მკვეთრმა კაკუნმა შემაკრთო და ჩემდა უნებურად შევხტი, მიუხედავად იმისა, რომ ბიბის ველოდი. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, თვალი წამით შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში, ღრმად ამოვიოხრე და კარის გასაღებად გავეშურე.
მის დანახვაზე დამაჯერებელი ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ათვისებული, ჩემი სამუშაოს გადამკიდეს. როცა მისი აღტაცებული მზერა დავიჭირე, გავიფიქრე, ტყუილად არ მიწვალია, თავის ასე დაჭერა რომ ვისწავლე-მეთქი. თავმომწონე ქალის იმიტირება მშვენივრად გამომდიოდა.
- ეს შენ, - ბიბიმ ჰერბერების საუცხოო თაიგული გამომიწოდა - წითელი ყვითელი და აგურისფერი ჰოლანდიური გვირილების.
ნეტავ, ბანალური წითელი ვარდები რატომ არ მომიტანა? არ აწყობდა? ისე, ვარდების თემა ბოლო წლებში ძალიან გაცვდა საქართველოში. «ვარდების რევოლუციის» შემდეგ თითქოს მოდიდან გადავიდა ეს მეფური ყვავილი. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ პირველ ხანებში, მგონი, ყველა ერიდებოდა საჩუქრად ახლობელთან ვარდების მიტანას. როგორც ჩანს, «მისტერ მომაჯადოებლობას» შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და, უნდა ვაღიარო, რომ გამოუვიდა კიდევაც. მართალია, არც ჰერბერები მხიბლავდა დიდად, მაგრამ ამ გაგანია ზამთარში უკეთესი რა უნდა ეშოვა კაცს? მართლა და მართლა, სპეციალურად ხომ არ გამოიწერდა ჩემი გულისთვის ჰოლანდიიდან ქრიზანთემებს ან ჰორტენზიებს?
- დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი? - თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მაგრამ სურნელი ვერ შევიგრძენი. ყვავილის ეს სახეობაც მე მგავს ალბათ, გარეგნულად ლამაზია, სურნელი კი არა აქვს, ანუ გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი - მოყვარეს.
- რა შეწუხებაა, - შეთქმულივით გამიღიმა ბიბიმ და ზღურბლზე გადმოაბიჯა. - ხომ უნდა მოვირგო შენი შეყვარებულის როლი?
იმედგაცრუების ჩხვლეტა ვიგრძენი. სწორედ ამისთვის მოვიდა - განვიხილოთ მისი მომავალი როლის დეტალები. არადა, თურმე მინდოდა ისე, უბრალოდ ეჩუქებინა ჩემთვის ყვავილები, ყოველგვარი როლის და პირობის გარეშე.
- კარგი აზრია… შემოდი.
- ოოო, როგორი მადის აღმძვრელი სურნელია.
- იმედია, ნაჭამი არ ხარ, თორემ გავგიჟდები, იცოდე. - გავუღიმე.
- ვაუ, ეს რა ამბავია! - წამოიძახა, მაგიდას რომ მიუახლოვდა.
სახეზე გაკვირვება გამოესახა. სიცილი ამიტყდა და ხელით ვანიშნე, დაჯექი-მეთქი.
- სტუმრებს ელოდები?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- უბრალოდ, კერძების მომზადება მიყვარს. ჩემთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
- კერძები გურმანებისთვის, არა? სუფრას რომ გადახედავ, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ადამიანს. - შენიშნა ბიბიმ.
ხელები დავაბანინე და სუფრას მივუსხედით. პირველ რიგში, თევზი გადაიღო და ერთი ლუკმა გასინჯა თუ არა, ისეთი სიამოვნება დაეტყო სახეზე, თითქოს შეუდარებელ კომპლიმენტებს მეუბნებოდა. საჭმლის მომზადება ხომ მიყვარდა და მიყვარდა, მაგრამ როცა ჩემს კულინარიულ შედევრებს დადებითად აფასებდნენ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბიბი კმაყოფილებას ვერ მალავდა. წამით წარმოვიდგინე, როგორ გამომეტყველება ექნებოდა, როცა სხვა, უფრო დიდ სიამოვნებას დაიკმაყოფილებდა და ამის გაფიქრებაზე ხელი ამიკანკალდა. ღვინით სავსე ბოკალი სასწრაფოდ დავდგი მაგიდაზე, რომ ჩემი ხელის კანკალი არ შეემჩნია.
- დიდებულია.
- ესეც გასინჯე, - ვუთხარი და ფლავით სავსე თეფში მისკენ მივწიე. ერთმანეთის მიყოლებით სამი ცალი გააქანა პირისკენ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. მიხაროდა, ასე რომ მოსწონდა ჩემი ნამოღვაწარი. მზად ვიყავი, ყველაფერი მეჭმია, რაც სუფრაზე იდო, ოღონდ კი გამეწელა მოსალოდნელი საუბრის დაწყება, რის გამოც დღეს მესტუმრა.
მიუხედავად ბიბის ვიზიტის მიზნისა, განგვეხილა დეტალები, როგორ გაეკვირვებინა ჩემი დაქალები თავისი როლით, უცნაური ის იყო, რომ მისი ჩემს ბინაში ყოფნის ფაქტი იმაზე მეტად აღმაგზნებდა, ვიდრე მოველოდი.
ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე იყო - ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შემეძლო დავმალვოდი გარე სამყაროს და ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში გახლდით. აქ არ მიწევდა თავის საქმიან ქალად წარმოჩენა, სიამაყის გამოჩენა და დახვეწილი მანერების ხელოვნურად გამოყენება. როგორც კი ზღურბლს გადმოვაბიჯებდი, ყველაფრისგან ვითავისუფლებდი თავს - კონტაქტური ლინზებისგან, მაკიაჟისგან, ტანსაცმლისგან… ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის ნიღაბს ვიხსნიდი. ტანთ რომ გავიხდიდი, სიამოვნებით გადავიცვამდი ჩემს საშინაო ხალათს ან ჯინსის შარვალსა და ფართხუნა მაისურს და ნეტარებას ვეძლეოდი.
წლები დავკარგე იმისთვის, რომ წარმატებული პიროვნების იმიჯის უკან მდგარი დაბნეული, თავის თავში დაურწმუნებელი გოგონა დამემალა, როგორიც ერთ დროს ვიყავი. მაგრამ შინ დავბრუნდებოდი თუ არა, ისევ ძველი ელენე ვხდებოდი და ეს მიხაროდა.
ღვინის ბოკალს ხელი დავავლე და თავი ბაღისკენ გავიქნიე:
- თუ დანაყრდი, არ გინდა, ჰაერზე გავიდეთ?
- ამდენი დელიკატესის მირთმევის შემდეგ არა მგონია, ადგილიდან დაძვრა შევძლო, - ხელი მუცელზე დაიტყაპუნა, - მოდი, უბრალოდ, ვისხდეთ.
ვიცოდი, რომ საკუთარი სიმშვიდისთვის ჩემთვის უკეთესი იყო, ავმდგარიყავი და ბაღში გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ბიბის ჟესტმა მაიძულა, შემეხედა მისი მუცლისთვის, ფართო მკერდისა და ძლიერი მკლავებისთვის, რომელზეც რელიეფურად ამობურცვოდა კუნთები. შავი პერანგი ეცვა და საოცრად უხდებოდა. იმის მიუხედავად, რომ შავი ფერი არ მიყვარს, მას ძალიან უხდებოდა და ვერც წარმომედგინა, სხვა ფერი უფრო როგორ უნდა მოეხდინა. მის ცისფერ თვალებს ძალზე მკვეთრ ელფერს სძენდა შავი.
მოულოდნელად შიმშილის გრძნობამ ამიტაცა, რომელიც კერძებით სულაც არ იყო გამოწვეული. მისი პროვოცირება შეუდარებელი მამაკაცური სხეულის სიახლოვემ მოახდინა.
- ძალიან შეიცვალე, იცი? - თქვა მოულოდნელად.
მისი ხმის მსუბუქმა ინტონაციამ მაიძულა, თვალებში შემეხედა. მის მზერაში წამით გაელვებული ნდომის ნაპერწკალი შევნიშნე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემს წეღანდელ «შიმშილის» შეგრძნებას.
- ახლა ალბათ აღარ ვგავარ იმ დარტყმულ გოგოს, არა?
შევნიშნე, რომ ამის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა. ვეღარ მოასწრო ამ შეკრთომის თავის მომაჯადოებელ ღიმილში მიმალვა.
- ბავშვობაში სასტიკები ვართ ხოლმე. - იმართლა თავი.
სკოლისდროინდელი მოგონებები კვლავ ამომიტივტივდა. მახსოვს, ჩემი დაუდევარი ჩაცმულობა, მსხვილმინიანი სათვალე და ინტელექტის მაღალი დონე თანაკლასელებში ირონიას რომ იწვევდა. ზურგს უკან ხშირად დამცინოდნენ ხოლმე ყოველივე ამის გამო. ბუნებრივი სიმორცხვე არ მაძლევდა უფლებას, მეტოქეობა გამეწია ამბიციური, თავხედი თანატოლებისთვის. ამიტომ თითქმის მივეჩვიე მოსაწყენი დამზეპირებლის რეპუტაციას. არადა, სულაც არ ვიზეპირებდი არაფერს. უბრალოდ, ნათელი გონების გოგო ვიყავი და რასაც ვკითხულობდი, ეგრევე ვითვისებდი. მიუხედავად ამისა, ყველას ეგონა, რომ დღე და ღამე ტექსტების დაზეპირებაში ვიყავი, რომ თავი განათლებულად წარმომეჩინა. თავის გამოჩენა კი ძალზე იშვიათად მსურდა, მხოლოდ მაშინ, როცა ტეტე ბიბის მოიყვანდა ჩვენთან, სახლში. აი, მაშინ კი საკუთარი ტყავიდან ვძვრებოდი, რომ მას მომხიბვლელი ვჩვენებოდი. ის მეხუმრებოდა, ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ეს იყო მიზეზი, რომ ეტაპობრივად, ჩემდა უნებურად, შემიყვარდა კიდევაც.
დავავლე ხელი ჩემს ბოკალს და კარისკენ გავემართე.
- მე დარტყმული გოგო ვიყავი. - ჯიუტად გავიმეორე.
ბიბიც ადგა და უკან გამომყვა. ზურგი მეწვოდა, რადგან მის მზერას ვგრძნობდი, ერთიანად გამიხურდა სხეული.
- მე შენ ასე არასდროს გეძახდი.
- ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ.
კარი, რომელიც ბაღში გადიოდა, ხელის კვრით შევაღე და დაველოდე, რათა ბიბი წინ გამეტარებინა, მაგრამ იგი პირდაპირ ზღურბლთან შეჩერდა და იდაყვზე წამავლო ხელი.
- ვიცი, შენ არ გინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ის ამბავი, - ხმადაბლა და მომთხოვნი ტონით მითხრა.
მისი თითების შეხებამ ხელი გამითბო. თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაკრთა ჩვენ შორის.
- ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რაც იმ ღამეს მოხდა.
- ცდები, - თქვა და ოდნავ მომიჭირა თითები, მერე კი ხელი შემიშვა, - მაშინ მე უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.
გავჩერდი და შევხედე. თვალებში წამით უცნაური გამომეტყველება გაუკრთა - მტკივნეულად დაუცველი ადამიანის გამომეტყველება, რაც არაფრით ესადაგებოდა წარსულში თავხედი ბიჭუნას ბუნებრივად გამომუშავებულ თამამ თვისებებს.
- მაგრამ არა თავიდანვე, ცოტა მოგვიანებით.
- სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. - დაიჟინა მან, თან თვალს არ მაშორებდა, თითქოს მაიძულებდა, ყველაფერი დაწვრილებით გამეხსენებინა.
მის ტუჩებს შევხედე და გამახსენდა, როგორი იმედით შევყურებდი, როდის მაკოცებდა მაგ ტუჩებით, და როგორ ერთბაშად, წამში დაიმსხვრა ჩემი იმედები, როცა ძმაკაცებს აჰყვა და სიცილით გამეცალა.
- თავს ნუ იდანაშულებ. ისე, რომ ვთქვათ, განა რა მოხდა? თითქმის ვაკოცეთ ერთმანეთს. შენმა მეგობრებმა შეგვამჩნიეს და გაგვაშაყირეს. შენც ადექი და თქვი, რომ ეს ხუმრობა იყო. -ამ სიტყვებით ხელი ვუბიძგე პატარა მაგიდისკენ, რომელიც ვერანდაზე იდგა, - და შენ მართალი იყავი.
ბიბის ჯიუტმა მზერამ მიკარნახა, რომ მზად იყო, ყველაფერი ბოლომდე აეხსნა, მაგრამ ეს სულაც არ შედიოდა ჩემს განზრახვაში. დიდი ხანია, მივიღე გადაწყვეტილება, წარსულისკენ არ გავიხედო და თავიდან არ განვიცადო შერცხვენის ის სცენა. თუკი მსურს, მთელი თვე შეყვარებული ქალის როლი ვითამაშო, აჯობებს, არ გავიხსენო ბავშვობის უიმედო გატაცება.
- ელე, სულაც არ იყო ისე, როგორც შენ გგონია.
- მაპატიე, ახლავე დავბრუნდები. - ამ სიტყვებით სამზარეულოში გავვარდი. დრო მჭირდებოდა, რომ შოკის მერე გონს მოვსულიყავი, რაც მისი თითების შეხებამ გამოიწვია.
ბიბის არ უცდია ჩემი შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ შევატყვე, ამის დიდი სურვილი ჰქონდა. რა უნდა ეთქვა? რით უნდა ემართლებინა თავი? - რომ უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო მაშინ თავი, რომ ის საღამო ჯადოსნური იყო იქამდე, სანამ ყველაფერს გააფუჭებდა?
მალევე დავბრუნდი. იდაყვით გამოვაღე კარი, რომელიც აჭრიალდა და ბიბიმ გამოიხედა. სინი მომქონდა, რომელზეც ხილითა და ნამცხვრით სავსე ორი თეფში ელაგა. ბიბი დასახმარებლად წამოხტა და მოულოდნელად შევამჩნიე, როგორი ხარბი მზერა მოავლო ჩემს თეძოებს, მკერდს და ოდნავ მოშიშვლებულ მუცელს, ხელების აწევის დროს რომ გამომიჩნდა მაისურის ქვეშ. მართალია, ბავშვობიდანვე სპორტული ფიგურა მქონდა, მაგრამ მომწიფების ასაკიდან საჭირო ადგილებში მსუქუბი სიმრგვალეები გამიჩნდა, რაც მომაჯადოებელ ქალურობას მძენდა, იმდენად მაცდუნებელს, რომ ვატყობდი მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ კი ჩამხუტებოდნენ. სწორედ ეს სურვილი გამოეხატა ბიბის სახეზე.
- ნება მომეცი, დაგეხმარო.
- მადლობა, - ვუპასუხე საყვარელი, მორცხვი ღიმილით, რაც სულაც არ ესადაგებოდა ჩემი იმიჯის ქალს. არადა, სწორედ ასეთი წარვუდექი პირველ შეხვედრაზე, იქ, ბარში.
მან სინი ჩამომართვა და მაგიდაზე შემოდგა.
- შენი კულინარიული შესაძლებლობები და ეს ლამაზი ბაღი თავისი ყვავილებით მაფიქრებინებს, რომ საშინაო საქმეებისთვის დრო არ გენანება. მახსოვს, ტეტეს და მამაშენსაც თვითონ უმზადებდი სადილებს და ოთახებშიც ყველგან ყვავილებით სავსე ლარნაკები გედგა. გგონია, არ მახსოვს? ყველაფერი აქ არის, თავში, - და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.
- დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან პატარები ვიყავით, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობდი, მამაჩემისა და ტეტესთვის მყუდრო ოჯახური ატმოსფერო შემექმნა.
- მესმის, როგორ გაგიძნელდებოდა დედის გარეშე, განსაკუთრებით, სკოლის პერიოდში, როცა შენს კლასელებთან ურთიერთობა არ გამოგდიოდა. წეღან შენს თავზე რომ თქვი, დარტყმული ვიყავიო, თვალებში წყენა ჩაგიდგა. მართალია, ხმამაღლა არასდროს მიხსენებია შენი თანდასწრებით ეს სიტყვა, მაგრამ ვაღიარებ, რომ გულში მეც ასე ვფიქრობდი. იმედია, ამდენი წლის შემდეგ ჩემს აღსარებას წყენით არ მიიღებ…
- არა, რას ამბობ. შეგეძლო, არც გეთქვა, ისედაც ვიცოდი.
მერე დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ. ახლა უკვე დაწვრილებით მოვუყევი ჩემზე, რას ვსაქმიანობდი, რა ადგილი მეჭირა საზოგადოებაში…
- შთამბეჭდავია შენი წინსვლა ბიზნესში, მაგრამ დიასახლისის ამპლუაში უფრო მომწონხარ. უამრავი გოგო მინახავს, საქმეში ძალიან წარმატებული მოდელიც, მსახიობიც და ბიზნესვუმენიც, რომლებიც გაზქურასთან არასდროს მდგარან, რომლებიც გაურბიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს და მიჭირს შენი მათთან შედარება. მათგან განსხვავებით, შენში ვხედავ ქალს, რომელიც თავის სახლზეა მიჯაჭვული. როგორ გახდი ასეთი კეთილშობილი ან როგორ უთავსებ სამსახურს და სამზარულოს ასე ჰარმონიულად ერთმანეთს?
- რა ვიცი… დროთა განმავლობაში გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, -მაცდუნებლად გავუღიმე.
ბიბიმ სკამი გამომიწია. გაოცებულმა შევხედე - არ ვიყავი მიჩვეული გალანტურ კავალრებს -და დავჯექი.
- როგორც მივხვდი, წარსული არ უნდა გავიხსენოთ. ეს თემა განსჯას არ ექვემდებარება. მაშინ ხომ არ აჯობებს, ჩვენს გარიგებაზე ვისაუბროთ? გინდა, რომ დავაჯეროთ შენი დაქალები, თითქოს ოდესღაც რომანი გვქონდა თუ ვითომ ეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაა შენს ცხოვრებაში?
- უნდა ვთქვათ, რომ ადრე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.
- ანუ მე ახალი მამაკაცი ვარ შენთვის და შენ ამით ტკბები, არა? - ამ სიტყვებით გახუხული ორცხობილის რამდენიმე პატარა ნაჭერი აიღო და პირისკენ გააქანა, თითქოს მზესუმზირას აკნატუნებსო.
შეცბუნებულს ღაწვები შემეფაკლა. მას კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე, აშკარად სიამოვნებდა, დაბნეულს რომ მხედავდა.
- ერთი სიტყვით, - ვთქვი და პაუზა გავაკეთე, თან აჭარხლებული შევუდექი ფორთოხლის გაფცქვნას, - იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდეს, მოგვიწევს ხშირად ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა, ხანდახან წელზეც უნდა მომხვიო ხელი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.
- შენ რა, დამცინი? რას მიქვია, წინააღმდეგი ვიქნები? პირველსავე შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან, ოღონდ კი ჩაგიხუტო. მაგრამ იმის მეშინია, როცა რეალურ ქმედებამდე მივა საქმე, გაბრაზებული არ გამექცე. ისე, კოცნაზე რას იტყვი?
- არავითარი კოცნა! - ლამის ვიყვირე და უხერხულობის დასაფარავად ნახევარი ფორთოხალი გავიქანე პირისკენ, თან ლამის დაუღეჭავად გადავყლაპე.
- მაგრამ წყვილები ხანდახან კოცნიან ერთმანეთს. ბუნებრიობისთვის ეს აუცილებელიც კია. ხომ გინდა, რომ დაგვიჯერონ?
პასუხად რაღაც ჩავიბურტყუნე, ძალიან დავიბენი. ასე მეგონა, სახე კი არა, მთელი სხეული გამიწითლდა სირცხვილისგან.
- ვატყობ, ეს შეშლილი პროექტი უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. - გულიანად გაიცინა, -მოდი, ნუღარ შევუდგებით მარჩიელობას, რა როგორ იქნება, ახლავე ვიმოქმედოთ, კარგი? -ამ სიტყვებით მაგიდიდან გადმოიხარა, მხრებში ჩამაფრინდა და მიმიზიდა. გული ამიჩქარდა, ქვედა ტუჩი უცერემონიოდ გავილოკე და გამჭოლი მზერით მივაჩერდი.
- ნუ გეშინია, მე სამაგალითო კავალერი ვიქნები.
სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად…
გაგრძელება იქნება