- სულაც არ არის საკმარისი, - მიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა, თითქოს ელოდა, როდის შევეცდებოდი მის შეჩერებას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მაინც არ შევაჩერებდი.
- ჩვენ ასეთი მოლაპარაკება არ გვქონია…
აღარ მისმენდა. თავი კიდევ უფრო დახარა და ტუჩებზე შემეხო… არა, კი არ შემეხო, მაკოცა… მაკოცა იმ მიზნით, რომ გაეგო, რა რეაქცია ექნებოდა მის სხეულს ჩემი ტუჩების დაგემოვნებისას. ჰო, ზუსტად ასე მკოცნიდა - თითქოს აგემოვნებდა ჩემს ტუჩებს… როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ კოცნაზე კოცნით ვუპასუხებდი, ნაზად დავუბრუნებდი პასუხს ისე, როგორც ნამდვილ შეყვარებულებს შორის ხდება, როცა ისინი ეს-ესაა, ეცნობიან ერთმანეთს. ვერც ახლა შევიკავე თავი და ისევ მსუბუქი ოხვრა აღმომხდა, კმაყოფილების ოხვრა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ ბიბის საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგა.
ჩემ ირგვლივ სამყარო მზის გულზე დადებული ნაყინივით დადნა და გაქრა… როცა ოდნავ გამოვფხიზლდი, მე თვითონ გამიკვირდა ჩემი თავის, ისეთი მოულოდნელი მგზნებარებით ვპასუხობდი მის კოცნას, რომელიც მდაგავდა, ვნების ბურანში მახვევდა და მისადმი ლტოლვას მიორმაგებდა… მიექვსმაგებდა… მიცხრამაგებდა… მიათმაგებდა… თითქოს მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამერწმუნებინა იმაში, თუ რა დაკარგა ჩემი მიტოვებით.
- ამ საღამოდან, როგორც კი შენი კარის ზღურბლთან დაგინახე, ოცნებად მექცა, შენთვის მეკოცნა, - ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა გაცხელებული ბაგეებით და გამერიდა…
მე კი მინდოდა, ეს წუთი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მენანებოდა ამ წამების გაწყვეტა, ამ ტუჩებთან განშორება, იმ სითბოს დათმობა, რომელსაც ისინი მანიჭებდნენ… საშინელი მოთენთილობა ვიგრძენი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ავდექი და ფოიეში გავედი.
თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნათხოვარი სხეულით ვმოძრაობდი. ვერაფრით ვახერხებდი ხელების, ფეხების, თეძოების დამორჩილებას; არც ტუჩები მომყვებოდა, ასე მეგონა, დამებრიცა-მეთქი. თვალები დამებინდა და საღად აზროვნების უნარი წამერთვა.
ბიბი უკან გამომყვა. ფოიეში არავინ იყო. არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული თვალები, როცა კვლავ მივუშვირე ვნებით აალებული ტუჩები და ვაკოცე, ჯერ მოკრძალებულად, მერე უფრო თამამად, ბოლოს კი მომთხოვნად. საოცარი მხურვალებით უპასუხა ჩემს კოცნას. თითები თმაში შემიცურა, ჩემი თავი ხელისგულებში მოიქცია და გონდაკარგულივით დამიწყო მოფერება. იმწუთას ორივეს ყველა და ყველაფერი დაგვავიწყდა, მათ შორის, ჩვენი გარიგებაც, რომლის თანახმადაც, სრულიად სხვა როლი უნდა შეგვესრულებინა ამ სახიფათო თამაშში. რაღა დროს პლატონური სიყვარული იყო, როცა ცეცხლი მოგვდებოდა ორივეს…
უეცრად ბიბიმ ოდნავ უკან დამწია და მაიძულა, გავჩერებულიყავი. თვალებში ჩამხედა, რათა წაეკითხა, რას განვიცდიდი იმწუთას. არ ვიცი, რას ელოდა… შეცბუნებას? დამორცხვებას? შეშფოთებას, რომ ურთიერთობა დადგენილ საზღვრებს გასცდა? არა, ასეთი რამ არც ჩემს თვალებში იკითხებოდა და არც ჩემს გულში. ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან მთელი სხეული მასთან სიახლოვის სურვილით მქონდა აალებული. მან ეს დაინახა. დაინახა თავისი უტყუარი, მამაკაცური ალღოთი და მიხვდა, თუკი მე ასეთი რამეების წინააღმდეგი არ ვიყავი, მას წინ არაჩვეულებრივი, ბევრად უფრო სასიამოვნო დღეები ელოდა, ვიდრე წარმოიდგენდა. აშკარა იყო, სიტუაცია შეიცვალა.
- მგონი, დაიჯერეს, - ამის თქმაღა მოვახერხე.
- არ ვიცი, მათ რა იფიქრეს, მაგრამ მე ნამდვილად დამაჯერე, - ხმადაბლა მითხრა და თითები ნაზად მიმოატარა ჩემს ტუჩებზე, რომელზეც სულ ახალახან ნახევრად მორცხვი ღიმილი გამომესახა.
- შენ არაჩვეულებრივად თამაშობ შენს როლს, - მივუგე აფორიაქებულმა.
- იცი, რა აზრი მომივიდა? მშვენიერი იქნებოდა, მართლა რომ გაგვება რომანი. მე და შენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვხვდებით, რაზეც მივდივართ. თუკი ასე გვსიამოვნებს ერთმანეთის შეხება, რატომაც არა? ყოველგვარი ვალდებულების გარეშე თითოეული მივიღებთ იმას, რაც გვინდა. - არც ისე ფრთხილად შემომაპარა.
მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს ღვინით სავსე ჭიქა შემოესხას ვინმეს სახეში.
- მაგრამ შენი კოცნა არ იყო მთლად დამაჯერებელი! - აპილპილებულმა მივახალე. ამჯერად უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი მის სიყალბეში.
ჩემდა გასაოცრად, უეცრად სახე გაუფითრდა და ნიკაპი აუკანკალდა.
- გგონია, რომ ჩემი კოცნა მხოლოდ სცენარის ნაწილი იყო და გავითამაშე? გეთანხმები, რომ თავიდან ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ეს ადრე იყო, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მსურს. უბრალოდ, ვეღარ გავუძელი ცდუნებას, არ მოვფერებოდი შენნაირ ქალს, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გაგიჟება შეუძლია. თუმცა, ვხედავ, არ გჯერა ჩემი… და თუკი არ ვთამაშობდი, მაშინ?
გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, წარბებს ქვემოდან გავხედე.
- როგორ? და ჩვენი გეგმა?
- გეგმები იცვლება ხოლმე. - მითხრა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა.
თავი ხელში ავიყვანე და ცივად გავიცინე, მაინც არ დავუჯერე. ამასობაში ხელიც გავაშვებინე.
- ნუ იცინი. გგონია, ამ სიცილით გამაგრილებ? რომ იცოდე, ამან უფრო გამითბო გული, ვიდრე ჩემმა დღევანდელმა წარმატებულმა პრეზენტაციამ.
- შენთან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ბატონო ბიბი. დიდად არ მჯერა შენი მოტივაციის, მაგრამ ამჯერად გაპატიებ და მეორედ არ გაივლო გულში, რომ ჩემთან რომანის გაჩაღებას შეძლებ! - ერთობ მკაცრად გამომივიდა.
- ესეც პირველი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით. - მან გაიღიმა იმ იმედით, რომ ხუმრობაში ავყვებოდი, - მიდი, აღიარე.
- რა ვაღიარო? - ვერ მივუხვდი.
- რომ შენც ძალიან მოგეწონა.
- ვერ ეღირსები! - მივუგე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, რამაც კიდევ უფრო ამომიბურცა მკერდი ღრმად ამოღებულ გულისპირში.
- მაშინ გავაგრძელებ მანამ, სანამ არ აღიარებ! - მითხრა და თითები ჩემს შიშველ ზურგზე ჩაასრიალა, - დამიჯერე, მთელი ღამე შემიძლია ასე გავაგრძელო და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩები.
შეშფოთებულმა ავხედე და სწრაფად ამოვთქვი:
- კარგი, კარგი. მეც მომეწონა. კმაყოფილი ხარ?
- შენი დაჭიმული ზურგი და შეუპოვარი გამოხედვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელი შეგიშვა, - ამ სიტყვებით ხელებაწეულმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, - მაგრამ მაგ თვალებში უეცრად გაელვებულმა შიშმა მიმახვედრა, რომ ჩემმა კოცნამ ისევე ძლიერად იმოქმედა შენზე, როგორც ჩემზე შენმა, - ამ სიტყვებით ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
- შენ ისევე გინდოდა ეს, როგორც მე, - მიჩურჩულა.
ყასიდად გავიცინე, ხელი ვკარი და ნიღბად აფარებული დაუდევრობით მივუგე:
- იშვიათად თავდაჯერებული ბიჭი ხარ.
- ჩემი პროფესიის ადამიანისთვის თავდაჯერებულობა აუცილებელი თვისებაა. ვფიქრობ, ეს უკვე გამიჯდა ხასიათში…
მისი ტრაბახი სწორედ რომ დროული აღმოჩნდა. ამით ვისარგებლე და ვკითხე:
- ჰო, მართლა. რა ქენი, მოასწარი თენგოს გაცნობა? გამონახეთ საერთო ენა?
ამის გაგონებაზე ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, აშკარად განიხიბლა ჩემი გარდაქმნით. ნიკაპზე ხელი მოისვა, გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში და დახშული ხმით მომიგო:
- კარგი კაცია… დანარჩენი ორიც კარგი ტიპია, ვერაფერს ვიტყვი…
გულში ჩავიცინე, რომ მისი განიარაღება ამგვარად შევძელი…
გამიხარდა, ბიბის ჩემი მეგობრები და მათი ქმრები რომ მოეწონა და მეც თავი გამოვიდე.
- ყველანი არაჩვეულებრივები არიან. არ იცი, როგორ მიყვარს ჩემი გოგოები, თუმცა დღეს საკმაოდ მკაცრი დაკითხვა მომიწყვეს. ყველაფრის გაგება უნდოდათ.
- ჩემზე? - ბიბიმ წარბები აზიდა.
- ჰო, - მსუბუქი ღიმილი გადავიფინე ტუჩებზე, - ყველაფრის, ბოლო წვრილმანამდეც კი.
- რატომ ხართ ქალები ასეთი ცნობისმოყვარეები? ისიც ხომ არ გკითხეს, სექსში როგორიაო?
მის შეკითხვაზე ფხუკუნი ამიტყდა.
- ნუ, დაახლოებით, - კეკლუცად გავხედე, მაგრამ მაინცდამაინც არ მესიამოვნა, ქალები რომ გაგვკილა. როგორც ჩანს, ეს შემეტყო სახეზე, რადგან მაშინვე შეშფოთდა.
- ცუდად ხომ არ გამომივიდა?
- თითქმის. - მშრალად მივუგე, - ისინი ჩემი მეგობრები არიან და ჩვენ ვენდობით ერთმანეთს.
- მესმის, განა არ მესმის. ამიტომაც არ ვიზოგავ, რომ დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინო თითოეულზე. საერთოდ დამავიწდა ჩვენი მოლაპარაკება სამსახურის თაობაზე, ისე გამიტაცა მათთან ურთიერთობამ: ვხუმრობ, ლამის ვფლირტაობ სამივესთან, ბიჭებთან საქმიანად ვსაუბრობ, თან თვალს არ გაშორებ, ისეთი ლამაზი ხარ. ვერასადროს წარმოვიდგენდი, ასეთი იდეალური სხეული თუ გექნებოდა, თავბრუს მახვევ… მეტი რა გავაკეთო? - ბოლოს ხუმრობით დაამთავრა.
- არც არაფერი. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. ცოტა არ იყოს, ვნანობ, ეს თამაში რომ წამოვიწყე, სინდისი მქენჯნის, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანების მოტყუება რომ მიწევს.
თანაგრძნობით შემომხედა და ხელზე ხელი მომიჭირა.
- ნუ განიცდი, არ ღირს. შენ ისეთს არაფერს აკეთებ, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს. აქ ერთად იმიტომ აღმოვჩნდით, რომ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ასე არ არის? დავანებოთ სხვა ყველაფერს თავი. სრულიად ბუნებრივია, რომ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და დროს ტარება ჩვეულებრივი ამბავია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. შენი არ ვიცი, და მე ამ ყველაფრისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩვენი ურთიერთობა ერთი თვის შემდეგაც გაგრძელდება, გუშინ ხომ არ გაგვიცნია ერთმანეთი. ამიტომ არ ღირს, ამის გამო სინანული განიცადო.
უნდოდ შევხედე. მიხვდა, რამაც გამიელვა და სასწრაფოდ დაამატა:
- ვიცი, ვიცი, რომ ცოტას ვაჭარბებ. მე და შენ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ და რაც იყო ჩვენ შორის, ისიც მე გავაფუჭე, მაგრამ რა ვქნა, ვცდილობ, ხალისი დაგიბრუნო და რაღაცებს მივედ-მოვედები.
გამეღიმა. მისმა სიტყვებმა დამამშვიდა. მხარზე ოდნავ მივეყრდენი და ვუჩურჩულე:
- მადლობა, ბიბი, შენ კარგი ადამიანი ხარ.
- უბრალოდ კარგი? - თეატრალური ჟესტით ჩამიკრა თვალი და ღვინით სავსე ბოკალი, რომელიც სამი თითით ეჭირა, მაღლა ასწია. - მეგობრული პაემნის სადღეგრძელო იყოს!
ეჰ, ნეტავ შემეძლოს, მხოლოდ მეგობარი მერქვას… მაგრამ, რატომღაც, უფრო მეტი მინდა მისთვის ვიყო, ვიდრე მეგობარი…
გაგრძელება იქნება