ხუთი დღე მოშხამული დავდიოდი. არ ვიცი, საქმეს როგორ ვაკეთებდი, წარამარა ბიბიზე ვფიქრობდი. რატომღაც, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამომიყენეს და მიმატოვეს. იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს, არ შემხმიანებია.
პარასკევს გოგოები ჩემთან გამოვიდნენ. ამან ცოტა გამამხიარულა. მაშინვე დავტრიალდი და სამზარეულო ნაირ-ნაირი სურნელით გავავსე.
_ შენთან ყოფნა ერთი სიამოვნებაა, _ თქვა მეგიმ, _ მიყვარს, რომ ტრიალებ და არ გეზარება.
_ თქვენ გამო უფრო დიდ მსხვერპლსაც გავიღებ, _ გავეხუმრე.
_ მოგიხდა სიყვარული, ძალიან ენაწყლიანი გახდი, გამოცოცხლდი.
_ რატომ არ გამოცოცხლდებოდა, გენაცვალე, ისეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში, _ აჰყვა მეგის კატო და ვაშლი ჩაკბიჩა.
_ შეგშურდეთ ახლა, ხო! _ სიცილი ამიტყდა.
_ არაჩვეულებრივი ბიჭია, რომ მოდის, თვალს ვერ ვაშორებ. თან ლამაზია, თან ძალიან მამაკაცური, _ გააგრძელა ბიბის ქება ლილიმ.
_ რა გჭირთ? _ დანიანი ხელი ჰაერში გავიქნიე, _ გულზე სკდებით, რომ ჩემი კაცი თქვენსას ჯობია თუ რა?
_ ოხ, მთლად მასეც არაა საქმე, _ იწყინა ლილიმ, _ შენმა კაცმა ჯერ მიაღწიოს იმდენს, რამდენსაც ჩვენებმა მიაღწიეს და მერე შეგვეჯიბრე, თუ მაგარი ხარ.
_ მიაღწევს, თან უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე თქვენებმა.
_ ვითომ რატომ? რა უპირატესობა აქვს შენს ბიბის ასეთი? _ მოკბეჩილი ვაშლი ვაზაში ჩადო კატომ.
_ ამერიკაში აქვს პრაქტიკა გავლილი. იცი, როგორი მოთხოვნა იყო ნიუ-იორკში მასზე? გაგიჟდები, მისი დოსიე რომ ნახო.
_ თუ ასეთი მაგარი ბრძანდებოდა, აქ რისთვის ჩამოვიდა? _ არ დაიჯერა მეგიმ.
_ ჩემ გამო. _ ისე სხარტად ვიცრუე, რომ ლამის მეც დავიჯერე.
_ შენ გამო? _ მეგი წინ გადმოიხარა, _ მოიცა, მოიცა… თქვენ რა, იცნობდით ერთმანეთს?
მისმა შეკითხვამ დაბრაწული გოჭივით გამაწითლა. გოგოებს თვალი ავარიდე და ჩავიდუდღუნე:
_ ფეისბუკით ვიცნობდი, მერე სკაიპით გავაგრძელეთ კონტაქტი. მთლად უცნობებიც არ ვიყავით. _ ტყუილს ტყუილზე ვაცხობდი.
_ როგორ არ მწამს ვირტუალურ სივრცეში დაწყებული ურთიერთობის, _ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კატომ, _ ასე ხომ ვერასდროს გაიგებ ადამიანის ნაკლსა და უარყოფით მხარეებს. ყველას შეუძლია, ანგელოზად მოგაჩვენოს თავი.
_ ყველა ვერ მოგაჩვენებს. უნდა იცოდე, ვის როგორ მიუდგე.
_ ოხ! გამომიჩნდა ბრძენთაბრძენი! _ აკისკისდა ლილი, _ თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გაგიმართლა.
_ მე თუ იმას?
_ შენ, შენ. ის კაცია და ნებისმიერს მოჩანგლავს. შენ კიდევ ამდენი წელია, ერთი ვერ დაითრიე.
_ გეყოფათ ახლა. მთლად სასოწარკვეთილ დიასახლისებს ნუ დაემსგავსებით, _ მათი შეჩერება ვცადე. არ მსიამოვნებდა, წარამარა ბიბის რომ მიხსენებდნენ, ისედაც გახეთქვაზე მქონდა გული.
სამივეს გაეცინა. სწორედ ამ დროს მობილურზე ნანატრი ზარი გაისმა. ის იყო. დანა მაგიდაზე მივაგდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და საძინებელში გავვარდი. დაქალების სიცილმა და შეძახილებმა გამომაცილა სამზარეულოდან.
_ ნახე, რა მელოდია დაუყენებია თავისი კაცისთვის, _ კისკისებდა მეგი.
_ მიდი, მიდი, უპასუხე, არ გაგითიშოს! _ მომძახოდა ლილი.
მათი თავი არ მქონდა. კამოდზე დადებულ ტელეფონს ვეცი და მწვანე ღილაკს აცახცახებული თითი დავაჭირე.
_ ხომ არ მოიწყინა ჩემმა პარტნიორმა? _ დაღლილი მომეჩვენა მისი ხმა.
_ როგორ ხარ? _ სულმოუთქმელად ვკითხე.
_ არა მიშავს. ვმუშაობ და ვარ, დღე და ღამეს ვასწორებ მუშაობაში.
_ და როგორ მიდის საქმე?
_ გცალია, ცოტა ხანს რომ გელაპარაკო?
_ რა თქმა უნდა.
_ ჩემს უფროსს ვუთხარი თენგოს კომპანიის შესახებ და გაგიჟდა, ისე გაუხარდა. მათთან კონტრაქტი თუ გამოგვივიდა, სახელს უფრო გავითქვამთო. ახლა ერთი სული აქვს, საბოლოო ვარიანტს როდის შევუტან. არავინ ელოდა, ამდენი თუ შემეძლო. არადა, ფუტკარივით მუშა ვარ, მაგის დედა ვატირე. ამათ რა იციან, მე რა შემიძლია. ეკონომისტის დიპლომი ისე კი არ მიმიღია, ჰაერში. შემაქო დირექტორმა, მაგარი საქმეაო. თუ ეს კონტრაქტი გამოგივა, ფასდაუდებელი თანამშრომელი გახდებიო. მერე ყველა გააფრთხილა, ბიბის უნდა დაეხმაროთო. არ იცი, როგორ გაუტყდათ. ერთი გადამეკიდა, როგორ დაითანხმე «ტენგოლკომპანია» თანამშრომლობაზეო. ერთი წელია, დავდევ და არაფერი გამომივიდაო. მე ვუთხარი, ჩვეულებრივად, შევხვდი და ველაპარაკე-მეთქი. არადა, ყველაფერი შენი დამსახურებაა, ელი. შენ რომ არა, რა გამომივიდოდა? მე კი რითი გადაგიხადე? სულ დაგივიწყე. მთელი ძალით ამ პროექტში გადავეშვი. რა ვქნა, სხვა გზა არა მაქვს. მინდა, კარგი გამომივიდეს. უნდა გავიმარჯვო. არადა, მენატრები, ოღონდ მართლა. როდისაა კოქტეილის საღამო?
_ ზეგ.
_ ჰოდა, მოვდივარ, მთლად ეგეთი უსინდისოც კი არ ვარ. გასაგებია?
გული შემიფრთხიალდა ამის გაგონებაზე. სიხარულით ფეხზე ძლივს ვიდექი.
_ კარგია, თუ გცალია. მაშინ დაგირეკავ ზეგ დილით და შევთანხმდეთ, სად და რომელ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.
_ შენს ზარს მოუთმენლად დაველოდები.
ტელეფონი გავთიშე და მუხლმოკვეთილი საწოლზე ჩამოვჯექი. როგორც ჩანს, არ დავვიწყებივარ. ესე იგი, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, გოგოებს მივაშურე…
_ მეგონა, ძალიან დაკავებული იყავი და ჩემთვის ვეღარ მოიცლიდი, _ ვუთხარი ბიბის, როცა ლანჩმა ჩაიარა და დერეფანში გავედით.
ბიბიმ კოქტეილის ჭიქა მომაწოდა.
_ ერკვევი კოქტეილებში?
_ ისე რა, _ დარცხვენილმა გავუღიმე.
_ მე კიდევ ყველანაირი მაქვს გასინჯული. ამერიკა მაინც ამერიკაა.
დიდი ყლუპი მოვსვი და ყურადღებით შევათვალიერე «ჩემი კაცი». საოცარი თვალები ჰქონდა, სწორედ ისეთი ფერის, როგორიც მე მიყვარდა. ჩემსას კი არ ჰგავს, ყველაზე გავრცელებული, თაფლისფერი თვალები რომ მაქვს.
_ ხშირად გეცვლება თვალის ფერი? _ მკითხა სრულიად მოულოდნელად.
გაკვირვებულმა ავხედე.
_ მეცვლება?
_ ჰო, ახლა ყავისფერი გაგიხდა, არადა, მგონი, ჩალისფერი უნდა გქონდეს.
სიცილი წამსკდა.
_ თვალებზე ჩალისფერს არ იტყვიან. ეგ თმაზე ითქმის.
_ კარგი, ჰო, მაშინ თაფლისფერი იყოს. ქართველებს ასე უფრო მოგწონთ. აი, ამერიკაში კი…
_ ეს ამერიკა არაა.
_ ვიცი, ვიცი, _ განაწყენებული ტონით შემაწყვეტინა, თითქოს გაუტყდა, შენიშვნა რომ მივეცი.
_ ესე იგი, დღეს იმიტომ გამომყევი, რომ სამუშაოს დროებით მოწყვეტოდი? _ სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა ნაწყენი არ დამრჩენოდა.
_ ჰო, ასეა.
გამეღიმა. როგორი ტყუილიც უნდა ეთქვა, ზუსტად ვხვდებოდი, რომ ჩემ გამო მოვიდა და სამუშაო არაფერ შუაში იყო. იმიტომ, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ჩემ გვერდით ყოფნა, ჩემთან საუბარი.
_ აი, მაგალითად, ამ პლაკატს რა სათაურს მოუძებნიდი? _ მან მობილურის ეკრანი მომიშვირა, რომელზეც წყვილი ბოტასი მოჩანდა.
_ რა ვიცი, აბა? მაგალითად, «სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა».
გულიანად გაეცინა.
_ ეგ წარწერა ბოშების ბაზრობას უფრო მოუხდებოდა. მე კიდევ ასეთი რამ მოვიფიქრე: «ბოტასები კუნთების გასავარჯიშებლად _ დამითმეთ გზა!»
_ მაგარია! სუფთა ამერიკული ვარიანტია! _ აღტაცება ვერ დავმალე, მისკენ გადავიწიე და მხრით შევეხე.
ჟრუანტელმა დამიარა. როგორი სასიამოვნო იყო ეს შეხება.
მოულოდნელად იდაყვში მტაცა ხელი, მჭიდროდ მიმიკრა და მკითხა:
_ რა გემართება დღეს?
გავწითლდი და თვალი ავარიდე.
_ არ ვიცი, რაზე მელაპარაკები.
ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და თავი ამიწია, რომ ჩემი თვალები დაენახა, თან ხმადაბლა წარმოთქვა.
_ მე მგონი, იცი.
თვალები დავახამხამე, რომ შეცბუნება დამემალა.
_ დღეს სხვა ელენე ხარ: უფრო ცოცხალი, უფრო მხიარული, მოტიტინე, უფრო გულღია… _ ჩემი ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე მაკოცა, _ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შენ შემეხე და არა მე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირებას არასდროს ცდილობ. კითხვას გაგიმეორებ: დღეს რა გემართება? არ გეგონოს, წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან საინტერესოა. ნუთუ მართალია, როცა ამბობენ, განშორება გრძნობებს ამძაფრებსო?
_ დამცინი, არა? _ წავიჩურჩულე, _ თუ ამის გაგება გინდა, აი, პასუხიც: ჩვენი განშორება ზუსტად შვიდი დღე, ხუთი საათი და ჩვიდმეტი წუთი გაგრძელდა. მგონი, საკმარისი დროა, რომ მოიწყინო.
გაბრწყინებული თვალებით შევცქეროდი, ის კი გაოგნებული მომჩერებოდა, არ ელოდა ჩემგან ასეთ გულახდილობას.
_ ვერ ვიჯერებ… მეღადავები?
წამწამები დავახამხამე და სათნო ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, თითქოს ჩემზე უბიწო მეორე არ დადიოდა ამქვეყნად.
_ ნუთუ მოქმედებს? _ კეკლუცად გადავხარე თავი მარჯვნივ.
_ მერედა, როგორ!
და სანამ იმაზე დავფიქრდებოდი, რამდენად სწორად მოვიქეცი, უეცრად მომეჭრა, კედელს ამაკრა და ტუჩებზე დამაკვდა. შემაკანკალა. თურმე როგორ მომნატრებია. როგორი მოწყენილი ვყოფილვარ მისი სიცილის, სითბოს, ხიბლის გარეშე… კვნესა აღმომხდა. მხრებში ძლიერად წამავლო ხელი და უფრო ბნელ ადგილას გადამიყვანა. თავი ვეღარ შევიკავე და მეც მოვხვიე ხელები. ამ სიგიჟის შეჩერება ჩემს ძალებს აღემატებოდა. დაუფიქრებლად გადავეშვი თავდავიწყებაში. არ მაინტერესებდა, დაგვინახავდა თუ არა ვინმე სტუმართაგანი, გაიცინებდნენ თუ გაიკვირვებდნენ. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა ჩვენ გარდა. ისე ვკოცნიდით ერთმანეთს, თითქოს გვეშინოდა, რომ ხვალინდელი დღე აღარ გათენდებოდა და მეტად ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთს…
გაგრძელება იქნება