძინებლისკენ მიმავალი გზა დაუთმო მამაკაცს.
- როგორ ხარ, თაკო? - სხვათა შორის იკითხა მან და გაიარა.
მერე მოულოდნელად მოტრიალდა, მხრებში ხელი ჩაავლო გოგონას, თავი უკან გადასწია და ექსპერტივით შეათვალიერა.
- გამოუძინებელი ჩანხარ… ამოღამებული გაქვს თვალები. მარიმ მითხრა, ძალიან გახდაო. ეს არ მომწონს. მე ამისთვის არ წავსულვარ. მინდოდა, პირიქით მომხდარიყო ყველაფერი. მინდოდა, დაფიქრებულიყავი შენს ცხოვრებაზე და სხვა თვალით შეგეხედა მომავლისთვის.
მოულოდნელად თაკოს დაუოკებელმა სურვილმა წამოუარა, თავი დაეღწია მისი მკლავებიდან…
მას არ მოსწონდა, რასაც ირაკლი ეუბნებოდა.
მას არ მოსწონდა, ირაკლი ასეთი შეცვლილი რომ იყო.
ასეთი შეცვლილი… როგორი ასეთი?
როგორი და… გაუცხოებული.
არადა, სულ რამდენიმე დღის წინ იგი მისი ირაკლი იყო.
მამაკაცი, რომელიც მისით ცხოვრობდა და სულდგმულობდა - მისი ნაბიჯებით, მისი გამოხედვით, მისი სუნთქვით…
- შენ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყო, თაკო, - აგრძელებდა მორიელი, - თუ ამაღამ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩაფიქრებულია, უკვე აღარაფრის შიში არ გექნება და ხალხში გაერევი, მეგობრებს ნახავ, გაერთობი, სწავლას დაუბრუნდები, ესკიზების ხატვას გააგრძელებ, მაღალი მოდის სამყაროში შედგამ ფეხს…
«ერთი ამას დამიხედეთ, მომავლის გეგმასაც რომ მიყალიბებს. მას შეიძლება მოსწონს ხმაურიანი ცხოვრება, მაგრამ მე არა. არც არასდროს მიზიდავდა. ყოველთვის მარტოობისკენ მივილტვოდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა. მას თუ მოსწონს, მისი საქმეა, მე ტყუილად მასწავლის ჭკუას,» - გაიფიქრა გაგულისებულმა.
- მორიელო, - გაისმა თაკოს ზურგს უკან მარის ხმა, - როგორ მიხარია, რომ მოხვედი. უშენოდ მოვიწყინეთ. არა, ისე როგორ შემოიპარე, მე რომ ვერ გავიგე? მაგარი «ხიტრი» ბიძა მყავხარ, - მარი ღიმილით გადაეხვია ბიძას, - აბაზანაში ვიყავი, თორემ რას გამომაპარებდი.
თაკო გაერიდა ბიძა-დისშვილს. სამივენი თითქოს უხერხულად იდგნენ შუა ოთახში. მამაკაცს სახლის განმკარგულებლის უფლება დაკარგული ჰქონდა, ახლა აქ მხოლოდ სტუმრად იმყოფებოდა, თაკომ კი არ იცოდა, რა როლი უნდა ეთამაშა ასეთ სიტუაციაში -დიასახლისის თუ შეყვარებულის.
არადა, ოდესღაც, სხვა ცხოვრებაში, რომელიც ორიოდე კვირის წინ იყო, მათ სიყვარულით გონი დაკარგეს…
ახლა კი, ორი კვირის მერე, ამ ცხოვრებაში… ერთმანეთს კარგავდნენ…
მარი გამომცდელად მისჩერებოდა ხან ერთს, ხან მეორეს. მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. ორივეს თვალებში ადვილად იკითხებოდა სიმართლე, ამიტომ სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- ივახშმებ, მორიელო? ქალბატონი ბარბალე ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს დაგვპირდა ამ საღამოს მე და თაკოს.
- ხაჭაპურზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, - მხაიარულად წამოიძახა ირაკლიმ…
მამაკაცს სუფრასთან ოდნავ გამოუკეთდა ხასიათი. იგი თავისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იჯდა - ამაზე დიდი ბედნიერება ირაკლისთვის არ არსებობდა.
- როგორ მოგეწონა ჩემი დისშვილი? - თაკოს შეხედა ლუკმით პირგამოტენილმა.
- მაგარი გოგოა, - ცერი შემართა თაკომ.
- ხომ არ აბრაზებდი?
- ა-რა!
- ესე იგი, კარგად შეეწყვეთ ერთმანეთს…
- გადასარევად, - გაღიმებულმა თაკომ თანხმობის ნიშნად თავი დაააქნია.
- და ისე შევეწყვეთ, გადავწყვიტეთ, ყოველთვის ერთად ვიყოთ, - დასძინა ეშმაკურად მარიმ და თაკოს თვალი ჩაუკრა.
ირაკლიმ სმენა დაძაბა.
- როგორ?
- ამის მერეც უნდა ვიმეგობროთ, - «გამოასწორა» მარიმ და დარცხვენით შეხედა ბიძას.
- ჰო-ო, ეგ კარგია, - ისეთი სახე მიიღო ირაკლიმ, ვითომ ვერ მიუხვდა დისშვილს…
არადა, მორიელს გაცილებით სხვანაირად წარმოედგინა თაკოსთან შეხვედრა, სხვა რამეს ელოდა… მართალია, იმის იმედი არ ჰქონდა, რომ განაწყენებული გოგონა დანახვისთანავე ყელზე ჩამოეკიდებოდა, მაგრამ ეგონა, რომ ოდნავ მაინც გაუხარდებოდა მისი დანახვა, ცოტათი მაინც. ის კი… ის გამეხებული იჯდა, თითქოს ორი კვირის წინ ღამე ერთად არ გაეტარებინოთ, თითქოს…
ფანჯარასთან მდგარმა უსიამოვნოდ გადააქნია თავი და მალულად გახედა სავარძელში მოკალათებულ პატარას. მარიმ ისინი შეგნებულად დატოვა მარტო, თვითონ ბარბალესთან ერთად სამზარეულოში დარჩა.
- გიხდება ახალი ვარცხნილობა, - სიჩუმე თაკომ დაარღვია.
«შენთვის შევიჭერი თმა, შენ რომ მოგწონებოდი», - ფიქრში გაეპასუხა მამაკაცი.
- შეცვლილი ხარ… უკეთესობისკენ. წვერიც გიხდება, - გააგრძელა გოგონამ.
«შენი გულისთვის გავაკეთე ეს ყველაფერი,» - ხმამაღლა არც ეს უთქვამს ირაკლის.
- დიდი მადლობა გემრიელი ვახშმისთვის. წავალ, ჩემს პოსტს მივხედავ, - ხმამაღლა ეს თქვა და ჰოლიდან გავიდა.
გავიდა უცხოდ, როგორც მაშინ, პირველ დღეებში.
თაკოს თვალები ცრემლით აევსო. ჩუმად დაისლუკუნა. რაღაც არასწორი ხდებოდა, მაგრამ ვერ გაეგო, რა. ამ რაღაც «არასწორში» მხოლოდ ტკივილს გრძნობდა, ყრუ ტკივილს…
- მაპატიე, ტელეფონი დამრჩა, - ირაკლი შემობრუნდა, მაგიდიდან მობილური აიღო, წამით, მაგრამ ყურადღებით შეავლო თვალი გოგონას და წავიდა.
თაკომ ცრემლები მოიწმინდა, მწარედ ამოიოხრა, წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა. უცებ მთლიანად დაბნელდა. ეს ირაკლის მოთხოვნა იყო - მთელ სახლში შუქი უნდა გამოერთოთ, რომ გარედან ნაკლებად ყოფილიყვნენ შესამჩნევი.
სიბნელეში ეზო კარგად ჩანდა. ორი კატა ერთმანეთს მისდევდა. გამაყრუებელი კნავილით ორივე ბუჩქებში შეიმალა. მათაც იციან სიყვარული… თავისებურად…
თაკო მოტრიალდა, მაგიდაზე მდგარ ღვინის ბოთლს ხელი დაავლო, ჭიქაში დაისხა და ყლუპებით დაიწყო დალევა, თან იმაზე ფიქრობდა, რა იყო არასწორი მათ ურთიერთობაში და როგორ ებრძოლა ირაკლის დასაბრუნებლად. ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იგი მამაკაცისთვის მხოლოდ გასართობი იყო. მარტო ცხოვრობდნენ ერთ სახლში… კაცისთვის ძნელია ამ დროს თავის შეკავება… ვერ გაუძლო ცდუნებას… ეგ არის მხოლოდ, თორემ სიყვარულით ნამდვილად არ უყვარს ირაკლის.
ამასთან შებრძოლება კი შეუძლებელია. ძალით ხომ ვერ შეაყვარებს თავს.
კიდევ დაისხა ერთი ჭიქა. დალია… მერე კიდევ ერთი… ისიც დალია… მოთენთილობა იგრძნო. სავარძელში ჩაჯდა და თავი ჩაჰკიდა. ცოტა ხანში მოესმა, როგორ დაუძახა მარიმ ირაკლის. მისი სახელი ახსენა, რაღაცას ეჩურჩულებოდა თაკოზე. მერე ირაკლის მოახლოება იგრძნო, შემდეგ მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები გაიგონა.
- თაკო… მოდი, წაგიყვან საძინებელში, კარგი? - და პასუხს არ დაელოდა, ისე ამოსდო ხელები ქვემოდან.
ამ დროს გოგონას თმაზე შემოჭერილი სამაგრი მოსძვრა და თმა მხრებზე ჩამოეშალა. ლამაზი სანახავი იყო… ირაკლი თვალს ვერ აცილებდა.
წამით გიჟურმა სურვილმა წამოუარა. აქვე, სავარძელშივე გაეშიშვლებინა და მისი ალერსით ეჯერა გული…
შეშინებულმა შეუშვა ხელი და უკან იქამდე დაიხია, სანამ მაგიდის კიდეს არ დაეჯახა. ვნების მოზღვავებული ტალღა ძლივს დაიოკა. სწორედ ამ დროს მობილურის ზარი გაისმა. გიგა ურეკავდა, აინტერესებდა, რა ხდებოდა მათთან.
მათთან კი არაფერი ხდებოდა… მას, უბრალოდ, თაკო უყვარდა…
სიგიჟემდე უყვარდა…
ირაკლიმ სახლის შემოვლა დაამთავრა და ჰოლში დაბრუნდა. თაკოს ჩასძინებოდა. მარიც არსად ჩანდა, არც ბარბალე. ალბათ თავიანთ ოთახებს მიაშურეს. შესაძლოა, სიბნელეში ვერც შეამჩნიეს სავარძელში ოთხად მოკეცილი მძინარე გოგონა.
- გაიღვიძე, პატარავ, აქ ძილი არ შეიძლება, მაღლა ავიდეთ! - რაც შეიძლებოდა, მშრალად წარმოთქვა მორიელმა.
თაკომ მძიმე ასწია თავი, წამოდგომა არც უფიქრია, ისე მოხვია მამაკაცს წელზე მკლავები და თავი მუცელზე მიადო.
გავიდა ხუთი წუთი. ირაკლის განძრევის ეშინოდა. როგორც ჩანს, გოგონამ მის მუცელზე გამოძინება განიზრახა… ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. არადა, მართლა ამ ყოფაში ხომ არ გაათენებდა?
უცებ მარის სილუეტი დალანდა, ფეხშიშველი მოაბიჯებდა სიბნელეში. ირაკლი აილეწა, არ უნდოდა, დისშვილს სხვა რამ ეფიქრა.
- ჩუ-უ, სძინავს, - ჩურჩულით თქვა მამაკაცმა და მიხვდა, რა სასაცილო პოზაშიც იმყოფებოდა.
მარის არ გაჰკვირვებია ეს პოზა.
- უბრალოდ, შევწუხდი, რომ არ ამოხვედი, - მათ შემხვედვარემ ღიმილი ვერ შეიკავა და გატრიალდა, - იმედია, მთელი ღამე «სწორდი, სმენაში» არ გაატარებ, მორიელო, - უკანმოუხედავად გამოსძახა ბიძას და სიბნელეში მიიმალა.
ირაკლი დაელოდა, სანამ მარის ფეხის ხმა მიწყნარდებოდა, მერე ფრთხილად მოიშორა წელიდან თაკოს ხელები, გოგონა აიტატა და საძინებლისკენ გაეშურა. ფეხით შეაღო ოთახის კარი. ლოგინში ჩააწვინა. პატარას პერანგის ღილები ნახევრად ჩახსნოდა, საიდანაც ქათქათა მკვრივი მკერდი მოუჩანდა…
მამაკაცი ერთხანს ყოყმანობდა. დარწმუნებული იყო, რომ გოგონას არ ეძინა, უკვე არ ეძინა…. და დარჩენილი ღილების შეხსნას შეუდგა…
თაკომ თვალები გაახილა. მორიელმა შეხედა და თავისი საქმე წარბშეუხრელად გააგრძელა. პატარა არ გარხეულა. არც არაფერი უთქვამს. უსიტყვოდ ადევნებდა თვალს პირად მცველს ღამის სიბნელეში. თითქოს ისიც რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა.
როცა მამაკაცმა ზურგი წამოუწია, რათა პერანგი გაეხადა, გოგონა უსიტყვოდ დაჰყვა მის ნებას.
როცა ჯინსის შარვლის ელვა გაუხსნა და გახდა დაუწყო, არც მაშინ გაუწევია წინააღმდეგობა.
როცა მოშიშვლებულ მუცელზე აკოცა, არც მაშინ განძრეულა.
- წავალ, სახლს შემოვივლი, - თქვა ირაკლიმ და ძლივს მოსწყდა პრინცესას სხეულს.
თაკო ელოდა. მამაკაცი თხუთმეტი წუთის შემდეგ დაბრუნდა. გოგონა იმავე პოზაში იწვა, რომელშიც დატოვა და ჭერს მიშტერებოდა. ამწუთას თოჯინას ჰგავდა, რომელიც თავის საწოლში ჩააწვინეს.
ირაკლი კარგა ხანს აკვირდებოდა მის სხეულს. მან არ იცოდა, რაზე ფიქრობდა მისი პატარა, მაგრამ მიხვდა, თაკოს რაც ემართებოდა. ახლა ის სულაც არ იყო ისეთი უცხო, როგორიც ცოტა ხნის წინ. ახლა ის სწორედ ის გოგონა იყო, რომელთანაც ერთად ვნებიანი ღამეები გაატარა სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ.
მაგრამ მაინც ეშინოდა მიახლოების. ეშინოდა, ხელი არ ეკრა მისთვის.
სახე ახლოს მიუტანა, ნელა ჩამოუსვა ლოყაზე ხელი.
- მხოლოდ ერთი «არაა» საკმარისი და მე წავალ, - დაიჩურჩულა და ოდნავ შეეხო თაკოს კანს.
მამაკაცის ტუჩების შეხებისას თითქოს ჭიანჭველებმა დაურბინეს ტანში. ირაკლი კოცნა-კოცნით ზემოთ მიიწევდა, ბოლოს ყელამდე მიაღწია. თმაზე შეახო ხელი, თავი განზე გადაუწია და ყვრიმალზე ნაზად ეამბორა. თაკოს კიდევ ერთხელ დაურბინეს ჭიანჭველებმა. ვნებიანად გააჟრჟოლა.
მას არ უთქვამს «არა». ის, უბრალოდ, დუმდა და არ ირხეოდა, პატარა, სასაცილო გოგონა, რომელიც «ჰო-სა» და «არას» შორის გაჭედილიყო…
თაკომ დაიკვნესა… მამაკაცმა კვლავ შეუშვა ხელი, ადგა და გარეთ გავიდა. ვიდეოკამერები უნდა შეემოწმებინა. რა თქმა უნდა, იგი გამიზნულად არ იქცეოდა ასე, მას, უბრალოდ, არ შეეძლო მიეტოვებინა პოსტი. ეს ღამე მნიშვნელოვანი იყო, გადამწყვეტი. პოლიციამ, როგორც იქნა, მიაგნო ბოროტმოქმედების კვალს და სანამ ოპერაცია არ დამთავრდებოდა, მოდუნების უფლება არ ჰქონდა. თუმცა ეს ყველაფერი, ირაკლისგან დამოუკიდებლად, თავისთავად თამაშს ემსგავსებოდა და მამაკაცს ახარებდა ეს თამაში. მასში იყო ის რაღაც, რაც ამ დღეების განმავლობაში აღმოაჩინა თავის თავში. ეს ირონია გახლდათ. ირონია, რომელიც მანძილს ქმნიდა პირად მცველსა და მის გარშემო არსებულ საგნებს შორის… მანძილი კი საშუალებას აძლევს ადამიანს, უკეთ აღიქვას მის ირგვლივ მდებარე საგნები. ამიტომაც ასე უკეთ ხედავდა, როგორ სიამოვნებდა თაკოს მისი თამაში, ასე უკეთ გრძნობდა გოგონას სურვილსა და შიშს…
რამდენიმე დღის განშორებამ ბევრად კარგი შედეგი გამოიღო. ირაკლი საბოლოოდ მიხვდა, რამდენად ძვირფასი იყო პატარა პრინცესა მისთვის, რომ მის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებოდა. მასაც მისცა საშუალება, ჩაღრმავებოდა პირად გრძნობებს. შედეგმაც არ დააყოვნა. ორივე ერთმანეთს ელოდა, ორივეს უყვარდა ერთმანეთი. სწორედ ამ დღეებში მიხვდა ირაკლი ამას…
და მან იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო თაკოსთან, მან უკვე ზუსტად იცოდა, რომ იგი თაკოს სჭირდებოდა და რომ თაკო სჭირდებოდა მას. მთავარია, ეს დროზე უთხრან ერთმანეთს, რაც შეიძლება ჩქარა, ახლავე!
არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეწოდებოდა ამ გრძნობას სიყვარული თუ არა, ეს ამწუთას სულერთი იყო. თუმცა მამაკაცი გაბედავდა და თავის გრძნობას სწორედ ამ სახელს დაარქმევდა… ბოლოს და ბოლოს…
თაკოს უფრო სჭირდებოდა იგი, სხვა თუ არაფერი, იმისთვის მაინც, მის მკლავზე დაედო თავი და მშვიდად დაეძინა, საიმედო ადამიანის ხელში, ყოველგვარი შიშის გარეშე.
მორიელს ჩაეღიმა. სხვას რომ ეს უთხრას, არავინ გაუგებს. არადა, სწორედ ეს მდგომარეობა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის. ირაკლი თაკოსთვის თავშესაფარს წარმოადგენდა. გოგონა საჭიროებდა თავშესაფარს. ირაკლი საჭიროდ მიიჩნევდა, ყოფილიყო თავშესაფარი.
ესეც ასე, რა არის აქ გასარკვევი? მერე ცოტა ხანს დაიცდიან, როგორ განვითარდება მოვლენები, ჩამოვა გურამი, დაელაპარაკება, გასარკვევს გაარკვევენ, საქმის კურსში ჩააყენებს სასიმამროს და… ჰმ, სასიმამროს…
ეხამუშა სიტყვა…
უარი რომ მიიღოს?
ახლოს რომ არ გააკაროს?
სახლიდან რომ გააგდოს?
მორიელი ამას არად ჩააგდებს. გურამისთვის მათი ურთიერთობის ახსნა, უბრალოდ, მშობლის საქმის კურსში ჩაყენებაა მხოლოდ, ელემენტარული ზრდილობის საკითხი, თორემ…
არავის ეკითხება, რა ურთიერთობა ექნებათ თაკოს და ირაკლის.
არავის ეკითხება, როგორ უყვართ მათ ერთმანეთი.
თავად გადაწყვეტენ, როგორ იცხოვრონ და როგორ იყვნენ, როგორ მოეწყონ და როგორ მოაწყონ. ისინი განსხვავებულები არიან, ძალიან განსხვავებულები…
ადვილი არ იქნება…
მაგრამ ეს მერე…
ახლა მათ საბაბი აქვთ, საბოლოოდ გაიცნონ ერთმანეთი.
და სასწრაფოდ უნდა გამოიყენონ ეს საბაბი.
რათა ბოლოს და ბოლოს, საფუძვლიანად გაიცნონ ერთმანეთი.
კვლავ შებრუნდა ოთახში.
ზედმეტი სიტყვების გარეშე აკოცა ტუჩებში - პასუხად გოგონას ტუჩები ოდნავ შეირხნენ. ირაკლიმ შეუმჩნევლად გაიღიმა.
ზედმეტი სიტყვების გარეშე გაიხადა პერანგი, წელს ზემოთ გაშიშვლდა და თაკოს გრილი სხეული გახურებულ მკერდზე მიიხუტა.
ზედმეტი სიტყვების გარეშე ეალერსებოდა პრინცესას, ძალუმად იკრავდა გულში და გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა ივსებოდა სიფრიფანა სხეული სიცოცხლით.
და შემდეგ ისევ წავიდა.
წავიდა მაშინ, როცა უკვე შეუძლებელი იყო წასვლა.
როცა უკვე შეუძლებელი იყო მისგან მოწყვეტა.
როცა ათრთოლებული გოგონა ირაკლისკენ მოიწევდა, ირაკლი კი მისკენ.
მაგრამ უნდა წასულიყო. და ვნებისაგან გათანგულმა კიდევ ერთხელ დაიარა სახლი, ფანჯრები და კარები შეამოწმა… საჭირო იყო და იმიტომ.
იცოდა, რომ თაკო ელოდა. ისიც იცოდა, რომ გოგონა არ იტყოდა «არას».
იცოდა, რომ პატარამ მას გაქცევა აპატია. ამ ერთხელ აპატია, მაგრამ განმეორების შემთხვევაში ყველაფერი დამთავრდებოდა. ჰოდა, ახლა იყო მომენტი… უნდა ესარგებლა ამ მომენტით. მორიელს უხაროდა ეს, შინაგან რწმენას უძლიერებდა, ხვალინდელი დღის იმედს უსახავდა…
ის ცოცხალი იყო, ის ცხოვრობდა.
ის უკვე აღარ იშუშებდა წარსულის იარებს, რომლებიც გაქრა, გაუჩინარდა. მას მხოლოდ მოგონებები დარჩა, მოგონებები და…
თაკო…
და ახალი ცხოვრება თაკოსთან ერთად…
ცხოვრების გაგრძელებაა საჭირო… და სიმამაცე, იყვნენ ბედნიერები.
როცა ირაკლი შემობრუნდა, თაკო საწოლზე იჯდა, აზიელივით ფეხებმორთხმული - ლამაზი და შიშველი… და მას ელოდა.
დაინახა თუ არა პირადი მცველი, გაშლილი ხელები მისკენ გაიწვდინა. მას ხმა არ გაუღია, არც «ჰო» უთქვამს და არც «არა», უსიტყვოდ ჩაეკონა მამაკაცს. ისინი კიდევ ერთხელ ჩაიკარგნენ ერთმანეთში…
თითქოს ისევ დატრიალდა ატრაქციონი, ათასი ლამპიონით გაჩახჩახებული ღამის ატრაქციონი…
გაგრძელება იქნება